ქედის გამგეობაში დასაქმების მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა. კომისიის შემადგენლობაშია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე და საკრებულოს წევრი ჯამბულ სურმანიძეა. ასევე კომისიის მოწვეული წევრები არიან პროფკავშირებიდან დოდო მექვაბრიშვილი და აჭარის მთავრობიდან ავთანდილ ბოლქვაძე.

 

მიმდინარე გასაუბრებას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა” და „კორუფვიასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლები აკვირდებიან. გასაუბრებასთან ერთად კონკურსანტების კომპიუტერულ ცოდნასაც ამოწმებენ. სულ გასაუბრება დასაქმების მსურველ 42 კონკურსანტს და ატესტაციის მეორე ეტაპზე გადასულ მოქმედ 21 თანამშრომელს ჩაუტარდება.

 

გასაუბრება

 

გასაუბრებასთან ერთად კონკურსანტების კომპიუტერულ ცოდნასაც ამოწმებენ

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

 

 

სასამართლო დარბაზიდან

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელი მძიმე და ადამიანის ღირსების შემლახავია.

ბექა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და ეს ბრალდება 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ახლა გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მას 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბექას სასჯელის ზომა არაადეკვატური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ამიტომაც ბრალდებული საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

 

 

 

კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმში

 

პროგრამაშია მოცარტის, ჰუმელისა და კოლინის ნაწარმოებები. მონაწილეობენ:  თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ემინ გუვენ იაშლიჯამი, სოლისტი – მერი მუსაევი – ჰობოი, ასევე თურქეთიდან.

 

 

 

ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური გახსნის მოლოდინში

ბათუმი ცენტრალში“ პირველი სატესტო მატარებელი გასულ კვირას შევიდა. რკინიგზის ახალ სადგურს სამი ბაქანი აქვს და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთის ყიდვაც უკვე აქვე არის შესაძლებელი. როგორც ცენტრალის დირექტორი გიორგი შარაშიძე ამბობს, საქართველოს რკინიგზას უსასყიდლოდ და უვადოდ გადაეცა 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც განთავსებულია, სალაროები, ადმინისტრაცია, გამცილებლებისა და მემანქანეების მოსასვენებელი ოთახები. რაც შეეხება ლიანდაგებს, სადგურამდე ის საქართველოს რკინიგზამ მიიყვანა.

გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია – 22 566 კავდრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის საერთო ფართობი კი 10 ათასი კვადრატული მეტრია.

როგორც გიორგი შარაშიძე ამბობს, „ბათუმი ცენტრალი“ ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს – რკინიგზა, ავტოსადგური და სავაჭრო ცენტრი: „აქ ნებისმიერ პირსა თუ კომერციულ ორგანიზაციას შეუძლია ფართობის დაქირავება – ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 10-15 დოლარი ღირს. ამას დაემატება კვადრატულ მეტრზე 3-5 ლარი კონდიცირებისა თუ სხვა სერვისებისთვის და 20%-ი დღგ“.

გიორგი შარაშიძის თქმითვე, კომერციული ფართობების დიდი ნაწილი პირველ სართულზე უკვე გაქირავებულია: „აქ შემოსულ ადამიანს შეუძლია სუფთა გარემოში დალიოს ყავა, მიირთვას საჭმელი, მატარებლის, ავტობუსის თბილისის მიმართულებით გასვლამდე დაათვალიეროს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ასევე შესაძლებელი იქნება ბავშვის 1 ან 2 საათით დატოვებაც, აქ სპეციალური ცენტრი იზრუნებს პატარებზე, ვიდრე მშობელი გადაუდებელი საქმეებისთვის ქალაქში იქნება გასული“.
გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ცენტრალში იქნება ბანკების ფილიალებიც, „მაკდონალდსი“, „გუდვილი“, საკანცელარიო და სასაჩუქრე მაღაზიები. ასევე იგეგმება „დანქინ დონატსისა“ და „სმარტის“ გახსნაც.

„ბათუმი ცენტრალი“ ბევრი სხვა ახალაშენებული ობიექტისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყველა ჩასასვლელთან თუ საპირფარეშოსთან არის პანდუსი, ანუ შშმ პირისთვის ამ დაწესებულებაში გადაადგილება კომფორტული იქნება.

`ბათუმი ცენტრალში~ ამ დროისთვის ყველაზე მრავლად მაინც სატრანსპორტო კომპანიები არიან წარმოდგენილნი – ამ სფეროში ყველაზე მეტად იგრძნობა კონკურენცია. ერთ-ერთი მათგანის – „ბათუმი სელპანტინის“ დამფუძნებელს, ვახტანგ ლომჯარიას მიაჩნია, რომ არსებული კონკურენციის პირობებში ცენტრალი აძლევს შესაძლებლობას, კლიენტს უკეთესი პირობები შესთავაზოს.

იგივე ვახტანგ ლომჯარიას თუ დავეყრდნობით და საკითხს ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ჭრილში განვიხილავთ, გაჩენილი კონკურენციით სავარაუდოდ სარგებელი უნდა მიიღონ მოქალაქეებმაც. ვახტანგ ლომჯარია: „გვყავს მინივენები, მიკროავტობუსები, ავტობუსები. მანქანების პარკი ახალია. კლიენტს შეუძლია ინტერნეტით ან ტელეფონით დაგვიკვეთოს ბილეთი. ამ სადგურის ერთ-ერთი ახალი პრინციპი ისაა, რომ კლიენტი სადგურში თავად კომპანიას მოჰყავს – მანქანა კლიენტს სახლში აკითხავს“.

რაც შეეხება ფასს, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ამ სერვისის გამო ფასები არ გაიზრდება: „ფასებს ვინარჩუნებთ, პირიქით – სტუდენტებისთვის ფასების შემცირებაზეც ვფიქრობ. შვიდკაციანი მინივენი 22 ლარი ღირს – ჯერჯერობით აქცია გვაქვს, მაგრამ მინივენზე ფასი აუცილებლად გახდება 25 ლარი. მიკროავტობუსი სპრინტერები იქნება 20 ლარი. დიდი ავტობუსი იქნება 15 ლარი, ისე კი არა, რომ თუ ორივე მხარის ბილეთს იყიდი, მხოლოდ ერთი მიმართულებითაც ფასი 15 ლარი იქნება. ავტობუსით დღეში დაგეგმილია ორი რეისი – ერთი ბათუმიდან და ერთი თბილისიდან. ეს სადგური იმის საშუალებას მაძლევს, რომ მეც შევთავაზო მგზავრს ყავა და ცივი წყალი“.

ახალი რკინიგზის სადგურის, იგივე „ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა მესაკუთრეს – შპს GEORGIA INN-ს 8 მილიონი ლარი დაუჯდა. ამ კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს: გიორგი ჭყონია (45%), ლევ ნინიკაშვილი (45%) და აჰარონ ჯანაშვილი.

„ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პროექტი არაერთხელ შეჩერდა.
ცენტრალის დირექტორის თქმით, მათთან მთლიანობაში 300-400 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი, მათგან 50-60 ადამიანის დასაქმებას უშუალოდ „ბათუმი ცენტრალი“ გეგმავს.

იყიდება ბინა ბათუმის შერატონთან

 

იყიდება 2-ოთახიანი (44 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონონთან. ასევე  იყიდება 2- ოთახიანი (66 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონის პირდაპირ. ფასი შეთანხმებით

ტელ.: (574)  831103; (574) 045 489.

პეტრას ციხის რეაბილიტაცია იწყება

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პეტრას, როგორც ძეგლის, პირველად შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს სიმონ ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრეთის კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანო“.

 

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.

 

მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”

დავით მამისეიშვილი

“ბრალდებული სტუდენტია, ჰყავს წლისა და ოთხი თვის შვილი და მუშაობს”, – სწორედ ამ არგუმენტით ითხოვეს მისმა ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. ადვოკატებმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება ხუთი ათასი ლარის სანაცვლოად იშუამდგომლეს. პროკურორმა კი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა შემდეგი მოტივით: “დასადგენია ნარკოტიკების შეძენის ადგილი და მოტივი, თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს, მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს ან დატოვოს ქვეყანა”.

ადვოკატმა თქვა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ბრალდებული გამომძიებელს პასპორტს ჩააბარებს და კვირაში ერთხელ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდება. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ახლა სტუდენტს სახელმწიფო ადანაშაულებს, 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ბათუმში ცხოვრობს, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, მშობლებს აქვთ კერძო სახლი და მას იპოთეკით დატვირთავენ, გირაო რომ გადაიხადონ.

“ძალიან ცუდ გზას დაადექით… მე და პროკურორს სახელმწიფო გვიხდის ხელფასს, ადვოკატებს – შენი ოჯახი, ეს ჩვენთვის ყოველდღიური საქმიანობაა, უბრალოდ, იცვლებიან განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანები. უნდა გააანალიზოთ თქვენი შეცდომა, რაც თქვენს ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა, თუ არ აპირებთ გამოსწორებას და ძველ რელსებზე დაბრუნებას, მე გირჩევთ, ნუ გადაახდევინებთ თქვენს ოჯახს გირაოს საფასურს”, – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულს.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის ნათესავები ერთი თვის განმავლობაში 25 ათას ლარს გადაიხდიან, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ბრალდებული ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა.
ნათია როყვა

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე:

 

24 ივნისს: 11:00–დან 18:00 საათამდე 722 აბონენტს ახალციხეში, 11:00–დან 17:00 საათამდე 6800 აბონენტს ქუთაისში (ნიკეას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი, მიმდებარე ქუჩები და ჩიხები), 10:00–დან 16:00 საათამდე 2247 აბონენტს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდასა და ხოტევში;

 

25 ივნისს: 11:00–დან 18:00 საათამდე 1208 აბონენტს ნორიოს დასახლებაში, 11:00–დან 16:00 საათამდე 1000 აბონენტს ჩოხატაურის რაიონის სოფლებში, 11:00–დან 18:00 საათამდე 3300 აბონენტს ხარაგაულში, 11:00–დან 18:00 საათამდე 6587 აბონენტს დმანისში.

იმედის მედალი ”ბაქო 2015”-დან

 

ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე

– ქალბატონო ხათუნა, საქართველოს სპორტის ისტორიაში თქვენ შეხვედით, როგორც პირველი მედალოსნები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე. რამდენად იყო მოსალოდნელი ეს შედეგი თქვენთვის?

– ვერ გეტყვით იყო თუ არა მოულოდნელი. ჩვენ ყველანაირად ვემზადებოდით. გვქონდა ხელშეწყობა სპორტის დეპარტამენტიდან, ოლიმპიური კომიტეტეტიდან. ამხელა დაფინანსება არასოდეს არ ჰქონია საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას. ყველა შეჯიბრის წინ შეკრებას გავდიოდით.

ამ წუთასაც ბათუმის ანგისის სტადიონზე ახალგაზრდები გადიან შეკრებას, რომლებიც ემზადებიან იტალიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის.

ამ შედეგით ძალიან გახარებულები ვართ. ლაშამ გვასახელა. ამ ბოლო დროს ის ძალიან კარგ ფორმაშია, კარგად ისროლა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა ვაჟთა შორის.

ჩემთვის, როგორც ფედერაციის პრეზიდენტისთვის და როგორც სპორტსმენისთვის ორმაგი პასუხიმსგებლობა იყო „ბაქო2015“-ში ასპარეზობა. ორმაგად გახარებული და სამმაგად ბედნიერი ვარ, რადგან პირველებმა მოვუპოვეთ მედალი ჩვენს ქვეყანას და ფედერაციას და სულ ცოტა დაგვაკლდა ოქროს მედლამდე. დღეს ამითაც ამაყი და კმაყოფილი ვარ.

ხათუნა ნარიმანიძე

– რა პირობებში გიწევთ თამაში და რამდენად ორგანიზებულია „ბაქო2015“?

– აქ ყველანაირი პირობაა. სამ ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი და თავს ვთვლი ისეთ პირობებში, როგორც სიდნეიში, ათენში, უფრო მეტიც ათენზე უკეთესი პირობებია. ძალიან ორგანიზებულია. ტრანსპორტით კვებით, ყველანაირად. ასეთი გახსნა მე ჯერ არ მინახია.

– რომელ სპორტს გულშემატკივრობთ? თუ ესწრებით სხვა სახეობებში შეჯიბრებებს?

– სამწუხაროდ ვერ ვესწრებით, მაგრამ საღამოს ყოველთვის ვიკრიბებით, ერთმანეთის შედეგებს ვგებულობთ და ერთმანეთს ვულოცავთ. შეჯიბრება სპორტის სახეობების მიხედვით სხვადასხვა ადგილასაა განაწილებული. ზოგ სპორტსმენს დასვენება სჭირდება რომ აღიდგინოს დახარჯული ენერგია.

 

– ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ წელს თქვენ განსაკუთრებულად მზად ხართ, რას ფიქრობთ ეს შედეგი თქვენი მომზადების ხარჯზე მივიღეთ?

ლაშა ფხაკაძე: სიმართლე გითხრათ შარშანდელთან შედარებით წინსვლა არის და ბევრად უფრო გამიუმჯობესდა შედეგები. ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება, ეს არის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის დამსახურებაც. შემიძინეს საჭირო ინვენტარი, რის გარეშე ფაქტიურად უძლური ვიყავი. მეც ფიზიკურად თავს არ ვზოგავდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი იმისთვის, რომ დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

წინ კიდევ ერთი შეჯიბრებაა კოპენჰაგენში, სადაც რიო-დეჟანეიროს ლიცენზიები გათამაშდება 2016 წლისთვის, ასევე დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც არანაკლებ წარმატებას მივაღწევ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ფორმა შევინარჩუნო და გავაუმჯობესო კიდეც.

– თქვენთვის განსაკუთრებული მომენტი რაა თამაშებზე?

– აქ რაც მომწონს ყველაზე მეტად ორგანიზებულობაა. არ არის დაძაბულობა. როგორ მშვიდადაც მიმდინარეობს შეჯიბრება, ისე წყნარად ვართ სპორტსმენებიც. თვითდაჯერებულობა პირველივე დღეებში გამოჩნდა, ამინდმაც შეგვიწყო ხელი.

ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც შეჯიბრის პირველ დღეს ტარდება, საქართველოს რეკორდი გავაუმჯობესე. ამ რაუნდში 72 გასროლას ვახდენთ სპორტსმენები, რის შემდეგ დგება სია და ხდება ფინალური შეხვედრების გადანაწილება. პირველი ხვდება ბოლოს, მეორე – ბოლოს წინას და ასე შემდეგ. ამ საკვალიფიკაციო რაუნდში გავარტყი 669 ქულა, აქამდე დაფიქსირებული იყო 665 ქულა, რომელიც ასევე მე გავარტყი საქართველოს ჩემპიონატზე.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მედლების სეზონი მშვილდოსნებმა გავხსენით. ოლიმპიურ სამყაროში დებიუტი მქონდა, მაგრამ მედალი – არა. ახლა კი საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებაზე ჩემს კარიერაში ეს მედალიც მოვიპოვე. მთელი დღე შოკში ვიყავი სიხარულისგან. ამ მედალმა ბევრი პოზიტიური ენერგია, დიდი იმედი და მონდომება შემძინა. 

ქედაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა

 

სოფელი ბზუბზუ
სოფელი ბზუბზუ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი სოფო ხაბაზი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ოჯახის, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, ყველა წევრი ვაქცინირებულია. რაც შეეხება სოფელს, პრესსამსახურის განცხადებით,  სოფელში მყოფი ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელი და შინაური ცხოველი ხვალიდან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

 

„სოფელ ქვედა ბზუბზუში მცხოვრები ბადრი გოგიტიძე კვირას, 21 ივნისს დაუკავშირდა ვეტექიმს და აცნობა, რომ მსხვილფეხა რქოსანი ძაღლზე უცნაურად რეაგირებდა. ადგილზე მისულ ვეტექიმს ძაღლი მკვდარი დახვდა.  გამოკვლევის შედეგად დღეს დადასტურდა, რომ ძაღლს ცოფი ჰქონდა. ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირუტყვი  იზოლირებულია. რაც შეეხება ოჯახს, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქედის განყოფილება ადგილზე გავიდა და ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ხვალიდან კი სოფელში ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა რქოსანსა და შინაურ ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება“ –   აღნიშნა სოფიო ხაბაზმა „ბათუმელებთან“. 

ბოლივუდის მსახიობები ბათუმის ბულვარში

 

გადაღებები ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, საოცრებათა და ერას მოედანზე 18-19 ივნისს მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა,  სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი კინოპროდუქტი რომანტიკული ჟანრისაა.

ფილმში მთავარ როლს კანადის 60-მილიონიანი რეგიონის ცნობილი მსახიობები სარჯა ჩირანჯეევი და ამულია ასრულებენ. ფილმის რეჯისორი ვიჯაი კირანია.

ფილმის გადამღებმა ჯგუფმა კლიპის გადაღება ბათუმის შემდეგ ყაზბეგში გააგრძელა.

ხოლო მოგვიანებით გადაღებებს გუდაურსა და თბილისში გააგრძელებს. ფილმის პრემიერა ინდოეთში 2015 წლის 15 სექტემბერს შედგება. 

 

გადაღების ეპიზოდები

შშმ პირი ატესტატის ძიებაში

გიორგი გურგენიძე, მზიური ბალაძე

გიორგი გურგენიძემ საბაზო საფეხური, ანუ მე-9 კლასი, სკოლის დირექტორის ნუნუ ქიქავას ბრძანების მიხედვით, 2007 წელს დაამთავრა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გიორგი გურგენიძეს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ორთაბათუმის საჯარო სკოლაში გიორგის ჩარიცხვის ბრძანება საარქივო მასალებში არ იძებნება.

„წარმოუდგენელია, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. თუ დირექტორმა ბრძანება არ დაწერა, ეს მისი დანაშაულია, მაგრამ ის დირექტორი გარდაცვლილია და ჩვენ რა გიყოთო, მეუბნებიან სკოლაში. საარქივო მასალებში ბრძანება ვერ იპოვეს. ბავშვი დაფიქსირებულია სასკოლო ჟურნალებში, სკოლა ადასტურებს, რომ გიორგი ნამდვილად დადიოდა ამ სკოლაში და დამთავრების ბრძანებაც არის, მაგრამ ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე მაინც უარს გვეუბნებიან“, – ამბობს მზიური ბალაძე.

გიორგის დედა ამბობს, რომ მას და გიორგის ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ ატესტატი დიდხანს აღარ მოუკითხავთ. „მე ონკოლოგიური პრობლემები მაქვს. როცა გიორგიზე ორსულად ვიყავი, მკერდი მომკვეთეს, მედიკამენტების მიღების გამო გიორგის ჯანმრთელობა დაუზიანდა და გონებრივი პრობლემებით დაიბადა. ამის შემდეგ კიდევ დამჭირდა ერთი ოპერაცია, ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. ხშირად გვიწევდა ექიმთან ვიზიტი, ხან ჩემი ჯანმრთელობის გამო, ხანაც – გიორგის. მე-9 კლასი რომ დაამთავრა, მაშინაც საავადმყოფოში ვიყავი, ამიტომ ატესტატისთვის სკოლაში არ მივსულვარ. მინდა, რომ ჩემი შვილი რაიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩავრთო, პროფესიას რომ დაეუფლოს და მომავალში საკუთარი შრომით შეძლოს არსებობა“, – ამბობს მზიური ბალაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, გიორგის მშობლები სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებენ. „ასეთი განუკითხაობა შეიძლება? ხომ დადიოდა სკოლაში ჩემი შვილი, რა ჩვენი ბრალია, თუ დირექტორმა საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა და ბრძანება არ დაწერა ან ვერ იპოვეს ეს ბრძანება. ჩემი შვილის უფლება სახელმწიფომ ხომ უნდა დაიცვას?“ – კითხულობს გიორგის დედა.

მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა, შესაბამისად, დედის თქმით: „გიორგი ჯერ პირველ საჯარო სკოლაში შევიყვანე, შემდეგ, ბინა რომ გამოვიცვალეთ, 22-ე საჯარო სკოლაში გადავიყვანე. ბოლოს ბინის ქირის გადახდა ვეღარ შევძელით და ჩემი ძმის სახლში, სოფელ ორთაბათუმში მოგვიწია გადასვლა. იქ დაამთავრა გიორგიმ მეცხრე კლასი“.

როგორც დედა ამბობს, რამდენიმე დღის წინ ოჯახმა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ მორიგი არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღო. „ჯერ ისიც არ ვიცი, ოპერაციას ექვემდებარება თუ არა“, – მბობს მზიური ბალაძე.  – „მძიმე ცხოვრება გადავიტანე, უბინაობამაც დამღალა. უკვე მე-15 ბინა გამოვიცვალეთ. ერთი ბინის მეტაპრონემ, ქირა რომ ვერ გადავუხადეთ, სახლში აღარ შეგვიშვა, ორსულად ვიყავი და ჩემი ქმრის „ზილში“ მომიწია მეორე ბავშვის გაჩენა. ამას ჩემი და გიორგის ავადმყოფობაც დაერთო. გამუდმებით ცუდზე ვფიქრობდი, მაგრამ თავს მოვერიე, გიორგის ვჭირდები“.

ოჯახი ამჟამად ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ნათესავის მიერ დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს. მზიური ბალაძე: „მესამე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ შეგნებულად ვიკავებ თავს. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ჩემს შვილს დავეხმარო. მინდა, რაიმე ხელობას დაეუფლოს, ცხოვრება გააგრძელოს. ზეპირი ათვისების უნარი აქვს, შეუძლია კომპიუტერის გამოყენება. ატესტატის უქონლობის გამო კი, პროგრამებში ჩართვაზე უარს გვეუბნებიან. არ ვიცი, რა გავაკეთო.“

ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუსიც მიიღო, თუმცა როგორც რესპონდენტი ამბობს, მათი ქულების რაოდენობა ფინანსურ დახმარებას არ ითვალისწინებს.

რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

 

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, იქ, სადაც მდინარე აკავრეთა ჩამოედინება, წყლისგან თავდასაცავად წლების წინ მოწყობილი დამცავი კედელი აღარ არსებობს, წყალდიდობისას ადიდებული მდინარე აკავრეთა დაბის დატბორვის საშიშროებას ქმნის. წყალმა წაიღო საბჭოთა დროს მოწყობილი გაბიონი მდინარეების – აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთანაც. დამცავი კედლის არარსებობის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარისწყალმა რუსთაველის ქუჩაზე არსებული გამარჯვების პარკის დიდი ნაწილი წაიღო, დატბორვის საფრთხე ექმნება პარკთან ახლოს მცხოვრებ მანველიძეების ოჯახსაც. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გაბიონის მოსაწყობად სოლიდური თანხაა საჭირო, ადგილობრივ ბიუჯეტში კი შესაბამისი ფინანსური რესურსი არ არის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდს მიმართა, გაბიონის მოსაწყობად შესაბამის პროექტი წარუდგინა და დაფინანსების დაპირებაც მიიღო. დამცავი კედლების ასაშენებლად ორ მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო.

 

„პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამუშავეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ. დაპირებაც არის, რომ დაგვიფინანსებენ პროექტს, იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებას მოვიპოვებთ, გაბიონების მოწყობას ერთი წელი დასჭირდება“, – აცხადებს სულიკო ბოლქვაძე.

 

რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან ქედის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება 2009-2010 წლებში დაბის კეთილმოწყობისთვის მიიღო. მას შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტს ფონდისგან არანაირი დაფინანსება არ მიუღია. 2013-2014 წლებში ფონდს ქედის მუნიციპალიტეტმა გაზსადენის პროექტირება-მშენებლობისა და შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მიმართა.

 

„მუნიციპალურმა ფონდმა ისეთი დიდი პროექტი დაგვიფინანსა, როგორიც იყო დაბის ასფალტირება და ქუჩების კეთილმოწყობა. დაბის კეთილმოწყობისთვის 2009-2010 წლებში თითქმის ორ მილიონ-ნახევარზე მეტი დაიხარჯა. როდესაც გაბიონების მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაშინ მივმართეთ“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

 

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მოელის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძეც. იგი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა აპირებს ფონდს ისეთი ძვირადღირებული პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს, როგორიცაა ზამლეთის თემის სამი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

 

გამგებლის თქმით, სამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 5 700 000 ლარია საჭირო. „სასმელი წყლის სისტემის პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. რამდენიმე დღის წინ შევხვდით ფონდის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ აღნიშნულ პროექტზე და სიტყვიერი თანხმობაც მივიღეთ, რომ მხარს დაგვიჭერენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

ზამლეთის თემის სამ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე მთავრობის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, მთავრობამ პროექტისთვის 700 000 ლარი გამოგვიყო, დავამუშავეთ პროექტი, რომლის განსახორციელებლად 5 700 000 ლარია საჭირო. მას შემდეგ, რაც პროექტი სამხარაულის ექსპერტიზას გაივლის, ვაპირებთ ოფიციალურად მივმართოთ მუნიციპალურ ფონდს დასაფინანსებლად. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფლებში: ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა გადავუჭრათ“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან დაფინანსების მოლოდინი აქვთ ხულოშიც.

 

ხულოს გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიუმართავს. ის ამბობს, რომ ძვირადღირებული პროექტები არ ჰქონიათ, არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახორციელებენ.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან კონკრეტული პროექტის დაფინანსების მოთხოვნით არ მიგვიმართავს, თუმცა ვაპირებთ წელს მივმართოთ. წელს 54 ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რის  განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 531 909 ლარია გამოყოფილი.

 

იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გვყავს, სპორტკომპლექსის მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. მრავალფუნქციური დანიშნულების სასპორტო სკოლის მოწყობას მოსახლეობაც მოითხოვდა. პროექტი უკვე შევისყიდეთ, სასპორტო სკოლის აშენებას ორ მილიონ-ნახევარი ლარი სჭირდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ მოვახერხებთ აშენებას, შესაბამისად, სწორედ ამ პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს“, – აცხადებს ზაზა აბულაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად მუნიციპალური ფონდისგან დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტმაც 2009-2010 წლებში მიიღო დაბის კეთილმოწყობისთვის. 2013-2014 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტმა ფონდს დასაფინანსებლად ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა, მაგრამ ფონდისგან დაფინანსება არ მიუღია.

 

კითხვაზე, დაფინანსდება თუ არა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მიერ მოთხოვნილი პროექტები მუნიციპალური ფონდიდან? – „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ასეთი წერილობითი პასუხი მიიღო:

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტებს ახორციელებს დონორების პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია  საერთაშორისო შეთანხმებებით და პრიორიტეტულია როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების, ასევე რეგიონების განვითარების სტრატეგიებითა და მათი განხორციელების პროგრამებით. ფონდს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმის პროექტების ნუსხა, რომელიც მუდმივად განახლებადია და თანხმდება მის პარტნიორ დონორ ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობასთან. სამოქმედო გეგმის განხორციელება დამოკიდებულია ფონდის ფინანსურ მდგომარეობასა და გათვლებზე, რომლებიც ეყრდნობა წლიურ ბიუჯეტს“.

 

საქართელოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2015 წლის ბიუჯეტი 258 665 000 ლარია. ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი აჭარაში მხოლოდ ერთ პროექტს – ქობულეთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს  ახორციელებს.

 

რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდში აცხადებენ, რომ ფონდი ბათუმში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, კერძოდ, საუბარია ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე.

ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება

 

“სსიპ საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თ. ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 02 ივნისს წარდგენილი #518 წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1500 ცალი კრამიტის გადაცემას, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გადახურვის მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ქონების უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ – „საქართველოს საპატრიარქოსთვის“ გადაცემას“, – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.

 

ეს საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 2015 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა.

 

წმინდა ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია გასულ წელს უკანონოდ დაიწყო.

 

წმ. ბარბარეს ეკლესია, ბათუმი, 23 ივნისი, 2015 წელი

თაფლის ფესტივალი ბათუმში

 

თაფლის ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოთხი სახის თაფლი – ცაცხვის თაფლი, აკაციის თაფლი, ყვავილების თაფლი, წაბლის თაფლი და ასევე თაფლის პროდუქტები: ყვავილის მტვერი, სანთელი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ კახიძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 60 მეფუტკრე და ორგანიზაცია მიიღებს. „უფრო მეტს უნდოდა, მაგრამ ტერიტორია არის შეზღუდული, ამიტომ ყველას ვერ ვიწვევთ“, – ამბობს თამაზ კახაძე.

 

ორგანიზატორები ფესტივალის გაფორმებაზე უკვე ზრუნავენ. თამაზ კახიძე, რომელსაც საკუთარი  საწარმო აქვს ხელვაჩაურში, სადაც თაფლს აფასოებენ და ფუთავენ, ამბობს, რომ ფესტივალისთვის ინტენსიურად მუშაობენ:

 

„ახლა ვამუშავებთ ეტიკეტებს, მათ შორის ფესტივალის სიმბოლოც მზადდება, დასახვეწია. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით, იქნება ევროპული ტიპის ჯიხურები ტენტებით და ფესტივალი გაფორმდება  მუსიკით. მუნიციპალიტეტების გამგებლებს ვთხოვეთ, რომ მათთან არსებული კულტურის სამსახურები ჩაერთონ ფესტივალში, ანუ საგამოფენო ტერიტორიაზე ყველგან იქნება მუსიკა. ჩვენ გამოფენილ თაფლს, ყველას, განსხვავებული ფერი, გემო შემცველობა და არომატი აქვს“.

 

მეფუტკრეებს ფესტივალის ორგანიზებაში ფინანსურად სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმარება. „ეს ფესტივალი მინიმალურ თანხებში ტარდება. ორი წლის მერე ჩვენი ძალებით ვაპირებთ გაკეთებას. მომავალში ვაპირებთ, რომ ფესტივალი იყოს საქართველოს მასშტაბით, შემდეგ გვინდა გახდეს საერთაშორისო“, – გვიყვება თამაზ კახიძე.

 

ფესტივალის მიზანი აჭარის თაფლის და ფერმერების პოპუალარიზაციაა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ტურისტებს შორის. ორგანიზატორებს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ, რა ეღირება ფესტივალზე თაფლი.

 

ცნობილია, რომ ქართული თაფლი არის იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობს. თამაზ კახიძის თქმით, მეფუტკრეებშიც არსებობს იგივე მოლოდინები: „სურსათის უვნებლობის სამსახურმა გამოსცა რეგულაცია თაფლზე, ანუ დაადგინა სტანდარი, აქამდე რუსული სტანდარტით ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მეფუტკრეები ინფორმირებულები არიან ამ სტანდარტის შესახებ თუ როგორი თაფლი უნდა აწარმოონ, ყველა ცდილობს ამ სტანდარტით იმუშავოს“.

 

თამაზ კახიძე იმედი აქვს, რომ მალე ამოქმედდება შესაბამის ლაბორატორია, რაც ქართული თაფლის შეტანას ევროკავშირის ბაზარზე უზრუნველყოფს: „ჩვენი ყველა თაფლი მოთხოვნადია ევრობაზარზე, რადგან საქართველო ნატურალურად სუფთა თაფლს აწარმებს. გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც იქნება ევროკავშირის მიერ აღიარებული, რის შემდეგაც განაცხადი გაკეთდება ევროსაბჭოში და დავიწყებთ მუშაობას  თაფლის შეტანაზე. ეს ლაბორატორია კეთდება თბილისში. ვისაც უნდა ევროპის ბაზარზე გაიტანოს თავისი თაფლი, ამ ლაბორატორიით უნდა ისარგებლოს. ლაბორატორია მზად იქნება შემოდგომაზე, როგორც ვიცი, დანადგარები უკვე შემოტანილია“.

 

2014 წლის მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე 19 850 -ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ირიცხება, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 8 000, ხელვაჩაურში – 4 500,  ქედაში – 2 500, შუახევში – 2 350 და ხულოში – 2 500. 

უნივერსიტეტის კანცლერად ბათუმის ყოფილი მერი აირჩიეს

 

აკადემიური საბჭოს წევრები/ფოტო ბსუ

უნივერსიტეტის კანცლერს აკადემიური საბჭოს წევრები ირჩევენ, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭო მას ფარული კენჭისყრით ამტკიცებს. დღეს სხდომას წარმომადგენლობითი საბჭოს 26 წევრიდან მხოლოდ 18 ესწრებოდა. ჯემალ ანანიძის კანცლერად დანიშვნას ხმა 17-მა წევრმა მისცა, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

 

კანცლერის პოზიციაზე ჯემალ ანანიძეს კონკურენტები არ ჰყოლია, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის მხოლოდ მან მიმართა.

ჯემალ ანანიძე.

 

ბათუმის შუქურაზე შეჩერებული მშენებლობა გაგრძელდება

 

პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება შუქურასთან მშენებლობა
პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება შუქურასთან მშენებლობა

ბათუმის შუქურაზე, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიშენება პირველად 2015 წლის იანვარში დაიწყო, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩარევით ეს მშენებლობა შეჩერდა. მერიამ შუქურასთან ერთსართულიანი ნაგებობის მიშენებაზე განმეორებით ნებართვა 9 ივნისს გასცა.

 

„ნაგებობა, რომელიც შუქურას გვერდით უნდა აშენდეს, სხვა საკადასტრო ერთეულია, ხოლო ძეგლი – სხვა საკადასტრო ერთეული. ამიტომ ნებართვის გამცემი ორგანო არის მერია, რომელმაც პროცესში  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იმის გამო ჩართო, რომ ახალი ობიექტი ძეგლის დაცვის არეალში მდებარეობს. მიშენება არ არის კონსტრუქციულ შეხებაში ძეგლთან, ვიზუალურ შეხებაშია. სააგანტოში იმსჯელეს იმაზე, რომ ახალი ნაგებობა არის ძეგლის გვერდით მდგომი საკადასტრო ერთეული და მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მერიამ  ნებართვა გასცა“, – ეს განმარტება ეკუთვნის ირაკლი ახალაძეს, რომელიც მან „ბათუმელების“ მკითხველისთვის გააკეთა.

 

შუქურასთან 28 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიან ნაგებობას  საქართველს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აშენებს. ირაკლი ახალაძის თქმით, ახალ ნაგებობაში ორგანიზაციის თანამშრომლები განთავსდებიან. „საერთაშორისო მონიტორინგი ტარდება შუქურას ტიპის დაწესებულებებზე. „ბუტკა“, რომელში მუშახელია განთავსებული დგას მოშორებით და არის ანტისანტარია. შუქურას შემთხვევაში ერთიც დაუშვებელია და მეორეც. ახალ შენობაში დაიდგმება კომპიუტერები და ადამიანები იმუშავებენ ნორმალურ გარემოში“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.

 

შუქურას მიმდებარე საკადასტრო ტერიტორია საქართველს ჰიდროგრაფიული სამსახურს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.

 

კულტურული მემკვიდრეობის პრეს სამსახურის სააგენტოს ცნობით, ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს განმარტებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანიც გააკეთებს.

 

შუქურასთან მშენებლობა პირველად 2015 წლის 27 იანვარს დაიწყო, რომელიც მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეაჩერა. სააგენტოს უფროსის მოადგილემ ბიძინა აფხაზავამ განაცხადა, რომ ეს მათი მოთხოვნით გაკეთდა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შუქურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წლის 24 ნოემბერს მიანიჭა. პირველ მშენებლობაზე ნებართვა მერიამ ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან რამდენიმე დღეში  გასცა. შესაბამისად, როგორც ირაკლი ახალაძე ამბობს, იმ ეტაპზე მერიისთვის უცნობი იყო შუქურას გაძეგლების შესახებ ინფორმაცია.

 

ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

გასული წლის ნოემბერში მიანიჭა. მერიამპირველი ნებართვა მშენებლობაზე დეკემბერში გასცა. 

ლევან ცინცაძის მორიგი ოქრო

 

საქართველოს ნაკრები კონტაქტურ კარატის საერთაშორისო ტურნირზე ვენაში

 

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ცინცაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბერდია გორგაძე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

 

ტურნირი უფროს ასაკსა და პროფესიონალებს შორის სამ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში ევროპის 10 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

რას ნიშნავს იყო მოხალისე

 

ვიქტორია ბარათაშვილი

“თავისუფლების კლუბი” ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს, გვეხმარება არაფორმალური განათლების მიღებაში და აძლევს ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის საშუალებას. ჩვენ ვატარებთ გასვლით ტრენინგებს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვუტარებთ თანატოლებს ტრენინგებს ჩვენთვის უკვე ნაცნობ თემებზე. მაგალითად, ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ლიდერობა, შშმ პირთა უფლებები და სხვა. ვფიქრობ, ჩვენმა ტრენინგებმა შეცვალა ბევრი ადამიანის ხედვა, დაეხმარა მათ სხვადასხვა სირთულის დაძლევაში.

 

ჩემი პირველი ტრენინგი სწორედ “თავისუფლების კლუბში” ჩატარდა. ეს იყო გასვლითი ტრენინგი და საინტერესო თემაზე – “ფობიები და კომპლექსები”. ტრენინგის მსვლელობაში ვხედავდი როგორ იცვლებოდნენ მსმენელები, ისინი უფრო გაბედულები ხდებოდნენ. ერთ-ერთმა გოგონამ ამ ტრენინგზე აღმოაჩინა თუ რა პროფესიას სურდა დაუფლებოდა, რაშიც მას დაეხმარა საკმაოდ საინტერესო დავალება: ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ მცირე პერფორმანსი ფსიქოლოგსა და პაციენტზე. ამ გოგონას ფსიქოლოგის როლი ერგო, მართლაც კარგი პერფორმანსი გამოვიდა, ძალიან საინტერესო არგუმენტებით დატვირთული, საბოლოოდ აღტაცებული დავრჩით ყველანი. პირადად მე ამ ტრენინგის საშუალებით ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრი რამ ვისწავლე.

 

ტრენინგების გარდა ბევრ სხვა აქტივობასაც ვახორციელებთ. ვიღებთ გადაცემებს სხვადასხვა თემაზე, რაშიც “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც” გვეხმარება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს წამყვანი, გადაცემების მონტაჟსაც აქვე ვსწავლობთ, ვაკეთებთ რეპორტაჟებს, ხშირად გვყავს საინტერესო სტუმრები და ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. გადაცემები, ისევე როგორც ტრენინგები, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცნობიერების დონის ამაღლებისა და თავისუფლად საუბრისთვის.

 

არსებობს კიდევ ბევრი ორგანიზაცია, სადაც ასევე შესაძლებელია იყო მოხალისე. ბათუმში ხშირად იმართება ფესტივალები, რომლის ფარგლებშიც ასევე შეგიძლია გახდე მოხალისე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია `ბორჯღალის~ მიერ ორგანიზებული თხრობითი პერფორმანსების ფესტივალში ახალგაზრდები საუბრობენ სხვადასხვა ღირებულებებზე, ან `დებატ კლუბი~, სადაც დებატების ხელოვნებას ვსწავლობთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გსურს იყო ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში და გახდე მოხალისე, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია შეგიწყობს ხელს ამაში.

 

მითები და რეალობა ევროკავშირზე

 

დისკუსია

 

მალხაზ ჭკადუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი: „არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაყვედურობთ ხელისუფლებას, რომ კომუნიკაცია უჭირს საზოგადოებასთან და ეს მართლაც ასეა. როცა მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, პირდაპირი გაგებით ტაშ-ფანდურითა და შალახოთი მივიღეთ ეს დოკუმენტი, ხალხმა კი არ იცოდა, რას ვაწერდით ხელს. ზოგმა იფიქრა, რომ გავწევრიანდით ევროკავშირში, ზოგმა ნატო დაასახელა. საზოგადოების მოლოდინი იყო დიდი და სხვადასხვაგვარი. დღეს შევეცდები ვისაუბროთ იმაზე, რა ჯობს ჩვენთვის და სად ვხედავთ ჩვენს თავს, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა მოთხოვნებს გვიყენებს ევროპა, როგორი საზოგადოება უნდა გავხდეთ და ასე შემდეგ. როგორც ქვეყანას, ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. როგორი მითები იქმნება ევროპასთან დაკავშირებით? დავიწყებ კითხვით – ყველაზე მეტად გავრცელებული ინფორმაცია, რაც სულ გხვდებათ ყურში ევროპასთნ მიმართებაში, რა არის?

 

რეპლიკები დარბაზიდან: “მარიხუანა”, “ზედმეტი თავისუფლება”, „აღვირახსნილობა”, „კარგი განათლების მიღების შესაძლელობა”, „არატრადიციული ურთიერთობები”…

 

 

ნონა ხოზრევანიძე, სტუდენტი: ყოველი ინოვაცია შემოდის ევროპიდან, ამიტომაც ევროპაზე როცაა საუბარი, მე მახსენდება განათლება.
არჩილ ართმელაძე: მაგალითად, საქართველოში ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რაღაც-რაღაცებით ვიზღუდებით. ჩვენ საქართველოში ხშირად ვფიქრობთ არა იმაზე, რომ კანონი არ დავარღვიოთ, არამედ იმაზე, აი, ამაზე რას იფიქრებს ხალხი, ჩვენი მეზობელი.
მალხაზ ჭკადუა: რას იფიქრებს ხალხი! ეს მნიშვნელოვანი თემაა. ევროპა ჩვენთვის არის ტერიტორია, სადაც სახელმწიფოები შედიან და ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრების წესით. სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ის იყიდება გარკვეულ ადგილას და არა ყველგან. დღეს საქართველოს ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ უნდა შემცირდეს სასჯელი. არ შეიძლება მაღალი სასჯელი ემუქრებოდეს ადამიანს, რომელიც მოიხმარს მარიხუანას. ჩემი აზრით, გამსაღებელზე უფრო მკაცრი სასჯელი უნდა არსებობდეს.

 

ევროპა ასევე აღიქმება ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლად. რადგან ვხედავ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა განვასხვავოთ ადამიანის უფლება _ იცხოვროს იმასთან, ვისთანაც უნდა, განურჩევლად სქესისა და პედოფილია. ხშირ შემთხევვაში ჩემი და ჩემი მშობლების თაობა, სამწუხაროდ, ამას ერთმანეთს უტოლებს და ეს ასე არ არის. ჰომოსექსუალიზმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო მსოფლიო დაავადებათა რიცხვიდან. იმედია, ყველა ვთანხმდებით, რომ ამის გამო ადამიანი არ შეიძლება მოკლა, დაასახიჩრო და მას ცხოვრება გაუმწარო. 2013 წლის 17 მაისს რაც მოხდა, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის იყო დემონსტირება იმისა, რომ შეიკრიბა ოცამდე ადამიანი (ეს არ იყო გეი აღლუმი როგორც მედიაში იყო ნახსენები) და ეს იყო იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად გამართული მსვლელობა, რომლებიც მოკლეს თავიანთი განსხვავებულობის გამო. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას მართავს შიში და ჩვენ არ ვიცით რა არის ევროპა.

ლაშა აბუსელიძე, სტუდენტი: წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გამოვიდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ძალიან კარგად იცოდნენ ქართველი ერის დამოკიდებულება ტრადიციებთან. ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და ვერ შევეგუებით პროვოკაციას.
ალეკო ბერიძე, სკოლის მოსწავლე: რას ვერ შეეგუები? წმინდა გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმ ადამიანებს კბილებით და საკუთარი ხანჯლით დაიცავდა, დამიჯერეთ. არც ერთ ჰომოფობს არ დაუდგებოდა გვერდით, რომლებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დამისახელეთ ერთი რელიგია, რომელიც ქადაგებს იმას, რომ ტაბურეტკი ჩასცხეთ ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს.
ევროპაში არის ჩვენი ადგილი და იყო ყოველთვის – რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ევროპას, როცა სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა? მენტალურად ვართ თუ არა ევროპა?

 

ნიკოლოზ ჯანელიძე, სტუდენტი: როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ევროპას, მე მაინტერესებს, ევროპამ რა უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ.

მალხაზ ჭკადუა: პრაქტიკულად გახსნილია 500-მილიონიანი ბაზარი ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, გავა ევროპულ ბაზარზე, ოღონდ, მთავარია, პროდუქტი, რომელსაც შენ აწარმოებ, მაგალითად, თაფლი, იყოს მაღალი ხარისხის. წელიწად-ნახევარი გავიდა ასოცირების ხელშეკრულებიდან და საექსპერტო ბიუროც კი არ გვაქვს. მე ფერმერი რომ ვარ და ვაწარმოებ თაფლს, იმიტომ ვერ გამაქვს თაფლი, რომ არ მაქვს ლიცენზია. ევროპა მეუბნება, რომ თუ მექნება კანონის უზენაესობა და პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მასწავლებელი თუ პოლიციელი ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე, აი მაშინ ხარ ევროპული ოჯახის წევრი. რატომ არის ევროპა მიმზიდველი? 1. აღიარებს ადამიანს, როგორც აბსოლუტურ ღირებულებას. მთავარია, სახელმწიფომ შექმნას ისეთი წყობა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.
ანა ანკობაია, სტუდენტი: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თქვენ იკითხეთ, ვის ხედავთ საუკეთესო მეზობლადო. საუკეთესო მეზობელი ვერასოდეს გვეყოლება, ნებისმიერ სახელმწიფოს, ყველას, აქვს თავისი ინტერესი. შეიძლება გყავდეს ნორმალური მეზობელი. მე მყავს კარის მეზობელი მუსლიმი და ის უფრო კარგად მიგებს, ვიდრე ქრისტიანი მეზობელი, მიუხედავად იმისა, რომ მე ქრისტიანი ვარ. რელიგია არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი [სტუდენტები საუბრობდნენ რუსეთთან მეგობრობაზე და აქცენტს რელიგიაზე აკეთებდნენ -ავტორის შენიშვნა].
მალხაზ ჭკადუა: ერთადერთი და მთავარი არის ის, რომ ძალადობას ნუ გაამართლებთ.

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

სოციალური სახლი ქედაში
სოციალური სახლი ქედაში

გასულ წელს გარემონტებული სახლისთვის ბენეფიციარები ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში 15 ოჯახი დაზარალებულთა პირველ კატეგორიას არის მიკუთვნებული.

 

ვინ მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად? – საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია იღებს, თუმცა მანამდე საკითხზე მუშაობა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა კომისიამ დაიწყო. 4 მარტს კომისიამ სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ ოჯახებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ ოჯახებს ბინით დაკმაყოფილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან უშუამდგომლა.

 

კითხვაზე, რატომ დარჩა უფუნქციოდ თვეების განმავლობაში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი სახლი ქედაში? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს: „ეს შრომატევადი საქმეა, ოჯახები ადგილზე შევისწავლეთ, გადავამოწმეთ, აქვთ თუ არა ოჯახებს ალტერნატიული ფართობები. სამთავრობო კომისიის სხდომა 11 ივნისს ჩატარდა, სადაც მუშა ჯგუფის მოხსენებითი ბარათი იქნა განხილული. მოხსენება ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 13 ოჯახს ეხებოდა, თუმცა ვინ მიიღებს ბინას, საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი“.

 

აღნიშული ბინების გარდა, ორი ბინა თავისუფალია ეკომიგრანტებისთვის, 2012 წელს რეაბილიტირებულ ყოფილ საავადმყოფოს შენობაშიც.

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 15 ოჯახიდან 13 სოფელ ჯალაბაშვილებში, ერთი – უჩხითში და ერთიც პირველ მაისში ცხოვრობს.

 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ იმ ორ ოჯახს, რომლებიც სოფელ უჩხითსა და პირველ მაისში ცხოვრობს, ბინის მიღების მოთხოვნით სამინისტროსთან უშუამდგომლებს, სამთავრობო კომისია ამ ოჯახების მდგომარეობასაც შეისწავლის.

 

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 14 ოჯახს სახელმწიფომ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 2010 წელს ფულადი დახმარება გაუწია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 57 000 ლარი დაიხარჯა. ფულად დახმარებასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას იმ დროისთვის დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო ტერიტორია უნდა გამოეყო, რაც ვერ მოხერხდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახიდან სახლის ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ფართობის გამონახვა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო, დანარჩენი 13 ოჯახი კი, დღემდე დამეწყრილ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში აგრძელებს ცხოვრებას.

 

ყოფილი საავადმყოფოს შენობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების მოსაწყობად გასულ წელს 413 809 27  ლარი დაიხარჯა.

საზღვარგარეთ მკურნალობა მთავრობის დაფინანსებით

 

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამედიცინო კომისია, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების თხოვნით შესულ განცხადებებს განიხილავს, 15 დღის ინტერვალით იკრიბება. იგი სამინისტროს რვა თანამშრომლისგან – სხვადასხვა დარგის ექიმებით და საორგანიზაციო სამმართველოს 11-კაციანი სამუშაო ჯგუფით არის დაკომპლექტებული, კომისიის თავმჯდომარე კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა.

 

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის ხათუნა ჩაჩავას თქმით, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ბევრი პაციენტი ითხოვს. მაგალითად, 19 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით სამინისტროში, მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით, 1394 მოქალაქის განცხადება შევიდა, რომელთაგან 100-მდე ადამიანი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდა.

 

ხათუნა ჩაჩავას განმარტებით, თითოეულ განცხადებას ორი ადამიანი განიხილავს, რომელთაგან ერთი ექიმი სპეციალისტია. „ისინი ინდივიდუალურად გადიან თითოეულ განცხადებას, რომელიც ექიმ-სპეციალისტებთან დიაგნოზების მიხედვით ნაწილდება, დანარჩენი ამუშავებენ სხვა ინფორმაციას, მაგალითად, რამდენჯერ აქვს პაციენტს მიღებული სერვისი წლის განმავლობაში, რათა ლიმიტი არ გაგვექცეს და ა.შ.“ – ამბობს ხათუნა ჩაჩავა.

 

2015 წლის იანვრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობა 125 პაციენტს, გასულ წელს კი 321 (მათ შორის 120 თვრამეტ წლამდე ასაკის) პაციენტს დაუფინანსა.

 

ხათუნა ჩაჩავას განმარტებით, მაქსიმალური ლიმიტი, რაც შეიძლება სამინისტრომ სოციალურად დაუცველ (70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე) პაციენტს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გამოუყოს, 10 000 ლარია (დოლარი ან ევრო – მოთხოვნის შესაბამისად). თუ უცხოეთში მკურნალობას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ადამიანი ითხოვს, მაშინ დაფინანსების პროცენტული გათვლა, კომისიის მიერ, დიაგნოზისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად ხდება. უშუალოდ პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია. „საქმე ის არის, რომ მომართვიანობა ძალიან დიდია პროგრამაზე. ჩვენ თუ სრულად ვუზრუნველვყოფთ ყველა შემთხვევას, ამას არანაირი ბიუჯეტი არ ეყოფა“, – ამბობს ხათუნა ჩაჩავა.

 

იმისთვის, რომ სამედიცინო კომისიამ საზღვაგარეთ მკურნალობის შესახებ განცხადება განიხილოს, სამედიცინო მომსახურება, რომელიც პაციენტს ესაჭიროება, საქართველოში არ უნდა ხორციელდებოდეს. კომისიისთვის ძირითად პრიორიტეტებად დიაგნოზის სიმძიმე და ასაკი (30 წლამდე) მიიჩნევა.

 

დასკვნის დაწერა იმის შესახებ, რომ ესა თუ ის სამედიცინო სერვისი საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ექიმ-ექსპერტის პრეროგატივაა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ პროცედურას დაახლოებით ორი დღე სჭირდება.

 

ნონა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზის გამო ორი წლის მანძილზე ორი უშედეგო ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შედეგად ამოკვეთილი მასის მორფოლოგიური ანალიზით მას კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს  ყბისქვეშა ჯირკვლის ადენოიდურ-ცისტური კარცინომა-აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ნონა ამბობს, რომ ერთი ექიმი ურჩევს დაიცადოს და ვითარებას დააკვირდეს, მეორემ კი ძვლის მიდამოდან ბიოფსიის გაკეთება ურჩია, რადგან, შესაძლოა, სასწრაფოდ ყბის ძვლის გამოცვლა იყოს საჭირო. პაციენტის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ბიოფსია (ტრეპან-ბიოფსია) საქართველოში არ კეთდება, თუმცა ექიმებმა მაინც სცადეს მისი გაკეთება: „ექიმმა საშინლად მტკივნეული პროცედურების შემდეგ ვერ მოახერხა შეეღწია ძვლის სისქეში. სამჯერ შევიდა 20 მილიგრამიანი შპრიცით, მაგრამ უშედეგოდ. გამიშვა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, იმედი ჰქონდა, რომ იქ მაინც მოახერხებდნენ გაეკეთებინათ ბიოფსია. იქიდანაც უარით გამომიშვეს. როგორც მითხრეს, საქართველოში კონკრეტულად ამ ბიოფსიის გაკეთება შეუძლებელია“.

 

ნონა დღეს ექიმ-ექსპერტის დასკვნას ელოდება, რომელიც დაუდასტურებს, რომ კონკრეტული გამოკვლევა საქართველოში არ ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა საშუალება, სთხოვოს დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს. „მაქვს ორი დიაგნოზი, ექიმების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და მოლოდინის რეჟიმი გაუსაძლისი ტკივილის ხარჯზე. ვცხოვრობ შიშით. უსახსრობის გამო დღემდე ამ მდგომარეობაში ვარ“, – ამბობს ის.

 

საზღვარგარეთ მკურნალობა საქველმოქმედო ფონდებისა და კომერციული ცენტრების საშუალებით

 

საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების რაოდენობის გათვალისწინებით, უცხოეთში მკურნალობა გაცილებით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე ამას სახელწიფო აფინანსებს. საქველმოქმედო აქციების სიხშირის მიუხედავად, საკმარისი რაოდენობის თანხა ყოველთვის ვერ გროვდება, რაც ბევრი პაციენტისთვის ფატალური შედეგით მთავრდება.

 

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის „გლობალმედის“ მენეჯერის, სალომე ყუფარაძის თქმით, საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთა რაოდენობა (ბოლო ოთხ თვის გამოკლებით) ყოველწლიურად იზრდება. მისივე თქმით, მათთან მისული 60 პროცენტი ონკოლოგიური პაციენტია და ისინი უცხოეთში მიდიან არა მხოლოდ იმ სამედიცინო სერვისებისთვის, რაც საქართველოში არ ტარდება, არამედ იმ მომსახურებების მისაღებად, რომლებიც საქართველოშიც ხორციელდება, მაგრამ მოძველებული ტექნოლოგიით. „ბევრი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სხივური თერაპია და ქიმიოთერაპიაც უმჯობესია გაიკეთონ საზღვარგარეთ. თუნდაც ონკოლოგიური დიაგნოსტიკა – საქართველოში ადამიანს რომ უთხრეს მეტასტაზები გაქვს ცხვირის ღრუშიო, აღმოჩნდა, რომ ჰქონია ჩირქის გროვები. ასეთი შემთხვევა ბევრი რომ დაგროვდა, ხალხმა არჩია, ცოტა მეტი გადაიხადონ, წავიდნენ საზღვარგარეთ და იქ იმკურნალონ“, – ამბობს ის. 

 

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი ეკა ნონიაშვილი ამბობს, რომ დიაგნოზთან დაკავშირებით ხშირია პრობლემები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთანაც, კერძოდ მაშინ, როცა მკურნალობის მიუხედავად ვერ ადგენენ, თუ რატომ არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა. „მაგალითად, უკეთებენ ქიმიოთერაპიას და ბავშვი რემისიაში არ მიდის, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდა. ასეთ ბავშვებს კონტროლზე გამოკვლევებისთვის ვაგზავნით უცხოეთში“, – ამბობს ნონიაშვილი.

 

სალომე ყუფარაძის თქმით, ერთ-ერთი სერვისი, რის გამოც ქართველი პაციენტები ხშირად მიდიან საზღვარგარეთ – პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიაა (PET/CT კვლევა), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ორგანიზმში სულ მცირე სიმსივნური კერის აღმოჩენაც კი. ამ დროს ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პირველ სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნის მკურნალობა 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

 

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, რომელიც თბილისში მდებარეობს, პირველადი ვიზიტის ფარგლებში პაციენტს ეხმარება საქართველოში დასმული დიაგნოზის თარგმნა/დამუშავებასა და იმ ქვეყნების კლინიკებში გადაგზავნაში, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები. ამის შემდეგ მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ. ერთ კლინიკაში დიაგნოზის გადაგზავნის ღირებულება 100 ლარია. როცა განსაზღვრულია მკურნალობის ქვეყანა, კლინიკა და თარიღი, ცენტრი პაციენტს ეხმარება მგზავრობის დაგეგმვაში, რისი ღირებულებაც 200 ლარია. სურვილის შემთხვევაში, პაციენტს საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად შეუძლია გაიაროს ვიდეოკონსულტაცია უცხოელ ექიმებთან, ამავე მეთოდით შესაძლოა დაისვას დისტანციური დიაგნოზი. ამისთვის წინასწარ იგზავნება პაციენტის დიაგნოსტიკური მონაცემები. საავადმყოფო ატარებს კონსილიუმს და სვამს დიაგნოზს. ამ სერვისის ღირებულება ინდივიდუალურია.

 

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ძირითადი კონტინგენტი 18 წლამდე ასაკის ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებია. ეკა ნონიაშვილი ამბობს, რომ ყოველ კვირაში მათ საშუალოდ ხუთი ადამიანი უკავშირდება დახმარების თხოვნით, რომელთაგან ორი სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებას საჭიროებს: „ეს ძირითადად ის ბავშვები არიან, რომელთაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროებათ, რადგან საქართველოში მათთვის მხოლოდ ქიმიოთერაპია კეთდება“, – ამბობს ის.

 

ფონდი ორი წლის განმავლობაში 1 მილიონ 500 ათასი ლარით 113 ბენეფიციარს დაეხმარა. ეკა ნონიაშვილის თქმით, ფინანსების სიმწირის გამო მათ პაციენტების გადამისამართება ხშირად ფონდ „სოლიდარობასთან“ უწევთ, რომელიც მკურნალობის ხარჯებს ანაზღაურებს, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი კი იმავე პაციენტის მგზავრობის, სასტუმროს და სხვა, `შედარებით უფრო დაბალ დანახარჯს“ იღებს საკუთარ თავზე.

 

ერთ-ერთი ოპერაცია, რაც საქართველოში არ ტარდება, ონკო-ჰემატოლოგიაში ძვლის ტვინის გადანერგვაა, რომლის ფასიც უცხოეთში, სულ ცოტა, 75 000 ევროდან 100 000 ევრომდე მერყეობს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რაც შესაბამისი აპარატურის არარსებობისა თუ სხვა მიზეზების გამო, საქართველოში ვერ ხორციელდება. ასეთია, მაგალითად, ფილტვის სოკოს გართულებული ფორმა, რომელიც დროულად თუ არ გამოვლინდა, პატარა ასაკის პაციენტებისთვის შეიძლება ფატალურად დასრულდეს: „ამის ტრაგიკული მაგალითიც არსებობს. 10 წლის ლუკა ლომოურის გარდაცვალება სწორედ პრობლემის დაგვიანებულმა გამოვლენამ გამოიწვია. ანუ, არ ხდება პაციენტების პრევენციული კვლევა შესაბამისი საშუალებების არარსებობის გამო“, – ამბობს ფონდის მენეჯერი. პრობლემაა ასევე დამატებითი კვლევების, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, ან დაცვითი თერაპიის დროს საჭირო გეგმიური კვლევების დაფინანსება. ეკა ნონიაშვილი: `ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო დაზღვევა ამას უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. ოჯახებს კი საჭირო თანხის მოძიება უკიდურესად უჭირთ“.

პირველი ლაზურ-მეგრული შეპირისპირებით გრამატიკა ბსუ-ში

 

ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით სამეცნიერო პროექტის „ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. I. მორფოლოგია (საერთო ძირ-ფუძეთა ინდექსითურთ)“ მიხედვით 2012-2015 წლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე. 

 

 

რანგობრივი ანალიზის ყველა დონეზე გამოჩნდა ის საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ლაზურსა და მეგრულს. წიგნის მოცულობა 1072 გვერდია და სამ ნაწილად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში წარმოდგენილია სახელის მორფოლოგია, მეორე ნაწილი დაეთმო ზმნის მორფოლოგიას, ხოლო მესამე ნაწილში გაერთიანდა ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები. 

 

მონოგრაფიას აქვს დართული ძირ-ფუძეთა ინდექსი (რაც მნიშვნელოვანი სიახლეა საზოგადოდ ქართველოლოგიაში), ასევე, მეგრულ-ლაზურისა და საერთოდ, ქართველური ენების შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურის საკმაოდ სოლიდური ბიბლიოგრაფია. 

 

ავტორების დასკვნით, კვლევამ მეგრული და ლაზური ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე აჩვენა ერთიანი სისტემა, რომელიც ხასიათდება გამორჩეული მონოლითურობით, იგი მთლიანად ქართველური ტიპის ენაა და მასში არ იკითხება სხვა წრის ენათა ადრეული გავლენის კვალი. 

 

აღწერილ ენობრივ ერთეულებს შორის წარმოჩენილი სხვაობის ზღვარი თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ დიალექტური დიფერენცირების ხარისხთან აახლოებს და შესაბამისად, ლინგვისტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერილი ქვესისტემები კვალიფიცირდება, როგორც ერთი _ ზანური (კოლხური) ენის ორი დიალექტი: ლაზური და მეგრული.

 

დღეს 15:00  საათზე წიგნს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში წარადგენენ ავტორები: ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა. 

აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენი პრიორიტეტი აჭარის განვითარების მხარდაჭერაა

 

რონი სოლბერგი
რონი სოლბერგი

ბატონო რონი, როგორ ფიქრობთ, ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება რამდენად სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის?

 

საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგო რესურსი გააჩნია, რისი ათვისებაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას. ამ სექტორის გაძლიერება, საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტის შემცირება და ექსპორტის გაზრდა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებული ჰიდრორესურსიდან ათვისებულია მხოლოდ 18% მაშინ, როცა 26 000 მდინარიდან 300-ს დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ასევე, რომ ჰიდროენერგოპროექტები ხორციელდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ყველა გარემოების ზედმიწევნის დაცვით, მუდმივი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ.

 

,,აჭარისწყალი ჯორჯიას” პროექტზე შევჩერდეთ, რა იქნება ამ პროექტის განხორციელების შედეგი აჭარის რეგიონისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის?

 

,,შუახევიჰესის” პროექტი არ არის მხოლოდ 187 მგვტ ჰიდროენერგოსადგური. ეს გაცილებით მეტია თავისი მნიშვნელობით როგორც აჭარისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. 400 000 000 დოლარის ინვესტიცია, რასაც ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ახორციელებს, ნიშნავს: ჰიდროენერგოსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ბიუჯეტში ფულის შედინებას, კვალიფიციური კადრების შემატებას ქართული ბაზრისთვის, აჭარის რეგიონის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის დამოუკიდებლობის გზაზე სვლის პროცესში წვლილის შეტანას, სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

საზოგადოების ნაწილს კვლავ აქვს კითხვა, სანამ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” საქმიანობას დაიწყებდა, რეალურად შეისწავლა თუ არა გარემო აჭარის მთაში?

 

შეუძლებელია კომპანიამ 400-მილიონიანი პროექტი განახორციელოს ისე, რომ გარემო სრულად არ შეისწავლოს და რისკები მინიმუმამდე არ დაიყვანოს. ,,შუახევიჰესის” მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა არაერთი დასკვნა, სადაც უცხოელი სპეციალისტების გვერდით მუშაობდნენ ქართველი ექსპერტები. კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დაგეგმილი საქმიანობის შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და კლიმატზე. ამ დოკუმენტების შეფასებისა და დეტალური შესწავლის შემდეგ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” მისცა ნებართვა, რომ დაეწყო ,,შუახევიჰესის” მშენებლობის პროექტი. ჩვენი კომპანიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე არსებული კვლევებით არ სრულდება. ჩვენ მუდმივად ვეწევით მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება). მონიტორინგის შედეგები პერიოდულად ეგზავნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. გარემოს მონიტორინგი გაგრძელდება მშენებლობის დასრულების შემდგომაც (დაახლოებით 10 წელი) და ნებისმიერი მცირედი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.ხაზგასმით ვამბობ, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ სახელმწიფოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება, მაგალითად, ვრგავთ 10 000-ზე მეტ ხეს მშენებლობის არეალში. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად შეამციროს სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული თუნდაც მინიმალური ზემოქმედება გარემოზე.

 

 

შეხვედრა მასწავლებლებთან შეუახევში
შეხვედრა მასწავლებლებთან შეუახევში

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე თქვენი კომპანია მოსახლეობასთან გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებს აწყდებოდა, ახლა რა მდგომარეობაა?

 

წარმატებული შედეგი მხოლოდ დიალოგის, კომპრომისის, ურთიერთგაგების გზაზე სვლას მოაქვს. პროექტის დაწყების დღიდან ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა ხულოსა და შუახევის მოსახლეობას, დადიოდა სოფელ-სოფელ, ოჯახებში, ისმენდა მათ მოსაზრებებს, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდიდა პროექტის შესახებ და ცდილობდა ამ პროექტში ყველა მათგანს საკუთარი თავი ეპოვა; მისი ოჯახის, რეგიონის, ქვეყნის წარმატება დაენახა. ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ეს არის ერთი ძლიერი გუნდი, მე ვიტყოდი უფრო ოჯახი, რომელიც დაუღალავად შრომობს პროექტის წარმატებისათვის.პროექტის წარმატება ნიშნავს, ერთი მხრივ, ,,შუახევიჰესის” აშენებას და მეორე მხრივ, მშენებლობის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა ეს ორი მნიშვნელოვანი რამ თანხვედრაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს წარმატებულად. მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მიზნით ჩვენმა კომპანიამ პროექტის მშენებლობის ფაზის დაწყების დღიდან გახსნა საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მთავარ ფუნქციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივების ინფორმირება წარმოადგენს. უფრო მეტიც, მოსახლეობის თხოვნით, 2015 წლის მარტიდან ოპერირება დაიწყო სხალთის საინფორმაციო ცენტრმაც, რომელიც სხალთის ხეობაში ადგილობრივების ინფორმირებას ემსახურება. ვფიქრობ, ეს ნათლად მიუთითებს ჩვენი კომპანიის მიზანზე – პროექტი მაქსიმალურად ტრანსპარანტულად და მოსახლეობის აქთიური ცართულობით განხორციელდეს.

 

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ჩვენ და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად ვაკეთებთ ,,შუახევიჰესის” პროექტს. რაც დრო გავა, მით უფრო დაინახავს მოსახლეობა იმ შედეგს, რასაც ეს პროექტი მოიტანს რეგიონისთვის. რასაკვირველია ჯერ კიდევ არიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ბუნებრივი მოვლენები მაინც ჩვენ დაგვიკავშირონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ერთი დასკვნით არ დასტურდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება ამ ადამიანებსაც შეეცვლებათ, როცა საკუთარ თავზე იგრძნობენ პროექტის განხორციელების შედეგად მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

 

,,შუახევიჰესის” მშენებლობზე რამდენი ადამიანი დასაქმდა მშენებლობის არეალში მცხოვრები სოფლებიდან?

 


დღეის მდგომარეობით საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული ,,შუახევიჰესის” პროექტის ფარგლებში. დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა. დასაქმებული ადამიანები არ მუშაობენ მხოლოდ მშენებლობაზე, მათი ნაწილი ჩვენი კომპანიის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროექტებშია ჩართული. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ჩვენი კომპანიის მიერ დაწყებული სასმელი წყლის რეაბილიტაციის ან ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში განხორციელებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. ორივე მათგანი სწორედ ამ წუთებში ხორციელდება ადგილობრივების უშუალო მონაწილეობით. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ცდილობს, რომ ,,შუახევიჰესის” პროექტი მაქსიმალურად დადებითად აისახოს თითოეული ადგილობრივის ცხოვრებაზე.

 

კონკრეტულად რა სოციალურ პროექტებს ახორციელებთ აჭარის რეგიონში და რამდენად ორიენტირებულია ისინი რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე?

 

ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერაა. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს: განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერების პროგრამები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მაგალითად, წელს სწავლის საფასური დავუფინანსეთ ბაკალავრის საფეხურის 7 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ზაფხულში ვიწყებთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას საინჟინრო მიმართულებით. ასევე დავიწყეთ თემების გაძლიერების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემასა და საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობას. საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გვაქვს იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ. იმისათვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული, ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ესა თუ ის პროექტი დაიგეგმოს ერთობლივად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ყველა სოციალური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს, გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დაგეგმილმა პროექტებმა რეალური შედეგი მოიტანოს რეგიონის განვითარების პროცესში.

 

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ბიზნესის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში და რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია წარმატებულ ბიზნესს?

 

მე ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. მის მიერ განხორციელებული ყველა სოციალური პროექტი ამ რეგიონის, საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ემსახურება. მე მყავს ოჯახი, შვილები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე ღირებული მათთვის? – ვფიქრობ, უპირობოა ხარისხიანი განათლების მიცემა. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებაა, რისთვისაც მთელი გუნდი თავს არ ვზოგავთ. ჩემი აზრით, კომპანია მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა, როცა ცდილობს საზოგადოებას დაეხმაროს განვითარებაში, გაანალიზოს საჭიროებები, თავისი საქმიანობის პარალელურად დაგეგმოს და განახორციელოს არსებული გამოწვევების შესაბამისი სხვადასხვა ქმედება.

 

კიდევ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ქვეყნისთვის?

 

რონი სოლბერგი და კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩანდრაშეხარ დამლე
რონი სოლბერგი და კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩანდრაშეხარ დამლე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ამ პროექტით შეიძენს საქართველო, იქნებიან ის კვალიფიციური, გამოცდილი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან ამ ქვეყნის განვითარების საკითხში. ამ გამოცდილებით, დაგროვილი ცოდნით ისინი წარმატებულად განახორციელებენ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ პროექტის დაწყებამდე გადამზადდა არაერთი ადგილობრივი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ მშენებლობაზე, სწავლობენ და ვითარდებიან პროფესიონალების გვერდით. პროექტის დასრულების შემდგომ, კვალიფიციურ პერსონალს არასდროს გაუჭირდება სამსახურის მოძებნა და ისინი მუდამ მოთხოვნადი იქნებიან ქართული ბაზრისთვის.

  

დასასრულს, თავად საქართველოზე რას ფიქრობთ?

 

ჩემი პირველი ემოცია, როცა საქართველოში ჩამოვედი იყო ის, რომ თავისი საოცარი ბუნებით ძალიან ჰგავდა ჩემს ქვეყანას – ნორვეგიას. დავაგემოვნე ქართული საჭმელი და უზომოდ მომწონს, უკვე მოვასწარი სვანეთის დათვალიერება – საოცარი, შთამბეჭდავია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მომწონს მაღალმთიანი აჭარის სოფლები, თითოეულ მათგანს საოცარი ხედი აქვს, ირგვლივ ბევრი სიმწვანეა და რაც მთავარია, ასეთ თბილ, კეთილ და საოცრად გულღია ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ.


უკანონო ნაგავსაყრები და საკურორტო ქალაქი

 

სპეციალისტის განმარტებით, ნარჩენების გახრწნის პროცესი ხშირად ათწლეულების, ზოგჯერ კი, ასწლეულების მანძილზე გრძელდება. მაგალითად, ნაგავსაყარზე მოხვედრილი შალის წინდის ლპობის პროცესი  ერთიდან ხუთ წლამდე გრძელდება, სიგარეტის ნამწვავის ბოლომდე გასახრწნელად ხუთიდან ათ წლამდეა საჭირო, ბავშვის ერთჯერადი საფენი კი ნაგვის გროვაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ეს ყველაფერი მოქმედ არასტანდარტულ ნაგავსაყრებზე წლების განმავლობაში გროვდება. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ უკანონო ნაგავსაყრები  ხშირ შემთხვევაში დასახლებული პუნქტებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს.

 

დასახლებული ტერიტორიიდან ახლო მანძილია გონიოს პოლიგონზე მდებარე ნაგავსაყრამდეც, რის გამოც ხშირად ამ ტერიტორიას გამოსაკვებად ძროხებიც აკითხავენ. სპეციალისტების თქმით, საქონელი, რომელიც ნაგავსაყარზე იკვებება, დიდი ალბათობით, ინფექციის მატარებელია. ამ საქონლის რძისგან ნაწარმოები პროდუქტი კი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.

 

არასანიტარული ღია ტიპის ნაგავსაყრები ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის გარდა გარემოს სხვა სახის ზიანსაც აყენებს.

 

„ხრწნის პროცესის პარალელურად მავნე ნივთიერებები და ნარჩენების ნაწილი მიწისქვეშა წყლების საშუალებით  ნიადაგში, წყალსატევში ან ზღვაში ხვდება. გარდა ამისა, ნარჩენების გახრწნის პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნივთიერება მეთანი, რომელიც ზემოქმედებას კლიმატზეც ახდენს“, – განმარტავს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტი ნოდარ კონცელიძე.

 

საკონსულტაციო კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის მონაცემებით, რომელმაც ბათუმის სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმუშავა, ამ დროისთვის აჭარაში 70 უკანონო ნაგავსაყარი მოქმედებს. მათ შორის ბათუმში – 31; ხელვაჩაურში – 19, ქობულეთში – 13 და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 7. ეს ნაგავსაყრებიც ძირითადად დასახლებულ პუნქტებში, ცალკეული ადმინისტრაციული უბნის ტერიტორიაზე, გამავალ საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე და მდინარეთა კალაპოტებშია განთავსებული.

 

„ჰიგიენა 2009“-ის სპეციალისტების ინფორმაციით, უკანონო ნაგავსაყრების არსებობა ხშირად ცალკეულ უბანზე ნაგავშემგროვებელი კონტეინერის უქონლობას უკავშირდება. შესაბამისად, დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და მათი განთავსების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ამ ნაგავსაყრებიდან ნარჩენების ტრანსპორტირება კი, გარკვეული დროის შემდეგ, ბათუმის ნაგავსაყარ პოლიგონზე ხდება.

 

თანამედროვე სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობაზე აჭარის მთავრობაში 2007 წლიდან დაიწყო საუბარი. მაშინ ქალაქის მერი, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რობერტ ჩხაიძე იყო. მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ადგილის შერჩევის პროცესს. თავდაპირველად შეარჩიეს ჩაქვის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოსდამცველები შეეწინააღმდეგენ. საბოლოოდ არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საოფელ ცეცხლაურზე შეჩერდა.  „მოსახლეობიდან დაშორებული ტერიტორიაა, ახლოს მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს. ისინი გადასვლაზე თანახმა არიან“, – განმარტეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

ამ ეტაპზე აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს სამთავრობო კომისია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრის დავით ბალაძის ხელმძღვანელობით კურირებს.

 

კომისიის წევრის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ბესო ბოლქვაძის ინფორმაციით, უკვე მზადაა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაც გადაგზავნილია ნებართვის გამცემ ორგანოებში. თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრების მშენებლობა ნარჩენების დახარისხებასა და მის შემდგომ წარმოებაში ჩაშვების გარდა, არსებული ნაგავსაყრების, როგორც დაბინძურების კერის დახურვა-დაკონსერვებასაც გულისხმობს.

 

ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელზე გადასვლას მთავრობას ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი 2019 წლიდან ავალდებულებს. ამ დათმობაზე კანონმდებლები არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით წავიდნენ. დათქმულ ვადამდე მთავრობამ უკანონო ნაგავსაყრების კონსერვაცია და ახლის დანერგვა უნდა შეძლოს.

 

აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნოდარ კონცელიძე ადგილის შერჩევის პროცესის გაჭიანურებას ასახლებს: „რამდენადაც აჭარა მცირემიწიანი რეგიონია, ადგილის შერჩევა გაჭიანურდა. ნაგავსაყარი მოსახლეობისგან 30 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. პროექტს 20-30 ჰექტარი მიწის ფართობი სჭირდება“.

ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) გრანტის მეშვეობით განხორციელდება.

 

შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით  ქალაქს 13 ნაგავმზიდი, 5 საშუალო ზომის სპეცმანქანა, 3 თვითმცლელი, 2 სარწყავი სპეცმანქანა, 5 მინისახვეტი სპეცმანქანა და 10 ქუჩის  მტვერსასრუტი  ემსახურება. ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 3000 სხვადასხვა ზომის ნაგავშემრები კონტეინერი.

საკურორტო სეზონისთვის წელს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 2 ერთეული ფორდის ტიპის სატვირთო, 3 პრესდანადგარი ნაგვის სპეცმანქანისთვის, 500 ცალი 1,1 კუბ.მ. მოცულობის რკინის, 200  პლასტმასის 0,24 კუბ.მ. მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი და 1000 დეკორატიული, ბოძზე ჩამოსაკიდი ურნა შეისყიდა.

 

ტურისტული სეზონის დადგომისთანავე  ნარჩენებს ოთხჯერადად გაიტანენ. დამატებით, ქალაქის მასშტაბით, მორიგე სპეცმანქანა იმუშავებს. მობილიზებულია ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამსახური. დაამატეს მეველეები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქალაქში პირუტყვის გადაადგილების რისკი. მიღებულია 37 კაცი სანაპირო ზოლის დასალაგებლად და მხვეტავების რაოდენობა გაიზარდა მეორე ცვლაში.

 

თურქულმა მხარემ სარფში 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება ამოიღო

 

თურქული მედია იუწყება (ინფორმაციას თან ახლავს სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა), რომ თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 50 გრამი წითელი ვერცხლისწყალი და 236 გრამი ცეზიუმი ამოიღეს. ორივე მათგანი ბირთვულ იარაღში გამოყენებადი ნივთიერებაა.

 

იმავე წყაროს ცნობით, ბრალდებულებს ასევე აღმოაჩნდათ ძვირფას ქვებად მიჩნეული ფერადი ქვებიც. თურქული მედიის ინფორმაციით, ამოღებულია 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება.

 

„მოქალაქეთა ჩხრეკა მაშინ გადაწყდა, როცა სპეციალურმა მოწყობილობებმა საზღვარზე რადიაციის ფონის მატება დააფიქსირეს. ჩამორთმეული ნივთიერებები თურქეთის ბირთვული კვლევის ცენტრს ჩაბარდა“, – იუწყება თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

 

იღებდა თუ არა ამ ოპერაციაში რაიმე სახის მონაწილეობას ქართული მხარე ან როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა მსგავსი საშიშროების შემცველი რადიაციული ნივთიერების გატანა საბაჟოზე, რომელსაც ქართველი მებაჟეები აკონტროლებენ? „ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა ხატია მოისწარფიშვილმა თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:

 

„თავდაპირველად თურქულ მხარეს შეეშინდა, რომ ეს არ ყოფილიყო ცეზიუმი, მაგრამ ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ცეზიუმი არ დადასტურდა. თავისთავად, ცეზიუმი რომ ყოფილიყო, ჩვენს საზღვარზეც უნდა გამოევლინა დეტექტორს. თურქული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გადაჰქონდათ ვერცხლისწყალი. ცხადია, ვერცხლისწყალიც აკრძალული ნივთიერებაა. რაც შეეხება ვერცხლისწყლის ვერ აღმოჩენას, გასვლის დროს ჩვენ ხელჩანთებს დეტალურად არ ვჩხრეკთ, თუ რამე კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს“.

უპრეცედენტო ჩემპიონატი ბათუმში

ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში | ბათუმი 11-14 ივნისი 2015

ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდა. ქალებს შორის გამარჯვება მოიპოვა ბელორუსმა ეკატერინა პერეპეჩაევმა და მამაკაცებს შორის – რუსმა ნიკიტა ლავადამ. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა – კაცებმა შვიდ, ხოლო ქალებმა ხუთ გამარჯვებამდე ითამაშეს. ტურნირს მთავარ მსაჯობას უწევდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბელორუსიდან იური ჩერვანევი. საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ალექსიძის თქმით, საქართველოში მსგავსი ტურნირი არ ჩატარებულა: „ბილიარდის ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება ევროპის ჩემპიონატი. გაიმართა მხოლოდ რამდენიმე ტურნირი 2004 წელს თბილისში, ხოლო 2005 წელს ბათუმში „კავკასიის თასი“. 2007 წელს ასევე ბათუმში გაიმართა ზაზა დარასელიას ხსოვნის ტურნირი. წლევანდელ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობდნენ სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონები, მაგალითად, უკრაინიდან ალექსანდრე პალამარი, ბელორუსიიდან ევგენი კურტა, მოლდავეთიდან სერგეი კრიჟანოვსკი“. საკუთარი ქვეყნის სახელს ქალებს შორის იცავდნენ სპორტსმენები რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან.

ყველაზე მეტი წარმომადგენლობა, როგორც მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს ჰყავდა, საიდანაც 17 სპორტმენი მამაკაცი ასპარეზობდა, მათ შორის იყო თვრამეტგზის საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პაატა ხმალაძე. 11 სპორტსმენი მონაწილეობდა რუსეთიდან (5 მამაკაცებს, 6 ქალებს შორის). 9 მონაწილე იყო ბელორუსიდან (5 მამაკაცი, 4 ქალი), რვა ბილიარდელი (5 კაცი, 3 ქალი) ასპარეზობდა უკრაინიდან. შვიდი – ყაზახეთიდან (6 კაცი, 1 ქალი), 5 მონაწილე იყო აზერბაიჯანიდან, ოთხი – სომხეთიდან, სამი – ფინეთიდან, ორი – მოლდავეთიდან, სამი ბილიარდელი მამაკაცებს შორის, ერთი ქალებს შორის ასპარეზობდა ლიტვიდან, ხოლო თითო სპორტსმენი მონაწილეობდა სლოვაკეთიდან (მარეკ პოტაში), ესტონეთიდან (დიმიტრი შკრედოვი), ბელგიიდან (ალექსანდრ ალმაკაევი). ტურნირის საპრიზო ფონდი 27 000 დოლარს შეადგენდა, 20 000 _ მამაკაცებისთვის, 7000 _ ქალებისთვის. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა პირამიდის ევროპის კომიტეტის, საქართველოსა და აჭარის ბილიარდის ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ტურნირის ორგანიზებისთვის უწყებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55000 ლარი გამოყო. საპრიზო ფონდი კი, ბათუმის მერიამ დააწესა.

ალექსანდრე სოკოლოვი – პირამიდის ევროპის კომიტეტის პრეზიდენტი სიმბოლურად არტყამს ჩემპიანატის გახსნის დღეს

თავისუფალ პირამიდას სხვაგვარად რუსულ ბილიარდსაც უწოდებენ. სხვა სახეობებისგან იმით გამოირჩევა, რომ სათამაშო ბურთულები დიდი დიამეტრისაა, ლუზები კი ვიწრო, რაც უფრო სანახაობრივს ხდის ბილიარდის ამ სახეობას. დავით ალექსიძის თქმით, უახლესი ტურნირი გუნდურ შეჯიბრებაში ივლისშია დაგეგმილი, რომელიც როსტოვში ჩატარდება. ამ ტურნირში საქართველოს სახელს პაატა ხმალაძე და დავით შალამბერიძე დაიცავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიქიით დაზარალებულებს 20 000 ლარით დაეხმარა

 

 

ზვიად სიჭინავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს“ – წერია ფიციალურ განცხადებაში




„ერმაკოვო – ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს, ხაბაძე – ნუ გვართმევ სკვერს“

 

 

მოსახლეობა სკვერის გასხვისებას აპროტესტებს

 

მრავალსართულიანი კორპუსების წინ სკვერის გასხვისებას და იქ მაღლივი კორპუსის მშენებლობას, მოსახლეობა აპროტესტებს.

 „ხეს ვერ მოჭრის ვერავინ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხეივანია. სადაც იღებენ სახლს, იქვე ააშენონ ახალიც, რა უნდა ხეებთან“- ამბობს მოქალაქე. ნანა ინაიშვილი.

 „ხეები არ უნდა მოიჭრას. აქ 100-120 წლის ხეები დგას. ჰაერი ისედაც არ არის ქალაქში, ჩვენი შვილები ამ სკვერში თამაშობენ და ამის განადგურება როგორ შეიძლება?“- გვეუბნება გურამ მახარაძე.

მსგავსი პოზიცია აქვს, მაგული ბერიძესაც:  „ყველა წესი და კანონი უნდა იყოს დაცული მშენებლობის დროს დ სკვერის ხარჯზე არ უნდა შენდებოდეს სახლები. ჩვენ არ დავუშვებთ ხეების მოჭრას“.

 მოსახლეობა მიიჩნევს რომ კორპუსის მშენებლობის გამო, მწვანე საფარი არ უნდა განადგურდეს: „ქალაქში ჟანგბადი არ არის, გარემო დაბინძურებულია და ამხელა ხეების მოჭრა შეიძლება? გადავკეტავთ აქაურობას და ამის უფლებას არავის მივცემთ“.

შემოღობილი სკვერის ღობეზე, რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად წარწერები გააკეთა.   

 

 

 

 

მდინარეები და სამოქალაქო ცნობიერება

 

ნათელა გაბედაშვილის აზრით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული მდინარეები „მთავრობამ უნდა გაასუფთაოს“, თუმცა დასძენს, რომ გარემოზე უნდა იზრუნოს მოსახლეობამაც. ხშირ შემთხვევაში „დამნაშავე“ მდინარის სათავესთან ზის, რადგან „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნაგავი ზემოდან მოდის“.

 

„ჩვენ არ ვყრით ნარჩენებს, ზემოდან მოაქვს მდინარეს. სათავეში ყრიან ალბათ“, – ამბობს ბესო დეკანაძე, რომელიც ამ მდინარესთან ახლოს ცხოვრობს. იმავე აზრისაა აჩიკო მგელაძეც, რომელიც ასევე მდინარესთან ცხოვრობს. მასაც მიაჩნია, რომ მდინარეები სათავეებში ბინძურდება.

 

„გაწმენდას აზრი არ აქვს, მაინც დაბინძურდება. რომ ადიდდება, მაშინ უნდა ნახოთ რა მოაქვს. ჩვენ არ ვყრით“, – ამბობს აჩიკოც.

 

რამდენიმე მეტრში ნაგვის ურნა დგას, ამის მიუხედავად, მდინარის მიმდებარე ტერიტორია სავსეა სიგარეტის კოლოფებით, ნაყინის ნარჩენებითა და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელის კოლოფებით. „ესეც მდინარემ ჩამოიტანა?“ – ვეკითხებით ამ უბანში მცხოვრებლებს. „რა ვიცი“, – გვეუბნება ერთ-ერთი.

 

როგორც აქ ამბობენ, ახალშენიდან ჩამომავალი მდინარეც „ზემოდან“ დაანაგვიანეს. „ერთი თვის წინ ტრაქტორებით გაიწმინდა, მაგრამ მაინც არის ნარჩენები. აქ მცხოვრებელი არ ყრის არაფერს, ზემოდან მოყვება“, – ამბობს ქეთინოც.

 

რა მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში და იცვლება თუ არა გარემოზე ზემოქმედების სურათი? შარაბიძეების თემის რწმუნებულის როსტომ თავდგირიძის  განცხადებით, სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალია:

 

„სოფელში კი არა, უნდა ნახოთ რა ხდება ხელვაჩაურის ცენტრში, სამხედრო დასახლება რომ იყო, იქ ორი კორპუსი დგას, იქვეა ორი სანაგვე ურნა, ას მეტრში და მოსახლეობა ნაგავს ყრის ნაძვნარში, ქარსაცავ ზოლში. რა შეიძლება მოუხერხო ამას?“

 

როსტომ თავდგირიძე ამბობს, რომ თვეში ორჯერ მოხალისეების ჯგუფი მიჰყავს და მდინარის კალაპოტებს ასუფთავებს: „მოსწავლეებიც ჩავრთე ამ საქმეში, ამასწინათ მდინარე მეჯინისწყლის 500-მეტრიანი კალაპოტი ამოვწმინდეთ.  თვითშეგნებაა საჭირო ან ჯარიმა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – ამბობს ის.

 

როსტომ თავდგირიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „დანაგვიანების გარდა არსებობს სხვა პრობლემაც. კახაბრის ველზე რაც ხდება, ის ცუდად დაგვიბრუნდება. ევკალიპტების ჭრის ბუმია. ჩეხავენ ხეებს ქარსაცავ ზოლში და აშენებენ სახლებს, მაშინ როცა იმ ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთ მეტრში მიახლოება არ შეიძლება. გარემო ისე მოგექცევა, როგორც შენ მოექცევი, შედეგები იქნება მძიმე“.

 

სამოქალაქო ცნობიერების გაზრდაზე საუბრობს ახალშენის თემის რწმუნებული მერაბ მგელაძეც: „დანაგვიანების გამო მოსახლეობა არასდროს დაუჯარიმებიათ, გარემოს მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ყველა სახლთან ურნას ვერ დავდებთ, მანქანიდან გადმოსვლა და სამი მეტრის გავლა ეზარებათ და ყველა ძირში – ქუჩაში ან მდინარეში ყრის ნაგავს“.

 

რწმუნებული ამბობს, რომ ოთხი თვის წინ სოფლებში: მიქელაძეებში, განახლებასა და ხეყრუში მდინარეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. „გამგეობა გვაძლევს ტრაქტორებს და ვწმენდთ“.

 

არ დაუჯარიმებიათ, მაგრამ ორი თვის წინ გარემოს დაბინძურების გამო გაფრთხილება მისცეს აჭარისწყლის მცხოვრებელს. „ღელეში ჩაყარეს სამშენებლო ნარჩენები“, – გვეუბნება აჭარისწყლის თემის რწმუნებული ნოდარ იაკობაძე.

  

გაფრთხილებისა და საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, მდინარის კალაპოტები და მიმდებარე ტერიტორია მაინც დანაგვიანებულია.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს გარემოზე უკანონო ზემოქმედების 677 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 329 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია.  აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის განცხადებით, საუბარია გარემოზე სხვადასხვა ფორმით მიყენებულ ზიანზე, მათ შორისაა დანაგვიანებაც.

 

„ბოლო შემთხვევა იყო, როცა  ათასი ლარით დავაჯარიმეთ რესტორანი „რივიერა“, რომელსაც სარეცხის მილი ჰქონდა დაზიანებული და ნარეცხი მდინარეში, ზღვასთან ახლოს ჩაედინებოდა. ზოგჯერ თვეში ასზე მეტი  ადმინისტრაციული აქტი იწერება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი თუ არ ჩამოყალიბდა, ამ პრობლემას მარტო ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. 

 

პატარა მდინარეების ირგვლივ ყველგან არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ბოთლი და სხვა ნარჩენი რომ გდია, ვინ უნდა დააჯარიმო ასეთ დროს? კონკრეტული დამნაშავე არ იკვეთება, ამიტომ მუნიციპალიტეტს და გამგეობას კი არ უნდა უყუროს მარტო მოსახლეობამ, თვითონაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. მდინარე და გარემო ჩვენია და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე“.

 

მდინარეების კალაპოტების გაწმენდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ. გაწმენდითი სამუშაოები წელიწადში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ტარდება.  

 

ხელოვნების უნივერსიტეტი სულიკო ჟღენტის სტიპენდიას აწესებს

 

 

ცნობილი დრამატურგის სულიკო ჟღენტის ბიუსტი ბათუმში

 

„სულიკო ჟღენტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების უნივერსიტეტში, ის ხელმძღვანელობდა კინოდრამატურგიის პროგრამას, მან ერთი გამოშვება ბოლომდე მიიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის  გაუარესების გამო, მუშაობა ვეღარ გააგრძელა. მას დიდი ამაგი მიუძღვის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე, ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მომავალი სასწავლო წლიდან დააწესოს სულიკო ჟღენტის სახელობის სტიპენდია“- ამბობს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, ერმილე მესხია.

 

რექტორის თქმით, სულიკო ჟღენტის სახელობის სტიპენდია გაიცემა სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებზე. სტიპენდიის მოცულობა, როგორც რექტორი ამბობს, თვეში 100 ლარი იქნება.

 

სულიკო ჟღენტი სცენარის ავტორია   ცნობილი ფილმებისა,  „ჯარისკაცის მამა“, „ღიმის ბიჭები“, „წუთისოფელი“, „რაჭა ჩემო სიყვარულო“ და ა.შ მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო სცენარის შექმნისთვის, იყო რამდენიმე კინოფესტივალის პრემიების ლაურეატიც.   

 

 

 

 

98 ათასი ლარი ხანძრით დაზარალებული მოსახლეობისთვის

 

 

 

საცხოვრებელ სახლს ხანძარი 2015 წლის 5 თებერვალს გაუჩნდა, ამ დროს შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობდა. სახლის აღდგენა-მშენებლობისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა 19 ივნისის სხდომაზე იმსჯელეს.

 

აღნიშნული ოჯახების გარდა აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ კიდევ 4 ოჯახს დაეხმარება. ქ. ბათუმში, ხანძრის შედეგად დაზარალებული დ. შ-ს ოჯახის დასახმარებლად გამოიყოფა 10 000 ლარი, ხოლო ა. ხ-ს ოჯახის დასახმარებლად 8 000 ლარი.

 

ფინანსური დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გ. ჩ-ს და ვ. ს-ს ოჯახებსაც გაეწევა, მათ სარეზერვო ფონიდან 5 000-5 000 ლარი გამოყოფათ. ამ ოჯახებს 5 000-5 000 ლარი, ასევე მიღებული აქვთ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან.

 

სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, ხოლო მრავალბინიანი სახლის აღსადგენად გათვალისწინებული თანხა გადაერიცხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს.

 

მიიღე ფული ხელზე vivus.ge-სგან ბათუმში

კომპანიის ხელზე გასაცემი სესხების სტენდი დღეს, ჭავჭავაძის #1-ში (ოდისეა), ტექნიკის მაღაზია ტექნო ბუმში გაიხსნა. სტენდი ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-20:00სთ-მდე იმუშავებს. 


Vivus.ge ერთადერთი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელმაც წინა წელს სესხების ხელზე გაცემა დაიწყო. ამჟამად, ბათუმის გარდა, 5 სტენდი თბილისშია განლაგებული.


სესხის ხელზე აღება მარტივად და სწრაფად ხდება. სტენდები ძალიან მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ან უბრალოდ ფულის პირდაპირ ხელზე აღება ურჩევნია. თანხის აღება საბანკო გადარიცხვითაც არის შესაძლებელი. პირველი სესხი 250 ლარამდე უპროცენტოა, ხოლო ყოველი მომდევნო სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.


„ძალიან გვიხარია, რომ დედაქალაქის ფარგლებს გავცდით და ჩვენი სერვისის „მიიღე ფული ხელზე“ შეთავაზება უკვე ბათუმელებისთვისაც შეგვიძლია. სტენდის გახსნა საზოგადოების მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენთან სესხის აღება ნებისმიერ მოქალაქეს 20-დან 65 წლამდე შეუძლია და პროცესი ძალიან მარტივია: საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა და განაცხადის შევსება.“ – განაცხადა ალექსანდრე კოხრეიძემ, vivus.ge-ს პროექტების მენეჯერმა.


Vivus.ge საერთაშორისო საფინანსო კომპანიის – 4ფინანსის ბრენდია, რომელიც 17 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში vivus.ge-ს იცნობენ როგორც ყველაზე სანდო ონლაინ სესხების ბრენდს, რომელიც მომხმრებელს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. 


https://www.facebook.com/vivus.ge 

დიდაჭარა-ღორჯომის გზაზე ასფალტი დაიგება

 

 ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სამუშაოთა საერთო ღირებულება პროექტის მიხედვით 1 414 670 ლარს შეადგენს.

გასულ წელს, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოეწყო 2 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რომლის საერთო ღირებულებამ  705 880 ლარი შეადგინა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“.

 

 

შეხვედრა დამსაქმებლებთან

 

 

 
აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა.  აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები მომზადდა;
 
 
„სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება’’ – ბიუჯეტი 52 000 ლარი;
 
,,35 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ (ბიუჯეტი – 40 000 ლარი);
 
 ,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ (ბიუჯეტი – 8 000 ლარი);
 
 ,,დასაქმების ხელშეწყობის მართვა’’ (ბიუჯეტი – 390 000 ლარი).
 
 
სწავლება 15 ივნისს დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ქ. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი – ,,ახალი ტალღა’’ ახორციელებს. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდებიან: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარები ტრანსპორტით იქნებიან უზრუნველყოფილი.
 

გამოფენა ხელოვნების უნივერსიტეტში

 
 
გამოფენზე ახალციხის სამხატვრო სკოლის 16 მოსწავლისა და 6 მასწავლებლის 150-მდე ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ტიპის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. 
 
 
ამავე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის თვეში ახალციხის დრამატულ თეატრში ბათუმის ნ. კანდელაკის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 
 
 
პროექტის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
 
 
 
Exit mobile version