ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება

 

სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის   540 145 ლარია გათვალისწინებული.  სამუშაოები ივლისის ბოლოს  დასრულდება.   რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

 

 

გუშინ, 19 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.

 

ქობულეთში უკვე დასრულდა კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის შესაბამისად აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა.

 

კულტურის სახლის ახალი შენობა 400 მაყურებელზეა გათვლილი, რომლის პირველ სართულზე ადმინისტრაციული ოთახები, სცენის დამხმარე ფართობი, საგრიმიოროები და გასახდელებია.  აქვეა განთავსებული საკონფერენციო დარბაზები, კვების ბლოკი, დამოუკიდებელი სველი წერტილები და რამდენიმე  შესასვლელი.

 

 

ახალი კულტურის ცენტრის  მეორე სართულზე სარეპეტიციო დარბაზები, სტუდიები და მცირე საგამოფენო კუთხე განთავსდა. შენობა ახალი ინვენტარითა და  შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვება.

 

 

შენობის არქიტექტურულ დიზაინზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად ესპანელმა არქიტექტორებმაც იზრუნეს. სამშენებლო სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „MTM”-ი აწარმოებდა.

 

 

მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გადაყენებას სთხოვს

 

მედეა ვასაძე დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბ.ნ.ქ“-ს ყოფილი დირექტორის ლევან ჯინჭარაძესა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სამინისტროს დაევალა ბათილად ცნოს ჯინჭარაძის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების სამოტივაციო ნაწილი, რადგან მას არ დაუდასტურდა არც ერთი წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება თანამდებობაზე მის აღდგენას, მედეა ვასაძის თქმით,  სასამართლომ ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოების 100%-იანი წილის დამფუძნებელია სახელმწიფო და რომ რისკებზე პასუხისმგებლობა მოდის დამფუძნებელზე. 

 

„იმ ვითარებაში, როცა ლევან ჯინჭარაძეს დაუდასტურდა საზოგადოების კეთილსინდისიერად მართვა, საზოგადოების ინტერესებისათვის ზრუნვა და თითქმის გაკოტრების რეჟიმიდან ქარხნის ფინანსურ მოგებაზე გაყვანა, ცალსახად და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ლევან ჯინჭარაძის მიმართ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის და სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თამაზ ხაბაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის დევნას, რადგან ამ მაღალი თანამდებობის პირებს ლევან ჯინჭარაძე ხელს უშლიდა ქარხანაში კორუფციული სქემების დანერგვაში და რეალიზაციაში, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება.

 

აღნიშნულის დასტურად ვასაჯაროებ კიდევ ერთ ფაქტს – 2013 წელს, ჩემი დაჟინებული თხოვნით, რომ შემოწმებულიყო „ბ.ნ.ქ.“, ოფიციალური წერილით მივმართე აჭარის სახ. აუდიტს. იმავე წელს ჩატარდა შემოწმება, თუმც აღმოჩნდა, რომ ყველა ის დანაშაული, რომლებზედაც გვქონდა ვარაუდი და რაზედაც ქარხანას ბუღალტრულ ოპერაციებზე აუდიტისათვის ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული, აუდიტის დასკვნაში არ აისახა, ანუ დაიმალა. სანაცვლოდ ორთვენახევარში რიგითი აუდიტორი იონა წითელაძე დაწინაურებული იქნა ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ.

მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ იონა წითელაძის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ. აქვე მოვუწოდებ აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო გუნდს ამ საკითხის მიმართ მაინც პრინციპული პოზიციის დაჭერისაკენ“  – აცხადებს მედეა ვასაძე. დეპუტატის განცხადების ტექსტს უმაღლესი საბჭო ავრცელებს.  

 

„ბათუმელები“ აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხს აღნიშნულ თემაზე მოკლე ხანში გამოაქვეყნებს. 

სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღი აშენდება

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 9 ივნისს დასრულდება, შესაბამისად ამის შემდეგ  გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს საბავშვო ბაღს სოფელ ვერნებში.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ საბავშვო ბაღის შენობა შპს „ვეგა+“  პროექტის მიერ დამუშავებული პროექტით 120 დღის განმავლობაში უნდა ააშენოს.

 

ბაღის ასაშენებლად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მშენებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღება  4 ივნისიდან შეეძლებათ.  სატენდერო პირობების მიხედვით მონაწილე  პრეტენდენტს 2012 წლიდან 2015 წლის განმავლობაში მინიმუმ 150 000 ლარის სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა გააჩნდეს და შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ვერნებში აშენებულ საბავშვო ბაღის შენობას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებს.

ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენის გახსნის დღე ხალხმრავალი და ხმაურიანია. სასტუმრო „შერატონის“ მეორე სართულზე გამართულ პავილიონებში დამთვალიერებელს შეუძლია აჭარაში მოქმედი სასტუმროებისა და სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებს გადაავლოს თვალი, ასევე გაეცნოს აჭარის მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილ პროდუქციას, კერძებს, მოისმინოს ხალხური მუსიკა და შეიძინოს გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთები. 

ტურისტული გამოფენის გახსნას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღეს ტურუსტული გამოფენა 18 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი გამოფენის დათვალიერება დილის 10-დან საღამოს 18 საათამდეა შესაძლებელი. გამოფენა 22 მაისს დაიხურება. 

EXPO BATUMI 2015”-ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. 

გამოფენაში მონაწილეობს ოთხმოცამდე კომპანია საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიადან და ყაზახეთიდან. 

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

ბათუმელი მოფარიკავეები საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილებზე გავიდნენ

 

 

საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში 2015

 

საქართველოს პირადი პირველობა ფარიკაობის სამ სახეობაში: რაპირაში, დაშნასა და ხმლით ასპარეზობაში, 15-17 მაისს თბილისში ჩატარდა.

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით სახვაძის ინფორმაციით, ჩემპიონატში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა თბილისიდან, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან. ასევე ასპარეზობდნენ მოფრიკავეები აფხაზეთის სახელითაც.

 

გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადასცეს.

 

ქართველი მოფარიკავები სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც 5-11ივნისს შვეიცარიაში ჩატარდება.

 

 

2015 წლის საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში – გამარჯვებულები:

 

 

 

ფარიაკაობა ხმლით

გოგოები:

I ადგილი – თეოდორა კახიანი (თბილისი)

II ადგილი – მარიამ ფხაკაძე – (ქუთაისი)

III ადგილი – ანა აფრასიძე (თბილისი)

III ადგილი – ელენე ნანობაშვილი (თბილისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – სანდრო ბაზაძე (ქუთაისი)

II ადგილი – ნიკა შენგელია (თბლისი)

III ადგილი – ბექა ბაზაძე (ქუთაისი)

III ადგილი – ლუკა ობოლაძე (ქუთაისი)

 

 

 

ფარიკაობა რაპირათი

გოგოები:

I ადგილი – მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი)

II ადგილი – თინათინ ბოლქვაძე (ბათუმი)

III ადგილი – ანა მელია (თბილისი )

III ადგილი – მარია ზაკრიჩენკო (ქუთაისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – ლუკა ღაღანიძე (თბილისი)

II ადგილი – არჩილ უგულავა (ბათუმი)

III ადგილი – გიორგი ჭუმბურიძე (ქუთაისი)

III ადგილი – ლაშა გალუაშვილი (თბილისი)

 

 

ფარიკაობა დაშნით

გოგოები:

I ადგილი – ანი ბიბიჩაძე (ქუთაისი)

II ადგილი – ნუცა იაგორაშვილი (თბილისი)

III ადგილი – მარია ზაკრიჩენკო (ქუთაისი)

III ადგილი – მარიამ ლომიძე (თბილისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – გიორგი ქაფიანიძე (რუსთავი)

II ადგილი – დავით ელბაქიძე (თბილისი)

III ადგილი – დაჩი გალდავაძე (თბილისი)

III ადგილი – დავით არველაძე (თბილისი)

 

 

 

 

ხვალ ბათუმში სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

 

დათო ტრაპაიძის ფოტო
დათო ტრაპაიძის ფოტო

ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაცია და იმ მოქალაქეების წახალისება, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ ველოსიპედით. 

 

ამ დღეებში “ბათუმველო“ “EXPO BATUMI”-ს ფარგლებში დარეგისტრირებულ მსურველებს ფასდაკლებასაც სთავაზობს. ერთწლიანი ბარათის სტანდარტული ფასი 20 ლარია, თუმცა „ექსპო ბათუმზე“ დარეგისტრირებული დამთვალიერებლები ბარათს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით, 10 ლარად შეიძენენ და ბარათის გამოყენებას მთელი წლის მანძილზე შეძლებენ. ერთი საათით „ბათუმველოს“ ველოსიპედით სარგებლობის ფასი 2 ლარია. ივნისიდან „ბათუმველოს“ ბარათის ფასი ივნისიდან ასეთი იქნება:   

 1-დღიანი პაკეტი – 4 ლარი; 10-დღიანი პაკეტი –  10 ლარი; ერთწლიანი პაკეტი – 20 ლარი 

 

„ბათუმველოს“ საკუთრებაში 370 ველოსიპედია, ბათუმში სულ 23 ველოტერმინალია.

 

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ირინას აფთიაქის“ საჩივარი დაკმაყოფილდა

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავისივე აბონენტები არაკანონიერად დაჯარიმებასა და უსაფუძვლო გაფრთხილების გამო ედავებოდნენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ენერგოკომპანიის წინააღმდეგ ბოლოს რამდენიმე საქმეს განიხილავდა. მოდავეები ძირითადად ბათუმიდან იყვნენ: შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ („ირინას აფთიაქი“), „ფრანგული  სკოლა“, „ოპტიმუმ რ“ და ი/მ „ირმა ინასარიძე“.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ 15 ათასი ლარით იყო  დაჯარიმებული, „ფრანგული სკოლა“ – 1200 ლარით, „ოპტიმუმ რ“-ი კი გაფრთხილებულია.

 

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების პრობლემები

გასულ კვირას სახალხო დამცველმა ორი სპეციალური ანგარიში – “საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და `სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები”  წარმოადგინა. ანგარიშები სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. მონიტორინგის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასათანადოდ ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამები.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი და სასწავლო სააღმზრდელო რესურსით უზრუნველყოფა, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლებისთვის საჭირო რეფერირების პროცედურები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების იმპლემენტაცია. პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობების საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხი და ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარისხი, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების განხორციელება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის. შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან, საბავშვო ბაგა-ბაღების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს არასათანადო ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს პირობებში.
ასევე გამოიკვეთა ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემები, აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება; დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ აღსაზრდელთა მიმართ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილში არასათანადოდ არის დაცული კვების ორგანიზაციული წესების სტანდარტი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ადრეული ქორწინება აჭარაში

1-3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხულო, შუახევი, ქედა) ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე. შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და თემით დაინტერესებულმა სხვა პირებმა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემა კვლავ ტაბუდადებული საკითხია – მასზე არ საუბრობენ და, შესაბამისად, იდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მცირეა. აღინიშნა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ხოლო იძულებითი ქორწინების შემთხვევებს საერთოდ არ აქვს ადგილი.

ათავისუფლებენ თუ არა ციხის დირექტორს ბათუმში

კახაბერ გველესიანია

კახაბერ გველესიანი ბათუმში ციხის დირექტორად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა, მან ალექსანდრე პეტროსიანი შეცვალა. გველესიანს მანამდე ქუთაისში ციხის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში

ვახუშტი მენაბდემ აქცენტი გააკეთა იმ ხარვეზებზე, რომელიც თვითმმართველობის კანონს გააჩნია : „მე არ ვარ სამოქალაქო აქტივიზმის მკვლევარი, ამიტომ ჩემი პოზიციები არის, როგორც დამკვირვებლის პოზიციები და მეც ვცდილობ რომ, ის პრობლემები რაც საერთოა და აწუხებს საზოგადოებას ჩემი აქტივიზმის ნაწილიც იყოს.

თვითმმართველობის რეფორმა რომელიც დაიწყო 2013 წელს, გვპირდებოდა რომ ის არსებითაც შეცვლიდა ვითარებას, თუმცა პროცესმა აჩვენა რომ ის დაპირებები უფრო იყო ამბიციური, ვიდრე შედეგები, რომელიც თუნდაც შემოთავაზეწბული კანონის პირობებში გვაქვს. ჩვენ არ გვყავს თვითმმართველ ერთეულებში არცერთი ოპოზიციონერი ქალაქის მერი თუ გამგებელი, ყველაზე რევოლუციური ცვლილება რაც განხორციელდა, ეს იყო პირდაპირი არჩევითობა, ვიხილეთ მეორე ტურებიც, თუმცა ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ გახდა გამგებელი“.

