ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბზუბზუში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ცოფი აქ მკვდარ ძაღლს დაუდგინდა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი სოფო ხაბაზი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ოჯახის, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, ყველა წევრი ვაქცინირებულია. რაც შეეხება სოფელს, პრესსამსახურის განცხადებით, სოფელში მყოფი ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელი და შინაური ცხოველი ხვალიდან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
„სოფელ ქვედა ბზუბზუში მცხოვრები ბადრი გოგიტიძე კვირას, 21 ივნისს დაუკავშირდა ვეტექიმს და აცნობა, რომ მსხვილფეხა რქოსანი ძაღლზე უცნაურად რეაგირებდა. ადგილზე მისულ ვეტექიმს ძაღლი მკვდარი დახვდა. გამოკვლევის შედეგად დღეს დადასტურდა, რომ ძაღლს ცოფი ჰქონდა. ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირუტყვი იზოლირებულია. რაც შეეხება ოჯახს, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქედის განყოფილება ადგილზე გავიდა და ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ხვალიდან კი სოფელში ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა რქოსანსა და შინაურ ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება“ – აღნიშნა სოფიო ხაბაზმა „ბათუმელებთან“.