8, 9 და 10 აგვისტოს მოეწყობა ლიტერატურული ექსპედიცია – დაგეგმილია სტუმრობა შუახევში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებსა და ადგილებში, შემდგომი ისტორიული ესეების, ლექსების, მოთხრობის, ნოველებისა და ჩანახატების შექმნის მიზნით, რომლებიც პროექტის ფარგლებში თავს მოიყრის სპეციალურ კრებულში.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი შუახევის კულტურის ცენტრის რეჟისორი ვახტანგ ბერიძეა. პროექტი 15 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდება. „ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული“ მუნიციპალიტეტის თემებში სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.
შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 5 აგვისტოს დაიწყო. საქართველოდან ორი ნაკრები იყო წარდგენილი.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიიდან კიდევ სამი საპრიზო ადგილი ჩამოიტანეს. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძემ, გიზო მელაძემ (55) და ლაშა გობაძემ (84) ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ოთხივე გამარჯვებული აჭარის ჭიდაობის ნაკრებიდან არიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რვა წონით (50, 55, 60, 66, 74, 84, 96, 120) კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში 31 ქვეყანა მონაწილეობდა.
8-9 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონობისთვის გოგონები იბრძოლებენ. 10 აგვისტოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილის ჭიდაობით გაგრძელდება.
მსოფლიოს წამყვან თემებში, ოლიმპიადის შემდეგ, საქართველოს ამბები იყო. სოფლების ღამით დაბომბვის კადრებს უშვებდნენ უკომენტაროდ. თავდაპირველად დაჯერებაც კი გამიჭირდა. გადავქექე, გადავამოწმე, ნამდვილად საქართველოზე თუ იყო საუბარი. სააკაშვილისა და მედვედევის განცხადებები რომ ამომიგდო, ეჭვი აღარ მეპარებოდა. ისტერიკა მქონდა.
ჩემი შვილი, მეუღლე, მამა, და-ძმები, ყველა ჩემი უახლოესი ადამიანი საქართველოში იყო და არც ვიცოდი როგორ… და იყვნენ კი?.. მთელი ღამე და მთელი მეორე დღე ვერ დავუკავშირდი ოჯახს. ტელეფონით ვერ ვრეკავდი, ელექტრონულ წერილებზე არ მპასუხობდნენ. უცხოურ საინფორმაციო საიტებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვითაც არაფერი იყო სანუგეშო. 9-ში დღის ბოლოს ძლივს შევძელი ჩემებთან დაკავშირება. მომიყვნენ რა ხდებოდა და ისიც დააყოლეს, რომ ღამით ბათუმში შუქი ქრება. შუქს აქრობდნენ იმ მოტივით, რომ სიბნელეში პორტის დაბომბვას ვერ შეძლებენო.
6 წლის ლილე მამაჩემმა მთაში წაიყვანა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა დაბრუნება. ჩემი საქართველოში ყოფნით რას გავაკეთებდი, მაგრამ მერჩივნა ჩემებთან ერთად…
5 დღეში საბრძოლო მოქმედებები დასრულდა და დაიწყო განხილვები, ვისი ბრალია? ვინ დაიწყო? რისთვის? რატომ ღეჭავდა საქართველოს პრეზიდენტი ჰალსტუხს და ვინ ვის დაურეკა რა მესიჯით.
ამერიკაში მყოფი ქართველი სტუდენტები ამერიკულმა მედიამ მოგვძებნა და ჩვენ შესახებ რეპორტაჟებს იღებდნენ. საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა რუსეთის აგრესიის პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში დროშები გამოვფინეთ. რუსულ „ოდნოკლასნიკებში“ ყოველ საათში ერთხელ ბლოკავდნენ საქართველოს დროშას, თავიდან ვქმნიდით პროფაილებს და კვლავ ვპოსტავდით დროშებს. რუსი მომხმარებლები გვაგინებდნენ და გვლანძღავდნენ, ნაცისტებს გვეძახდნენ…
ორლანდოში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია მოვაწყვეთ ორლანდოს მთავარ ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ ტრანსპარანტებით: „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“, „ძირს რუსეთის აგრესია“ და სხვა.
აქციაზე ოსი გოგონა იყო – ირინა, რომელიც ამბობდა, რომ გაიზარდა ოსეთში და ცხოვრობს ამერიკაში, მაგრამ ის ქართველია.
სხვათა შორის, რუსიც მონაწილეობდა აქციაში – საჯაროდ გმობდა რუსეთის იმპერიალიზმს: „ეს არ არის ომი ხალხებს შორის, ჩვენი ერები ყოველთვის მეგობრები იქნებიან“.
ალბათ…
ირგვლივ მყოფი ამერიკელები დახმარებას გვთავაზობდნენ. შეიძლება ამას მათი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც განსაზღვრავდა… ომის შედეგად ჩვენს ირგვლივ ბევრმა გაიგო, რომ საქართველო რუსეთი არ არის და საერთოდაც, რომ საქართველო ქვეყანაა და არა შტატი.
სხვათა შორის, კურიოზული სიტუაციებიც შეიქმნა, ადგილობრივმა მედიამ რომ გამოაცხადა – საქართველოს რუსეთი უტევსო, ამერიკულ ბლოგებზე დაიდო პოსტები, სადაც
„თვითმხილველები“ ჰყვებოდნენ, როგორ დაინახეს რუსული ტანკები მათ ქალაქში და როგორ უნდა დაირაზმონ რუსეთის ჯარის დასახვედრად…
2 წლის შემდეგ უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტობისთვის და საგანმანათლებლო
საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ნიკოლსონის კომუნიკაციის სკოლამ უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე წარმადგინა. გამარჯვების შანსი მცირე იყო, რადგან ჩვენი უნივერსიტეტი ტექნოლოგიური პროგრამებით არის ცნობილი და სტუდენტებს დიდი მიღწევებიც აქვთ ამ კუთხით.
გამიმართლა – ფინალში გავედი. ბოლო გასაუბრებაზე კომისიის შემადგენლობაში წარმოშობით რუსი პროფესორი დამხვდა.
მოვუყევი ჩემ შესახებ… აგერ შენი მეზობელი გვყავს კომისიაშიო, მითხრეს. 2008 წლის აგვისტომდე რომ ყოფილიყო, შეიძლება გამხარებოდა ერთმორწმუნე რუსის იქ ნახვა, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად აღვიქვამდი მას.
ანგარიშის მიხედვით 2014 წლის იანვარი–ივლისის პერიოდში სამინისტროს სერვისებით 5 799 მოქალაქემ სარგებლა.
2014 წლის იანვრიდან–ივლისის პერიოდში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურებისთვის 204 822 ლარი გამოიყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, წელს ეპიდზედამხედველობის განხორციელების, ეპიდსიტუაციის მართვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ფარგლებში – გადამდებ დაავადებათა კერებში განხორციელდა 710 ვიზიტი, 477 სუპერვიზია/მონიტორინგი. მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების მიზნით გამოკვლეული იქნა – 63 333 კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, დაგამბუზირდა – 11 ჰა ფართის წყალსატევები. აჭარის სკოლებსა და აღებში ჩატარდა “ჯანმრთელობის გაკვეთილეი”.
მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამით ისარგებლა – 20 344 ბენეფიციარმა, მათ შორის 16 257 მოსწავლემ და 4087 – ბაღის აღსაზრდელმა.
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ჩაუტარდა 200 000მდე სარეიტინგო ქულის მქონე 680 ორსულს. C ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 1656 ბენეფიციარს.
კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა 15 ვიზიტი და დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 673 ბენეფიციარს.
დასაქმების სააგენტოს მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით წელს მათ რეგისტრაციისთვის 1060–მა სამუშაოს მაძიებელმა მიმართა, რომელთაგან გასაუბრებაზე გაიგზავნა 909 ადამიანი და დასაქმდა 417.
წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 17 პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 5 960 200 ლარით განისაზღვრება.
სისხლის ბანკი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დამზადდეს უსაფრთხო ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები.
გამოკვლევების ერთი ნაწილი უტარდება თავად დონორს, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ დონორულ სისხლს. დონორებისთვის ხდება ჯგუფის, რეზუსის და ჰემოგლობინის მაჩვენებლების განსაზღვრა, ხოლო დონაციის შემდეგ უახლესი ლაბორატორიული მეთოდებით სისხლი გადის ვირუსულ ინფექციებზე კონტროლს. სისხლის კომპონენტების დამზადების პროცესი დახურულ, გარემოსგან სრულად დაცულ ციკლს გაივლის, ეს კი დამზადებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობითაჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სისხლის ბანკში დამზადებული პროდუქციით უზრუნველყოფილი იქნება აჭარის რეგიონი, რაც შესაბამისად წაადგება ქვეყანაში არსებულ სისხლის მოთხოვნაზე დეფიციტის აღმოფხვრას.
დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სისხლის ბანკის გახსნაზე მისვლას გეგმავს აწარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.
დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
სტუდენტი, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა და ატესტატი მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში (ქედა, შუახევი, ხულო) – 25 ადგილი; სტუდენტი, რომელიც არის ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო – 25 ადგილი; სტუდენტი, რომელიც არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი) – 25 ადგილი; სტუდენტი, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100 000-ზე – 25 ადგილი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროში 2014 წლის 25 ივლისიდან 2014 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. 2014 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრირებულია 51 აპლიკანტი.
ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ეისითი” ავრცელებს. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კომპანია ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობასაც ეხმაურება:
“ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს.
იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული წყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას. თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანმიმდევრულნი და ობიექტურები.
ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში” – ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის ლოგოს შერჩევაში სულ 2429 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 1243-მა (51.17%) ლოგოს მესამე ვარიანტს მისცა ხმა.
ბაგრატ მანველიძე კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებს გაუწევს კურატორობას;
ალექსანდრე მითაიშვილი ქალაქის მერიაში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს;
ზურაბ ბერიძე კი საფინანსო-ეკომონიკურ საკითხებს გაუწევს მეთვალყურეობას.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვმა ვიცე-მერებს უკვე მისცა კონკრეტული დავალებები და ვიცე-მერებს მიმდინარე პროექტების მეთვალყურეობა და კონტროლი დაავალა.
ფესტივალი ბათუმში რეგიონებისლუდისფესტივალი 2014-ის ფარგლებში გაიმართება, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება „ნატახტარის“ ბრენდები.
ფესტივალზე ლუდის შეძენა შესაძლებელი იქნება ლუდის მონეტების საშუალებით, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე გაიყიდება. ერთი ლუდის მონეტის ფასი 1 ლარი და 50 თეთრია.
ერთი ლუდის მონეტით შესაძლებელია შეიძინოთ 1 ბოთლი „ნატახტარი“ ან „მთიელი“, ორი მონეტით კი „კოზელი“, „ეფესი“ ან „კაიზერი.“
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ინფორმაციით 2014 წელს ამ დრომდე 11 102 ავტომობილია დაჯარიმებული არასწორი პარკირების გამო. საერთო რაოდენობაში შედის გადაუხდელი პარკირებაც.
მონიტორინგის სამსახურის უფროსის, გოჩა აბაშიძის თქმით, ქალაქში პარკირებას მათი 22 თანამშრომელი უწევს მონიტორინგს.
არასწორი პარკირებისას მძღოლებს აჯარიმებს საპატრულო პოლიციაც. შსს-ს პრესსამსახურში “ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ სტატისტიკა უნდა გამოვითხოვოთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახურისგან.
„ბათუმი არის საზღვაო კურორტი, რაც არ ჩანს არცერთ ვერსიაში. სამივე ვარიანტში მოცემულია არარელევანტური კონცეფციები ბათუმის მიმართებაში.
ლოგო 1
ვარიანტი N1-ის აღწერის მიხედვით, ფრანი ასოცირდება ზღვასთან, თუმცა რეალურად ფრანი (თუნდაც ცისფერი) ზღვის აშკარა ასოციაციას ვერ ქმნის, რადგან ფრანი ხშირად გვინახავს ტბაზეც, ტრიალ მინდორში პიკნიკზეც, მეგობრის აგარაკზე და ასე შემდეგ. ფრანი უამრავ სხვა ასოციაციას იწვევს, რაც ზღვას პირიქით უკანა პლანზე წევს.
ლოგო 2
ვარიანტი N2-ის აღწერით თუ ვიხელმძღვანელებთ, ლოგოში გამოყენებულია ცისფერი ფერი, რადგან ცისფერი ასოცირდება ცასთან და წყალთან. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხევაში ცისფერი ვერ გვიქმნის ზღვის ასოციაციას, რადგან ფრთები, ხშირ შემთხვევაში, ისედაც ცისფრად იხატება. შესაბამისად ლოგოში ცისფრის არსებობის მიზეზიც სწორედ ფრთებია და არა ზღვა. ეს უკანასკნელი აქაც უკანა პლანზე რჩება.
ლოგო 3
ვარიანტი N3-ში საერთოდ არ ჩანს არც ზღვა და არც ზღვისფერი. ბათუმის, როგორც ზღვის ქალაქის ლოგოში კი აუცილებელია წამიერი შეხედვითაც კი იგრძნობოდეს ზღვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ N1 და N3 ვერსიების ლოგოტიპი “Batumi” არის თურქეთის ლოგოტიპის იდენტური.
…გარდა ლოგოტიპისა, მოცემული სამი ვერსიის გრაფიკული ნიშნები ძალიან უხარისხოდ და არაპროფესიონალურად არის შესრულებული. სამივე ვარიანტი ესთეტიურად მიუღებელია. “
…ვითხოვთ, ჩატარდეს ხელახალი კონკურსი ბათუმის ლოგოს შესარჩევად და ლოგო არჩეულ იქნას ადეკვატური კრიტერიუმების მიხედვით“- ვკითხულობთ პეტიციაში.
„ეს არის დიზანერების, არტ-დირექტორებისა და კრეატიული დირექტორების ჯგუფი, ბათუმის ლოგოს საკითხიც მოხვდა ამ ჯგუფში განხილვის თემად და ჩვენი მოვალეობაა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი,“ – ამბობს თაკო აბრამია, დიზაინერი.
მისი თქმით, ლოგოზე წარწერა პლაგიატია და იგივე შრიფტითაა მოცემული წარწერა თურქეთის ლოგოზე: “რომ დაგუგლოთ თურქეთის ლოგო, ადვილად დაინახავთ მსგავსებას“ – ამბობს დიზაინერი.
ბათუმის ლოგოების სამი ვერსიიდან ერთ-ერთი საზოგადოებამ ხმის მიცემით უნდა შეარჩიოს.
ლოგოები „ეისითიმ“, ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოამზადა, რომელმაც სამუშაობი 32 ათას ლარად შეასრულა. ტენდერის პირობით ბრენდკონცეფციის შექმნის მიზნით კოპანიას დაევალა ეკონომიკური ბაზრის კვლევა.
მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ალბათ, თავადაც ხვდებიან, რომ რეაბილიტირებული გზების იმ მასშტაბებით შევიწროება, რასაც ბათუმში აქვს ადგილი, არანაირად არ პასუხობს ბათუმის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.
პრაქტიკულად, ძველ ბათუმში თითქმის ყველა „რეაბილიტირებული“ ქუჩა იმდენად შევიწროებულია, რომ ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს დიდი გაჭირვებით უვლის. ეს, თავის მხრივ, საცობებს წარმოშობს და კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს (რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილების დაზიანებაზე, რასაც, გაუფრთხილებლობით თუ გამოუცდელობით, ხშირად აქვს ადგილი „ახლადრეაბილიტირებულ“ ქუჩებზე).
ცალკე შეფასების საგანია ქუჩების რეაბილიტაციის წლობით დაუმთავრებელი პროცესი, რაც ხშირად რამდენიმე კვირით ან თვით შეჩერებულია სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო (მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩის საკმაოდ დიდი მონაკვეთი უკვე მეოთხე წელია „რეაბილიტაციის პროცესშია“).
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იშვიათია ადამიანი, ვინც ბათუმში ქუჩების შევიწროებულ ზოლში მოხვდება და არ დასვამს კითხვას: რატომ შევიწროვდა ქუჩებზე ავტომობილების სავალი ნაწილი?
ეს საკითხი მეტად საინტერესოა, უფრო სწორად, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი და დაუსაბუთებელია. თავადაც მძღოლი ვარ და ხშირად შემხვედრია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე აბსურდულ საცობში მოხვედრილი ბათუმის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას გზის შევიწროების გამო. ეს რას ნიშნავს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას გზების ახალი მეთოდებით დაპროექტების, შევიწროების, ველობილიკების მშენებლობისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ? ამ კითხვაზე კონკრეტული და დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერსად მოვისმინე.
ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ არგუმენტად, რის გამოც გზებზე ავტომობილის სავალი ნაწილი შევიწროვდა, სახელდება ველობილიკების მოწყობა.
არავინ იცის, რა მონაცემებზე, კვლევებსა და საზოგადოებრივ ინტერესებზე დაყრდნობით მოხდა ავტომობილთან მიმართებაში პრიორიტეტად ველოსიპედის აღიარება. მოტივი _ `ჯანსაღი ცხოვრება~, ბუნებრივია, კარგად ჟღერს, თუმცა ყველამ თავის ირგვლივ მიმოიხედოს და დათვალოს, რამდენი ახლობელი ადამიანი გადაადგილდება ველოსიპედით სამსახურში, სტუმრობისას და თუნდაც ჯანსაღი წესით ცხოვრების მიზნით (ადამიანთა გარკვეული ნაწილი დილით ბულვარში ველოსიპედით სეირნობს და ამას ისინი გზების შევიწროებამდეც ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, მათთვის დღეს არსებული ვითარება უფრო მისაღებია, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, როცა ველოსიპედით გადაადგილდებიან).
მეორე არგუმენტი, რაც ქუჩებზე ავტომობილების სავალი ნაწილის შევიწროების მიზეზად სახელდება, გულისხმობს ამ ქუჩებზე ერთი მიმართულებით (ცალმხრივი) მოძრაობის წესის შემოღებას. ეს არგუმენტი, შესაძლოა, დამაჯერებლად ჟღერს მანამ, სანამ ასეთ გზაზე საცობში არ მოხვდები, რასაც ახლებურად მოწყობილი „პარკინგი“ იწვევს (ავტომობილების დიდი რაოდენობა, არასწორად გაჩერებული მანქანები, ნახევრად შუა ქუჩაზე გაჩერებული დაცვის პოლიციისა თუ ინკასაციის ავტომობილი და ა.შ.). ვისაც არ სჯერა, ცოტა ხნით გაჩერდეს ამ ქუჩებში და თავად დარწმუნდება.
რადგანაც პარკინგს შევეხეთ, აქ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ თითქმის არც ერთ ქუჩაზე არ არის ავტომობილის გაჩერების საკმარისი ადგილები (იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ბევრ ადგილას პარკინგი საერთოდ არ არის). ასევე, პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე: ზოგიერთ ადგილას სახელმწიფო დაწესებულებებს, ბანკებს და ა.შ. თავისი ოფისების (საკუთარის, ან ნაქირავების) წინ რატომ აქვთ შემოსაზღვრული ტერიტორია მხოლოდ მათი თანამშრომლებისათვის.
წარმოუდგენელია, რომ ეს ტერიტორიები ვინმეს საკუთრება იყოს. რატომ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მძღოლები თავიანთი სამსახურებრივი თუ თანამდებობრივი სტატუსების მიხედვით. ასე ყველგან არ არის, თუმცა, გარკვეულ ადგილებში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეც გვხდება მსგავსი შეზღუდვა. რა გამოდის? მე რომ მოვინდომო, ჩვენი სამსახურის წის მანქანის გაჩერების ადგილს შემოვსაზღვრავ?! ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, არასწორი და დისკრიმინაციულია. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით.
კიდევ ერთი მოსაზრება, რაც ძველ ბათუმში ქუჩების დავიწროებას უკავშირდება: ამბობენ, რომ რამდენიმე ქუჩაზე, შესაძლოა, ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს. თუ ასე მოხდება და იმ ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები გაასაჩივრებენ ამგვარ გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით, ისინი აუცილებლად მოიგებენ დავას. გადაადგილების უფლების შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადითა და სასეირნო ბილიკების მოწყობის მიზეზით, დაუშვებელია.
„პაციენტები, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ მოწამვლის გამო, ამას ხშირად უკავშირებენ ზღვაზე ყოფნას. “ზღვაზე ვბანაობდი, იმის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი, მაქვს ღებინება, ღებინების შეგრძნება“, – ამბობენ ხოლმე როდესაც ვსინჯავთ. თუმცა შემდგომ რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ მიღებული აქვთ საზამთრო, სალათა მაიონეზით, სხვადასხვა სახის საკვები, რასაც შეეძლო ეს ინტოქსიკაცია გამოეწვია. დღის მანძილზე ხშირია გამოძახება ინტოქსიკაციაზე, თუმცა მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზღვამ გამოიწვია“, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი მაია ბოლქვაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარო ჩხაიძის თქმით, დღის განმავლობაში ნაწლავური აშლილობის რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება.
„თუმცა წინა წელთან შედარებით მატება არ აღინიშნება, მხოლოდ სეზონური მატება გვაქვს,“ – ამბობს მარო ჩხაიძე.
არის თუ არა ზღვაში ბანაობა უსაფრთხო? – აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვა სუფთაა და უსაფრთხო. ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით. ეს არის გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომელშიც არის სტანდარტები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ზღვის წყლის ხარისხი. ლაბორატორიული კვლევა 6 მაჩვენებელზე ტარდება. ესენია: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლინდექსი, ლაქტოზა – დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგები, ფეკალური სტრეპტოკოკები, ოქროსფერი სტაფილოკოკები და პათოგენები – მიკროორგანიზმები.
„ყველა ამ მაჩვენებელზე არსებობს დამტკიცებული ნორმა, მაგალითად კოლინდექსი არის 5 ათასი ნორმით. კოლინდექსი ნიშნავს ერთ ლიტრ წყალში რამდენი ნაწლავის ჩხირის ბაქტერია შეიძლება იყოს. ნორმით 5 ათასი შეიძლება. მაგალითად, 30 ივლისს მიღებული ლაბორატორიული დასკვნით კოლინდექსის მაჩვენებელი სარფში არის 1300. ეს ნორმაზე ბევრად მცირეა და საშიში არ არის. იგივე სარფში, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები ნორმა 10 ათასია. კვლევით მიღებული მაჩვენებელი არის 620,“ – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
ზღვის წყლის ხარისხის გასაზომად სინჯებს შავი ზღვის სანაპიროზე რვა წერტილში იღებენ: სარფში, გონიოში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის ცენტრალურ პლაჟზე, ბარცხანაში, მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟზე.
„30 ივლისს მიღებული ლაბორატორიული დასკვნით ზღვის წყლის ხარისხი აკმაყოფილებს სტანდარტებს და ბანაობა უსაფრთხოა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორიის დასკვნა. რომელსაც დავუკვეთეთ ეს კვლევა და ამას აკეთებენ მაღალ სტანდარტზე. ამ კვლევებს ჩვენ ვენდობით. რაღაც საფუძველი უნდა იყოს, რომ ეჭვი შევიტანოთ დასკვნის სისწორეში,“ – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
კითხვაზე, რას ეტყოდა მოქალაქეებს, რომლებიც ინტოქსიკაციას ზღვას აბრალებენ, პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვა უსაფრთხოა: „ის, ვინც მოიწამლა, შესაძლოა ალერგია აქვს ორგანიზმს. ან კიდევ გადაყლაპა წყალი. ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდა ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში, ზღვის წყლის გადაყლაპვა იწვევს უარყოფით რეაქციებს. სიცხე, კუჭის აშლილობა – ასეთი რეაქცია ზღვის წყალს ყოველთვის ჰქონდა, ახალგაზრდებში განსაკუთრებით. ზღვის წყალი გასულ წლებთან შედარებით წელს უკეთესია, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა ორგანიზმში ხვდება, უარყოფით რეაქციას იწვევს“.
ამავე პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 22 ბენეფიციარს. სამნისტრომ პროგრამა წელს შეიმუშავა და 1000 ლარით გაზარდა ფინანსური დახმარების ოდენობა.
2014 წლამდე, დაღუპულთა ოჯახებს თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფოდათ. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარაში მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 2 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას 3 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ომში დაღუპულთა დედებისა და მეუღლეებისათვის 1000-1000 ლარის გამოყოფას.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას სახალხო დამცველის და სემეკის თანამშრომლები, არასამათავრობო სექტორის, უფლებადამცველი ორგანიზაციების და ადგილობრივი ენერგო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სალომე ვარდიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს ენერგოომბუდსმენის ფუნცქციები და უფლებამოსილებები გააცნო, ისაუბრა ძირითად გამოწვევებსა და მიმდინარე წლის სტატისტიკაზეც.
საზოგადოებრივ დამცველთან სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს ენერგოსექტორში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის ალტერნატივიებზე. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადეობამ დადებითად შეაფასა აჭარის რეგიონში ენერგოომბუდსმენის თანაშემწის წარდგენის ფაქტი. ენერგოკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ენერგოომბუდსმენის შეფასებით, რეგიონული თანაშემწეების არსებობა ხელს შეუწყობს ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს 1328 განცხადებაა რეგისტრირებული. კონსულტაცია კი ათასამდე მოქალაქემ მიიღო. მათი ჩართვის შემდეგ კი მოსახლეობის სასარგებლოდ კომპანიებმა ნახევარი მილიონი ლარის თანხა უკან დააბრუნეს.
ბაგრატ მანველიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ეროვნული ბანკის ფილიალს ხელმძღვანელობდა აჭარაში.
ზურაბ ბერიძე წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. 2008 წელს იგი დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს- აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლების ბოროტად გამოყენებას თავისთვის ან სხვისთვის და ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას, ან კიდევ თანამდებობის დაკავებისა თუ საქმიანობითი უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.
ზურაბ ბერიძე ზურაბ ნოღაიდელის კადრი იყო.
ალექსანდრე მითაიშვილი: „მოსკოვში მაქვს დამთავრებული პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი, ვმუშაობდი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, მივლინებული გახდით ასევე ლონდონში სანაოსნოს წარმომადგენლად. ვმუშაობდი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში 2001-2004 წლებში. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ინსპექციაში ჯერ მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელი ვიყავი. 2004 წლიდან ვარ კერძო ბიზნესნში. უფრო კონკრეტულად კი სანავთობო და სამშენებლო ბიზნესში“.
რაც შეეხება ბაგრატ მანველიძეს, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მერის – გიორგი ერმაკოვის მისაღებში შეკრებილი მერის მოადგილეებისგან ჟურნალსტებმა ვერ მიიღეს ინფორმაცია, მათი ავტობიოგრაფიული მონაცემები.
კონკრეტულად რომელი მოადგილე რომელ სფეროს უხელძღვანელებს, ჯერჯერობით, უცნობია. დღესვე გიორგი ერმაკოვმა დაასახელა 12 სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგიერთი მათგანი დროებით შეასრულებს მოვალეობას.
ერმაკოვის განმარტებით, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია, თუმცა, მისივე თქმით, პროფესიონალი კადრები შესაძლოა დაწინაუროს კიდეც.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ახლადარჩეულმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა შაშიკაძემ დღეს სოფელ აჭის შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
მოვინახულეთ კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთი, რომელზეც 30 წლის განმავლობაში ტრაქტორსაც არ გაუვლია, ახლა კი 5 სანტიმეტრი სისქის ასფალტი დავაგეთ. მოსახლეობის მოთხოვნაა შიდა გზების კეთილმოწყობა და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე არის ქობულეთში სოფლები, სადაც ამ დრომდე გაზიფიცირება არ მომხდარა. უკვე მომავალ წელს დასრულდება რაიონის სრული გაზიფიცირება“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ აჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ერთფენიანი ასფალტი 1400 მეტრ სიგრძეზე დაიგო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბონდი–2009“-მ აწარმოა. პროექტის საერთო ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს.
დღესვე არჩილ ხაბაძე და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა შაშიკაძე ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელი – კვირიკე–ჰესის ხიდის ექსპლუატაციაში გაშვებას დაესწრნენ. ხიდი ზამთრის უამინდობის დროს სტიქიის შედეგად დაზიანდა და ჩავარდა, ამიტომ საჭირო გახდა ახალის გაკეთება.
ახალი ხიდი 12 მეტრი სიგრძისაა, ხოლო სიგანე 8 მეტრია, რომლის 6 მეტრი ტრანსპორტის სავალი ნაწილია. პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ლარია. ხიდი ემსახურება რამდენიმე სოფლის მოსახლეობას და აკავშირებს მათ ბათუმი–ქობულეთის ცენტრალურ გზასთან.
„ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყოველ კვირას იქნება შეხვედრები ადგილობრივებთან. ძალიან ბევრი პროექტია, საქმე გაკეთდება და როგორც დავპირდი მოსახლეობას ეტაპობრივად, ყველა კვირაში მოხდება ამ საქმეების ჩაბარება მოსახლეობაზე . ამ ხიდით 4 სოფელი სარგებლობს. ასევე აქ არის 2 პავიოლიონი და ქარხანა, რომელთან მისასვლელი გზა სწორედ ამ ხიდზე გადის. ძალიან დაეხმარება გადამზიდავ ტრანსპორტს ციტრუსის სეზონზე ნორმალურ გადაადგილებაში.“ – განაცხადა ქობულეთის ახლადარჩეულმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ.
„ეს იქნება ქალაქის არსებული ტურისტული რუკის ალტერნატივა. სახელმძღვანელო მოიცავს ბათუმის საინტერესო ადგილებსა და ისტორიებს, ადამინებს თუ ღირსესანიშნაობებს. მაგალითად, მელკიმორე, საიდანაც დაიწყო ბათუმის განაშენიანება, ის რომ ბათუმის უნივერსიტეტის ადგილას იყო ციხე, სად მდებარეობდა სტალინის მუზეუმი… ეს სახელმძღვანელო პირველ რიგში უნდა იყოს ბათუმელებისთვის, რადგან არის თაობა, რომელთაც არ იციან სად რა იყო ბათუმში, არის ხალხი, ვინც არ არის ნამყოფი ჭავჭავაძის ქუჩის იქეთ და რა თქმა უნდა ტურისტებისთვის, რომელთაც ცნობილი ტურისტული ადგილების გარდა ბათუმში სხვა ადგილების ნახვაც უნდათ“ – ამბობს ლაშა ფალავანდიშვილი, პროექტის პიარმენეჯერი.
იგი ამბობს, რომ ამ პროექტისთვის საგანგებოდ მოიწვიეს უკრაინიდან კატია რადჩენკო, რომელსაც დამუშავებული აქვს ქალაქ ოდესის ალტერნატიული სახელმძღვანელო. იგი თავის გამოცდილებას გაუზიარებს სემინარების მონაწილეებს და მათთან ერთად იმუშავებს ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნაზე.
კითხვაზე, რატომ შეარჩიეს უკრაინელი ტრენერი პროექტისათვის, ლაშა პასუხობს, რომ კატია რადჩენკოს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პროექტის განხორციელებაში.
„იგი ძალიან ცნობილი არტისტია, აქვს დიდი გამოცდილება. მართალია, ბათუმი არ იცის, მაგრამ ბათუმი ვიცით ჩვენ, მან კი იცის როგორ უნდა გაკეთდეს მსგავსი პროექტი. ინფორმაცია ჩვენ უნდა მივაწოდოთ, მისი დახმარებით კი მივიღებთ რუკას,“ – პასუხობს ლაშა.
ვისთვის იქნება სემინარები საინტერესო? – ლაშა ამბობს, რომ პირველ რიგში სტუდენტებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის: „მაგალითად, სტუდენტებს, რომლებიც არიან დაინტერესებული არქიტექტურით, ურბანიზაციით, ქალაქის სოციალური ფონით, ეძლევათ საშუალება საკუთარი იდეებით კონკრეტული პროდუქტი შექმნან. ეს სახელმძღვანელო ტურისტული კომპანიებისთვისაც გამოყენებადი იქნება.“
სემინარებისათვის პროექტის ორგანიზატორებმა ოცამდე მონაწილე უნდა შეარჩიონ. მონაწილეობის მსურველებმა CV უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე: artspacebatumi@gmail.com ან idzneladze@gmail.com 5 აგვისტოს ჩათვლით. სემინარზე მონაწილეობის მსურველებმა სასურველია იცოდნენ რუსული ან ინგლისური ენა. სემინარები 14 – 17 აგვისტოს გაიმართება.
ადვოკატ დავით ჯაფარიძეს ამის მიღწევა შემდეგი გარემოების გამო მიაჩნია შესაძლებლად: „მას შემდეგ, რაც ციხეებში ცემა და წამება შეწყდა, ბრალდებული დაბრუნდა საქართველოში… ციხის ადმინისტრაცია დაინტერესდა დავით ხალვაშით, ის პატიმრებს ავარჯიშებს და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან შეიძლება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობა დაიწყოს. ასევე ჰყავს 2 შვილი. იყო მაშველი და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“.
დავით ხალვაშზე ძებნა 2004 წელს გამოცხადდა. დავით ხალვაში „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წავიდა საქართველოდან. დავით ხალვაშს ბრალად ედება
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა). დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.
დავით ხალვაში საქართველოში წელს, მარტის დასაწყისში დაბრუნდა.
“კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოს შსს-ს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს”, – აცხადებენ შსს-ში.
შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, აღნიშნულ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს რვაკვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ სისტემას.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ოპერატიული დანაყოფი ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე პერიოდულად სხვადასხვა გამტარ პუნქტებში იმუშავებს.
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რაულ მჟავანაძის დედა ლილი მჟავანაძე და მეუღლე თეონა ივანაძე საფლავთან
ქალბატონო ლილი, აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. წლების შემდეგ როგორ აფასებთ დღეს ამ ომს?
რაც დრო გადის, უფრო მეტად მენატრება შვილი, მეტი გულისტკენაა. ამას ომი არ ერქვა, ეს შეცდომა იყო.
როდის გაიგეთ რაულის დაღუპვის ამბავი?
მოულოდნელი იყო ჯერ ის, რომ საქართველოში ომი დაიწყო. რვა აგვისტოს ტელევიზიით გადიოდა, რომ თითქოს საქართველომ გაიმარჯვა. მე მიკვირდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა, რადგან რაულს არაფერი უთქვამს ჩვენთვის ომის შესახებ. მაზლიშვილი მოვიდა და მითხრა ლილი ბიცოლა, თუ იცი, რაული რომ წინა ხაზზეაო… არაფერი ვიცოდი, ვუყურებდი ტელევიზორს და დაბნეული ვიყავი. 8 აგვისტოს, ათ საათზე, თეონა (რაულის ცოლი) ტელეფონით რომ დაელაპარაკა, ჰკითხა, დღეს თუ მოდიხარო. რაულს პარასკევ საღამოს ბათუმში ჩამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. დღეს ვერ მოვდივარ, სიტუაცია დაძაბულიაო – უთხრა თეონას. ვიფიქრე, დაძაბულ ვარჯიშს გულისხმობდა. მერე გაითიშა ტელეფონი და მას მერე ვეღარც დავუკავშირდით. ვერც მის მეგობრებს დავუკავშირდით. გულში როგორ გავივლებდი, რომ შვილი აღარ მყავდა.
მოგვიანებით გავიგეთ, რომ სწორედ რვა აგვისტოს დაღუპულა. სამეზობლოში ვიყავი გადასული, მინდოდა ვიღაცას რამე წამოსცდენოდა და სიმართლე ეთქვათ. მოგვიანებით იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ რაული დაჭრილი იყო. ჩემი მეუღლე თხილს კრეფდა. მაზლი ჩავიდა და უთხრა, ასლან, მე მგონი რაულს ფეხი აქვს მოწყვეტილი და ბიჭები მის ჩამოსაყვანად არიან წასულიო. გააფრთხილეს, რომ ჩემთან არაფერი ეთქვათ. მე კი ვხვდებოდი უკვე, რომ რაულის დაღუპვას მიმალავდნენ. 11 აგვისტოს, გამთენიის ექვსი საათი იყო, როცა რაული სახლში მომისვენეს. ჩუმად ვიყავი, რადგან იმის დარდი მქონდა, თეონა სამი თვის ფეხმძიმედ იყო და ნერვიულობისგან მუცელი არ მოშლოდა. მახსოვს, რაულის წინასწარ როგორ უხაროდა შვილის გაჩენა. იგი ცხინვალში დაიღუპა, ასე ამბობენ, რვა დაჭრილი მეომარი გადაარჩინა, მეცხრეს უნდა მიშველებოდა, როცა ბომბს ემსხვერპლა. წელიწადნახევრის მერე რაულის დაღუპვაზე დარდით ასლანი, ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. ღამეებს სასაფლაოზე ათენებდა, დილით რომ წავიდოდა, საღამოს მიმწუხრზე დაბრუნდებოდა. მე რაც გადავიტანე, ღმერთმა ის სიზმარშიც არავის ანახოს.
ქალბატონო ლილი, რატომ აირჩია რაულიმ ჯარისკაცობა და რამდენად მზად იყავით მისი არჩევანისთვის?
იარაღის მეშინია. მე არ მსურდა, რომ ჯარისკაცი ყოფილიყო. დედიკო აქ, სოფელში რა გავაკეთოო, სულ ამას იძახდა, აქ რომ მოვკვდე, ერთ კვირას გემახსოვრებით და მერე ყველა დამივიწყებთ, სახელმწიფო სამსახურში კი კაცი რომ კვდება, იმას არ ივიწყებენო. კრწანისის სამხედრო ბაზაზე იყო, სანამ თბილისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადავიდოდა. პირველად ფორმით რომ დაბრუნდა, ასე თქვა, დედიკო ეს ფორმა თუ იცი რას ნიშნავსო?! კაცი რომ სახელმწიფო ფორმას ჩაიცვამ, ის უკვე ოჯახს და დედას არ ეკუთვნისო. ეს შენც უნდა იცოდე, მეც უნდა ვიცოდე და ყველა იმ ოჯახმა, ვის შვილსაც სამხედრო ფორმა აცვიაო.
მისი სამხედრო საქმიანობა სავალდებულო სამხედრო სწავლებიდან დაიწყო ბათუმში, სადაც ორი წელი იმყოფებოდა. ამის მერე შეუყვარდა სამხედრო სამსახური. ოჯახს არ გვსურდა, რომ წასულიყო, ფულიც არ მივეცით. სამხედრო სავალდებულო სწავლების შემდეგ ფოთში საზღვაო აკადემია დაამთავრა, მაგრამ მაინც სამხედრო სამსახური აირჩია. ამბობდა, საქართველოს გაერთიანებამდე ვიქნები სამხედრო სამსახურშიო.
ოთხი ბიჭი მყავს. რაული მესამე შვილი იყო. სულ უმცროსი, გოგიტაც, სამხედრო პირი გახდა. ორი კვირის გასვენებული იყო რაული, რომ თბილისში გამეპარა, წასვლამდე კი თქვა, ვაზიანში უნდა ჩავიდე და უნდა ვცადო, იქნებ რაულის ადგილას მიმიღონო, მაგრამ ოფიცერმა და რაულის ძველმა მეგობრებმა არ მიიღეს, ერთ ოჯახში ერთი მსხვერპლი საკმარისიაო – უთხრეს. გოგიტას რაულის გარდაცვალებამდე არც უფიქრია სამხედრო დანაყოფში წასვლა. როცა აიჩემა, რაულის ადგილას უნდა წავიდეო, ვერც კი ვუთხარი და ვერც – არა. ჩემს ასაკს თავი რომ დავანებოთ, 64 წლისა ვარ, იარაღს დავიკავებდი და საქართველოს გვერდში დავდგებოდი. როცა საქართველოს დახმარება სჭირდება, ყველა უნდა დადგეს მის გვერდით.
რა მიზნები ჰქონდა რაულს?
8 ივლისს 35 წელი შეუსრულდა იმ წელს და ოთხი წელი სრულდებოდა, რაც ვაზიანში იმყოფებოდა. რვაწლიან კონტრაქტზე აპირებდა ხელის მოწერას მეორეჯერ, ერაყში წასასვლელად. პირველად შვიდი თვით წავიდა და 2007 წლის 12 აპრილს დაბრუნდა. 2008 წლის ოქტომბერში წავიდოდა კიდევ, ეს ომი რომ არ მომხდარიყო.
სახელმწიფო თუ გეხმარებათ?
აფხაზეთის ომში რომ დაიღუპნენ და იმათი ხსენება არაა, იმათთან შედარებით ჩვენ ხშირად გვიხსენებენ. ომის წლის თავზე, დედის დღეზე… თბილისში ოთახნახევრიანი ბინა გადასცეს რაულის შვილს, ნინოს. ასე გადასცეს ყველა დაღუპული მეომრის ოჯახს. გაყიდვაც შეიძლება და გაჩუქებაც, რადგან ამჟამად არ ვსარგებლობთ ბინით, მაგრამ ის ნინოს საკუთრებაა და როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს.
რას ფიქრობთ დღეს, ნანობთ რომ რაული ჯარისკაცი იყო?
ვნანობ, რომ დაიღუპა. იმას არ ვნანობ, ქვეყნის სახელისთვის რომ იბრძოდა. პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხოთ რაულის ვინაობა, ის გეტყვით ვინ იყო. მე ამით ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ქართველი გმირის სახელი დატოვა. დედის გული კი არ მორჩება. როცა ვიცინი, სისხლის წვეთები გულზე მეცემა. ცოცხალი ადამიანი ასე ყოფილა, დაულაპარაკებელი, გაუცინებელი ვერ დარჩება.
„მიხარია რომ ამ საქმეს ასეთი შედეგი აქვს და თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ბავშვების დახმარებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება შეხვედრები ამ საქმეზე და ამ პროექტსაც წარმატებით დავასრულებთ. აგვისტოში იუნესკოს ბავშვებისთვის დასახმარებლად ათენში უნდა ჩავიდეთ. ვფიქრობ რაც უფრო მეტი იქნება აქტიურობა, მით მეტი ადამიანი ჩაერთვება ქველმოქმედებაში“- განაცხადა მსახიობმა.
დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, მურატ ილდიმირის პირველი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოში:
„როგორც ჩანს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნახვა და მათთან შეხება იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ამ ბავშვების დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლა. ამჯერად მისი ვიზიტის მთავარი მიზანი არის კლიპს უკავშირდება, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი უსასყიდლოდ, ქველმოქმედების მიზნით აკეთებს“.
საქველმოქმედო ვახშამი სასტუმრო „ინტურისტში“ იმართება. ვახშამის ღირებულება ერთ კაცზე 160 ლარს შეადგენს.
„კონცერტს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“ კურირებს, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს როგორც ინფორმაციულად, ასევე ფინანსურად ეხმარება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ საქველმოქმედო ფონდის „ევროპა დონა ჯორჯიას“ აჭარის კოორდინატორი მამოლოგი თემურ გოგიტიძე.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია დაარსების დღიდან მუშაობს საქართველოში ამ სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ჩვენი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს ამ საზარელი დაავადების პრევენცია“, – ამბობს ის.
მამოლოგის თქმით, ორგანიზაციის მიზანი მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.
„ამიტომ შევქმენით სპეციალური ფონდი, რომელშიც აკუმულირდება თანხები იმ პაციენტთათვის, რომელთა მკურნალობა განსაკუთრებულად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ან თავიანთი ფინანსები არ გააჩნიათ ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის“.
საქველმოქმედო ფონდი ევროპაში 2006 წლიდან არსებობს, აჭარაში ფონდის ხელშეწყობით პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება.
ცნობილი გიტარისტი კონცერტზე თავის შვილთან, ლენიე იზმაილოვასთან ერთად დაუკრავს. კონცერტში ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბილეთებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 568 000 600
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა პროგრამა წარმატებით განხორციელდა.
პროგრამების ფარგლებში შესყიდული იქნა 360 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი, რომელიც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაურიგდა თანადაფიანასების პრინციპით.
სამინისტრომ პროგრამის ,,მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს გადასცა ხეხილის (ხურმის 3500, მოცვის,7000, კაკლის, 4000 და კივის 2000) ნერგი.
ადგილობრივი საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაურიგდათ 250 ერთეული მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქცია.
მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით, შემოტანილი იქნა 964 ცალი თანამედროვე ტიპის პოლისტიროლის მასალისაგან დამზადებული ორსართულიანი დადანბლანტის სკა და 30 ცალი თაფლის საწური მოწყობილობა (ციბრუტი).
ნიადაგის კვლევების შედეგად გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე საჭირო გახდა ნიადაგების ქიმიური მელიორაციის ღონისძიების ჩატარება. სამინისტრომ ამ ღონისძიების განსახორციელებლად რეგიონში შემოიტანა 8000 ტონა დეფეკაციური ტალახი. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და აამაღლებს შეტანილი მინერალური სასუქების ეფექტს.
მიმდინარე წელს იგეგმება რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება შემდგომი განვითარებისათვის. კერძოდ, შერჩეულ კოოპერატივებში მოხდება სამრეწველო ბაღების გაშენება, მანდარინის ნაყოფის მობილური დამკალიბრებელი დანადგარების და თხილის მობილური გამრჩევი დანადგარის შესყიდვა რომლებიც გადაეცემათ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს.
ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრისა და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოები.
„ეს მისასალმებელია, თუმცა შევახსებენ პრემიერს რომ რეალობა სხვაა და დღემდე დაზარალებულთა მხოლოდ ათი პროცენტის კომპენსირება მოხდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ათი პროცენტიდან რამდენიმეს უკვე სთხოვენ თანხის უკან დაბრუნებას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული“.
თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე მომუშავე კომპანია და სახელმწიფო ერთდროულად სარგებლობენ გლეხების უმწეო მდგომარეობით და ძალიან დაბალი ფასით ხდება, მათი მიწების კომპენსირება.
„ბევრმა ოჯახმა ვერ მოასწრო მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ამ მიწებს სახელმწიფო იფორმებს , რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. ეს პრობლემა არ არის მოგვარებული ხულოს მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურში. ხულოს სოფლებში – წაბლანა, კვატიასა და ღურტას დასახლებაში, ხელვაჩაურში კი, აჭარისწყლის ხეობაში, მარადიდსა და კირნათში. სახელმწიფო არ ცდილობს აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა თავზე და შეაბამისად, კომპანია ცდილობს რომ მოსახლეობის სასარგებლოდ მინიმალური დანახარჯი გაწიოს“.
დღესდღეობით, ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში 34-მდე პირის საქმე სასამართლოშია გადაცემული მიწების უკანონოდ, თაღლითურად მითვისების ბრალდებით. გლეხები არ ეთანხმებიან პროკურატურის ბრალს და სასამარლოსგან კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას ელოდებიან. ბრალდებული გლეხების საქმეზე სასამართლო სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი გადაიდო.
„წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შემიძია ვთქვა, რომ არ იყო ჯაჭვი, შესაბამისად ვერ დავაკავშირეთ ფიზიკური ზიანი მორალურთან“ – განაცხადა მიქაბერიძემ.
მოსამართლის თქმით, ტელევიზიებში გასული სიუჟეტები, სადაც მედეა ვასაძე დოდო დიასამიძეს ფსიქოლოგიურად არასტაბილურს უწოდებს, შეფასებითი ნაწილია და არ შეიძება ჩაითვალოს პატივისა და ღირსების შელახვად.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე დოდო დიასამიძის მტკიცებით, დეპუტატმა მედეა ვასაძემ მას უმაღლეს საბჭოს შენობაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
დოდო დიასამიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„წინასწარ ვერ გავამხელ დეტალებს, ყველაფერი მოხდება კანონიერად, ორშაბათს გაიგებთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ერმაკოვმა სატელეფონო საუბარში.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად გიორგი ერმაკოვი, როგორც არჩეული მერი მის წინამორბედთან შედარებით გაზრდილი უფლებამოსილებით ისარგებლებს.
მერის უფლებამოსილება იქნება მუნიციპალური „შპს“- ებისა და აიპების დაფუძნება; გარერეკლამის, მშენებლობისა და გარევაჭრობის ნებართვების გაცემა, ხელშეკრულებების გაფორმება მუნიციპალიტეტებთან და სხვა მსგავსი საკითხები.
იცვლება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურაც. ახალი კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მერიას ბიუჯეტს დაუწუნებს და დაწუნებულ საფინანსო დოკუმენტს შენიშვნებით დაუბრუნებს უკან, ხოლო მერია შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, საკრებულოს აქვს უფლება საკრებულოს ერთი მესამედის მიერ ინიცირებული ბიუჯეტი დაამტკიცოს. ოღონდ ამ შემთხვევაში დოკუმენტის დასამტკიცებლად საკრებულოს უფრო მეტი საკრებულოს წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. „სამი მეოთხედი მაინც“, – განმარტავს საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე. ამის შემდეგ კი მერია იძულებული იქნება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით იხელმძღვანელოს.
ახალი კოდექსით შეცვლილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების წესიც. ადერე საკრებულო მხოლოდ საპრივატიზებო ნუსხას ამტკიცებდა, პრივატიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარება კი მერიის კომპეტენცია იყო. ამჯერად საკრებულო საპრივატიზებო გეგმაზეც იმსჯელებს.
საკრებულო დაამტკიცებს როგორც საკრებულოს აპარატის, ასევე მერიის საშტატო ნუსხას.