Batumelebi | აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ – Batumelebi
RU | GE  

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ

 

 

ედნარ დიასამიძე (ქობულეთი, დაბა ჩაქვი), რაულ მჟავანაძე (ქობულეთი, სოფელი ლეღვა), ამირან შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ომარ ასლანიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), გიორგი შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ავთანდილ ქამაშიძე (ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი), ვაჟა შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), თენგიზ ჭაღალიძე (ქობულეთი, ციხისძირი), გიორგი ქათამაძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ბესიკ შაინიძე (ქობულეთი, კვირიკე), ნადიმ ართმელაძე (ხულო, სოფელი ბეღლეთი), მერაბ ჭელიძე (ხულო, შემდგომში _ წალკა სოფელი გუმბათი), თეიმურაზ ბერიძე (ბათუმი), იაგო მიქელაძე (შუახევი, სოფელი ბუთურაული), ამირან მამალაძე (შუახევი, სოფელი ბარათაული), ფრიდონ თურმანიძე (ქედა, სოფელი მერისი) – ეს იმ 16 ჯარისკაცის სახელები და გვარებია, ვინც ექვსი წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემით 2008 წლის აგვისტოს ომში 170 მეომარი დაიღუპა, აქედან 16 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. როგორ აფასებს წლების შემდეგ ჯარისკაცის ოჯახი ომს, რომელმაც მათი ოჯახის წევრის სიცოცხლე შეიწირა? „ბათუმელები“ ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის _ რაულ მჟავანაძის დედას, ლილი მჟავანაძეს ესაუბრა. კაპრალი რაულ მჟავანაძე, რომელიც IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა, 8 აგვისტოს ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად 35 წლის ასაკში დაიღუპა.

 

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რაულ მჟავანაძის დედა ლილი მჟავანაძე და მეუღლე თეონა ივანაძე საფლავთან

 

 
ქალბატონო ლილი, აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. წლების შემდეგ როგორ აფასებთ დღეს ამ ომს?

რაც დრო გადის, უფრო მეტად მენატრება შვილი, მეტი გულისტკენაა. ამას ომი არ ერქვა, ეს შეცდომა იყო.

 როდის გაიგეთ რაულის დაღუპვის ამბავი?


  მოულოდნელი იყო ჯერ ის, რომ საქართველოში ომი დაიწყო. რვა აგვისტოს ტელევიზიით გადიოდა, რომ თითქოს საქართველომ გაიმარჯვა. მე მიკვირდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა, რადგან რაულს არაფერი უთქვამს ჩვენთვის ომის შესახებ. მაზლიშვილი მოვიდა და მითხრა ლილი ბიცოლა, თუ იცი, რაული რომ წინა ხაზზეაო… არაფერი ვიცოდი, ვუყურებდი ტელევიზორს და დაბნეული ვიყავი.
8 აგვისტოს, ათ საათზე, თეონა (რაულის ცოლი) ტელეფონით რომ დაელაპარაკა, ჰკითხა, დღეს თუ მოდიხარო. რაულს პარასკევ საღამოს ბათუმში ჩამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. დღეს ვერ მოვდივარ, სიტუაცია დაძაბულიაო – უთხრა თეონას. ვიფიქრე, დაძაბულ ვარჯიშს გულისხმობდა. მერე გაითიშა ტელეფონი და მას მერე ვეღარც დავუკავშირდით. ვერც მის მეგობრებს დავუკავშირდით. გულში როგორ გავივლებდი, რომ შვილი აღარ მყავდა.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ სწორედ რვა აგვისტოს დაღუპულა. სამეზობლოში ვიყავი გადასული, მინდოდა ვიღაცას რამე წამოსცდენოდა და სიმართლე ეთქვათ. მოგვიანებით იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ რაული დაჭრილი იყო.
ჩემი მეუღლე თხილს კრეფდა. მაზლი ჩავიდა და უთხრა, ასლან, მე მგონი რაულს ფეხი აქვს მოწყვეტილი და ბიჭები მის ჩამოსაყვანად არიან წასულიო. გააფრთხილეს, რომ ჩემთან არაფერი ეთქვათ. მე კი ვხვდებოდი უკვე, რომ რაულის დაღუპვას მიმალავდნენ.
11 აგვისტოს, გამთენიის ექვსი საათი იყო, როცა რაული სახლში მომისვენეს. ჩუმად ვიყავი, რადგან იმის დარდი მქონდა, თეონა სამი თვის ფეხმძიმედ იყო და ნერვიულობისგან მუცელი არ მოშლოდა. მახსოვს, რაულის წინასწარ როგორ უხაროდა შვილის გაჩენა. იგი ცხინვალში დაიღუპა, ასე ამბობენ, რვა დაჭრილი მეომარი გადაარჩინა, მეცხრეს უნდა მიშველებოდა, როცა ბომბს ემსხვერპლა.
წელიწადნახევრის მერე რაულის დაღუპვაზე დარდით ასლანი, ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. ღამეებს სასაფლაოზე ათენებდა, დილით რომ წავიდოდა, საღამოს მიმწუხრზე დაბრუნდებოდა. მე რაც გადავიტანე, ღმერთმა ის სიზმარშიც არავის ანახოს.

 ქალბატონო ლილი, რატომ აირჩია რაულიმ ჯარისკაცობა და რამდენად მზად იყავით მისი არჩევანისთვის?

 

იარაღის მეშინია. მე არ მსურდა, რომ ჯარისკაცი ყოფილიყო. დედიკო აქ, სოფელში რა გავაკეთოო, სულ ამას იძახდა, აქ რომ მოვკვდე, ერთ კვირას გემახსოვრებით და მერე ყველა დამივიწყებთ, სახელმწიფო სამსახურში კი კაცი რომ კვდება, იმას არ ივიწყებენო. კრწანისის სამხედრო ბაზაზე იყო, სანამ თბილისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადავიდოდა. პირველად ფორმით რომ დაბრუნდა, ასე თქვა, დედიკო ეს ფორმა თუ იცი რას ნიშნავსო?! კაცი რომ სახელმწიფო ფორმას ჩაიცვამ, ის უკვე ოჯახს და დედას არ ეკუთვნისო. ეს შენც უნდა იცოდე, მეც უნდა ვიცოდე და ყველა იმ ოჯახმა, ვის შვილსაც სამხედრო ფორმა აცვიაო.

 

მისი სამხედრო საქმიანობა სავალდებულო სამხედრო სწავლებიდან დაიწყო ბათუმში, სადაც ორი წელი იმყოფებოდა. ამის მერე შეუყვარდა სამხედრო სამსახური. ოჯახს არ გვსურდა, რომ წასულიყო, ფულიც არ მივეცით. სამხედრო სავალდებულო სწავლების შემდეგ ფოთში საზღვაო აკადემია დაამთავრა, მაგრამ მაინც სამხედრო სამსახური აირჩია. ამბობდა, საქართველოს გაერთიანებამდე ვიქნები სამხედრო სამსახურშიო.

 

ოთხი ბიჭი მყავს. რაული მესამე შვილი იყო. სულ უმცროსი, გოგიტაც, სამხედრო პირი გახდა. ორი კვირის გასვენებული იყო რაული, რომ თბილისში გამეპარა, წასვლამდე კი თქვა, ვაზიანში უნდა ჩავიდე და უნდა ვცადო, იქნებ რაულის ადგილას მიმიღონო, მაგრამ ოფიცერმა და რაულის ძველმა მეგობრებმა არ მიიღეს, ერთ ოჯახში ერთი მსხვერპლი საკმარისიაო – უთხრეს. გოგიტას რაულის გარდაცვალებამდე არც უფიქრია სამხედრო დანაყოფში წასვლა. როცა აიჩემა, რაულის ადგილას უნდა წავიდეო, ვერც კი ვუთხარი და ვერც –  არა. ჩემს ასაკს თავი რომ დავანებოთ, 64 წლისა ვარ, იარაღს დავიკავებდი და საქართველოს გვერდში დავდგებოდი. როცა საქართველოს დახმარება სჭირდება, ყველა უნდა დადგეს მის გვერდით.

 

  რა მიზნები ჰქონდა რაულს?


 8 ივლისს 35 წელი შეუსრულდა იმ წელს და ოთხი წელი სრულდებოდა, რაც ვაზიანში იმყოფებოდა. რვაწლიან კონტრაქტზე აპირებდა ხელის მოწერას მეორეჯერ, ერაყში წასასვლელად. პირველად შვიდი თვით წავიდა და 2007 წლის 12 აპრილს დაბრუნდა. 2008 წლის ოქტომბერში წავიდოდა კიდევ, ეს ომი რომ არ მომხდარიყო.

 სახელმწიფო თუ გეხმარებათ?

 

 აფხაზეთის ომში რომ დაიღუპნენ და იმათი ხსენება არაა, იმათთან შედარებით ჩვენ ხშირად გვიხსენებენ. ომის წლის თავზე, დედის დღეზე… თბილისში ოთახნახევრიანი ბინა გადასცეს რაულის შვილს, ნინოს. ასე გადასცეს ყველა დაღუპული მეომრის ოჯახს. გაყიდვაც შეიძლება და გაჩუქებაც, რადგან ამჟამად არ ვსარგებლობთ ბინით, მაგრამ ის ნინოს საკუთრებაა და როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს.

 რას ფიქრობთ დღეს, ნანობთ რომ რაული ჯარისკაცი იყო?

 

 ვნანობ, რომ დაიღუპა. იმას არ ვნანობ, ქვეყნის სახელისთვის რომ იბრძოდა. პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხოთ რაულის ვინაობა, ის გეტყვით ვინ იყო. მე ამით ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ქართველი გმირის სახელი დატოვა. დედის გული კი არ მორჩება. როცა ვიცინი, სისხლის წვეთები გულზე მეცემა. ცოცხალი ადამიანი ასე ყოფილა, დაულაპარაკებელი, გაუცინებელი ვერ დარჩება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი