სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

 

გომარდულში, წანკლაურის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან მოყოლებული მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასში ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება. მიზეზი ინგლისურის პედაგოგის არ არსებობაა. 

 

„დაბალ საფეხურზე ინგლისურის გაკვეთილს გერმანულის მასწავლებელი ატარებს. მაღალ კლასებში კი, ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება,“ _ უთხრა „ბათუმელებს“ წანკლაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ციალა ჭაღალიძემ.

 

შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად ხუთი ვაკანსიაა. სკოლა საქართველოს და მსოფლიო გეოგრაფიის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის მასწავლებლებს ეძებს. ზემოხევის საჯარო სკოლაში კი ქიმიისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მასწავლებლები არ ჰყავთ.  

 

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად გაკვეთილებს არასპეციალისტები ატარებენ. მაგალითად, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას სკოლის ადმინისტრატორი ასწავლის. ფიზიკის საათები კი, სკოლის დირექტორს აქვს აღებული. სხეფში მოსწავლეებს გაკვეთილები არ უცდებათ, თუმცა ეს მასწავლებლების ზედმეტი დატვირთვის ხარჯზე ხდება.

 

„გაკვეთილები არ ცდება, სხვა მასწავლებლებს აქვთ გადანაწილებული. გეოგრაფიას და ქიმიას ისეთი მასწავლებელი ატარებს, რომელიც საგნის სპეციალისტი კი არის, მაგრამ ბევრი საათი აქვს და ძალიან გადატვირთულია. მე მათემატიკის სპეციალისტი ვარ და ფიზიკის საათებიც მაქვს აღებული“, _  უთხრა „ბათუმელებს“ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემ. 

 

ოთხი ვაკანსიაა სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში _ სკოლას რუსული ენის, ფიზიკური აღზრდის, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არ ჰყავს. გოგაძეების საჯარო სკოლაში არ ჰყავთ რუსული ენის პედაგოგი. რუსული ენის პედაგოგი სჭირდებათ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაშიც. მახალაკიძეების საჯარო სკოლაში კი, საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი არ ჰყავთ. 

 

მახალაკიძეების სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლაში გაკვეთილები არ ცდება, თუმცა მასწავლებლებს დამატებით უწევთ მუშაობა.

 

„მე, მაგალითად, ისტორიას ვასწავლი. დირექტორს ათ საათზე მეტის ჩატარების უფლება არ აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაკვეთილები არ გაუცდეს, მივმართე სამინისტროს და კიდევ ხუთი საათის ჩატარების უფლება მომცეს,“ _ ამბობს მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ დარჩიძე. 

 

აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო მაღალმთიანეთის სკოლებისათვის არჩევს პედაგოგებს. შერჩეული პედაგოგები კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად სამინისტროსგან დამატებით 400 ლარს იღებენ ხელფასის სახით. პროგრამა მასწავლებლებს ასევე უზრუნველყოფს საცხოვრებლით და საჭირო ლიტერატურით. მიუხედავად ამისა, მაღალმთიანეთისთვის საჭირო კადრების მობილიზება სრულად ვერ ხერხდება. პროგრამა ხუთი საგნის მასწავლებლით უზრუნველყოფს სკოლას. ეს საგნებია: ინგლისური ენა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. ამასთან, შეზღუდულია მასწავლებელთა კვოტაც. მაგალითად, მიმდინარე სასწავლო წელს 36 მასწავლებლის დასაქმებაა განსაზღვრული. ამჟამად კი, 28 არის დასაქმებული. 

 

„სამინისტრო ცდილობს შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩიოს პედაგოგები. უნივერსიტეტებში იმართება შეხვედრები, გადის რეკლამები. თუ გაიმარჯვებს კონკურსანტი კონკურსში, ვუშვებთ სკოლაში. ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში ოცი ვაკანსია გვაქვს. ამ ოცი ვაკანსიიდან სრული არის შვიდი ვაკანსია. იგულისხმება 17 და მეტი საათი. ამ ვაკანსიებში შედის ასევე, მაგალითად, სოფელ ძელაურის საჯარო სკოლაში ხუთსაათიანი ვაკანსია, ძმაგულის  საჯარო სკოლაში სამსაათიანი ვაკანსია. როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით, თუ სად გავუშვათ მასწავლებელი, ავირჩევთ ისეთ სკოლას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელი და სადაც სრული განაკვეთი იქნება. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროს აქვს პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“. იმის ფარგლებშიც უგზავნის სკოლებს მასწავლებლებს. მიტოვებული ნამდვილად არ არის მაღალმთიანი აჭარის სოფლები,“ _ ამბობს ნანა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის _ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ კოორდინატორი.

 

განრიდება, შინაპატიმრობა, შემცირებული სასჯელის ვადები -ცვლილებები კოდექსში

„ვინც ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს ის, ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება წამყვანი ამ პროცესში,  დღეს მთავრობამ დაამტკიცა  სამართლებრივი  და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი“-განაცხადა თეა წულუკიანმა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე საუბრისას.  

   სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში  არასრუწლოვნებთან უპირატესობა ენიჭება   მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტებს. ახალი კოდექსის კანონპროექტის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდისთვის პატიმრობის  ვადა 60-დან 40 დღემდე,  ხოლო  პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება, იკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო პატიმრობა.

წულუკიანმა ასევე განმარტა, რომ განიხილავენ არასრულწლოვნების შემთხვევაში შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ზომას, თუმცა ჯერ სახელმწიფომ ამისთვის საჭირო  სპეციალური სამაჯურები უნდა შეიძინოს. მინისტრის განმარტებით, შინაპატიმრობის ხარჯზე სახელმწიფო დიდ ეკონომიას გააკეთებს, რადგან პენიტენციალურ სისტემაში პატიმრის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შინაპატიმრობის ინსტიტუტის ამოქმედება.

მემორანდუმი მყარი ნარჩენების მართვაზე

 

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, ქალაქ გოლდენის წარმომადგენელმა დანიელ ჰარტმანმა და პროგრამის დირექტორმა რობერტ ბოდომ.

აღნიშნული პროგრამით, აშშ–სა და საქართველოს შორის საფუძველი ეყრება პროფესიულ თანამშრომლობას ნარჩენების მართვის არსებული სისტემის გაუმჯობესების სფეროში.


კირნათში წითელ ნუსხაში შეტანილ წაბლის ხეებს მოჭრიან

 

სახელმწიფოებრივი  და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო  მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის კმ117-კმ119  (კვარიათი-სარფი) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისგან დაცვის, ფერდობების გამაგრებისა და ქ.  ბათუმში, ადლიის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოების  განხორციელების და საჭირო  სასარგებლო  წიაღისეულის  მოპოვების  მიზნით,  შპს  „სახელმწიფო  სამშენებლო  კომპანიას“ სახელმწიფომ მისცა უფლება  გარემოდან ამოიღოს სოფელ  კირნათის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  არსებული,  საქართველოს  „წითელ  ნუსხაში“  შეტანილი  63  წაბლის ხე (Castanea sativa).


 „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია  გარემოდან  ამოღებული  მერქნული  რესურსი დაასაწყობოს  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  აჭარის  სატყეო სააგენტოს  მიერ  მითითებულ  ტერიტორიაზე  და  გადასცეს  მას  მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;   ამ  განკარგულების  ძალაში  შესვლიდან  ორი  თვის  ვადაში, საქართველოს  გარემოსა  და  ბუნებრივი  რესურსების  დაცვის  სამინისტროს  შესათანხმებლად  წარუდგინოს  საქართველოს  „წითელ  ნუსხაში“  შეტანილ  მცენარეთა  ბუნებრივი  გარემოდან  ამოღებით,  ბიომრავალფეროვნებისათვის  მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;  გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის  დეპარტამენტს  წინასწარ  აცნობოს  ამ  პუნქტით  გათვალისწინებული  მცენარეების  ბუნებრივი  გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ.


საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე  კონტროლი   გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

 

110 ათასი ლარი პროკურატურის ყვავილებისა და მცენარეების მოსავლელად

 

მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოყოს თითო მებაღე (ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებშიც), ასევე მენეჯერი, რომელიც კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს ორივე ობიექტს და უშუალო კავშირი ექნება მთავარ პროკურატურასთან მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით.

 

მომსახურე პერსონალი ობიექტზე მომსახურებისას უნდა იყოს შემოსილი სპეც-ფორმით, უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი და/ან წარწერა, აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ხელსაწყოებით, ხელთათმანებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.

 

სატენდერო პირობების თანახმად მენეჯერის ყოფნა ყოველდღიურად ობიექტებზე სავალდებულო არ არის; შემსრულებელი ვალდებულია ქსელში წყლის მიწოდების დროებითი შეზღუდვის შემთხვევაში უზრუნველყოს გამწვანებული ტერიტორიის და ხე-მცენარეების მორწყვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით (წყალმზიდი და სხვა).

 

მიმწოდებელმა მის მიერ გაწეული მომსახურეობის პერიოდში მცენარის დალპობის, გახმობის და(ან) სხვა დაზიანების შემთვევაში უნდა უზრუნველყოს მათი ანალოგიურით ჩანაცვლება, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული ფორს – მაჟორული (სტიქიური უბედურებები, ომი და სხვა) მდგომარეობით ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით.

 

თუ ადგილი ექნება ისეთ კლიმატურ პირობების (უამინდობა, უხვი ნალექი და სხვა), რის გამოც ვერ ხორციელდება კონკრეტულ თვეში გათვალისწინებული მომსახურების სავალდებულო ჯერადობა და ასეთის განხორციელება გამოიწვევს არამიზნობრივი ხარჯის გაღებას შემსყიდველის მხრიდან, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის თაობაზე და შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, შეუსრულებელი მომსახურების ჯერადობა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში (ან საერთოდ არ განხორციელდება), შესაბამისად ანგარიშსწორებაც მიმწოდებელთნ განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების მიხედვით.

 

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება სატენდერო კომისიაში 16-18 მარტს. დაფინანსების წყარო: 2015 წელი – 92 000 ლარი; 2016 წელი – 18 000 ლარი. მომსახურების გაწევა კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 უწყვეტი თვის განმავლობაში.

 

დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისის პროკურატურის ექსტერიერში 523 ყვავილი და სხვა მცენარეა. აქედან 111 დაზიანებულია და 60-მდე დაავადებული. რაც შეეხება ინტერიერს, აქ მოთავსებულია 26 მცენარე [ასევე 16 დეკორატიული ქოთანი]. ამ მცენარეებიდან 3-ს აკლია მიწა, ორი ძირი დაავადებულია სოკოთი და ასევე ორს – ნაწილობრივ დამპალი აქვს ფესვები.

 

მთავარი პროკურატურის შენობასთან სულ 198 მცენარეა გარეთ, ხოლო 12 ინტერიერში. ამათგან, 5 ძირი გამხმარია, 6 ქოთანი შესაცვლელია უფრო დიდი ზომის ქოთნებით, ხოლო 12 ძირი საჭიროებს გადარგვას.

 

როგორი რექტორი სჭირდება ბათუმის უნივერსიტეტს?

 

გოჩა სურგულაძე

უნივერსიტეტის წინა რექტორი გამოირჩეოდა “აკადემიურობით” (მათ შორის სამეცნიერო მუშაობით), “ბჭერმეტყველებითა” და “კომუნიკაბელურობით”. სიმართლე გითხრათ, ის მართლაც იქნებოდა სამაგალითო რექტორი თუ დაიცავდა „უნივერსიტეტის იდეას“, ანუ უნივერსიტეტის ავტონომიურობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არც არაფერი ჰქონდა დასაცავი, ვინაიდან მისი არჩევაც თავდაპირველად აკადემიური საბჭოს ზეწოლის ქვეშ მოხდა. ის იყო რექტორი, რომელიც მრავალი “სიქველის” კეთებასთან ერთად ხელს აფარებდა  ძალაუფლებაში მყოფი პარტიის ბინძურ საქმიანობას უნივერსიტეტში. კერძოდ კი საკადრო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას. შედეგად, წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აპარატი (აგრეთვე ფაკულტეტები ) პარტ-მუშაკებისგან, დეკანის, კანცლერისა,  რექტორის ნათესავებისაგან და მეგობრებისგან დაკომპლექტდა.  აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ უნივერსიტეტი საგრძნობლად განიცდის პროფესორ-მეცნიერთა დეფიციტს. დეფიციტი კი იმ დონემდეა მისული, რომ შეიძლება ითქვას უნივერსიტეტმა უკვე დაკარგა თავისი სახე -მეცნიერების კერა- თუ მას ის ოდესმე ჰქონია.

 

კანდიდატთა შორის ჩვენ ვერ შევხდებით მესიას, მესიას, რომელიც ერთი ჯოხის დაქნევით მოაგვარებს პრობლემებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებს, – არა ერთპიროვნულად, არამედ სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით – აგრეთვე უარს იტყვის იმ მანკიერ ტრადიციებზე, რაც წლების განმავლობაში შეიძინა უნივერსიტეტმა, აღიარებს იმ პრობლემებს, რაც დაგროვდა უნივერსიტეტის შიგნით, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და მოითხოვს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას.

ჩვენ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც ზემოთ აღნიშნული საკითხების დღის წესრიგში დაყენებისას არ შეუშინდება ძალაუფლებაში მყოფი ძალების მუქარებს, დაშინებებსა და პროვოკაციებს.

იფიქრეთ მეგობრებო, 16 მარტი ახლოვდება.

სააკაშვილის ფოტოები ბათუმის ქუჩებში

მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ბათუმის ქუჩებში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობი წევრი, პეტრე ზამბახიძე  კი დარწმუნებულია ეს მაღალი ხარისხის პლაკატები გუშინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარიგა, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის დროს:” გუშინ ღარიბაშილთან თათბირზე გამგებლები და მერები იყვნენ დაბარებულები, ეს ფაქტი თავად არასერიოზულია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმართველობის არჩეულ თანამდებობის პირებს იბარებს თათბირზე, თუმცა ამ დაბარების შედეგი დღეს უკვე ცხადია ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული საქმეები გაკეთდეს, როგორც ჩანს გამოატანეს მაღალი ხარისხით დაბეჭდილი პლალაკატები მუნციპალიტეტის წრამომადგენლებს… წარსულზე საუბრის დროს იკარგება აწმყო და მომავალი…მე მოვუწოდებ გაჩერებული საქმეების გაკეთებისკენ  და თავი დაანებო წარსულში ხელების ფოთიალს, ჩვენც ბევრი გვაქვს გასახსენებელი, როცა შევარდნაძის დროინდელი კადრები  დღესაც მაღალ კენთანამდებობაზე არიან…”-ამბობს “ბათუმელებთან” პეტრე ზამბახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ გამგებლებმა და მერებმა დავალებაც მიიღეს, რომ 21 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის წასვლას ხელი შეუშალონ.

ეს ფოტო გადაღებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში

რატომ აიღეს საინფორმაციო დაფა ეკლესიასთან

„მანდ იყო აბრა წარწერით, რომელიც არ იყო ზუსტი. ტაძრის სახელწოდება ეწერა არასწორად. საინფორმაციო დაფის აღების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელს ტაძრის წინამძღვარმა მისცა სწორი წარწერა, მაგრამ ეს (სწორი წარწერით) მერე არავის დაუდგამს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩხაიძემ.

GE DIGITAL CAMERA

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

„ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აგებულია 1897 წელს მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ. შენობა ფსევდო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია. საბჭოთა დროს აქ განთავსებული ყოფილა არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენობა გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას“, _ ესაა ის ტექსტი, რაც ეწერა საინფორმაციო დაფაზე.

საინფორმაციო დაფა, რომელიც ტაძრის შესასვლელთან იდგა და ეკლესიის მოთხოვნით აიღეს

ამ ტექსტში ტაძრის სახელწოდება ზუსტად იგივეა, როგორც ეს მითითებულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე: „ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი“; ამიტომ ეკლესიის წინამძღვარს, წესით, ტაძრის დასახელებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.

რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ ისტორიულ ფაქტს, რომ ტაძარი აგებულია მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ, ტაძრის ამჟამინდელი მფლობელი ყოველთვის გვერდს უვლის. ზემოაღნიშნულ ვებგვერდზეც, სადაც ტაძრის ისტორიაა განთავსებული, ეს ფაქტი მოყვანილი არ არის. არ არის მითითებული არც ის, რომ ტაძარი თავის დროზე ბათუმელი კათოლიკეებისთვის აშენდა (კათოლიკე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით).

წარწერა ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენობის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გადაცემა ეპარქიის ვებგვერდზე ასეა „ახსნილი“: „საბედნიეროდ, ახალმა დროებამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ეკლესიაც თავის მრევლს დაუბრუნდა“.

თუმცა, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შენობის გადაცემა არ ნიშნავდა „ეკლესიის თავისი მრევლისთვის დაბრუნებას“, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ეკლესიის მრევლი ისტორიულად ბათუმელი კათოლიკეები იყვნენ და არა მართლმადიდებლები.

ზემოაღნიშნული წარწერა დაფაზე სამ ენაზე იყო დატანილი _ ქართულად, ინგლისურად და თურქულად. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და სამივე ენაზე წარწერების შინაარსი იდენტურია.

კონკრეტულად რა უზუსტობა ჩაასწორეს დაფაზე _ ამ კითხვაზე  ეპარქიისგან, ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა პასუხი ვერ მივიღეთ.

„თვითონ ეკლესიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ გვინდა საინფორმაციო დაფაო და მათი გადაწყვეტილებით ავიღეთ“, – უთხრეს რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. საინფორმაციო დაფების განთავსებასა და მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა.

GE DIGITAL CAMERA

ადგილი სადაც საინფორმაციო დაფა იდგა

დეპარტამენტიდან საინფორმაციო დაფებთან დაკავშირებით კი წერილობით შემდეგი პასუხი მივიღეთ: „…ტაძრის მიმდებარედ 2012 წელს იყო განთავსებული საინფორმაციო დაფა, რომელიც ეკლესიის ხელმძღვანელობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იყო დაზიანებული, რის გამოც მოხდა მისი დემონტაჟი“. წერილს ხელს აწერს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამია ბერძენიშვილი.

„დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან იყო საუბარი; არ ისურვა  სამღვდელოებამ, რომ ყოფილიყო იქ განთავსებული ეს დაფა. მათთან შეთანხმებით მოხდა აღება და მერე ჩვენ თვითონ წამოვიღეთ. კვლავ იქ განთავსება აღარ განიხილება“, _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთმა მოადგილემ, რაულ აბულაძემ.

თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, აღებული საინფორმაციო დაფა ინახება საკათედრო ტაძარში, მამია ბერძენიშვილისა და რაულ აბულაძის ინფორმაციით კი _ დეპარტამენტში.  დეპარტამენტმა დაფის ფოტოც მოგვაწოდა.

უნდა იყოს თუ არა ქალაქში ისეთი მნიშვნელობის ნაგებობებთან, როგორიც საკათედრო ტაძარია, განთავსებული საინფორმაციო დაფა?

„გვინდა ძეგლებთან მათი მოკლე ისტორიისა თუ შენობის არქიტექტორის შესახებ ინფორმაციის განთავსება, თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი დაფინანსება არ გაგვაჩნია“, _ აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბიძინა აფხაზავამ.

რაულ აბულაძე: „ეს ადრე დადგმული დაფები შეიძლება ამოვიღოთ საერთოდ. დეპარტამენტმა თავის დროზე ეს იმიტომ გააკეთა, რომ ვაკუუმი იყო ამ მხრივ… ახლა თუ გადაწყდება, ალბათ, სხვა დიზაინით იქნება, ან შესაძლოა ქალაქი (ბათუმის მერია) ფიქრობდეს სხვა ფორმით დაფების განთავსებას“.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ არსებობს მონახაზი ტურისტულ ობიექტებთან საინფორმაციო დაფების განთავსებაზე, გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა საქმე არ მისულა იქამდე, რომ მიმართონ საკრებულოს საკითხის გადასაწყვეტად.

ეპარქიის ვერსია, რომ დაფაზე ტაძრის დასახელება არასწორი იყო და სააგენტოს სწორი ვერსია მიაწოდეს _ დამაჯერებლობას მოკლებულია. ტაძართან სხვა სტილის, ფოტოსტენდიცაა წარწერით, რომელზეც ტაძრის დასახელება სრულად არ წერია. ეპარქიას ამის გამო სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

ფოტოსტენდი

სააგენტოს ინფორმაციას, თითქოს ტაძრის ხელმძღვანელობამ მათ დაფის დაზიანების გამო მიმართა, ეპარქიაში არ ადასტურებენ.

ეკლესიის ხელმძღვანელობას შესაბამისი უწყებებისთვის დღემდე არ მიუმართავს ტაძარში არსებული ფრესკების სავალალო მდგომარეობაზე _ მათი კვალი, ფაქტობრივად, იშლება.

„ეკლესიის მხრიდან წერილობითი მომართვა ფრესკებთან დაკავშირებით არ ყოფილა, არც სატელეფონო ზარი, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი წლის განმავლობაში~, _ ამბობენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ტაძარი თავის დროზე იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს კათოლიკური ეკლესიისათვის დამახასიათებელი ფრესკებით. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობაში საკონცერტო დარბაზი გაეხსნა და შენობის რესტავრაციისთვის თბილისიდან რესტავრატორების ჯგუფი მოიწვია, რომელთაც ეკლესიაში კედლის დაზიანებული ფრესკები აღადგინეს.

ჯგუფს მხატვარ-რესტავრატორი, ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც  ამბობს, რომ „ამჯერად აღდგენა უკეთესიც არის, ახლა გამომშრალია კედლები და შესაძლებელია, რომ საფუძვლიანი რესტავრაცია გაკეთდეს“.

GE DIGITAL CAMERA

თურქეთი. საინფორმაციო დაფა ოშკის მონასტერთან. ფოტო ბათუმელების არქივიდან

თანასწორობის უფლების დარღვევა რეგიონების მიხედვით

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განსასჯელს უთხრა, რომ მას საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებდა. პირს ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. ის აღიარებს ბრალდებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს. იმავე მუხლით ბრალდებულ მეორე ადამიანს, სხვა პროკურორის მონაწილეობით, გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, ბრალის აღიარებითა და სასჯელზე შეთანხმებით.

 

ადვოკატ მამუკა ნოზაძის შეფასებით, ადამიანები დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსისა და მართლმსაჯულების წინაშე თანასწორები არ არიან. მისი დაკვირვებით, შესაძლებელია ერთი და იმავე დანაშაულის ჩამდენს ერთ შემთხვევაში გაუწიონ შეღავათი და გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამ შეღავათზე სახელმწიფომ უარი თქვას: “უპირატესობა ენიჭება ფულს, თუ ადამიანი მდიდარია, მისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის უფრო ლმობიერი – ბიუჯეტში შედის თანხა. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ სახელმწიფოს ფული გადაუხადოს, მის მიმართ კანონი უფრო მკაცრია“.

 

იურისტი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სასჯელის განსაზღვრის პრეროგატივა აქვს სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში კი, ადამიანის ბედს პროკურორი წყვეტს: „ეს არის ჩარევა სასამართლოს ხელისუფლებაში, სასამართლო თავად უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, გაუფორმდეს თუ არა ადამიანს საპროცესო შეთანხმება“.
ემზარ პაქსაძის აზრით, სასჯელის მიზანი უნდა იყოს პრევენცია, რომ ბრალდებულმა შემდეგში არ ჩაიდინოს დანაშაული ან არ იყოს საზოგადოებისთვის საშიში. “როცა პირობებია ისეთი, რომ პროკურატურის გარეშე ამას სასამართლო ვერ ადგენს, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”.

 

ადვოკატის შეფასებით, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს კრიტერიუმები, ვის უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ვის _ არა: „ორ ერთნაირი საქმიდან ერთ-ერთზე (მაგალითად, ქურდობა) შესაძლოა პროკურატურამ კეთილი ინებოს და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება იმიტომ, რომ იცნობდეს ადვოკატს, მეორე შემთხვევაში შესაძლოა ადვოკატი ნაკლებად ცნობილი იყოს ან პროკურორმა ვერ მოიცალოს მასთან შესახვედრად და უარი თქვას ამ შეთანხმებაზე. საპროცესო შეთანხმება უნდა არსებობდეს, მაგრამ არა ამ ფორმით“.
იურისტის შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ მოსამართლეს არ აქვს ჯარიმის ოდენობის შემცირების უფლება: „სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს _ შებოჭილია მოსამართლე. ის პროცესზე ეკითხება ბრალდებულს, საპროცესოს იძულებით ხომ არ აფორმებს პროკურატურა, ანუ ამოწმებს ძალადობით ხომ არ გააფორმა ეს შეთანხმება სახელმწიფომ მასთან. მოსამართლე ამას ზეპირად უცხადებს ბრალდებულს, იმ პროცესზე, სადაც პროკურორიც არის. თუ ის მართლა ძალადობდა ბრალდებულზე, რომელიც იქვე სხდომათა დარბაზში ზის, რისი მთქმელია განსასჯელი, ესეც, უბრალოდ, ფორმალობაა“.

 

აკაკი თოიძე ათი წელი მოსამართლედ მუშაობდა. სწორედ მაშინ, როცა საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ინერგებოდა, ის მოსამართლე იყო და მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ინსტიტუტის გასაცნობად გაუშვეს. ამბობს, რომ საქართველოში კანონის ამ ნორმამ მანკიერი სახე მიიღო: „პროკურორი ეუბნება ბრალდებულს, დათანხმდი ჩვენს შემოთავაზებულ პირობებს და აი, სადღაც იქ, იმ საქმეში, რომ, შესაძლოა, თქვენი ბრალეულობა გამოიკვეთოს… ამის სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობს. ვფიქრობ, მოსამართლე უნდა არკვევდეს, საერთოდ ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენას ადგილი, მაგრამ როცა დაცვისა და ბრალდების მხარე სასამართლოში ამბობს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და ფორმდება საპროცესო შეთანხმება, მოსამართლე სხვა დეტალებს, გარდა ფორმალობისა, არ არკვევს“.

 

ყოფილი მოსამართლის თქმით, “აქილევსის ქუსლი” ისაა, რომ პროკურატურა საპროცესო კოდექსს შერჩევითობის პრინციპით იყენებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანების თანასწორობას არღვევს. მისი ინფორმაციით, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ბრალდების დროს აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, ქართლისა თუ სამეგრელოს პროკურორები საპროცესო შეთანხმების სხვადასხვა პირობას სთავაზობენ დაცვის მხარეს: „მაგალითად, ნემსის ქურდს აჭარაში შესაძლოა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი გადაახდევინონ, იმერეთში კი – ორი ათასი ლარი. მსგავსი დიფერენციაცია ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში მანკიერი პრაქტიკაა, ტერიტორიული საზღვრებით განსხვავებულ მიდგომებს არ უნდა ვაწყდებოდეთ: კანონით ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს პროკურორს, თუმცა, როგორც გავიგე, ეს ყოფილა `მხარეთა შეჯიბრობითობის” პრინციპი მთავარ პროკურატურაში – რომელ რეგიონს რამდენი თანხა შეაქვს ბიუჯეტში“.

 

კიდევ ერთი ადვოკატი- ბესარიონ ბოჭორიშვილი კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასამართლოს რესურსი იზოგება, თუმცა ის არ ემსახურება სამართლის დადგენას. ამ შეთანხმების დროს, ადვოკატის თქმით, ობიექტური ჭეშმარიტება მეორე პლანზე გადადის, მართლმსაჯულების მიზანი კი ეს არ არის.

ბესარიონ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დედაქალაში წარმოებული პროცესები განსხვავდება რეგიონებში წარმოებული პროცესებისგან: “დედაქალაში უფრო მეტი და უფრო ძლიერი ადვოკატები არიან, შესაბამისად უფრო ანგარიშს უწევენ მხარეები ერთმანეთს, უფრო ძლიერია პროკურატურაც. სასამართლოში მხარეებს შორის შეჯიბრობითობა იგრძნობა, რეგიონებში ხელების გადაგრეხვის პროცესია უფრო – თუ ბრალდებულს ჰყავს კარგი ადვოკატი, რომელსაც აქვს ძლიერი საადვოკატო ბიურო, თუ თანხა დახარჯა მტკიცებულებების მოპოვებაზე, რაც იშვიათია, ბრალდებულს მეტი შანსი აქვს. ასეთ დროს პროკურორი, სახელმწიფო თავადაა ინიციატორი გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თუ დაცვის მხარე სუსტია, საპროცესო შეთანხმება შეიძლება არც პროკურორს აინტერესებდეს და სულ არ არის იმაზე საუბარი, ბრალდებული არის თუ არა დამნაშავე, ეს მარათონია, მთავარია ამ შეჯიბრში ვინ ვის აჯობებს. ეს არის მინუსი ამ ინსტიტუტის და ის განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთში მეტია დამცავი მექანიზმი, იქ ბრალდების თვითნებობის საშუალება ნაკლებია”.

 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სულ 15 390 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 76 საქმეზე დადგა, 11 805 ადამიანს კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ამ გზით რამდენი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში? – ეს სტატისტიკური ინფორმაციას მთავარ  პროკურატურაში არ მოგვცეს.

ვინ არ უნდა გახდეს რექტორი – სტუდენტის მოსაზრება

 

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი
გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი

9 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც კანდიდატებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოკლედ წარუდგინეს მათი სამოქმედო გეგმა და უპასუხეს მათ კითხვებს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის არ ყოფილა დამაკმაყოფილებელი, რადგან ბევრ კითხვაზე ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი, სხვადასხვა მიზეზის გამო.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მე-3 წელია ვსწავლობ და საკმარისი ინფორმაცია დავაგროვე იმის შესახებ, თუ როგორ იმართებოდა და როგორ ტარდებოდა პოლიტიკური ინტერესები უნივერსიტეტში წლების განმავლობაში და ამიტომაც შეხვედრაზეც ავღნიშნე და კიდევ მინდა გვაიმეორო, მინდა მჯეროდეს, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნების მსგავსად პოლიტიკურად არ გადაწყდება, მაგრამ სამწუხაროდ ამის საბაბი არ გამაჩნია.


როდესაც კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, ბუნებრივია გადავხედე ყველას წარსულ საქიანობას და ამასთანავე მოვისმინე მათი სტრატეგია, აქედან გამომდინარე კი ჩამომიყალიბდა კრიტერიუმები თუ ვინ არ უნდა გახდეს რექტორი.


რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვინც სტუდენტებს კაბინეტში იბარებდა და დაშინების პოლიტიკას იყენებდა, ის, ვინც სტუდენტებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა, ვინც თანამშრომლებს და სტუდენტებს არასრულფასოვნად მიიჩნევს, ვინც უნივერსიტეტში პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, ის ვისაც დღემდე არ ამოუღია ხმა და არ მოუთხოვია 2007 წლის 8 ნოემბრის ფაქტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შავი ლაქის” გამოძიება და არ უზრუნია უნივერსიტეტის ღირსების აღდგენაზე, ვისაც ერთი სიტყვაც არ დასცდენია უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად და ბოლოს, რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვისაც დღემდე ხმამაღლა არ უსაუბრია განათლების კრიზისზე და სისტემის პრობლემებზე, წინა საარჩევნოდ ამოღებული ხმა კი პირადად ჩემთვის, ბევრს არაფერს ნიშნავს.


რაც შეეხება კანდიდატების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. უმეტესობა ეხებოდა იმ წვრილმან პრობლემებს, რაც ვერ შეედრება პრობლემას, რომელიც თავად სისტემაშია, სისტემა რომელმაც უნივერსიტეტი გადააქცია “მე-13 კლასად”, რის გამოც უნივერსიტეტი თანდათან შორდება იდეას,  თანდათან წყდება გარემოს, რეგიონში, ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უნივერსიტეტი კარგავს პოზიციას მომავლის შექმნის სტრატეგიაში, აღარ იქმნება ახალი ცოდნა, რის გამოც დოგმად იქცა ძველი ცოდნა, რაც იმის დამსახურებაა, რომ არ ტარდება კვლევები, რაც, თავის მზრივ, მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ არ არის შესაბამისი დაფინასება, ძველი ცოდნის დოგმად ქცევა კი უნივერსიტეტისთვის ნიშნავს ჩამორჩენას, ფაქტიურად მკვდარია კრიტიკული აზროვნება და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემამ შექმნას “რობოტი” რომელსაც არ შეეძლება გაანალიზოს არსებული რეალობა.


უმრავლესობას არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ არსებული ვიწრო სპეციალობები, რომლებიც მხოლოდ უნარებს ანვითარებს და არ არის სამეცნიერო დარგი, არ უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტში და არ უნდა ხდებოდეს ამის გაყიდვა მაღალ ფასად. სამაგიეროდ ბევრმა ახსენა, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული სისტემა და უნდა მოვიზიდოთ 7000 სტუდენტი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ზედაპირული იყო. ვერ მოიზიდავენ 7000 სტუდენტს მანამ, სანამ არ მოწესრიგდება და არ შეიქმნება მკაცრი ცხრილი, რომელიც არ იქნება მორგებული ლექტორებზე, ლექტორთა დიდი ნაწილი სხვა სამსახურით არის დაკავებული, რაც კადრების ნაკლებობითაა გამოწვეული და რაც საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ დეკანატი იძულებულია ცხრილი მოარგოს ლექტორებს, რის გამოც ვერ ხერხდება არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწორი ათვისება, ამიტომ აუცილებელია, რომ გაიზარდოს ლექტორთა რაოდენობა, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სისტემის გამართულად მუშაობას და მეორეს მხრივ ლექტორთა თვითგანვითარებას. 

 

უნივერსიტეტს ჭირდება რექტორი რომელიც იზრუნებს განათლების ხარისხზე, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიას, რექტორი, რომელიც პრობლემების მოგვარებას დაიწყებს საფუძველიდან და არ შეფუთავს სისტემას, როგორც საუკეთესო მექანიზმს.


რაც შეეხება იურიდიულ მხარეს და საარჩევნო პირობებს.


ბსუ-ს წესდების 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ)ადმინისტრაციულ პერსონალს;


აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კონკრეტული კანდიდატები არღვევენ წესდებაში მოცემულ 44-ე მუხლს.


ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არ მიმაჩნია სამართლიანად, როცა რექტორს 9 ადამიანი ირჩევს და ასევე არათანაბარ საარჩევნო პირობებად მიმაჩნია ის, როცა ერთი კანდიდატი საბჭოს წევრია, მიუხედავად იმისა, რომ ამას წესდება არ კრძალავს.


ყოველივე ამის გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები ჩემთვის დიდი იმედის მომცემი არ არის ჯერჯერობით და მეტნაკლებად ყველა კანდიდატი მიუღებელია, მაგრამ ბუნებრივია არსებულთა შორის არის საუკეთესო, რომელიც ნაწილობრივ შეეხო იმ საკითხებს, რაზეც უკვე ვისაუბრე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საუკეთესო არ ნიშნავს იდეალურს.


ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და ახალი რექტორი ყველა იმ ეჭვს გააბათილებს, რომელიც ამ ეტაპისთვის გამაჩნია უნივერსიტეტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

27 მარტიდან პუშკინის ქუჩა გარკვეულ მონაკვეთებში გადაიკეტება

 

სამუშაოები ერთდროულად დაიწყება გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან [პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა] და პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა]. ერთი წლის განმავლობაში სამუშაოები გაგრძელდება, ძირითადად, ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის მონაკვეთში.

 

„თითქმის ყველაფერი მზად არის, მობილიზაცია მთავრდება და 27 მარტიდან დაიწყება კონკრეტული სამუშაოები [ქუჩის გადათხრა]. მთლიანი ქუჩა არ გადაიკეტება, გადაიკეტება გარკვეული მონაკვეთები, ვთქვათ 2 კვირით. გააჩნია ამინდსაც. კანალიზაციის მილები ცოტა ღრმად არის ჩასადები, რაც პრობლემებს წარმოშობს ცუდი ამინდის პირობებში, როცა რთული, შეუძლებელიც კი იქნება მუშაობა. თუმცა ის, რომ მთელი ქუჩა დაიკეთება ერთი წლით, ასე არ არის.  სამუშაოებს ქართულ-გერმანული ერთობლივი კომპანია ჩაატარებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მრჩეველმა რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუშმა.

 

ერთი წლის შემდეგ სამუშაოები [„ჭაობის“ დასახლებაში] გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის, შემდეგ კი ბაგრატიონისა და მთისძირის ქუჩებს შორის მოქცეულ მონაკვეთებში გადაინაცვლებს.

 

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში 2007 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული შეღავათიანი სესხის ხარჯზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სამ ფაზად იყოფა, სესხის მთლიანი მოცულობა 82 367 382 ევროს შეადგენს, პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დამატებული ღირებულების გადასახადის ნახევარი იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

 

გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება ასევე პროექტის დამატებითი თანადაფინანსება 10 194 104 ევროს (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად რომელიც არ ფინანსდება სესხიდან, მაგრამ  პროექტის პარალელურად უნდა განხორცილდეს.

 

ბათუმი, სამუშაოები გრიბოედოვის ქუჩაზე /ბათუმელების არქივიდან/

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

 

შპს “ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში. საჯარო რეესტრში კომპანიის საქმიანობის ტიპი ასეა მითითებული: ექსპორტის განმახორციელებელი, მაღაზია, კაფე, ბუფეტი, რესტორანი. 


აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში. 

“სისხლიანი მიწების” პრეზენტაცია ბათუმში

„ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.

თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს,“ – ნათქვამია „სისხლიანი მიწების“  ანოტაციაში.

„სისხლიანი მიწები“ „რადარამმა“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. “რადარამი” ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.  „სისხლიანი მიწების“ შეძენა წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი და 2 ლარი ღირს.

ნაწყვეტი ტიმოთი სნაიდერის წიგნიდან „სისხლიანი მიწები“:

„მასობრივი მკვლელობები ევროპაში ძირითადად ჰოლოკოსტთა ასოცირდება და ჰოლოკოსტი კი სწრაფ, ინდუსტიულ ხოცვასთან. სურათი ძალიან მარტივი და მკაფიოა. ყველა გერმანულ და საბჭოთა  სასაკლაოზე მკვლელობის მეთოდი ძალიან მარტივი იყო. თოთხმეტი მილიონი უიარაღო ადამიანიდან, რომლებიც სისხლიან მიწებზე დაიხოცა, ნახევარზე მეტი შიმშილით გარდაიცვალა. მეოცე საუკუნის შუა წლებში ევროპელები გამიზნულად აშიმშილებდნენ მილიონობით ევროპელს. ჰოლოკოსტის შემდეგ ორი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობის ქმედება – სტალინის მიერ მოწყობილი უკრაინელი გლეხების შიმშილი და გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების შიმშილით დახოცვა – მკვლელობის ერთსა და იმავე ხერხს წარმოადგენდა.

შიმშილობის შემდეგ დაიწყო დახვრეტები და ბოლოს  – გაზის კამერები. სტალინის „დიდ ტერორს“ თითქმის შვიდასი ათასი საბჭოთა მოქალაქე ემსხვერპლა. დაახლოებით ორასი ათასი ადამიანი დახოცეს პოლონეთში, მისი ერთობლივი ოკუპაციის პერიოდში გერმანელების და საბჭოთა კავშირის მიერ. გერმანელებმა სამასი ათასზე მეტი ბელარუსი და დაახლოებით ამდენივე პოლონელი დასაჯეს სიკვდილით. ჰოლოკოსტში დახოცილი ებრაელებიდან, დაახლოებით იმდენივე გამოასალმეს სიცოცხლეს ტყვიით, რამდენიც გაზით გაგუდეს“.

ბათუმში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა


ზაფხულის სეზონზე აჭარის მასშტაბით სულ 8 საინფორმაციო ცენტრი ფუნციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, „იდუმალი სტუმრის“ კვლევის მიხედვით, 2014 წელს საინფორმაციო ცეტნრების მომსახურება დადებითად შეფასდა. 


ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინეს უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი. 

ბათუმში ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია იწყება

 


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძეს, თურქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემისქანსა და TIKA-ს თბილის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ვადები განიხილეს.


„შეთანხმების თანახმად საავადმყოფოს A კორპუსის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აპრილში დაიწყება და ერთ წელს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნდება უწყვეტი სამედიცინო მომსახურება“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

 

შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის საკითხზე აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა. 

13 მარტს უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის ახალი მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ

 

უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც  კვოტირების საკითხზე იმსჯელებენ და ფარული კენჭისყრით აირჩევენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ასევე უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის  შესახებ 2012 წლის 28 ოქტომბრის N5 დადგენილებაში შეიტანენ ცვლილებას – 13 მარტს გაიმართება – ინფორმაციას ამის შესახებ უმაღლესი საბჭო ავრცელებს.  

სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„ეს არის გამწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის დასაშვებობა უნდა შეაფასოს. თუმცა, სასამართლოს მხრიდან, არსებით განხილვასთან დაკავშირებული შეკითხვებიც უნდა იყოს. ეს არის პირველი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია დავობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოდელზე და იმ დადგენილებაზე, რომელიც ამას არეგულირებს“, – აცხადებს იურისტი თამთა მიქელაძე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული დადგენილება დისკრიმინაციულია:

„სახელმწიფომ ამ დადგენილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია მოიცვა და სხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი, უგულებელჰყო.  მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის დაანგარიშება, ეს სახელმწიფოს თვითნებობის უფლებას აძლევს, რაც ეკლესიების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის რისკია.“

იურისტის შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმის არარსებობის გამო, სახარების რწმენის ეკლესია ასევე დავობს,  საკუთრების უფლებისა და ზიანის ანაზღაურების პრინციპებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი ორი მთავარი არგუმენტი არის არსებული ზიანის ანაზღაურების მოდელის დისკრიმინაციულობა და მისი არაშესაბამისობა სეკულარიზმის პრინციპთან“.

სარჩელი პროტესტანტული მიმართულების ეკლესიებიდან მხოლოდ სახარების რწმენის ეკლესიამ შეიტანა სასამართლოში. თუმცა, როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, ლუთერანული ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიებიც  ამ დისკრიმინაციული ნორმის ადრესატები არიან.

„სარჩელის სულისკვეთებას  ეს ეკლესიებიც უერთდებიან, თუმცა ისინი მოსარჩელეები არ არიან. სახარების რწმენის ეკლესიას საბჭოთა პერიოდის  საკუთარი ისტორია ძალიან კარგად ჰქონდა დამუშავებული, ამიტომ გაადვილდა ამ მასალების თავმოყრა და მტკიცება, რომ მათ მიადგათ ზიანი“, – აცხადებს იურისტი.   მისი შეფასებით, ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია  არა ფინანსური კომპენსაცია, არამედ სახელმწიფოს პოზიცია:  „ის, რომ სახელმწიფომ არ აღიარა ის დევნა და ის ისტორია, რაც ამ ეკლესიას გადახდა და, ზოგადად, გამოავლინა დისკრიმინაციული მიდგომა  ე.წ. არატრადიციული ეკლესიების მიმართ“.    

 

ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკურ სამოსს შეკერავენ

 

 

პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური სამოსი უნდა შეიკეროს, რომლითაც დეფილეს შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო თეატრიც ისარგებლებს.

 

„ხელოვნების უნივერსიტეტში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. თუმცა ანნეგრეტ ლუნინგს ამდაგვარი პროექტი თსუ-ში ჰქონდა რამდენიმე წლის წინ გაკეთებული. ამ შემთხვევაში მუშაობა უფრო გამარტივდება, რადგან კოსტიუმებს დიზაინის სპეციალობის სტუდენტები შეკერავენ. ამასთან ერთად, პროექტში ჩადებულია სასწავლო თეატრის გაკეთებაც, რისთვისაც დაგვჭირდებ თეჯირები და ამასაც ამ პროექტით გავაკეთებთ. ინტერიერი ანტიკურ სტილში მოეწყობა“ – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

პროექტის ფარგლებში გერმანელი პროფესორი ანტიკურ ხელოვნებასთან, ეკონომიკასთან და სამოსთან დაკავშირებულ ლექციების კურსს წაიკითხავს. იქნება სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობებიც.

 

„ასევე, დაგეგმილია სემინარი-პრეზენტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი აირჩევს რამდენიმე ანტიკურ კოსტიუმს და მოსმენილი ლექციებიდან და პრაქტიკული მეცადინეობებიდან გამომდინარე, პრეზენტაციასაც გააკეთებს. წარმოადგენს მის მიერ შეკერილ კოსტიუმებს, ანუ პრაქტიკულ ნამუშევარს და თეორიულ მასალასაც“- ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება პირველი აპრილიდან დაიწყება: „ანნეგრეტ ლუნინგი მარტის ბოლოსთვის ჩამოვა ბათუმში, როგორც ვიცი, საკუთარი საკერავი მანქანაც კი მოაქვს. სასწავლო კურსი ორ თვეს გაგრძელდება. ივნისის შუა რიცხვებში დეფილე გაიმართება“.

 

პროექტის განსახორციელებლად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. კოსტიუმების ჩვენება, როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, ხელოვნების მუზეუმში, მეორე სართულზე გაიმართება.

სააპელაციო სასამართლომ ლაკაევს ბრალი დაუმძიმა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად დაკავებულებს – ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა, ხოლო თემურ ბახუნტარაძეს – 2 წლითა და 3 თვის ვადით. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა.

 

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე, ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. ლაკაევის დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკაევი.

 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულებმა ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა  პოლიციელს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი სახელმწიფო ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებულებს წინააღმდეგობა ჯგუფურად არ გაუწევიათ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, ასევე დაცვის მხარემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა ჯგუფურად გაწიეს და განსასჯელებს ბრალდება დაუმძიმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა ლაკაევს 12 წლის ნაცვლად 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ბახუნტარაძესა და წულუკიძეს – ორი წლის ნაცვლად ოთხი წლით პატიმრობა.

 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მათთან საქმე 27 თებერვალს შევიდა. იმის გადასაწყვეტად, უზენაესმა სასამართლომ საქმე მიიღოს თუ არა წარმოებაში, ექვსთვიანი ვადა აქვს.

ლაკაევის და ბახუნტარიძის სასამართლო პროცესი ბათუმში

 

საჯარო რეესტრი: თებერვალში 4 131 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა

 

 2015 წლის თებერვალში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (22.1%-ით), ხოლო კლება – წინა წლის იმავე თვესთან (1.5%-ით) შედარებით.

 

2015 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (22.1%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (19.8%-ით). საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 0.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 22.2%-ით.


„2015 წლის თებერვალში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2230 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 54.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 654 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 40.0%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 94.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.


ასევე, თებერვალში საქართველოში  დარეგისტრირდა: 131 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 102 კოოპერატივი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 5 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და ერთი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

 

რამაზ ხალვაშის სამოქმედო გეგმა: ერთად ვაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი


რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მართვის დეცენტრალიზაცია და ფაკულტეტების ავტონომიურობა – სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებაში, აკადემიურ სფეროში, ბიუჯეტის ფორმირებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

ჩემი სამოქმედო გეგმა  ითვალისწინებს სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნის მიღწევას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

1. დაგროვილი პრობლემების გამოსწორებას;

2. პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას;

3. ახალი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.

 

პრობლემის მოგვარების გზა მის აღიარებასა და დანახვაშია. ჩემი აზრით, უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს პოლიტიზაციის ეპოქა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიებისთვის ხელსაყრელი გარემო, უნდა ჩამოყალიბდეს სწავლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც განვითარების ფართო ასპარეზს შეუქმნის სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს.

 

ყველაზე მეტი პრობლემა ბსუ-ს მართვისა და ადმინისტრირების სფეროში დაგროვდა. უნივერსიტეტს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო უმიზნო სტრუქტურულმა რეორგანიზაციებმა. ერთ-ერთი ბოლო რეორგანიზაციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა აგრარული ფაკულტეტი. კონკურსების ჩატარების დროს არც თუ იშვიათად ირღვევა არჩევნების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპი. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების რიცხვი კანონით გათვალისწინებული ერთ მეოთხედზე ნაკლებია. არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის უნდობლობა პროფესორ-მასწავლებელთა მიმართ და ე. წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოების მახინჯი პრაქტიკა, რომელიც საყვედურების ოჯახებში კონვერტებით დაგზავნას გულისხმობს. არჩევითობის პრინციპი დარღვეულია საგანმანათლებლო პროგრამებშიც, რომლებშიც უცხო ენის სტატუსი მხოლოდ ინგლისურს აქვს მინიჭებული და სტუდენტს არ შეუძლია სხვა ევროპული ენის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დროს დარღვეულია სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობა. ხარვეზებია მონიტორინგისა და შეფასების სისტემაში. გაუმართავია ელექტრონული ტესტების კომპიუტერული პროგრამა. სემესტრის განმავლობაში ბარიერად დაწესებულია 60 ქულის 10%, გამოცდაზე კი – 40 ქულის 54%, რაც სტუდენტს უბიძგებს, არასწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ამას ემატება ისიც, პრობლემებია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში. არ მოქმედებს არცერთი უფასო სადოქტორო პროგრამა, რითაც უნივერსიტეტი დოქტორანტებს ეუბნება, რომ ისინი არ სჭირდება მას. რატომღაც უარი ითქვა მაგისტრანტებისა და დოქტორანტების რესურსის ჩართვაზე ტუტორიუმებში, რომლებიც რეალურად არც მოქმედებს. უნივერსიტეტი არასათანადოდ იყენებს შემოერთებული კვლევითი ინსტიტუტების რესურსებს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა და 20 ათასი წიგნი სხვენში, ტომრებში ინახება, მაშინ როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ერთიანი აკადემიური სტანდარტი და სტილი, დღემდე არ მოქმედებს სახელმძღვანელოების პროგრამა, შეჩერებულია უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა. არც ისაა დასამალი, რომ უნივერსიტეტის სტამბა ვერ გაუმართავია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ მიერ ჩატარებულმა საზაფხულო სკოლებმა ცხადყო, რომ უნივერსიტეტი სათანადოდ არ არის მომზადებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის. არადა, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები უნივერსიტეტის განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო საშუალებაა.

 

უნივერსიტეტს გააჩნია სათანადო აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი, რათა გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

 

უნივერსიტეტის პოტენციალს ქმნის: ისტორია და ტრადიციები; კომპეტენტური და ტოლერანტული კოლექტივი; მოტივირებული სტუდენტები; სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა; სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე სპეციალობები; მზარდი რეიტინგი; ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები; გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო ურთიერთობები; სტაბილური შემოსავლები; მდებარეობა.

 

კარს მომდგარ აკრედიტაციას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ კურიკულუმების სრულყოფის შესაძლებლობას. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაემყაროს განათლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობას. პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სასწავლო პრაქტიკის  კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: საველე პრაქტიკას და ორგანიზაციაში მუშაობას. ამავე მიზნით უნდა მოხდეს სასწავლო პრაქტიკისთვის გამოსადეგი საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება შესაბამისი ბაზის მქონე ორგანიზაციებთან (სკოლებთან, კვლევითი ინსტიტუტებთან, საავადმყოფოებთან, კლინიკებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან).

 

ჩვენს უნივერსიტეტში უკვე მოქმედებს სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე 10 საბაკალავრო პროგრამა. ამ თვალსაზრისით აუთვისებელ რეზერვია არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, მედიცინისა და კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებები. აუცილებელია ამ მიმართულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედება, რათა სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე პროგრამების რიცხვი გაიზარდოს.

 

გარდა ამისა, ავტორიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ასათვისებელი რეზერვია სტუდენტთა რიცხვის გაზრდის შესაძლებლობა 7000 სტუდენტამდე (ამჟამად ბსუ-ში 5300-მდე სტუდენტი სწავლობს). ეს რეზერვი უნდა ავითვისოთ ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ამოქმედების გზით.

 

ახალი პროგრამები უნდა შეიქმნას დასაქმების ბაზრის მარკეტინგული კვლევის საფუძველზე. საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზარზე ორიენტირების მიზნით უნდა შეიქმნას სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად განახორციელებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს, ორგანიზებას გაუკეთებს დასაქმების ფორუმებს. გარდა ამისა, აუცილებელია პროფესიული ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ჩართვა კურიკულუმის სრულყოფის პროცესში. ამავე მიზნით საჭიროა მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება ფაკულტეტებზე.

 

ჩემი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას ექნება ევოლუციური ხასიათი, რაც გულისხმობს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება და დიდ მნიშვნელობას მივანიჭებ წარმომადგენლობითი ორგანოების პოზიციას და ფაკულტეტების სპეციფიკას.

 

პროექტი: უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმა

 

ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე შედგენილი გვაქვს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს. პლატფორმა OLAT-ი (Online Learning and Training) უკვე აპრობირებულია ჩვენს უნივერსიტეტში, კერძოდ, დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსდება პრეზენტაციები და სასწავლო მასალა, გაიხსნება ფორუმი, აიტვირთება ელექტრონული ლექციები. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით მიიღონ მათთვის საჭირბოროტო ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური საკითხებით დაწყებული, სწავლის დაგეგმვითა და საკუთარი შედეგების კონტროლით დამთავრებული. აქვე შეეძლება სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის გავლა და არჩევითი საგნების დარეგისტრირება.

 

ელექტრონული პლატფორმა ასევე გულისხმობს სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) გამოყენებას. ეს არის ელექტრონული სწავლების ფორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს დიდაქტიკური სცენარი – სასწავლო მასალის ელექტრონული ვიზუალიზაცია. eLecture წარმოადგენს სწავლების ინოვაციური კონცეფციის „24 საათიანი სასწავლო სივრცე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს ევროპის უნივერსიტეტებში. eLecture გულისხმობს ლექციის იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც აერთიანებს საპრეზენტაციო ფაილსა და ვიდეოჩანაწერს. ამ ორი მედიის სინქრონიზაციის შედეგად იქმნება ახალი ფაილი HTML 5-ისათვის და ხდება მისი სასწავლო პორტალზე განთავსება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს „მოინახულოს“ სასწავლო აუდიტორია, განმეორებით მოისმინოს ლექცია და გაიღგმავოს ცოდნა.

 

სწავლების ხარისხის ამაღლებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მას უნდა დაექვემდებაროს სამი ცენტრი: 1) სასწავლო პროცესის მართვისა და მონიტორინგის; 2) ევალუაციისა და შეფასების; 3) ბაზრის მარკეტინგული კვლევის.

 

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინაცია უნდა განხორციელდეს დეპარტამენტის დონეზე, ხოლო სადოქტორო პროგრამების კოორდინაცია – ფაკულტეტის დონეზე.

 

ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობაა პროგრამების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლებით და მკვლევარებით. ახალი პროგრამების ასამოქმედებლად უნდა დავიხმაროთ მოწვეული პერსონალი და აქტიურად გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

აუცილებელია შეფასებისა და ევალუაციის სისტემების სრულყოფა, რაც გულისხმობს შეფასებათა კომპიტერული ცენტრის გამართულ პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

 

საგამოცდო ბარიერები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ სტუდენტმა სწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ჩვენ უფრო ეფექტურად მიგვაჩნია შეფასების ამგვარი სქემა: მიმდინარე – 30 ქულა (ბარიერი 11 ქულა); შუალედური გამოცდა – 30 ქულა და საბოლოო გამოცდა – 40 ქულა (ბარიერის გარეშე).

 

სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტები უნდა ჩავრთოთ უნივერსიტეტის მართვაში. საფაკულტეტო საბჭოებში მათი რიცხვი არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებულ ¼-ზე ნაკლები. უნდა დაარსდეს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ სტუდენტური ჩანართი.

 

სტუდენტთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტუტორიუმებში ბაკალავრიატის უფროსი კურსების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებულ სტუდენტთა რესურსის გამოყენება. ტუტორიუმრბში ლექტორ-მასწავლებლების ნაცვლად სტუდენტების ჩართვით ჩვენ გავიზიარებთ დასავლეთის უნივერსიტეტში აპრობირებულ გამოცდილებას და რეალურად ავამოქმედებთ ტუტორის (კურატორის) ინსტიტუტს.

 

გადაუდებელი ამოცანაა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში კომუნალური და ჰიგიენური პრობლემების გადაჭრა. სტუდქალაქი უნდა აღიჭურვის კომპიუტერული კლასით და გამართული ინტერნეტმომსახურებით.

 

სწავლის საფასურის გადახდის სისტემის სრულყოფის მიზნით აუცილებელია, სტუდენტმა თავად აირჩიოს გადახდის პერიოდულობა (მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 10 ეტაპად). გრაფიკი შედგება ისე, რომ არ დაირღვეს არც სტუდენტის და არც უნივერსიტეტის ინტერესი (განსაკუთრებულ შემთხვევებში – საფასურის დაფარვა მოხდება სტუდენტური სესხით). სტუდენტის მიერ არჩეული გრაფიკი დადასტურდება ხელშეკრულებით.

 

უნივერსიტეტს გააჩნია იმის ფინანსური რესურსი, რომ უფასო სწავლება შესთავაზოს ბაკალავრტიატის წარჩინებულ სტუდენტებს. გარდა ამისა, მიზნობრივად, უნივერსიტეტის საჭიროების მიხედვით, უფასო ადგილები უნდა დაიშვას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. შეღავათები უნდა დაწესდეს, აგრეთვე, სტუდენტური ოჯახებისათვის.

 

უნარშეზღუდულთა ინტეგრირების მიზნით უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსი უნდა აღიჭურვოს პანდუსებით. ამავე მიზნით უნდა გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

საჭიროა სტუდენტთა კულტურული და სპორტული ცხოვრების მაქსიმალური ხელშეწყობა.

 

უწყვეტი განათლების პროგრამა

 

უნივერსიტეტში უნდა დაფუძნდეს უწყვეტი განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაზე. უწყვეტი განათლების პროგრამა გულისხმობს: ა) საერთაშორისო სტანდარტიზებული ტესტების (TOEFL, IELTS) მოსამზადებელი კურსების შექმნას; ბ) მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ხელშეწყობას; გ) აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების საქმიანობის გაფართოებას (მაგ., მუნიციპალიტეტებში უფასო მოსამზადებელი ცენტრების შექმნის გზით); დ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას (აჭარის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით); ე) დისტანციური განათლების სისტემის ამოქმედებას; ვ) რიტორიკის პრაქტიკული სკოლის დაარსებას; ზ) მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამების შექმნას; თ) ზამთრის და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

 

მეცნიერების განვითარების პროგრამა

 

კვლევითი გარემოს ხელშეწყობა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს: უნდა აღდგეს უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა, უნდა შეიქმნას ერთიანი აკადემიური სტანდარტი (სტილი), უნდა ამოქმედდეს შიდა გრანტების სისტემა.

 

პირველი რიგის ამოცანაა ორიგინალური და ინოვაციური კვლევების ჩარჩოს შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და კვლევითი ჯგუფების შექმნა ყველა სამეცნიერო სფეროში, რაშიც უნდა გამოვიყენოთ დარგობრივი დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებისა და შემოერთებული კვლევითი დაწესებულებების პოტენციალი.

 

რეორგანიზაციის შედეგად ბსუ-ს შემადგენლობაში შემოვიდა სამი კვლევითი დაწესებულება: 1) ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2) აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი. უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მათი კვლევითი პოტენქციალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ინსტიტუტები აქტიურად უნდა ჩავრთოთ სასწავლო პროცესში – მათ ბაზაზე უნდა შეიქმნას სამაგისტრო სპეციალობები: ლაზური ენის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიის მიმართულებებში.

 

სასწავლო პროცესში უნდა გამოვიყენოთ ასევე ემერიტუს-პროფესორების რესურსი.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უნდა ამოქმედდეს პოსტდოქტორანტურის (ჰაბილიტაციის) პროგრამა.

 

ცნობისათვის: პოსტდოქტორანტურა მოქმედებს დასავლეთის უნივერსიტეტებსა და თსუ-ში. პოსტდოქტორანტურა – დასავლეთის ქვეყნებში სამეცნიერო გამოკვლევაა, რომელიც სრულდება აკადემიური დოქტორის (PhD) ხარისხის მოპოვების შემდეგ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალისტს, რომელიც პოსტსადოქტორო ნაშრომს შეასრულებს, ენიჭება პრივატ-დოცენტის ან ჰაბილიტირებული დოქტორის (Priv.-Doz., Dr. Habil.) კვალიფიკაცია. თსუ-ში პოსტდოქტორანტი წარმოადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად აკადემიური საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული სამეცნიერო დარგების/მიმართულებების მიხედვით.

 

შიდასაუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების თემატიკა საშუალებას უნდა იძლეოდეს ამა თუ იმ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას, ჩვენს უნივერსიტეტში მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ინტეგრაციას.

 

უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ წყაროდ უნდა გადაიქცეს მეცნიერების კომერციალიზაცია, რაც გულისხმობს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებულ კვლევების მოცულობის ზრდას.

 

უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ერთიანი საუნივერსიტეტო აკადემიური სტილი, რომელშიც განსაზრვრული იქნება სხვადასხვა სახის აკადემიური ნაშრომის (წიგნი და მონოგრაფია, სადისერტაციო და სამაგისტრო ნაშრომები, სტატია და პრეზენტაცია და ა. შ.) სტრუქტურა და ფორმატი, წყაროების დამოწმების წესი, პლაგიატისგან თავის დაცვის წესები (მეცნიერული ეთიკის კოდექსი), საუნივერსიტეტო შემოკლებების სტანდარტი და სხვა რეკომენდაციები.

 

მობილობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით ბოლო წლებში ბსუ-მ საკმაო წარმატებებს მიაღწია. ერთი მხრივ, საჭიროა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შემდგომი ხელშეწყობა, შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო გრანტების (ერაზმუს მუნდუსის პროგრამები, MEVLANA, TEMPUS, USAID, NATO (SPS), Fulbright, DAAD და ა. შ.) მაქსიმალურად ათვისება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და სრულფასოვნად ამოქმედება ჩვენს უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო ურთიერთობები, პირველ რიგში, პარტნიორი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების რესურსის გამოყენებით უნდა გამვითარდეს. საჭიროა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვა, ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

 

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საერთაშორისო პროგრამული აკრედიტაცია და ECTS სერტიფიკატის მოპოვება. საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ საქმის წარმოების სფეროშიც, რაც უნდა დასრულდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სერთიფიკატის მოპოვებით.

 

ინტერნაციონალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია უცხო ენათა სწავლების გაძლიერების გარეშე. უნდა გავაფართოვოთ უცხო ენათა ცენტრის მუშაობა, რაც გამოიხატება ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, რუსული, თურქული ენების სწავლების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად, აეღტი მხრივ, აუცილებელია სასწავლო კრედიტებში საკონტაქტო საათების გაზრდა, მეორე მხრივ კი, უცხო ენის შემსწავლელ ჯგუფებში სტუდენტთა რიცხვის შემცირება.

 

რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ასევე ბსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება (არაბისტიკა, ირანისტიკა). ასევე გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია უცხოენოვანი პროგრამების რუსულ ენაზე ამოქმედება, რის რესურსიც არსებობს ბევრ პროგრამულ მიმართულებაში.

 

ბიბლიოთეკის განვითარების პროგრამა

 

უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციაა: უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამეცნიერო ძიებების ხელშეწყობა,  ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსების სრულყოფილი და მაღალკვალიფიციური მიწოდება სტუდენდების, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სხვა მომხმარებლებისათვის.

 

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ბიბლიოთეკების დამატებითი აღჭურვა კომიუტერებითა და სასწავლო ინვენტარით, წიგნადი ფონდის გამდიდრება ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურით, ელექტრონული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ელექტრონული კატალოგის განახლება, ელექტრონული გამოცემების განთავსება ბიბლიოთეკის პორტალზე.

 

ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების პროგრამა

 

ბსუ-ში უნდა ამოქმედდეს მონოგრაფიების, სამეცნიერო შრომათა პერიოდული კრებულების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების პროგრამა. უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული და მსოფლიო სამეცნიერო კლასიკის გამოცემაში. ლოგიკური იქნება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მომზადდეს „ვეფხისტყაოსანის“ აკადემიური და სასაჩუქრე გამოცემა.

 

გადაუდებელი ამოცანაა ბსუ სტამბის მოდერნიზაცია. სასტამბო საქმეში განხორციელებული კაპიტალდაბანდება, გარდა იმისა, რომ ფინანსურ მოგებას მოუტანს უნიუვერსიტეტს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ბეჭდური პროდუქციის შექმნას.

 

აუცილებელია ბეჭდური პროდუქციის დიზაინის უნიფიცირება.

 

მიზერულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს ელექტრონული გამოცემების (ჟურნალების, შრომათა კრებულების…) დაარსება. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული ენის ეროვნული ელექტრონული კორპუსის შექმნაში.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში უნდა შეიქმნას „წიგნის სახლი“.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა

 

უნივერსიტეტმა უნდა ჩამოაყალიბოს კურსდამთავრებულთა და მეგობართა ასოციაცია. ფართო საზოგადოებაზე ორიენტირება უნდა მოხდეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გზით – მედიასთან, საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან (აჭარის მთვარობასთან, ბათუმის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან), ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

უნივერსიტეტის ეგიდით შესაძლებელია გაიმართოს ისეთი კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა: ლიტერატურული ფესტივალი, წიგნის ფესტივალი, სამეცნიერო პიკნიკი და ა. შ.

 

ამავე მიზნით ბსუ-მ უნდა განახორციელოს სკოლებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში მეცნიერებისა და უნივერსიტეტის მიმართ ინტერესის გაღვივებას (გასვლითი პრეზენტაციების მოწყობა სკოლებში). აბიტურიენტთა მოზიდვისა და მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მიზნით საჭიროა ღია ლექცია-სემინარების გამართვა, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, ასევე, სასკოლო კონფერენციების, ოლიმპიადებისა და კონკურსების ორგანიზება.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს საბაზო სკოლის შექმნაზე.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ელექტრონული პლატფორმის შექმნა უნდა დაიწყოს გამართული ინტერნეტმომსახურების უზრუნველყოფით, ყველა ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის თანამედროვე ინტერნეტკლასებით აღჭურვით.

 

გადაუდებელი ამოცანებია: ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობების რეაბილიტაცია და მათთვის ინვენტარის შეძენა; საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, რის დაფინანსების ალტერნატიული წყარო შეიძლება გახდეს განათლებისა და მეცნბიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“.

 

ცნობისათვის: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ შეიქმნა 2009 წელს და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვას, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას (მაგ., 2014 წელს ბსუ-მ სააგენტოსგან მიიღო 532 096 ლარი).

 

ინდიკატორები

 

2008-2014 წლებში უნივერსიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. 2008 წელს შემოსავლები შეადგენდა 8.516.798 ლარს, ხოლო 2014 წელს – 18.594.984 ლარს, საიდანაც სწავლის ქირა შეადგენდა – 8.778.112 ლარს, სახელმწიფო დაფინანსება – 4.144.781 ლარს, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები – 965.664 ლარს, შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან – 798.072 ლარს, წინა წლის ნაშთი – 3.908.984 ლარს. აქედან გამოუყენებელ რეზერვად შეიძლება ჩაითვალოს 4.993.556 ლარი, საიდანაც უნივერსიტეტს მხოლოდ 10%-იანი მოგება დაერიცხა, ამ თანხით კი შეიძლებოდა უფრო მეტი შემოსავლების მიღება – ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციის გზით. ამგვარი პერსპექტივის არსებობას ადასტურებს საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული წარმოუდგენლად მცირე შემოსავალი – 11.537 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების ალტერნატიული დაფინანსების წყაროდ შეიძლება მოვიაზროთ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“. ავტორიზაციის მონაცემების მიხედვით უნივერსიტეტს პერსპექტივაში შეიძლება ჰყავდეს 1726 სტუდენტით მეტი, რომელსაც დამატებით 3,5 მილიონი ლარის მოტანა შეუძლია უნივერსიტეტისთვის. შემოსავლების გაზრდის პერსპექტივას ქმნის ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: ა) მეცნიერების კომერციალიზაცია; ბ) სასერტიფიკატო კურსები; გ) ზამთრის და საზაფხულო სკოლები; დ) ენების ცენტრი; ე) დისტანციური სწავლება; ვ) რიტორიკის სკოლა; ზ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები; თ) კლინიკები; ი) ლაბორატორიები; კ) საუნივერსიტეტო ტურიზმი; ლ) სასათბურე და სანერგე მეურნეობები; მ) ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა (იხ.საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, III,9,2).

 

მოსალოდნელი შედეგი – ევროპული ტიპის უნივერსიტეტი ბათუმში:

–      მართვის ჯანსაღი და ოპტიმალური სისტემით

–      მაღალი რეიტინგით და კონკურენტუნარიანობით

–      შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით

–      კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით

–      სწავლების მაღალი ხარისხით

–      სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობით

–      სტუდენტთა ხელშეწყობით

–      პერსონალის კვალიფუკაციის ამაღლების ეფექტიანი სისტემით

–      ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევებითა და პროექტებით

–      განვითარებული სასწავლო, კვლევითი, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით, მატერიალური ბაზითა და საფინანსო სისტემით.

 

რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

რამაზ ხალვაში – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მცირე ანკეტა: დაიბადა 1970 წლის 17 მარტს. საშუალო განათლება მიიღო ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1995 წელს ჩაირიცხა თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტურაში. ამავე წლიდან კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1998 წლებში მუშაობდა გაზეთ „რეზონანსის“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელად. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999 წლიდან ბსუ  ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტია. 2003-2006 წლებში შეთავსებით მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ამავე წლიდან აირჩიეს ბსუ პროფესორად. 2007 წლიდან არის ქართული ლიტერატურის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში იყო ბსუ აკადემიური საბჭოს წევრი. დაარსების დღიდან 2013 წლამდე უძღვებოდა ბსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. დღემდე ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო  და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. 2012 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა და უკვე სამჯერ ჩატარდა დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. არის სამი მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

კამელიების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

„ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილების ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან მიმდინარეობს  ბოტანიკური ბაღის კოლექციაში გვარი „კამელიის“ დაუზუსტებელი ჯიშების რკვევა. დღეისათვის გარკვეულია იაპონური კამელიის 78 და მთის კამელიის 18 ჯიში. გარდა ამისა, კოლექციაში ირიცხება კიდევ ორი სახეობა: Camellia oleifera და C. Reticulate. უნდა აღინიშნოს, რომ ბაღს აქვს უდიდესი გამოცდილება იაპონური კამელიის სელექციაში და გამოყვანილია მაღალი ღირსების მრავალი ჰიბრიდული ფორმა“, – წერია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

გამოფენა-გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.

ქალის შრომის ფასი საქართველოში

ირმა ნაკაშიძე


„ვფიქრობ, ჩვენი შრომა შეუფასებელია. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე, აღზრდაზე, განათლებაზე, ადაპტაციაზე ზრუნვას ვახარჯავთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია, როცა ორი შვილი გყავს და საოჯახო საქმეები – საჭმლის კეთება, დალაგება, გარეცხვა, ბავშვების აღზრდა, მათი მოვლა, მეცადინეობა, სკოლაში წაყვანა – შენი გასაკეთებელია. დასაქმებულ ქალებს ყოველთვის იმაზე მეტი შრომა უწევთ, ვიდრე დასაქმებულ მამაკაცებს“, –  გვეუბნება ირმა.  

23 წლის ასაკიდან ირმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ შვილები უკვე გაიზარდნენ, თუმცა შრომა არც ოჯახში და არც სამსახურში არ შემცირებულა: „რაც დრო გადის, მით უფრო ვეღარ ვახერხებ თავისუფალი დროის გამონახვას, რადგან სამსახურში მთელ ენერგიას ვტოვებ. თითოეულ ადამიანს უნდა მოუსმინო და თითოეულისთვის პასუხი უნდა გაგაჩნდეს“. 

ქალი საზოგადოებაშიც და შრომის ბაზარზეც დისკრიმინირებულია. ამაზე მიუთითებს კვლევები, რომელიც 2014 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა, 2013 წელს კი ეისითის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე, პოლიტიკასა და ბიზნესში.

 

ნანი ბენდელიანი
ნანი ბენდელიანი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე“  ხელმძღვანელის ნანი ბენდელიანის განმარტებით,  კვლევის პირველ ეტაპზე 1 364 რესპონდენტი გამოიკითხა.

„კვლევამ დაადასტურა ხელფასების არათანაბარი გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის და არათანაბარი კავშირი განათლებასთან. ქალების უმრავლესობისთვის საშუალო ხელფასი მერყეობს 251-400 ლარის ფარგლებში, მაშინ როცა კაცების საშუალო ანაზღაურება 401-700 ლარს შეადგენს“.

ნანი ბენდელიანის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კაცების დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს მათი განათლების დონე. „მაშინ როცა, ქალს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მაინც სჭირდება, რომ სამსახურში აიყვანონ. ქალის ანაზღაურება იზრდება განათლების ხარისხის მიხედვით. თუ ქალს აქვს, ვთქვათ, დოქტორის ხარისხი, მაღალ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ კაცების შემთხვევაში, იგივე ანაზღაურება შეიძლება  აიღონ შედარებით დაბალი განათლების მქონე პირებმა“.

კვლევის ხელმძღვანელის აზრით, არათანაბარ ხელფასებზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად კაცები ინიშნებიან. 

„გამოკითხულთა სამოცდახუთი პროცენტი მიუთითებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი კაცია, 31 პროცენტი კი ამბობს, რომ – ქალი. არათანაბარ ანაზღაურებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტორიც, რომ ქალების დიდი ნაწილი დასაქმებულია ისეთ სფეროში, სადაც დაბალი ხელფასებია. ასეთია, ვთქვათ, განათლების სისტემა და ჯანდაცვა, კაცები კი, ძირითადად მუშაობენ სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში, რომელიც, ძირითადად, კერძო ბიზნესია, ასევე ძალოვან უწყებებში – შესაბამისად ბონუსების, დამატებითი სარგებლის თუ კომპენსაციის გაცემის შანსიც უფრო მეტია“.

როგორც ნანი ბენდელიანი ამბობს, კვლევამ აჩვენა განსხვავებები ხელფასის დარიცხვებთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ინტერვალებით დავთვალეთ ხელფასები და აღმოჩნდა, რომ ქალებისა და კაცების სახელფასო ანაზღაურება მთელი ინტერვალითაა განსხვავებული“. 

რაც შეეხება შრომის მიმართ დამოკიდებულებას, ნანი ბენდელიანის თქმით, ის, რაც საერთაშორისო სტანდარტით დისკრიმინაციად მიიჩნევა, საქართველოში ქალების უმეტესობა მას დისკრიმინაციას არ უწოდებს. „მაგალითად, რესპონდენტი ქალების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ერთსა და იმავე სამუშაოზე შეიძლება ქალმა და კაცმა განსხვავებული ანაზღაურება აიღოს. ბუნებრივია, ამ მიდგომას კულტურული სტერეოტიპი განაპირობებს, რომლითაც ოჯახის ძირითადი მარჩენალი კაცია“.

კვლევის მიხედვით, ნაკლები ქალი ემხრობა ქალის როლის გაძლიერებას პოლიტიკასა და ბიზნესში. „გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ ქალმა ან საერთოდ არ უნდა იმუშაოს, ან ქალისთვის `შესაფერისი პროფესია“ უნდა აირჩიოს. და ამ „შესაფერის“ პროფესიებში ნამდვილად დომინირებს მასწავლებლობა და ექიმობა. ბუნებრივია, მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის გენდერულ თანასწორობას, მათ შორის შრომის ბაზარზეც“.

კვლევები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე დარღვეულია თანასწორობის პრინციპი დასაქმების დროსაც. „კერძო სექტორში დასაქმება ხშირად ხდება პირადი ურთიერთობების საფუძველზე და ეს მიღებულია კერძო ბიზნესში, რაც იკრძალება საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში“.

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები  აჩვენებს, საჯარო სამსახურში დასაქმების ფორმებიც, – კონკურსები, ტესტირება, გასაუბრება – ხშირად ფორმალურია.

 

ანა თვარაძე
ანა თვარაძე

ქალთა დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან ხორციელდება ქალის დეკრეტში ყოფნის შემთხვევაშიც. როგორც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ანა თვარაძე გვეუბნება, იურიდიული დახმარების მიზნით ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებიც დამსაქმებლებმა დეკრეტული შვებულების დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან. `ბოლო პერიოდში ასმა ქალმა მოგვმართა კონსულტაციისთვის, რომლებიც სწორედ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით არიან გათავისუფლებული სამსახურიდან. თუმცა, სასამართლო დავას მხოლოდ ექვსი ქალი აგრძელებს“ – ამბობს ანა.

 იურისტის თქმით, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს შრომის კანონსაც. „არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დეკრეტული შვებულების თანხასაც არ უნაზღაურებს ქალს, ეს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ვერც შეედავები, რადგან ამის რეგულაცია შრომის კანონში არ არის. საჯარო სამსახურის შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ნორმები მოქმედებს“. 

2013 წლის კვლევა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, ხაზს კიდევ ერთ გარემოებას უსვამს, რის მიხედვითაც ქალის შრომა არასათანადოდ არის შეფასებული. საქართველოში ქალების უმრავლესობა დიასახლისია, შესაბამისად ისინი საზოგადოების არააქტიურ ნაწილად განიხილება, ეს მაშინ, როცა საოჯარო საქმეების 90 პროცენტი ოჯახში ქალზე მოდის და კაცის ჩართულობა ბევრად ნაკლებია. ქალებში აქტიურობის მაჩვენებელი 2012 წლიდან 42,6 პროცენტით იზრდება, მაშინ, როცა კაცების აქტივობის მაჩვენებელი იმავე წელს 21,8 პროცენტია.

ქალთა აქტივობის ზრდის მიუხედავად, გამოკითხულ რესპონდენტთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ “ქალი უფრო მეტად ფასობს ოჯახით, ვიდრე სამსახურში წარმატებით“. მკვლევარების აზრით, ეს სტერეოტიპული მიდგომაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის წახალისებას.  

 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა

 

საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში განათლების მაღალი დონე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა ინოვაციების სწრაფად ათვისება და დანერგვა, ტექნოლოგიების  განახლება, მუდმივად განვითარებად და ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2021 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს მის მიერ დეკლარირებული მისიისა და ფუნდამენტური ღირებულებების  შესაბამისად განვითარება; სამოქმედო გეგმა  ორიენტირებულია უნივერსიტეტის განვითარებაზე და გადმოგვცემს, რა უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტში, რომ ის ძლიერ სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და შეასრულოს  თავისი უმთავრესი დანიშნულება – ემსახუროს საზოგადოებას.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხმოცწლიანი ისტორიის მქონე ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, იგი ორიენტირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებზე. მისი მისიაა:


  • ყველა დაინტერესებულ პირს ეროვნების, სარწმუნოების და პოლიტიკური ნიშნით კუთვნილების მიუხედავად შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება; 
  • აღზარდოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალ-კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტი, რომელიც იქნება მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულების პრინციპების მატარებელი თავისუფალი პიროვნება;
  • მოსახლეობის კეთილდღეობის, ეკონომიკური ძლიერების, თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიული პრინციპების დაფუძნებისა და სულიერების ამაღლების მიზნით განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართალმცოდნეობის, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში; საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ბიზნესის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის დარგებში;

 

წარმოდგენილ მისიაში, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს, რომ უნივერსიტეტი,  ემსახურება როგორც, ზოგადად, ქვეყნის, ასევე რეგიონის ინტერესებს. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს, ზოგადად, საქართველოსა და, კერძოდ,  აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმებში დეკლარირებული პრიორიტეტები სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში[1]: განათლება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებები, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. ეს დაგვეხმარება გამოვკვეთოთ  უნივერსიტეტის სპეციფიკა და თვითმყოფადობა.

 

უნივერსიტეტი  უნდა ესწრაფოდეს,  ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქვეყნის და მსოფლიოს  წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის;

 

უნივერსიტეტის ხედვა უნა ეყრდნობოდეს  ისეთ მნიშვნელოვან და საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს როგორიცაა:


  • უნივერსიტეტის ავტონომიურობა, როგორც უნივერსიტეტის არსებობის ფუნდამენტური პრინციპი;
  • პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე;
  • დემოკრატიულობა და მართვის გამჭვირვალეობა;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება.


მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს პრიორიტეტები უმთავრესი მიმართულებების მიხედვით.

 

სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, პრიორიტეტულია:


  • სწავლებისა და კვლევითი საქმიანობისათვის საუკეთესო პირობების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება;
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ფაკულტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
  • სასწავლო პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და განვითარება;
  •  ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

ბსუ-ში ამჟამად სამივე საფეხურის 97 საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.

სახელმწიფოს პრიორიტეტია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებელთა მომზადების ახალი პროგრამების ამოქმედება (2015 წლიდან); ამ მიმართულებით ყველა არსებული რეზერვი უნდა იქნას გამოყენებული.

 

განათლების მიმართულება კვლავ უპირველეს პრიორიტეტთა რიგშია იმ პირობებში, როცა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მასწავლებელთა მნიშვნელოვანი დეფიციტია და  ხშირად სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის.

 

საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის თვალსაზრისით, ასათვისებელია არსებული რესურსი, რეგიონის საჭიროებებისა   და მოთხოვნილებების, ასევე, უცხოენოვან პროგრამებზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. უნდა შეიქმნას ახალი უცხოენოვანი პროგრამები, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი.

 

გასაღრმავებელია მუშაობა სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, საერთაშორისო განათლების ცენტრთან, საქართველოში ტემპუსის ოფისთან, საქართველოში მოქმედ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, აუცილებელია ბსუ გაწევრიანდეს პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მაგალითად, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში (EUA).

 

მიზანშეწონილია, სისტემატურად განხორციელდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით არსებული კონკურსის მონაცემების კვლევები; ჩარიცხვების დინამიკა, მნიშვნელოვანია მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა უნივერსიტეტში სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურმა სისტემატურად უნდა აწარმოოს.

 

უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობის მემორანდუმების, ხელშეკრულებების დადება უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური, მოქმედი ხელშეკრულებები. სწავლების ინტერნაციონალიზაციის პრიორიტეტული უნდა იყოს

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები,  კვლევები,  საზაფხულო სკოლები, ტრენინგების ორგანიზება;
  • აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოწვევას  ცალკეული სასწავლო კურსების წასაკითხად;

 

მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სახელმწიფო პრიორიტეტებში აქცენტირებულია კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის პროცესები, რისი შედეგიც იქნება უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა.

 

უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების განვითარება.

 

უნივერსიტეტში ინტეგრირებულია სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:

  • აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • ფიტოპატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

 

უნდა მოხდეს აღნიშნული ინსტიტუტების რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სივრცეში, ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული მათი სამეცნიერო პოტენციალი (გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალური), განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამების  სამეცნიერო კომპონენტის განვითარების მიზნით.

 

სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით, საგრანტო პროგრამებიდან შემოსული თანხები, მიზანშეწონილია, გამოყენებული იქნას ადგილობრივი (საუნივერსიტეტო) სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ორგანიზებისათვის (ან სხვა საგრანტო კონკურსებში არ დაფინანსებული, მაგრამ მაღლი ქულებით შეფასებული პროექტების დაფინანსებაზე);

 

კვლევების განვითარების მიმართულებით პრიორიტეტულია:


  • სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სტუდენტებში სამეცნიერო, თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება, სწავლების ყველა საფეხურზე;
  • უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა;
  • ბიუჯეტის ნაწილის მიმართვა კვლევების განვითარებისათვის;
  • სამეცნიერო კავშირების განვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • ბიბლიოთეკის-სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურეობის პრიორიტეტული სფეროს განვითარება, არსებული საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურისა და ფონდების ყოველწლიური განახლება;
  • სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ჩატარება გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერებებში;
  • სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება უცხოეთში;
  • სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 


ბსუ-ში სტუდენტების რაოდენობა სწავლების სამივე საფეხურზე 7500-ზე მეტია.

 

არ მოიპოვება დაზუსტებული ინფორმაცია სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე, არ ხდება ამ საკითხის კვლევა და აღრიცხვა; მონაცემები ხშირად მიახლოებითი და არასანდოა, რაც მიგვანიშნებს საკარიერო ოფისის არსებობის აუცილებლობაზე, ასევე კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებს აუცილებლობაზე.

 

სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში მოქმედებს კანონთან შესაბამისად, მათთვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში. ისინი, ძირითადად, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული სახის ღონისძიებათა ორგანიზებით შემოიფარგლებიან. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ალტერნატიული სტუდენტთა დაჯგუფება, რომელთა სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. საჭიროა მათთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.

 

სტუდენტური ცხოვრება უნდა გახდეს უფრო მრავალფეროვანი, დააკმაყოფილოს ახალგაზრდების მრავალმხრივი ინტერესი. ამის კარგი მაგალითია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოქმედი ლიტერატურის კლუბი, კინოკლუბი, დებატების კლუბი და სხვ.

 

საჭიროა სტუდენტთა მოზიდვის (რეკრუტირების) სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყების შემდეგ ერთკვირიანი გასვლები საჯარო სკოლებში ნაკლებეფექტურია. საჭიროა უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის არსებობა, ე.წ. „განათლების კვირეულების“ ორგანიზება, სადაც სამიზნე ჯგუფების აბიტურიენტები საფუძვლიანად გაეცნობიან შესაბამისი ფაკუტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობებს; ეფექტური იქნება საზაფხულო სკოლების ფარგლებში თანამშრომლობა საჯარო სკოლებთან, დარგობრივი ოლიმპიადები და სხვ.

 

აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მნიშვნელოვანია  შტატში მყოფი და მოწვეული აკადემიური პერსონალის თანაფარდობა. ამჟამად ბსუ-ში 265 პროფესორი და 375 მოწვეული მასწავლებელია. საჭიროა მოწესრიგდეს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების გამოცხადების სისტემა, არ იყოს ქაოტური და სპონტანური. ხშირად გაუგებარია, რატომ ცხადდება ახალი კონკურსი წინა კონკურსის დასრულებისთანავე და ა.შ. სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი კონკურსის წინა პერიოდში, საგანმანათლებლო პროგრამების საათებისა და საკონკურსო ადგილების ლოგიკური თანაფარდობის განსაზღვრის მიზნით.

 

საკონკურსო კომისიები უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებით, რომ არავის დარჩეს უსამართლობის განცდა. კონკურსის პირობები უნდა იყოს მრავალმხრივი, მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვას არ უნდა ემყარებოდეს, საჯარო ლექციების ფორმა აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული; გაანალიზებული და გათვალისწინებული უნდა იქნას სტუდენტთა გამოკითხვების მასალები და მათი შეფასებებიც.

 

უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება.

 

მიზანშეწონილია საერთაშორისო კონკურსების გამოცხადება, უცხოელი პროფესორების უნივერსიტეტში მოზიდვის მიზნით, თუნდაც უცხოენოვანი პროგრამების ფარგლებში.

 

საინტერესო იქნება პერსონალის კვლევა გენდერული და ასაკობრივი თანაფარდობების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თანაფარდობის, მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება განახორციელოს ხარისხის მართვის სამსახურმა, სტრატეგიული განვითარების სამსახურმა (ახალი სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგიაში“ შეიძლება, გამოყენებული იქნას ამგვარი კვლევებისთვის).

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს აკადემიური პერსონალის კომპეტენციების განვითარებაზე (უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა). უწყვეტი განათლების ცენტრი, შეიძლება, წარმატებით იქნას გამოყენებული ამ კუთხით.

 

ბსუ-ის სტრუქტურა სტანდარტულია და განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ სსიპ-ებისათვის განსაზღვრული სტრუქტურით. არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს, მიზანშეწონილია, დაემატოს (ან გადანაწილდეს ფუნქციები) შემდეგი სამსახურები:

 

  • კურსდამთავრებულებთან კავშირისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეული (ე.წ. alumni ასოციაციები); ეს შეიძლება გახდეს დამატებითი დაფინანსების მოპოვების წყარო; ხელს შეუწყობს, ასევე, უნივერსიტეტის  კავშირის გაღრმავებას საზოგადოებასთან;
  • სტუდენტთა საკარიერო სამსახურის სტრუქტურული ერთეული; ეს იქნება  სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვის დადასტურება;
  • უწყვეტი განათლების ცენტრი („მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“-LLL), რომ უნივერსიტეტი უფრო მეტად ემსახურებოდეს საზოგადოების მრავალმხრივ ინტერესებს.


რაც შეეხება აღნიშნულ სტრუქტურათა ფუნქციონირებას, საჭიროა მათი ოპტიმიზაცია, ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნა, მენეჯმენტის გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტურობის პერიოდულობის შეფასება; ამ სტრუქტურებში დასაქმებული პერსონალის პერიოდული ატესტაცია.

 

ფაკულტეტებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან უმაღლესი განათლების შესახებ: ფაკულტეტებს უნდა ჰქონდეთ რეალური დამოუკიდებლობა.

 

ბსუ-ში 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მიიღეს და ფაკულტეტების რეფორმირება დაიწყო, რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია, ამის მიზეზი ყოველთვის არ ყოფილა ფაკულტეტების ლოგიკური დაკომპლექტება.

 

ამჟამად ბსუ-ში 9 ფაკულტეტია (განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიური, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა). მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაკულტეტების დაკომპლექტდეს უფრო ლოგიკურად, სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების თანაბარზომიერად გადანაწილებით; მაგრამ ეს საკითხი, ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჯარო დისკუსიის, ფაკულტეტების საბჭოების ჩართულობით, კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე;

 

არამიზანშეწონილად მიგვაჩნია, საერთო საუნივერსიტეტო სტრუქტურების  რომელიმე ფაკულტეტის სტრუქტურაში მოქცევა, დამოუკიდებლად მათი ფუნქციონირება უფრო ეფექტური იქნება.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტის შევსების წყაროებია: სწავლის გადასახადი, სახელმწიფო სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, კერძო შემოწირებულობები, პრიორიტეტული სპეციალობები სახელმწიფო-საბიუჯეტო დაფინანსებით; ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პირდაპირი სუბსიდიები დაფინანსების მხოლოდ მცირე წილს შეადგენს.

 

შემოსავლის ძირითადი წყარო საგანმანათლებლო საქმიანობაა; ხარჯების ძირითადი ნაწილი პერსონალის ხელფასებზე ნაწილდება.

 

არსებული ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ხარჯები უნივერსიტეტის განვითარებაზე, არც სამეცნიერო კვლევებზე.

 

ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები უნდა გამოიყოს უნივერსიტეტის განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევებზე, სოციალური მხარდაჭერის პროგრამებზე.

მარინე გიორგაძე
მარინე გიორგაძე

 

საჯარო დაფინანსების სიმცირე ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების თვალსაზრისით, სერიოზული დაბრკოლებაა. მით უფრო აქტუალურია ყველა არსებული რესურსის (სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, სახელმწიფო დაფინანსების საგანმანათლებლო პროგრამები, უსდ-ების განვითარების ფონდი და ა.შ.) მაქსიმალურად გამოყენება;

 

ამ ეტაპზე, უმაღლესი განათლების განვითარების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არარსებობის პირობებში, უნივერსიტეტის საქმიანობა ვერ დაეყრდნობა ბოლომდე გააზრებული და ლოგიკურად დაგეგმილი სტრატეგიას. აუცილებელია  სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელება; უნივერსიტეტის ფუნქციონირების ყველა სფეროში ორიენტაციის აღება არა რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ, ხარისხობრივ   გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

 

 მარინე გიორგაძე:  

პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990 წლიდან არის კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის სასწავლო კურსების ლექტორი, ფაკულტეტის დეკანია 2004 წლიდან, ორჯერ (2006 და 2013 წლებში) იქნა არჩეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, ამჟამად არის თარგმანმცოდნეობის საბაკალავრო, ევროპეისტიკის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი.

ქობულეთში ინტერპოლით ძებნილი ადამიანი დააკავეს

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებული 2013 წლის 2 მაისიდან იძებნება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისათვის. ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მძიმე დანაშაულის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 17 წლ და 25 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ფრაქციის წევრები იყვნენ ტაძარში და სხდომის ჩატარებაც იქ გადაწყდა”

 

მერაბ აბაშიძე

  მე ვიყავი წინააღმდეგი, არ მაწყობდა იქ ჩატარებულიყო ეს სხდომა, სადაც ჩატარდა, ჩვენ ვიყავით გიმნაზიის შენობაში, თუმცა გასაგებია, რომ კანონის დარღვევა არ მომხდარა, შესაძლებელი იყო ფრაქციის სხდომა ნებისმიერ ადგილას ჩატარებულიყო, არგუმენტი იყო ასეთი – დიდი უმრავლესობა ფრაქციის წევრებისა იყო ტაძარში და სხდომის ჩატარებაც იქ გადაწყდა. სხდომას მხოლოდ ერთი წევრი არ ესწრებოდა – ბატონო ჯემალ ფუტკარაძე, ქალბატონი სვეტა წინააღმდეგი იყო მისი ფრაქციიდან გარიცხვის, მე თავი შევიკავე. შევიკრიბეთ ფოიეში, შევედით ერთ-ერთ კლასში, დავსხედით  მაგიდასთან, სკამებზე, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა სხდომა… მიმდინარეობდა  ამ სხდომის ჩაწერა…. სხვა ტექნიკური დეტალები, ბეჭედი და ასე შემდეგ, უნდა ჰკითხოთ ბატონ კაკოს“-ამბობს ინტერვიუში მერაბ აბაშიძე.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, მათი განმარტებით,   7 მარტს ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის შენობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა, რაც არ იყო შეთანხმებული არც ეპარქიის, არც დაწესებულებისა და ამავე შენობაში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვართან:“ეკლესიისათვის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძვირფასია, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა.  ამიტომ, თხოვნით მივმართავთ ყველას, მსგავსი ქმედებებისაგან თავი შეიკავონ, რათა ეკლესია არ გახდეს ურთიერთდაპირისპირების საბაბი“_წერია განცხადებაში.

 

ეპისკოპოსი სპირიდონი: რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ

 

მეუფე სპირიდონი

 

მეუფე სპირიდონი: „მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და  შემდეგ როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი – ჩრდილო დასავლეთით,  ზოგი – ბელორუსიაში. მაგრამ ეს ერთი ხალხია.  არის მოსკოვის რუსეთი „ბალშაია რასსია“, არის „ბელაია რასსია“, ბელორუსია და არის  „მალაია რასსია“, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ერთი ხალხი და ერთი ერი.

 

ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათა შორის სისხლის ღვრა და შევევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ყველაფერი მოგვარდეს. თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ – ეს წიგნი სისტემატიზებულია დაახლოებით 30 წლის უკან  და საოცარი ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია ის მოვლენები, რაც დღეს ხდება უკრაინაში და  საოცარი რამე წერია იქ და წერია, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით  გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს – უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. 

 

ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო.  და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე.  რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ“.

 

ჩაშლილი ტენდერები სოფლის მეურნეობის სამინისტროში

„ბიუჯეტი 2014 წელს დაიგეგმა, შესაბამისად, ის ფასები, რაზეც ჩვენ ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, აღარ შეესაბამება დღეს არსებულ  ფასებს. ლარის კურსის ვარდნის გამო ვერ ვყიდულობთ ნერგებს, გვაქვს ციბრუტის, საკვების დამქუცმაცებელი და ა.შ პროგრამები, რომლის განხორციელება იმპორტზეა დამოკიდებული. ამის გამო  ორი პროგრამის განხორციელება შემოდგომისთვის გადავდეთ“- განაცხადა ზაურ ფუტკარაძემ მთავრობის სხდომაზე.

მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს სთხოვა, არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მთავრობას ერთობლივად  ემჯელა.

ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის

 

ტენდერის პირობების თანახმად, სკოლის შენობა უნდა ჩაბარდეს 120 დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი შეტყობინებიდან მე-5 დღეს.

 

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები განახორციელოს გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ:

– პირველი 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის შესრულება;

– მეორე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (ანუ 60 დღეში 30%);

– მესამე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის შესრულება (ანუ 90 დღეში 60%);

 

შესრულებად ითვლება ტექნიკური ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია.

 

წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს შეწყდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 550 ათასი ლარი.

 

 

დაეხმარე 16 წლის გოგიტას ლეიკემიის დამარცხებაში

 

გოგიტას დასახმარებლად სისხლის გაღების სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ამ დროისთვის კი სისხლი ქედაში მცხოვრებმა 80-მა ადამიანმა გაიღო. აქცია გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სისხლი ლეიკემიით დაავადებული გოგიტას დასახმარებლად დღის ბოლომდე ჩააბაროს.

ლეიკემიით დაავადებული მოზარდის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია ქედის საკრებულოს დეპუტატის რომან ბედინაძისა და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.


გოგიტას დახმარება მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ:


ლიბერთი ბანკში GE39LB071110555 2458440

და საქართველოს ბანკში GE81BG0000000514272400,

აგრეთვე მოქმედებს სატელეფონო ხაზი 0901700442 – ზარის ღირებულება 1 ლარია.

ბრიტანეთის საბჭო ქართველი მასწავლებლების გადამზადებას აპირებს

 

პროექტისთვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ,  პროექტი განათლების ფონდის პროექტის ფარგლებში,  სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს  დაფინანსებით განხორციელდება.

 

„50 ათას ლარს იხდის ბრიტანეთის საბჭო, დანარჩენ თანხას სამინისტრო გაიღებს. ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად სამინისტრომ გასულ წელს თეატრებთან დაკავშირებული პროექტები განახორციელა, წელს აქცენტი ინგლისურის სწავლებაზეა გაკეთებული“- ამბობს აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

 

 

 

 

არქეოლოგიური ექსპედიციები 90 ათასი ლარით დაფინანსდება

 

მინისტრის განცხადებით, ერთ პირთან მოლაპარაკება უფრო კომფორტულია.

 

„ტენდერი აძვირებს ექსპედიციის ხარჯებს. ამავე დროს, ჩვენ გვყავს როგორც არქეოლოგიური მუზეუმის საექსპედიციო ჯგუფი, ასევე გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის მუდმივმოქმედი ექსპედიცია, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალისტებით. სხვათა შორის, მათ ნაკლები პრეტენზიებიც აქვთ როგორც მგზავრობის, ასევე სასტუმროს და სხვა ხარჯებთან დაკავშირებითაც. ამიტომ, გვინდა საექსპედიციო სამუშაოების შესყიდვა მოხდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით“.

 

არქეოლოგიური ექსპედიციისთვის მიმდინარე წელს 90 ათასი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის განცხადებით, არქეოლოგიური ექსპედიცია გაგრძელდება გონიოში, სადაც მუდმივი ექსპედიცია მუშაობს, „იქნება დაზვერვითი სამუშაოები აჭარაში, და  არ გამოვრიცხავ, რომ ფიჭვნარშიც ჩატარდეს გარკვეული სამუშაოები“- ამბობს მინისტრი.  

 

 

არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარში

60 ათასი ლარი ბულვარში პლაჟის შერჩევითი მოსწორებისთვის

 

შტორმის შედეგად სანაპირო ზოლზე (პლაჟზე) ქვიშა-ღორღისაგან წარმოქმნილი გორაკების მოსწორება გამარჯვებულმა ისე უნდა უზრუნველყოს, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკიდან  ზღვის სანაპირო ზოლი ჩანდეს.

 

სატენდერო პირობების თანახმად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუხლუხიანი სპეცტექნიკითა და საკუთარი ხარჯებით.

 

სანაპირო ზოლში ამ შემთხვევაში იგულისხმება ნახევარ მილიონამდე კვ/მ ფართობი – ქანდაკება „ნინო და ალი“-დან ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე.

 

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის მოსწორებითი სამუშაოების დაწყება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის (წერილობითი ან ზეპირი) შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორი  კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

წინადადებების მიღება 11 მარტს დაიწყება და 13 მარტს შეწყდება. 

 

 

ბათუმის ბულვარი, პლაჟი. ფოტო: ბათუმელები

Exit mobile version