ვახუშტი მენაბდემ  ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ დონეზე თვითმმართველობების განვითარებაზე. რომელიც ვერ განხორციელდა.

„სამწუხაროდ რეფორმის პროცესში ჩვენ დავთმეთ ერთი ნაბიჯი და საბოლო ჯამში მივიღეთ ის რომ რეგიონის დონეზე არ გვყავს თვითმმართველობა. ამას ორი არსებითი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძალოვანი უწყებების სახით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უაყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ეს დაუკავშირა სეპარატიზმს, რაც ძალიან სიმპტომატურია და თვისობრივად ახალი განაცხადი იყო მათი მხრიდან.

კიდევ ერთი საკითხი არის, ადგილობრივი სათემო საბჭოები, რომელიც თვითმმართველობის კონცეფციის მიხედვით უნდა შექმნილიყო ადგილებზე და ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესები დაეცვათ. ის იძლეოდა კარგ საშუალებას იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებულიყვნენ თემის ლიდერები, პარტიული ვერტიკალის მიღმა და ეს საკითხიც დაიბლოკა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ  ადგილობრივ დონეზე ცენტრალურ ხელისუფლებას არ აწყობდა თემის ლიდერების გაჩენა, რომელთაც ექნებოდათ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა  და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

ვახუშტი მენაბდეს თქმით, მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს,  ადგილობრივ დონეზე შექმნილი სათემოები ეს იქნებოდა უშუალო დემოკრატიის ფორმა, რომელიც არ განხორციელდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა არის არა ადვოკატირების ადგილი, არამედ მოქალაქე თავად არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია აქტივობა განახორციელოს. თვითმმართველობები  დღეს  ატარებენ არა მოქალაქეების ინტერესებს, არამედ პარტიულ ინტერსებს. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას დავინახავთ როგორც პოლიტიკური პრძოლებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სტრუქტურას, მაშინ ჩვენ ამ ხედვაში დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ წარმომადგენლებს ვირჩევთა არა იმიტომ რომ პოლიტიკური ხედვები წარადგინონ თვითმმართველობების დონეზე და ეს ხედვები დაიცვან არამედ იმიტომ, რომ მათ როგორც რიგითმა აქტივისტებმა, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები“.

მენაბდეს აზრით, თვითმმართველობის კანონის ხარვეზია ისიც, რომ საინიციატივო ჯგუფებს   არ აქვთ მერების და გამგებლების კანდიდატების წარდგენის უფლება.

„ეს იმას ნიშნავს რომ კანონმდებლებსაც კი ადგილობრივი თვითმმართველობა ესმის არა როგორც მოქალაქეების უშუალო ჩართულობის ადგილი, არამედ მას უყურებენ როგორც პოლიტიკური გავლენის მექანიზმს. რაც საბოლო ჯამში აისახება კიდეც დღეს თვითმმართველობებზე“.

 

ლაშა სირაბიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ცვლილება მიდის და ის არ წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის ველს.

„არის საზოგადოებრივი დარბაზი და მრჩეველთა საბჭოები და ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენც გასული ვართ  მოსახლეობაში და ვიღებთ ინფორმაციას“.

ლაშა სირაბიძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში ადამიანები არ არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და მათ შეუძლიათ განიხილონ პრიორიტეტები. „მათ აქვთ პრივილეგიები, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენობაში, მოაწყონ შეხვედრები და გამართონ დისკუსიები“.

საკრებულოს სამოქალაქო საბჭოს წევრის, სოფო ჟღენტის თქმით, თვითმმართველი ხელისუფლება ნამდვილად ხვდება და უსმენს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს, თუმცა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ხშირად არ ხდება:

„რა შედეგები მოგვიტანა ამ მოსმენებმა და შეიცვალა თუ არა რამე?  სამწუხაროდ, დიდი გავლენა არ აქვს“.

სოფო ჟღენტის აზრით, სამოქალაქო საბჭოს ბევრი კითხვა ჰქონდა თუნდაც ჰოკეის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც კონკრეტული პასუხები საბჭომ ვერ მიიღო:

„საკრებულოს წევრები კლუბის დაარსების აუცილებლობაზე როცა ვსვამდით კითხვებს, ამბობდნენ რომ „სულ რაღაც 200 ათასზეა საუბარი, რატომაც არა, ისრიალონ“.  მათ არ ჰქონადათღ კითხვებზე პასუხი იყო თუ არა წინასწარი გამოკითხვები მოსახლეობაში და რატომ იყო პრიორიტეტული ჰოკეის კლუბი, მაშინ როცა ბათუმზე შემოერთებულ კახაბრის ტერიტორიაზე არ არსებობს წყლის სისტემა და მოსახლეობა კუსტარულად გათხრილი ჭებიდან მოიპოვებენ წყალს.  ახლა იწყება 2016 წლის პრიორიტეტებზე მუშაობდა და იმედი მაქვს რომ მოხდება იმ პრიორიტეტების გათვალისწინება რაც სამოქალაქო საბჭოს აქვს“.

 

იურისტმა ლინდა ღვინიანიძემ აქცენტი გააკეთა სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილებაზე.

„როცა კითხვა დგას ასე, – როგორ შეცვლა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობა? ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ გვაქვს თუ არა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე.   მე მგონია რომ ჩვენ ასეთი ტიპის გამოცდილებები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე  არ გვაქვს“.

ლინდა ღვინიანიძის თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი არის ორგანიზებული ჯგუფების ინდივიდუალური ძალისხმევა რომ რაღაც ტიპის ცვლილება განხორციელდეს.

„აქტივიზმის ყველა მცდელობა იწყება თბილისში. რეალურად, პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი, ამდენად სამოქალაქო ჯგუფები უფრო მეტად ჩნდება ცენტრში, რადგან მიმართება და პოლიტიკური მესიჯის მიტანა შესაძლებელი არის მხოლოდ იქ“.

არჩილ ხაბაძე: დემურ დიასამიძის გადაყვანას სხვა პოზიციაზე ვაპირებთ

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებულ ითხოვნაა და ვფიქრობ, გაითვალისწინებს, ის უნდა დარჩეს მთავრობაში. ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ მისი პოტენციალის გაშვება ხელიდან იქნება ჩემი მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკარგი. მის გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე, იქ, სადაც უფრო მნიშვნელოვანია და მტკივნეული თემებია გასაკეთებელი და განსახორციელებელი, ვფიქრობ იქ უნდა ამოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.

 

დემურ დიასამიძემ დღეს, 19 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა გუშინ, 18 მაისს ბათუმში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. 

ბათუმის ორ კაფეში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

 

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

 

კვლევის შედეგად ი.მ „გელა ახალაძის” კაფე-ბარ „რონიკასა” და ი.მ „ვაჟა ქართველიშვილის” კაფე-ბარ „ქართველოში” იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

 

დემურ დიასამიძე
დემურ დიასამიძე

„რამდენიმე კერძო კომპანიისგან მაქვს შემოთავაზება, ჯერ ვერ გეტყვით სად ვიმუშავებ. ის, რომ პრემიერმა გამოთქვა უკმაყოფილება ჩემი მუშაობის გამო, არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით საქებარი სიტყვები მოვისმინეთ გუშინ  სასტუმრო ჰილტონის გახსნაზე. მე დეპარტამენტში ძლიერი გუნდი დავტოვე, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ კარგად ვიმუშავეთ. ჯერ მთავრობის თავმჯდომარეს განცხადება არ დაუკმაყოფილებია“ – განაცხადა დემურ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

 

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ბათუმი 2015″ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე გაიხსნება.  

 

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი გამარჯვება სოფიო გვეტაძემ მოიპოვა

სოფიო გვეტაძე: „საკმაოდ მალე მოვიგე ეს პარტია, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ. ხშირად ვმონაწილეობ ევროპის ჩემპიონატზე. წელს მქონდა მცირე პრობლემები, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ კარგად მომზადებული ვარ ამ ჩემპიონატისთვის. თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, რომ წარმატებით ვიასპარეზო. ამაღელვებელია, როცა შენს ქვეყანაში თამაშობ, მითუმეტეს ასეთ მზიან და ზღვიან მხარეში, ჯერ მხოლოდ პირველი ტურია, მთელი ბრძოლები – 10 პარტია წინა არის“.

საქართველოს მოხალისე პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

 

პროგრამის ფარგლებში ათ რეგიონში შეირჩა ათი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ჩაერთვებიან და გაუწევენ კოორდინაციას მოხალისეებს. აჭარიდან პროგრამაში ორგანიზაცია „ბორჯღალი“ მონაწილეობს.

 

მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობა, საქველმოქმედო საქმიანობა, ფილმების ჩვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რითაც მოხალისეები იქნებიან დაკავებულნი.

 

პროგრამას „საქართველოს მოხალისე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

 

ოლივერ რაისნერის ლექცია ბათუმში

 

 „ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში“


ღონისძიება იმართება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.

 

ქედის საკრებულოში: “როგორ ჩაატარებთ სხდომას, ვნახავ”


სხდომა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე:  ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ზესოფელში (კოლომბრისა) მდებარე 3027 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 915,70 კვ.მ შენობა-ნაგებობების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნება  ეროვნული ფორუმის“  რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღებაზე უნდა ემსჯელა, 11 საათზე დაიწყო.

 

 სხდომას საკრებულოს 24 დეპუტატიდან მხოლოდ 16 ესწრებოდა. მას შემდეგ რაც საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ სხდომას მისი პარტია პროტესტის ნიშნად ტოვებდა, რადგან როგორც მან აღნიშნა, საკრებულომ დეპუტატების მიერ მოთხოვნილი საკითხის ინიცირება განსახილველად სხდომაზე არ წარმოადგინა.  აქვე დეპუტატი იმასაც აღნიშნავდა, რომ საკრებულოს სხდომა რეგლამენტის დარღვევით ტარდებოდა  „თორმეტი კაცი რჩებით და როგორ ჩაატარებთ სხდომას, ვნახავ“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ, სანამ სხდომათა დარბაზდან გავიდოდა.  

 

საკრებულოს მიმართ პროტესტი დამსწრე 14  წევრიდან კიდევ ორმა დეპუტატმა: უშანგი ბერიძემ და ჯამბულ სურმანიძემ გამოთქვეს და ისინიც გავიდნენ სხდომათა დარბაზიდან.

 

მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში 12 დეპუტატი დარჩა,  საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ განაცხადა, რომ სხდომა ერთი საათით გადადო.

 

„მაქვს უფლება სხდომა გადავდო,  ქვორუმი არის,  მათი განცხადების გაკეთებამდე გადავდე სხდომა“ – განაცხადა ამირან ცინცაძემ.

 

99 მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

 

მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები გუნდურ პირველობაში: სალომე მელია, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და ნინო ბაციაშვილი. ასევე იასპარაზებს მსოფლიოს ორი ექსჩემპიონი პირად პირველობაში – ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და უკრაინელი ანა უშენინა.

 

კონტინენტის რიგით მე-16 ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და 31 მაისს დასრულდება.

 

ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი,  ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საჭადრაკო სფეროს წარმომადგენლები, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი და საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ერთი ნაწილი ათი დღით ჩაიკეტება

 

„ნეტგაზეთი“-ს ინფორმაციით, რომელიც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით ავრცელებს,  ათი დღის განმავლობაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების გამო შეიზღუდება. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

 

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი

რა უნდა შესთავაზოს ევექსს სახელმწიფომ – აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოსაზრება

 

ლევან ანთაძე
ლევან ანთაძე

აჭარის შემთხვევაში მე ვიცი, რომ ამგვარი დაწესებულებების ხელმძღვანელების ხელფასი მკაცრად კონტროლდება და ეს ალბათ სწორიცაა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ დირექტორები სხვადასხვა მუნიციპალური თუ საერთაშორისო პროგრამებიდან ახერხებენ, რომ საკუთარი ხელფასები ხუთციფრიან ერთეულებში გამოსახონ, მაშინ როდესაც საავადმყოფოები თავზე ენგრევათ.

 

მიუხედავად ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბევრი სერიოზული მიღწევისა, მაგალითად, უფასო მშობიარობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რეცეპტურის შემოღება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, არ მომწონს ასე მომრავლებული სახელმწიფო შპს-ები ჯანდაცვის სისტემაში, მითუმეტეს, როდესაც მათ შესაქმნელად ბიუჯეტის თანხა იხარჯება. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების შპს-ს შექმნა. ერთი მხრივ, თითქოს კარგი საქმე გაკეთდა, შეიცვალა ავტოპარკი მთელი ქვეყნის მაშტაბით, რაშიც უშუალოდ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, თუმცა შეიძლებოდა პარკი განეახლებინათ კერძო ოპერატორებს. ამ შემთხვევაში არა თუ თანხა დაიხარჯებოდა ბიუჯეტიდან, არამედ პირიქით, თანხა შევიდოდა ბიუჯეტში. როგორც ჩემთვის ცნობილია, კერძო ოპერატორების მხრიდან ავტოპარკის განახლების მზაობა იყო.

 

მიუღებელია ასევე კერძო ოპერატორებიდან სახელმწიფოს მიერ კლინიკების გამოსყიდვა და მათი გადაცემა სახელმწიფო შპს-ს მართვაში. ამ პოლიტიკის შედეგია ქედისა და შუახევის საავადმყოფოების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩემი აზრით, ეს არის ოპერატორი კომპანიის მცდელობა, დააშანტაჟოს სახელმწიფო და მიზანი აქვს ერთი – რაც შეიძლება ძვირად მიყიდოს ეს დაწესებულებები კომპანიამ სახელმწიფოს.

 

შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური კითხვა: რა უნდა ქნას სახელმწიფომ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი რჩება სამედიცინო სერვისის გარეშე? აქ ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთი: ასეთ მუნიციპალიტეტებში საყოველთაო ჯანდაცვიდან გამოსვლა “მივაბათ” მთლიანად რეგიონის მომსახურებიდან გამოსვლას. კერძოდ, “ევექსს” შევთავაზოთ, რომ თუ ის გამოვა შუახევსა და ქედაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ შეისყიდის მის მომსახურებას ბათუმში არსებული მისი კლინიკებიდან.

 

დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაში, მათი პოზიცია არ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც დღეს არის.

 

ასევე მინდა შევეხო, ე. წ. “მუნიციპალური საავადმყოფოების” თემასაც, რომელიც ასე პოპულარულია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრ ადამიანთან მისაუბრია, მაინც ბოლომდე ვერავინ ხსნის, რას გულისხმობს ეს ტერმინი ან რა მიზანი აქვს მის შექმნას. ძირითადი არგუმენტი რაც მომისმენია არის ის, რომ ამით სახელმწიფო შეძლებს ფასების “დაჭერას” ჯანდაცვის სფეროში და ამით სოციალურად დაუცველ კონტინგენტს შეუმსუბუქდება მდგომარეობა.

 

ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება არის მარტივი. ჯანდაცვის ბაზარზე ძირითადი მოთამაშე არის სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ყოველგვარი სახელმწიფო თუ მუნიციპალური საავადმყოფოს გარეშეც შეუძლია დაარეგულიროს ფასები ამ ბაზარზე. ამის კარგი მაგალითია ბოლო ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ ცვლილებებით შემოვიდა ზედა ზღვრული ფასები გარკვეული კატეგორიის მომსახურებაზე.

 

ამ იდეის მომხრეებისთვის ხშირად შემითავაზებია ეფიქრათ სახელმწიფო სუპერმარკეტის გახსნაზე, რადგან სოციალურად დაუცველთათვის უფრო მნიშვნელოვანია სურსათის ფასების “დაჭერა”, ვიდრე სამედიცინო სერვისების ფასების. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, რადგან ეს, უბრალოდ სახელმწიფო საწარმოების იდეის უტრირებაა და ხაზს უსვამს ამ იდეის აბსურდულობას.

 

მიუღებელია ასევე ბიუჯეტის თანხით საავადმყოფოს მშენებლობა, განსაკუთრებით ბათუმში, რადგან ამით სახელმწიფო უწევს კონკურანციას უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს და ასევე ძლიერად ურტყამს პოტენციური ინვესტორების სურვილს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბევრ ინვესტორს აქვს ჩადებული თანხა ქალაქ ბათუმის კლინიკებში, რამდენიმე უახლოეს ხანში გაიხსნება, ასევე ბევრი ინვესტორი ფიქრობს ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებაზე ჩვენს ქალაქში. მერწმუნეთ, ყოველი ჩადებული თეთრი მნიშვნელოვნად განავითარებს სამედიცინო სფეროს ჩვენს რეგიონში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება აჭარის მოსახლეობაზე, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსური კუთხით.
სწორედ კერძო ინვესტიციით აშენებულ “ევექსის” საავადმყოფოში მოხერხდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების ჩატარება, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა მთელი რეგიონისთვის.

 

მოკლე რეზიუმეს სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სამედიცინო სფერო არის ძალიან განსხვავებული ბაზრის სხვა სეგმენტებისგან, რის გამოც სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში უნდა იყოს მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ უნდა დააწესოს თამაშის წესები, მაგრამ არ უნდა იქცეს ამ ბაზრის ერთ-ერთ რიგით მონაწილედ.

როგორ გაგრძელდება „ევექსის“ საქმე

 

 

შუახევის რაიონული ჰოსპიტალი

 

 

ქალბატონო ნინო, რა ეტაპზეა საქმის შესწავლა და ამ დროის ინფრომაციით, იკვეთება თუ არა ბრალეულობის ნიშნები?

 

 ამ ეტაპზე, რაც სააგენტომ ადგილზე შეისწავლა, გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევა. კომისიამ დაწესებულების მიმართ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და კანონმდებლობის შესაბამისად შუახევის სასამართლომ დაწესებულება 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

 გამოიწვია თუ არა პაციენტის სიკვდილი ექიმის ადგილზე არ ყოფნამ?

 

 მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაა. ექსპერტიზა ჩატარებულია, თუმცა ჯერ დასკვნა არ არის მზად. ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ როგორც კი დაიდება დასკვნა, მოგვაწოდონ. თუმცა შესაძლებელია ამ დასკვნის საფუძველზეც კი ვერ გაირკვეს, გამოიწვია თუ არა პაციენტის სიკვდილი საავადმყოფოში ექიმის არყოფნამ და საჭირო გახდეს კომისიური ექსპერტიზა.

 

რა შეიძლება მოხდეს, თუ დადგინდება, რომ დროული დახმარების მიღების შემთხვევაში პაციენტი გადარჩებოდა?

 

ამის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე სასამართლოს თემაა. რამდენადაც მე ვიცი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაწესებულებას ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ, კანონმდებლობა განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში ისევ დაჯარიმებას ითვალისწინებს. ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, ოჯახი კომპენსაციას თუ მოითხოვს, ეს უკვე სასამართლოს თემაა.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

 

 

დავის საგანს წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების 103-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 
„სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს ბავშვის რეინტეგრაციისა და მინდობოთ აღზრდისთვის სოციალური შემწეობის საკითხებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან მიმართებით, ვინაიდან გასაჩივრებული რეგულაცია აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე ეს მინდობით ბავშვის აღზდასთან არის გათვალისწინებული. 

 

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

 

ხვალ ბათუმში EXPO BATUMI 2015 გაიხსნება

 

გამოფენას  ხვალ სასტუმრო “შერატონში” ოფიციალურად გახსნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. “ექსპო ბათუმს” დაესწრებიან აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს წევრები, აჭარაში მყოფი გენერალური კონსულები და გუბერნატორები თურქეთის ქალაქებიდან. 

 

ვიზიტიორებისთვის დასწრება თავისუფალია. გამოფენის დათვალიერება მსურველებს შეუძლიათ სასტუმრო “შერატონში”, 12-დან 18 საათამდე (20-21 მაისი), ხოლო 10-დან 15 საათამდე – 22 მაისს. 

“EXPO BATUMI 2015”-ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენაში მონაწილეობს; საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი. სულ ოთხმოცამდე კომპანია.

გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის თავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

გამოფენის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტრაპიზონის „ავრასია უნივერსიტეტს“ შორის. 

 

21 მაისს “ექსპო ბათუმზე” აჭარის გიდების ასოციაცია საუკეთესო გიდს დააჯილდოვებს. 

 

გამოფენის პერიოდში გაიმართება სხვადასხვა გასართობის ღონისძიებები. 

 

 

 

 

 

 

არღვევს თუ არა კანონს, ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე შუახევში

„ოთარ სურმანიძე ხელფასს იღებს როგორც საკრებულოში, ასევე სოფლის ამბულატორიაშიც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს არის კანონდარღვევა“- აცხადებს, დავით ბერიძე.

ფრააქციის თავმჯდომარე ოთარ სურმანიძე  „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის ამბულატორიაში ნამდვილად მუშაობს და მას ხელფასს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ უხდის.

„რაიონში არ გვყავს ექიმები, დეფიციტია ექიმების და მე სამედიცინო მეთვალყურეობას ვეწევი, დროებით ვარ ხელშეკრულებით აყვანილი. ახლა ორთვიან ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი. ანაზღაურებადია სამუშაო და ხელფასს როგორც ვიცი, „ალდაგი“ იხდის“-გვეუბნება, ფრაქციის თავმჯდომარე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე ამბობს, რომ ოთარ სურმანიძე ამბულატორიაში დიდი ხანია მუშაობს: „დაბა შუახევის ამბულატორიაში მუშაობს სოფლის ექიმად და პროგრამა ფინანსდება ბიუჯეტიდან“.

მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ ქარცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მან ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით გააფრთხილა: „მივწერე წერილი და ვთხოვე რომ გაერკვია ხომ არ არის შეუთავსებლობა ამ ორ სამსახურს შორის მეთქი და წერილზე პასუხი ჯერ არ მიმიღია“.

დავით ბერიძე, „სამოქალაქო მონიტორინგი“.

აჭარის ფინანსთა მინისტრი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

 

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან   სამუზეუმო ექსპონანტები და მათი განცხადება, თითქოს პრემიერს არ ჰქონდა მორალური უფლება გაეხსნა სასტუმრო ”ჰილტონი”, არის მათი ფობიები და სიზმრები.

 

 ისინი ყოველთვის მიიჩნევდნენ ,რომ არამარტო თანამდებობა,არამედ ქვეყანაც მათი საკუთრება იყო და შესაბამისად მათ განაჩენი საზოგადოებისგან 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს.

 

რაც შეეხება სასტუმრო “ჰილტონის “გახსნას”, შეგიძლიათ ნახოთ კადრები, რომ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა ნულოვანი ნიშნულიდან 2012 წლის შემდეგ დაიწყო. 2008 წელში მე პირადად მქონდა გარანტია გაცემული ამ სასტუმროს მშენებლობისთვის,რომელიც დაწყებიდან  ერთ  წელში გაჩერდა და მას შემდედ შეჩერებული იყო” – აცხადებს დავით ბალაძე.

                                                  

დააკავეს პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი

 

აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

 

 

თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდის“ დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ავტომანქანის სალონში ჩალაგებულ ტანსაცმელს შორის მგზავრი იყო დამალული. სამართალდამცველებმა მძღოლიც და მისი მგზავრიც შეაჩერეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარების შედეგად დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტოფაკ ო-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მისი მგზავრის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

ლექციები კონფლიქტების თემაზე ბათუმში, კავკასიური სახლის ორგანიზებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეულმა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ დღეს ნაციონალურ იდენტობასა და ეთნიკურ კონფლიქტზე წაიკითხა ლექცია.

ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ.

ლექციათა კურსი „კონფლიქტებისა და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“, პროგრამის – „უკრაინა კონფლიქტიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით ტარდება. მასში რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, საქართველოდან მოწვეული მომხსენებლები, 32 მკვლევარი და დოქტორანტი სტუდენტი მონაწილეობს.

პროექტის ოფიცერის ანა ბრაგვაძის თქმით, ეს პროექტი წელს პირველად ტარდება და მასზე დასწრება მხოლოდ მონაწილეებისთვისაა შესაძლებელი, რომლებიც აპლიკაციისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეარჩიეს.

„პროექტის „კონფლიქტებისა და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტის“ მიზანია უკრაინა–რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის გააზრება და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“, – წერია „კავკასიის სახლის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პროექტი ხორციელდება კიევში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 ლექციების ციკლი 21 მაისამდე გაგრძელდება და კიდევ 12 ლექცია ჩატარდება.

19 მაისი

მომხსენებელი: დორიანა კუნი (დიდი ბრიტანეთი) – საერთაშორისო ორგანიზაცია „Saferworld“-ის პროექტების კოორდინატორი

თემა: „საერთაშორისო აქტორების როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“

თემა: კვლევა: „ჩრდილოეთ ირლანდია“

მომხსენებელი: ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველო) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

თემა: კვიპროსი

თემა: კოსოვო

 20 მაისი

მომხსენებელი: ალექსანდრე ისკანდრიანი (სომხეთი) – კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი

თემა: პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

თემა: მთიანი ყარაბაღი

მომხსენებელი: კორნელ ჩურია (მოლდოვა) – სოციალური ინსტიტუტის განვითარების ინსტიტუტის პოლიტოლოგი

თემა: ნაციონალიზმი და სახელმწიფოს მშენებლობა მოლდოვაში

თემა: დნეპრისპირეთი

21 მაისი

მომხსენებელი: ვიაჩესლავ მოროზოვი (ესტონეთი) -ტარტურის უნივერსიტეტის პროფესორი

თემა: რუსული ნაციონალობა და იდენტობა

თემა: კვლევა- უკრაინა

 მომხენებელი: იგორ სემივოლოსი (უკრაინა) – ახლო აღმოსავლეთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

თემა: უკრაინული ნაციონალიზმი

თემა: რუსულ-უკრაინული კონფლიქტი: ხედვა უკრაინიდან

ქობულეთის გამგებლის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს დასუფთავების აქციაში ჩაერთონ

 

გამგებლის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლების აქციას შეურთდნენ: “მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა პარასკევს დავასუფთავეთ სანაპირო და ყოველ პარასკევს ვაპირებთ დასუფთავების აქცია მოვაწყოთ ქობულეთში. მოსახლეობასაც ვთხოვთ შემოგვიერთდნენ დასუფთავების აქციაში” – განაცხადა რატი მეგრელიძემ. 



„ლიტვური პოეზიის ფესტივალი“ ქობულეთში

 

ფოტო: ქობულეთის გამგეობა
ფოტო: ქობულეთის გამგეობა

ქობულეთის გამგეობის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლზე 200 ახალგაზრდა მოხალისის მონაწილეობით ლიტვური დროშა გაიშალა, ასევე გაიმართა ღონისძიება, სადაც ქართველმა და ლიტველმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და ლიტვურ ენაზე“.

 

ფესტივალი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენის პატრონაჟითა და ლიტვური კულტურისა და ენის ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ გაიმართა. ღონისძიებას ლიტვის ელჩი საქართველოში იურატე რამოშკიენე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლანტში ფატი ხალვაში ესწრებოდნენ. 

20 უკრაინელი ჯარისკაცი აჭარაში გაივლის რეაბილიტაციას

 

ჯარისკაცები ბათუმში 16 მაისს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. ისინი ამჟამად ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებიან, სადაც მათ რეაბილოტოლოგები და ფსიქოლოგები გაუწევენ კონსულტაციას და საჭირო კურსს დაუნიშნავენ.

 

 უკრაინელი ჯარისკაცები ასევე დაათვალიერენ აჭარას, მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც. 

 

უკრაინელი ჯარისკაცები ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის მოწვევით იმყოფებიან. მათი ჩამოსვლა უკრაინაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ვიზიტის დროს გადაწყდა.  

მოპარული 17 მაისი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ თემის წარმომადგენელი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ILGA Europe-ის მიმდინარე წლის ანგარიშების მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველო გასულ წელთან შედარებით ცხრა ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ მტრული განწყობა საკმაოდ საგრძნობია.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მოიცავს გენდერულ იდენტობასაც, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ბრძანება, რომლის მიხედვით გეებსა და ბისექსუალებს სისხლის დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ. გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები მაინც ვერ ბედავენ გამოხატონ თავიანთი უფლება და საჯაროდ თქვან – „არა ჰომოფობიას“.

გაიმარჯვა თუ არა ჰომოფობიამ საქართველოში? – გენდერის საკითხთა ექსპერტის ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ჰომოფობიის გამარჯვებაზე აქცენტის გაკეთება, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ორი შინაარსობრივად დაპირისპირებული აქციების პარალელურად და უსაფრთხოდ ჩატარება.

„ჰომოფობიასთან ბრძოლა არ უნდა აღიქმებოდეს ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ერთდღიან ომად. სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ევოლუციური პროცესია, ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის ნაწილი, ამიტომ აქცია – „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელებში წამოვიწყეთ, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული“.

ეკა აღდგომელაშვილის აზრით, 2013 წლის 17 მაისის დაპირისპირებაში რეალურად ბევრი დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფებიც:

„ეს აქცია ვიღაცამ გამოიყენა პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ვიღაცამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ ის სუსტია და საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა. სექსუალური უმცირესობების თემა ყოველთვის იყო მანიპულირების საგანი წინასაარჩევნო პერიოდებში და ასე იქნება შემდეგ არჩევნებზეც“.

სპეციალისტის თქმით, არარსებული მდგომარეობის საფრთხედ გადაქცევა, ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული და ამ პროცესს არა მარტო პოლიტიკოსები უწყობენ ხელს:

„ჩვენთან ქუჩა ათვისებული გვაქვს მაშინ, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს, ან ვეწინააღმდეგებით. სხვა, თუნდაც სოციალური საკითხებისთვის, ნაკლებად. არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით გამორიცხავ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს საერთო სივრციდან. ისევ საბჭოთა მენტალობით ვსაზღვრავთ, ვინ უნდა იარსებოს ამ სივრცეში და ვინ – არა. დღეს ეს საბჭოური ცენზორის როლი სიმბოლურად ეკლესიამ გადაიბარა და მობილიზებული სტრატეგიებით ცდილობს ამ საჯარო სივრცეების „ცოდვისგან განწმენდას“.

ვირტუალურ სივრცეში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული სოციალური კამპანიის პარალელურად ჰომოფობიური კამპანიაც წარმოებდა: „ჰომოფობია არ არსებობს, ეს არის გახრწნილების პროპაგანდა“.

ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ადამიანები ხშირად საუბრობენ გენდერულ იდენტობაზე, თუმცა ნაკლებად ესმით მისი მნიშვნელობა: „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თავისთავად ნონსენსია, რადგან ჰომოსექსუალობა ეს არ არის ქცევა, ეს არის იდენტობის ისეთივე ნაწილი, როგორც კანის ფერი. თუ მე ქალთა უფლებების დასაცავად გავალ ქუჩაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალობის პროპაგანდას ვეწევი და ყველა ქალად გადაიქცევა? ამიტომ, ამ საკითხის გაუაზრებლობა ძალიან ბევრ ჯგუფს აძლევს მანიპულირების საშუალებას“.

ექსპერტის აზრით, დღეს ტენდენცია საკითხის პოლარიზაციისკენ მიდის: „ცოტა დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. ისეთებიც კი, ვინც ამბობს, რომ ადამიანის უფლება ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა შეეძლოს ამ უფლებით სარგებლობა, ლგბტ თემის მიმართ მაინც მტრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს“.

რატომ დაუპირისპირა „ოჯახის სიწმინდის“ დღე საპატრიარქომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და გამორიცხავს თუ არა ჰომოფობიასთან ბრძოლა ოჯახის სიწმინდეს? როგორც ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რა მოიაზრება „ოჯახის სიწმინდეში“ ეს არც ამ დღის დამაარსებლებს განუმარტავთ და არც საზოგადოებას გაუაზრებია ბოლომდე.

„ოჯახი არის ადგილი, სადაც შეიძლება გვქონდეს როგორც რელიგიური და ეთნიკური, ასევე სხვა ტიპის მრავალფეროვნებაც. პრობლემაა ის, ამ ქვეყანაში მრავალფეროვნება აღიქმება არა სიმდიდრედ, არამედ რაღაც საშიშროებად, რომელიც ქვეყნის მონოლითურობას ემუქრება“.

მისი აზრით, ხელოვნურად შექმნილი „ოჯახის სიწმინდის დღე“, გამოყენებულია არა სიძულვილის წინააღმდეგ, არამედ განსხვავებული ჯგუფების დაპირისპირების მიზნით. „ხელისუფლებამ კი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, განსხვავებული ჯგუფების უფლებების დაცვა ბოლომდე ვერ შეძლო“.

17 მაისი არის დღე, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოებას ახსენებენ თუ რამდენად ცუდი შედეგები მოაქვს განსხვავებულისადმი სიძულვილს და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებში. თუმცა ლგბტ პირები და სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, „არა ჰომოფობიას!“ გასახმოვანებლად ქუჩაში გასულ წელს აღარ გამოსულან. ორგანიზაცია „იდენტობა“, რომელიც ლგბტ ჯგუფების უფლებების დაცვაზე მუშაობს, ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში საუბრობდა იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი საჯარო გამოსვლებზე უარს ამბობენ. ძირითადი მიზეზი უსაფრთხოებაა.

„ლგბტ თემი კვლავ ვერ ახერხებს 17 მაისს საჯაროდ გამოსვლას და საზოგადოების ინფორმირებას საკუთარი პრობლემების და ჩაგვრის შესახებ. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების კონსტიტუციურად გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის უფლების რეალიზაციას და მათი უსაფრთხოების სათანადოდ დაცვას“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფოს უსუსურობის მიზეზი გავლენიანი ინსტიტუტია, რომელმაც ლგბტ თემს 17 მაისი მოჰპარა. „ეკლესიამ მოიპარა და გადააკეთა“ ოჯახის სიწმინდის დღედ, რითაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე ჰომოფობიის გამოვლენის დღედ გადააქცია“.

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქუჩაში მაინც გამოვიდა. პარალელურ რეჟიმში იმართებოდა მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაც, თუმცა ამჯერად აქციებს ექსცესები არ მოჰყოლია.

________________

ფოტოზე: ეკა აღდგომელაშვილი

ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშო აშენდება

 

„მერიისგან მშენებლობის ნებართვა უკვე მივიღეთ და უახლოეს დღეებში ელექტრონულ ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობა შეთანხმებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა. 

აქცია საავადმყოფოებში სტაციონარული მომსახურების აღდგენის მოთხოვნით

 

აქცია შუახევში
აქცია შუახევში

„დაახლოებით 300 კაცი ვართ. მანქანებია გაჩერებული. დაბის და ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები ვართ. ერთმანეთს შემოვუძახეთ და გამოვედით. ჩვენ ვითხოვთ საავადმყოფოში იყოს გინეკოლოგი, ქირურგი, ანესთეზიოლოგი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ დავითაძე.

 

მარიამ დავითაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში კვლავაც არ ჰყავთ ექიმები: „ექიმები ბათუმიდან ამოჰყავთ რეანომობილით. 2 საათი გაჩერდებიან და შემდეგ მიდიან. დღეს, მაგალითად, ნახევარი საათის წინ მოვიდნენ“.

 

მარიამ დავითაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს საავადმყოფოდან არავინ გამოხმაურებია: „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოგი ზოიძე იყო შესული და იმან გვითხრა, რომ ხელწერებს აკეთებენ და ათი დღის შუალედი მოგვეცით, რომ საავადმყოფო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადმოვიდესო. ჩვენ ისე მიგვყავს საქმე, რომ ეს საავადმყოფო გამოვსტაცოთ ხელებიდანო“,  – ამბობს მარიამ დავითაძე.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევის საავადმყოფოს წინ დგას „რეანომობილი“ და ექიმებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

რაც შეეხება „ევექსისგან“  სახელმწიფოს მიერ კლინიკის გამოსყიდვას, ლევან გორგილაძის ინფორმაციით,  „ევექსთან“ ოფიცალური საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა: „გაჟღერდა, რომ მთის სავადმყოფოები დოტაციაზე აიყვანოს სახელმწიფომ და ასე უზრუნველყოს სერვისის მიწოდება. სამთავრობო დონეზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად კი გვქონდა პრაქტიკაში, როცა მთიან რეგიონებში რამდენიმე ობიექტი სახელმწიფომ შეისყიდა“.

 

კორპორაცია „ევექსი“ 2011 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ფლობს აჭარის მთებში საავადმყოფოებს. 2015 წლის აპრილის ბოლოს  „ევექსის“ მიერ გაცხადებულ სურვილს – გააუქმოს სტაციონარული მომსახურება აჭარის მთებში, მას შემდეგ შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, რაც 3 მაისს შუახევის საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, 25 წლის მამაკაცი სისხლისგან იმის გამო დაიცალა, რომ საავადმყოფოში არ იმყოფებოდა ქირურგი. ამ მოსაზრებას „ევექსი“ არ იზიარებს. სადაო საკითხზე ექსპერტიზას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია.

 

ამ დროისთვის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 10 დღის შემდეგ ისევ შეიკრიბებიან. 

არასამთავრობოები უმაღლეს საბჭოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის იწვევენ

 

ღონისძიება ტარდება „სამოქალაქო კვირეულის“ ფარგლებში. კვირეული 18-28 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას. გაიმართება საქველმოქმედო, მოხალისეობრივი და ადვოკატირების ღონისძიებები.

 

ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორები არიან  „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და „ბორჯღალი“ .

 

კვირეული ორგანიზებულია ,,სიდას” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. 

კვირეული თანაორგანიზებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ. ღონისძიების ჩატარების ადგილი: „ჰემა 2012- სისხლის სადგური“, მის: ქ. ბათუმი, გორგასალის ქ. N159.

 

 

Exit mobile version