კვირის ამბები

„დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება“ – დისკუსია იეჰოვას მოწმეების ცემის შესახებ

30.10.2013 • 3089
„დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება“ – დისკუსია იეჰოვას მოწმეების ცემის შესახებ



დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი: ჩვენი დღევანდელი დისკუსიის თემა არის ძალადობა რელიგიური ნიშნით. ჩავთვალეთ, რომ უნდა შეგვეფასებინა ის, რაც მოხდა უნივერსიტეტთან. დისკუსიას ესწრება იაჰოვას მოწმეების ადვოკატი, ასევე ესწრებიან სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალადობის თვითმხილველები.

 

 

სალომე ფუტკარაძე, სტუდენტი: მიჭირს საუბარი, რადგან იმან, რაც გუშინ ვნახე, მე, პირადად, შემძრა. დაახლოებით 2 საათი იქნებოდა, როცა ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. უამრავი სტუდენტი იყო შეგროვილი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული, ჩემი აზრით, ყველაფერი სპონტანურად და ქაოსურად მოხდა. ერთი კვირაა უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთან იეჰოვას მოწმეები სტუდენტებს ესაუბრებიან და ურიგებენ წიგნებს. ბოლო დღეს, რასაც მე შევესწარი, სტუდენტები სთხოვდნენ მათ, რომ წასულიყვნენ და წიგნები არ დაერიგებინათ. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

 

 

ლელა ფაღავა, სტუდენტი: მე ვესაუბრე რამდენიმე სტუდენტს. ძირითადად მათი აგრესია გამოიწვია ერთმა ფაქტმა: წიგნებზე, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები არიგებდნენ, ეწერა რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში, იგივე ეწერა ბანერზე. თუ ამას დეტალებში განვიხილავთ, ბევრი მართლმადიდებლისათვის ეს შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი. გამოდის, რომ ბიბლია, რომელსაც მე ვაღიარებ და ვსწავლობ, არის ტყუილი და რომელსაც შენ მასწავლი, არის სინამდვილე. მე ვიცი, რომ აი ამ ფრაზამ გამოიწვია სტუდენტების აგრესია.

 

 

ქეთი ფოტოვა, სტუდენტი: ლელა, მე ვერ დაგეთანხმები. რას გასწავლის ბიბლია შეიძლება განსხვავებულად იქნეს აღქმული, რადგან ბიბლია შეიძლება ბევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სხვაგვარად აქვთ გააზრებული. ამას გარდა, მართლმადიდებლობა არ არის ერთადერთი რელიგია, რომელიც ბიბლიას მიჰყვება, არის სხვადასხვა მიმართულებები, პროტესტანტიზმი და ა.შ. სტუდენტების გამართლება იმით, რომ მათი გაღიზიანება გამოიწვია ამ ბანერმა, ცოტა შეუსაბამოა. აქ ბევრი სტუდენტი ვართ შეკრებილი, თუმცა ყველას გვიჭირს ჩვენი სათქმელის თქმა, რადგან ყველა შოკირებული ვართ. რაც შეეხება იმას, რომ უნდა მოერიდონ თუ არა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ლიტერატურის გავრცელებას, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოერიდონ, რადგან ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფლება, გაავრცელოს თავისი რელიგია.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

მანუჩარ ციმინტია, დაზარალებული იეჰოვას მოწმეების ადვოკატი: დღეის მდგომარეობით მოპოვებული მტკიცებულებებით გამოძიება სისხლის სამართლის 155-ე მუხლით მიმდინარებს. რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევაც აქვს მიღებული. სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელია პირი, თუ მისი რელიგიური გრძნობები შეილახა, ამ შემთხვევაში მოქმედებს ეს კანონი. გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთი სიგნალია, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი რელიგიური თავისუფლება საფრთხის ქვეშ. 

ჩვენ აქ ვართ იმ შეგნებით მოსული, რომ შევაფასოთ, რამდენად ჯდებოდა იეჰოვას მოწმეებისა და სტუდენტების ქცევა კანონმდებლობის ჩარჩოებში. საქართველოში არსებული კანონმდებლობა სრულიად იცავს უმცირესობების უფლებებს, მთავარია მისი პრაქტიკაში გამოყენება. კანონი სრულ თავისუფლებას აძლევს რელიგიურ გაერთიანებებს. ავუკრძალოთ რელიგიურ გაერთიანებებს კარდაკარ მათი შეხედულების ქადაგება, იგივეა, საარჩევნო სუბიექტებს რომ არ მივცეთ წინასაარჩევნო პროპაგანდის გაწევის საშუალება. თუ ვინმეს გაქვთ პრეტენზია, რომ ისინი მოდიან და ამით გაწუხებენ, ეს იძულებაც ისჯება კანონმდებლობით. მთავრობა და სამართალდამცავები იჩენენ სრულ უმოქმედობას მსგავსი ფაქტების მიმართ, არ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს სირაქლემას პოზიცია. ერთის უფლებები დაიცვა და მეორის არა, ეს არ შეიძლება. მე არ მსურს ამ სტუდენტებს ცუდი რამ დაემართოთ და ვწუხვარ ამ ფაქტის გამო, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი ხვალ და ზეგ უფრო დიდ პრობლემებს გამოაჩენს. ამიტომ, ამ შემთხვევაში ერთი მხარის გულშემატკივრობა და მეორეს დასჯა არ შეიძლება. ორივე მხარის უფლებებზე ვისაუბროთ და კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს არც პოლიტიკური და არც რელიგიური კონფესიების მიმართ. 

 

 

ტარიელ ნაკაიძე, დისკუსიის მონაწილე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებული პრობლემები ცხადყოფს იმას, რომ გარკვეულ წილად სახელმწიფო კანონს არ იცავს მკაცრად, რაც ჩემი აზრით, მსგავსი ინციდენტების წახალისების საფუძველს ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე აუცილებელია დამნაშავის დასჯა, რომ მსგავსი ქმედებებისთვის წახალისებას ადგილი არ ჰქონდეს. საზოგადოება გარკვეულ წილად საჭიროებს განათლებას და ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მაშინ, როდესაც მესამე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, ვთქვათ, ტერმინ „გამუსლიმანების“  მაგივრად „გათურქება“ წერია, როდესაც განათლებაში ბევრი რამ დასახვეწია, რთულია უნივერსიტეტში სტუდენტები და სკოლაში მოსწავლეები გაიზარდონ ტოლერანტები.

 

 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს კულტურაში არსებობს ტოლერანტობა და ჩვენ ვართ ტოლერანტები. ზოგადად საზოგადოების დიდი მასა ფიქრობს, რომ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ სიმრავლეს. მეც ბევრჯერ მიგრძნია საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობა, როცა ვამბობ, რომ ვარ ქართველი მუსლიმი, ყოველთვის მუშაობენ იმაზე, რომ მოხდეს მარგინალიზაცია. სამწუხაროა, რომ მსგავს შეხვედრებს ესწრება საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ამ მხრივ პრობლემა არ გააჩნია.

 

 

სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას კონსტიტუცია. სახელმწიფოში, სადაც არ დაისჯება ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია, მსგავსი ფაქტები მომრავლდება და უფრო სავალალო სიტუაციას მივიღებთ.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: რელიგიური მონოპოლია იგრძნობა ჩვენს უნივერსიტეტში, თვითმმართველობის თავმჯდომარე ერთ ხანს აპირებდა, რომ უნივერსიტეტის ეზოში აღმართულიყო ჯვარი, გარკვეულწილად ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ მერე კამათის, დისკუსიის შედეგად ეს ჯვარი არ აღიმართა. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გუშინდელ ინციდენტში, გამოსწორების საშუალება უნდა მივცეთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – დაუსჯელობის ფაქტი არ უნდა იყოს.

 

 

გია მასალკინი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: მე დამაინტერესა ამ ინციდენტმა და ამიტომ მოვედი აქ, მაგრამ მე რატომღაც მინდოდა, უფრო მეტი გამეგო, თუ რა მოხდა. ჩვენ შეიძლება აქ მოვისმინოთ სხვადასხვა ვერსია, მაგრამ ფაქტი ერთია, იეჰოვას მოწმეები ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას და მათ შეუშალეს ხელი. რატომ მოხდა, ვინ დაიწყო და ვინ უფრო მეტი ხელი დაარტყა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. მე, როგორც პოლიტიკოსი, ამას ვუყურებ მთლიანობაში, ჩვენ ვიცით, რომ, ვთქვათ, იყო 17 მაისი, იყო რაღაც პრობლემები იგივე მეჩეთთან, იყო პრობლემები იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან ცუდია, რომ ეს ხდება არჩევნების წინ. ჩვენ ვიცით, რომ ჩამოსულია უამრავი დამკვირვებელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ბუნებრივია, ეს ფაქტიც მოხდება მათ დასკვნებში, რაც იქნება ძალიან ცუდი, ამიტომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მოახდინეს პროვოცირება.

 

 

ერთსაც გეტყვით, მივდიოდით მანქანით და მამაო ავიყვანეთ გზაზე, სადღაც ჭიათურასთან ახლოს და საოცარი რამ გვითხრა: ჩვენთან, ჭიათურაში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ იეჰოვას მოწმეებს და ჩვენ სულ მათ ვეკამათებოდით, ვეჩხუბებოდითო და ბოლოს სულ სხვა ტაქტიკა ავირჩიეთო, საერთოდ დავანებეთ თავი, არ ვეხებოდით და მათი გავლენაც შესუსტდაო. რისი თქმა მინდა ამით, დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება, დევნილი სექტა ყოველთვის ძლიერდება. ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი ძალადობით შეძლებს თავისი რელიგია დაიცვას, ცდება. 

 

 

მე მგონი სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ, რადგან ერთხელ თუ არ გასცემ ამ ძალადობას პასუხს, ორჯერ და სამჯერ, ეს აუცილებლად გაგრძელდება და ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

 

 

ყველაზე პოლირელიგიური და პოლიეთნიკური ქვეყანა კავკასიაში ვართ ჩვენ, 150-მდე ნაციონალობა და ეთნოსია საქართველოში, ამიტომ ჩვენ უფრო მგრძნობიარები უნდა ვიყოთ ამ პრობლემის მიმართ. სხვათა შორის, ახლა კიდევ უფრო მივხვდი, რაოდენ საჭიროა კურსი, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ –  „მოქალაქეობა და დემოკრატია“. 

 

 

მე რომ ვყოფილიყავი ქალაქის მერი, თბილისის მერი, იმ ადგილას იმ ღონისძიებას არ ჩავატარებინებდი (იგულისხმება თბილისში, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული აქცია) და რატომ იცით? უნდა განსაზღვრო რას გამოიწვევს ესა თუ ის ქმედება. თუ შენ იცი საზოგადოება რა დონისაა და ეს გამოიწვევს გაღიზიანებას, ეს იქნება დემოკრატიის გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ შენ თავიდან აიცილებ გაცილებით უარესს. როგორ უნდა მოვიქცეთ, ავუკრძალოთ? არა. ყველას მინდა ვთხოვო, რომ იყვნენ უფრო სენსიტიურები. უნივერსიტეტი არის საზოგადოების ანარეკლი.

 

 

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, იურისტი: როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობ ძალადობით, უკვე არ ხარ მართალი. როდესაც შვიდი კაცი ერთს ურტყამს, ეს უკვე სისუსტის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა არგუმენტი აღარ გაქვს და ძალადობით ცდილობ რაღაცის დამტკიცებას.

 

 

ასევე, ეს ფაქტი მიუთითებს სტუდენტების გაუნათლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ, იმიტომ, რომ არის სამოქალაქო განათლება, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყო ტოლერანტი.

 

 

დისკუსია პრესკაფეში
დისკუსია პრესკაფეში

ჩემს მაგალითს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, ვთქვათ, იეჰოვას მოწმის რელიგია, მაგრამ ქუჩაში რომ წიგნს მთავაზობენ, მე მარტივად ვამბობ, რომ არ მაინტერესებს და ვაგრძელებ ჩემს გზას. მაგრამ ჩვენი პრობლემა რაში მდგომარეობს იცით? დღეს ჩვენ არ მოგვეწონა, რომ იეჰოვას მოწმეები არიგებდნენ წიგნებს, ხვალ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არ მოგვეწონება. ეს არის იმ ამბის გაგრძელება, როცა ბათუმში წიგნები დაწვეს იმის გამო, რომ ვიღაცას მოეჩვენა, რომ ბურჭულაძის წიგნში „ისეთი სცენები“ არისო. ეს არის განათლების დაბალი დონე და ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის ბრალი, ეს არის სკოლის, ოჯახის, მედიის პრობლემა და ბუნებრივია, ახალგაზრდა, რომელსაც გამოცდილება არა აქვს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიაც წაკითხული არ ექნება ბოლომდე და გააზრებული, მითუმეტეს სხვა რელიგიის წიგნები, ასეთ ძალადობაზე წავა.

 

 

მნიშვნელობა არ აქვს, ვისი უფლება დაირღვა, რა უფლება დაირღვა, მნიშვნელოვანია ის, რომ შენ სხვისი უფლება უნდა დაიცვა, რომ ხვალ შენ იყო დაცული. ყველა უნდა დაფიქრდეს ამაზე.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: