მთიანი აჭარა

რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

23.06.2015 • 2352
რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

 

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, იქ, სადაც მდინარე აკავრეთა ჩამოედინება, წყლისგან თავდასაცავად წლების წინ მოწყობილი დამცავი კედელი აღარ არსებობს, წყალდიდობისას ადიდებული მდინარე აკავრეთა დაბის დატბორვის საშიშროებას ქმნის. წყალმა წაიღო საბჭოთა დროს მოწყობილი გაბიონი მდინარეების – აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთანაც. დამცავი კედლის არარსებობის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარისწყალმა რუსთაველის ქუჩაზე არსებული გამარჯვების პარკის დიდი ნაწილი წაიღო, დატბორვის საფრთხე ექმნება პარკთან ახლოს მცხოვრებ მანველიძეების ოჯახსაც. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გაბიონის მოსაწყობად სოლიდური თანხაა საჭირო, ადგილობრივ ბიუჯეტში კი შესაბამისი ფინანსური რესურსი არ არის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდს მიმართა, გაბიონის მოსაწყობად შესაბამის პროექტი წარუდგინა და დაფინანსების დაპირებაც მიიღო. დამცავი კედლების ასაშენებლად ორ მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო.

 

„პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამუშავეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ. დაპირებაც არის, რომ დაგვიფინანსებენ პროექტს, იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებას მოვიპოვებთ, გაბიონების მოწყობას ერთი წელი დასჭირდება“, – აცხადებს სულიკო ბოლქვაძე.

 

რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან ქედის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება 2009-2010 წლებში დაბის კეთილმოწყობისთვის მიიღო. მას შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტს ფონდისგან არანაირი დაფინანსება არ მიუღია. 2013-2014 წლებში ფონდს ქედის მუნიციპალიტეტმა გაზსადენის პროექტირება-მშენებლობისა და შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მიმართა.

 

„მუნიციპალურმა ფონდმა ისეთი დიდი პროექტი დაგვიფინანსა, როგორიც იყო დაბის ასფალტირება და ქუჩების კეთილმოწყობა. დაბის კეთილმოწყობისთვის 2009-2010 წლებში თითქმის ორ მილიონ-ნახევარზე მეტი დაიხარჯა. როდესაც გაბიონების მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაშინ მივმართეთ“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

 

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მოელის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძეც. იგი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა აპირებს ფონდს ისეთი ძვირადღირებული პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს, როგორიცაა ზამლეთის თემის სამი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

 

გამგებლის თქმით, სამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 5 700 000 ლარია საჭირო. „სასმელი წყლის სისტემის პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. რამდენიმე დღის წინ შევხვდით ფონდის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ აღნიშნულ პროექტზე და სიტყვიერი თანხმობაც მივიღეთ, რომ მხარს დაგვიჭერენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

ზამლეთის თემის სამ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე მთავრობის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, მთავრობამ პროექტისთვის 700 000 ლარი გამოგვიყო, დავამუშავეთ პროექტი, რომლის განსახორციელებლად 5 700 000 ლარია საჭირო. მას შემდეგ, რაც პროექტი სამხარაულის ექსპერტიზას გაივლის, ვაპირებთ ოფიციალურად მივმართოთ მუნიციპალურ ფონდს დასაფინანსებლად. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფლებში: ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა გადავუჭრათ“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან დაფინანსების მოლოდინი აქვთ ხულოშიც.

 

ხულოს გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიუმართავს. ის ამბობს, რომ ძვირადღირებული პროექტები არ ჰქონიათ, არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახორციელებენ.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან კონკრეტული პროექტის დაფინანსების მოთხოვნით არ მიგვიმართავს, თუმცა ვაპირებთ წელს მივმართოთ. წელს 54 ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რის  განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 531 909 ლარია გამოყოფილი.

 

იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გვყავს, სპორტკომპლექსის მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. მრავალფუნქციური დანიშნულების სასპორტო სკოლის მოწყობას მოსახლეობაც მოითხოვდა. პროექტი უკვე შევისყიდეთ, სასპორტო სკოლის აშენებას ორ მილიონ-ნახევარი ლარი სჭირდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ მოვახერხებთ აშენებას, შესაბამისად, სწორედ ამ პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს“, – აცხადებს ზაზა აბულაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად მუნიციპალური ფონდისგან დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტმაც 2009-2010 წლებში მიიღო დაბის კეთილმოწყობისთვის. 2013-2014 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტმა ფონდს დასაფინანსებლად ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა, მაგრამ ფონდისგან დაფინანსება არ მიუღია.

 

კითხვაზე, დაფინანსდება თუ არა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მიერ მოთხოვნილი პროექტები მუნიციპალური ფონდიდან? – „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ასეთი წერილობითი პასუხი მიიღო:

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტებს ახორციელებს დონორების პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია  საერთაშორისო შეთანხმებებით და პრიორიტეტულია როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების, ასევე რეგიონების განვითარების სტრატეგიებითა და მათი განხორციელების პროგრამებით. ფონდს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმის პროექტების ნუსხა, რომელიც მუდმივად განახლებადია და თანხმდება მის პარტნიორ დონორ ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობასთან. სამოქმედო გეგმის განხორციელება დამოკიდებულია ფონდის ფინანსურ მდგომარეობასა და გათვლებზე, რომლებიც ეყრდნობა წლიურ ბიუჯეტს“.

 

საქართელოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2015 წლის ბიუჯეტი 258 665 000 ლარია. ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი აჭარაში მხოლოდ ერთ პროექტს – ქობულეთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს  ახორციელებს.

 

რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდში აცხადებენ, რომ ფონდი ბათუმში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, კერძოდ, საუბარია ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: