სიახლეები

ამერიკიდან დანახული აგვისტოს ომი

07.08.2014 • 2253
ამერიკიდან დანახული აგვისტოს ომი

მსოფლიოს წამყვან თემებში, ოლიმპიადის შემდეგ, საქართველოს ამბები იყო. სოფლების ღამით დაბომბვის კადრებს უშვებდნენ უკომენტაროდ. თავდაპირველად დაჯერებაც კი გამიჭირდა. გადავქექე, გადავამოწმე, ნამდვილად საქართველოზე თუ იყო საუბარი. სააკაშვილისა და მედვედევის განცხადებები რომ ამომიგდო, ეჭვი აღარ მეპარებოდა. ისტერიკა მქონდა.

ჩემი შვილი, მეუღლე, მამა, და-ძმები, ყველა ჩემი უახლოესი ადამიანი საქართველოში იყო და არც ვიცოდი როგორ… და იყვნენ კი?.. მთელი ღამე და მთელი მეორე დღე ვერ დავუკავშირდი ოჯახს. ტელეფონით ვერ ვრეკავდი, ელექტრონულ წერილებზე არ მპასუხობდნენ. უცხოურ საინფორმაციო საიტებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვითაც არაფერი იყო სანუგეშო. 9-ში დღის ბოლოს ძლივს შევძელი ჩემებთან დაკავშირება. მომიყვნენ რა ხდებოდა და ისიც დააყოლეს, რომ ღამით ბათუმში შუქი ქრება. შუქს აქრობდნენ იმ მოტივით, რომ სიბნელეში პორტის დაბომბვას ვერ შეძლებენო.

6 წლის ლილე მამაჩემმა მთაში წაიყვანა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა დაბრუნება. ჩემი საქართველოში ყოფნით რას გავაკეთებდი, მაგრამ მერჩივნა ჩემებთან ერთად…

5 დღეში საბრძოლო მოქმედებები დასრულდა და დაიწყო განხილვები, ვისი ბრალია? ვინ დაიწყო? რისთვის? რატომ ღეჭავდა საქართველოს პრეზიდენტი ჰალსტუხს და ვინ ვის დაურეკა რა მესიჯით.

ამერიკაში მყოფი ქართველი სტუდენტები ამერიკულმა მედიამ მოგვძებნა და ჩვენ შესახებ რეპორტაჟებს იღებდნენ. საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა რუსეთის აგრესიის პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში დროშები გამოვფინეთ. რუსულ „ოდნოკლასნიკებში“ ყოველ საათში ერთხელ ბლოკავდნენ საქართველოს დროშას, თავიდან ვქმნიდით პროფაილებს და კვლავ ვპოსტავდით დროშებს. რუსი მომხმარებლები გვაგინებდნენ და გვლანძღავდნენ, ნაცისტებს გვეძახდნენ…

ორლანდოში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია მოვაწყვეთ ორლანდოს მთავარ ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ ტრანსპარანტებით: „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“, „ძირს რუსეთის აგრესია“ და სხვა.

აქციაზე ოსი გოგონა იყო – ირინა, რომელიც ამბობდა, რომ გაიზარდა ოსეთში და ცხოვრობს ამერიკაში, მაგრამ ის ქართველია.

სხვათა შორის, რუსიც მონაწილეობდა აქციაში – საჯაროდ გმობდა რუსეთის იმპერიალიზმს: „ეს არ არის ომი ხალხებს შორის, ჩვენი ერები ყოველთვის მეგობრები იქნებიან“.

ალბათ…

ირგვლივ მყოფი ამერიკელები დახმარებას გვთავაზობდნენ. შეიძლება ამას მათი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც განსაზღვრავდა…  ომის შედეგად ჩვენს ირგვლივ ბევრმა გაიგო, რომ საქართველო რუსეთი არ არის და საერთოდაც, რომ საქართველო ქვეყანაა და არა შტატი.

სხვათა შორის, კურიოზული სიტუაციებიც შეიქმნა, ადგილობრივმა მედიამ რომ გამოაცხადა – საქართველოს რუსეთი უტევსო, ამერიკულ ბლოგებზე დაიდო პოსტები, სადაც

„თვითმხილველები“ ჰყვებოდნენ, როგორ დაინახეს რუსული ტანკები მათ ქალაქში და როგორ უნდა დაირაზმონ რუსეთის ჯარის დასახვედრად…

2 წლის შემდეგ უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტობისთვის და საგანმანათლებლო

საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ნიკოლსონის კომუნიკაციის სკოლამ უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე წარმადგინა. გამარჯვების შანსი მცირე იყო, რადგან ჩვენი უნივერსიტეტი ტექნოლოგიური პროგრამებით არის ცნობილი და სტუდენტებს დიდი მიღწევებიც აქვთ ამ კუთხით.

გამიმართლა – ფინალში გავედი. ბოლო გასაუბრებაზე კომისიის შემადგენლობაში წარმოშობით რუსი პროფესორი დამხვდა.

მოვუყევი ჩემ შესახებ… აგერ შენი მეზობელი გვყავს კომისიაშიო, მითხრეს. 2008 წლის აგვისტომდე რომ ყოფილიყო, შეიძლება გამხარებოდა ერთმორწმუნე რუსის იქ ნახვა, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად აღვიქვამდი მას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: