სიახლეები

მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”

24.06.2015
მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”

დავით მამისეიშვილი

“ბრალდებული სტუდენტია, ჰყავს წლისა და ოთხი თვის შვილი და მუშაობს”, – სწორედ ამ არგუმენტით ითხოვეს მისმა ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. ადვოკატებმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება ხუთი ათასი ლარის სანაცვლოად იშუამდგომლეს. პროკურორმა კი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა შემდეგი მოტივით: “დასადგენია ნარკოტიკების შეძენის ადგილი და მოტივი, თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს, მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს ან დატოვოს ქვეყანა”.

ადვოკატმა თქვა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ბრალდებული გამომძიებელს პასპორტს ჩააბარებს და კვირაში ერთხელ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდება. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ახლა სტუდენტს სახელმწიფო ადანაშაულებს, 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ბათუმში ცხოვრობს, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, მშობლებს აქვთ კერძო სახლი და მას იპოთეკით დატვირთავენ, გირაო რომ გადაიხადონ.

“ძალიან ცუდ გზას დაადექით… მე და პროკურორს სახელმწიფო გვიხდის ხელფასს, ადვოკატებს – შენი ოჯახი, ეს ჩვენთვის ყოველდღიური საქმიანობაა, უბრალოდ, იცვლებიან განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანები. უნდა გააანალიზოთ თქვენი შეცდომა, რაც თქვენს ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა, თუ არ აპირებთ გამოსწორებას და ძველ რელსებზე დაბრუნებას, მე გირჩევთ, ნუ გადაახდევინებთ თქვენს ოჯახს გირაოს საფასურს”, – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულს.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის ნათესავები ერთი თვის განმავლობაში 25 ათას ლარს გადაიხდიან, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ბრალდებული ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა.
ნათია როყვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: