სიახლეები

პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

13.11.2013 • 1999
პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

როგორი იქნება მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემა და ვინ მუშაობს მასზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, ძველ სქემას ჩაანაცვლებს, თუმცა სქემის დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

„კონცეფციის განხილვა ახლო პერიოდში მოხდება, რომლის თანახმად, სერტიფიცირების გამოცდა ტრანსფორმირდება და იგი პედაგოგთა შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი აღარ იქნება. მას დაემატება პრაქტიკული ნაწილი და პედაგოგის მიერ სხვადასხვა აქტივობებში დაგროვილი კრედიტი. შესაბამისად, პედაგოგის შეფასება კომპლექსური გახდება.

რაც შეეხება ახალი კარიერული განვითარების სქემას, ის პედაგოგთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ყველასთვის სავალდებულო იქნება“. _ ასეთია პასუხი საქართველოს განათლების სამინისტროდან.

„ბათუმელები“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ახალი სქემის მოლოდინზე განათლების სპეციალისტებსა და პედაგოგებს ესაუბრა.
„საჭიროა არსებობდეს პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი საშუალებები, რაც მიბმული იქნება კარიერულ ზრდასთან და შესაბამისად ხელფასის მატებასთან. ასევე აუცილებელია არსებობდეს ხარისხის მართვის ისეთი მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, დავრწმუნდეთ, რომ მასწავლებლის კარიერული ზრდა არის არა ფორმალური პროცესი, არამედ რეალურად აისახება სასწავლო პრაქტიკისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე“ _ აღნიშნა „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტმა სოფიო გორგოძემ.

სერტიფიცირებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ 2010 წლიდან დღემდე მთავარი აქცენტი გამოცდებზე იყო გაკეთებული, ხდებოდა მასწავლებელთა სელექცია გამოცდების შედეგების მიხედვით და აქცენტი არ იყო გაკეთებული ყველაზე მნიშვნელოვანზე _ სკოლაში მასწავლებლების მიღწევებსა და საქმიანობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული, ამ შედეგს პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან მასწავლებლების უმრავლესობას იმ დროს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, როდესაც სხვა მოთხოვნები იყო. მასწავლებლებმა ისწავლეს ბევრი რამ, ბუნებრივია ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალი მასწავლებლების სისტემაში შემოსვლაც მნიშვნელოვანია. მასწავლებლების დამოკიდებულება სიახლეებთან კრიტიკულია, რაც გასაგებია, რადგან მათ რთულ „დროებაში“ უწევთ მოღვაწეობა. რთულია შეაფასო სქემა, რომელიც ჯერ არაა გამოქვეყნებული, იმედია ახალი სქემა ორიენტირებული იქნება მასწავლებლის კარიერულ ზრდაზე“ _ ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მარინა გაბაიძე მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის სერტიფიცირებული პედაგოგია. მისი აზრით, სამინისტროს მხრიდან ხშირი სისტემური ცვლილება არა მარტო პედაგოგების, მთლიანად სკოლის ინტერესებს აზარალებს. „მიმაჩნია, რომ ჯერ არსებული სისტემის მეცნიერული ანალიზი უნდა მომხდარიყო და შემდეგ დაეწყო განათლების სამინისტროს ახალ სქემაზე ფიქრი. ვფიქრობ, ახალი სქემაც სპონტანურია და ბევრ კითხვებს გააჩენს,“ _ ამბობს ის.

მარინა გაბაიძეს სხვა კითხვებიც აქვს სამინისტროსთან: „როცა მინისტრი ამბობს, რომ სერტიფიცირება აღარ იქნება აუცილებელი, მაშინ გამოდის ჩვენ არანაირი პრივილეგია აღარ გვექნება? მაშინ რით განისაზღვრება პედაგოგის კვალიფიკაცია, ვინ არის კარგი პედაგოგი, ვის ეკუთვნის მაღალი ანაზღაურება?“

მიუხედავად ამ კითხვებისა, მარინა გაბაიძე ამბობს, მძიმე შრომისა და ფსიქოლოგიური ბარიერების გარდა, სერტიფიცირებას კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არაფერი მიუცია პედაგოგებისთვის: „როგორც ვმუშაობდი ადრე, ისე ვმუშაობ ახლაც. უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა გააღვიძა ამ ფაქტმა ჩემში. მოტივირებული ვიყავი ჩამებარებინა გამოცდა, რადგან ამით ჩემს, როგორც პედაგოგის კვალიფიკაციას გაესმებოდა ხაზი.“

სერტიფიცირებული პედაგოგები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ ისინი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა იმ პედაგოგებთან მიმართებაში, ვისაც სერტიფიცირება არ გაუვლია: „გურამიშვილს აქვს მართლის თქმის პრინციპი: „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა“. რატომ არ უნდა ერქვას კარგ მასწავლებელს კარგი? დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. ვისაც ნაკლები განათლება აქვს, რატომ არ უნდა ვიყო მასზე პრივილეგირებული, თუნდაც ანაზღაურებით“ _ ამბობს მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნაირა ჯანელიძე.

მისი აზრით, სერტიფიცირება პედაგოგთა ერთგვარი ლუსტრირება იყო, თუმცა ჰქონდა ხარვეზებიც. „განათლების სისტემა კონსერვატორულია და ხშირ და სპონტანურ ცვლილებას ვერ ეგუება. ცვლილებები თაობათა ცვლაზე უნდა იყოს მიბმული და არა მთავრობის ცვლილებებზე. სწავლებაში ყველაზე მაღალი საფეხური არის შეფასება, ეს არ მომხდარა და უცებ გადავდივართ ახალზე, იქნებ ესეც პრობლემურია? ძველმა შექმნა ნიჰილიზმი, რა გარანტია არსებობს, რომ ახალი იქნება უკეთესი?!“

პედაგოგის აზრით, ახალი სქემა, რომელზეც განათლების მინისტრი საუბრობდა, მასწავლებლებისთვის ამჯერადაც ბუნდოვანია: „არ ვიცი შინაარსი, სტრუქტურა და ბუნებრივია ვერც შეფასებას გავაკეთებ, რამდენად უკეთეს სქემას გვთავაზობს სამინისტრო. არ მომხდარა წინას შეფასება, მხოლოდ სტატისტიკით დაკმაყოფილდნენ. არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს“.

პედაგოგების აზრით, სამინისტროს პოლიტიკა სკოლებთან მიმართებაში არათანმიმდევრულია. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის სერტიფიცირებული პედაგოგის, თინიკო ბერიძის აზრით, სამინისტრო ცდილობს სისტემური პრობლემა ნაჩქარევად ჩაანაცვლოს: „ის, რომ სკოლები შეიძლება დარჩეს მასწავლებლის გარეშე, მხოლოდ ამის დანახვით არ გადაწყდება პრობლემა. სამინისტრომ ალბათ ისიც დაინახა, რომ ძალიან ცოტაა პედაგოგობის მსურველი. ადამიანს მოსთხოვო კერძის დამზადება პროდუქტის გარეშე, ცოტა რთულია. შედეგზე რომ გახვიდე, ამაზე უნდა იმუშაო“.

პედაგოგი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობს: „გვთხოვენ ევროპულ დონეზე მუშაობას და გვიხდიან აფრიკულ ხელფასს. სამინისტროს არ უზრუნია იმაზე, რომ სკოლებს ჰქონდეს ძლიერი ტექნიკური ბაზა, არ უზრუნია ჩვენს გადამზადებაზე. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალების მიერ ჩატარებული ტრენინგები, ახლა იწყებენ მასწავლებელთა სახლში რაღაც პროექტს, მაგრამ არ ვიცი ვინ იქნებიან ტრენერები, რამდენად სანდოა მათი კვალიფიკაცია. შეიძლება პედაგოგი სერტიფიცირებულია, მაგრამ მე მაინც მქონდეს კითხვები მის კვალიფიკაციაზე. არც ახლა ვიცით, რას გვთავაზობენ, რა იქნება სამომავლოდ. ერთი სიტყვით, სისტემაში ძალიან დიდი პრობლემაა და ყველა სქემა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, გასაანალიზებელია. თუ ახალ სქემაზეც პროფესიონალებმა არ იმუშავეს, ჩათვალეთ, რომ ეს სქემაც ჩავარდნილია“.

ქეთინო გვარჯალაძე პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი

ქეთინო გვარჯალაძე სერტიფიცირებული პედაგოგია. ის ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ქიმიას ასწავლის. პედაგოგი ამბობს, რომ მომხრეა სიახლეებისა და განვითარების: „სერტიფიცირებამ არაფერი მომცა-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან გამოცდის ჩაბარებას სჭირდება შრომა და დრო. თუმცა, პედაგოგის დონე მარტო ამით არ განისაზღვრება. აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის შეფასება. სამინისტრო ვარდება უკიდურესობაში. გვთავაზობს მხოლოდ ერთ გზას. სერტიფიცირებამ გამოგვაფხიზლა პედაგოგები, ესეც საჭიროა, მაგრამ უნდა გვქონდეს სხვა ალტერნატივაც. ახლა საუბარია კრედიტების დაგროვებაზე, ახალ სისტემაზე, მაგრამ რა როგორ უნდა მოხდეს, თითქმის არც ერთ პედაგოგს ჩემ ირგვლივ ინფორმაცია არ აქვს.

არ ვიცით რითი განისაზღვრება კვალიფიციური პედაგოგის ანაზღაურება, არც იმაზე გვაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა ჩემს სერტიფიკატს ძალა ან რამდენ ხანს ექნება. პროცესები ისევ ძალიან ბუნდოვნად მიდის. ყველა სხვადასხვანაირად ლარაკობს და მე, როგორც პედაგოგს, რა მელის სამომავლოდ, ვერ გავარკვიე“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი