მთიანი აჭარა

„იმდენი ვართ, რა მეითლის“

18.11.2013 • 1843
„იმდენი ვართ, რა მეითლის“

 

 

ზექიე ბერიძე
ზექიე ბერიძე

სამი შვილის დედას, 102 წლის ზექიე ბერიძეს 16 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილიშვილი ჰყავს, რამდენიმე კვირის წინ კი მის შვილთაშვილს ტყუპი გოგონა შეეძინა. უხუცესი ბებია ამბობს, რომ წასვლით ვერ წავა, თუმცა დანამდვილებით იცის, რამდენიმე დღეში მის სანახავად შვილთაშვილი სოფელში ავა და პატარა ანასა და ინას მალე ნახავს: „იმდენი ვართ, რა მეითლის. შვილიშვილები მოდიან და მსტუმრობენ, ხშირად მოდიან სანახავად, ახლა ტყუპებიც შემოგვემატა, მე ვერ წავალ, მაგრამ მათ ამოვლენ და პატარებსაც ვნახავ, შვილიშვილებთან და რძლებთან ერთად ვარ ასე, მივლიან, მაგრამ 100 წელს რომ გადახვალ, მერე ყველაფერი სხვანაირია, აღარ გახსენდება ბევრი რამე, სმენით კარგად ვეღარ გონილობ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემი ფეხით დავდივარ და მოსავლელი არ ვარ“ – ამბობს ზექიე ბერიძე.

 

 

უხუცესი ამბობს, რომ დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, ისეთი გაჭირვება აღარ არის, ადრე რომ იყო, მისი აზრით ცხოვრებაც გაადვილდა: „ახლა ადვილია ცხოვრება, მაშინ ასე სად იყო, ჩაი უნდა გეკრიფა, თუთუნი გამოგეყვანა… ვწვალობდით, ფერმაშიც ვმუშაობდი და აბრეშუმიც გამომყავდა, მაშინ მანქანა სად იყო, ზურგით დაგვქონდა მეშოკები, იმფერი გაჭირვება ახლა ვერ იქნება, ყველაფრიდან გვიჭირდა, ყველას უჭირდა, მარტო ჩვენ კი არა“.

 

 

ისე გათხოვდა, არ იცოდა მისი მომავალი ქმარი ვინ იყო, ქმარი პირველად ქორწილის დღეს ნახა:

 

 

„ახლოდან გამოვთხოვდი, ზენდიდი ჰქვია ჩემს სოფელს, რამდენი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ვერ გეტყვით, სირცხვილია, პატარა ვიყავი და რას იტყვიან. ქმარს გათხოვებამდე არ ვიცნობდი, რომ მომიყვანა მაშინ გავიცანი, ქორწილზე ვნახე, ახლა, რომ არის, ადრე ასე სად იყო ნენი“ – ამბობს მოხუცი.

 

 

ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წელიწადში ბერიძეების ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს ზექიეს ქმარი, ნური ბერიძე ძმასთან, მუხამედთან ერთად დაიჭირეს. მათ სამშობლოს ღალატი დააბრალეს, ნური გადაასახლეს, მუხამედი კი დახვრიტეს. ზექიე ბერიძის შვილი ამირანი ამბობს, რომ ამის მიზეზი მამიდისა და მისი ქმრის თურქეთში გადასვლა გახდა: „ჩემი მამიდა ქმართან ერთად თურქეთში გადასულა, ამის გამო მამა და ბიძია დაიჭირეს, ბიძა დახვრიტეს, მამა გადაასახლეს. სამამულო ომის დაწყებამდე მამა წერილებს გზავნიდა, ომის შემდეგ კვალი დაიკარგა, მის შესახებ არაფერი ვიცით. მე მამა არ მახსოვს, დედამ გამზარდა, მხოლოდ ის მახსოვს, ოჯახში ბევრი რომ ვიყავით, ბიცოლა, ბიძაშვილები, მამიდაშვილებიც ჩვენთან იზრდებოდნენ, რადგან მათი მშობლები თურქეთიდან ვეღარ გადმოდიოდნენ“.

 

 

ზექიე ბერიძე განვლილ წლებს დღესაც მტკივნეულად იხსენებს: „კაცები რომ დაიჭირეს, ქალებს უნდა გვერჩინა ოჯახი. დედამთილ-მამათილი კი მყავდა, მაგრამ მოხუცები იყვნენ და ფიზიკურად არ შეეძლოთ. სამი შვილი მე მყავდა, ყველა საქმე ქალებს გვიწევდა. მახსოვს, აზოტს რომ მოვიკიდავდი ზურგზე, ცენტრიდან 4 კილომეტრი ამომქონდა ფეხით. ასე ვწვალობდი, აბა რა უნდა მექნა, ძნელი კი იყო, მაგრამ რას იზამდი, მაშინდელი გაჭირვება სხვანაირი იყო. მეც მამა ადრე გარდამეცვალა, პატარა ვიყავი, არ მახსოვს, დედამ გამზარდა, დედის მსგავსად მეც ქმრის გარეშე გავზარდე შვილები“ –   მიამბობს ზექიე ბებია.

 

 

ზექიეს რძალი, 68 წლის ასიე ბერიძე ამბობს, რომ უხუცესი ბებია ოჯახის სხვა წევრების შეწუხებას ერიდება: „ზოგჯერ, თუ გაცივდება და წნევა აუწევს, ეს არის, არ შეგაწუხებს, წუწუნი არ ჩვევია, დიდი ოჯახი გვაქვს, სტუმრები ხშირად მოდიან და მეც ვუმასპინძლდები“.

 

 

102 წლის ბებიას ხელისუფლება საჩუქრად ყოველ წელიწადს 500 ლარს გადასცემს. გასულ წელს ზესოფლელი უხუცესი ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: