კვირის ამბები

რა მინერალური რესურსები აქვს აჭარას

11.11.2013
რა  მინერალური რესურსები აქვს აჭარას

 

აღწერის სამუშაოები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიურმა სამმართველომ ჩაატარა. როგორც სამმართველოს უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, ძირითადი სამუშაოები – ინფორმაციის თავმოყრა უკვე  შესრულებულია.

 

 

„ყველა ჰიდრომინერალური და მინერალური რესურსი, რაც აჭარაშია, შესწავლილი გვაქვს. კომუნისტების დროიდან ძირითადი ინტერესი მერისის მადნიანი კვანძის მიმართ იყო. სამოციან წლებში ბევრი სამუშაო  ტარდებოდა, დათვლილია სპილენძის, თუთიის, ტყვიის მარაგი. იმ პერიოდში ტყვია სჭირდებოდათ და მარაგებს ეძებდნენ. რკინიგზის გაყვანაც კი იყო გადაწყვეტილი, თუმცა შემდეგ რუსეთში აღმოჩნდა  და მუშაობა შეწყვიტეს,“ –  ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

 

მისივე თქმით, ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის თემში ჩატარებული კველევების შედეგად  ოქროს შემცველი, მეორადი კვარციტები აღმოჩნდა.

 

 

„ამანაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამჟამად საბადოზე ჩინელები მუშაობენ, ოღონდ ისე საიდუმლოდ, რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს,“ –  ამბობს ტარიელ ტუსკია.

მერისში 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორია შპს „Kინლანდ Gეორგია Mინინგ“- ს აქვს აღებული. ლიცენზია აღნიშნულ ტერიტორიაზე 2047 წლამდე არის გაცემული.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსი რეგიონში ქედაში, სოფელ კოკოტაურში არსებული კოკოტაურის მინერალური წყლებია. გარდა ამისა, ჰიდრომინერალური რესურსები აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე ადგილასაა, მათ შორის დანისპარაულში, დიოკნისში, ხიხაძირში, უჩამბაში, ნამონასტრევში, ბეგაურში, მერისსა და კაპნისთავში.

 

 

მნიშვნელოვანია ასევე  თერმული წყლები, რომელიც მახინჯაურის, ჩაქვისა და ხუცუბნის  ტერიტორიაზე მოიპოვება.

 

 

ტარიელ ტუსკიას ინფორმაციით თერმული წყლები მთიან აჭარაშიც მოიპოვება. კერძოდ თერმული წყლების წერტილები აღმოჩენილია დაბა შუახევის, სოფლების: ბუღაურის, შუბნისა და ტომაშეთის მიდამოებში. 

 

 

„რაც შეეხება მინერალურ რესურსებს, გვაქვს ქვიშის საბადო, რეგიონში მოიპოვება მოსაპირკეთებელი ქვები. ქობულეთში სოფელ ოჩხამურში გვაქვს კერამიკული თიხის საბადო.  ოღონდ ამჟამად გაჩერებულია ეს საბადო და არ ფუნქციონირებს,“- ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

 

მისივე თქმით, რეგიონში მრავლად მოიპოვება სხვადასხვა ტიპის ქანები, რომელთა გამოყენებაც სამშენებლო სამუშაოებში შეიძლება. ასევე  მოიპოვება ფერადი და სანაკეთო ქვები. მათ შორის იასპი, ოპალი, ქალცედონისა და აქატის ფერადი ქვები. რეგიონში მარტო ქალცედონისა და აქატის მარაგი 212 ტონაა. 

 

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელის, ტარიელ ტუსკიას განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც რეგიონში ჰიდრომინერალურ და მინერალურ რესურსებს შეეხება, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს სამუშაოები და ინვესტორები დააინტერესოს.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: