სიახლეები

ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური გახსნის მოლოდინში

24.06.2015 • 6098
ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური გახსნის მოლოდინში

 

 ბათუმი ცენტრალში“ პირველი სატესტო მატარებელი გასულ კვირას შევიდა. რკინიგზის ახალ სადგურს სამი ბაქანი აქვს და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთის ყიდვაც უკვე აქვე არის შესაძლებელი. როგორც ცენტრალის დირექტორი გიორგი შარაშიძე ამბობს, საქართველოს რკინიგზას უსასყიდლოდ და უვადოდ გადაეცა 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც განთავსებულია, სალაროები, ადმინისტრაცია, გამცილებლებისა და მემანქანეების მოსასვენებელი ოთახები. რაც შეეხება ლიანდაგებს, სადგურამდე ის საქართველოს რკინიგზამ მიიყვანა.

გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია – 22 566 კავდრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის საერთო ფართობი კი 10 ათასი კვადრატული მეტრია.

 

როგორც გიორგი შარაშიძე ამბობს, „ბათუმი ცენტრალი“ ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს – რკინიგზა, ავტოსადგური და სავაჭრო ცენტრი: „აქ ნებისმიერ პირსა თუ კომერციულ ორგანიზაციას შეუძლია ფართობის დაქირავება – ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 10-15 დოლარი ღირს. ამას დაემატება კვადრატულ მეტრზე 3-5 ლარი კონდიცირებისა თუ სხვა სერვისებისთვის და 20%-ი დღგ“.

 

გიორგი შარაშიძის თქმითვე, კომერციული ფართობების დიდი ნაწილი პირველ სართულზე უკვე გაქირავებულია: „აქ შემოსულ ადამიანს შეუძლია სუფთა გარემოში დალიოს ყავა, მიირთვას საჭმელი, მატარებლის, ავტობუსის თბილისის მიმართულებით გასვლამდე დაათვალიეროს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ასევე შესაძლებელი იქნება ბავშვის 1 ან 2 საათით დატოვებაც, აქ სპეციალური ცენტრი იზრუნებს პატარებზე, ვიდრე მშობელი გადაუდებელი საქმეებისთვის ქალაქში იქნება გასული“.
გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ცენტრალში იქნება ბანკების ფილიალებიც, „მაკდონალდსი“, „გუდვილი“, საკანცელარიო და სასაჩუქრე მაღაზიები. ასევე იგეგმება „დანქინ დონატსისა“ და „სმარტის“ გახსნაც.

 

„ბათუმი ცენტრალი“ ბევრი სხვა ახალაშენებული ობიექტისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყველა ჩასასვლელთან თუ საპირფარეშოსთან არის პანდუსი, ანუ შშმ პირისთვის ამ დაწესებულებაში გადაადგილება კომფორტული იქნება.

 

`ბათუმი ცენტრალში~ ამ დროისთვის ყველაზე მრავლად მაინც სატრანსპორტო კომპანიები არიან წარმოდგენილნი – ამ სფეროში ყველაზე მეტად იგრძნობა კონკურენცია. ერთ-ერთი მათგანის – „ბათუმი სელპანტინის“ დამფუძნებელს, ვახტანგ ლომჯარიას მიაჩნია, რომ არსებული კონკურენციის პირობებში ცენტრალი აძლევს შესაძლებლობას, კლიენტს უკეთესი პირობები შესთავაზოს.

 

იგივე ვახტანგ ლომჯარიას თუ დავეყრდნობით და საკითხს ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ჭრილში განვიხილავთ, გაჩენილი კონკურენციით სავარაუდოდ სარგებელი უნდა მიიღონ მოქალაქეებმაც. ვახტანგ ლომჯარია: „გვყავს მინივენები, მიკროავტობუსები, ავტობუსები. მანქანების პარკი ახალია. კლიენტს შეუძლია ინტერნეტით ან ტელეფონით დაგვიკვეთოს ბილეთი. ამ სადგურის ერთ-ერთი ახალი პრინციპი ისაა, რომ კლიენტი სადგურში თავად კომპანიას მოჰყავს – მანქანა კლიენტს სახლში აკითხავს“.

 

რაც შეეხება ფასს, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ამ სერვისის გამო ფასები არ გაიზრდება: „ფასებს ვინარჩუნებთ, პირიქით – სტუდენტებისთვის ფასების შემცირებაზეც ვფიქრობ. შვიდკაციანი მინივენი 22 ლარი ღირს – ჯერჯერობით აქცია გვაქვს, მაგრამ მინივენზე ფასი აუცილებლად გახდება 25 ლარი. მიკროავტობუსი სპრინტერები იქნება 20 ლარი. დიდი ავტობუსი იქნება 15 ლარი, ისე კი არა, რომ თუ ორივე მხარის ბილეთს იყიდი, მხოლოდ ერთი მიმართულებითაც ფასი 15 ლარი იქნება. ავტობუსით დღეში დაგეგმილია ორი რეისი – ერთი ბათუმიდან და ერთი თბილისიდან. ეს სადგური იმის საშუალებას მაძლევს, რომ მეც შევთავაზო მგზავრს ყავა და ცივი წყალი“.

 

ახალი რკინიგზის სადგურის, იგივე „ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა მესაკუთრეს – შპს GEOღGIA INN-ს 8 მილიონი ლარი დაუჯდა. ამ კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს: გიორგი ჭყონია (45%), ლევ ნინიკაშვილი (45%) და აჰარონ ჯანაშვილი.

 

„ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პროექტი არაერთხელ შეჩერდა.
ცენტრალის დირექტორის თქმით, მათთან მთლიანობაში 300-400 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი, მათგან 50-60 ადამიანის დასაქმებას უშუალოდ „ბათუმი ცენტრალი“ გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი