გიორგი გურგენიძე 25 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან საბაზო განათლება ორთაბათუმის საჯარო სკოლაში მიიღო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მის მშობლებს ხელთ აქვთ, თუმცა როგორც გიორგის დედა, მზიური ბალაძე ამბობს, საბაზო ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე სკოლა უარს აცხადებს, მიზეზად დირექტორის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების არარსებობა სახელდება. გიორგის დედა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, კონკრეტულად კი სკოლა და განათლების სამინისტრო, მისი შვილის უფლებებს არღვევს.


გიორგი გურგენიძემ საბაზო საფეხური, ანუ მე-9 კლასი, სკოლის დირექტორის ნუნუ ქიქავას ბრძანების მიხედვით, 2007 წელს დაამთავრა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გიორგი გურგენიძეს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ორთაბათუმის საჯარო სკოლაში გიორგის ჩარიცხვის ბრძანება საარქივო მასალებში არ იძებნება.
„წარმოუდგენელია, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. თუ დირექტორმა ბრძანება არ დაწერა, ეს მისი დანაშაულია, მაგრამ ის დირექტორი გარდაცვლილია და ჩვენ რა გიყოთო, მეუბნებიან სკოლაში. საარქივო მასალებში ბრძანება ვერ იპოვეს. ბავშვი დაფიქსირებულია სასკოლო ჟურნალებში, სკოლა ადასტურებს, რომ გიორგი ნამდვილად დადიოდა ამ სკოლაში და დამთავრების ბრძანებაც არის, მაგრამ ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე მაინც უარს გვეუბნებიან“, – ამბობს მზიური ბალაძე.
გიორგის დედა ამბობს, რომ მას და გიორგის ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ ატესტატი დიდხანს აღარ მოუკითხავთ. „მე ონკოლოგიური პრობლემები მაქვს. როცა გიორგიზე ორსულად ვიყავი, მკერდი მომკვეთეს, მედიკამენტების მიღების გამო გიორგის ჯანმრთელობა დაუზიანდა და გონებრივი პრობლემებით დაიბადა. ამის შემდეგ კიდევ დამჭირდა ერთი ოპერაცია, ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. ხშირად გვიწევდა ექიმთან ვიზიტი, ხან ჩემი ჯანმრთელობის გამო, ხანაც – გიორგის. მე-9 კლასი რომ დაამთავრა, მაშინაც საავადმყოფოში ვიყავი, ამიტომ ატესტატისთვის სკოლაში არ მივსულვარ. მინდა, რომ ჩემი შვილი რაიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩავრთო, პროფესიას რომ დაეუფლოს და მომავალში საკუთარი შრომით შეძლოს არსებობა“, – ამბობს მზიური ბალაძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, გიორგის მშობლები სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებენ. „ასეთი განუკითხაობა შეიძლება? ხომ დადიოდა სკოლაში ჩემი შვილი, რა ჩვენი ბრალია, თუ დირექტორმა საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა და ბრძანება არ დაწერა ან ვერ იპოვეს ეს ბრძანება. ჩემი შვილის უფლება სახელმწიფომ ხომ უნდა დაიცვას?“ – კითხულობს გიორგის დედა.
მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა, შესაბამისად, დედის თქმით: „გიორგი ჯერ პირველ საჯარო სკოლაში შევიყვანე, შემდეგ, ბინა რომ გამოვიცვალეთ, 22-ე საჯარო სკოლაში გადავიყვანე. ბოლოს ბინის ქირის გადახდა ვეღარ შევძელით და ჩემი ძმის სახლში, სოფელ ორთაბათუმში მოგვიწია გადასვლა. იქ დაამთავრა გიორგიმ მეცხრე კლასი“.
როგორც დედა ამბობს, რამდენიმე დღის წინ ოჯახმა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ მორიგი არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღო. „ჯერ ისიც არ ვიცი, ოპერაციას ექვემდებარება თუ არა“, – მბობს მზიური ბალაძე. – „მძიმე ცხოვრება გადავიტანე, უბინაობამაც დამღალა. უკვე მე-15 ბინა გამოვიცვალეთ. ერთი ბინის მეტაპრონემ, ქირა რომ ვერ გადავუხადეთ, სახლში აღარ შეგვიშვა, ორსულად ვიყავი და ჩემი ქმრის „ზილში“ მომიწია მეორე ბავშვის გაჩენა. ამას ჩემი და გიორგის ავადმყოფობაც დაერთო. გამუდმებით ცუდზე ვფიქრობდი, მაგრამ თავს მოვერიე, გიორგის ვჭირდები“.
ოჯახი ამჟამად ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ნათესავის მიერ დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს. მზიური ბალაძე: „მესამე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ შეგნებულად ვიკავებ თავს. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ჩემს შვილს დავეხმარო. მინდა, რაიმე ხელობას დაეუფლოს, ცხოვრება გააგრძელოს. ზეპირი ათვისების უნარი აქვს, შეუძლია კომპიუტერის გამოყენება. ატესტატის უქონლობის გამო კი, პროგრამებში ჩართვაზე უარს გვეუბნებიან. არ ვიცი, რა გავაკეთო.“
ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუსიც მიიღო, თუმცა როგორც რესპონდენტი ამბობს, მათი ქულების რაოდენობა ფინანსურ დახმარებას არ ითვალისწინებს.