სიახლეები

თურქულმა მხარემ სარფში 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება ამოიღო

23.06.2015
თურქულმა მხარემ სარფში 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება ამოიღო

 

თურქული მედია იუწყება (ინფორმაციას თან ახლავს სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა), რომ თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 50 გრამი წითელი ვერცხლისწყალი და 236 გრამი ცეზიუმი ამოიღეს. ორივე მათგანი ბირთვულ იარაღში გამოყენებადი ნივთიერებაა.

 

იმავე წყაროს ცნობით, ბრალდებულებს ასევე აღმოაჩნდათ ძვირფას ქვებად მიჩნეული ფერადი ქვებიც. თურქული მედიის ინფორმაციით, ამოღებულია 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება.

 

„მოქალაქეთა ჩხრეკა მაშინ გადაწყდა, როცა სპეციალურმა მოწყობილობებმა საზღვარზე რადიაციის ფონის მატება დააფიქსირეს. ჩამორთმეული ნივთიერებები თურქეთის ბირთვული კვლევის ცენტრს ჩაბარდა“, – იუწყება თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

 

იღებდა თუ არა ამ ოპერაციაში რაიმე სახის მონაწილეობას ქართული მხარე ან როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა მსგავსი საშიშროების შემცველი რადიაციული ნივთიერების გატანა საბაჟოზე, რომელსაც ქართველი მებაჟეები აკონტროლებენ? „ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა ხატია მოისწარფიშვილმა თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:

 

„თავდაპირველად თურქულ მხარეს შეეშინდა, რომ ეს არ ყოფილიყო ცეზიუმი, მაგრამ ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ცეზიუმი არ დადასტურდა. თავისთავად, ცეზიუმი რომ ყოფილიყო, ჩვენს საზღვარზეც უნდა გამოევლინა დეტექტორს. თურქული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გადაჰქონდათ ვერცხლისწყალი. ცხადია, ვერცხლისწყალიც აკრძალული ნივთიერებაა. რაც შეეხება ვერცხლისწყლის ვერ აღმოჩენას, გასვლის დროს ჩვენ ხელჩანთებს დეტალურად არ ვჩხრეკთ, თუ რამე კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.