ბრალდება ყოფილ ვიცე-მერის წინააღმდეგ

 

ბაღების გაერთიანების დირექტორი დალი ფუტკარაძე  8 ივლისსს გადადგა თანამდებობიდან. გელა სურმანიძის თქმით კი დირექტორის არჩევა ხელოვნურად მეხუთე თვეა ჭიანურდება.

 

 

გელა სურმანიძე ბაღებში გაერთიანების დირექტორობის კანდიდატია და გარდა ამ ბრალდებისა ის ფიქრობს, რომ ნათია სურგულაძეს პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებს მასთან და დირექტორის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელს შეუშლის. იგი  მე-8 ბაღში მომხდარ ფაქტზე ყვება:

 

 

„მაშინდელ 36-ე, ახლანდელმე-8 ბაღში მოხდა ინციდენტი. სანამ აღმზრდელები და ძიძა გვერდით ოთახში ყავას მიირთმევდნენ, უმცროსი ჯგუფიდან გაქრა ორი წლის აღსაზრდელი. მერიაში დარეკა უბნის მცხოვრებმა, გამგის მეზობელმა ქალმა. ამავე ბაღში მუშაობდა ჩემი მეუღლეც მეთოდისტად. სიტუაციის გარკვევის დროს არც ერთ თანამშრომელს არ უთქვამს, რომ მოხდა ცუდი ფაქტი. ორი წლის ბავშვი გავიდა შენობიდან და აღმოჩნდა 200-300 მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრში, უცხო პირთან. ბაღის ყველა თანამშრომელს აინტერესებდა მხოლოდ ერთი, თუ ვინ დააბეზღა მერიაში და დააბრალეს ჩემს მეუღლეს, რადგანაც როგორც შემდეგ მითხრეს, ბაღის თანამშრომელმა, ნინო კერვალიშვილმა უთხრა გელას ცოლმა დარეკაო. დამიბარა ნათია სურგულაძემ და კატეგორიულად ამიკრძალა საბავშვო ბაღებში სიარული და კონტროლი. გარდა ამისა, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამინახევრა ხელფასი“.

 

 

ნინო კერვალიშვილი ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გელა სურმანიძის თქმით ნათია სურგულაძე ცდილობს თანამდებობაზე დატოვოს ნინო კერვალიშვილი, რადგან ის მისი ნების უსიტყვო შემსრულებელია.

 

 

ფონდ „სოხუმსა“ და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

სხდომაზე ქალთა უფლებების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის საკრებულოსთან, რომელიც მომავალში განსაზღვრავს ვალდებულებებს გენდერულ პოლიტიკაში, რომელსაც ხელს შეუწყობს გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ფონდმა მსგავსი მემორანდუმი გააფორმა ქუთაისის და ოზურგეთის საკრებულოებთანაც.

 

 

მემორანდუმს ხელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა და ფონდ „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ მოაწერეს. ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფონდთან თანამშრომლობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს მათ ინიციატივებს.

 

 

ფონდი „სოხუმი“ ქალების უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მმართველობაში ჩართვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებული არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები. ფონდი 1997 წელს დაარსდა ქუთაისში.  

ტესტირება ქედის გამგეობაში

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმ ადგილებზე, სადაც დროებით მოვალეობის შემსრულებლად არიან დანიშნულნი საჯარო მოხელეები, გამოცხადებულია კონკურსი. შემოსული იყო 54 განაცხადი  ექვს, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და სამ მთავარ სპეციალისტის შტატზე. აქედან, დღეს რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 38-მა.  თითოეულ მათგანს საათნახევარი აქვს დრო იმისთვის, რომ 50 შეკითხვას უპასუხოს. გამსვლელი ზღვარი 40 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემაა. შედეგებს კომპიუტერი ავტომატურად აჯამებს”- განმარტა „ბათუმელებთან“ საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ასლან ბოლქვაძემ.

ტესტირებაში ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით დუმბაძე და მისი თანაშემწე და მოადგილეებიც მონაწილეობენ.

“50-დან 49 გავეცი სწორი პასუხი. საკმაოდ იოლი შეკითხვები იყო. კმაყოფილი ვარ”- თქვა ტესტირების დამთავრებისას ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით დუმბაძემ.

ამ დროის მონაცემებით ყველაზე მაღალი ქულა დავით დუმბაძეს (49), გიორგი ბარამიძეს(46) და გურამ ბერიძეს (49) აქვთ. გიორგი ბარამიძე დავით დუმბაძის მოადგილეა, ხოლო გურამ ბერიძე – თანაშემწე.

კომისიის ოქმის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ერთი მონაწილე, გიორგი პავლიაშვილი იმის გამო, რომ მას საჯარო მუშაობის ერთ წლიანი სტაჟის დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი.

კომისიის წევრი ასლან ბოლქვაძის თქმით: “კონკურსი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო 5 წუთიანი შეფერხება. კავშირი გაწყდა ძირითად კომპიუტერთან, სადაც პროგრამაა ჩატვირთული, თუმცა ამას ზეგავლენა არ მოუხდენია არც ერთი კონკურსანტის შედეგებზე არც ნამუშევარი დაკარგვიათ. ხარვეზის გამოსწორების შემდეგ გააგრძელეს მუშაობა”.

კონკურსი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი ტესტირების სახით, კომპიუტერის საშუალებით ტარდება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან კომპიუტერის მეშვეობით ტესტირების ჩატარების ლიცენზია ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს და საზღვაო აკადემიას აქვს.

პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნა კონკურსანტის კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებაა, რომელშიც შედის კითხვები საკანონმდებლო ბაზიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან, აჭარის კონსტიტუციიდან, თვითმმართველობის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან და სხვა კანონიდან.  მეორე ეტაპი ჩატარდება 6 დეკემბერს ქედაში, გასაუბრების სახით და კომისია შეამოწმებს არა მარტო სამართლებრივ ცოდნას, არამედ ადამიანის ზოგად შესაძლებლობებს, პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებას. ორივე ეტაპის საერთო მონაცემების მიხედვით კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომისია შედგება ხუთი წევრისაგან. მისი თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ქობულაძე, საკრებულოს ორი დეპუტატი, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ასლან ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის აპარატიდან სულხან ოქროპირიძე.

ცხრა წლის გოგონას მესამე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

ანადეა ფიგურულ სრიალზე ოთხი წლიდან დადის. მშობლებმა ბათუმში გადმოსვლაც სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტეს, „ბათუმში ყინულის მოედანი სტანდარტულია. თბილისსა და ქუთაისში კი ძალიან პატარაა. რადგან სერიოზულად ვფიქრობთ ამ სპორტზე, საცხოვრებელი ადგილიც ამიტომ შევიცვალეთ“ –  ამბობს ანადეას დედა, თეა გულბიანი.

ანადეა ამბობს, რომ სლოვენიაში მას პირველი საპრიზო ადგილის აღების იმედი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა: „მინდა სპორტის ამ სახეობაში ვარსკვლავი გავხდე, აუცილებლად ვიბრძოლებ პირველი ადგილისთვის“ – გვითხრა ცხრა წლის მოციგურავემ.

ბათუმში ანადეას მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილია. იგი ამბობს, რომ კლასის ამაღლება უცხოეთში მასაც და ანადეასაც ხშირად უწევთ. „ჯერჯერობით ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვართმევთ თავს, სასურველი იქნება, თუ სპონსორიც გვეყოლება~ _ ამბობს მწვრთნელი.

ლელა ჩოფიკაშვილი ანადეას სხვა წარმატებებზეც გვიყვება: „შარშან ავიღეთ პრიზი  დანიაში, ასევე მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი შვედეთში. სულ, 12 შეჯიბრიდან ექვსჯერ დაეუფლა პირველ ადგილს ასაკობრივ კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო აქვს აღებული“.

ბათუმში გადმოსვლის შემდეგ ანადეა სასკოლო პროცესში ჩართვას ჯერჯერობით Home School-ის  მეშვეობით ახერხებს:  ეს არის სწავლის ამერიკული მეთოდი და მას ხშირად მიმართავენ ის ბავშვები, რომლებიც სპორტით ან სხვა სფეროთი არიან დაკავებული და ხშირად უწევთ სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში გადაადგილება.  ინტერნეტგაკვეთილები ჩვეულებრივ გაკვეთილებთან შედარებით უფრო რთულია, მაგრამ ფიგურული სრიალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“.

ანადეა სპორტის გარდა ხატვითაცაა დაკავებული: „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დავდივარ და ვაპირებ გიტარაზე დაკვრაც ვისწავლო. მომწონს უცხო ენების შესწავლა და სამეცნიერო ლიტერატურა“.

როგორც ანადეას მწვრთნელი ამბობს, გეგმავენ მარტის დასაწყისში კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღებას.

ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

აქცია ბათუმის მერიასთან. 29 ნოემბერი, 2013 წ.

ბათუმში, ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, შარაბიძეებში ამბობენ, რომ ბოლო დროს მათ უბანში უპატრონო ძაღლები მომრავლდნენ. შანიძის #12-ში მცხოვრები ლევან სურმანიძე ამბობს, რომ სახლში საღამოს  მისვლა სარისკოა, ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად დადიან ძაღლები. მისი თქმით, ამ პრობლემას ისიც უწყობს ხელს, რომ ქალაქის სანდასუფთავება ნაგვის ურნებს დროულად არ ათავისუფლებს და სწორედ ამ ურნებთან იყრიან თავს უპატრონო ცხოველები.

„დაახლოებით 20 დღის წინ ამხანაგობის თავმჯდომარეებმა მივმართეთ დაბა ხელვაჩაურის რწმუნებულს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ საერთაშორისო კონვენცია კრძალავს ძაღლების მოკვლასო. ვერ ვკლავთ ერთია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ რა გზას დავადგეთ, ან დავიჭიროთ, ან გადავიყვანოთ თავშესაფარში“- ამბობს ლევან სურმანიძე.

შარაბიძეებში გასულ წელს ბავშვის დაკბენის ფაქტიც დაფიქსირდა. „სტუმრები მყავდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. უცებ ჩემი გოგო შემოვარდა – დედიკო, ლუკას ძაღლი ჭამსო. რომ გავედი, ბავშვი მეზობელს ხელში ჰყავდა აყვანილი. იმ წუთას წავიყვანე ბავშვთა საავადმყოფოში. იმ დღეს ეს იყო ბავშვის დაკბენის მე-17 შემთხვევა. ერთი კვირა საავადმყოფოში დამყავდა და 40 დღე ნემსებს ვუკეთებდი დღეში ორჯერ„. – იხსენებს „ბათუმელებთან“ ნაირა ბერიძე, რომლის შვილიც   ძაღლმა გასულ წელს დაკბინა ხელის, სახისა და მუცლის არეში.

ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევათა რაოდენობა რომ გაიზარდა, ამას სტატისტიკაც მოწმობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით თუ 2012 წელს ბათუმში 1005-მა პაციენტმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2013 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ 10 თვის მანძილზე 1 299 პაციენტი ფიქსირდება. მთლიანად აჭარის მასშტაბით კი, იანვრიდან დღემდე, 2766 ადამიანმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2012 წელს – 2743-მა,  2011 წელს კი –  2734  ადამიანმა მიმართა ექიმს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად.

ვინ უნდა იზრუნოს უპატრონო ძაღლებზე? რამდენიმე წლის წინ ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური იჭერდა . ამ სამსახურში ახლა ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ.

„არანაირი მეთოდი არ გვაქვს მიუსაფარ ძაღლებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ არ გვაქვს თავშესაფარი. ადრე ჩვეულებრივად ვხოცავდით, არაჰუმანურიაო – თქვეს. ახლა აღარც ვიჭერთ და აღარც ვკლავთ. თუ უკიდურესი შემთხვევაა – ვიღაცა დაკბინა და ცოფი დაფიქსირდა, არის ჯგუფი, პოლიგონზე გაჰყავს ძაღლი და მისი გაუნებელყოფა ხდება“.  – ამბობს დავით ასამბაძე, ბათუმის სანდასუფთავების დირექტორი.

29 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე კი ამბობს, რომ ბათუმის მერიამ და შ.პ.ს. სანდასუფთავებამ გააჩაღა სასაკლაო: „ძაღლებს არაჰუმანური მეთოდებით კლავენ, მაშებით ხოცავენ, ხერხემალში ამტვრევენ, შემდეგ კი მიაქვთ ბეიკერის ორმოში და ნახევრად ცოცხლებს ყრიან. დღეს ცივილიზებულ ქვეყანაში ეს არაჰუმანური საქციელია და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად ცხოველის მოკვლა ისჯება ჯარიმით, იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცხოველებს იცავს ცხოველთა დაცვის ევროკონვენციაც. ცხოველთა უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრის ხმის“ ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე მიიჩნევს, რომ უპატრონო ცხოველების მოკვლით, ფაქტობრივად, თავად სახელმწიფო არღვევდა კანონს. იგი ერთადერთ გამოსავალს თავშესაფრის აშენებაში ხედავს:

„პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც პირველ რიგში სახელმწიფო თავშესაფრის აშენებას ითვალისწინებს, სადაც ძაღლებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია (ოპერაციული ჩარევით გამრავლების უნარის მოსპობა) და ვაქცინაცია ცოფზე. ასევე უნდა ამოქმედდეს გაშვილების პროგრამა.

დღეს, ჩვენი ქალაქის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აუცილებელია ქალაქში იყოს გარკვეული პოპულაცია მიუსაფარი ცხოველების, ვინაიდან ისინი მონაწილეობენ ბიოლოგიური ჯაჭვის დაცვაში. ბიოლოგიური ჯაჭვის დარღვევით ჩვენ ხელს შევუწყობთ მღრღნელების მომრავლებას ქალაქში, რასაც შემდგომში კიდევ უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური ზარალის მოტანა შეუძლია. მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ერთბაშად გაწყვიტეს ძაღლები და ბიოლოგიური ჯაჭვი დაირღვა, რასაც მღრღნელების გამრავლება მოჰყვა, ამიტომ მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა ბიოლოგიური ჯაჭვის აღსადგენად ძაღლები სხვა ქალაქიდან შეეყვანა. პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ცხოველთა უფლებები არ დაირღვეს.“

ერთადერთი გამოსავალი რომ ცხოველთა სახელმწიფო თავშესაფარის აშენებაა, ამ აზრს სანდასუფთავების დირექტორი, დავით ასამბაძეც იზიარებს, თუმცა მისი თქმით, ასეთი თავშესაფრის აგება  თანხასთანაა დაკავშირებული.

ამ თემაზე საუბრისას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მილიონობით ლარი სჭირდება.

„თითქოს იოლად გადასაჭრელი საკითხი ჩანს, მაგრამ დაახლოებით თუ დავთვლით, ერთი ძაღლის შენახვა 28 ლარამდე ჯდება. მოკვლა არ შეიძლება, რასაც ცალსახად ვეთანხმები. რამდენჯერმე გვქონია არასამთავრობოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრის გზებზე მსჯელობა, მათ თანხის მოძიება ვთხოვეთ, ჩვენ კი შესაბამისი ტერიტორიის მონახვა  დავიწყეთ. ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ ტერიტორიის გამოყოფა ვოლიერის ასაშენებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო ვოლიერი საკმარისი არ არის. სამწუხაროდ მინდა ვაღიარო, რომ დღეს ამ პრობლემას ვერ ვწყვეტთ. ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაგვეხმარონ თანხის მოძიებაში“ –  განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ბათუმის მიმდებარედ ცხოველთა ორი თავშესაფარია. ადლიის ტერიტორიაზე არსებულ 52-ადგილიან კერძო ძაღლთა თავშესაფარში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ვერ უზრუნველყოფენ ათასობით ძაღლზე ზრუნვას. ახლა აქ 20 ადგილია თავისუფალი,  მაგრამ ეს საუკეთესო შემთხვევაა, რადგან ადლიაში არსებული თავშესაფარი, როგორც იქ მომუშავე პერსონალი ამბობს, მუდამ სავსეა.

ბათუმში ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები ორი თვეა სკოლაში ვერ დადიან

 

 

 მიზეზი ადაპტირებული ავტობუსის მწყობრიდან გამოსვლაა, რომლითაც რამდენიმე წელი მე-6 სკოლის ორმოცამდე მოსწავლე დადიოდა სკოლაში. იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში მისვლა, მშობლები მსგავს ადაპტირებულ ავტობუსს ითხოვენ.

 

 

„არა გვაქვს იმის საშუალება რომ ყოველდღიურად ტაქსით წავიყვანოთ და მოვიყვანოთ. ძალიან მინდა ისწავლოს და მიიღოს განათლება. სკოლაში მთლიანად მოუხსნეს კომპლექსი. თუ იყო პერიოდი რომ უჭირდა იქ წასვლა ახლა პირიქით – უხარია. ამიტომ მისი სკოლის გაცდენა ჩემთვის ტრაგედიად  აღიქმება” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი იოსებ ფუტკარაძე, რომელიც 5 წლის წინ, სწორედ ინკლუზიური სწავლების არსებობის გამო საცხოვრებლად  ქუთაისიდან ბათუმში გადმოვიდა.

 

 

ამჟამად სპეციალური ავტობუსის გამო დარჩენილი მე-6 სკოლის ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები მერიის მიერ გამოყოფილი მიკრო ავტობუსებით სარგებლობენ. მოსწავლეების მშობლებს ამ პრობლემის გადაწყვეტაში არასამთავრობო ორგანიზაცია “შშმ პირთა უფლებებისთვის” შუამდგომლობს.

 

 

სკოლა და ჩაცმის სტილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

საჯარო სკოლებში „ფორმიანობის ხანა“ რამდენიმე წელია დასრულდა და ახლა უფროსკლასელები თავად არჩევენ ტანსაცმელს, რომლითაც სკოლაში წავლენ. თუმცა სკოლის შინაგანაწესში შემორჩენილია სიტყვა _ „შესაფერისი“, რომელიც სკოლაში ე.წ „დრესკოდს“ მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს. „ზოგადი განათლების კანონში არის ჩადებული და შინაგანაწესშიც გვიწერია, რომ მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს შესაფერისად ჩაცმული“ _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.

როგორც იგი განმარტავს, „შესაფერისი“ ნიშნავს თეთრ მაისურს ან პერანგს და შავ ქვედაბოლოს. „ვცდილობთ, რაღაც წესები ვუკარნახოთ მოსწავლეებს, მაგრამ უფროსკლასელებს ბოლომდე მაინც ვერ ვუკარნახებთ ჩაცმის წესს, რა ვქნათ, შემოგვაპარეს დახეული ჯინსები და მოკლე კაბებიც, შენიშვნებს ვაძლევთ, მაგრამ ხშირად არ ითვალისწინებენ“ _ ამბობს დირექტორი.

დირექტორის თქმით, შენიშვნები მოსწავლეების მიმართ მოზომილია. მოსწავლეები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების მხრიდან მოზომილობა ხშირად ასე ჟღერს: „პატრონი არ გყავს?!“

„ერთხელ სკოლაში ამერიკის დროშიანი ელასტიკით და ლურჯი მაისურით მივედი. ამის შემდეგ ამომიჩემეს და სულ მსაყვედურობენ. ვიღებავ თმასაც, მერა რა“-გვეუბნება მეცხრეკლასელი თეკლა თამლიანი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გიორგობიანი ცხვირსა და ყურზე საყურეს ატარებს და შინდისფერი თმა აქვს. „ერთფეროვნება არ მიყვარს. ვერც გრძელ კაბებს ვიტან. ვცდილობ, გარეგნობა შევიცვალო, ეს ჩემს ხასიათს გამოხატავს“. ანი ამბობს, რომ მისი სტილის გამო შენიშვნებს ხშირად იღებს, თუმცა არ ითვალისწინებს: „ფორმებს თუ დაგვირიგებენ, ჩავიცმევ, მაგრამ თუ თავისუფლებაა, მაშინ არ უნდა ჩაერიონ ჩვენს ჩაცმულობაში. მაღიზიანებს მოსწავლეების ამოჩემება და შემდეგ მუდმივი დევნა“.

„მე დრედების გაკეთებას ვაპირებ. ვთვლი, რომ ვარცხნილობა სკოლას უნდა შევუთანხმო. წესით ამან პრობლემა არ უნდა შემიქმნას, მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მისაყვედურებს და ამისთვის მზად ვარ“ _ ამბობს მარიტა გოგიჩაიშვილი. მისი აზრით, ყველა ის დეტალი, რის ხაზგასმასაც ცდილობენ უფროსკლასელები ჩაცმულობაში, მათი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესზე მიანიშნებს და თვითგამოხატვის ასეთი ფორმა არ უნდა გახდეს სკოლის მხრიდან განსჯის საკითხი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე დანელია მე-11 კლასში სწავლობს. მისი აზრით, როგორი ფერის ტანსაცმელი უნდა ატარონ მოსწავლეებმა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა გამომწვევი ჩაცმულობა სკოლამ უნდა აკრძალოს. „მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ არის ორიგინალურობა, არც ზედმეტად მოკლე კაბა. ვფიქრობ, სკოლა მართალი იქნება, თუ შეზღუდვებს დააწესებს. ჩვენს სკოლაშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ზედმეტად მოკლე კაბებით დადიან, მე არ მომწონს. ჩაცმულობამ შეიძლება შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს, მაგრამ თმის ფერი არ ქმნის პრობლემას, თმა მეც შეღებილი მაქვს და ამას ხშირად სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს“.

პირველი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ჩემი აზრით თმის შეღებვა 17-18 წლის ასაკში არ არის გამართლებული. არც ზედმეტად მოკლე კაბა მომწონს, ბიჭები სხვა თვალით შეხედავენ“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ავთო ბაკურიძე.

უფროსკლასელების აზრით, ჩაცმის სტილს ყველაზე ხშირად გარემო და ოჯახი კარნახობს მოზარდს. „ჩაცმის კულტურაზე სკოლა ნაკლებად საუბრობს. თუ რაღაც არ მოგვწონს, ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ ეს არ არის მისაღები, მაგრამ გემოვნებას, ჩემი აზრით, მაინც ოჯახი და გარემო აყალიბებს“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი მზია დიასამიძე.

თამუნა კორძაიაც მეთერთმეტეკლასელია. იგი ამბობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც უნდა ისწავლო: „ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი მეგობარიც მოსულა გადაკრასკული, სამკაულებით, მაგრამ რომ არ გვესიამოვნა, შენიშვნა მივეცით და შემდეგ გაითვალისწინა“.

„ბიჭებიც არიან, რომლებიც ამოღებული მაისურებით და გამომწვევი შარვლებით დადიან. ჩვენ ვცდილობთ, მათ კარგი რჩევა მივცეთ“, _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ნიკა ბერიძე.

სკოლა „ნიკეს“ ქართული ენის პედაგოგის კესო ბორჩხაძის აზრით, მთავარია სკოლაში მოსწავლე სწავლისთვის დადიოდეს და არა გასართობად: „მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რას გაიკეთებს ცხვირზე. მაგრამ, ფაქტობრივად, შიშველი როცა დადიან ან დახეული ჯინსები აცვიათ, ვფიქრობ, ეს არ არის მისაღები. ხშირად ამას მოჰყვება „მეც მინდა“. ვარცხნილობას კი არ უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება. უმჯობესია სხვა რამეში ჰქონდეს მოსწავლეს თვითგამოხატვა, რადგან ხშირად ეს უფრო მეტიჩრობაა, ვიდრე თვითგამოხატვა“.

სკოლამ უნდა აკონტროლოს თუ არა მოსწავლეების ჩაცმის სტილი? _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქონევროლოგ შორენა ვაშაძის აზრით, მერვე-მეცხრე კლასამდე მოსწავლის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა აუცილებელია: „მაგრამ მეათე და მეთორმეტეკლასელებს, რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.“

„მოზარდობის ხანა განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც ახლავს ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის დამახიასეთებელი ნიშნები.“ _ განმარტავს შორენა ვაშაძე _ „ამ დროს მოზარდი ცდილობს განსაზღვროს თავისი იდენტობა. ის არის დამოუკიდებელი და ცდილობს დაუპირისპირდეს ყველაფერს, რაც მის თვითგამოხატვას შეზღუდავს. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას და სკოლის ფუნქცია სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ სწორად მიაწოდოს მოზარდებს ის, რასაც მათი ინდივიდუალიზმი მოითხოვს. სკოლა უნდა გახდეს მიმზიდველი მოზარდისთვის, თუნდაც იმავე ფორმებით, რაც იქნება დახვეწილი და თანამედროვე სტანდარტებთან შეხამებული. სკოლამ უნდა მოუსმინოს მოზარდებს და მათაც უნდა ჰქონდეთ უნარი სკოლის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ანგარიში გაუწიონ“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა მოსაზრებები არსებობს საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მსგავსი კვლევების შედეგები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია.

„სასკოლო ფორმის ტარება პოზიტიურად აისახება სასკოლო კლიმატზე, მოსწავლეების ქცევაზე, მოსწავლეების მიღწევებზე და მშობლებს ფულს უზოგავს“ _ ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ქეთლინ უედიმ და მერი სტაფორდმა საჯარო სკოლის 415 მოსწავლისა და 83 მასწავლებლის გამოკითხვის საფუძველზე მოამზადეს.

საპირისპიროს ამბობს ენ ბოდაინის სტატია, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტების სტატიას აკრიტიკებს არასწორად გაანალიზებული მონაცემების გამო. სასკოლო ფორმები არაფერს ცვლის. ამაზე მსჯელობა არის უფრო მწვავე პრობლემებიდან ყურადღების უმნიშვნელო საკითხებზე მიმართვა. გარდა ამისა, ფორმა მოსწავლეების ნაწილს კონფორმიზმისკენ, ნაწილს კი _ მეამბოხეობისკენ უბიძგებს. _ აღნიშნულია სტატიაში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები

ძველი, ერთსართულიანი შენობის ჩაბნელებულ დერეფანში მშობლები და ბავშვები ექიმთან ვიზიტისათვის საკუთარ რიგს ელოდებიან. კედლებზე ნახატებია, სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმებიდან. ერთ-ერთ ოთახში 7 წლის გიგას ფსიქოლოგი გაკვეთილს უტარებს. იქვეა გიგას დედა, მაია რესულიძეც. მაია ამ გაკვეთილსაც ესწრება, ისე როგორც სხვა ვარჯიშებს. სარეაბილიტაციო ცენტრს სრულფასოვანი მოსაცდელი არ აქვს, სადაც მშობლები შვილებს დაელოდებიან. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ.

„ჩემი შვილი ექვსი თვიდან დადის სარეაბილიტაციო ცენტრში და კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რასაც მიაღწიეს აქ მუშაობით პედაგოგებმა.  თუმცა სამ თვეში ერთხელ 15 დღე არ არის საკმარისი. კურსის დამთავრების შემდეგ გაჩერება წყალში გვიყრის ყველაფერს, რასაც აღწევენ პედაგოგები. იქედან გამომდინარე, რომ არ მაქვს საშუალება სახელმწიფო პროგრამის მიღმა დამატებითი კურსი ჩავუტარო, სამი თვის გასვლას ველოდები,“ –  ამბობს  7 წლის გიგას დედა მაია რესულიძე.

„ჩვენ, ფსიქოლოგებს, ბავშვებთან სამუშაოდ სულ გვაქვს ხუთი დღე, ისიც ნახევარი საათი. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი დრო ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია, რომ გაიზარდოს ეს დრო. სამი თვის შემდეგ რომ მოდის, არის შემთხვევები, როცა ჩვენი შრომა არის წყალში ჩაყრილი,“ –  ამბობს ფსიქოლოგი ირინე ლაღიძე.

სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაცდელი

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი ერთხმად ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სრულყოფილი სამედიცინო ცენტრის არარსებობაა.

„შენობა არ გვაქვს საკუთარი. სარეაბილიტაციო ცენტრს არ აქვს აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სველი წერტილები. თუ უნდათ დახმარება ამ ბავშვებისთვის, პირველ რიგში აგვიშენონ კარგი ცენტრი. შიშველი ხელებით გვიწევს მუშაობა,“ –  ამბობს რეაბილიტაციის ცენტრის მეთოდისტი მაია ცინარიძე.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ორი პროგრამა – რეფერალური და რეგიონალური. აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები რეგიონული პროგრამით სარგებლობენ და ის რეფერალური პროგრამის იდენტურია. სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამის საჭიროების მქონე პირებს წელიწადში ოთხ სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა 15 დღეა და 350 ლარი ღირს. სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს კურსს სრულად უფინანსებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სურმანიძის თქმით, მაშინ როცა პროგრამას ადგენდნენ, რეფერალური პროგრამის მიხედვით იხელმძღვანელეს. პროგრამა ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალ წელსაც.

„მომავალი წლისთვისაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ოთხი კურსის ჩატარება. ეს არის ექიმების, სპეციალისტების მოსაზრება. რა თქმა უნდა უკეთესია, თუ ხშირად ჩაიტარებს კურსს პაციენტი, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ ოთხ კურსს დააფინანსებს. გარდა ამისა, პროგრამაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი გაკვეთილები მშობლებისათვის, თუ როგორ უნდა ჩაუტარონ სახლის პირობებში რეაბილიტაციის კურსი,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე.

მაიასგან განსხვავებით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, არ გაუმართლა რვა წლის სანდრას დედას მედიკო ბოლქვაძეს. მან იმის გამო, რომ შვილისთვის სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა, საცხოვრებელი შეიცვალა და ხულოდან ბათუმში გადმოსახლდა. რვა წლის სანდრა წელიწადში ოთხჯერ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის. სანდრა ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული და მისთვის რეაბილიტაციის კურსი აუცილებელია. პირველი ორი წელი სანდრა მშობლებს ბათუმში ხულოდან დაჰყავდათ, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტირება რთული იყო, ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდნენ და ბინა დაიქირავეს.

„ორი წელი დამყავდა ბავშვი ხულოდან და ძალიან რთული იყო გადაადგილება. შესაბამისად რთული იყო მკურნალობაც. თან ჩვენ არ დავდივართ მხოლოდ რეაბილიტაციის ცენტრში, დავდივართ აუზზე და მასაჟზე. ამიტომ იძულებული გავხდით და გადმოვედით ქალაქში საცხოვრებლად,“  –  ამბობს სანდრას დედა მედიკო ბოლქვაძე.

სარეაბილიტაციო ცენტრში

დღეისათვის აჭარის მასშტაბით „ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამით“ 206 პაციენტი სარგებლობს, აქედან 22 პაციენტი მაღალმთიანი რეგიონიდანაა. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლელა სურმანიძის თქმით, მომავალი წლისთვის მაღალმთიანი რეგიონებისათვის სადღეღამისო მომსახურების ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

„გვინდა, რომ სადღეღამისო მომსახურების ცენტრი გავხსნათ ქედაში, ხულოსა და შუახევში მცხოვრები პაციენტებისათვის. ჩამოვლენ ბათუმში და აქ გაივლიან რეაბილიტაციის კურსს,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე. თუმცა მისივე თქმით ეს, ჯერ მხოლოდ პროექტია.

დღეს მოქმედი პროგრამებით სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე პირების რეაბილიტაციის კურსს აფინანსებს. ექიმი ნევროლოგი იაგო ჯიბუტი ამბობს, რომ რეაბილიტაცია 18 წელსგადაცილებული ასაკის პირებსაც სჭირდებათ, თუმცა სახელმწიფო პროგრამებში ეს არ ასახულა.

„რეაბილიტაცია სჭირდებათ 18 წლის ასაკის ზემოთაც იმ პირებსაც, ვინც ინსულტი გადაიტანა, ან ინფექციური დაავადებები, თავის ტვინის ენცეფალიტი, ან ტრავმა მიიღო, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი ნაკლებ მწვავედ დგას. დიდი კონტინგენტია იმ ასაკოვანი ხალხის, რომელთაც ინსულტი ემართებათ და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თუმცა რატომღაც შეგუებულებივით არიან ოჯახის წევრები. იცით რას შემიძლია ეს სიტუაცია შევადარო?! 90-იან წლებში ნაკლებად დაინახავდით ქუჩაში შშმ პირებს. ნაკლებად დაინახავდით ამ პრობლემაზე მოსაუბრე ხალხს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მაშინ არ იყო, მაშინ ერიდებოდათ, რცხვენოდათ, სახლში ისხდნენ ეს ბავშვები და ნაკლებად გამოჰყავდათ. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ამჟამად ასაკოვან ადამიანებთან მიმართებაში,“  –  ამბობს იაგო ჯიბუტი.

უკრაინას სოლიდარობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს

სტუდენტი ნინო გალოგრე, თვლის, უკრაინის ბედი რომ არ გაიზიაროს საქართველომ საჭიროა ახალგაზრდების აქტიურობა:

„უკრაინაში პარაფირების ხელშეკრულებას მთვარობამ არ დაუჭირა მხარი, ამით უკრაინას გადაუკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, აშკარად ჩანს რომ ეს არის რუსეთის ძალდატანებით. უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოლიდარობას ვუცხადებთ, უკრაინელებს არ უნდათ რომ საბჭოთა კავშირი აღსდგეს, მომავალს ევროპას უკავშირებენ. სტუდენტებს გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციები დაარსებული, არასამთავრობოებმა შევთანხმდით რომ სტუდენტური აქცია მოგვეწყო და სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინისთვის. ხვალ სამიტზე საქართველოს ბედი გადაწყდება, ახალგაზრდებმა უნდა გადავწყვიტოთ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული მომავალი,“ –  ამბობს ნინო გალოგრე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები მომავლისათვის” დამფუძვნებელი.

„ვფიქრობთ ის რაც ხდება უკრაინაში არის რუსული პოლიტიკის გავლენა, მსგავსი საშიშროების წინაშე შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს, ამიტომაც  სტუდენტები უნდა ვიყოთ ფხიზლად,“ – ამბობს სტუდენტი  ანა დიასამიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ლოგოს გრუპის“ თავმჯდომარეა.

უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამართვის იდეა სტუდენტების მიერ დაარსებულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდები მომავლისთვის“, „ლოგოს გრუპი“, „თავისუფალი ზონა“,  „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის,“ ეკუთვნის.

სტუდენტური აქცია ევროპის მოედანზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

კანონის სახელით

ამ ფონზე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ პარლამენტში მთავრობამ ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე ძალიან ცუდი და მთლიანად კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში საშიში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მოახდინა. ინიციატივის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, ძეგლის სტატუსი მოხსნასთან დაკავშირებით ისეთი სუბიექტური და წმინდა შეფასებითი ფაქტორები შემოდის, როგორიცაა ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა – „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას~.

 

სინამდვილეში არავინ იცის, თუ რა იგულისხმება „განსაკუთრებულ შემთხვევაში~ და როგორ შეფასდება ესა თუ ის შემთხვევა განსაკუთრებულად. ან კიდევ, რას ნიშნავს „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა~ და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ იგივე ძეგლების სათანადოდ დაცვა რაიმეთი იმაზე ნაკლები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა, ვიდრე გაუგებარ „განსაკუთრებულ შემთხვევებში~ ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა.

 

არ ვაპირებ, რომ ჩემი მოსაზრება მთლიანად ამ საკანონმდებლო ინიციატივის სამართლებრივად მიუღებელ და გაუაზრებელ მხარეებს მივუძღვნა. ვფიქრობ, ეს საკითხი ისედაც ნათელია და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, რომლის უმთავრეს მიზანსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს, ამ ტიპის საკონმდებლო ჩანაწერის  ადგილი საერთოდ არ არის.

 

ახლა მე სულ სხვა რამ მაინტერესებს, მაინტერესებს ის, თუ რატომ მოამზადა ეს ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რა ინტერესი აქვს ძეგლებთან მიმართებაში და სინამდვილეში რა დგას კანონპროექტის მიღების მიზნად განმარტებით ბარათში აღნიშნული „გარკვეული შემთხვევების“ არსებობის უკან. პრინციპში, შემიძლია წარმოვიდგინო, ალბათ, ყბადაღებული ინვესტიციებისა და უხილავი ინვესტორების თემა.

 

თუმცა, მთავარი ინტერესის ადრესატი არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, არამედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. შესაბამისად, გულწრფელად მაინტერესებს, რას ფიქრობს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფიქრობს კი არადა, რას აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილება არ მიიღონ.

 

ერთი რამ ცხადია, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება სამინისტროს დასახელებას როგორც მინიმუმ სიტყვა „დაცვა“ ჩამოვაშოროთ.

 

ახლა პარლამენტის შესახებაც ვთქვათ. საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ მაშინ შეიძენს იურიდიულ ძალას, თუ მას პარლამენტი დაუჭერს მხარს. ნებისმიერ ცოტათი მაინც თავმოყვარე და საკუთარი ფუნქციის მცოდნე პარლამენტისთვის კი ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილების არა თუ მხარდაჭერა, არამედ განხილვაც კი მიუღებელი უნდა იყოს. რადგანაც, ეს საკანონმდებლო ინიციატივა კანონშემოქმედების თვალსაზრისით დამცინავი და დამამცირებელია პარლამენტისთვის. დამცინავი და დამამცირებელი იმიტომ, რომ პარლამენტმა არ იცის „განსაკუთრებული შემთხვევების“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის“ სახელით სინამდვილეში რას უჭერს მხარს.

 

მოკლედ, ეს ტესტია პარლამენტისთვის, თუ რომელ გზას აირჩევს. მშვიდად მისცემს დასტურს მთავრობას, თუ საკუთარ რეალურ ძალას აჩვენებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხარეს დადგება.

 

და ბოლოს, რა ბედი ელის ძეგლის სტატუსის მქონე კულტურულ მემკვიდრეობას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭერს მხარს? ელის ის, რაც მანამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კანონის დარღვევით ხდებოდა. უბრალოდ, ამჯერად ეს კანონის სახელით განხორციელდება და თანაც ბევრად უფრო ფორსირებული ფორმით. რაც მთავარია, ყველაფერი, „განსაკუთრებული შემთხვევების“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობით“ შეინიღბება.

ტენდერი არ შედგა – ბათუმის მერიის გასაჭირი

 

 

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს ისიც, რომ ტენდერების ჩაშლის მიზეზი პოტენციურ მონაწილეთა პასიურობაა. ბოლო პერიოდში კერძო კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ხშირია შემთხვევაც, როცა გამოვლენილი გამარჯვებული შეთანხმებულ მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს, რის შემდეგაც მერია იძულებულია დადებული ხელშეკრულება გააუქმოს და იმავე სამუშაოზე ახალი ტენდერი გამოაცხადოს, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები დროში იწელება, აუთვისებელი თანხა კი ბიუჯეტში ნაშთის სახით რჩება. საკრებულოში შიშობენ, რომ ნაშთიანი ბიუჯეტის შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვას.

 

 

ჩავარდნილი ტენდერების უმეტესობა სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება, მხოლოდ მცირე მაჩვენებლებით ფიქსირდება იგივე პრობლემა ჯანდაცვისა და განათლება – კულტურის სფეროში.

 

 

გამოცხადებული ტენდერების მიმართ კომპანიების მხრიდან ნაკლები ინტერესის გამო მერიას ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გაუხანგრძლივდა, რომელთა დასაფინანსებლადაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან ტრანსფერი საგანგებოდ გამოითხოვა: „ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, გამოეყო დამატებითი თანხა ცალკეულ უბნებში გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის და აქაც ჩაიშალა ტენდერი. როცა ტენდერს ვაცხადებთ, ცხადია, წინასწარ არ ვიცით, ვინ იქნებიან პრეტენდენტები, რის გამოც იმის ძებნა, თუ ვის უნდა მიეღო მონაწილეობა და არ მიიღო _ რთულია. ამიტომაც ძნელია სავარაუდო პრედენტების გამოკითხვა, თუ რა არ მოსწონთ მათ და სხვა პირობების შემთხვევაში მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას“ – ამბობს ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე.

 

 

რას უკავშირდება ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიმართ ინტერესის ნაკლებობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ იმ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ჰკითხა, რომლებსაც გასულ წლებში მერიასთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მათგან უმეტესობამ მიზეზების დასახელებაზე უარი თქვა, ზოგიერთმა კი პრობლემებზე საჯაროდ საუბრისგან თავშეკავება მომავალში მერიასთან ურთიერთობების შესაძლო გაფუჭების ვარაუდით ახსნა.  

 

 

შპს „მენას“ დირექტორის, მერაბ  კერესელიძის თქმით კი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიასთან ტენდერის შედეგად დადებული შეთანხმება ჩაეშალა, უკმაყოფილების მიზეზი დაწესებული თანხის ოდენობა იყო: „იმაზე მეტი მიჯდებოდა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული, რის გამოც შეთანხმება ჩავშალე. ისედაც დაბალ თანხა აცხადებენ ტენდერს, ამის შემდეგ ფასი დაიწევს, შემდეგ უკვე ამ დაწეული ფასით აცხადებენ ტენდერს და ფაქტობრივად კომპანიას არაფერი რჩება.“

 

 

ტენდერის ჩავარდნის კონკრეტულ მიზეზებზე ვერც მერიის ერთ-ერთი სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა თამაზაშვილი საუბრობს. ის ამბობს, რომ როცა კომისია ტენდერს აცხადებს, „იქ ინფორმაცია იმდენად დეტალურადაა დაწურული და სავარაუდო ფასებიც შესწავლილი, რომ შემსრულებლის მიერ თანხის მნიშვნელოვნად დაწევა შეუძლებელია, თუმცა გათვალისწინებულია მოგებაც, რამაც კომპანია უნდა დააინტერესოს. მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ინტერესდებიან ისინი, ალბათ მაინც არ აწყობთ.“

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების გადამოწმებით დგინდება, რომ იმ ტენდერებიდან, რაც ბათუმის მერიამ 2013 წლის იანვრიდან დღემდე გამოაცხადა, 28 ტენდერი ჩაიშალა, მათ შორისაა გარკვეული ხარვეზების გამო ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი ტენდერებიც, უმეტესობა კი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.

 

 

ბათუმის მერს მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვს:

 

„თუ შევადარებთ წინა წლების სატენდერო პირობებს, მაქსიმალურად შეიზღუდა ავანსის, ანუ თანხის წინასწარ გაცემა გამარჯვებულ კომპანიებზე. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როცა კომპანია წინასწარ იღებს ავანსს, ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ მას სხვა სამუშაოებიც აქვს დაწყებული, რომელსაც ჩვენგან მიღებული ავანსით ამთავრებს. დგება მოცემულობა, რომ მან ამ ფულით დაამთავრა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება და როცა მოვიდა ჩვენი საქმის დაწყების დრო, თანხა აღარ ჰქონდა.“ –  განმარტავს ჯემალ ანანიძე. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავანსს გამარჯვებულ კომპანიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ შეკვეთილი სამუშაოები მასალების იმპორტირებას საჭიროებს.

 

 

კიდევ ერთი დეტალი, რამაც სატენდერო პირობები შეცვალა არის ის, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებელს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას ავალდებულებს: „კონტროლმა გვიჩვენა, რომ შესრულებული საქმე სადავო გახდა და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოების ყველა კომპონენტი, ექსპერტიზის დასკვნა გახდა საჭირო, ამიტომ მოთხოვნებს ეს კომპონენტიც დავამატეთ.“ – ამბობს ბათუმის მერი.

 

 

საკრებულოს წევრი მამული ჟღენტი კი ტენდერებთან დაკავშირებით პრობლემას სხვაგვარად ხედავს. ის ამბობს, რომ მერიაში უფრო მეტს იმაზე ფიქრობენ, როგორ ნახონ სიკეთე ტენდერებისგან, ვიდრე პრობლემის მოგვარებაზე.

 

 

„როცა კეთდება პროექტი, მას მოყვება ხარჯთაღრიცხვა. მერია ამ ყველაფრის მომზადებაში იხდის გარკვეულ თანხას, რის შემდეგაც, მაგალითად, ცხადდება 100 ათასიანი ტენდერი. შემოდის კომპანია და ამბობს, რომ ამ სამუშაოს ორმოცდაათად შეასრულებს. უკვე საეჭვოა. რა გამოდის, პროექტის დამამზადებელმა მოატყუა მერია? თუ არ მოატყუა, ნახევარ ფასად როგორ აძლევს ამ სამუშაოს?!“ – კითხულობს საკრებულოს წევრი.

 

 

ტენდერით გათვლილი თანხის განახევრების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, საქმის წარუმატებლად დასრულებაზე მერიაშიც საუბრობენ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძებნას მერია დიდი პროექტების საჯარო განხილვებზე გეგმავს.

 

 

ტენდერის ხშირად ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერს კიდევ ერთ საკითხზე დაუსვა შეკითხვა. წარსულში მსხვილ ტენდერებს ხშირად იგებდნენ კომპანიები, რომელთა უკანაც ყოფილი მმართველი პარტიის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები, მათი პარტიის მსხვილი შემწირველები იდგნენ. საუბრობენ იმაზე, რომ მათი ერთგვარი მონოპოლია სხვა კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში წარმატების შანსს არ უტოვებდა, რის გამოც სხვა კომპანიები ვერ განვითარდნენ და არც შესაბამისი გამოცდილება აქვთ. წარსულში მსხვილი შემსრულებლები კი, რომლებმაც შესაბამისი გამოცდილებაც დააგროვეს, ახლა ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით  ბათუმის მერის პასუხი ასეთია: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც ვითარებების შეცვლის გამო ტენდერებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ეს მისი პრობლემაა.“  

 

 

„იმდენი ვართ, რა მეითლის“

 

 

ზექიე ბერიძე
ზექიე ბერიძე

სამი შვილის დედას, 102 წლის ზექიე ბერიძეს 16 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილიშვილი ჰყავს, რამდენიმე კვირის წინ კი მის შვილთაშვილს ტყუპი გოგონა შეეძინა. უხუცესი ბებია ამბობს, რომ წასვლით ვერ წავა, თუმცა დანამდვილებით იცის, რამდენიმე დღეში მის სანახავად შვილთაშვილი სოფელში ავა და პატარა ანასა და ინას მალე ნახავს: „იმდენი ვართ, რა მეითლის. შვილიშვილები მოდიან და მსტუმრობენ, ხშირად მოდიან სანახავად, ახლა ტყუპებიც შემოგვემატა, მე ვერ წავალ, მაგრამ მათ ამოვლენ და პატარებსაც ვნახავ, შვილიშვილებთან და რძლებთან ერთად ვარ ასე, მივლიან, მაგრამ 100 წელს რომ გადახვალ, მერე ყველაფერი სხვანაირია, აღარ გახსენდება ბევრი რამე, სმენით კარგად ვეღარ გონილობ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემი ფეხით დავდივარ და მოსავლელი არ ვარ“ – ამბობს ზექიე ბერიძე.

 

 

უხუცესი ამბობს, რომ დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, ისეთი გაჭირვება აღარ არის, ადრე რომ იყო, მისი აზრით ცხოვრებაც გაადვილდა: „ახლა ადვილია ცხოვრება, მაშინ ასე სად იყო, ჩაი უნდა გეკრიფა, თუთუნი გამოგეყვანა… ვწვალობდით, ფერმაშიც ვმუშაობდი და აბრეშუმიც გამომყავდა, მაშინ მანქანა სად იყო, ზურგით დაგვქონდა მეშოკები, იმფერი გაჭირვება ახლა ვერ იქნება, ყველაფრიდან გვიჭირდა, ყველას უჭირდა, მარტო ჩვენ კი არა“.

 

 

ისე გათხოვდა, არ იცოდა მისი მომავალი ქმარი ვინ იყო, ქმარი პირველად ქორწილის დღეს ნახა:

 

 

„ახლოდან გამოვთხოვდი, ზენდიდი ჰქვია ჩემს სოფელს, რამდენი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ვერ გეტყვით, სირცხვილია, პატარა ვიყავი და რას იტყვიან. ქმარს გათხოვებამდე არ ვიცნობდი, რომ მომიყვანა მაშინ გავიცანი, ქორწილზე ვნახე, ახლა, რომ არის, ადრე ასე სად იყო ნენი“ – ამბობს მოხუცი.

 

 

ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წელიწადში ბერიძეების ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს ზექიეს ქმარი, ნური ბერიძე ძმასთან, მუხამედთან ერთად დაიჭირეს. მათ სამშობლოს ღალატი დააბრალეს, ნური გადაასახლეს, მუხამედი კი დახვრიტეს. ზექიე ბერიძის შვილი ამირანი ამბობს, რომ ამის მიზეზი მამიდისა და მისი ქმრის თურქეთში გადასვლა გახდა: „ჩემი მამიდა ქმართან ერთად თურქეთში გადასულა, ამის გამო მამა და ბიძია დაიჭირეს, ბიძა დახვრიტეს, მამა გადაასახლეს. სამამულო ომის დაწყებამდე მამა წერილებს გზავნიდა, ომის შემდეგ კვალი დაიკარგა, მის შესახებ არაფერი ვიცით. მე მამა არ მახსოვს, დედამ გამზარდა, მხოლოდ ის მახსოვს, ოჯახში ბევრი რომ ვიყავით, ბიცოლა, ბიძაშვილები, მამიდაშვილებიც ჩვენთან იზრდებოდნენ, რადგან მათი მშობლები თურქეთიდან ვეღარ გადმოდიოდნენ“.

 

 

ზექიე ბერიძე განვლილ წლებს დღესაც მტკივნეულად იხსენებს: „კაცები რომ დაიჭირეს, ქალებს უნდა გვერჩინა ოჯახი. დედამთილ-მამათილი კი მყავდა, მაგრამ მოხუცები იყვნენ და ფიზიკურად არ შეეძლოთ. სამი შვილი მე მყავდა, ყველა საქმე ქალებს გვიწევდა. მახსოვს, აზოტს რომ მოვიკიდავდი ზურგზე, ცენტრიდან 4 კილომეტრი ამომქონდა ფეხით. ასე ვწვალობდი, აბა რა უნდა მექნა, ძნელი კი იყო, მაგრამ რას იზამდი, მაშინდელი გაჭირვება სხვანაირი იყო. მეც მამა ადრე გარდამეცვალა, პატარა ვიყავი, არ მახსოვს, დედამ გამზარდა, დედის მსგავსად მეც ქმრის გარეშე გავზარდე შვილები“ –   მიამბობს ზექიე ბებია.

 

 

ზექიეს რძალი, 68 წლის ასიე ბერიძე ამბობს, რომ უხუცესი ბებია ოჯახის სხვა წევრების შეწუხებას ერიდება: „ზოგჯერ, თუ გაცივდება და წნევა აუწევს, ეს არის, არ შეგაწუხებს, წუწუნი არ ჩვევია, დიდი ოჯახი გვაქვს, სტუმრები ხშირად მოდიან და მეც ვუმასპინძლდები“.

 

 

102 წლის ბებიას ხელისუფლება საჩუქრად ყოველ წელიწადს 500 ლარს გადასცემს. გასულ წელს ზესოფლელი უხუცესი ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა.

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფიქსირდა

 

მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტურა იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ანაკლიასთან ახლოს, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 37 კილომეტრზე იყო.  

 

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თბილისშიც. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს მდებარეობდა.

საქველმოქმედო კონცერტი ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლისათვის

 

კონცერტის  ორგანიზატორია  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო სკოლა (ხელმძღვანელი დეკანოზი მამა არჩილ ჩხარტიშვილი). მასშიმონაწილეობას იღებს: ბათუმის  სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი ”ნოტა”, ახალგაზრდული  მუსიკალური თეატრის ვოკალური კვარტეტი  “Four you”, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ”ბათუმი”, ქორეოგრაფიული  ანსამბლი ”მწვერვალი”,  ვოკალური ანსამბლი ”ქართული ხმები” და  სხვა.

 

      გაყიდული ბილეთების თანხა მთლიანად მოხმარდება 2011 წელს  ხანძრის შედეგად განადგურებული ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო სკოლის აღდგენით სამუშაოებს. 

 

     ბილეთის  ღირებულება შეადგენს 10 (ათი) ლარს. ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში (მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. # 1; ტელ: 27-62-40)


       კონცერტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუსიკალური ცენტრის ვებგვერდზე www.muscenter.ge 

 

პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

როგორი იქნება მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემა და ვინ მუშაობს მასზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, ძველ სქემას ჩაანაცვლებს, თუმცა სქემის დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

„კონცეფციის განხილვა ახლო პერიოდში მოხდება, რომლის თანახმად, სერტიფიცირების გამოცდა ტრანსფორმირდება და იგი პედაგოგთა შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი აღარ იქნება. მას დაემატება პრაქტიკული ნაწილი და პედაგოგის მიერ სხვადასხვა აქტივობებში დაგროვილი კრედიტი. შესაბამისად, პედაგოგის შეფასება კომპლექსური გახდება.

რაც შეეხება ახალი კარიერული განვითარების სქემას, ის პედაგოგთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ყველასთვის სავალდებულო იქნება“. _ ასეთია პასუხი საქართველოს განათლების სამინისტროდან.

„ბათუმელები“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ახალი სქემის მოლოდინზე განათლების სპეციალისტებსა და პედაგოგებს ესაუბრა.
„საჭიროა არსებობდეს პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი საშუალებები, რაც მიბმული იქნება კარიერულ ზრდასთან და შესაბამისად ხელფასის მატებასთან. ასევე აუცილებელია არსებობდეს ხარისხის მართვის ისეთი მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, დავრწმუნდეთ, რომ მასწავლებლის კარიერული ზრდა არის არა ფორმალური პროცესი, არამედ რეალურად აისახება სასწავლო პრაქტიკისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე“ _ აღნიშნა „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტმა სოფიო გორგოძემ.

სერტიფიცირებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ 2010 წლიდან დღემდე მთავარი აქცენტი გამოცდებზე იყო გაკეთებული, ხდებოდა მასწავლებელთა სელექცია გამოცდების შედეგების მიხედვით და აქცენტი არ იყო გაკეთებული ყველაზე მნიშვნელოვანზე _ სკოლაში მასწავლებლების მიღწევებსა და საქმიანობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული, ამ შედეგს პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან მასწავლებლების უმრავლესობას იმ დროს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, როდესაც სხვა მოთხოვნები იყო. მასწავლებლებმა ისწავლეს ბევრი რამ, ბუნებრივია ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალი მასწავლებლების სისტემაში შემოსვლაც მნიშვნელოვანია. მასწავლებლების დამოკიდებულება სიახლეებთან კრიტიკულია, რაც გასაგებია, რადგან მათ რთულ „დროებაში“ უწევთ მოღვაწეობა. რთულია შეაფასო სქემა, რომელიც ჯერ არაა გამოქვეყნებული, იმედია ახალი სქემა ორიენტირებული იქნება მასწავლებლის კარიერულ ზრდაზე“ _ ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მარინა გაბაიძე მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის სერტიფიცირებული პედაგოგია. მისი აზრით, სამინისტროს მხრიდან ხშირი სისტემური ცვლილება არა მარტო პედაგოგების, მთლიანად სკოლის ინტერესებს აზარალებს. „მიმაჩნია, რომ ჯერ არსებული სისტემის მეცნიერული ანალიზი უნდა მომხდარიყო და შემდეგ დაეწყო განათლების სამინისტროს ახალ სქემაზე ფიქრი. ვფიქრობ, ახალი სქემაც სპონტანურია და ბევრ კითხვებს გააჩენს,“ _ ამბობს ის.

მარინა გაბაიძეს სხვა კითხვებიც აქვს სამინისტროსთან: „როცა მინისტრი ამბობს, რომ სერტიფიცირება აღარ იქნება აუცილებელი, მაშინ გამოდის ჩვენ არანაირი პრივილეგია აღარ გვექნება? მაშინ რით განისაზღვრება პედაგოგის კვალიფიკაცია, ვინ არის კარგი პედაგოგი, ვის ეკუთვნის მაღალი ანაზღაურება?“

მიუხედავად ამ კითხვებისა, მარინა გაბაიძე ამბობს, მძიმე შრომისა და ფსიქოლოგიური ბარიერების გარდა, სერტიფიცირებას კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არაფერი მიუცია პედაგოგებისთვის: „როგორც ვმუშაობდი ადრე, ისე ვმუშაობ ახლაც. უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა გააღვიძა ამ ფაქტმა ჩემში. მოტივირებული ვიყავი ჩამებარებინა გამოცდა, რადგან ამით ჩემს, როგორც პედაგოგის კვალიფიკაციას გაესმებოდა ხაზი.“

სერტიფიცირებული პედაგოგები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ ისინი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა იმ პედაგოგებთან მიმართებაში, ვისაც სერტიფიცირება არ გაუვლია: „გურამიშვილს აქვს მართლის თქმის პრინციპი: „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა“. რატომ არ უნდა ერქვას კარგ მასწავლებელს კარგი? დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. ვისაც ნაკლები განათლება აქვს, რატომ არ უნდა ვიყო მასზე პრივილეგირებული, თუნდაც ანაზღაურებით“ _ ამბობს მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნაირა ჯანელიძე.

მისი აზრით, სერტიფიცირება პედაგოგთა ერთგვარი ლუსტრირება იყო, თუმცა ჰქონდა ხარვეზებიც. „განათლების სისტემა კონსერვატორულია და ხშირ და სპონტანურ ცვლილებას ვერ ეგუება. ცვლილებები თაობათა ცვლაზე უნდა იყოს მიბმული და არა მთავრობის ცვლილებებზე. სწავლებაში ყველაზე მაღალი საფეხური არის შეფასება, ეს არ მომხდარა და უცებ გადავდივართ ახალზე, იქნებ ესეც პრობლემურია? ძველმა შექმნა ნიჰილიზმი, რა გარანტია არსებობს, რომ ახალი იქნება უკეთესი?!“

პედაგოგის აზრით, ახალი სქემა, რომელზეც განათლების მინისტრი საუბრობდა, მასწავლებლებისთვის ამჯერადაც ბუნდოვანია: „არ ვიცი შინაარსი, სტრუქტურა და ბუნებრივია ვერც შეფასებას გავაკეთებ, რამდენად უკეთეს სქემას გვთავაზობს სამინისტრო. არ მომხდარა წინას შეფასება, მხოლოდ სტატისტიკით დაკმაყოფილდნენ. არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს“.

პედაგოგების აზრით, სამინისტროს პოლიტიკა სკოლებთან მიმართებაში არათანმიმდევრულია. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის სერტიფიცირებული პედაგოგის, თინიკო ბერიძის აზრით, სამინისტრო ცდილობს სისტემური პრობლემა ნაჩქარევად ჩაანაცვლოს: „ის, რომ სკოლები შეიძლება დარჩეს მასწავლებლის გარეშე, მხოლოდ ამის დანახვით არ გადაწყდება პრობლემა. სამინისტრომ ალბათ ისიც დაინახა, რომ ძალიან ცოტაა პედაგოგობის მსურველი. ადამიანს მოსთხოვო კერძის დამზადება პროდუქტის გარეშე, ცოტა რთულია. შედეგზე რომ გახვიდე, ამაზე უნდა იმუშაო“.

პედაგოგი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობს: „გვთხოვენ ევროპულ დონეზე მუშაობას და გვიხდიან აფრიკულ ხელფასს. სამინისტროს არ უზრუნია იმაზე, რომ სკოლებს ჰქონდეს ძლიერი ტექნიკური ბაზა, არ უზრუნია ჩვენს გადამზადებაზე. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალების მიერ ჩატარებული ტრენინგები, ახლა იწყებენ მასწავლებელთა სახლში რაღაც პროექტს, მაგრამ არ ვიცი ვინ იქნებიან ტრენერები, რამდენად სანდოა მათი კვალიფიკაცია. შეიძლება პედაგოგი სერტიფიცირებულია, მაგრამ მე მაინც მქონდეს კითხვები მის კვალიფიკაციაზე. არც ახლა ვიცით, რას გვთავაზობენ, რა იქნება სამომავლოდ. ერთი სიტყვით, სისტემაში ძალიან დიდი პრობლემაა და ყველა სქემა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, გასაანალიზებელია. თუ ახალ სქემაზეც პროფესიონალებმა არ იმუშავეს, ჩათვალეთ, რომ ეს სქემაც ჩავარდნილია“.

ქეთინო გვარჯალაძე პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი

ქეთინო გვარჯალაძე სერტიფიცირებული პედაგოგია. ის ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ქიმიას ასწავლის. პედაგოგი ამბობს, რომ მომხრეა სიახლეებისა და განვითარების: „სერტიფიცირებამ არაფერი მომცა-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან გამოცდის ჩაბარებას სჭირდება შრომა და დრო. თუმცა, პედაგოგის დონე მარტო ამით არ განისაზღვრება. აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის შეფასება. სამინისტრო ვარდება უკიდურესობაში. გვთავაზობს მხოლოდ ერთ გზას. სერტიფიცირებამ გამოგვაფხიზლა პედაგოგები, ესეც საჭიროა, მაგრამ უნდა გვქონდეს სხვა ალტერნატივაც. ახლა საუბარია კრედიტების დაგროვებაზე, ახალ სისტემაზე, მაგრამ რა როგორ უნდა მოხდეს, თითქმის არც ერთ პედაგოგს ჩემ ირგვლივ ინფორმაცია არ აქვს.

არ ვიცით რითი განისაზღვრება კვალიფიციური პედაგოგის ანაზღაურება, არც იმაზე გვაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა ჩემს სერტიფიკატს ძალა ან რამდენ ხანს ექნება. პროცესები ისევ ძალიან ბუნდოვნად მიდის. ყველა სხვადასხვანაირად ლარაკობს და მე, როგორც პედაგოგს, რა მელის სამომავლოდ, ვერ გავარკვიე“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

„ცვილის ფიგურების მუზეუმში ვაპირებდი ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართე რომ გაეხსნათ მუზეუმი, როგორც კი გამიხსნეს კარი და შევედით პირველივე ოთახში მედეას ქანდაკება დაგვხვდა დაზიანებული იყო შუაზე გადატეხილი, ვიკითხე რა სჭირდა ფიგურას, თუმცა არავის არ ქონდა ინფორმაცია. მეორე ოთახში ერთი ქანდაკება მთლიანად იყო დამსხვრეული, ვერც კი გავარჩიე ვისი იყო, შემდეგ უკვე მუზეუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს რომ გატანილია ტექნიკაც,“ – ამბობს ნინო ხოზრევანიძე „ინტერპრესნიუსის“  ჟურნალისტი.

ცვილის ფიგურების მუზეუმის შენობა ბათუმის მერიის ბალანსზეა, თავად ცვილის ფიგურები კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბალანსზე. მუზეუმის მოვლა-პატრონობა სწორედ სააგენტოს ევალებოდა.

„დაცვა არ ყავდა მუზეუმს. ვიდეოთვალი გაფუჭებული იყო. ჩვენს ბალანსზე არაა შენობა და ვიდეოთვალს როგორ ჩავრთავდით. შემთხვევით აღმოაჩინეს, წინაკვირას ვიყავით ბოლოს აქ. კვირაში ორჯერ მოვდიოდით მუზეუმში,“ – აცხადებს  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას  სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„დაგეგმილი იყო იარაღის მუზეუმის გახსნა, იგეგმებოდა აგრეთვე ხელნაწერთა და წიგნის მუზეუმის გახსნა, ახლის აშენება კი არა ძველს ვერ ეპატრონა ეს მთავრობა, ფაქტის წინაშე დავდექით ყველანი, გაიძარცვა მუზეუმი, განადგურებულია ექსპონატები, ტურისტებს კი არა ადგილობრივ მოსახლეობასაც არ ქონია საშუალება გაცნობოდა ექსპონატებს. აღმოჩნდა რომ მუზეუმს დარაჯიც არ ყავს, საჭიროა ყველა პასუხისმგებელმა პირმა აგოს პასუხი აღნიშნულის გამო. ფაქტია რომ გაკეთებულსაც ვერ უპატრონა ახალმა მთავრობამ,“ – აცხადებს ასმათ დიასამიძე.

ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და სულ ორი კვირა იმუშავა.

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

 

მუზეუმის გაძარცვის ფაქტს ადასტურებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავაც.  აფხაზავას განცხადებით ამჟამად მეტი ინფორმაციის  მოწოდება არ შეუძლია. 

 

ცვილის ფიგურების მუზეუმის გაძარცვასთან დაკავშირებით დღესვე 17:30 წუთზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგია დაგეგმილი.

 

მუზეუმი გასულ წელს გაიხსნა და სულ ორი კვირა იმუშავა. 

ამხანაგური მატჩი აშშ-ს საზღვაო ძალების ეკიპაჟთან ქართველების გამარჯვებით დასრულდა

„ბათუმის პორტში იმყოფება ამერიკის სამხედრო ხომალდი. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი ღონისძიება არის  სპორტული  ღონისძიება. ამხანაგური მატჩი  ძალიან საინტერესოდ  და დაძაბულად მიმდინარეობს,“ – განაცხადა  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მეორე რანგის კაპიტანმა მერაბ კვაჭაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„გვიხარია რომ თქვენ ქალაქში ვართ. მადლობლები ვართ რომ გვმასპინძლობთ. ეს თამაში   თქვენს ბიჭებთან, სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან იმართება, როგორც ვამჩნევთ თქვენგან ფეხბურთში ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ,“ – განაცხადა ამხანაგური მატჩის მონაწილე ტედ ვერონესმა.

ამხანაგური მატჩი სანაპირო დაცვის თანამშრომლების  გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:0.

ამერიკული სამხედრო ხომალდი საქართველოს გეგმიური საპორტო ვიზიტით 11 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნებიც ჩატარდება.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი.

საბჭოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს აჭარაში, ნატა იმედაიშვილსაც, რომელმაც საბჭოს სხდომაზე ერთი ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს,  ნატა იმედიაშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში ცენზურას ასახელებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, ვახტანგ ღლონტი, გიორგი ირემაძე და ოლღა ჟღენტი. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ამტკიცებს, ყველა კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა.

არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანების რეალობა

ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ეწოდება. დამფუძნებლები გაფართოებას „ორმოცდაათს პლუს ერთის“ პრინციპით გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირები უნდა სჭარბობდნენ. ამ შემთხვევაში კი ოთხი დამფუძნებლიდან სამი შშმ პირია. ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ შშმ პირებმა მათი საჭიროებების შესახებ თავად უკეთ იციან, ამიტომ ახალი და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად თავადვე უნდა იმუშაონ.

რამინ მაჭარაშვილი, ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე

სულ რამდენიმე თვეა, რაც ორგანიზაცია დაარსეს, ჯერ არც სამუშაო ოფისი აქვთ და არც ფინანსები, თუმცა მიიჩნევენ, რომ მოკლე დროში მაინც ბევრი შეძლეს: „ამ დრომდე საბიუჯეტო პროგრამები იგეგმებოდა ისე, რომ შშმ პირები არ იყვნენ ამაში ჩართული. ამის შედეგი კი იყო ის, რომ პროგრამა იწერებოდა შშმ პირისათვის, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული მისი საჭიროებები.  ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, როცა თვითონ შშმ პირები იღებენ ამ პროგრამების პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობას.“ –  ამბობს ნინო ჩხაიძე. ის ამ ორგანიზაციის არა შშმ დამფუძნებელია.

ორგანიზაციამ შშმ პირებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაგეგმა. შეხვედრას ყველა კატეგორიაში მყოფი შშმ პირი დაესწრო. „ვფიქრობ, ძალიან საჭირო შეხვედრა იყო ორივე მხარისთვის. თუ ჩემზე მუშაობ და ჩემთვის რაღაც სასიკეთო გინდა, მკითხე რა მჭირდება. ამით ორივე მხარე მოგებული დარჩება“ –  ამბობს ნინო.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რამინ მაჭარაშვილის თქმით, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ისაუბრეს იმაზეც, რომ შშმ პირები ვერ ახერხებენ მივიდნენ სამინისტროში და გაესაუბრონ კომპეტენტურ პირს, რომელიც მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს მისცემს:  „შეხვედრის პლუსი კიდევ ის იყო, რომ შევკრიბეთ შშმ პირების წარმომადგენლები, მშობლები და ორგანიზაციები, რომლებმაც მინისტრის მოადგილეს დაუსვეს კითხვები დაზღვევის, დახმარების, მედიკამენტებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ მსგავსი შეხვედრები.“

ორგანიზაციის დამფუძნებლები პროექტების განხორციელებას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხითაც გეგმავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ურთიერთობების პრობლემა უფრო მწვავედ საზოგადოების მხრიდან დგას და არა შშმ პირებისგან: „როცა ეტლით მოსარგებლე გამოდიხარ ხალხმრავალ ადგილებში, თავს იჩენს კარგად დამკვიდრებული სტერეოტიპი, ხალხი ფიქრობს, რომ მოწყალებას ითხოვ. არადა, ეტლი მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. უხეშად რომ შევადაროთ, ფეხსაცმელია და მეტი არაფერი.“ –  ამბობს თომა.

ამ დროისათვის ორგანიზაციაში საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობენ: „ამ იდეაზე გასულ წელს დავიწყეთ ფიქრი. ორგანიზაცია „არტვეიმ“  განახორციელა პროექტი „რეანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც შშმ პირების, კერძოდ უსინათლო პირების ადვოკატირებას ახორციელებდნენ. შეიქმნა საბჭო, რომლის წევრებიც იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შშმ პირები და მთავრობის წარმომადგენლები. ახლა ვართ მოლაპარაკების პროცესში, გვინდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იყოს ამ საბჭოს ფორმალური თავმჯდომარე,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე. მისივე ინფორმაციით ამ საბჭოს შეხვედრა წელიწადში ერთხელ გაიმართება.  მინისტრებს ექნებათ მოვალეობა, ანგარიში ჩააბარონ მთავრობის თავმჯდომარეს. დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება შიდა ადვოკატირების გამართლებული ფორმა, რაც მათ უშუალოდ პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან მიიყვანს.

თაზო მჟავანაძე, ლაშა თავართქილაძე და სოფო ზოიძე

შშმ პირების პრობლემებზე მუშაობს თაზო მჟავანაძის ორგანიზაციაც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“, რომელიც თაზომ უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად დაარსა. თაზო ბათუმის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს. ამ ორგანიზაციის მიზნებშიც პირველ და მეორე რიგის პრობლემებად საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებასა და შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხებს ასახელებენ.

„ბევრს ჰგონია, რომ შშმ პირს არ შეუძლია ისეთი სასარგებლო საქმის კეთება, როგორიც სხვას, ჩვენ ამ სტერეოტიპის დარღვევა გვინდა. ვაპირებთ განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ცნობიერების ამაღლების კუთხით სკოლებში იმუშავებს. ბევრმა არ იცის, ვინ არის შშმ პირი, ისინი მათ მხოლოდ ერთი მხრიდან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს აღიქვამენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე იმდენს აკეთებს, რამდენიც ზოგჯერ ჩვენ ყველას ერთად ორგანიზაციის წევრებს არ გამოგვდის, ის ძალიან ნიჭიერია და ერთი წუთითაც ვერ  ჩერდება“ – ამბობს ორგანიზაციის გამგეობის წევრი დავით გიორგაძე, ის ორგანიზაციის არა შშმ წევრია.

მეგობრის ნათქვამს თაზოც ისმენს, ეთანხმება და საუბარში ერთვება. მისი თქმით,  მდგომარეობა ბევრად კარგისკენ არის შეცვლილი. „მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მზად ასეთი ადამიანების მისაღებად, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემა, ყოფილა შემთხვევები შეხვედრაზე მისულს პირდაპირ მკითხეს, გონებრივად როგორი ხართო“ – ამბობს თაზო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით აჭარაში სულ 16 513 შშმ პირი ცხოვრობს. თითოეული სახელმწიფოსგან დახმარების სახით ყოველთვიურად 100-150 ლარს იღებს.

ცოტა რამ გლასების შესახებ

გლასების ამბავი ბევრ პატარ-პატარა მოთხრობაშია გაბნეული. ამჯერად  „ჭერი აწიეთ, დურგლებო და სიმორი – შესავალზე“ გიამბობთ.

ალბათ, ვისაც გლასების ოჯახის ამბები უყვარს, კონკრეტულად ვერავინ იტყვის, რამ შეაყვარა ეს პერსონაჟები ასე, მაგრამ არის ერთი კონკრეტული მიზეზი: ისინი, ყველანი, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ გვინდა ვიყოთ. როგორ ოჯახებზეც ვოცნებობთ სინამდვილეში. არადა, გგონიათ, იდეალურები არიან? პირიქით, უამრავი ნაკლი აქვთ – საშინლად დეპრესიულები და სუიციდისკენ მიდრეკილები არიან, და-ძმიდან ზოგიერთი ბავშვობიდანვე გენიოსად აღიარეს, ზოგი კი არაფრით გამოირჩევა, ჩხუბობენ და გაუთავებლად ომობენ ერთმანეთთან და ცხოვრებასთან, სულ რაღაცას ეძებენ… მაგრამ ეს ის ოჯახია, ერთ-ერთი წევრი, ფრენი, დეპრესიის ზღვარზე რომ წევს, ჭერს მიშტერებია და სიკვდილს ნატრობს, მამამისი მანდარინებს უზიდავს, შეხედავს ჩემი გოგო, ჩემი ფრენი ამ მანდარინებს და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდებაო. ეს ის ოჯახია, რომელიც არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ მიატოვებს თავის წევრს.

სიმორ გლასი არის პერსონაჟი, რომლითაც თვითონ მწერალია აღფრთოვანებული. ზუსტად ალბათ ვერც ერთი მკითხველი ვერ იტყვის, რა კაცია მაინც ეს სიმორი – უნიჭიერესი პოეტი, ომიდან ჩამოსვლის შემდეგ დეპრესიამ რომ დარია ხელი, კინაღამ გაგიჟდა და სანამ ბოლომდე გააფრენდა, ერთ-ერთ ფეშენებელურ კურორტზე ცოლის ცხვირწინ ტყვია რომ დაიხალა.  „ჭერი აწიეთ, დურგლებო და სიმორი, დასაწყისი~ მისი ძმის ნაამბობია სიმორის შესახებ. ყველაფერი სიმორის ქორწილით იწყება. ძმა იხსენებს ამ დღეს და ვითომ არაფერი ხდება, წარმოიდგინეთ, უბრალოდ ქორწილის დღეს იხსენებს სიმორის ოჯახის წევრი, მაგრამ ამ აბსოლუტურად სტატიკურ ამბავში ნელ-ნელა იშლება და იხსნება კვანძები – მაინც რა კაცი იყო ეს სიმორი, ყველა გარშემომყოფზე რომ გავლენა მოახდინა, ყველა რომ შეცვალა და ბოლოს რაღაცა მოუნელებელ, გაუგებარ ტკივილს რომ გადააყოლა თავისი ცხოვრება. რა კაცი იყო მაინც, ასე რომ უყვარდა სიცოცხლე და ასეთ ლექსებს რომ წერდა და ბოლოს უსაფუძვლო შიშმა აჯობა. მაგრამ მარტო სიმორის ამბავი არ არის ამ წიგნში – გლასების მთელი ისტორიაა, მთელი მათი ოჯახური სიყვარული.  გენიოსი, დაკარგული ბავშვების ამბები, თავიანთმა გენიალურობამ ნელ-ნელა, განუკურნებელი დაავადებასავით რომ მოინელა.

გლასების ამბები სიმორის ლექსებს ჰგავს – ვერ ახსნი, ვერ გაარჩევ, საღ აზრს ვერ მიუსადაგებ,  უბრალოდ, შენია ეს ამბები, პირდაპირ შენს გულში იჭრება, პირდაპირ სულს გითბობს და გახსენებს, რომ ამდენ ბოროტებაში, ასეთ აჩქარებულ ცხოვრების რიტმში, სადღაც აუცილებლად შენთვისაც უნდა იყოს  ზუსტად ისეთივე სახლი, როგორიც გლასებს აქვთ –  შეიძლება, არც ისე დალაგებული და ლამაზი, მაგრამ იმ ადამიანებით სავსე, რომლებსაც ერთი-ორი მანდარინი აუცილებლად ექნებათ თქვენთვის გადანახული, იმ შემთხვევისთვის, თუ ერთ დღეს საშინლად დაგეზარებათ ცხოვრების გაგრძელება.                

 მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

           

ვალერი თელია 200 ლარით დააჯარიმეს

 

16 აპრილს „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მოსთხოვა დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ვალერიან თელიას – აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, დაჯარიმების ნამდვილობა. 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ვალერიან თელიამ გააჩერა ავტომანქანა და იმ მოტივით ეჩხუბა საიას  მძღოლს, რომ მას არასწორად გადაუჭრა გზა. მძღოლს პოლიციის უფროსმა ტანსაცმელი შემოახია, ანთებული სიგარეტის ნამწვი ესროლა და დაემუქრა – „იცი შენ, ვინ ვარ მე“.

 

 

ფაქტიდან მალევე „ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რითაც გაირკვა, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, შესაბამისად, მას არც მართვის უფლება ჰქონდა. მოგვიანებით, შს სამინისტროში ზოგადად განაცხადეს, რომ თელია ამის გამო დააჯარიმეს.

 

 

16 აპრილის „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს ჰკითხა, რის საფუძველზე დააჯარიმეს ვალერიან თელია და რა თანხით. სამინისტროდან შვიდი თვის დაგვიანებით, ანუ 4 ნოემბერს მიღებულ პასუხში წერია: „ვალერიან თელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2013 წლის 28 მარტს დაჯარიმდა 200 ლარით“.

 

 

იმავე წერილით ირკვევა, რომ ვალერი თელიასა და საიას მძღოლს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. „შესაბამისად, საპროცესო მოქმედებები, მათ შორის მოწმეთა დაკითხვა არ განხორციელებულა“, –  წერია შს სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

4 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე მისულმა შს სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ სადავო ინფორმაცია უკვე მიაწოდეს „ბათუმელებს“, ამიტომ საქმის განხილვა აღარ უნდა გაგრძელდეს.

 

11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გააგრძელებს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში მოსამართლემ უნდა იმსჯელოს რედაქციისთვის ინფორმაციის დამალვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

 

„ბათუმელები“ შს სამინისტროსგან სიმბოლურ თანხას – 1 ლარს ითხოვს.

 

„ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

„გოგო არასამთავრობოდან“

მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და დღეს მე მჯერა ერთი რამის…. მჯერა, რომ გენო გელაძე, ასლან ჭანიძე, ნინო ტავლალაშვილი, ლევან გობაძე, ილია გუჩმანიძე, შორენა ჩიქოვანი, მანანა ინაიშვილი, არჩილ ხახუტაიშვილი, გია ქარცივაძე, მადონა ბერიძე, ნათია ხარატი და ნინო ჩხაიძე… არც ერთ არაა „იუდასებრ არასანდო“  გოგო და ბიჭი…. აჭარაში ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თუ იცნობო, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის სახელს მაინც გეტყვით… ასე რომ, რაც არ უნდა ვიდავოთ ამ ლექსის გავრცელების არეალზე, რეალობა ერთია… ჩვენ – მე, გენო, ასლანი, ნინო ლევანი, ილია, შორენა, მანანა, გია, მადონა, ნათია, ნინო „გოგოები და ბიჭები ვართ არასამთავრობოებიდან“… ჯერჯერობით მაინც.
19156სანამ არ გვეტყვით ვისზე ვრცელდება თქვენი სიტყვები…. სანამ არ დააკონკრეტებთ ვის გულისხმობთ, ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ვართ გოგო-ბიჭები თქვენი ლექსიდან და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ბოდიშის მოხდა დაგჭირდებათ.

გთხოვთ, ბატონო ვახტანგ… თქვენ ხომ მუდამ სიმართლის სადარაჯოზე იდექით (ამ ფრაზას თქვენ ხშირად იმეორებთ, მე კი ვერ ვაძლევ თავს უფლებას დაგეთანხმოთ ან არ დაგეთანხმოთ)… გვითხარით, რომელი მათგანია ველური, უსამშობლო, შიშველი, უღმერთო… თუ ამათგან არც ერთი, მაშინ ძალიან გთხოვთ იქნებ დააკონკრეტოთ ვის გულისხმობდით ლექსში, ვის მიმართ გამოხატავდით „სიყვარულს“… რომ ჩვენც ვიცოდეთ, ვინ ვინ არის… თქვენს პასუხს ველით…. ვინაა კონკრეტულად თქვენი ლექსის ადრესატი… დაგვეხმარეთ, ჩამოვირეცხოთ ის ლაფი და სირცხვილი, რომელიც მჯერა თქვენდაუნებურად მოგვაყენეთ…. გვითხარით, რომელი ჩვენგანი წარმოადგენს საშიშროებას ქართველი ერისთვის, რომელი ჩვენგანი უთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს…. მე უფრო საშიში ისეთ ადამიანების არსებობა მგონია, რომელიც ხან ერთ პარტიაშია, ხან მეორეში, ხან არასამთავრობოს ქმნის და ხან პანაშვიდს იხდის…. ეს ადამიანებია არიან საშიში, ახლა მხარდამჭერ კომენტარებს რომ გიწერენ, იმიტომ რომ  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ხართ…. არადა, თქვენი არც ერთ ლექსი არ წაუკითხავთ…. ფარისევლობა, სიყალბე და ზედაპირულობაა საშიში… (აუცილებლაად დავაკონკრეტებ ამ ადამიანთა ვინაობას მოთხოვნის შესაბამისად).

P.S.   პრემიერი შეხვდა ექსპერტებს, ჟურნალისტებს… არასამთავრობოებთან შეხვედრა აღარ შედგა. ალბათ იმ სექტორის დისკრედიტაცია აღარ მოუნდა (ისევე როგორც ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეეცადა, რაც მეტ-ნაკლებად გამოვიდა)… თქვენმა ლექსმა ეს ნამდვილად შეძლო… ალბათ თქვენდაუნებურად… „ჯვრიდან მკლავაწყვეტილ პოეტს“ ნიშნის მოგებით საუბარი არ ეკადრება… თუ ნებას დაგვრთავთ, ერთად ვნახოთ ვინ რა „ბიჭია“ და ვინ რა „გოგო~…. და არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორში…

დელფინებთან ახლოს

 

 

ოთხი წელია ლაშა დილით, გაღვიძებისთანავე დელფინარიუმში მიდის. ლაშას ორი დელფინი აბარია: მაია და ზორო. სანამ მაიას და ზოროს სძინავთ, ლაშა მათ საუზმეს უმზადებს: „დილით ვამოწმებთ დელფინებს, როგორ არიან, სამედიცინო შემოწმებას ვუტარებთ, ზღვაში საკუთარ თავს მიხედავდნენ, ჩვენთან კი ზრუნვა სჭირდებათ. დილით ველოდებით, სანამ სრულად გამოფხიზლდებიან. თორმეტი საათი სძინავთ.  ჩვენგან განსხვავებით ტვინის ორივე სფეროს არ ასვენებენ ძილის დროს, ჯერ ტვინის ერთ ნაწილს სძინავს, მერე მეორეს, ძილში შეუძლიათ ცურვა.“ –  გვიყვება ლაშა ხარატი.

 

 

ლაშა პროფესიით მეზღვაურია. ამბობს, რომ ოჯახის წევრები არჩევანს არ უწონებდნენ, თავად კი ეს პროფესია მოგზაურობის სიყვარულმა აარჩევინა: „დედაჩემმა ნახა ვაკანსია დელფინარიუმში, მთხოვა, რომ მეცადა, გემზე მაინც ვერ მივდიოდი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა, სახლში მყავს ძაღლი, დეიზი, რომელიც ძალიან მიყვარს. დედის რჩევა გავითვალისწინე და მივედი,  ბატონ თენგიზ წეროძეს ვუთხარი, რომ მინდოდა სამსახურის დაწყება. დამეხმარა, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში, ყველაფერი მასწავლა. დღემდე ვსწავლობ ბევრ რამეს მისგან.“ ლაშა ამბობს, რომ მანამდე დელფინი ნანახიც არ ჰყავდა, დელფინების ბათუმში ჩამოსვლამდე ლაშას თეორიულად ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მათთან:

 

 

„დელფინთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო დაუვიწყარი. თორმეტივე დელფინი გვყავდა ერთ აუზში, ნაწილი მეორე აუზში უნდა გადაგვეყვანა, ამისთვის საჭირო იყო დაგვეჭირა დელფინი, ახლოდან მათი ნახვისას ცოტა შემეშინდა, უფრო პატარები მეგონა რეალურად. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დამეჭირა ამხელა არსება, დავიბენი, არც ერთი დელფინი არ იყო გაწვრთნილი. ნდობის მოპოვება რთულია, სრულად რომ გენდოს დელფინი, ამისთვის ძალიან დიდი დროა საჭირო. პირველად როცა მოვეხვიე დელფინს და მისი შეშინებული გულისცემა მესმოდა, იყო საოცარი გრძნობა.“

 

ლაშა ამბობს, რომ დელფინთან ურთიერთობის ასაწყობად ტაქტიკა უნდა შეიმუშავო, მასთან ურთიერთობისას ყველა პრობლემა გვერდით უნდა გადადო, რადგან თუ მწვრთნელი ცუდ ხასიათზეა, დელფინსაც უფუჭდება განწყობა: „უნდა იყო ლაღი და ენერგიული, სულ უნდა ეფერებოდე და უღიმოდე მათ. მარტო ყოფნა არ უყვართ, უნდათ, რომ მწვრთნელი სულ მათთან იყოს, არ გშორდებიან, სულ მოფერება და თამაში უნდათ. ყველა დელფინს სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, ნინი ყველაზე პატარაა, ბათუმში დაიბადა. ძალიან ცელქი და განებივრებულია. ზორო სერიოზულია, მაია ეშმაკია, ცდილობს, რომ რაღაცით მოგატყუოს და თევზი ისე დაიმსახუროს. თევზი მათი ანაზღაურებაა, ჯილდო, რომელსაც კარგად შესრულებული საქმისთვის იმსახურებენ. დელფინის დასჯა არ შეიძლება, მხოლოდ მწვრთნელმა შეიძლება ტაიმაუტი გამოუცხადოს და დატოვოს მარტო, ამით ის ხვდება, რომ აწყენინა მწვრთნელს, მარტო დარჩენა არ უყვართ, ამიტომ მალევე დგებიან ფორმაში.“

 

 

ლაშა ამბობს, რომ დელფინები ადამიანებს ჰგვანან და ბევრი რამ ასწავლეს: „მასწავლეს, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა იყო თბილი და მოსიყვარულე. დელფინები ოჯახებად ცხოვრობენ, უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი ისე, როგორც დელფინებს უყვართ. მონიკასა და ნინის დედაშვილური ურთიერთობა რომ ავიღოთ, და ჩემი და დედაჩემის, სახლში რომ მივიდე და დედას ჩემი ჩახუტება მოუნდეს, შეიძლება მე მეუხერხულოს, დიდი ვარ, აღარ ვიკადრო, ნინიც დიდია უკვე, თუმცა დედის მოფერებას ყოველთვის პასუხობს, სულ ერთად არიან. როცა მონიკა აკეთებს ნომერს, ნინის მაინც აკვირდება, ყურადღებითაა.“  – ამბობს ლაშა.

 

 

ლაშას მოგზაურობა და ფეხბურთი უყვარს, ბარსელონას ნახვაზე ოცნებობს: „მიყვარს აქტიური ცხოვრება, მეგობრებთან ერთად გართობა, კლუბში სიარული, ცეკვაც გამომდის. ყველაზე მეტად მოგზაურობა მიყვარს, ვგეგმავ ევროპაში მოგზაურობას, ბოლოს ერიკ კლაპტონის კონცერტზე ვიყავი რიგაში. მუსიკა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მინდა ყველა ჩემს საყვარელ შემსრულებელს ლაივში მოვუსმინო, ახლა ველოდები ქოლდფლეის კონცერტს, ჯერ არაფერი აქვთ დაგეგმილი.“

 

მწვრთნელი გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. როგორც თავად ამბობს გოგონების აქტიურობა მაინცადამაინც არ მოსწონს: „არ მომწონს, როცა ღიად ცდილობენ შენი ყურადღების მიქცევას, მცირე დეტალების დაჭერა უფრო ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა წაბლისფერი თმა ექნება, თუ შავი გოგონას, თავი უნდა მომაწონოს შინაგანი ღირებულებებით. ბათუმში ალბათ არის ბევრი კარგი გოგო, მე როცა სამსახურიდან გავდივარ, თერთმეტ საათზე აღარავინაა გარეთ, ჩვენთან კლუბური ცხოვრებით არ ცხოვრობენ.“

 

 

 

რა მინერალური რესურსები აქვს აჭარას

 

აღწერის სამუშაოები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიურმა სამმართველომ ჩაატარა. როგორც სამმართველოს უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, ძირითადი სამუშაოები – ინფორმაციის თავმოყრა უკვე  შესრულებულია.

 

 

„ყველა ჰიდრომინერალური და მინერალური რესურსი, რაც აჭარაშია, შესწავლილი გვაქვს. კომუნისტების დროიდან ძირითადი ინტერესი მერისის მადნიანი კვანძის მიმართ იყო. სამოციან წლებში ბევრი სამუშაო  ტარდებოდა, დათვლილია სპილენძის, თუთიის, ტყვიის მარაგი. იმ პერიოდში ტყვია სჭირდებოდათ და მარაგებს ეძებდნენ. რკინიგზის გაყვანაც კი იყო გადაწყვეტილი, თუმცა შემდეგ რუსეთში აღმოჩნდა  და მუშაობა შეწყვიტეს,“ –  ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

 

მისივე თქმით, ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის თემში ჩატარებული კველევების შედეგად  ოქროს შემცველი, მეორადი კვარციტები აღმოჩნდა.

 

 

„ამანაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამჟამად საბადოზე ჩინელები მუშაობენ, ოღონდ ისე საიდუმლოდ, რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს,“ –  ამბობს ტარიელ ტუსკია.

მერისში 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორია შპს „Kინლანდ Gეორგია Mინინგ“- ს აქვს აღებული. ლიცენზია აღნიშნულ ტერიტორიაზე 2047 წლამდე არის გაცემული.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსი რეგიონში ქედაში, სოფელ კოკოტაურში არსებული კოკოტაურის მინერალური წყლებია. გარდა ამისა, ჰიდრომინერალური რესურსები აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე ადგილასაა, მათ შორის დანისპარაულში, დიოკნისში, ხიხაძირში, უჩამბაში, ნამონასტრევში, ბეგაურში, მერისსა და კაპნისთავში.

 

 

მნიშვნელოვანია ასევე  თერმული წყლები, რომელიც მახინჯაურის, ჩაქვისა და ხუცუბნის  ტერიტორიაზე მოიპოვება.

 

 

ტარიელ ტუსკიას ინფორმაციით თერმული წყლები მთიან აჭარაშიც მოიპოვება. კერძოდ თერმული წყლების წერტილები აღმოჩენილია დაბა შუახევის, სოფლების: ბუღაურის, შუბნისა და ტომაშეთის მიდამოებში. 

 

 

„რაც შეეხება მინერალურ რესურსებს, გვაქვს ქვიშის საბადო, რეგიონში მოიპოვება მოსაპირკეთებელი ქვები. ქობულეთში სოფელ ოჩხამურში გვაქვს კერამიკული თიხის საბადო.  ოღონდ ამჟამად გაჩერებულია ეს საბადო და არ ფუნქციონირებს,“- ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

 

მისივე თქმით, რეგიონში მრავლად მოიპოვება სხვადასხვა ტიპის ქანები, რომელთა გამოყენებაც სამშენებლო სამუშაოებში შეიძლება. ასევე  მოიპოვება ფერადი და სანაკეთო ქვები. მათ შორის იასპი, ოპალი, ქალცედონისა და აქატის ფერადი ქვები. რეგიონში მარტო ქალცედონისა და აქატის მარაგი 212 ტონაა. 

 

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელის, ტარიელ ტუსკიას განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც რეგიონში ჰიდრომინერალურ და მინერალურ რესურსებს შეეხება, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს სამუშაოები და ინვესტორები დააინტერესოს.  

პროექტი, კერძო სკოლებში თვითმმართველობების გაძლიერებისთვის

„საქართველოს კანონში არის ერთ-ერთი მუხლი, რომ აუცილებელია საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არსებობა. რეალურად კერძო სკოლებში თვითმმრთველობები არსებობს, მაგრამ მხოლოდ სიმბოლური დატვირთვით და არ აისახება სკოლის საერთო სურათზე. ჩვენი მიზანია ამ სკოლებში ჩატარებული პრეზენტაციითა და მიღებული შედეგით მაგალითი მივცეთ სხვა სკოლებს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს თვითმმართველობა და რა შედეგი უნდა გამოიღოს სკოლის საერთო მართვაზე”- პროგრამის მიზანი განმარტა გიორგი ზოიძემ.

 

მოსწავლეებთან შეხვერისა და პრეზენტაციების შემდეგ, ორგანიზაცია აპირებს სარეკომენდაციო პაკეტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც გადაეცემა პროექტში ჩართულ სკოლებს და სურვილისამებრ იხელმძღვანელებენ მისით.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პრიექტის ბიუჯეტი 4 025 ლარია.

შემწვარი კალმახი, მოსწავლეების აქცია და ნუგბარი აჭარიდან – როგორ ჩაიარა ქედელობამ

ორიგინალობითა და ეთნოგრაფიული ნამუშევრებით მახუნცეთის თემი გამოირჩეოდა,  მათ კუთხეში წარმოდგენილ ტრადიციულ საჩეჩელზე გადაპენტილი მატყლი კუთხეს განსხვავებულ იერს მატებდა,  იქვე ერთმანეთის გვერდიგვერდ ხის წუღები და თემის სხვადასხვა სოფლებში მოძიებული უძველესი ექსპონატები, თიხის ჯამ-ჭურჭელიც იყო განთავსებული.

ოქტომბრის თემს აკვარიუმში ცოცხალი კალმახიც ჰყავდა, დამთვალიერებელს აქვე შეეძლო შემწვარი კალმახის დაგემოვნება. ყველა თემის მიერ წარმოდგენილ კუთხეში მაგიდაზე  ადგილობრივი კერძები, სხვადასხვა სახის ხორცეული და ტკბილეული ელაგა.

პირველი მაისის თემმა ფოტო გამოფენა მოეწყო, სერგო სამნიძის ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ისტორიული ხიდები და თემში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ძეგლის ფოტო, ეთნოგრაფიული ფოტოები გამოეფინეს მერისის თემის კუთხეშიც.

ქედის რესურსცენტრმა საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა გამართა.  ამ კუთხეში განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები აქტიურობდნენ, მაგიდაზე სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული და დაფასოებული ხილ-ბოსტნეული ელაგა.

„ჩვენი გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შაქრიანი  დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა დახმარებას, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  თანატოლების დახმარების მიზნით შეაგროვეს ნობათი და გასაყიდად გამოიტანეს“ – განაცხადა  ქედის რესურსცენტრის თანამშრომელმა რიზალ ბარამიძემ.

ხელნაკეთი სუვენირები ჰქონდა წარმოდგენილი კულტურის ცენტრთან არსებულ ,,მოსწავლე ახალგაზრდობის“ სკოლას.

კუთხეების დათვალიერებისა და აჭარული სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად  კონცერტიც გაიმართა, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. თავიანთი ხელოვნება უჩვენეს  ანსამბლებლემა: „იაგუნდი“, „ბეთლემი“, „ელესა“ და ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა.

დღესვე დაასახელეს სამი საპატიო ქედელი: ნადია სურმანიძე, ფრიდონ დიასამიძე და ზურა თეთვაძე, მათ საპატიო სიგელები და საჩუქრები ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ გადასცა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგლე ილია ედოშვილი, უმაღლესი საბჭოს, აჭარის სამინისტროების, ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ქედელობას ესწრებოდა სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი, მწერალი შოთა ანანიძე და მსახიობი გივი სიხარულიძე.

„მეორედ ვიმყოფები ქედელობაზე,  მინდა მივულოცო ყველა ქედელს ეს ღირშესანიშნავი დღე, ერთგვარად საზეიმო განწყობილება შეინიშნება და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქედის მოსახლეობას ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ქედელობას გერმანელი მეცნიერი, ჰანს ულრიხ ტროსიეც ესწრებოდა.  მისი თქმით  ტრადიციული ღონისძიებები ქვეყნის რეკლამის საუკეთესო საშუალებაა:

„საქართველოში ერთი წელია ვმუშაობ, თქვენ, ქართველ ხალხს, კარგი ტრადიციები გაქვთ. რაც შეეხება სახალხო ზეიმს, მე ვფიქრობ, რომ ეს რეკლამის საუკეთესო საშალებაა, ტურისტებს თქვენი კულტურა და ყოფა ძალიან აინტერესებთ, ღონისძიებები ამის გაცნობის კარგი საშუალებაა, ადგილობტივი ტურისტული კომპანიები მაქსიმალურად  უნდა ჩაერთონ ასეთი ღონისძიებების  პოპულარიზაციაში“ –  განაცხადა მან.

სახალხო ზეიმს – „შემოდგომა ქედაში“,  საფუძველი XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ზეიმს თავდაპირველად „სასოფლო-სამეურნეო გამოფენები“ ერქვა, მეორე მსოფლიო ომის და შემდეგ პერიოდში ზეიმი აღარ ჩატარებულა, 1975 წლიდან ზეიმი აღდგა და „შრომის ზეიმი“ უწოდეს, მოგვიანებით კი ,,ქედელობა“.

2003 წლიდან ამ დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში“ უწოდეს. სახალხო ზეიმს ქედელები ჭირნახულის აღებისა და დაბინავების შემდეგ, ტრადიციულად ნოემბერში აღნიშნავენ.

აჭარის უმაღლესი საბჭო დადგენილებას არ აქვეყნებს

 

 უმაღლესმა საბჭომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ტელევიზიის ბორდის ორი წევრი,  ვახტანგ ღლონტი და ოლიკო ჟღენტი გუშინ დაამტკიცა. მანამდე დამტკიცებული სამი წევრიც უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები მოხვდნენ.

  

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან უმაღლეს საბჭოში ბორდის წევრობის კანდიდატად, ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ წარდგენილნი. კანდიდატებმა უმაღლესი საბჭის უნცილრესობის 8 ხმა მიიღეს.

 

„ბორდის წევრად არჩეული ალბათ მე ვარ, რადგანადაც ერთი მესამედი მივიღე. ისინი,, ვინც 12 ხმა  მიიღო, აბსოლუტურად არასწორად იყვნენ წარდგენილი. ბორდის წევრები დღეს შეიკრიბნენ, მაგრამ მე მივედი და ვუთხარი, რომ მათ არ ჰქონოდათ დადგენილება არჩევის შესახებ.   ვაპირებ გავასაჩივრო. იმის გამო რომ დადგენილება არ მაქვს, ამჟამად ვერ ვასაჩივრებ. მე უნდა მივუთითო, რა დადგენილების გაუქმებას ვითხოვ და დანართი უნდა დავურთო. რაც ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე,“ – აცხადებს ბეჯან გობაძე.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის  თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლეობა ცდილობს ტელევიზიაზე გავლენის ბერკეტები მოიპოვოს, დადგენილებას კი მისი გასაჩივრების შიშით არ აქვეყნებს.

 

„უმაღლესი  საბჭოს უმრავლესობა ხვდება, რომ მიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონთან.  არ ჰქონდათ წარდგენის  და შესაბამისად არჩევის უფლება. ეს იყო ფრაქციებისთვის თანაბრად მიცემული კვოტა, რომელიც მიითვისა კონკრეტულმა ორმა  უმრავლესობის ფრაქციამ „ქართულმა ოცნებამ“  და „ქართული ოცნება აჭარამ“. ამით  მაუწყებლის გარდაქმნის  პროცესს დაუსვეს წერტილი.  სახელმწიფოს დაქვემდებარებული ჯიბის სტრუქტურის შექმნა აქვთ  გადაწყვეტილი, თუმცა  ამას ვერ შეძლებენ,“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

  

“ბათუმელები” დაუკავშირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ჯამბულ კურცხალიძეს. კურცხალიძის განცხადებით ის ვერ ახდენს  იდენტიფიკაციას თუ ვინ ურეკავს, შესაბამისად თუკი რაიმე კითხვა გვაქვს წერილობით უნდა მივმართოთ.

 

“მომმართეთ წერილობით, გიპასუხებთ ხვალ ან ზეგ,” – განაცხადა ჯამბულ კურცხალიძემ. 

უფასო მგზავრობის პროგრამა ხანდაზმულებისთვის

 

 

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბათუმში მცხოვრები 188 სოციალურად დაუცველ მარტოხელა (1 და 2 წევრიანი ოჯახი) ხანდაზმულთა, სამოქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობით უზრუნველყოფა.

 

 

“სოციალური კვლევების პრეზენტაციამ  ხანდაზმულთა გადაადგილების მიცემის აუცილებლობა აჩვენა. ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რადგან მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ აფთიაქზე, ბაზარზე, საპენსიო ფონდზე, უფასო სასადილოზე, “კარიტასის” პანსიონატზე, ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში მისვლაზე, რომელიც ხელვაჩაურში მდებარეობს. თუ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა გამოვიდნენ გარეთ, ისინი იზოლაციში მოექცევიან და ჩაიკეტებიან. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანიც ესაა, მიიღონ ხარისხიანი სერვისი და ინტერგრირდნენ საზოგადოებაში. ასევე ისიც, რომ ხელისუფლებას დავანახოთ ხანდაზმულთა საჭიროებები” – განმარტა პროგრამის კოორდინატორმა ნინო ავალიანმა.

 

ნინო ავალიანის თქმით ადგილობრივი ხელისუფელბა მზადაა პროექტს ხელი შეუწყოს და შედეგის მიღწევაში დაეხმაროს.

 

 

პროექტი დაფინანსებულია USAID G-PAC ფარგლებში და საქართველოს 11 სხვადსხვა რეგიონში მოქმედებს.

 

ბათუმში ახალი არასამთავრობო დაფუძნდა

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო გალოგრეს განცხადებით, მათი პრიორიტეტი  ახალგაზრდების გააქტიურება და  მთავრობის მონიტორინგი იქნება.

„ვეცდებით, რომ ახალგაზრდები იყვნენ უფრო აქტიური,  როგორც საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობით, ასევე, ზოგადად, რეგიონის პრობლემებზე მსჯელობით. ვეცდებით ალტერნატიული გზების მოძებნით გარკვეული პრობლემები გადავჭრათ. გვექნება სხვადასხვა პროექტი, რაღაც მონახაზები უკვე გვაქვს და იმედია განვავრცობთ ამ პროექტებს. ჩანაფიქრი გვაქვს, რომ  გავაკეთოთ აჭარის მასშტაბით დებატკლუბები, როგორც საჯარო სკოლების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობით,“ – ამბობს ნინო გალოგრე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ორგანიზაციას ფინანსები არ აქვს, თუმცა აპირებენ სხვადასხვა პროექტის დაწერას და ახლადაფუძნებული ორგანიზაციის ფინანსურად გაძლიერებას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს

„ერთი წლის მუშაობის ათვლის წერტილი 1 ნოემბრიდან იწყება. შევაფასეთ გასული ერთი წელი. ამ პერიოდში 4 000-ზე მეტ ადამიანს აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით ბევრი ადამიანის პრობლემა გადაწყდა. ამ გადასახედედიან ვგეგმავთ, თუ რა პოზიცია უნდა დავიჭიროთ 2014 წლისთვის, რა გახდება ჩვენი სტრატეგია. ვფიქრობ ძირითადი აქცენტი ისევ ჯანდაცვის სფეროზე გაკეთდება. მეტი რესურსი უნდა დავხარჯოთ ექიმების შრომის ანაზღაურების სფეროში”- განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

სხდომას სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მინისტრმა მათ  კითხვებს უპასუხა და  სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხების მათი მოსაზრება მოისმინა.

„დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება“ – დისკუსია იეჰოვას მოწმეების ცემის შესახებ



დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი: ჩვენი დღევანდელი დისკუსიის თემა არის ძალადობა რელიგიური ნიშნით. ჩავთვალეთ, რომ უნდა შეგვეფასებინა ის, რაც მოხდა უნივერსიტეტთან. დისკუსიას ესწრება იაჰოვას მოწმეების ადვოკატი, ასევე ესწრებიან სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალადობის თვითმხილველები.

 

 

სალომე ფუტკარაძე, სტუდენტი: მიჭირს საუბარი, რადგან იმან, რაც გუშინ ვნახე, მე, პირადად, შემძრა. დაახლოებით 2 საათი იქნებოდა, როცა ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. უამრავი სტუდენტი იყო შეგროვილი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული, ჩემი აზრით, ყველაფერი სპონტანურად და ქაოსურად მოხდა. ერთი კვირაა უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთან იეჰოვას მოწმეები სტუდენტებს ესაუბრებიან და ურიგებენ წიგნებს. ბოლო დღეს, რასაც მე შევესწარი, სტუდენტები სთხოვდნენ მათ, რომ წასულიყვნენ და წიგნები არ დაერიგებინათ. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

 

 

ლელა ფაღავა, სტუდენტი: მე ვესაუბრე რამდენიმე სტუდენტს. ძირითადად მათი აგრესია გამოიწვია ერთმა ფაქტმა: წიგნებზე, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები არიგებდნენ, ეწერა რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში, იგივე ეწერა ბანერზე. თუ ამას დეტალებში განვიხილავთ, ბევრი მართლმადიდებლისათვის ეს შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი. გამოდის, რომ ბიბლია, რომელსაც მე ვაღიარებ და ვსწავლობ, არის ტყუილი და რომელსაც შენ მასწავლი, არის სინამდვილე. მე ვიცი, რომ აი ამ ფრაზამ გამოიწვია სტუდენტების აგრესია.

 

 

ქეთი ფოტოვა, სტუდენტი: ლელა, მე ვერ დაგეთანხმები. რას გასწავლის ბიბლია შეიძლება განსხვავებულად იქნეს აღქმული, რადგან ბიბლია შეიძლება ბევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სხვაგვარად აქვთ გააზრებული. ამას გარდა, მართლმადიდებლობა არ არის ერთადერთი რელიგია, რომელიც ბიბლიას მიჰყვება, არის სხვადასხვა მიმართულებები, პროტესტანტიზმი და ა.შ. სტუდენტების გამართლება იმით, რომ მათი გაღიზიანება გამოიწვია ამ ბანერმა, ცოტა შეუსაბამოა. აქ ბევრი სტუდენტი ვართ შეკრებილი, თუმცა ყველას გვიჭირს ჩვენი სათქმელის თქმა, რადგან ყველა შოკირებული ვართ. რაც შეეხება იმას, რომ უნდა მოერიდონ თუ არა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ლიტერატურის გავრცელებას, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოერიდონ, რადგან ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფლება, გაავრცელოს თავისი რელიგია.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

მანუჩარ ციმინტია, დაზარალებული იეჰოვას მოწმეების ადვოკატი: დღეის მდგომარეობით მოპოვებული მტკიცებულებებით გამოძიება სისხლის სამართლის 155-ე მუხლით მიმდინარებს. რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევაც აქვს მიღებული. სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელია პირი, თუ მისი რელიგიური გრძნობები შეილახა, ამ შემთხვევაში მოქმედებს ეს კანონი. გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთი სიგნალია, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი რელიგიური თავისუფლება საფრთხის ქვეშ. 

ჩვენ აქ ვართ იმ შეგნებით მოსული, რომ შევაფასოთ, რამდენად ჯდებოდა იეჰოვას მოწმეებისა და სტუდენტების ქცევა კანონმდებლობის ჩარჩოებში. საქართველოში არსებული კანონმდებლობა სრულიად იცავს უმცირესობების უფლებებს, მთავარია მისი პრაქტიკაში გამოყენება. კანონი სრულ თავისუფლებას აძლევს რელიგიურ გაერთიანებებს. ავუკრძალოთ რელიგიურ გაერთიანებებს კარდაკარ მათი შეხედულების ქადაგება, იგივეა, საარჩევნო სუბიექტებს რომ არ მივცეთ წინასაარჩევნო პროპაგანდის გაწევის საშუალება. თუ ვინმეს გაქვთ პრეტენზია, რომ ისინი მოდიან და ამით გაწუხებენ, ეს იძულებაც ისჯება კანონმდებლობით. მთავრობა და სამართალდამცავები იჩენენ სრულ უმოქმედობას მსგავსი ფაქტების მიმართ, არ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს სირაქლემას პოზიცია. ერთის უფლებები დაიცვა და მეორის არა, ეს არ შეიძლება. მე არ მსურს ამ სტუდენტებს ცუდი რამ დაემართოთ და ვწუხვარ ამ ფაქტის გამო, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი ხვალ და ზეგ უფრო დიდ პრობლემებს გამოაჩენს. ამიტომ, ამ შემთხვევაში ერთი მხარის გულშემატკივრობა და მეორეს დასჯა არ შეიძლება. ორივე მხარის უფლებებზე ვისაუბროთ და კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს არც პოლიტიკური და არც რელიგიური კონფესიების მიმართ. 

 

 

ტარიელ ნაკაიძე, დისკუსიის მონაწილე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებული პრობლემები ცხადყოფს იმას, რომ გარკვეულ წილად სახელმწიფო კანონს არ იცავს მკაცრად, რაც ჩემი აზრით, მსგავსი ინციდენტების წახალისების საფუძველს ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე აუცილებელია დამნაშავის დასჯა, რომ მსგავსი ქმედებებისთვის წახალისებას ადგილი არ ჰქონდეს. საზოგადოება გარკვეულ წილად საჭიროებს განათლებას და ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მაშინ, როდესაც მესამე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, ვთქვათ, ტერმინ „გამუსლიმანების“  მაგივრად „გათურქება“ წერია, როდესაც განათლებაში ბევრი რამ დასახვეწია, რთულია უნივერსიტეტში სტუდენტები და სკოლაში მოსწავლეები გაიზარდონ ტოლერანტები.

 

 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს კულტურაში არსებობს ტოლერანტობა და ჩვენ ვართ ტოლერანტები. ზოგადად საზოგადოების დიდი მასა ფიქრობს, რომ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ სიმრავლეს. მეც ბევრჯერ მიგრძნია საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობა, როცა ვამბობ, რომ ვარ ქართველი მუსლიმი, ყოველთვის მუშაობენ იმაზე, რომ მოხდეს მარგინალიზაცია. სამწუხაროა, რომ მსგავს შეხვედრებს ესწრება საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ამ მხრივ პრობლემა არ გააჩნია.

 

 

სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას კონსტიტუცია. სახელმწიფოში, სადაც არ დაისჯება ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია, მსგავსი ფაქტები მომრავლდება და უფრო სავალალო სიტუაციას მივიღებთ.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: რელიგიური მონოპოლია იგრძნობა ჩვენს უნივერსიტეტში, თვითმმართველობის თავმჯდომარე ერთ ხანს აპირებდა, რომ უნივერსიტეტის ეზოში აღმართულიყო ჯვარი, გარკვეულწილად ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ მერე კამათის, დისკუსიის შედეგად ეს ჯვარი არ აღიმართა. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გუშინდელ ინციდენტში, გამოსწორების საშუალება უნდა მივცეთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – დაუსჯელობის ფაქტი არ უნდა იყოს.

 

 

გია მასალკინი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: მე დამაინტერესა ამ ინციდენტმა და ამიტომ მოვედი აქ, მაგრამ მე რატომღაც მინდოდა, უფრო მეტი გამეგო, თუ რა მოხდა. ჩვენ შეიძლება აქ მოვისმინოთ სხვადასხვა ვერსია, მაგრამ ფაქტი ერთია, იეჰოვას მოწმეები ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას და მათ შეუშალეს ხელი. რატომ მოხდა, ვინ დაიწყო და ვინ უფრო მეტი ხელი დაარტყა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. მე, როგორც პოლიტიკოსი, ამას ვუყურებ მთლიანობაში, ჩვენ ვიცით, რომ, ვთქვათ, იყო 17 მაისი, იყო რაღაც პრობლემები იგივე მეჩეთთან, იყო პრობლემები იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან ცუდია, რომ ეს ხდება არჩევნების წინ. ჩვენ ვიცით, რომ ჩამოსულია უამრავი დამკვირვებელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ბუნებრივია, ეს ფაქტიც მოხდება მათ დასკვნებში, რაც იქნება ძალიან ცუდი, ამიტომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მოახდინეს პროვოცირება.

 

 

ერთსაც გეტყვით, მივდიოდით მანქანით და მამაო ავიყვანეთ გზაზე, სადღაც ჭიათურასთან ახლოს და საოცარი რამ გვითხრა: ჩვენთან, ჭიათურაში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ იეჰოვას მოწმეებს და ჩვენ სულ მათ ვეკამათებოდით, ვეჩხუბებოდითო და ბოლოს სულ სხვა ტაქტიკა ავირჩიეთო, საერთოდ დავანებეთ თავი, არ ვეხებოდით და მათი გავლენაც შესუსტდაო. რისი თქმა მინდა ამით, დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება, დევნილი სექტა ყოველთვის ძლიერდება. ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი ძალადობით შეძლებს თავისი რელიგია დაიცვას, ცდება. 

 

 

მე მგონი სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ, რადგან ერთხელ თუ არ გასცემ ამ ძალადობას პასუხს, ორჯერ და სამჯერ, ეს აუცილებლად გაგრძელდება და ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

 

 

ყველაზე პოლირელიგიური და პოლიეთნიკური ქვეყანა კავკასიაში ვართ ჩვენ, 150-მდე ნაციონალობა და ეთნოსია საქართველოში, ამიტომ ჩვენ უფრო მგრძნობიარები უნდა ვიყოთ ამ პრობლემის მიმართ. სხვათა შორის, ახლა კიდევ უფრო მივხვდი, რაოდენ საჭიროა კურსი, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ –  „მოქალაქეობა და დემოკრატია“. 

 

 

მე რომ ვყოფილიყავი ქალაქის მერი, თბილისის მერი, იმ ადგილას იმ ღონისძიებას არ ჩავატარებინებდი (იგულისხმება თბილისში, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული აქცია) და რატომ იცით? უნდა განსაზღვრო რას გამოიწვევს ესა თუ ის ქმედება. თუ შენ იცი საზოგადოება რა დონისაა და ეს გამოიწვევს გაღიზიანებას, ეს იქნება დემოკრატიის გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ შენ თავიდან აიცილებ გაცილებით უარესს. როგორ უნდა მოვიქცეთ, ავუკრძალოთ? არა. ყველას მინდა ვთხოვო, რომ იყვნენ უფრო სენსიტიურები. უნივერსიტეტი არის საზოგადოების ანარეკლი.

 

 

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, იურისტი: როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობ ძალადობით, უკვე არ ხარ მართალი. როდესაც შვიდი კაცი ერთს ურტყამს, ეს უკვე სისუსტის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა არგუმენტი აღარ გაქვს და ძალადობით ცდილობ რაღაცის დამტკიცებას.

 

 

ასევე, ეს ფაქტი მიუთითებს სტუდენტების გაუნათლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ, იმიტომ, რომ არის სამოქალაქო განათლება, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყო ტოლერანტი.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

ჩემს მაგალითს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, ვთქვათ, იეჰოვას მოწმის რელიგია, მაგრამ ქუჩაში რომ წიგნს მთავაზობენ, მე მარტივად ვამბობ, რომ არ მაინტერესებს და ვაგრძელებ ჩემს გზას. მაგრამ ჩვენი პრობლემა რაში მდგომარეობს იცით? დღეს ჩვენ არ მოგვეწონა, რომ იეჰოვას მოწმეები არიგებდნენ წიგნებს, ხვალ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არ მოგვეწონება. ეს არის იმ ამბის გაგრძელება, როცა ბათუმში წიგნები დაწვეს იმის გამო, რომ ვიღაცას მოეჩვენა, რომ ბურჭულაძის წიგნში „ისეთი სცენები“ არისო. ეს არის განათლების დაბალი დონე და ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის ბრალი, ეს არის სკოლის, ოჯახის, მედიის პრობლემა და ბუნებრივია, ახალგაზრდა, რომელსაც გამოცდილება არა აქვს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიაც წაკითხული არ ექნება ბოლომდე და გააზრებული, მითუმეტეს სხვა რელიგიის წიგნები, ასეთ ძალადობაზე წავა.

 

 

მნიშვნელობა არ აქვს, ვისი უფლება დაირღვა, რა უფლება დაირღვა, მნიშვნელოვანია ის, რომ შენ სხვისი უფლება უნდა დაიცვა, რომ ხვალ შენ იყო დაცული. ყველა უნდა დაფიქრდეს ამაზე.  

ერთი მასწავლებელი ერთდროულად ორ კლასში

„ცალკე გაკვეთილის ჩატარებას ვნატრობ. რთულია გაერთიანებული გაკვეთილების ჩატარება, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და მოსწავლეებისთვისაც. წარმოიდგინეთ, პირველ კლასელ ბავშვს, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მესამე კლასელი მოსწავლის გაკვეთილის მოსმენა უწევს. უჭირთ კონცენტრაცია, მაგრამ ვცდილობთ მივეჩვიოთ“, – მერისის სკოლის პედაგოგი, მზევინარ თურმანიძე, ე.წ კლას კომპლექტებში ჩატარებული გაკვეთილების სირთულეებზე გვიყვება.

კლას-კომპლექტები რამდენიმე სხვადასხვა კლასის გაკვეთილების გაერთიანებას გულისხმობს. კლას-კომპლექტები, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონის სკოლებშია შექმნილი, რომლებიც მცირეკონტინგენტიანობით ხასიათდება. გაერთიანებული კლასები, როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. კლას-კომპლექტები გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ამ გეგმის მიხედვით, ერთიანდება პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასები. მასწავლებლებს კი გაკვეთილების ჩატარება ორივე კლასთან ერთდროულად უწევთ.

სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ გამოცდილებისა და სტაჟის მიუხედავად, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა, რომლებსაც განსხვავებული მასალების გავლა უწევთ, ერთ საგაკვეთილო პროცესზე, სერიოზულ სირთულეს ქმნის.

„პირველ კლასელი ჯერ უნდა ჩამოაყალიბო. სოფელში საბავშვო ბაღები არ არის, სკოლაში ისეთი ბავშვი მოდის, ლაპარაკის მეტი არაფერი არ იცის და ისიც კუთხურად მეტყველებს. მასთან ბევრი მუშაობა გვჭირდება. გაკვეთილები საკმაოდ რთულია, ერთი სიტყვაც რომ დარჩეს აუხსნელი, მოსწავლე უკვე ვეღარ იგებს მასალას. წარმოიდგინეთ, 45 წუთში ორივე კლასის მოსწავლეებთან უნდა იმუშაო გადარბენა-გადმორბენაში“, – გვეუბნება ზამირა სამნიძე, სოფელ გარეტყეს დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ის საუბრობს სხვა ტიპის პრობლემაზეც. „მძიმეწონიანი ჩანთები ხომ ხერხემლის დაავადების წყაროდ იქცა. გარდა ამისა, ბავშვები იღლებიან და ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, მათი ყურადღება რომ მიიპყრო“.

პედაგოგები ამბობენ, რომ გაერთიანებულ კლასებში გაკვეთილების ჩატარებას განსაკუთრებული მეთოდი და ხელოვნება სჭირდება. თავიანთ კვალიფიკაციაზე ზრუნვა თავად უწევთ, რაიმე სპეციალური ტრენინგებისა თუ დამხმარე პროექტების გარეშე.

„მე ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მეხმარება, რომ საგაკვეთილო პროცესი ვმართო და ისე დავიხარჯო, რომ შედეგიც გვქონდეს. ახალბედა მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება. არც სამინისტრო გვეხმარება გადამზადებაში და არც რომელიმე ტრენერისგან მიგვიღია იმის გამოცდილება, უფრო ეფექტურად როგორ შეიძლება ერთდროულდა იმუშაო განსხვავებულ კლასებთან. საგნობრივ ტრენინგებზე გვეუბნებოდნენ, მეთოდოლოგიას ვერაფერს მოგაწვდით, ეგ უნარ-ჩვევა თქვენ უნდა გამოიმუშაოთო“, – ამბობს მზევინარ თურმანიძე.

ტრენინგების აუცილებლობაზე საუბრობს ზამირა სამნიძეც:

„სკოლაში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, როცა ჩემი მეთოდოლოგიის ლექტორს ვუთხარი, როგორ შემიძლია უკეთესად ვიმუშაო, როცა რამდენიმე კლასში ერთდროულად ვატარებ გაკვეთილს-მეთქი, გაოცებულმა მითხრა, ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. ეგ როგორ შეიძლება, მაგრამ თუ აკეთებთ, გმირი ყოფილხართო“.

პედაგოგები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრებიან, სოფლის განაპირა უბნების სკოლებში ასწავლიან, სადაც პირველი საფეხურის კლასებში ხუთი ან ექვსი მოსწავლე სწავლობს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც პედაგოგები ამბობენ, კლასში, სადაც 16 მოსწავლეზე ნაკლებია, სხვა კლასთან ერთიანდება. ამ პრინციპითაა მცირეკონტინტენტიან სკოლებში გაერთიანებული პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასის გაკვეთილები. წელს კი სამინისტრომ სკოლებს მეხუთე და მეექვსე კლასების საგაკვეთილო პროცესის გაერთიანებაც მოსთხოვა.

„თუ არ გავაერთიანებთ, სასწავლო გეგმას არ დაგვიმტკიცებენ. არ მინდა გაერთიანება, მაგრამ იძულებული ვარ“, -გვეუბნება მახუნცეთის სკოლის დირექტორი ჯემალ ბეჟანიძე. სკოლას მთლიანობაში 88 მოსწავლე ჰყავს. „მაღალ კლასებში გაცილებით ძნელი იქნება გაკვეთილის ჩატარება. ბავშვებმა ხომ უნდა ისაუბრონ, იმსჯელონ გაკვეთილზე. ამ დროს მეორე კლასის მოსწავლემ როგორ უნდა იფიქროს თავის დასაწერზე ან მოსაყოლზე, ყურადღება ეფანტებათ. მშობლები კლასების გაერთიანების წინააღმდეგი არიან“.

დირექტორის აზრით, კლას-კომპლექტების შექმნა სწავლების ხარისხზეც აისახება. „ვფიქრობ,ეს ცუდ შედეგს გამოიღებს. არც პედაგოგები ვართ მომზადებული. პრაქტიკოს პედაგოგებსაც უნდა დაეკითხოს სამინისტრო, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს“, – ამბობს ჯემალ ბეჟანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები ორ ან ზოგჯერ სამ კლასთანაც ერთდროულად მუშაობენ, ისინი ანაზღაურებას მხოლოდ ერთი გაკვეთილის საფასურის მიხედვით იღებენ. „ფაქტობრივად 26 საათი დააკლდათ ჩემს სკოლაში მასწავლებლებს. მე არ ვიცი სად წერია, რომ ეს სტანდარტი განათლებაში მიღებულია“, – გვეუბნება ჯემალ ბეჟანიძე. მსგავსი ვითარებაა სხვა სკოლებშიც.

მცირეკონტინგენტიან სკოლაში მუშაობს სოფელ ორცვას სკოლის დირექტორი, რემზი თურმანიძეც. მისი აზრით, კლასების გაერთიანება ცუდი იდეაა: „მე უარყოფითად ვაფასებ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და მასწავლებლებს უკვე 26 საათი ჩამოეჭრათ. 600 ლარზე მეტი მოაკლდა ხელფასებს მთლიანობაში, ამას დაემატა კლასის ხელმძღვანელის ანაზღაურებაც. მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან უნდა გადავწყვიტო, რომელი პედაგოგი შევუშვა გაერთიანებულ კლასში“.

დირექტორის აზრით, როცა 45 წუთიდან მხოლოდ 15 ან 20 წუთი იხარჯება ერთ კლასზე, დანარჩენი დრო კი მეორეზე, ეს დრო არ არის საკმარისი საგაკვეთილო მასალის სრულყოფილად გადასაცემად. „სწავლების მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ქმნის პრობლემას. ვთქვათ პირველ კლასს აქვს მათემატიკა, მასწავლებელი მუშაობს 20 წუთი ერთ კლასთან, შემდეგ გადადის მეორესთან, რამდენად ნორმალურია ეს. ან გამართლებულია კი ფსიქოლოგიურად?“

დირექტორი ამბობს, რომ ცალკე გაკვეთილების ასანაზღაურებლად ფინანსები სკოლას ჰყოფნის, თუმცა სამინისტრო კლასების გაერთიანებას მაინც ითხოვს: „ხელფასები დარიგებული მაქვს და 17 000 ლარი კიდევ მაქვს, სკოლის ინფრასტრუქტურაც ახალია, მაგრამ იმ კლასების გაერთიანებასაც მთხოვენ, სადაც 15-15 მოსწავლეა“.

„მეხუთე-მეექვსეში ჩვენც 15-15 მოსწავლე გვყავს. პერიფერიებში გვაქვს კიდევ ორი კლას-კომპლექტი, სადაც უფრო ნაკლებია კონტინგენტი. მეთოდოლოგიურად რომ გაუმართლებელია გაერთიანებული გაკვეთილები ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ. თვითონ მუშაობენ პედაგოგები თავიანთ თავზე“, – ამბობს სოფელ უჩხითის დირექტორი, გულნაზ ნინიძე. კლას-კომპლექტების ნეგატიურად აფასებს სოფელ მეძიბნას სკოლის დირექტორი, სერგო დუმბაძეც:

„ჩემს სკოლაში მხოლოდ ერთი კლას-კომპლექტია. მეორე და მეოთხე კლასებია გაერთიანებული. ათი ბავშვია ორივე კლასში, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასწორია, როცა გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა მოსწავლეებს, ვიდრე ზოგადად საგაკვეთილო სტანდარტითაა გათვალისწინებული. გაჭირვებაა და თანხები არ გვყოფნისო, სამინისტრო გვეუბნება, მაგრამ 45 წუთიდან 20 წუთის დათმობა ერთ კლასზეც, პრობლემად მიმაჩნია“.

საქართველოს განათლების სამინისტროს განმარტებით, კლას-კომპლექტები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კარგად დაინახოს ბავშვის განვითარების დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

„სწავლების მეთოდიკა ძალიან გავს სახლის პირობებში სწავლას, რაც იძლევა უფრო მეტ ჩართულობას და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის“, – წერია სამინისტროს განმარტებაში. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: „კლას-კომპლექტების სწავლების მეთოდიკა არ მოითხოვს მთელი კლასისთვის სწავლების ერთნაირ ტემპს, არამედ ყველა მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად. რჩებიან რა ერთ გარემოში, მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფთან მიკუთვნებულობის და სტაბილურობის განცდა“.

ამავე განმარტების მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ ელექტრონულად მოგვაწოდა, კლას-კომპლექტების არსებობა მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაშიც. „აშშ და კანადაში ჩატარებული კვლევების თანახმად, კლას-კომპლეტების ტიპის კლასებში, მოსწავლეებს უკეთ აქვთ განვითარებული ენობრივი კომპეტენციები, კითხვისა და სოციალური უნარები“.

სამინისტროს მიაჩნია რომ კლას-კომპლექტებთან მუშაობა ან სწავლება მასწავლებლის ან მოსწავლის უფლებებს არ არღვევს.

რაც შეეხება, პედაგოგთა გადამზადებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული სწავლების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდული და 2013 წლის 7-8 ივნისს, ამ მოდულის თანახმად ჩატარდა საპილოტე ტრენინგი თემაზე – „სწავლა-სწავლების თავისებურებანი კლას-კომპლექტებში“, რომელსაც მოხალისე კონსულტანტ-მასწავლებლები და მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტინგენტიანი სკოლების პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორის, ლელა თავდგირიძის შეფასებით, კლას-კომპლექტებს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

„მესმის, რომ კლას-კომპლექტები ერთგვარი გამოსავალია, მაგრამ უარყოფითია ის, რომ მასწავლებელს სხვადასხვა კლასის და ასაკის მოსწავლეებთან ერთდროულად უწევს რამდენიმე მიზნის მიღწევა. ასეთ დროს უჭირთ ხოლმე პედაგოგებს გაკვეთილის დაგეგმვა და ძირითადად მუშაობენ ინდივიდუალურად. შესაბამისად, ვერ ხერხდება საერთო საკლასო მუშაობა. კლას-კომპლექტი ერთის მხრივ, ხელს უწყობს სოციალური უნარის ჩამოყალიბებას, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს ბარიერი, როცა ასაკობრივი ზღვარი არის ბავშვებს შორის დიდი. გარდა ამისა, მესამე კლასელს თავიდან უხდება იმ მასალების მოსმენა, რომელიც პირველ კლასში უკვე გაიარა და ამით შესაძლებელია შესუსტდეს მისი მოტივაცია“.

ლელა თავდგირიძის აზრით, მასწავლებლის უფლება ირღვევა იმ შემთხვევაში, როცა მას ფაქტობრივად სპეც გაკვეთილების ჩატარება უწევს, მაგრამ ანაზრაურება მაინც უნახევრდება: „პედაგოგის მოტივაცია ისედაც დაბალია დღეს სკოლებში, ამიტომ პედაგოგს, რომელსაც ერთდროულად უწევს განსხვავებული ასაკის და დონის მოსწავლეებთან მუშაობა და მეტი ენერგიის ხარჯვა, სახელმწიფო ერთი გაკვეთილის საფასურს არ უნდა უხდიდეს. გარკვეულწილად ირღვევა იმ ბავშვის უფლებაც, როცა სახელმწიფი მის განათლებაზე ხარჯავს გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. მესმის, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს ეკონომიის თვალსაზრისით, მაგრამ თუ გვინდა კარგ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ყველაზე დიდი თანხა განათლებაში უნდა ჩავდოთ. სასაურველია, რომ ათმოსწავლიან კლასებს მაინც ჩაუტარონ ცალკე გაკვეთილები, პედაგოგმა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლა რომ შეძლოს “.

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჯამურად 282 კლას-კომპლექტია.

 

 

 

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

ვინ, სად, რამდენი ხმა მიიღო აჭარაში

გიორგი მარგველაშვილი – 82, 315 ხმა  

დავით  ბაქრაძე – 28 384  ხმა  

ნინო ბურჯანაძე  – 21 185 ხმა

ცესკოს მონაცემებით ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოუცხადეს, ქობულეთში გიორგი მარგველაშვილმა ხმების 60, 76 პროცენტი (18671 ხმა)  მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა  დავით ბაქრაძემ პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის  შუახევში მიიღო – 23,35 % (2070 ხმა), ნინო ბურჯანაძემ კი  ხელვაჩაურში –  17,27 % ( 3599  ხმა).

ბათუმში ხმები ასე გადანაწილდა:  გიორგი მარგველაშვილი – 58,41% ( 33453 ხმა), დავით ბაქრაძე  – 20,31%  (11631), ნინო ბურჯანაძე –  14,87%,  8514.

ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 42,47 % მიიღო.

ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ქედაში დაფიქსირდა. აქ არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 62,23 პროცენტმა მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო დარღვევებზე

 

 

„გასულ წელთან შედარებით არჩევნები უკეთესად ჩატარდა. არ იყო დაძაბულობა. თუმცა ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა. საერთო ჯამში გამოვლინდა კომისიების და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის ნაკლებად კომპეტენტურობა.

 

„ნაციონალურა მოძრაობამ“ ოცზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. მათ შორისაა ქობულეთში საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენით მეტის აღმოჩენა ქობულეთის მე-6 უბანზე. ასევე ბათუმში, 79 უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლი გაცემულია ისე, რომ არ არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დადგენილი. „ეს იყო ტექნიკური ხარვეზი თუ სხვა რამ, ამას გაარკვევს საოლქო საარჩევნო კომისია, სადაც ჩვენ მივმართეთ საჩივრით. ვიმედოვნებ, ეს ხმები ხელახლა დაითვლება და შეჯამდება. თუ აღმოჩნდება გარკვეული უზუსტობა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს უბნის გაბათილება“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

 

#79 საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა 6 საათზე დაიწყება.  

ხალხური არქიტექტურა მაღალმთიანი აჭარიდან ჩაქვში

„მაგაზე ნაფიქრი გვაქვს, ვიცით, ეგ პრობლემა რომ დადგება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში კავშირ „ქართული სახლის“ წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი. აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმის გენგეგმის დამუშავება და პირველი ეტაპის სამუშაოების პროექტირება სწორედ „ქართულმა სახლმა“ განახორციელა.

აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტზე მუშაობა  „ქართულმა სახლმა“ გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე გაკეთდა ზონირება, ტერიტორია დაიყო არასაექსპოზიციო და საექსპოზიციო ნაწილებად. გაკეთდა  გზების,  ღობის,  წყლის, კანალიზაციისა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტი. ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სახელოსნოების უბნის მოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზევე იქნება მცირე ზომის  სასტუმრო, რომელიც ვიზიტორებს მოემსახურება.

„ამ სივრცეში მოხდება ყველაფერი, რაც მუზეუმის ეკონომიკურ მდგრადობას შეუწყობს ხელს. ასევე იქნება პატარა რესტორანი, სადაც წარმოდგენილი იქნება ტრადიციული აჭარული კერძები,“ – ამბობს ნანა მეფარიშვილი.

რაც შეეხება საექსპოზიციო ზონას, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აჭარისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ არქიტექტურას. სწორედ საექსპოზიციო ზონაშია დაგეგმილი აჭარის მაღალმთიანეთიდან სახლების გადმოტანა.

„საექსპოზიციო ზონაში ვიზიტორს საშუალება ექნება გაეცნოს აჭარისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ არქიტექტურას.  ზონირების საფუძვლად აღებულ იქნა აჭარული საცხოვრებელი სახლის ტიპოლოგია, რომლის დადგენისას დავეყრდენით სხვადასხვა მეცნიერთა კვლევებს. შედეგად, გენგეგმაზე არის ოთხი ძირითადი საექსპოზიციო ზონა, რომლებშიც წარმოდგენილია აჭარული საცხოვრებელი სახლის შემდეგი ტიპები:

ერთსართულიანი ჯარგვალური ხულა-სახლი, მთური ერთსართულიანი „ძირთული ჯარგვალი“,  მთური ორსართულიანი „ზედშედგმული ჯარგვალი„ (სამივე ჯარგვალური ტიპი წარმოდგენილი იქნება I ზონაში. მეორე ზონაში იქნება  ე.წ. „ლაზური“ ტიპის სახლები, მესამე ზონაში  ე.წ. „აჭარული“ ტიპის სახლები და მეოთხე ზონაში  ოდური ტიპის სახლები,“ – აცხადებს ნანა მეფარიშვილი.

მისივე თქმით იმ სახლების სია, რომელთა გადმოტანაც მოიაზრება მუზეუმში მთიანი აჭარიდან, უკვე არსებობს, თუმცა ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ამასთან სახლების მეპატრონეებთან შეთანხმებაა მისაღწევი.

„ამ სახლებს ჰყავს თავიანთი პატრონები, მოლაპარაკებაა მათთან საჭირო. ალბათ ზოგიერთი თანახმა იქნება, რომ რაღაც თანხის სანაცვლოდ დაუთმოს მუზეუმს. სახლების გარდა  იქნება კიდევ სამეურნეო ნაგებობები, ნალიები, წისქვილები და სხვა, რაც ტრადიციულია ამ რეგიონისთვის. იქნება ხიდები, როგორც  ხის, ისე ქვის. ადგილზე არის  ბუნებრივი წყლის ნაკადები, რომლის გამოყენებაც გვინდა ხიდებისთვის, წისქვილებისთვის და ა.შ.  გვინდა მარტო საცხოვრებელი სახლი კი არ იყოს მუზეუმში, არამედ ყველაფერი, რაც ქმნის აჭარის ტრადიციულ გარემოს,“ – ამბობს ნანა მეფარიშვილი.

მაღალმთიანი აჭარიდან სახლების ჩაქვში გადმოტანის იდეას არ ეთანხმება ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი. „ავთენტური სახლების ჩამოტანა რთული პროცესია, სახლების დაშლა-აწყობის პროცესში ისედაც ბევრი რამ დაიკარგება, ამასთანავე  არის სერიოზული საფრთხე, რომ ეს სახლები ჩაქვში, სადაც მაღალმთიანი აჭარისაგან ძალიან განსხვავებული კლიმატია, ხის მასალა მალე გაფუჭდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ეს პროექტი გაუმართლებელია. თუ ჩვენ ამ ძეგლების დაცვა გვინდა, უნდა შევინარჩუნოთ ისინი თავის ავთენტურ გარემოში, ადგილზე და ხალხური არქიტექტურის ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული რესურსი არ უნდა მოვაკლოთ იმ გარემოს, სადაც არის აშენებული და შექმნილი.

კულტურული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ხალხური არქიტექტურის ეს შესანიშნავი ნიმუშები მნიშვნელოვანი იქნება ტურისტების მოსაზიდად. შესაძლებელია მოეწყოს სპეციალური ტურები მათ დასათვალიერებლად. ტურისტები ხომ სწორედ ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც არის შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მათ ის ადგილები აინტერესებთ, რომლებიც უნიკალურია და ხელშეუხებელი და არა მუზეუმები.  თუ არის ამის საჭიროება, შეიძლება გაკეთდეს ამ სახლების ზუსტი ასლები.

ამ ძეგლებს სჭირდება სტატუსის მინიჭება და დახმარება. მოვლა-პატრონობა ადგილზე გაცილებით იაფი დაჯდება და იმ  სოფელსაც ეცოდინება, რომ ეს ძეგლია, კულტურული რესურსია, რომელიც მოემსახურება ტურიზმის განვითარებას ზემო აჭარაში. რითი უნდა მიიზიდოს ზემო აჭარამ ტურისტები, თუ არა ბუნების სილამაზითა და კულტურული რესურსებით?!

თუ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის მსგავსის შექმნა სურთ, იქ თითო ცალი იყო ჩამოტანილი ყველა რეგიონიდან. ღია ცის ქვეშ  მუზეუმს თბილისში აკეთებდნენ გამოჩენილი სპეციალისტები (გიორგი ჩიტაია და ლონგინოზ სუმბაძე) დაახლოებით 20 წლის მანძილზე, მეცნიერული კვლევის საფუძველზე და დღესაც მათი შენახვა, მოვლა-პატრონობა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასეთი კვლევის და მეცნიერული ანალიზის გარეშე სახლების წამოღება არის პროექტი, რომელიც, მე მგონია, რომ შეიწირავს ხალხური არქიტექტურის ამ შესანიშნავ ნიმუშებს.“ –  ამბობს ნინო ინაიშვილი.

კითხვაზე, რამდენად არის გათვალისწინებული კლიმატური გარემოს ფაქტორი და რამდენად გაუძლებს მაღალმთიანი აჭარიდან ჩაქვში გადმოტანილი სახლები მაღალტენიან კლიმატს, ნანა მეფარიშვილი პასუხობს:

„რაც შეეხება ხის ნაგებობების დაცვას ნესტისგან, მაგაზე ნაფიქრი გვაქვს, ვიცით, ეგ პრობლემა რომ დადგება. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ზონირება, მასში გავითვალისწინეთ სახელოსნოები. ამ სახელოსნოებში კი ერთ-ერთი იქნება ხის სარესტავრაციო სახელოსნო. სადაც უნდა მოეწყოს ხის ანტისეპტირების ლაბორატორია. უნდა დამუშავდეს მასალა აუცილებლად იმისთვის, რომ გაუძლოს ამ ნესტიან პირობებს, რომელშიც გადმოგვაქვს ეს სახლები. ორგანიზატორებმა, რომლებიც ამ თემაზე იმუშავებენ, ეს პრობლემა იციან“.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის, ავთანდილ ინასარიძის თქმით, სახლების გადმოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუკი შენობები სათანადო წესით დამუშავდება.

„როდესაც მოხდება სახლების დაშლა-დახარისხება, მაშინვე უნდა მოხდეს ხეზე ანტისეპტიკური მასალის წასმა.  ძველი სახლის ტრანსპორტირება ისე არ შეიძლება.  სწრაფად მიიღებს ტენს და სწრაფად   დეფორმირდება. ანტისეპტიკური მასალა, რომელიც ხეს უნდა წაუსვან,  არის მასალა, რომელიც  ჯდება ფორებში, ხე სუნთქავს, ტოქსინი და რკინის შემცველობა არ გააჩნია. რაც მთავარია ულტრაიისფერ სხივებს და  წყალს საერთოდ არ იკარებს. ვერ შედის ჭია. აჩერებს  ლპობის პროცესს. როდესაც გადმოიტანენ და ააწყობენ მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ უნდა წაუსვან  ანტისეპტიკური მასალა. თუ სათანადო წესით დამუშავდება, სახლების გადმოტანა შესაძლებელია. მცხეთიდან რომ წავიღოთ ბათუმში, აქ ცოტა სხვა მიდგომა იქნება საჭირო. როდესაც იგივე რეგიონში ხდება, ის გარკვეულწილად ადაპტირებულია,“ – ამბობს ავთანდილ ინასარიძე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას განცხადებით, დღეისათვის ნესტისაგან ხის დაცვა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

„დღეს ტექნიკა  ისე განვითარდა და ისე წავიდა წინ, რომ ყველაფრის შენარჩუნება შეიძლება. თან ის ადგილი, რომელიც შერჩეულია მუზეუმისთვის, ნაკლებტენიანია. მთავარია, რომ  ჩვენ გადავარჩინოთ ეს სახლები. რაც წლები გადის, იკარგება და ათ წელიწადში არაფერი აღარ გვექნება.  მოსახლეობა, ვისაც მსგავსი სახლი აქვს, ნალია თუ სხვა რამ,  პირობებს იუმჯობესებს და ანგრევს ამას. ეს არის ეთნოგრაფიული კულტურა, ეს თუ დაიკარგა, უკვე  ყველა სოფელში ქვის სახლი გვექნება,“ – ამბობს ბიძინა აფხაზავა.

მისივე თქმით მომავალი წლის ბიუჯეტში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 260 ათასი ლარია გაწერილი. ჯამში პროექტის ღირებულება კი ოთხი მილიონია. ბიძინა აფხაზავა  ამბობს, რომ გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, ცდილობს პროექტით დონორები დააინტერესოს და დამატებითი თანხა მოიზიდოს.  „ქართული სახლის“ წარმომადგენლის ნანა მეფარიშვილის თქმით მუზეუმი ღია ცის ქვეშ აჭარაში ისე უნდა გაკეთდეს, რომ ეს მარტო ნაგებობების ნაკრები არ იყოს. მუზეუმში მისულმა დამთვალიერებელმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია როგორც ტრადიციულ არქიტექტურაზე, ასევე – ყოფაზე, ცხოვრების წესზე – ეთნოგრაფიაზე. ასევე მნიშვნელოვანია მუზეუმის სახელოსნოების ზონაში მივიწყებული ან დაკარგვის პირას მყოფი აჭარული ტრადიციული რეწვის აღორძინება და მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, რათა ტრადიცია არ დაიკარგოს, შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობას.

Exit mobile version