მთიანი აჭარა

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

23.06.2015
დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

სოციალური სახლი ქედაში
სოციალური სახლი ქედაში

გასულ წელს გარემონტებული სახლისთვის ბენეფიციარები ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში 15 ოჯახი დაზარალებულთა პირველ კატეგორიას არის მიკუთვნებული.

 

ვინ მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად? – საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია იღებს, თუმცა მანამდე საკითხზე მუშაობა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა კომისიამ დაიწყო. 4 მარტს კომისიამ სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ ოჯახებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ ოჯახებს ბინით დაკმაყოფილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან უშუამდგომლა.

 

კითხვაზე, რატომ დარჩა უფუნქციოდ თვეების განმავლობაში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი სახლი ქედაში? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს: „ეს შრომატევადი საქმეა, ოჯახები ადგილზე შევისწავლეთ, გადავამოწმეთ, აქვთ თუ არა ოჯახებს ალტერნატიული ფართობები. სამთავრობო კომისიის სხდომა 11 ივნისს ჩატარდა, სადაც მუშა ჯგუფის მოხსენებითი ბარათი იქნა განხილული. მოხსენება ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 13 ოჯახს ეხებოდა, თუმცა ვინ მიიღებს ბინას, საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი“.

 

აღნიშული ბინების გარდა, ორი ბინა თავისუფალია ეკომიგრანტებისთვის, 2012 წელს რეაბილიტირებულ ყოფილ საავადმყოფოს შენობაშიც.

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 15 ოჯახიდან 13 სოფელ ჯალაბაშვილებში, ერთი – უჩხითში და ერთიც პირველ მაისში ცხოვრობს.

 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ იმ ორ ოჯახს, რომლებიც სოფელ უჩხითსა და პირველ მაისში ცხოვრობს, ბინის მიღების მოთხოვნით სამინისტროსთან უშუამდგომლებს, სამთავრობო კომისია ამ ოჯახების მდგომარეობასაც შეისწავლის.

 

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 14 ოჯახს სახელმწიფომ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 2010 წელს ფულადი დახმარება გაუწია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 57 000 ლარი დაიხარჯა. ფულად დახმარებასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას იმ დროისთვის დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო ტერიტორია უნდა გამოეყო, რაც ვერ მოხერხდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახიდან სახლის ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ფართობის გამონახვა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო, დანარჩენი 13 ოჯახი კი, დღემდე დამეწყრილ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში აგრძელებს ცხოვრებას.

 

ყოფილი საავადმყოფოს შენობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების მოსაწყობად გასულ წელს 413 809 27  ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: