სიახლეები

ერთი მასწავლებელი ერთდროულად ორ კლასში

30.10.2013 • 3552
ერთი მასწავლებელი ერთდროულად ორ კლასში

„ცალკე გაკვეთილის ჩატარებას ვნატრობ. რთულია გაერთიანებული გაკვეთილების ჩატარება, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და მოსწავლეებისთვისაც. წარმოიდგინეთ, პირველ კლასელ ბავშვს, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მესამე კლასელი მოსწავლის გაკვეთილის მოსმენა უწევს. უჭირთ კონცენტრაცია, მაგრამ ვცდილობთ მივეჩვიოთ“, – მერისის სკოლის პედაგოგი, მზევინარ თურმანიძე, ე.წ კლას კომპლექტებში ჩატარებული გაკვეთილების სირთულეებზე გვიყვება.

კლას-კომპლექტები რამდენიმე სხვადასხვა კლასის გაკვეთილების გაერთიანებას გულისხმობს. კლას-კომპლექტები, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონის სკოლებშია შექმნილი, რომლებიც მცირეკონტინგენტიანობით ხასიათდება. გაერთიანებული კლასები, როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. კლას-კომპლექტები გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ამ გეგმის მიხედვით, ერთიანდება პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასები. მასწავლებლებს კი გაკვეთილების ჩატარება ორივე კლასთან ერთდროულად უწევთ.

სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ გამოცდილებისა და სტაჟის მიუხედავად, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა, რომლებსაც განსხვავებული მასალების გავლა უწევთ, ერთ საგაკვეთილო პროცესზე, სერიოზულ სირთულეს ქმნის.

„პირველ კლასელი ჯერ უნდა ჩამოაყალიბო. სოფელში საბავშვო ბაღები არ არის, სკოლაში ისეთი ბავშვი მოდის, ლაპარაკის მეტი არაფერი არ იცის და ისიც კუთხურად მეტყველებს. მასთან ბევრი მუშაობა გვჭირდება. გაკვეთილები საკმაოდ რთულია, ერთი სიტყვაც რომ დარჩეს აუხსნელი, მოსწავლე უკვე ვეღარ იგებს მასალას. წარმოიდგინეთ, 45 წუთში ორივე კლასის მოსწავლეებთან უნდა იმუშაო გადარბენა-გადმორბენაში“, – გვეუბნება ზამირა სამნიძე, სოფელ გარეტყეს დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ის საუბრობს სხვა ტიპის პრობლემაზეც. „მძიმეწონიანი ჩანთები ხომ ხერხემლის დაავადების წყაროდ იქცა. გარდა ამისა, ბავშვები იღლებიან და ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, მათი ყურადღება რომ მიიპყრო“.

პედაგოგები ამბობენ, რომ გაერთიანებულ კლასებში გაკვეთილების ჩატარებას განსაკუთრებული მეთოდი და ხელოვნება სჭირდება. თავიანთ კვალიფიკაციაზე ზრუნვა თავად უწევთ, რაიმე სპეციალური ტრენინგებისა თუ დამხმარე პროექტების გარეშე.

„მე ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მეხმარება, რომ საგაკვეთილო პროცესი ვმართო და ისე დავიხარჯო, რომ შედეგიც გვქონდეს. ახალბედა მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება. არც სამინისტრო გვეხმარება გადამზადებაში და არც რომელიმე ტრენერისგან მიგვიღია იმის გამოცდილება, უფრო ეფექტურად როგორ შეიძლება ერთდროულდა იმუშაო განსხვავებულ კლასებთან. საგნობრივ ტრენინგებზე გვეუბნებოდნენ, მეთოდოლოგიას ვერაფერს მოგაწვდით, ეგ უნარ-ჩვევა თქვენ უნდა გამოიმუშაოთო“, – ამბობს მზევინარ თურმანიძე.

ტრენინგების აუცილებლობაზე საუბრობს ზამირა სამნიძეც:

„სკოლაში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, როცა ჩემი მეთოდოლოგიის ლექტორს ვუთხარი, როგორ შემიძლია უკეთესად ვიმუშაო, როცა რამდენიმე კლასში ერთდროულად ვატარებ გაკვეთილს-მეთქი, გაოცებულმა მითხრა, ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. ეგ როგორ შეიძლება, მაგრამ თუ აკეთებთ, გმირი ყოფილხართო“.

პედაგოგები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრებიან, სოფლის განაპირა უბნების სკოლებში ასწავლიან, სადაც პირველი საფეხურის კლასებში ხუთი ან ექვსი მოსწავლე სწავლობს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც პედაგოგები ამბობენ, კლასში, სადაც 16 მოსწავლეზე ნაკლებია, სხვა კლასთან ერთიანდება. ამ პრინციპითაა მცირეკონტინტენტიან სკოლებში გაერთიანებული პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასის გაკვეთილები. წელს კი სამინისტრომ სკოლებს მეხუთე და მეექვსე კლასების საგაკვეთილო პროცესის გაერთიანებაც მოსთხოვა.

„თუ არ გავაერთიანებთ, სასწავლო გეგმას არ დაგვიმტკიცებენ. არ მინდა გაერთიანება, მაგრამ იძულებული ვარ“, -გვეუბნება მახუნცეთის სკოლის დირექტორი ჯემალ ბეჟანიძე. სკოლას მთლიანობაში 88 მოსწავლე ჰყავს. „მაღალ კლასებში გაცილებით ძნელი იქნება გაკვეთილის ჩატარება. ბავშვებმა ხომ უნდა ისაუბრონ, იმსჯელონ გაკვეთილზე. ამ დროს მეორე კლასის მოსწავლემ როგორ უნდა იფიქროს თავის დასაწერზე ან მოსაყოლზე, ყურადღება ეფანტებათ. მშობლები კლასების გაერთიანების წინააღმდეგი არიან“.

დირექტორის აზრით, კლას-კომპლექტების შექმნა სწავლების ხარისხზეც აისახება. „ვფიქრობ,ეს ცუდ შედეგს გამოიღებს. არც პედაგოგები ვართ მომზადებული. პრაქტიკოს პედაგოგებსაც უნდა დაეკითხოს სამინისტრო, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს“, – ამბობს ჯემალ ბეჟანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები ორ ან ზოგჯერ სამ კლასთანაც ერთდროულად მუშაობენ, ისინი ანაზღაურებას მხოლოდ ერთი გაკვეთილის საფასურის მიხედვით იღებენ. „ფაქტობრივად 26 საათი დააკლდათ ჩემს სკოლაში მასწავლებლებს. მე არ ვიცი სად წერია, რომ ეს სტანდარტი განათლებაში მიღებულია“, – გვეუბნება ჯემალ ბეჟანიძე. მსგავსი ვითარებაა სხვა სკოლებშიც.

მცირეკონტინგენტიან სკოლაში მუშაობს სოფელ ორცვას სკოლის დირექტორი, რემზი თურმანიძეც. მისი აზრით, კლასების გაერთიანება ცუდი იდეაა: „მე უარყოფითად ვაფასებ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და მასწავლებლებს უკვე 26 საათი ჩამოეჭრათ. 600 ლარზე მეტი მოაკლდა ხელფასებს მთლიანობაში, ამას დაემატა კლასის ხელმძღვანელის ანაზღაურებაც. მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან უნდა გადავწყვიტო, რომელი პედაგოგი შევუშვა გაერთიანებულ კლასში“.

დირექტორის აზრით, როცა 45 წუთიდან მხოლოდ 15 ან 20 წუთი იხარჯება ერთ კლასზე, დანარჩენი დრო კი მეორეზე, ეს დრო არ არის საკმარისი საგაკვეთილო მასალის სრულყოფილად გადასაცემად. „სწავლების მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ქმნის პრობლემას. ვთქვათ პირველ კლასს აქვს მათემატიკა, მასწავლებელი მუშაობს 20 წუთი ერთ კლასთან, შემდეგ გადადის მეორესთან, რამდენად ნორმალურია ეს. ან გამართლებულია კი ფსიქოლოგიურად?“

დირექტორი ამბობს, რომ ცალკე გაკვეთილების ასანაზღაურებლად ფინანსები სკოლას ჰყოფნის, თუმცა სამინისტრო კლასების გაერთიანებას მაინც ითხოვს: „ხელფასები დარიგებული მაქვს და 17 000 ლარი კიდევ მაქვს, სკოლის ინფრასტრუქტურაც ახალია, მაგრამ იმ კლასების გაერთიანებასაც მთხოვენ, სადაც 15-15 მოსწავლეა“.

„მეხუთე-მეექვსეში ჩვენც 15-15 მოსწავლე გვყავს. პერიფერიებში გვაქვს კიდევ ორი კლას-კომპლექტი, სადაც უფრო ნაკლებია კონტინგენტი. მეთოდოლოგიურად რომ გაუმართლებელია გაერთიანებული გაკვეთილები ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ. თვითონ მუშაობენ პედაგოგები თავიანთ თავზე“, – ამბობს სოფელ უჩხითის დირექტორი, გულნაზ ნინიძე. კლას-კომპლექტების ნეგატიურად აფასებს სოფელ მეძიბნას სკოლის დირექტორი, სერგო დუმბაძეც:

„ჩემს სკოლაში მხოლოდ ერთი კლას-კომპლექტია. მეორე და მეოთხე კლასებია გაერთიანებული. ათი ბავშვია ორივე კლასში, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასწორია, როცა გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა მოსწავლეებს, ვიდრე ზოგადად საგაკვეთილო სტანდარტითაა გათვალისწინებული. გაჭირვებაა და თანხები არ გვყოფნისო, სამინისტრო გვეუბნება, მაგრამ 45 წუთიდან 20 წუთის დათმობა ერთ კლასზეც, პრობლემად მიმაჩნია“.

საქართველოს განათლების სამინისტროს განმარტებით, კლას-კომპლექტები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კარგად დაინახოს ბავშვის განვითარების დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

„სწავლების მეთოდიკა ძალიან გავს სახლის პირობებში სწავლას, რაც იძლევა უფრო მეტ ჩართულობას და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის“, – წერია სამინისტროს განმარტებაში. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: „კლას-კომპლექტების სწავლების მეთოდიკა არ მოითხოვს მთელი კლასისთვის სწავლების ერთნაირ ტემპს, არამედ ყველა მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად. რჩებიან რა ერთ გარემოში, მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფთან მიკუთვნებულობის და სტაბილურობის განცდა“.

ამავე განმარტების მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ ელექტრონულად მოგვაწოდა, კლას-კომპლექტების არსებობა მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაშიც. „აშშ და კანადაში ჩატარებული კვლევების თანახმად, კლას-კომპლეტების ტიპის კლასებში, მოსწავლეებს უკეთ აქვთ განვითარებული ენობრივი კომპეტენციები, კითხვისა და სოციალური უნარები“.

სამინისტროს მიაჩნია რომ კლას-კომპლექტებთან მუშაობა ან სწავლება მასწავლებლის ან მოსწავლის უფლებებს არ არღვევს.

რაც შეეხება, პედაგოგთა გადამზადებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული სწავლების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდული და 2013 წლის 7-8 ივნისს, ამ მოდულის თანახმად ჩატარდა საპილოტე ტრენინგი თემაზე – „სწავლა-სწავლების თავისებურებანი კლას-კომპლექტებში“, რომელსაც მოხალისე კონსულტანტ-მასწავლებლები და მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტინგენტიანი სკოლების პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორის, ლელა თავდგირიძის შეფასებით, კლას-კომპლექტებს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

„მესმის, რომ კლას-კომპლექტები ერთგვარი გამოსავალია, მაგრამ უარყოფითია ის, რომ მასწავლებელს სხვადასხვა კლასის და ასაკის მოსწავლეებთან ერთდროულად უწევს რამდენიმე მიზნის მიღწევა. ასეთ დროს უჭირთ ხოლმე პედაგოგებს გაკვეთილის დაგეგმვა და ძირითადად მუშაობენ ინდივიდუალურად. შესაბამისად, ვერ ხერხდება საერთო საკლასო მუშაობა. კლას-კომპლექტი ერთის მხრივ, ხელს უწყობს სოციალური უნარის ჩამოყალიბებას, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს ბარიერი, როცა ასაკობრივი ზღვარი არის ბავშვებს შორის დიდი. გარდა ამისა, მესამე კლასელს თავიდან უხდება იმ მასალების მოსმენა, რომელიც პირველ კლასში უკვე გაიარა და ამით შესაძლებელია შესუსტდეს მისი მოტივაცია“.

ლელა თავდგირიძის აზრით, მასწავლებლის უფლება ირღვევა იმ შემთხვევაში, როცა მას ფაქტობრივად სპეც გაკვეთილების ჩატარება უწევს, მაგრამ ანაზრაურება მაინც უნახევრდება: „პედაგოგის მოტივაცია ისედაც დაბალია დღეს სკოლებში, ამიტომ პედაგოგს, რომელსაც ერთდროულად უწევს განსხვავებული ასაკის და დონის მოსწავლეებთან მუშაობა და მეტი ენერგიის ხარჯვა, სახელმწიფო ერთი გაკვეთილის საფასურს არ უნდა უხდიდეს. გარკვეულწილად ირღვევა იმ ბავშვის უფლებაც, როცა სახელმწიფი მის განათლებაზე ხარჯავს გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. მესმის, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს ეკონომიის თვალსაზრისით, მაგრამ თუ გვინდა კარგ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ყველაზე დიდი თანხა განათლებაში უნდა ჩავდოთ. სასაურველია, რომ ათმოსწავლიან კლასებს მაინც ჩაუტარონ ცალკე გაკვეთილები, პედაგოგმა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლა რომ შეძლოს “.

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჯამურად 282 კლას-კომპლექტია.

 

 

 

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: