– ეს მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მიმართვის ავტორი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრესატი უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძეა. ამ და სხვა პრობლემებზე, ვიდეოკადრებს სტუდენტები ფეისბუქის გვერდზე – „ბსუ კულისებში“ ათავსებენ. ირაკლი ჯაფარიძე, მენეჯმენტის I კურსის სტუდენტი, გვერდის ადმინისტრატორია, მან მეგობრებთან ერთად მსგავს პროტესტს მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობა შენიშნა: „როცა უნივერსიტეტში ამდენი პრობლემაა და ადმინისტრაციას რეაქცია არ აქვს საყვედურებზე, საჯარო პროტესტზე, შევეცადეთ, რომ პროტესტი სხვანაირი ფორმით გამოგვეხატა. ფეისბუქზე შევქმენით გვერდი, რომელზეც წვდომა ბსუ-ს სტუდენტებს აქვთ, ამ გვერდზე ვათავსებთ ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს, ვიფიქრეთ, იქნებ ცინიზმმა მაინც გაამართლოს. სტუდენტებს მოსწონთ რასაც ვაკეთებთ, თუმცა მხარდაჭერას არ გამოხატავენ, სულ ოთხნი ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ. არ ვიცი, დაემთხვა თუ ჩვენი აქტიურობის შედეგია, ფაქტია, ამ ვიდეოების განთავსების შემდეგ სარემონტო სამუშაოები დაიწყო.“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დერეფანში რომ საპირფარეშოს სუნი დგას, ამაზე სხვა სტუდენტებიც საუბრობენ:
„აუცილებელი არ არის საპირფარეშოში შესვლა, იქედან გამომავალი სუნი ფოიეში მიუთითებს იმაზე, რომ იქ ახლო–მახლო ოთახთაგან ერთ-ერთი საპირფარეშოა.“ = ამბობს „ბათუმელებთან“ სტუდენტი აჩი ხოზრევანიძე.
ნათია ქვარცხავა სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტია. მისი თქმით უნივერსიტეტში სისტემური პრობლემაა: „სასაცილოც კი არის ამ პრობლემის არსებობა, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა მწვავედ დგას, დერეფნებში სუნია, როგორია ლექციაზე საპირფარეშოს სუნი რომ გაწუხებს. დამლაგებლებზე ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ალაგებენ, პრობლემა უფრო სისტემურია. საპირფარეშოში არ იღებოდა ფანჯრები, რაც პრობლემას ამძაფრებდა, კაბინები არ არის მოწესრიგებული, წყლის ჩაშვება არ შეგიძლია. საერთოდ წყალი უმეტესად არ არის, რაც საშინელ მდგომარეობას ქმნის.“
სტუდენტი ლაშა მგელაძე ამბობს, რომ ამის შესახებ აქციების გარდა პროტესტს ყველა ფორმით გამოხატავდა: „სოციალების კორპუსში საშინელი მდგომარეობაა, ძველ კორპუსში ჰუმანიტარების მხარე ნორმალურ მდგომარეობაშია და სისუფთავეც არის, ჩვენს კორპუსში კი დერეფანშიც ვერ გაივლი, ჯერ საშინელი სუნია, მერე შიგ ანტისანიტარიაა, როცა შევდივართ, ფეხის წვერებზე დავდივართ, ფეხი რომ არ დაგვესვაროს, ტუალეტის ქაღალდიც არ დევს. წყალი არ არის, რომ ხელი დაიბანო, მეხუთე სართულიდან ხელების დასაბანად ეზოში გვიწევს ჩასვლა.“
სტუდენტების პასუხად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და საპირფარეშოების პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება: „სარემონტო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს. სტუდენტები წუხილს ნამდვილად ხშირად გამოხატავდნენ, ვიდეოები კი არ მინახავს, სოციალურ ქსელებში არ ვნახულობ ვიდეოებს, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი – მეუბნებიან. საპირფარეშოების სუნის მიზეზი ის იყო, რომ არ ირეცხებოდა წესიერად, ხარვეზი სისტემური იყო, დამლაგებლები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებდნენ. ახლა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ტუალეტში შესვლის კულტურაც გვაკლია ყველას ალბათ.“