სიახლეები

მითები და რეალობა ევროკავშირზე

23.06.2015 •
მითები და რეალობა ევროკავშირზე

 

დისკუსია

 

მალხაზ ჭკადუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი: „არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაყვედურობთ ხელისუფლებას, რომ კომუნიკაცია უჭირს საზოგადოებასთან და ეს მართლაც ასეა. როცა მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, პირდაპირი გაგებით ტაშ-ფანდურითა და შალახოთი მივიღეთ ეს დოკუმენტი, ხალხმა კი არ იცოდა, რას ვაწერდით ხელს. ზოგმა იფიქრა, რომ გავწევრიანდით ევროკავშირში, ზოგმა ნატო დაასახელა. საზოგადოების მოლოდინი იყო დიდი და სხვადასხვაგვარი. დღეს შევეცდები ვისაუბროთ იმაზე, რა ჯობს ჩვენთვის და სად ვხედავთ ჩვენს თავს, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა მოთხოვნებს გვიყენებს ევროპა, როგორი საზოგადოება უნდა გავხდეთ და ასე შემდეგ. როგორც ქვეყანას, ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. როგორი მითები იქმნება ევროპასთან დაკავშირებით? დავიწყებ კითხვით – ყველაზე მეტად გავრცელებული ინფორმაცია, რაც სულ გხვდებათ ყურში ევროპასთნ მიმართებაში, რა არის?

 

რეპლიკები დარბაზიდან: “მარიხუანა”, “ზედმეტი თავისუფლება”, „აღვირახსნილობა”, „კარგი განათლების მიღების შესაძლელობა”, „არატრადიციული ურთიერთობები”…

 

 

ნონა ხოზრევანიძე, სტუდენტი: ყოველი ინოვაცია შემოდის ევროპიდან, ამიტომაც ევროპაზე როცაა საუბარი, მე მახსენდება განათლება.
არჩილ ართმელაძე: მაგალითად, საქართველოში ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რაღაც-რაღაცებით ვიზღუდებით. ჩვენ საქართველოში ხშირად ვფიქრობთ არა იმაზე, რომ კანონი არ დავარღვიოთ, არამედ იმაზე, აი, ამაზე რას იფიქრებს ხალხი, ჩვენი მეზობელი.
მალხაზ ჭკადუა: რას იფიქრებს ხალხი! ეს მნიშვნელოვანი თემაა. ევროპა ჩვენთვის არის ტერიტორია, სადაც სახელმწიფოები შედიან და ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრების წესით. სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ის იყიდება გარკვეულ ადგილას და არა ყველგან. დღეს საქართველოს ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ უნდა შემცირდეს სასჯელი. არ შეიძლება მაღალი სასჯელი ემუქრებოდეს ადამიანს, რომელიც მოიხმარს მარიხუანას. ჩემი აზრით, გამსაღებელზე უფრო მკაცრი სასჯელი უნდა არსებობდეს.

 

ევროპა ასევე აღიქმება ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლად. რადგან ვხედავ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა განვასხვავოთ ადამიანის უფლება _ იცხოვროს იმასთან, ვისთანაც უნდა, განურჩევლად სქესისა და პედოფილია. ხშირ შემთხევვაში ჩემი და ჩემი მშობლების თაობა, სამწუხაროდ, ამას ერთმანეთს უტოლებს და ეს ასე არ არის. ჰომოსექსუალიზმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო მსოფლიო დაავადებათა რიცხვიდან. იმედია, ყველა ვთანხმდებით, რომ ამის გამო ადამიანი არ შეიძლება მოკლა, დაასახიჩრო და მას ცხოვრება გაუმწარო. 2013 წლის 17 მაისს რაც მოხდა, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის იყო დემონსტირება იმისა, რომ შეიკრიბა ოცამდე ადამიანი (ეს არ იყო გეი აღლუმი როგორც მედიაში იყო ნახსენები) და ეს იყო იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად გამართული მსვლელობა, რომლებიც მოკლეს თავიანთი განსხვავებულობის გამო. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას მართავს შიში და ჩვენ არ ვიცით რა არის ევროპა.

ლაშა აბუსელიძე, სტუდენტი: წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გამოვიდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ძალიან კარგად იცოდნენ ქართველი ერის დამოკიდებულება ტრადიციებთან. ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და ვერ შევეგუებით პროვოკაციას.
ალეკო ბერიძე, სკოლის მოსწავლე: რას ვერ შეეგუები? წმინდა გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმ ადამიანებს კბილებით და საკუთარი ხანჯლით დაიცავდა, დამიჯერეთ. არც ერთ ჰომოფობს არ დაუდგებოდა გვერდით, რომლებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დამისახელეთ ერთი რელიგია, რომელიც ქადაგებს იმას, რომ ტაბურეტკი ჩასცხეთ ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს.
ევროპაში არის ჩვენი ადგილი და იყო ყოველთვის – რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ევროპას, როცა სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა? მენტალურად ვართ თუ არა ევროპა?

 

ნიკოლოზ ჯანელიძე, სტუდენტი: როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ევროპას, მე მაინტერესებს, ევროპამ რა უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ.

მალხაზ ჭკადუა: პრაქტიკულად გახსნილია 500-მილიონიანი ბაზარი ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, გავა ევროპულ ბაზარზე, ოღონდ, მთავარია, პროდუქტი, რომელსაც შენ აწარმოებ, მაგალითად, თაფლი, იყოს მაღალი ხარისხის. წელიწად-ნახევარი გავიდა ასოცირების ხელშეკრულებიდან და საექსპერტო ბიუროც კი არ გვაქვს. მე ფერმერი რომ ვარ და ვაწარმოებ თაფლს, იმიტომ ვერ გამაქვს თაფლი, რომ არ მაქვს ლიცენზია. ევროპა მეუბნება, რომ თუ მექნება კანონის უზენაესობა და პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მასწავლებელი თუ პოლიციელი ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე, აი მაშინ ხარ ევროპული ოჯახის წევრი. რატომ არის ევროპა მიმზიდველი? 1. აღიარებს ადამიანს, როგორც აბსოლუტურ ღირებულებას. მთავარია, სახელმწიფომ შექმნას ისეთი წყობა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.
ანა ანკობაია, სტუდენტი: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თქვენ იკითხეთ, ვის ხედავთ საუკეთესო მეზობლადო. საუკეთესო მეზობელი ვერასოდეს გვეყოლება, ნებისმიერ სახელმწიფოს, ყველას, აქვს თავისი ინტერესი. შეიძლება გყავდეს ნორმალური მეზობელი. მე მყავს კარის მეზობელი მუსლიმი და ის უფრო კარგად მიგებს, ვიდრე ქრისტიანი მეზობელი, მიუხედავად იმისა, რომ მე ქრისტიანი ვარ. რელიგია არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი [სტუდენტები საუბრობდნენ რუსეთთან მეგობრობაზე და აქცენტს რელიგიაზე აკეთებდნენ -ავტორის შენიშვნა].
მალხაზ ჭკადუა: ერთადერთი და მთავარი არის ის, რომ ძალადობას ნუ გაამართლებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: