Batumelebi | უკავშირდება თუ არა ზღვაში ბანაობა მოწამვლის შემთხვევებს უკავშირდება თუ არა ზღვაში ბანაობა მოწამვლის შემთხვევებს – Batumelebi
RU | GE  

უკავშირდება თუ არა ზღვაში ბანაობა მოწამვლის შემთხვევებს

 

არის თუ არა ბათუმში ზღვაში ბანაობა უსაფრთხო. სამედიცინო დაწესებულებებს აჭარაში პაციენტები ინტოქსიკაციის ნიშნებით აკითხავენ. თუმცა, იმის თქმა, რომ ზღვაზე მოიწამლნენ, ექიმებს არ შეუძლიათ. თავის მხრივ აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე ზღვის წყალი სუფთაა. 

 

ზღვა, ბათუმი.
ზღვა, ბათუმი.

„პაციენტები, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ მოწამვლის გამო, ამას ხშირად უკავშირებენ ზღვაზე ყოფნას. “ზღვაზე ვბანაობდი, იმის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი, მაქვს ღებინება, ღებინების შეგრძნება“, – ამბობენ ხოლმე როდესაც ვსინჯავთ. თუმცა შემდგომ რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ მიღებული აქვთ საზამთრო, სალათა მაიონეზით, სხვადასხვა სახის საკვები, რასაც შეეძლო ეს ინტოქსიკაცია გამოეწვია. დღის მანძილზე ხშირია გამოძახება ინტოქსიკაციაზე, თუმცა მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზღვამ გამოიწვია“, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი მაია ბოლქვაძე.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარო ჩხაიძის თქმით, დღის განმავლობაში ნაწლავური აშლილობის რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

„თუმცა წინა წელთან შედარებით მატება არ აღინიშნება, მხოლოდ სეზონური მატება გვაქვს,“ – ამბობს მარო ჩხაიძე.

 

 

არის თუ არა ზღვაში ბანაობა უსაფრთხო? – აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვა სუფთაა და უსაფრთხო. ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით. ეს არის გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომელშიც არის სტანდარტები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ზღვის წყლის ხარისხი. ლაბორატორიული კვლევა 6 მაჩვენებელზე ტარდება. ესენია: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლინდექსი, ლაქტოზა – დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგები, ფეკალური სტრეპტოკოკები, ოქროსფერი სტაფილოკოკები და პათოგენები – მიკროორგანიზმები.

 

 

„ყველა ამ მაჩვენებელზე არსებობს დამტკიცებული ნორმა, მაგალითად კოლინდექსი არის 5 ათასი ნორმით. კოლინდექსი ნიშნავს ერთ ლიტრ წყალში რამდენი ნაწლავის ჩხირის ბაქტერია შეიძლება იყოს. ნორმით 5 ათასი შეიძლება. მაგალითად, 30 ივლისს მიღებული ლაბორატორიული დასკვნით კოლინდექსის მაჩვენებელი სარფში არის 1300. ეს ნორმაზე ბევრად მცირეა და საშიში არ არის. იგივე  სარფში, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები ნორმა 10 ათასია. კვლევით მიღებული მაჩვენებელი არის 620,“ – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

 

ზღვის წყლის ხარისხის გასაზომად სინჯებს შავი ზღვის სანაპიროზე რვა წერტილში იღებენ: სარფში, გონიოში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის ცენტრალურ პლაჟზე, ბარცხანაში, მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟზე.

 

 

„30 ივლისს მიღებული ლაბორატორიული დასკვნით ზღვის წყლის ხარისხი აკმაყოფილებს სტანდარტებს და ბანაობა უსაფრთხოა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორიის დასკვნა. რომელსაც დავუკვეთეთ ეს კვლევა და ამას აკეთებენ მაღალ სტანდარტზე. ამ კვლევებს ჩვენ ვენდობით. რაღაც საფუძველი უნდა იყოს, რომ ეჭვი შევიტანოთ დასკვნის სისწორეში,“ – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

 

კითხვაზე, რას ეტყოდა მოქალაქეებს, რომლებიც ინტოქსიკაციას ზღვას აბრალებენ,  პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვა უსაფრთხოა: „ის, ვინც მოიწამლა, შესაძლოა ალერგია აქვს ორგანიზმს. ან კიდევ გადაყლაპა წყალი. ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდა ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში, ზღვის წყლის გადაყლაპვა იწვევს უარყოფით რეაქციებს. სიცხე, კუჭის აშლილობა – ასეთი რეაქცია ზღვის წყალს ყოველთვის ჰქონდა, ახალგაზრდებში განსაკუთრებით. ზღვის წყალი გასულ წლებთან შედარებით წელს უკეთესია, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა ორგანიზმში ხვდება, უარყოფით რეაქციას იწვევს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი