კვირის ამბები

რა უნდა შესთავაზოს ევექსს სახელმწიფომ – აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოსაზრება

19.05.2015 • 1640
რა უნდა შესთავაზოს ევექსს სახელმწიფომ – აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოსაზრება

 

ლევან ანთაძე
ლევან ანთაძე

აჭარის შემთხვევაში მე ვიცი, რომ ამგვარი დაწესებულებების ხელმძღვანელების ხელფასი მკაცრად კონტროლდება და ეს ალბათ სწორიცაა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ დირექტორები სხვადასხვა მუნიციპალური თუ საერთაშორისო პროგრამებიდან ახერხებენ, რომ საკუთარი ხელფასები ხუთციფრიან ერთეულებში გამოსახონ, მაშინ როდესაც საავადმყოფოები თავზე ენგრევათ.

 

მიუხედავად ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბევრი სერიოზული მიღწევისა, მაგალითად, უფასო მშობიარობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რეცეპტურის შემოღება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, არ მომწონს ასე მომრავლებული სახელმწიფო შპს-ები ჯანდაცვის სისტემაში, მითუმეტეს, როდესაც მათ შესაქმნელად ბიუჯეტის თანხა იხარჯება. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების შპს-ს შექმნა. ერთი მხრივ, თითქოს კარგი საქმე გაკეთდა, შეიცვალა ავტოპარკი მთელი ქვეყნის მაშტაბით, რაშიც უშუალოდ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, თუმცა შეიძლებოდა პარკი განეახლებინათ კერძო ოპერატორებს. ამ შემთხვევაში არა თუ თანხა დაიხარჯებოდა ბიუჯეტიდან, არამედ პირიქით, თანხა შევიდოდა ბიუჯეტში. როგორც ჩემთვის ცნობილია, კერძო ოპერატორების მხრიდან ავტოპარკის განახლების მზაობა იყო.

 

მიუღებელია ასევე კერძო ოპერატორებიდან სახელმწიფოს მიერ კლინიკების გამოსყიდვა და მათი გადაცემა სახელმწიფო შპს-ს მართვაში. ამ პოლიტიკის შედეგია ქედისა და შუახევის საავადმყოფოების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩემი აზრით, ეს არის ოპერატორი კომპანიის მცდელობა, დააშანტაჟოს სახელმწიფო და მიზანი აქვს ერთი – რაც შეიძლება ძვირად მიყიდოს ეს დაწესებულებები კომპანიამ სახელმწიფოს.

 

შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური კითხვა: რა უნდა ქნას სახელმწიფომ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი რჩება სამედიცინო სერვისის გარეშე? აქ ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთი: ასეთ მუნიციპალიტეტებში საყოველთაო ჯანდაცვიდან გამოსვლა “მივაბათ” მთლიანად რეგიონის მომსახურებიდან გამოსვლას. კერძოდ, “ევექსს” შევთავაზოთ, რომ თუ ის გამოვა შუახევსა და ქედაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ შეისყიდის მის მომსახურებას ბათუმში არსებული მისი კლინიკებიდან.

 

დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაში, მათი პოზიცია არ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც დღეს არის.

 

ასევე მინდა შევეხო, ე. წ. “მუნიციპალური საავადმყოფოების” თემასაც, რომელიც ასე პოპულარულია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრ ადამიანთან მისაუბრია, მაინც ბოლომდე ვერავინ ხსნის, რას გულისხმობს ეს ტერმინი ან რა მიზანი აქვს მის შექმნას. ძირითადი არგუმენტი რაც მომისმენია არის ის, რომ ამით სახელმწიფო შეძლებს ფასების “დაჭერას” ჯანდაცვის სფეროში და ამით სოციალურად დაუცველ კონტინგენტს შეუმსუბუქდება მდგომარეობა.

 

ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება არის მარტივი. ჯანდაცვის ბაზარზე ძირითადი მოთამაშე არის სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ყოველგვარი სახელმწიფო თუ მუნიციპალური საავადმყოფოს გარეშეც შეუძლია დაარეგულიროს ფასები ამ ბაზარზე. ამის კარგი მაგალითია ბოლო ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ ცვლილებებით შემოვიდა ზედა ზღვრული ფასები გარკვეული კატეგორიის მომსახურებაზე.

 

ამ იდეის მომხრეებისთვის ხშირად შემითავაზებია ეფიქრათ სახელმწიფო სუპერმარკეტის გახსნაზე, რადგან სოციალურად დაუცველთათვის უფრო მნიშვნელოვანია სურსათის ფასების “დაჭერა”, ვიდრე სამედიცინო სერვისების ფასების. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, რადგან ეს, უბრალოდ სახელმწიფო საწარმოების იდეის უტრირებაა და ხაზს უსვამს ამ იდეის აბსურდულობას.

 

მიუღებელია ასევე ბიუჯეტის თანხით საავადმყოფოს მშენებლობა, განსაკუთრებით ბათუმში, რადგან ამით სახელმწიფო უწევს კონკურანციას უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს და ასევე ძლიერად ურტყამს პოტენციური ინვესტორების სურვილს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბევრ ინვესტორს აქვს ჩადებული თანხა ქალაქ ბათუმის კლინიკებში, რამდენიმე უახლოეს ხანში გაიხსნება, ასევე ბევრი ინვესტორი ფიქრობს ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებაზე ჩვენს ქალაქში. მერწმუნეთ, ყოველი ჩადებული თეთრი მნიშვნელოვნად განავითარებს სამედიცინო სფეროს ჩვენს რეგიონში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება აჭარის მოსახლეობაზე, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსური კუთხით.
სწორედ კერძო ინვესტიციით აშენებულ “ევექსის” საავადმყოფოში მოხერხდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების ჩატარება, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა მთელი რეგიონისთვის.

 

მოკლე რეზიუმეს სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სამედიცინო სფერო არის ძალიან განსხვავებული ბაზრის სხვა სეგმენტებისგან, რის გამოც სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში უნდა იყოს მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ უნდა დააწესოს თამაშის წესები, მაგრამ არ უნდა იქცეს ამ ბაზრის ერთ-ერთ რიგით მონაწილედ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: