სიახლეები

პეტიცია: ვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებით

06.08.2014 • 1779
პეტიცია: ვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებით

„ბათუმი არის საზღვაო კურორტი, რაც არ ჩანს არცერთ ვერსიაში. სამივე ვარიანტში მოცემულია არარელევანტური კონცეფციები ბათუმის მიმართებაში.

ლოგო 1
ლოგო 1

ვარიანტი N1-ის აღწერის მიხედვით, ფრანი ასოცირდება ზღვასთან, თუმცა რეალურად ფრანი (თუნდაც ცისფერი) ზღვის აშკარა ასოციაციას ვერ ქმნის, რადგან ფრანი ხშირად გვინახავს ტბაზეც, ტრიალ მინდორში პიკნიკზეც, მეგობრის აგარაკზე და ასე შემდეგ. ფრანი უამრავ სხვა ასოციაციას იწვევს, რაც ზღვას პირიქით უკანა პლანზე წევს.

ლოგო 2
ლოგო 2

ვარიანტი N2-ის აღწერით თუ ვიხელმძღვანელებთ, ლოგოში გამოყენებულია ცისფერი ფერი, რადგან ცისფერი ასოცირდება ცასთან და წყალთან. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხევაში ცისფერი ვერ გვიქმნის ზღვის ასოციაციას, რადგან ფრთები, ხშირ შემთხვევაში, ისედაც ცისფრად იხატება. შესაბამისად ლოგოში ცისფრის არსებობის მიზეზიც სწორედ ფრთებია და არა ზღვა. ეს უკანასკნელი აქაც უკანა პლანზე რჩება.

ლოგო 3
ლოგო 3

ვარიანტი N3-ში საერთოდ არ ჩანს არც ზღვა და არც ზღვისფერი. ბათუმის, როგორც ზღვის ქალაქის ლოგოში კი აუცილებელია წამიერი შეხედვითაც კი იგრძნობოდეს ზღვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ N1 და N3 ვერსიების ლოგოტიპი “Batumi” არის თურქეთის ლოგოტიპის იდენტური.

…გარდა ლოგოტიპისა, მოცემული სამი ვერსიის გრაფიკული ნიშნები ძალიან უხარისხოდ და არაპროფესიონალურად არის შესრულებული. სამივე ვარიანტი ესთეტიურად მიუღებელია. “

…ვითხოვთ, ჩატარდეს ხელახალი კონკურსი ბათუმის ლოგოს შესარჩევად და ლოგო არჩეულ იქნას ადეკვატური კრიტერიუმების მიხედვით“- ვკითხულობთ პეტიციაში. 

 „ეს არის დიზანერების, არტ-დირექტორებისა და კრეატიული დირექტორების ჯგუფი, ბათუმის ლოგოს საკითხიც მოხვდა ამ ჯგუფში განხილვის თემად და ჩვენი მოვალეობაა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი,“ – ამბობს თაკო აბრამია, დიზაინერი. 

მისი თქმით, ლოგოზე წარწერა პლაგიატია და იგივე შრიფტითაა მოცემული წარწერა თურქეთის ლოგოზე: “რომ დაგუგლოთ თურქეთის ლოგო, ადვილად დაინახავთ მსგავსებას“ – ამბობს დიზაინერი. 

ბათუმის ლოგოების სამი ვერსიიდან ერთ-ერთი საზოგადოებამ ხმის მიცემით უნდა შეარჩიოს.

ლოგოები „ეისითიმ“, ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოამზადა, რომელმაც სამუშაობი 32 ათას ლარად შეასრულა. ტენდერის პირობით ბრენდკონცეფციის შექმნის მიზნით კოპანიას დაევალა ეკონომიკური ბაზრის კვლევა. 

გადაბეჭდვის წესი