სიახლეები

მდინარეები და სამოქალაქო ცნობიერება

22.06.2015 • 4024
მდინარეები და სამოქალაქო ცნობიერება

 

ნათელა გაბედაშვილის აზრით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული მდინარეები „მთავრობამ უნდა გაასუფთაოს“, თუმცა დასძენს, რომ გარემოზე უნდა იზრუნოს მოსახლეობამაც. ხშირ შემთხვევაში „დამნაშავე“ მდინარის სათავესთან ზის, რადგან „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნაგავი ზემოდან მოდის“.

 

„ჩვენ არ ვყრით ნარჩენებს, ზემოდან მოაქვს მდინარეს. სათავეში ყრიან ალბათ“, – ამბობს ბესო დეკანაძე, რომელიც ამ მდინარესთან ახლოს ცხოვრობს. იმავე აზრისაა აჩიკო მგელაძეც, რომელიც ასევე მდინარესთან ცხოვრობს. მასაც მიაჩნია, რომ მდინარეები სათავეებში ბინძურდება.

 

„გაწმენდას აზრი არ აქვს, მაინც დაბინძურდება. რომ ადიდდება, მაშინ უნდა ნახოთ რა მოაქვს. ჩვენ არ ვყრით“, – ამბობს აჩიკოც.

 

რამდენიმე მეტრში ნაგვის ურნა დგას, ამის მიუხედავად, მდინარის მიმდებარე ტერიტორია სავსეა სიგარეტის კოლოფებით, ნაყინის ნარჩენებითა და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელის კოლოფებით. „ესეც მდინარემ ჩამოიტანა?“ – ვეკითხებით ამ უბანში მცხოვრებლებს. „რა ვიცი“, – გვეუბნება ერთ-ერთი.

 

როგორც აქ ამბობენ, ახალშენიდან ჩამომავალი მდინარეც „ზემოდან“ დაანაგვიანეს. „ერთი თვის წინ ტრაქტორებით გაიწმინდა, მაგრამ მაინც არის ნარჩენები. აქ მცხოვრებელი არ ყრის არაფერს, ზემოდან მოყვება“, – ამბობს ქეთინოც.

 

რა მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში და იცვლება თუ არა გარემოზე ზემოქმედების სურათი? შარაბიძეების თემის რწმუნებულის როსტომ თავდგირიძის  განცხადებით, სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალია:

 

„სოფელში კი არა, უნდა ნახოთ რა ხდება ხელვაჩაურის ცენტრში, სამხედრო დასახლება რომ იყო, იქ ორი კორპუსი დგას, იქვეა ორი სანაგვე ურნა, ას მეტრში და მოსახლეობა ნაგავს ყრის ნაძვნარში, ქარსაცავ ზოლში. რა შეიძლება მოუხერხო ამას?“

 

როსტომ თავდგირიძე ამბობს, რომ თვეში ორჯერ მოხალისეების ჯგუფი მიჰყავს და მდინარის კალაპოტებს ასუფთავებს: „მოსწავლეებიც ჩავრთე ამ საქმეში, ამასწინათ მდინარე მეჯინისწყლის 500-მეტრიანი კალაპოტი ამოვწმინდეთ.  თვითშეგნებაა საჭირო ან ჯარიმა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – ამბობს ის.

 

როსტომ თავდგირიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „დანაგვიანების გარდა არსებობს სხვა პრობლემაც. კახაბრის ველზე რაც ხდება, ის ცუდად დაგვიბრუნდება. ევკალიპტების ჭრის ბუმია. ჩეხავენ ხეებს ქარსაცავ ზოლში და აშენებენ სახლებს, მაშინ როცა იმ ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთ მეტრში მიახლოება არ შეიძლება. გარემო ისე მოგექცევა, როგორც შენ მოექცევი, შედეგები იქნება მძიმე“.

 

სამოქალაქო ცნობიერების გაზრდაზე საუბრობს ახალშენის თემის რწმუნებული მერაბ მგელაძეც: „დანაგვიანების გამო მოსახლეობა არასდროს დაუჯარიმებიათ, გარემოს მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ყველა სახლთან ურნას ვერ დავდებთ, მანქანიდან გადმოსვლა და სამი მეტრის გავლა ეზარებათ და ყველა ძირში – ქუჩაში ან მდინარეში ყრის ნაგავს“.

 

რწმუნებული ამბობს, რომ ოთხი თვის წინ სოფლებში: მიქელაძეებში, განახლებასა და ხეყრუში მდინარეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. „გამგეობა გვაძლევს ტრაქტორებს და ვწმენდთ“.

 

არ დაუჯარიმებიათ, მაგრამ ორი თვის წინ გარემოს დაბინძურების გამო გაფრთხილება მისცეს აჭარისწყლის მცხოვრებელს. „ღელეში ჩაყარეს სამშენებლო ნარჩენები“, – გვეუბნება აჭარისწყლის თემის რწმუნებული ნოდარ იაკობაძე.

  

გაფრთხილებისა და საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, მდინარის კალაპოტები და მიმდებარე ტერიტორია მაინც დანაგვიანებულია.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს გარემოზე უკანონო ზემოქმედების 677 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 329 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია.  აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის განცხადებით, საუბარია გარემოზე სხვადასხვა ფორმით მიყენებულ ზიანზე, მათ შორისაა დანაგვიანებაც.

 

„ბოლო შემთხვევა იყო, როცა  ათასი ლარით დავაჯარიმეთ რესტორანი „რივიერა“, რომელსაც სარეცხის მილი ჰქონდა დაზიანებული და ნარეცხი მდინარეში, ზღვასთან ახლოს ჩაედინებოდა. ზოგჯერ თვეში ასზე მეტი  ადმინისტრაციული აქტი იწერება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი თუ არ ჩამოყალიბდა, ამ პრობლემას მარტო ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. 

 

პატარა მდინარეების ირგვლივ ყველგან არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ბოთლი და სხვა ნარჩენი რომ გდია, ვინ უნდა დააჯარიმო ასეთ დროს? კონკრეტული დამნაშავე არ იკვეთება, ამიტომ მუნიციპალიტეტს და გამგეობას კი არ უნდა უყუროს მარტო მოსახლეობამ, თვითონაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. მდინარე და გარემო ჩვენია და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე“.

 

მდინარეების კალაპოტების გაწმენდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ. გაწმენდითი სამუშაოები წელიწადში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ტარდება.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: