Batumelebi | რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში – Batumelebi
RU | GE  

რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში

 

დღეს, 19 მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დისკუსია გამართა თემაზე,  „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია”.

დისკუსიის მომხსენებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ იურისტი, ვახუშტი მენაბდე, ამავე ორგანიზაციის იურისტი, ლინდა ღვინიანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“, ლაშა სირაბიძე და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჟურნალისტი სოფო ჟღენტი.

ვახუშტი მენაბდემ აქცენტი გააკეთა იმ ხარვეზებზე, რომელიც თვითმმართველობის კანონს გააჩნია : „მე არ ვარ სამოქალაქო აქტივიზმის მკვლევარი, ამიტომ ჩემი პოზიციები არის, როგორც დამკვირვებლის პოზიციები და მეც ვცდილობ რომ, ის პრობლემები რაც საერთოა და აწუხებს საზოგადოებას ჩემი აქტივიზმის ნაწილიც იყოს.

თვითმმართველობის რეფორმა რომელიც დაიწყო 2013 წელს, გვპირდებოდა რომ ის არსებითაც შეცვლიდა ვითარებას, თუმცა პროცესმა აჩვენა რომ ის დაპირებები უფრო იყო ამბიციური, ვიდრე შედეგები, რომელიც თუნდაც შემოთავაზეწბული კანონის პირობებში გვაქვს. ჩვენ არ გვყავს თვითმმართველ ერთეულებში არცერთი ოპოზიციონერი ქალაქის მერი თუ გამგებელი, ყველაზე რევოლუციური ცვლილება რაც განხორციელდა, ეს იყო პირდაპირი არჩევითობა, ვიხილეთ მეორე ტურებიც, თუმცა ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ გახდა გამგებელი“.

ვახუშტი მენაბდემ  ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ დონეზე თვითმმართველობების განვითარებაზე. რომელიც ვერ განხორციელდა.

„სამწუხაროდ რეფორმის პროცესში ჩვენ დავთმეთ ერთი ნაბიჯი და საბოლო ჯამში მივიღეთ ის რომ რეგიონის დონეზე არ გვყავს თვითმმართველობა. ამას ორი არსებითი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძალოვანი უწყებების სახით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უაყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ეს დაუკავშირა სეპარატიზმს, რაც ძალიან სიმპტომატურია და თვისობრივად ახალი განაცხადი იყო მათი მხრიდან.

კიდევ ერთი საკითხი არის, ადგილობრივი სათემო საბჭოები, რომელიც თვითმმართველობის კონცეფციის მიხედვით უნდა შექმნილიყო ადგილებზე და ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესები დაეცვათ. ის იძლეოდა კარგ საშუალებას იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებულიყვნენ თემის ლიდერები, პარტიული ვერტიკალის მიღმა და ეს საკითხიც დაიბლოკა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ  ადგილობრივ დონეზე ცენტრალურ ხელისუფლებას არ აწყობდა თემის ლიდერების გაჩენა, რომელთაც ექნებოდათ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა  და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

ვახუშტი მენაბდეს თქმით, მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს,  ადგილობრივ დონეზე შექმნილი სათემოები ეს იქნებოდა უშუალო დემოკრატიის ფორმა, რომელიც არ განხორციელდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა არის არა ადვოკატირების ადგილი, არამედ მოქალაქე თავად არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია აქტივობა განახორციელოს. თვითმმართველობები  დღეს  ატარებენ არა მოქალაქეების ინტერესებს, არამედ პარტიულ ინტერსებს. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას დავინახავთ როგორც პოლიტიკური პრძოლებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სტრუქტურას, მაშინ ჩვენ ამ ხედვაში დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ წარმომადგენლებს ვირჩევთა არა იმიტომ რომ პოლიტიკური ხედვები წარადგინონ თვითმმართველობების დონეზე და ეს ხედვები დაიცვან არამედ იმიტომ, რომ მათ როგორც რიგითმა აქტივისტებმა, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები“.

მენაბდეს აზრით, თვითმმართველობის კანონის ხარვეზია ისიც, რომ საინიციატივო ჯგუფებს   არ აქვთ მერების და გამგებლების კანდიდატების წარდგენის უფლება.

„ეს იმას ნიშნავს რომ კანონმდებლებსაც კი ადგილობრივი თვითმმართველობა ესმის არა როგორც მოქალაქეების უშუალო ჩართულობის ადგილი, არამედ მას უყურებენ როგორც პოლიტიკური გავლენის მექანიზმს. რაც საბოლო ჯამში აისახება კიდეც დღეს თვითმმართველობებზე“.

 

ლაშა სირაბიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ცვლილება მიდის და ის არ წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის ველს.

„არის საზოგადოებრივი დარბაზი და მრჩეველთა საბჭოები და ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენც გასული ვართ  მოსახლეობაში და ვიღებთ ინფორმაციას“.

ლაშა სირაბიძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში ადამიანები არ არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და მათ შეუძლიათ განიხილონ პრიორიტეტები. „მათ აქვთ პრივილეგიები, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენობაში, მოაწყონ შეხვედრები და გამართონ დისკუსიები“.

საკრებულოს სამოქალაქო საბჭოს წევრის, სოფო ჟღენტის თქმით, თვითმმართველი ხელისუფლება ნამდვილად ხვდება და უსმენს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს, თუმცა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ხშირად არ ხდება:

„რა შედეგები მოგვიტანა ამ მოსმენებმა და შეიცვალა თუ არა რამე?  სამწუხაროდ, დიდი გავლენა არ აქვს“.

სოფო ჟღენტის აზრით, სამოქალაქო საბჭოს ბევრი კითხვა ჰქონდა თუნდაც ჰოკეის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც კონკრეტული პასუხები საბჭომ ვერ მიიღო:

„საკრებულოს წევრები კლუბის დაარსების აუცილებლობაზე როცა ვსვამდით კითხვებს, ამბობდნენ რომ „სულ რაღაც 200 ათასზეა საუბარი, რატომაც არა, ისრიალონ“.  მათ არ ჰქონადათღ კითხვებზე პასუხი იყო თუ არა წინასწარი გამოკითხვები მოსახლეობაში და რატომ იყო პრიორიტეტული ჰოკეის კლუბი, მაშინ როცა ბათუმზე შემოერთებულ კახაბრის ტერიტორიაზე არ არსებობს წყლის სისტემა და მოსახლეობა კუსტარულად გათხრილი ჭებიდან მოიპოვებენ წყალს.  ახლა იწყება 2016 წლის პრიორიტეტებზე მუშაობდა და იმედი მაქვს რომ მოხდება იმ პრიორიტეტების გათვალისწინება რაც სამოქალაქო საბჭოს აქვს“.

 

იურისტმა ლინდა ღვინიანიძემ აქცენტი გააკეთა სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილებაზე.

„როცა კითხვა დგას ასე, – როგორ შეცვლა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობა? ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ გვაქვს თუ არა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე.   მე მგონია რომ ჩვენ ასეთი ტიპის გამოცდილებები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე  არ გვაქვს“.

ლინდა ღვინიანიძის თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი არის ორგანიზებული ჯგუფების ინდივიდუალური ძალისხმევა რომ რაღაც ტიპის ცვლილება განხორციელდეს.

„აქტივიზმის ყველა მცდელობა იწყება თბილისში. რეალურად, პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი, ამდენად სამოქალაქო ჯგუფები უფრო მეტად ჩნდება ცენტრში, რადგან მიმართება და პოლიტიკური მესიჯის მიტანა შესაძლებელი არის მხოლოდ იქ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე