სიახლეები

აქცია საავადმყოფოებში სტაციონარული მომსახურების აღდგენის მოთხოვნით

18.05.2015 • 1498
აქცია საავადმყოფოებში სტაციონარული მომსახურების აღდგენის მოთხოვნით

 

აქცია შუახევში
აქცია შუახევში

„დაახლოებით 300 კაცი ვართ. მანქანებია გაჩერებული. დაბის და ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები ვართ. ერთმანეთს შემოვუძახეთ და გამოვედით. ჩვენ ვითხოვთ საავადმყოფოში იყოს გინეკოლოგი, ქირურგი, ანესთეზიოლოგი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ დავითაძე.

 

მარიამ დავითაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში კვლავაც არ ჰყავთ ექიმები: „ექიმები ბათუმიდან ამოჰყავთ რეანომობილით. 2 საათი გაჩერდებიან და შემდეგ მიდიან. დღეს, მაგალითად, ნახევარი საათის წინ მოვიდნენ“.

 

მარიამ დავითაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს საავადმყოფოდან არავინ გამოხმაურებია: „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოგი ზოიძე იყო შესული და იმან გვითხრა, რომ ხელწერებს აკეთებენ და ათი დღის შუალედი მოგვეცით, რომ საავადმყოფო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადმოვიდესო. ჩვენ ისე მიგვყავს საქმე, რომ ეს საავადმყოფო გამოვსტაცოთ ხელებიდანო“,  – ამბობს მარიამ დავითაძე.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევის საავადმყოფოს წინ დგას „რეანომობილი“ და ექიმებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

რაც შეეხება „ევექსისგან“  სახელმწიფოს მიერ კლინიკის გამოსყიდვას, ლევან გორგილაძის ინფორმაციით,  „ევექსთან“ ოფიცალური საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა: „გაჟღერდა, რომ მთის სავადმყოფოები დოტაციაზე აიყვანოს სახელმწიფომ და ასე უზრუნველყოს სერვისის მიწოდება. სამთავრობო დონეზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად კი გვქონდა პრაქტიკაში, როცა მთიან რეგიონებში რამდენიმე ობიექტი სახელმწიფომ შეისყიდა“.

 

კორპორაცია „ევექსი“ 2011 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ფლობს აჭარის მთებში საავადმყოფოებს. 2015 წლის აპრილის ბოლოს  „ევექსის“ მიერ გაცხადებულ სურვილს – გააუქმოს სტაციონარული მომსახურება აჭარის მთებში, მას შემდეგ შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, რაც 3 მაისს შუახევის საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, 25 წლის მამაკაცი სისხლისგან იმის გამო დაიცალა, რომ საავადმყოფოში არ იმყოფებოდა ქირურგი. ამ მოსაზრებას „ევექსი“ არ იზიარებს. სადაო საკითხზე ექსპერტიზას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია.

 

ამ დროისთვის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 10 დღის შემდეგ ისევ შეიკრიბებიან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: