სიახლეები

თაფლის ფესტივალი ბათუმში

23.06.2015 • 2788
თაფლის ფესტივალი ბათუმში

 

თაფლის ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოთხი სახის თაფლი – ცაცხვის თაფლი, აკაციის თაფლი, ყვავილების თაფლი, წაბლის თაფლი და ასევე თაფლის პროდუქტები: ყვავილის მტვერი, სანთელი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ კახიძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 60 მეფუტკრე და ორგანიზაცია მიიღებს. „უფრო მეტს უნდოდა, მაგრამ ტერიტორია არის შეზღუდული, ამიტომ ყველას ვერ ვიწვევთ“, – ამბობს თამაზ კახაძე.

 

ორგანიზატორები ფესტივალის გაფორმებაზე უკვე ზრუნავენ. თამაზ კახიძე, რომელსაც საკუთარი  საწარმო აქვს ხელვაჩაურში, სადაც თაფლს აფასოებენ და ფუთავენ, ამბობს, რომ ფესტივალისთვის ინტენსიურად მუშაობენ:

 

„ახლა ვამუშავებთ ეტიკეტებს, მათ შორის ფესტივალის სიმბოლოც მზადდება, დასახვეწია. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით, იქნება ევროპული ტიპის ჯიხურები ტენტებით და ფესტივალი გაფორმდება  მუსიკით. მუნიციპალიტეტების გამგებლებს ვთხოვეთ, რომ მათთან არსებული კულტურის სამსახურები ჩაერთონ ფესტივალში, ანუ საგამოფენო ტერიტორიაზე ყველგან იქნება მუსიკა. ჩვენ გამოფენილ თაფლს, ყველას, განსხვავებული ფერი, გემო შემცველობა და არომატი აქვს“.

 

მეფუტკრეებს ფესტივალის ორგანიზებაში ფინანსურად სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმარება. „ეს ფესტივალი მინიმალურ თანხებში ტარდება. ორი წლის მერე ჩვენი ძალებით ვაპირებთ გაკეთებას. მომავალში ვაპირებთ, რომ ფესტივალი იყოს საქართველოს მასშტაბით, შემდეგ გვინდა გახდეს საერთაშორისო“, – გვიყვება თამაზ კახიძე.

 

ფესტივალის მიზანი აჭარის თაფლის და ფერმერების პოპუალარიზაციაა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ტურისტებს შორის. ორგანიზატორებს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ, რა ეღირება ფესტივალზე თაფლი.

 

ცნობილია, რომ ქართული თაფლი არის იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობს. თამაზ კახიძის თქმით, მეფუტკრეებშიც არსებობს იგივე მოლოდინები: „სურსათის უვნებლობის სამსახურმა გამოსცა რეგულაცია თაფლზე, ანუ დაადგინა სტანდარი, აქამდე რუსული სტანდარტით ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მეფუტკრეები ინფორმირებულები არიან ამ სტანდარტის შესახებ თუ როგორი თაფლი უნდა აწარმოონ, ყველა ცდილობს ამ სტანდარტით იმუშავოს“.

 

თამაზ კახიძე იმედი აქვს, რომ მალე ამოქმედდება შესაბამის ლაბორატორია, რაც ქართული თაფლის შეტანას ევროკავშირის ბაზარზე უზრუნველყოფს: „ჩვენი ყველა თაფლი მოთხოვნადია ევრობაზარზე, რადგან საქართველო ნატურალურად სუფთა თაფლს აწარმებს. გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც იქნება ევროკავშირის მიერ აღიარებული, რის შემდეგაც განაცხადი გაკეთდება ევროსაბჭოში და დავიწყებთ მუშაობას  თაფლის შეტანაზე. ეს ლაბორატორია კეთდება თბილისში. ვისაც უნდა ევროპის ბაზარზე გაიტანოს თავისი თაფლი, ამ ლაბორატორიით უნდა ისარგებლოს. ლაბორატორია მზად იქნება შემოდგომაზე, როგორც ვიცი, დანადგარები უკვე შემოტანილია“.

 

2014 წლის მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე 19 850 -ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ირიცხება, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 8 000, ხელვაჩაურში – 4 500,  ქედაში – 2 500, შუახევში – 2 350 და ხულოში – 2 500. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: