სიახლეები

ვალერი თელია 200 ლარით დააჯარიმეს

12.11.2013 • 1531
ვალერი თელია 200 ლარით დააჯარიმეს

 

16 აპრილს „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მოსთხოვა დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ვალერიან თელიას – აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, დაჯარიმების ნამდვილობა. 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ვალერიან თელიამ გააჩერა ავტომანქანა და იმ მოტივით ეჩხუბა საიას  მძღოლს, რომ მას არასწორად გადაუჭრა გზა. მძღოლს პოლიციის უფროსმა ტანსაცმელი შემოახია, ანთებული სიგარეტის ნამწვი ესროლა და დაემუქრა – „იცი შენ, ვინ ვარ მე“.

 

 

ფაქტიდან მალევე „ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რითაც გაირკვა, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, შესაბამისად, მას არც მართვის უფლება ჰქონდა. მოგვიანებით, შს სამინისტროში ზოგადად განაცხადეს, რომ თელია ამის გამო დააჯარიმეს.

 

 

16 აპრილის „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს ჰკითხა, რის საფუძველზე დააჯარიმეს ვალერიან თელია და რა თანხით. სამინისტროდან შვიდი თვის დაგვიანებით, ანუ 4 ნოემბერს მიღებულ პასუხში წერია: „ვალერიან თელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2013 წლის 28 მარტს დაჯარიმდა 200 ლარით“.

 

 

იმავე წერილით ირკვევა, რომ ვალერი თელიასა და საიას მძღოლს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. „შესაბამისად, საპროცესო მოქმედებები, მათ შორის მოწმეთა დაკითხვა არ განხორციელებულა“, –  წერია შს სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

4 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე მისულმა შს სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ სადავო ინფორმაცია უკვე მიაწოდეს „ბათუმელებს“, ამიტომ საქმის განხილვა აღარ უნდა გაგრძელდეს.

 

11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გააგრძელებს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში მოსამართლემ უნდა იმსჯელოს რედაქციისთვის ინფორმაციის დამალვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

 

„ბათუმელები“ შს სამინისტროსგან სიმბოლურ თანხას – 1 ლარს ითხოვს.

 

„ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: