სიახლეები

არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანების რეალობა

12.11.2013 • 2597
არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანების  რეალობა

ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ეწოდება. დამფუძნებლები გაფართოებას „ორმოცდაათს პლუს ერთის“ პრინციპით გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირები უნდა სჭარბობდნენ. ამ შემთხვევაში კი ოთხი დამფუძნებლიდან სამი შშმ პირია. ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ შშმ პირებმა მათი საჭიროებების შესახებ თავად უკეთ იციან, ამიტომ ახალი და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად თავადვე უნდა იმუშაონ.

რამინ მაჭარაშვილი, ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე

სულ რამდენიმე თვეა, რაც ორგანიზაცია დაარსეს, ჯერ არც სამუშაო ოფისი აქვთ და არც ფინანსები, თუმცა მიიჩნევენ, რომ მოკლე დროში მაინც ბევრი შეძლეს: „ამ დრომდე საბიუჯეტო პროგრამები იგეგმებოდა ისე, რომ შშმ პირები არ იყვნენ ამაში ჩართული. ამის შედეგი კი იყო ის, რომ პროგრამა იწერებოდა შშმ პირისათვის, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული მისი საჭიროებები.  ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, როცა თვითონ შშმ პირები იღებენ ამ პროგრამების პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობას.“ –  ამბობს ნინო ჩხაიძე. ის ამ ორგანიზაციის არა შშმ დამფუძნებელია.

ორგანიზაციამ შშმ პირებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაგეგმა. შეხვედრას ყველა კატეგორიაში მყოფი შშმ პირი დაესწრო. „ვფიქრობ, ძალიან საჭირო შეხვედრა იყო ორივე მხარისთვის. თუ ჩემზე მუშაობ და ჩემთვის რაღაც სასიკეთო გინდა, მკითხე რა მჭირდება. ამით ორივე მხარე მოგებული დარჩება“ –  ამბობს ნინო.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რამინ მაჭარაშვილის თქმით, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ისაუბრეს იმაზეც, რომ შშმ პირები ვერ ახერხებენ მივიდნენ სამინისტროში და გაესაუბრონ კომპეტენტურ პირს, რომელიც მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს მისცემს:  „შეხვედრის პლუსი კიდევ ის იყო, რომ შევკრიბეთ შშმ პირების წარმომადგენლები, მშობლები და ორგანიზაციები, რომლებმაც მინისტრის მოადგილეს დაუსვეს კითხვები დაზღვევის, დახმარების, მედიკამენტებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ მსგავსი შეხვედრები.“

ორგანიზაციის დამფუძნებლები პროექტების განხორციელებას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხითაც გეგმავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ურთიერთობების პრობლემა უფრო მწვავედ საზოგადოების მხრიდან დგას და არა შშმ პირებისგან: „როცა ეტლით მოსარგებლე გამოდიხარ ხალხმრავალ ადგილებში, თავს იჩენს კარგად დამკვიდრებული სტერეოტიპი, ხალხი ფიქრობს, რომ მოწყალებას ითხოვ. არადა, ეტლი მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. უხეშად რომ შევადაროთ, ფეხსაცმელია და მეტი არაფერი.“ –  ამბობს თომა.

ამ დროისათვის ორგანიზაციაში საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობენ: „ამ იდეაზე გასულ წელს დავიწყეთ ფიქრი. ორგანიზაცია „არტვეიმ“  განახორციელა პროექტი „რეანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც შშმ პირების, კერძოდ უსინათლო პირების ადვოკატირებას ახორციელებდნენ. შეიქმნა საბჭო, რომლის წევრებიც იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შშმ პირები და მთავრობის წარმომადგენლები. ახლა ვართ მოლაპარაკების პროცესში, გვინდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იყოს ამ საბჭოს ფორმალური თავმჯდომარე,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე. მისივე ინფორმაციით ამ საბჭოს შეხვედრა წელიწადში ერთხელ გაიმართება.  მინისტრებს ექნებათ მოვალეობა, ანგარიში ჩააბარონ მთავრობის თავმჯდომარეს. დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება შიდა ადვოკატირების გამართლებული ფორმა, რაც მათ უშუალოდ პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან მიიყვანს.

თაზო მჟავანაძე, ლაშა თავართქილაძე და სოფო ზოიძე

შშმ პირების პრობლემებზე მუშაობს თაზო მჟავანაძის ორგანიზაციაც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“, რომელიც თაზომ უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად დაარსა. თაზო ბათუმის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს. ამ ორგანიზაციის მიზნებშიც პირველ და მეორე რიგის პრობლემებად საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებასა და შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხებს ასახელებენ.

„ბევრს ჰგონია, რომ შშმ პირს არ შეუძლია ისეთი სასარგებლო საქმის კეთება, როგორიც სხვას, ჩვენ ამ სტერეოტიპის დარღვევა გვინდა. ვაპირებთ განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ცნობიერების ამაღლების კუთხით სკოლებში იმუშავებს. ბევრმა არ იცის, ვინ არის შშმ პირი, ისინი მათ მხოლოდ ერთი მხრიდან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს აღიქვამენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე იმდენს აკეთებს, რამდენიც ზოგჯერ ჩვენ ყველას ერთად ორგანიზაციის წევრებს არ გამოგვდის, ის ძალიან ნიჭიერია და ერთი წუთითაც ვერ  ჩერდება“ – ამბობს ორგანიზაციის გამგეობის წევრი დავით გიორგაძე, ის ორგანიზაციის არა შშმ წევრია.

მეგობრის ნათქვამს თაზოც ისმენს, ეთანხმება და საუბარში ერთვება. მისი თქმით,  მდგომარეობა ბევრად კარგისკენ არის შეცვლილი. „მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მზად ასეთი ადამიანების მისაღებად, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემა, ყოფილა შემთხვევები შეხვედრაზე მისულს პირდაპირ მკითხეს, გონებრივად როგორი ხართო“ – ამბობს თაზო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით აჭარაში სულ 16 513 შშმ პირი ცხოვრობს. თითოეული სახელმწიფოსგან დახმარების სახით ყოველთვიურად 100-150 ლარს იღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: