Batumelebi | „მოპარული“ 17 მაისი „მოპარული“ 17 მაისი – Batumelebi
RU | GE  

„მოპარული“ 17 მაისი

 

„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ თემის წარმომადგენელი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ILGA Europe-ის მიმდინარე წლის ანგარიშების მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველო გასულ წელთან შედარებით ცხრა ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ მტრული განწყობა საკმაოდ საგრძნობია.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მოიცავს გენდერულ იდენტობასაც, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ბრძანება, რომლის მიხედვით გეებსა და ბისექსუალებს სისხლის დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ. გარკვეული წინგადადმული ნაბიჯების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები მაინც ვერ ბედავენ გამოხატონ თავიანთი უფლება და საჯაროთ თქვან –  „არა ჰომოფობიას“.

გაიმარჯვა თუ არა ჰომოფობიამ საქართველოში? – გენდერის საკითხთა ექსპერტის ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ჰომოფობიის გამარჯვებაზე აქცენტის გაკეთება, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ორი შინაარსობრივად დაპირისპირებული აქციების პარალელურად და უსაფრთხოდ ჩატარება.

„ჰომობიასთან ბრძოლა არ უნდა აღიქმებოდეს ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ერთდღიან ომად. სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ევოლუციური პროცესია, ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის ნაწილი, ამიტომ აქცია – „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელებში წამოვიწყეთ, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული“.

ეკა აღდგომელაშვილის აზრით, 2013 წლის 17 მაისის დაპირისპირებაში რეალურად ბევრი დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფებიც:

„ეს აქცია ვიღაცამ გამოიყენა პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ვიღაცამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ ის სუსტია და საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა. სექსუალური უმცირესობების თემა ყოველთვის იყო მანიპულირების საგანი წინასაარჩევნო პერიოდებში და ასე იქნება შემდეგ არჩევნებზეც“.

სპეციალისტის თქმით, არარსებული მდგომარეობის საფრთხედ გადაქცევა, ანტიდასავლული განწყობების ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული და ამ პროცესს არა მარტო პოლიტიკოსები უწყობენ ხელს:

„ჩვენთან ქუჩა ათვისებული გვაქს მაშინ, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს, ან ვეწინააღმდეგებით. სხვა, თუნდაც სოციალური საკითხებისთვის, ნაკლებად. არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით გამორიცხავ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს საერთო სივრციდან. ისევ საბჭოთა მენტალობით ვსაზღვრავთ, ვინ უნდა იარსებოს ამ სივრცეში და ვინ – არა. დღეს ეს საბჭოური ცენზორის როლი სიმბოლურად ეკლესიამ გადაიბარა და მობილიზებული სტრატეგიებით ცდილობს ამ საჯარო სივრცეების „ცოდვისგან განწმენდას“.

ვირტუალურ სივრცეში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული სოციალური კამპანიის პარალელურად ჰომოფობიური კამპანიაც წარმოებდა: „ჰომოფობია არ არსებობს, ეს არის გახრწნილების პროპაგანდა“.

ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ადამიანები ხშირად საუბრობენ გენდერულ იდენტობაზე, თუმცა ნაკლებად ესმით მისი მნიშვნელობა: „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თავისთავად ნონსენსია, რადგან ჰომოსექსუალობა ეს არ არის ქცევა, ეს არის იდენტობის ისეთივე ნაწილი, როგორც კანის ფერი. თუ მე ქალთა უფლებების დასაცავად გავალ ქუჩაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალობის პროპაგანდას ვეწევი და ყველა ქალად გადაიქცევა? ამიტომ, ამ საკითხის გაუაზრებლობა ძალიან ბევრ ჯგუფს აძლევს მანიპულირების საშუალებას“.

ექსპერტის აზრით, დღეს ტენდენცია საკითხის პოლარიზაციისკენ მიდის: „ცოტა დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. ისეთებიც კი, ვინც ამბობს, რომ ადამიანის უფლება ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა შეეძლოს ამ უფლებით სარგებლობა, ლგბტ თემის მიმართ მაინც მტრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს“.

რატომ დაუპირისპირა „ოჯახის სიწმინდის“ დღე საპატრიაქრომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და გამორიცხავს თუ არა ჰომოფობიასთან ბრძოლა ოჯახის სიწმინდეს? როგორც ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რა მოიაზრება „ოჯახის სიწმინდეში“ ეს არც ამ დღის დამაარსებლებს განუმარტავთ და არც საზოგადოებას გაუაზრებია ბოლომდე.

„ოჯახი არის ადგილი, სადაც შეიძლება გვქონდეს როგორც რელიგიური და ეთნიკური, ასევე სხვა ტიპის მრავალფეროვნებაც. პრობლემაა ის, ამ ქვეყანაში მრავალფეროვნება აღიქმება არა სიმდიდრედ, არამედ რაღაც საშიშროებად, რომელიც ქვეყნის მონოლითურობას ემუქრება“.

მისი აზრით, ხელოვნურად შექმნილი „ოჯახის სიწმინდის დღე“, გამოყენებულია არა სიძულვილის წინააღმდეგ, არამედ განსხვავებული ჯგუფების დაპირისპირების მიზნით. „ხელისუფლებამ კი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, განსხვავებული ჯგუფების უფლებების დაცვა ბოლომდე ვერ შეძლო“.

17 მაისი არის დღე, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოებას ახსენებენ თუ რამდენად ცუდი შედეგები მოაქვს განსხვავებულისადმი სიძულვილს და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებში. თუმცა ლგბტ პირები და სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, „არა ჰომობიას!“ გასახმოვანებლად ქუჩაში გასულ წელს აღარ გამოსულან. ორგანიზაცია „იდენტობა“, რომელიც ლგბტ ჯგუფების უფლებების დაცვაზე მუშაობს, ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში საუბრობდა იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი საჯარო გამოსვლებზე უარს ამბობენ. ძირითადი მიზეზი უსაფრთხოებაა.

ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

„ლგბტ თემი კვლავ ვერ ახერხებს 17 მაისს საჯაროდ გამოსვლას და საზოგადოების ინფორმირებას საკუთარი პრობლემების და ჩაგვრის შესახებ. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების კონსტიტუციურად გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის უფლების რეალიზაციას და მათი უსაფრთხოების სათანადოდ დაცვას“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფოს უსუსურობის მიზეზი გავლენიანი ინსტიტუტია, რომელმაც ლგბტ თემს 17 მაისი მოპარა. „ეკლესიამ მოიპარა და გადააკეთა“ ოჯახის სიწმინდის დღედ, რითაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე ჰომოფობიის გამოვლენის დღედ გადააქცია“.

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქუჩაში მაინც გამოვიდა. პარალელურ რეჟიმში იმართებოდა მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაც, თუმცა ამჯერად აქციებს ექსცესები არ მოჰყოლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე