საია და მრჩეველთა საბჭო ბათუმის რეკლამის ფესტივალისათვის 400 000 ლარის გამოყოფას უარყოფითად აფასებენ

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

„ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ 2015 წლის 1 სექტემბერს განხორციელებულ ბიუჯეტის ცვლილებას, განსაკუთრებით „ბათუმის არტ ფესტივალების ქალაქის“ ქვეპროგრამაში დამატებას და 400 ათასი ლარის გამოყოფას „რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზებისთვის შემდეგი გარემოებების გამო:

 

1.  დოკუმენტი, რომელიც მერიამ წარმოადგინა საკრებულოს სხდომაზე, ზოგადი ხასიათისაა და მასში არ არის დეტალურად აღწერილი ფესტივალის შესახებ ინფორმაცია (ფინანსურ და პროგრამულ ჭრილში). არ არის გაწერილი მოსალოდნელი შედეგები. ასევე, რა კრიტერიუმებით/ინდიკატორებით გეგმავენ შეაფასონ ღონისძიება;

 

2.  არ არის დასაბუთებული აღნიშნული ფესტივალის დაფინანსების აუცილებლობა. მაშინ, როცა ქალაქი ისედაც აფინანსებს 4 ფესტივალს (საერთო ჯამში, 290 ათასი ლარი იხარჯება ყველა ფესტივალზე), რატომ გახდა აუცილებელი სასწრაფოდ ფესტივალის დაფინანსება ბიუჯეტიდან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი (საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა, რომ სხვა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო ეს ფესტივალი), რომ ეს ღონისძიება ინიცირებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და არღვევს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლს – „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწვევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით“.

 

მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველთვის რთულია ფინანსური სახსრების მოძებნა პრიორიტეტების კვლევის, ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად, რთულია დაინახო აღნიშნული ფესტივალის ფორსმაჟორულ რეჟიმში დაფინანსების აუცილებლობა, მით უფრო 400 ათასი ლარით.

 

3. ჩვენთვის ცნობილია, რომ ინტერნეტსივრცეში ჯერ კიდევ 10 აგვისტოსაა დაწყებული ფესტივალის ჩატარების შესახებ სარეკლამო კამპანია (https://sovetreklama.org/archives/31224 https://adblacksea.com/news/30 და სხვა), სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალი ბათუმში ტარდება, თუმცა ამის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას ინფორმაცია ოფიციალურად არ ჰქონია. 1 სექტემბერს საკრებულომ ბიუჯეტის ცვლილება ძალიან სწრაფად და სიღრმისეული ანალიზის გარეშე განახორციელა. ფესტივალის ჩატარება იგეგმება 24-27 სექტემბერს, მაშინ როდესაც მერიას ჯერ არ აქვს ტენდერი გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვაზე. მსგავსი დამოკიდებულება ტოვებს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ ფესტივალთან დაკავშირებით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული შესყიდვების სახით, რაც თავისთავად გამორიცხავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ და რაციონალურად ხარჯვის შესაძლებლობას.

 

ეს ყველაფერი აჩენს ღონისძიების გაუმჭვირვალედ ჩატარების ეჭვს და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტურად ხარჯვის საშიშროებას წარმოშობს.

 

4. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფესტივალების ჩატარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ის უნდა იყოს წინასწარ განხილული, დაგეგმილი და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებული, თუ ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა ქალაქის პოპულარიზაციას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთან თანხა ფესტივალისთვის უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში გამოყოფილი და მისი საჭიროება დასაბუთებული. ასევე ჩვენი რეკომენდაციაა უკვე შემდგარი ფესტივალების მასშტაბების გაზრდაზე იფიქროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რადგან ამ ფესტივალის გამართვისთვის ქალაქს დიდი თანხა აქვს დახარჯული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვა, მისი მიზნობრივი ხარჯვა, ანალიზი და მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს გამჭირვალედ და საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობით, რათა ეს პრინციპები იყოს უზრუნველყოფილი და დანერგილი ქალაქის თვითმმართველობის განხორციელებისას.“  – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მოქალაქეთა მიღება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

 

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოქალაქეს სასურველ პირთან შეხვედრა შეუძლია წინასწარი ჩაწერის გარეშე.

მისამართი: ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. #119

 

აჭარაში უკრაინელი ჯარისკაცების შვილები დაისვენებენ

 

 

მოზარდები 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში.

 

დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბავშვები ცენტრში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.

 

უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა. 2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედრო მებრძოლებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.

 

უკრაინელი ჯარისკაცები აჭარაში. 19.05.2015

აჭარის განათლების მინისტრის ახალი მოადგილე: ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების წინსვლას

 

 ნათია სირაბიძე სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, ბოლოს კი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა.

 

 “მე ვარ მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტი და ყველაზე მეტად სწორედ კულტურას სჭირდება წარმოჩენა და პიარი. ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები მაქსიმალურად წარმოვაჩინო აჭარის ისტორია და კულტურა, გავზარდოთ მასზე მოთხოვნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი კულტურა უნდა იყოს მასობრივად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი როგორც ქართველისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტისთვის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების წინსვლას და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სფეროს განვითარებას“ – განაცხადა ნათია სირაბიძემ.

 

ნათია სირაბიძე ბიზნესადმინისტრირების დოქტორანტია (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელემედიაში. იყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების – „დებატები“, „ამერიკა დღეს“ ავტორი და პროდიუსერი, დოკუმენტური ფილმებისა და სოციალური სარეკლამო რგოლების პროდიუსერი; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. წარდგენილი იყო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე „პეგასის ორდენზე“; არის სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.

 

კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

 

ფილმის ჩვენება ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და BIAFF კინო ფესტივალის ერთობლივი პროექტის – „კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ“ ფარგლებში მოეწყობა. 

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

ხვალ ქალაქის ფესტივალი – ბათუმობა ტარდება

 

წლევანდელი ფესტივალის ბიუჯეტი გასული წლისგან განსხვავებით 100 000 ლარით მეტი – 350 000 ლარი იქნება. 

 

ფესტივალის განრიგი:

 

 5 სექტემბერი:


12:00-20:00 – ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – მემედ აბაშიძის ქუჩა
12:00-20:00 – ფესტივალი “განდაგანა” – ევროპის მოედანი 
11:00 – ბათუმი წარსული და მომავალი (კონფერენცია) – ბათუმის უნივერსიტეტი
17:00 – კოსტიუმიერბული ჭადრაკი – საჭადრაკო კლუბი
17:30 – საბავშვო სპექტაკლი “ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში” – ბათუმის კოლონადები 
15:00 – სასულე ორკესტრის მსვლელობა – მემედ აბაშიძის ქუჩა
18:00 – ბათუმობა 2015-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი – დუმბაძის ქუჩა
20:00 – მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები – ბათუმის ხელოვნების ცენტრი 
19:00-23:30 – თანამედროვე მუსიკის კონცერტი – ანბანის კოშკი

 

6 სექტემბერი:


12:00-20:00 – ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – მემედ აბაშიძის ქუჩა
12:00-20:00 – ფესტივალი “განდაგანა” – ევროპის მოედანი
17:00-18:00 – სამეჯლისო ცეკვები – დუმბაძის ქუჩა
19:00-20:00 – პანტომიმის თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა
20:00-21:00 – თითების თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა
21:00-22:00 – პოეტების საღამო
20:00-23:00 – გალა კონცერტი – ანბანის კოშკი

 

გასულ წელს “ბათუმობის” განრიგი და დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილიც მოულოდნელი წვიმის გამო აირია, უკვე დაანონსებული ღონისძიებები დროში გადაანაცვლეს, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა დროზე ადრე დასრულდა დღესასწაულისთვის დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიება. გასული წლის “ბათუმობის” შეფასებისას მერმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღესასწაული მოეწონა, თუმცა ხარვეზებიც დაინახა. მერიაში ამბობენ, რომ წელს ამინდის წინასწარი პროგნოზის მონაცემებიც გაითვალისწინეს.

ზედა კირნათში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

 

აქციის ფარგლებში ადგილობრივებს 7 სხვადასხვა პროფილის ექიმი მოემსახურება: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩაატარებენ კვლევებს კარდიოგრაფისა და ექოსკოპის საშუალებით. 

აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება. 

„ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 19 სექტემბერს ჩიქუნეთში ჩაატარებენ.

 

16 წლის გოგოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმე

 

ბრალდებულმა 16 წლის გოგო ბათუმში, 4 ივლისს დაჭრა. 


როგორც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, სკოლის მოსწავლეს ანუ დაზარალებულს, ბრალდებულმა შესთავაზა ცოლობა და მას შემდეგ, რაც გოგონამ უარი უთხრა, ბრალდებული მას მოკვლით ემუქრებოდა.
გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის ივლისში ბრალდებული იმყოფებოდა ბათუმში, 6 მაისის პარკში, სადაც გოგონას, რომელიც მას უყვარდა, შეხვედრა სთხოვა. გოგონა, რომელიც პარკში ძმასთან ერთად სეირნობდა, მამაკაცს შეხვდა, რომელმაც ცოლად გაყოლაზე უარის მიღების შემდეგ, გოგონას დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა. გოგონა ექიმების დახმარებით გადარჩა.
მამაკაცი ჯერ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭუმბურიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბრალდებულმა სხვებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.
მოსამართლემ იკითხა, მხარეებს ჰქონდათ თუ არა საუბარი საპროცესო გარიგებაზე. ადვოკატმა თქვა, რომ მცდელობა ჰქონდათ, თუმცა, ჯერჯერობით, შეთახმება არ არსებობს. დაცვის მხარე ბრალდების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას არ ხდის სადავოდ.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ საქმე ეხება ძალადობრივ დანაშაულს – თავისუფლებაში ყოფნის დროს ბრალდებული ზეწოლას ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ, რაც მისი თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა ისევ გაგრძელდეს. ამ არგუმენტებით მოსამართლის ინიციატივით დაყენებულ შუამდგომლობას, – აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე, პროკურორი არ დაეთანხმა. დაცვის მხარე ბრალდებულის საპატიმროდან გათავისუფლებას გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდა.

 

იმის გამო, რომ საქმეში რაიმე ახალი გარემოება არ არის, მოსამართლემ ბრალდებული ისევ პატიმრობაში დატოვა.
მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის მამაკაცს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.

 

ბრალდებული სასამართლო პროცესზე მოსამართლის დასმულ კითხვებს მოკლედ პასუხობდა – „დიახ“ ან „არა“. ის, თითქმის მთელი პროცესის განმავლობაში, თვალებზე ხელებაფარებული იჯდა. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. დაზარალებული რამდენიმე წლის წინ გაიცნო, ისინი მეგობრობდნენ.

 

ბრალდებულმა უარი განაცხადა მისი სისხლის სამართლის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია

 

რისკ ფატორები – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის, “ნიუ ვიჟენის” გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკ ჯგუფში ძირითადად 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალები არიან, ანუ სქესობრივად აქტიური ქალები. ექიმის განმარტებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ნიკოტინის მოხმარება, გახანგრძლივებული კონტრაცეფია (10 წელი და მეტი), ხუთზე მეტი მშობიარობა, აბორტების დიდი რაოდენობა, გენიტალური ინფექიები, მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექცია, ქლამიდიოზი და იმუნოსუპრესორული მდგომარეობა, ანუ ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნიტეტის დაქვეითება და, ასევე, ადამიანის იმუნოდეფიტის ვირუსი.

მთავარი მიზეზი – ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირ მიზეზად მიიჩნევა, სქესობრივი გზით გადადის. სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ პაპილომა ვირუსი ადვილად ინვაზიურ ვირუსთა კატეგორიას მიეკუთვნება – “ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი არსებობს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მათგანია მაღალ ონკოგენური. კერძოდ, – 16, 18, 31, 33 და 35 გენოტიპები – განმარტავს გინეკოლოგი.

სიმპტომები – ექიმის განმარტებით საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ქალს აღენიშნებოდეს პათოლოგიური (სისხლიანი, ან უფრო შორსწასულ შემთხვევაში წყალივით) გამონადენი საშოდან. `პათოლოგიურია გამონადენი საშოდან, რომელსაც არ აქვს კავშირი მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან, გადატანილ დაავადებასთან, გაციებასთან” – ამბობს სოფიო ბოჯგუა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები შეიძლება იყოს დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს; ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში; გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა და ვაგინალური დისკომფორტი.

პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა – საშვილოსნოს ყელის კიბო იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ექვემდებარება პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წლიდან აწარმოებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას, რომლის ფარგლებში 25-დან 60 წლამდე ქალებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ PAP ტესტი და საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპია. ​ 18-დან 65 წლამდე ასაკის ქალებისთვის PAP -ტესტის გამოყენებით უფასო სკრინინგულ აქციას ახორციელებს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიც. უახლოეს მომავალში ჰოსპიტალი, ასეთივე სკრინინგული აქციების განხორციელებას ბათუმშიც გეგმავს.
როგორ ხდება გამოკვლევა – PAP ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. “ეს უმტკივნეულო პროცესია, რომლის პასუხიც 2-3 დღეში ხდება ცნობილი” – ამბობს სოფიო ბოჯგუა.

კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას გულისხმობს. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა. ექიმის რეკომენდაციით, ქალი, რომელიც ცხოვრობს სქესობრივად აქტიური ცხოვრებით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იტარებდეს მინიმუმ PAP-ტესტს. სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან “ადრეული დიაგნოსტიკის შეთხვევაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მინიმალური ჩარევით, ძირითად სამკურნალო ტაქტიკას პაციენტის დაკვირვება და პროფილაქტიკური მკურნალობა წარმოადგენს, რითიც თავიდან შეიძლება იყოს აცილებული რადიკალური ჩარევა” – ამბობს ის.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ცნობით, ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად, კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა კიბოს ტიპზე, პროგრესირების ხარისხზე და ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებაზეა დამოკიდებული. ტიპიური მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას მოიცავს. სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ მცირე დაზიანების შემთხვევაში, სავალდებულო არ არის რადიკალური სამკურნალო ზომების მიღება. `სამწუხაროდ ასეთ დროს ხშირად რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ, თითოეული ასეთი შემთხვევა ჯერ კარგად იყოს დიაგნოსტირებული, შემდეგ ექიმი გარკვეული პერიოდი დინამიკაში აკვირდებოდეს პაციენტს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება რადიკალურ ჩარევის თაობაზე” – ამბობს ის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში 2013 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე 1537 ქალი იმყოფებოდა.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალს ფარიდ ჩეჰაბი ესტუმრება

 

საკუთარი მოხსენების ფარგლებში ფარიდი ისაუბრებს, თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები კრეატიულობასა და გლობალურად წარმატებულ შემოქმედებით იდეებზე.

 

 

 

„შუა საუკუნეებში ადამიანები, რომლებსაც არ უნდოდათ შეემჩნიათ ბეჭდური გამოგონებების გავლენა მათ ცხოვრებაზე, ვერ გაუმკლავდნენ კომუნიკაციის პროგრესს – პარადიგმას, რომელსაც მათი ცხოვრების სამუდამოდ შეცვლა შეეძლო. იგივე ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციების ეპოქაშიც. კრეატორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მხოლოდ სხარტი ტექსტებითა და ლამაზი ვიზუალებით გავიდნენ ფონს, შესაძლებელია განვითარების ფარგლებს გარეთ და საერთოდ სამსახურის გარეშეც დარჩნენ. ახალი Chief Creative Officer-ი თავისუფლად შეიძლება იყოს Chief Inventor Officer-ი.

 

ტექნოლოგიები სწრაფად იქცევა კომუნიკაციის ყველაზე გავლენიან ინსტრუმენტებად. ერთად გავეცნოთ მსოფლიო კრეატიულობის ახალ წესებს, რომლებიც მალე „კვანტურ გამოთვლებამდე“ მიგვიყვანს.“ _ ასე აანონსებს ფარიდ ჩეჰაბი თავის გამოსვლას. 

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ტარდება ბათუმში 2015 წლის  საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

 

იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ეს უკიდურესად საინტერესო სემინარი, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაიარეთ აკრედიტაცია:

www.adblacksea.com

 

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

 

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 სექტემბრამდე. სემინარულ პროგრამაზე დამსწრეთა რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: pr@adblacksea.com  (Elena) 

 

 ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ – Ad Black Sea-ზე ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ.

 

 

პროკურორი: ბრალდებულს გვამის გადამალვაში ცოლი დაეხმარა

 

 

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლისაა. ისიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით, გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მოგვიანებით  მოთხარა და მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა. როგორც ბრალდების დადგენილებაში წერია, ბრალდებულმა ცოლთან ერთად გაანადგურა მტკიცებულებები – მათ შემთხვევის სისხლიანი ადგილი წყლით გადარეცხეს.

 

პროკურორ ფრიდონ ქარცივაძესთან ერთად სასამართლოში პროკურატურის სახელით გამოდიოდა სტაჟიორი თამარ ზაქუტაშვილი. როგორც მან განაცხადა, თავისუფლებაში ყოფნის დროს ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს ან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, რომელთა უმრავლესობა ბრალდებულის თანასოფლელია, ამიტომაც მისი დაპატიმრება ითხოვა.
პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის აზრით, რომელიც მან მოსამართლეს გაუზიარა, “სახეზეა შემზარავი დანაშაული, არსებობს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი ამ საქმისადმი, ამიტომ ბრალდებული უნდა იყოს მოქალაქეებისგან იზოლირებული”.
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნოდარ მგელაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჰყავს სამი არასრულწოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ამიტომაც მისი პატიმრობიდან გათავისუფლება გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა. ადვოკატმა თქვა, რომ ამ ფულის გადახდას ოჯახის წევრები უძრავი ქონებით უზრუნველყოფდნენ.

 

ბრალდებულს მოსამართლემ განუმარტა, რომ თუ აქვს პრეტენზია, მაგალითად, დაკავების პროცედურაზე, თუ პოლიციელები არაადამიანურად მოეპყრნენ, შეუძლია მიმართოს პროკურატურას: “მე ვალდებული ვარ განგიმარტოთ ეს უფლება – თუ ფიქრობთ, რომ შეილახა თქვენი უფლებები, ღირსების შემლახავად ან არაადამიანურად მოგექცნენ, პროკურატურას უნდა მიმართოთ, სასამართლო ამაზე ძიებას ვერ დაიწყებს”.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ მას დაკავების დროს არაადამიანურად არავინ მოქცევია.
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ადრე ნასამართლევი არ არის. სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს უთხრა, რომ გარდაცვლილთან “მეგობრული”, “ძმური” ურთიერთობა ჰქონდა: “მაგრამ მან მისი ღირსება შელახა”.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულის ნათესავებიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს დანაშაულის კვალის დაფარვასა და გვამის გადამალვაში ცოლი ეხმარებოდა, ცოლს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
ხულოს ერთ-ერთ სოფელში მდინარის პირას, ქვიშაში დამარხული 42 წლის მამაკაცის გვამი სამართალდამცავებმა 24 აგვისტოს იპოვეს.

თემის სამედიცინო პუნქტები 2016 წელს მართვაში მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეცემათ

 

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სისტემატურად ეცნობა პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ გვსურს, რომ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებაში მეტი როლი დაეკისროს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. პჯდ ცენტრების შენობების უმრავლესობა უკვე გადასულია გამგეობების ბალანსზე, პროცესი გრძელდება, გამგეობები ასევე უზრუნველყოფენ მათ სარემონტო და აღჭურვის საკითხებს. 2015 წელს მუნიციპალიტეტების მართავში გადავა თემის სამედიცინო პუნქტებიც, რაც გაამარტივებს მათ საქმიანობას, მონიტორინგს, აღჭურვას, კომუნალურ და სარემონტო საკითხებს“-აღნიშნა ლევან გორგილაძემ ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების” 2015 წლის პროგრამის ფარგლებში თსპ-ის მედდებს ხელფასითა და პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებებით ამარაგებს. პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა უწევს. 

მიმდინარე წელს სამინისტრო სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების, მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესებისა და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით პჯდ ცენტრების ექიმების მატერიალურ სტიმულირებასაც ახდენს. პროგრამის „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება“ ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების – ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს – 150 ლარი.

სამინისტროს წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებთან გამართავენ.

მინისტრი: ჟურნალისტი იქცეოდა არაადეკვატურად [ვიდეო]

აჭარის ტელევიზიამ ინციდენტის გამოძიების თხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას. საქმის გამოძიებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  30 თვეში   38-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ გაიხსნება, რომლის  პირველ რვა  სართულზე საერთაშორისო ბრენდის „მერიოტის“ სასტუმროს განთავსება იგეგმება. მთავრობის ინფორმაციით,  „Marriott International“ აჭარაში  ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად  შემოდის. უკვე ხელმოწერილია ძირითადი მემორანდუმი და მიმდინარეობს ხელშკერულების დეტალების დამუშავება.

საძირკვლის ჩაყრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,  ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა თანამდებობის პირები,  ასევე ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის “ემირიტუს”  პრეზიდენტი  ჯოზეფ მაკინერნეი და კომპანიის დირექტორი გიორგი ბიწაძე.


„ალიანს პალასის” საერთო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია.  კომპლექსის მშენებლობის დროს 1200 , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ოპერირებისას  300 ადამიანი დასაქმდება.

მრავალფუნქციური კომპლექსის ავტორი ბათუმელი არქიტექტორი მინდია გურგენიძეა.  პროექტი, რომელიც  მოიწონა „მერიოტის “ ქსელის ხელმძღვანელობამ, ზღვასთან და ბათუმის ბულვართან ახლოს,  ქალაქის ელიტარულ უბანში მდებარეობს.

ობიექტის დათვალიერების დროს ირაკლი ღარიბაშვილმა “კატასტროფა” უწოდა სახლს, რომელიც ბათუმში “მაგნოლიას” სახელით არის ცნობილი.  “ეს არის ძველი შენობა”-უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ღარიბაშილს.

ბათუმის ნავსადგომის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ 14 მილიონი დოლარით დააფინანსა

ირაკლი ღარიბაშვილი

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშილმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის:

„დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ აშშ–სა და საქართველოს მთავრობას შორის განხორციელებულ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს. დღეს შევიკრიბეთ ამ ულამაზეს რეგიონში – აჭარაში, ბათუმში იმისათვის, რომ გავხსნათ თანამედროვე ნავმისადგომი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის – ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და ხელშეწყობით არის აშენებული. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლას ბერლინელის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყველა თანამშრომელს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელობას, სააგენტოს წარმომადგენლებს, ამერიკის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას, აგრეთვე საქართველოში თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს სანაპირო დაცვა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანი და მაღალპროფესიული,”.

ირაკლი ღარიბაშილის ინფორმაციით ბოლო სამი წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდა: სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია; მცურავი ერთეულების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის უსაფრთხო ბაზირების პირობების შექმნა; მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდა.

„სიამოვნებით მინდა გავიხსენო, რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე, მაშინ გახლდით შინაგან საქმეთა მინისტრი, საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს:

„მე და ჩემი მთავრობის თითოეული წევრი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანესი პრინციპის – სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით განმტკიცდეს საერთაშორისო უსაფრთხოება. ჩვენ გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. ეს მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სახელმწიფო საზღვრის დამცველებს, რადგან ჩვენი საზღვრების ურღვევობა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება დიდად არის დამოკიდებული სწორედ თითოეული მათგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე“.

ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლა ბერლინერი

  სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და ხელშეწყობით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას.  სანაპირო დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასაზღვრო პოლიციას გადაეცა მოდერნიზებული საპატრულო კატარღა „P-103“, რომელსაც სახელი „ბათუმი“ შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით  მიენიჭა.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პროკურატურის, ასევე, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (ვაშინგტონის ოფისი) და თავდაცვის საფრთხის შემცირების ევრაზიის ოფისის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ღარობაშვილმა და შს მინისტრმა, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად, საპატრულო კატარღით შავ ზღვაში გაისეირნეს. 

 

 

 

სტადიონი და პოლიტიკური თამაშები უმაღლეს საბჭოში

 

პეტრე ზამბახიძე

„თემურ კახიძე არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი ოპოზიციური პარტიებიდან უმაღლეს საბჭოში, რომელიც პირდაპირ არის ნიღაბჩამოხსნილი და შეთანხმებულ-გარიგებული ხელისუფლებასთან. ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი უმაღლეს საბჭოში და ამას აკეთებს მუდმივად, როგორც პირადი ინტერესების, ასევე, სავარაუდოდ,  მომავალი გარანტიების მისაღებად,“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

 

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ხელისუფლებას ადრეც გაურიგდა:

 

„თემურ კახიძე გაურიგდა ხელისუფლებას მაშინაც, როცა საარჩევნო კომისიის წევრებს ამტკიცებდნენ. მაგრამ გუშინ რაც გააკეთა, ეს იყო „ქართული ოცნების“ ინტერესების დასაცავად გადადგმული კიდევ ერთი  ნაბიჯი.  თემურ კახიძე გუშინ საბოლოოდ გახდა „ქართული ოცნების“ დანამატი და მათი პარტიული ინტერესების გამტარებელი, რადგან მან კორუფციულ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, საიდანაც დაახლოებით ას მილიონ ლარზე მეტი გადაეცემა  შპს „ხაბაძის ნათესავს“.  „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა არ აქვს და სწორედ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერით მოხდა ამ ცვლილების განხორციელება.

 

ეს იყო ბინძური გადაწყვეტილება, რადგან დეკემბერში სწორედ თემურ კახიძე იყო ამ თანხის გამოყოფის წინააღმდეგი. დეკემბრიდან დღემდე ხელისუფლებას დასჭირდა, რომ ეს ადამიანები (თავისუფალი დემოკრატები) მოექრთამა, მოეთაფლა მათთვის შეპირებების, თანამდებობებზე ხალხის დატოვების სანაცვლოდ, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად „თავისუფალი დემოკრატების“ პრინციპებს, ისინი ასე არ მუშაობენ საქართველოს პარლამენტში. თავისუფალი დემოკრატები ყველგან გადადგნენ თანამდებობიდან, თემურ კახიძე კი თანამდებობის შენარჩუნების გამო გაურიგდა „ქართულ ოცნებას“.  

 

იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია მიხეილ მჟავანაძემაც დატოვა.

 

„კომისიის დატოვების მიზეზი კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობა იყო. ის ოპოზიციას წარმოადგენს უმაღლეს საბჭოში, მაგრამ მთავრობას დაუჭირა მხარი კორუფციული ელემენტების შემცველ გადაწყვეტილებაში“, – აცხადებს მიხეილ მჟავანაძე. 

 

პეტრე ზამბახიძისა და მიხეილ მჟავანაძის ბრალდებებს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე პასუხობს:

 

„სამწუხაროა, რომ კომისია დატოვეს. მე ვურჩევდი მათ, რომ პროტესტის უფრო ძლიერი ფორმა აერჩიათ და უმაღლესი საბჭოს მანდატები დაეტოვებინათ. ეს უფრო კარგი იქნებოდა.“

 

თემურ კახიძე

თემურ კახიძე აცხადებს, რომ ის ქართული ოცნების სასარგებლოდ პოლიტიკურ თამაშს არ ეწევა:

 

„მე პოლიტიკურ თამაშს არ ვეწევი, მე ვეწევი პოლიტიკას. არც დემაგოგი ვარ და არც დესტრუქციული პირი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობამ მიიღოს ხეირი ამ პროცესებიდან. მე არ ვარ საზოგადოების ოპოზიცია, მე ვარ  „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიცია. ჩვენ ბათუმს არ დავტოვებთ სტადიონის გარეშე, ეს იყო ამოსავალი წერტილი და სამწუხაროა, რომ  გუშინ არ მომხდარა ბიუჯეტის სხვა კომპონენტების განხილვა, მხოლოდ სტადიონის ნაწილზე გაკეთდა აქცენტი“- განაცხადა თემურ კახიძემ. 

 

იურიდიული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუკი ერთ თვეში შპს „სტადიონი“ სტადიონის პროექტს არ შეისყიდის, ის თავად მიმართავს პროტესტის ფორმას:

 

„ჩვენ იმის გარანტი ვიქნებით, რომ სტადიონი აშენდება. თუ არ აშენდება, იმის გარანტიასაც ვიძლევით, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, ვინც წარმოადგინა ეს ბიუჯეტი. ყველაზე რადიკალური ფორმით, რასაც ჰქვია მთავრობის გადაყენების საკითხი.  საზოგადოების დიდი ნაწილის მხადაჭერაც გვექნება ამაში და საპროტესტო აქციებიც დაიწყება“.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიებას ითხოვენ

 

„სიცრუეა, თითქოს ჟურნალისტს ხელი შევუშალეთ თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რადგან ჩვენი თანამშრომელი კარლო კეკელიძე 20 წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტისათვის აეხსნა, რომ სამინისტროს ინფორმაციით ღვინის ქარხანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყურძნის მიღების ფასები დადგენილი…

ღვინის სახლში ოფიციალური ვიზიტით გვახლდა ბელორუსიის დელეგაცია, რომლებიც გამართული უსიამოვნო დიალოგის გამო უშედეგოდ ელოდებოდნენ ვიზიტის გაგრძელებას, საუბარში ჩავერთეთ მე და ბატონი ავთანდილ მესხიძეც. ჟურნალისტს კიდევ ერთხელ, თუმცა უშედეგოდ, განვუმარტეთ არსებული მდგომარეობა, რამაც ჩვენი მისამართით გამოიწვია ჟურნალისტის აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოყვა სიტყვიერი შელაპარაკება ჩვენსა და ჟურნალისტს შორის.  …ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვფიქრობ, რომ ჟურნალისტი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და არაფხიზელ მდგომარეობაში ჩადენილი უსიამოვნო და შეუფერებელი საქციელი ახსნას ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად.“ – ეს განცხადება მირზა სუქნიშვილმა 2 სექტემბერს გაავრცელა.  

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტელევიზიის კორესპონდენტის ლაშა ველიაძის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტზე ტელევიზიამ აჭარის პროკურატურას წერილით უკვე მიმართა. მისივე განმარტებით, 1-ელ სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქედაში, ღვინის ქარხანაში მისულ „ახალი ამბების“ ჯგუფს დახვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები. სწორედ მაშინ, როცა ჟურნალისტი უწყების ერთ-ერთ თანამშრომელთან ინტერვიუს ათანხმებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ყოფნამ მირზა სუქნიშვილი გააღიზიანა. ჟურნალისტი ყვება, რომ მას კეფაში ხელი ჩაარტყეს, თუმცა არ დაუნახია, კონკრეტულად ვინ შეეხო ფიზიკურად.

 

 

„როცა ვესაუბრე სამინისტროს თანამშრომლებს, ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ინციდენტიდან რანდენიმე წუთში თანამშრომლებს ჩავუტარეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ჩვენი თანამშრომლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ.“ – ამბობს შორენა ღლონტი.

 

შემთხვევას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.  

 

საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ:

 

„ეს არ არის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია.” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

შემთხვევას გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“.

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არასათანადოდ და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იქცევიან. 2013 წლის დეკემბერში 25-ე არხის („ტელეარხი 25“) მაშინდელმა რეპორტიორმა სულხან მესხიძემ მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე განხორციელებულ მუქარაში დაადანაშაულა (https://goo.gl/okiRfv). ტელევიზიის მიერ ამ ფაქტის გაშუქებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია არც თავად მესხიძის უწყების და არც საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ქედაში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ნიშნებს შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, რომ ოპერატიულად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ნავმისადგომი გაიხსნა

 

ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა აშშ-ის დაფინანსებით ორი წელი გრძელდებოდა. პროექტის ღირებულებაა 14 მილიონი დოლარი. ნავმისადგომში ერთდროულად 15 მცურავი საშუალების გაჩერება იქნება შესაძლებელი. ახალი ნავმისადგომის ამუშავებით, ბათუმში მდებარე საქართველოს სანაპირო დაცვის დღევანდელი ბაზა სანაპირო დაცვის ოპერაციებისათვის საკვანძო ნავსაყუდელი გახდება. ნავმისადგომი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის რეაგირების უნარს და სანაპირო წყლებში საზღვაო საფრთხეების დროულად აღკვეთას შეუწყობს ხელს. ნავმისადგომი საქართველოს სანაპირო დაცვას შესაძლებლობას მისცემს, სათანადო ტექნიკური მომსახურება გაუწიოს თავის კატარღებსა და ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ახალი ნავმისადგომი საიმედო პორტი გახდება მეზობელი პარტნიორი ქვეყნების გემებისთვისაც, რათა ისინი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში სტუმრობისას ამ ნავმისადგომში გაჩერდნენ.

 

ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა ხაზს უსვამს  შეერთებული შტატებისა და საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აშშ და საქართველო მცურავი საშუალებების მოდერნიზაციითა და პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით ერთობლივად იცავენ საზღვაო უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მოკლულია 39 წლის ქალი, რომელიც ხელვაჩაურში მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს, მამაკაცი, რომელმაც ქალის მიშველება სცადა, დაჭრილია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, ქალი მას შემდეგ მოკლა კლიენტმა, რაც მან უარი უთხრა 2 ბოთლი ლუდის ნისიით გატანებაზე. მამაკაცი მაღაზიასთან ახლოს, გირაოთი აღებულ ფართობში ცხოვრობდა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული სწორედ ამ სახლში დააკავა.

 

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

დანაშაულის ადგილი

 

 

 

ვინ იქნება ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე

 

26 სექტემბერს, ფესტივალის სასემინარო პროგრამის ფარგლებში, მაიკლ კონრადი წარადგენს კრეატიული პროდუქტის შეფასებისთავის „7+ to Heaven“ თეორიას.


მაიკლ კონრადი თითქმის 50 წელია წარმატებით მუშაობს გერმანიის, აშშ-ს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. მისი კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სააგენტოებს არა ერთხელ მოუპოვებიათ „წლის სააგენტოს“ წოდება და ყველაზე მაღალი ჯილდოები პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.


2007 წელს კონრადმა დააფუძნა ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლა, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა.


თავის გამოსვლაში მაიკლ კონრადი ისაუბრებს წარმატებულ კონკურენციაზე, არსებულ ტანდარტებზე, საკუთარი საქმისადმი მიდგომის პერიოდული გადახედვის მნიშვნელობასა და ლიდერული ჩვევების განვითარებაზე.


იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ მოვლენა, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com 


აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

 

 ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი – Ad Black Sea 2015 წლის 24-27 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ.

როგორი იქნება ”ბათუმობა 2015”

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ბათუმობის“ დღესასწაულისათვის მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩებს ფერადი აქსესუარებით მორთავენ. მემედ აბაშიძის ქუჩა ბიბლიოთეკიდან ევროპის მოედნამდე ჭრელი, განათებული ბურთულებით იქნება მორთული, დუმბაძის ქუჩას კი საჰაერო და სტაციონარული დეკორაციებით გაალამაზებენ, დაკიდებენ ჭრელ ქოლგებსა და ფერად ლენტებს. იგეგმება ხილისა და ყვავილების დეკორაციების, დეკორატიული მინიაუზების დადგმაც. ასევე, დადგამენ ლოლიპოპის ხეს ბავშვებისათვის. ჭრელად შეღებავენ ამ ქუჩების სავალ ნაწილს, ვიტრინებს კი ქაღალდის დეკორაციებით მორთავენ. აქვე განთავსდება სცენა, სადაც ჩატარდება „ბათუმობა 2015“-ის გახსნის ცერემონიალი, პოეტების საღამო, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენა, სამეჯლისო ცეკვები და სხვა ღონისძიებები.

გახსნის ცერემონიალი – „ბათუმობა-2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი დუმბაძის ქუჩაზე გაიმართება. გახსნაზე სიგელები გადაეცემათ საპატიო ბათუმელებს. გაიმართება ფურშეტი და ღონისძიებას ჯაზ ბიგ ბენდი გააფორმებს.

აჭარული სოფლის ფესტივალი – ფესტივალი 5-6 სექტემბერს ბათუმობის ფარგლებში გაიმართება. ევროპის მოედანზე დამონტაჟდება სცენა, მიმდებარე ტერიტორიას კი დეკორაციით გააფორმებენ. ევროპის მოედანზე მოეწყობა ასევე ტურისტული მიმართულებების კუთხეები.

ქუჩების შესასვლელი მოეწყობა ისე, როგორც აჭარულ სოფლებშია. მთლიანი ტერიტორია კი სოფლის ერთი დიდი ეზო იქნება, ხის ორღობეებითა და სოფელთან ასოცირებული სხვადასხვა დეკორაციის გამოყენებით. მიწის ნაცვლად ზოგიერთ ადგილს თივით დაფარავენ.

ევროპის მოედანზე განთავსდება ასევე სახლის მაკეტი, შესასვლელში კი იქნება პატარა ნიშნულებით ნაჩვენები, თუ სად რა კუთხეა.
ფესტივალს მუსიკალურად ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები გააფორმებენ. საღამოობით კი ღონისძიებას ადგილობრივი ეთნო-ჯაზ, ეთნო-როკ და პოპ ბენდები შეუერთდებიან. გაიმართება თამაშები და თემატური შეჯიბრებები: მაგალითად, შეჯიბრი სიმინდის სწრაფად დარჩევაში, ბაგირის გადაწევაში და ასე შემდეგ. ჩატარდება მასტერკლასები: მონაწილეები შეძლებენ ყველის ამოყვანას, თათარას გაკეთებას და ჩურჩხელის ამოვლებას.

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები – მსოფლიო კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საერთო პროექტია. პროგრამაშია ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ლალო შიფრინისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები.

საჭადრაკო კლუბი ბულვარში – ორი მოჭადრაკე, ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ ჭადრაკს დიდ დაფაზე, სადაც ფიგურების როლს შესაბამისი საჭადარაკო ფორმებით ბავშვები შეასრულებენ. წარმოდგენა 25 წუთი გაგრძელდება.

საბავშვო სპექტაკლი – საბავშვო სპექტაკლი „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“ 5 სექტემბერს ბულვარის კოლონადებთან 17:30 საათზე დაიწყება. საბავშვო მიუზიკლში მონაწილეობას მიიღებს 70 ბავშვი. სპექტაკლი 40 წუთი გაგრძელდება.

თანამედროვე მუსიკის კონცერტი – თანამედროვე მუსიკის კონცერტი 5 სექტემბერს, 19 საათზე, ანბანის კოშკთან გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. კონცერტს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი „BEARFOX“-ი დაასრულებს. დასკვნითი გალაკონცერტი კი ასევე ანბანის კოშკთან, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ხარჯები – სახალხო დღესასწაულისათვის ქალაქი 350 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა, 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ნიკოლოზ რაჭველისა სიმფონიური ორკესტრის მოსაწვევად – 8 500 ლარი ჰონორარი, 15 ათასი ლარი სასტუმრო და კვება; დარჩენილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის გაწერილი. 42 720 ლარი გათვალისწინებულია გალა კონცერტისთვის, 33 375 ლარი თანამედროვე შემსრულებლებისთვის. სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, საბავშვო მიუზკლისთვის, მიუზიკლის გაფორმებისა თუ ყვავილებიისთვის – 21 500 ლარი დაიხარჯება. ბათუმობის რეკლამირებისთვის, პროგრამის თანახმად 16 500 ლარია გათვალისწინებული.

ბათუმობაზე  წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები:

5 სექტემბერი: Black Sea, Strawberry fields, Hhe Nemo, Sound lab, Groovy Phonics, Rene Band, მეოთხე სეზონი, მებო ნუცუბიძე და ჯგუფი Hhe BearFox.

6 სექტემბერი: კვარტეტი „ნოტა“, ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი, ანსამბლი „ბათუმი“, აჩიკო ბერიძის კვარტეტი, ნანა მესხი, ლაშა ღლონტი, თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი „ფრანი“ და კაროლინა ჩერნეცკა.

საორგანიზაციო ნაწილი – `ბათუმობის~ ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩების ყვავილებით გაფორმება; პოლიგრაფიული მომსახურება; გახმოვანების აპარატურის უზრუნველყოფა; სცენის უზრუნველყოფა (მონტაჟი-დემონტაჟი); სადემონსტრაციო ეკრანით უზრუნველყოფა; დასკვნითი კონცერტის დასასრულს საზეიმო ფეიერვერკის ორგანიზება; მოწვეული დელეგაციის ტრანსპორტით მომსახურება; სამეცნიერო კონფერენციაზე მოწვეული სტუმრების სასტუმრო ნომრებით და კვებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ტენდერის ღირებულება 87 655 ლარია. მანამდე მერიამ ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე გამოაცხადა და გამარჯვებულიც შეარჩია, თუმცა კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს.

გასულ წელს „ბათუმობის“ განრიგი და დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილიც მოულოდნელი წვიმის გამო აირია, უკვე დაანონსებული ღონისძიებები დროში გადაანაცვლეს, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა დროზე ადრე დასრულდა დღესასწაულისთვის დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიება. გასული წლის „ბათუმობის“ შეფასებისას მერმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღესასწაული მოეწონა, თუმცა ხარვეზებიც დაინახა. მერიაში ამბობენ, რომ წელს ამინდის წინასწარი პროგნოზის მონაცემებიც გაითვალისწინეს.

ქედის ”ბეთლემმა” ”რუსთავს” მოუგო

ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს ქედის “ბეთლემი” და რუსთავის “რუსთავი” შეხვდნენ. პირველი ლიგის პირველი  გამარჯვებული ქედის „ბეთლემი“ გახდა. მატჩი 2:0 ანგარიშით დასრულდა.

პირველი გოლი “ბეთლემის” სასარგებლოდ ზაზა ტუღუშმა გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი გიორგი კახიანი გახდა.

იხილეთ პირველი ლიგის პირველი ტურში დღეს გამართული სხვა მატჩების ანგარიშები:

ქედის ”ბეთლემი” 2-0 რუსთავის ”რუსთავი” | 2 სექტემბერი 2015

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მთავრობას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აჭარის რესპუბლიკის პროკურატურას დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ და შეახსენებს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.


ეს არ არის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია” – აღნიშნულია განცხადებაში. 

პროცესი ჭიანურდება -ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

 

ანგარიშში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია, რომ “გონიოში, როგორც საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, ასევე მისი გაუქმების მომენტში არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი”.

რამდენიმე უწყებაში “დაკარგულმა” საქმემ, დღემდე, მთავრობის ეკონომიკურ საბჭომდე ვერ მიაღწია. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და თუ საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

სადაო მიწების ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

 

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

 

 

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

 

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს “საჩუქარი” არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

 

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა – გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

 

არსებული ვითარება

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართობს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე მაშინ აცხადებდა, რომ, დიდი ალბათობით, მიწები ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში გადაეცემოდათ.

 

 

დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას გადაეგზავნა, რომელსაც თითოეული დაზარალებულის განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეესწავლა. კომისიამ 2014 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არც ერთი განაცხადი შესწავლილი არ არის.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მიწის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოში სულ 476 განაცხადია შესული. აქედან 271 ოჯახია ისეთი, რომლებსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ დაუკანონა და შემდეგ გაუუქმა საკუთრების უფლება, დანარჩენებმა კი მიწის საკუთრებაზე პრეტენზიით კომისიას მოგვიანებით მიმართეს.

ერთ-ერთი დაზარალებული ენვერ ირემაძე ამბობს, რომ მან მიწის აღიარების კომისიას განცხადებით მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

 

 

“მაისში მივმართე განცხადებით საკრებულოს, წარვუდგინე ჩემს ხელთ არსებული ყველა საბუთი და ვთხოვე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას პირველად ჩემი საქმე განეხილათ, თუმცა, პასუხი არ მომსვლია. მეორედ მიმართვის შემდეგ მომცეს ცნობა, რომ ჩემი განცხადება ჯერ განხილული არ იყო. საკრებულოს სხვა დაზარალებულმა პირებმაც მიმართეს. მათი მიმართვიდან ერთთვიანი ვადა გასული არ არის.

ამის შემდეგ, მივმართე სასამართლოს, რომ დაევალდებულებინა საკრებულო ჩემი საკითხი განეხილა. სარჩელი სასამართლოში 8 აგვისტოს შევიტანე. 10 სექტემბერს განხილვის ვადა იწურება. თუ პასუხს ახლაც ვერ მივიღებთ, შესაძლოა, მშვიდობიანი აქციები ისევ დავიწყოთ. მთავარია, სასამართლო ჩატარდეს და საკითხი განიხილოს, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მიწა დამიბრუნონ”, – ამბობს ირემაძე და დასძენს, რომ ცოტა ხნის წინ, 150 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილს და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნეს.

ირემაძე ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ძველი ხელისუფლებიდან დარჩენილი პირები არ აძლევენ კომისიას საშუალებას საკითხი ინდივიდუალურად განიხილოს:

“არ აწყობთ, რომ მიწა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუბრუნდეთ. დანარჩენები არიან ძველი “მაფიოზები”, ყოფილი თანამდებობის პირები, ასლან აბაშიძის მომხრეები, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ ყველას ერთად უნდა დაუბრუნდეთ საკუთრება და ინდივიდუალური განხილვა არ უნდა მოხდეს. ზოგიერთ საქმეზე ხუთი მოწმობაა გაცემული, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, ამიტომ ვითხოვთ ინდივიდუალურ განხილვას. თუ არ მეკუთვნის, ნუ მომცემენ, ოღონდ განიხილონ. იქ არის გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთებისა, რომლის ფასიც უფრო მაღალია და უნდათ ხელში ჩაიგდონ და ფული აკეთონ. ასეთი დაახლოებით 15 ჰექტარია”, – ამბობს ირემაძე.

 

 

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ საქმეების განხილვა, კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

კომისიის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს:

“იქნებ, ბატონ ლევან კინწურაშვილს დაუკავშირდეთ, მაგ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობ”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პროცესის გაჭიანურება გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აჩენს:

“შარშან სექტემბერში, სამთავრობო კომისიამ დასკვნა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას გადასცა, რის შემდეგაც საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განიხილონ მოქალაქეების განცხადებები, თუმცა პროცესი ძალიან ჭიანურდება. მთავრობა ამბობს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო მათი შემოთავაზებული წინადადება, რაც თითო ოჯახისთვის 500 კვმ-ის ფართობის მიწის გადაცემას ითვალისწინებდა, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი ფლობს მიწებს, არამედ სხვაგან. ეს წინადადება ჯერ კიდევ 2014 წლის ზამთარში მიიღეს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ ამ საკითხს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში განიხილავენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა, ჯერჯერობით, საკითხი არც საბჭოში განუხილავთ. ამ პროცესებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ არა საკითხის მოგვარების”, – ამბობს ბაკურიძე.

 

 

რაც შეეხება მიწის აღიარების კომისიის წევრების მოსახლეობასთან კონტაქტს, ბაკურიძე ამბობს, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან კინწურაშვილი ამ დროის განმავლობაში დაზარალებულებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა:

“ძალიან რთულია მაგ პიროვნებასთან დაკავშირება. მხოლოდ ერთხელ შეხვდა მოსახლეობას, როცა მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს. თუმცა შეხვედრას აზრი არც აქვს, რადგან საკითხი თბილისში წყდება და არა ბათუმში. აქ, უბრალოდ, მიზეზებს ეძებენ, რომ როგორმე გააჭიანურონ პროცესი. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს ტერიტორიები ძალიან ძვირფასია; ამიტომ, გადაწყვეტილი აქვთ, რომ გაყიდონ ან ინვესტიციები ჩაადებინონ უცხოელებს. გლეხებს კი, 500-500 კვმ. სადღაც დაკარგულში გადაუგდონ. ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი, ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან”, – ამბობს ბაკურიძე.

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში კი აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში გონიოს მიწების საკითხი აუცილებლად განიხილება.

“სექტემბერში, სხდომების განახლების შემდეგ, აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა”, – აღნიშნავენ ეკონომიკურ საბჭოში.

 

 

დაუბრუნდება თუ არა გონიოს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში რამდენჯერმე გადაცემული და შემდეგ წართმეული მიწები, კვლავ გაურკვეველია. საქმე არც სტრასბურგის სასამართლოს განუხილავს, სადაც სარჩელი უკვე სამ წელზე მეტია წარმოებაშია მიღებული.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” _ ფარგლებში.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

 

 

 

 

ხელვაჩაურში ქალი მოკლეს

 

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გვამი პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 


შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს. 

რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

 

რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციები არ აშინებს ელგუჯა ბარამიძეს, რომელიც ნატურალურ რძეს 2009 წლიდან ამუშავებს და რძის ნაწარმს [ძირითადად ჩვეულებრივ, შებოლილ და დაბწნილ სულგუნს] წარმატებით ყიდის. ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით, სოფელ ახალშენში,  უახლოეს პერიოდში რძის მინიქარხნის აშენებასაც გეგმავს.

 

„ერთი წელი წალკაში ვმუშაობდი და ახლობლის დაჟინებული თხოვნით ჩავედი მარნეულში, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისი იყო, დეტალები მოვიკითხე. შემდეგ აჭარაშიც გახსნეს ოფისი და მეც მივმართე კონკრეტული წინადადებით. ახლა კუსტარულად ვამუშავებთ რძეს. მალე თანამედროვე სტანდარტების მინიქარხანას ავაშენებთ, პროექტი უკვე გვაქვს, ეს იქნება შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა. თანადაფინანსების პრინციპით, ღირებულების 65 პროცენტს დონორი ორგანიზაცია დაფარავს, დანარჩენს – მე,“ – აღნიშნა `ბათუმელებთან~ ელგუჯა ბარამიძემ. ის ახალი ქარხნის ამუშავებას წელს, ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს. ბიზნესმენს დაარსებული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაც [შპს „ელგუჯა ბარამიძე“].

 

ელგუჯა ბარამიძის ინფორმაციით, მინიქარხნის მშენებლობა დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაჯდება. თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხა კი, როგორც თავად ამბობს, სესხად ბათუმში მოქმედ ვერც ერთ ბანკში ვერ აიღო. ქარხნის მშენებლობის პროექტი რომ არ ჩავარდნილიყო, იძულებული გახდა შპს-ს 100%-იანი წილიდან 20% უკრაინის მოქალაქეზე გაესხვისებინა, მიღებული თანხა კი ქარხნის მშენებლობაში ჩაედო.

 

„თითქმის ყველა ბანკს მივმართე ბათუმში, ერთი წელი მალოდინეს, ფაქტობრივად მაწვალეს და მაინც არ მომცეს სესხი. საქართველოში ქართველ ადამიანს რომ შრომა უნდა და ბანკები არ ეხმარება, არ ვიცი ამას რა დავარქვა… ბოლოს ერთ-ერთ ბანკში ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა თბილისიდან დაურეკეს – მაგდენ ყველს ვერ გაასაღებს აჭარის რეგიონშიო და მითხრეს უარი… ლამის მილიონიან ქონებას ითხოვენ გარანტიად, ზოგმა ბანკმა 200 ათასის ქონება მოითხოვა, ზოგმა – 300 ათასის, არადა 80 ათასი დოლარი მინდოდა, თანაც ესეც ვუთხარი, რომ 65%-ს მაფინანსებდნენ“, – ამბობს ელგუჯა ბარამიძე.

 

 

ახალი ქარხანა დღეში 4 ტონა რძეს [საჭიროების შემთხვევაში 6 ტონასაც] გადაამუშავებს. ელგუჯა ბარამიძეს დღეს 24 ადამიანი ჰყავს დასაქმებული: „ალბათ ამ ადამიანებს ქარხნის პირობებშიც შევინარჩუნებ. დანარჩენს რა და როგორ, ბაზარი გვაჩვენებს“.

რაც შეეხება პროდუქტს, ბიზნესმენი ძირითადად, კვლავ ყველისა და სხვადასხვა სახეობის სულგუნის წარმოებას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, დღეს განსხვავებულ სულგუნსაც ამზადებს ე.წ. „გრეხილს“, რომელიც გამოუხდელი რძისგან კეთდება და მყიდველსაც მოსწონს: „რძის გადამუშავებასთან დაკავშირებით რა სტანდარტებიც არსებობს, ვიცავთ და ქარხნის ამუშავების შემდეგაც, ბუნებრივია, დავიცავთ… შესაბამის სერტიფიკატსაც, დარწმუნებული ვარ, ავიღებთ“.

 

ელგუჯა ბარამიძე რძეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მოსახლეობისგან ყიდულობს [ვინაიდან სოფელს საქონელი გარეკილი ჰყავს საძოვრებზე, შესაბამისად, რძე მთიდან ჩამოაქვს]: „დილა-საღამოს ვღებულობ რძეს მოსახლეობისგან. გვაქვს სპეციალური მაცივარი დიდაჭარაში, სადაც ვაცივებთ რძეს საჭირო ტემპერატურაზე, მოგვაქვს ახალშენში და აქ ვამუშავებთ“.

 

 

დღეში 2-დან 4 ტონამდე რძეს ახლაც ამუშავებენ. თანამშრომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ჰყავს დასაქმებული და ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ, საშუალო ხელფასი კი 250 ლარია. ადგილზე, მოსახლეობისგან რძეს 85 თეთრად იბარებენ. 1 კგ სულგუნის მისაღებად კი, 8-10 ლიტრამდე ნატურალური რძეა საჭირო.

 

გასაღების ბაზარს რაც შეეხება, ძირითადად, ქობულეთით და ბათუმით შემოიფარგლება: „არის დღე, საერთოდ არ რჩება სულგუნი. იმისთვის, რომ მარაგი იყოს, გარკვეულ რაოდენობას ვასაწყობებ კიდეც. აპრილ-ივნისში, როცა რძე იაფია, ყველიც [სულგუნიც] იაფდება. თუ 8,5 ლარად ვაბარებდი სულგუნს, დღეს ერთ კილოგრამს 10 ლარად ვაბარებ“. შებოლილ სულგუნზე, ეტიკეტზე დატანილია საფირმო ნიშანი „შპს ელგუჯა ბარამიძე“. ახალი ქარხნის აშენებამდე ბიზნესმენი პროდუქციის ვაკუუმშეფუთვასაც აპირებს, რასაც ერთ-ერთი რეგულაცია მოითხოვს.

 

ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო პროდუქტი ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა ვაკუუმშეფუთვა და სხვა სტანდარტების დაცვა ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქციას 20-დან 50 თეთრამდე მაინც გააძვირებს.

 

ელგუჯა ბარამიძე რძის შესყიდვას სამომავლოდ დიდაჭარის გარდა ბახმაროშიც გეგმავს [სადაც ღორჯომის მოსახლეობა აძოვებს პირუტყვს], ასევე აგარასა და ჩოლოქში: „კონკურენტებიც ბლომად არიან, თუმცა ზოგი ნატურალურ რძეს ყიდულობს და ზოგიც რძის ფხვნილს იყენებს. კონკურენციის არ მეშინია და არც შემეშინდება, თუ ეს კონკურენცია იქნება ჯანსაღი“.

 

სავაჭრო ქსელში მოხვედრილი „რძის ნაწარმი“ მხოლოდ ნატურალური რძისგან უნდა იყოს დამზადებული, სხვა შემთხვევაში კი უნდა მიეთითოს „რძის შემცველი“. ეს ძირითადად იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს და ადვილად გაარჩიოს ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქთან აქვს საქმე თუ არა. ქვეყნის მასშტაბით ბიზნესოპერატორებს, რომელთა სავაჭრო ქსელშიც მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული „რძის პროდუქტები“ იყიდება, უკვე აჯარიმებენ.

 

ელგუჯა ბარამიძე აცხადებს, რომ იმ რეგულაციების დაცვა, რასაც კანონი მოითხოვს, არ გაუჭირდება: „კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის და არა ერთისთვის. მე თუ მომთხოვენ ყველა სტანდარტის დაცვას, სხვასაც უნდა მოსთხოვონ – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ერთმა მწარმოებელმა მეორეს წარმოებული პროდუქტის  ხარისხით უნდა აჯობოს. მე თუ მომთხოვე, გამაკეთებინე და გამიძვირდა პროდუქტის თვითღირებულება, სხვას კი გაატარებენ და კალთას გადააფარებენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაჩაგრული გამოვდივარ მე და მოტყუებული გამოდის მომხმარებელი, რომელსაც ჰგონია, რომ ნატურალურ რძეზე დამზადებულ პროდუქტს ყიდულობს“.

 

რეგულაციები გულისხმობს არაერთი წესისა და სტანდარტის დაცვას რძის წარმოების მთელ პროცესში – დაწყებული საძოვრებიდან, დამთავრებული პროდუქტის რეალიზაციით. ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ყველა ფერმერს, ვისგანაც ის რძეს ყიდულობს, აქვს სპეციალური ცნობა „ფორმა 2“, რძის უვნებლობაზე: „გარდა ამისა,  ტარდება კვლევებიც, არის თუ არა სოფელში პირუტყვი დაავადებული, ტარდება უფასო აცრა. თუ დამატებითი რამ იქნება საჭირო და მოსახლეობას საშუალება არ ექნება, შეიძლება ჩემი ხარჯებითაც ავცრა პირუტყვი, შესაბამისი დასკვნა და საბუთიც რომ მქონდეს პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დღეს 100-120 ადამიანისგან ვყიდულობ რძეს. მალე, ალბათ, ეს ციფრი 200-მდე გაიზრდება. როცა გადამუშავებულ პროდუქტს გავყიდი, მომხმარებელთან უნდა ვიყო პირნათელი და დარწმუნებული იმაში, რომ რძე გადამუშავებამდე და შემდეგ პრდუქტიც, იყო და არის უვნებელი“.

 

ელგუჯა ბარამიძის თქმით, ნატურალური რძისგან წარმოებული სულგუნით უკვე უცხოეთშიც დაინტერესდნენ: „მყიდველი გამოჩნდა ამერიკიდანაც, თუმცა ველოდები ამ ახალი ქარხნის აშენებას და ყველა შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებას. შემდეგ გავა ექსპორტზეც ამერიკაში, ჯერ მოლაპარაკება გვაქვს“.

 

ფოტო მანანა ქველიაშვილის

„რაკუშკებში, ფრიდასთან“ – კვარიათში

პირველი, რითაც კაფე „რაკუშკები“ სტუმრების ყურადღებას იქცევს, სტანდარტული, ზღვისპირა კაფეებისგან გასხვავებული დიზაინია. კაფეში მძივების, ნიჟარების, ღილებისა და პატარა ბოთლებისგან დამზადებული ჭაღები, ფერადი ძაფები, ფოტოები, ლექსები, ნახატები, ყვავილები, კედელზე სარკე – წარწერით: „მაჩვენე რაცნიზა“ და უამრავი წვრილმანი, ფერადი ნივთია.
„რაკუშკებს“ ნათია ბოლქვაძე მართავს დებთან ერთად. ნათია იხსენებს, რომ კაფეს დიზანი ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში გააკეთა, როცა კვარიათში სულ ორიოდე კაფე იყო:

„ეს იყო გარაჟის ტიპის, რკინის კონსტრუქციის კაფე. დიზაინი რომ არაფერი იყო, ჩამოვკიდე ნიჟარები და სულ ეს იყო. მაშინ გაჩნდა კაფეს სახელწოდებაც, ერთ-ერთმა სტუმარმა დაარქვა რაკუშკები და დღემდეა ასე იცნობენ კაფეს. გვაქვს მეორე სახელიც – „ფრიდასთან“. ფრიდა კალოს თემა გაჩნდა, რადგან გარკვეული მსგავსება იყო გარეგნული ფრიდასა და და ჩემს შორის. მხატვარი ქალი, შავი ნაწნავები… რაღაცნაერად მოხდა ასე, კაფესაც მოუხდა სახელი. გობელენი გავაკეთე, ცოტა მექსიკურ სტილში წავიყვანე დიზაინი და მოუხდა აქაურობას. უცხოელები კაფეს უფრო ფრიდას კაფეს ეძახიან. აქ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი რაღაცას ნიშნავს, ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს ჩვენთან“ – ამბობს ნათია.

„რაკუშკები“ დილის ათიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ნათია ძირითადად კაფეშია, სტუმრებს იღებს, მიმტანებს ეხმარება, სტუმრებთან ერთად ცეკვავს. იგი ამბობს, რომ კაფეში მოსულებს, როგორც მეგობრებს, ისე აღიქვამს და არა როგორც კლიენეტებს:

„ჩვენ ამ ადამიანებთან დიდი ხნის მეგობრობა დ ურთიერთობა გვაკავშირებს. კაფეს კონცეფცია, დიზაინი, მათთვის არის გაკეთებული. ზაფხული მაინც თავისუფალი თემაა, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად ბედნიერი ხარ, კაფეც ამიტომ გამოვიდა ასეთი.“

ნათია ამბობს, რომ რაც არ უნდა დაკავებული იყოს, ყოველ წელს რაღაცას მაინც ცვლის კაფეში: „ყოველ წელს 5-მდე ახალი ჭაღი მაინც გვაქვს, ყოველთვის ემატება რაღაც ახალი: წინა წლის ზაფხულის ფოტოკოლაჟი, ლექსები, რომელსაც ყოველწლიურად გვიწერენ დამსვენებლები და არა მარტო ლექსებს, არამედ საინტერესო სიტყვებს. ყოველ წელს ივსება კედლები, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება. ასე სტუმარიც მონაწილეობს კაფეს განვითარებაში. საჩუქრებსაც გვიტოვებენ. ერთი წიგნი შეიძლება გამოიცეს, იმდენი ლექსი გვაქვს. ცნობილი მწერლებიც და პოეტებიც გვიტოვებენ ლექსებს. აკა მორჩილაძეს თავისი პორტრეტი აქვს დახატული და ლექსი აქვს დატოვებული, გაგა ნახუცრიშვილს, ცოტნე ჩიქოვანს… ცნობილი ადამიანები, ხელოვანები ხშირად დადიან ჩვენთან, ასევე, პოლიტიკოსებიც. აქ პოლიტიკური ცივი ომებიც ყოფილა თურმე, მე მერე ვხვდები. ერთი მოსულა, მეორეს არ მოსწონებია და გასულა ჩუმად და ასე შემდეგ“.

კაფე, სადაც ასამდე სტუმარი ეტევა და ხანდახან ქორწილებიც კი იმართება, ნათიას და მისი დების საოჯახო ბიზნესია. „ჩემი და კვარიათში ცხოვრობს და აქედან წამოვიდა ეს იდეა. ყველა გვეუბნება, რომ კვარითის ძველი ხიბლი გვაქვს შენარჩუნებული, მახარებს ეს. ისედაც ვცდილობთ საოჯახო გარემო იყოს, სამზარეულოც საოჯახოა, დები, ნათესავები – ჩართული არიან ყველაფერში. მენეჯმენტი რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ვახერხებ ყველაფერს. ვცდილობ, ფასები არ გავზარდო, რომ სტუმრები არ გაგვინაწყენდნენ. ის კიდევ უნდა მოვიდეს აქ, სულ ამაზე ვფიქრობ და ამას ვეუბნები ჩემს გოგოებსაც კაფეში. 10-15 ადამიანი მუშაობს ჩვენთან, ხან 20-იც. ყველა თავის ოცნებას ისრულებს სეზონზე მუშაობით, სტუდენტს თუ უნდა ახალი ტელეფონი, მუშაობს და ყიდულობს“ – ამბობს ნათია.

„რაკუშკები“ მხოლოდ ზაფხულში მუშაობს, ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე. სექტემბერში კი ნათია კაფეს კეტავს და სკოლაში ბრუნდება, მოსწავლეებთან, მომდევნო ზაფხულამდე.

ნათია ბოლქვაძე

”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

თემას დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ შპს „სტადიონის“ შექმნა ზრდის კორუფციის რისკს და გააჭიანურებს სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების პროცესს.   

„მე მოვუწოდებ უმაღლესი საბჭოს წევრებს,  არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღეს დაკანონდება კორუფციული გარიგების შემთხვევა აჭარაში,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. 


ბათუმში სტადიონის მშენებლობა წელს არ დაიწყება – ინტერვიუ აჭარის ფინანსთა მინისტრთან

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

დავით ბალაძე: ამჯერად შეტანილი გვაქვს უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი კრიტერიუმი ცვლილებისა არის სტადიონისთვის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხების შპს „სტადიონის“ კაპიტალში გადატანა. აღნიშნული შპს არის დაფუძნებული აჭარის ა რ-ის მიერ და საქმიანობას წარმართავს იმავე კანონმდებლობით, რა კანონმდებლობითაც წარიმართებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვები. მომდევნო წლებშიც ამ პროგრამებისთვის გამოსაყოფი თანხა შეტანილი იქნება ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში.

 

რატომ გახდა ეს აუცილებელი?


ძირითად მიზანს წარმოადგენს ის, რომ ამ ორი პროექტის, დანახარჯები ჯამში დაახლოებით  70 მილიონი ლარი იქნება და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო განახორციელებდა ამ პროგრამებს, მაშინ, დაახლოებით 10 მილიონი ლარის დღგ-ზე არის საუბარი, რომლის, ასე ვთქვათ, ჩათვლა ვერ მოხდებოდა. შპს-ს შემთხვევაში კი, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული თანხის [დღგ-ს] აკუმულირება მოვახდინოთ ისევ ამ შპს-ს ანგარიშზე. საკითხი  შეთანხმებული გვაქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეს თანხა შემდეგ მთლიანად მოხმარდება რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ინვენტარისა და თანამედროვე სტანდარტების დანადგარების შეძენას.

 

როცა დიდ თანხებზეა საუბარი და სახელმწიფო ქმნის სპეციალურად შპს-ს ამ თანხის ასათვისებლად, ეს ხომ არ ზრდის კორუფციის რისკს?


არანაირ კორუფციულ გარიგებას არ ქმნის… სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება ეს კომპანია და რა განსხვავება იქნება – სამინისტრო გამოაცხადებს, ვთქვათ, ტენდერს თუ შპს? ის, რომ შპს-ში იმტომ გადააქვთ თანხები, რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე და ა.შ. – ეს, მინდა გითხრათ, რომ არ შეესაბამება რეალობას. ძალიან ბევრი შპს გვყავს დღეს მართვაში და ყველა ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანონმდებლობით შესყიდვების შესახებ, ამ შემთხვევაშიც იქნება ეს მიმართულება.

 

შპს „სტადიონის“ დირექტორად დანიშნეთ იმ კომპანიის დირექტორი [საუბარია ასევე სახელმწიფო შპს “Goderdzi Resorts”-ზე და მის დირექტორზე ჯემალ ბოლქვაძეზე], რომელიც კურორტ გოდერძის მშენებლობას კურირებს. თქვენ იქ მიმდინარე სამუშაოებით ცოტა ხნის წინ უკმაყოფილო იყავით… პრობლემებია დღესაც ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით.


კი, მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით მეც ვიყავი უკმაყოფილო, თუმცა ეს არ შეეხება სახელმწიფო კომპანიის თემას, იქ არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია.   შემიძლია მოგიყვანოთ ფაქტი, როცა სამინისტროსაც გვქონდა გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემა და ეს იყო ბენზეში, სოციალური სახლი, სადაც კომპანიას დაახლოებით ნახევარი მილიონის ჯარიმა გადავახდევინეთ. ამიტომ პრობლემა შეიძლება შეექმნას როგორც შპს-ს, ასევე სამინისტროსაც.

 

რაც შეეხება ხელფასებს, ხელფასების დარიგების პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ბატონი ჯემალი საკმაოდ წარმატებულად მართავს „გოდერძს“. „სტადიონთან“ დაკავშირებით, აქ არ იქნება დიდი სტაფი – იქნება ბუღალტერი და შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი, მაქსიმალურად ალბათ 5 კაცი, მაგრამ კომპანიას მოუწევს სხვა კომპანიის დაქირავება, რომელიც ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს ორივე პროექტს, ვინაიდან საკმაოდ საპასუხისმგებლო პროექტებია.

 

სამინისტროს რომ დაექირავებინა ეს ზედამხედველი კომპანია?


შპს „სტადიონიც“ ტენდერის მიმართულებით წავა და პირდაპირი შესყიდვით ვერ გააფორმებს სტადიონისა და რესპუბლიკურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელშეკრულებებს. სამინისტროც ბოლომდე იქნება ჩართული ამ მიმართულებაში. ამიტომ, ჩვენ გვირჩევნია იყოს ასე და აკუმულირებული დღგ, რომელიც იქნება დაახლოებით 10 მილიონი ლარი, პერიოდულად დავიბრუნოთ უკან.

 

შპს-ს ეყოლება დირექტორი რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ყველა ოპერაციასთან დაკავშირებით და მერწმუნეთ, საკმაოდ რთულ პასუხისმგებლობას ღებულობს ამ შპს-ს ხელმძღვანელი. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი შპს -ბი, რომლებთანაც  ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რათა სახელმწიფომ რამე ზიანი არ მიიღოს და ეფექტურად იყოს მართვა გაგრძელებული.

 

პარალელურად, სტადიონთან დაკავშირებით კომპანია, რომლის პროექტიც თქვენ გამოარჯვებულად დაასახელეთ და რომელთანაც ხელშეკრულება გააუქმეთ სასამართლოში გიჩივით.


იდაონ. ჩვენ არ ვიცით პარალელურად ეს კომპანია რას აკეთებს, ეს მისი იურიდიული უფლებაა თუ იდავებს.

 

თქვენც მოგმართათ საჩივრით…


ჩვენ მოგვმართა კომპანიის წარმომადგენელმა, მაგრამ ჩვენ არ ვუკმაყოფილებთ ამ განცხადებას, ვინაიდან მათი მოტივაცია, საკმაოდ უსაფუძვლოა და მოკლებულია რეალობას.

 

გამოდის ყველა ფორმალობა, პროცერდურები – კონკურსის გამოცხადება პროექტზე, შემდეგ ტენდერი მშენებლობის შესყიდვაზე – ხელახლა იქნება გასავლელი სტადიონთან დაკავშირებით და ეს მშენებლობის დაწყებას, ბუნებრივია, დროში გადაიწევს…


სტადიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე საპროექტო კომპანიასთან მუშაობა, რომლებიც საკმაოდ სერიოზული და გამოცდილი კომპანიებია. მივიღებთ   გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, არსებობს რამდენიმე ფორმა და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სადღაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას.

 

საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება და აქედან გამომდინარე იმ თანხების ათვისება, რაც ამ პროგრამებისთვისაა გაწერილი ბიუჯეტში მოესწრება?


რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ – პროექტი მზად არის და ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს,  ტენდერი რომ გამოვაცხადოთ.  თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მთელი სამი თვე წინ არის და ასეთი მსხვილი ობიექტებისთვის ყოველთვის განსაზღვრულია საავანსო დაფინანსება. შესაბამისად, კომპანიებს ჩვენც ვეთანხმებით ამ მიმართულებაზე, დავაფინანსებთ და ამით ამოიწურება რესპუბლიკურის შესრულების ნაწილი.

რაც შეეხება სტადიონს, როგორც აღვნიშნე, გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არის პროცედურები, რამაც გამოიწვია ვადაში ამის გადაწევა. 

 

 

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ „ბათუმობა 2015“-ის ოფიციალურ გახსნაზე რუსულ ენაზეც მიმართეს პუბლიკას და ჩამოსულ სტუმრებს. ჟურნალისტებთან მერმა ეს იმით ახსნა, რომ ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ქალაქში ბევრი სტუმარი იმყოფება, რომლებიც ამ ენაზე კარგად საუბრობენ. რამდენად მისაღებია მაღალი თანამდებობის პირების ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა? „ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარი ისტორიკოსს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს სთხოვა.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს, როცა მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური ღონისძიების გახსნისას პუბლიკას მიმართავენ რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს მასთან? 

ჩემი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმ სიბეცის, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ფესვგადგმულია და ასევე, ტოტალური გაუნათლებლობის. გასაგებია, რომ ბათუმის ხელისუფალთ სხვა ენა არ ესმით გარდა რუსულისა და როდესაც რაღაცის თქმა უნდათ უცხო ენაზე, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უცხოელი ჩამოვიდოდა, მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული. დღესაც, მაღაზიაში რომ შეხვალთ, ასე ჰგონიათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაუნათლებლები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოლიტიკურ თანამდებობებზე ასეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ეს არ იციან და მათთვის საჭიროა ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ რუსულად ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში ოფიციალურ ღონისძიებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

საბჭოთა დრო ახსენეთ და ეს არის თუ არა ტიპური საბჭოთა სცენარი?

რასაკვირველია. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ღრმად არიან საბჭოეთში ჩარჩენილი და ალბათ მათი ოცნებაა, რომ მათთვის ბედნიერი საბჭოთა დრო დაბრუნდეს და მათ მიეცეთ საშუალება, რომ ამ ენის გამოყენებით გამოთქვან აზრი.

ერთია მათი განცხადება რუსულ ენაზე, მეორეა საზოგადოების რეაქცია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს, როცა უხმოდ იღებს ამას საზოგადოება, რა რეაქცია უნდა ყოფილიყო? 

წესიერი საზოგადოება ალბათ დაუსტვენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და მიუხედავად ამისა, რუსულ მუსიკას უსმენენ და ამით ძალიან კმაყოფილნი არიან. რუსული პოპმუსიკის ხარისხზე არ მინდა ახლა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის პოსტკოლონიალური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ, მიუხედავად იმ ომებისა და იმ სისხლისღვრისა, რაც რუსეთთან ურთიერთობამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მითოსია, რომ თითქოს დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით საბჭოეთს, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული და, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ნაწილი არ უფიქრდება იმას, რას აკეთებს და მათ უჭირთ აზროვნება. ეს აზროვნების გაჭირვება, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემათაგანი ჩვენს ქვეყანაში, რაც ხშირად ჩანს და რაც მართლაც ძალიან დიდ პრობლემებს წარმოშობს. ადამიანებს ეზარებათ აზროვნება, არ უფიქრდებიან რას აკეთებენ. მაგალითად, ყიდულობენ რუსულ პროდუქტს და თუ მიუთითებ იმაზე, რომ მტერ სახელმწიფოს აძლიერებენ, რომ რუსული არყის მაგივრად შეუძლიათ იყიდონ უკრაინული, გეტყვიან – უი, მაგაზე არ მიფიქრიაო.

ამ შემთხვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ცენტრალური ხელისუფლება, არ გაუკეთებიათ კომენტარი. თქვენი აზრით, არის თუ არა ამის საჭიროება, უნდა გაემიჯნოს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ასეთ ფაქტს ან განმარტოს?

არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არანაირი განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამ ადამიანებს არ ესმით, ვინმემ აუხსნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აჩვენოს, რა მოსწონს მას და რა – არა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უმჯობესია თანამდებობის პირებმა ბოდიში მოიხადონ? 

ბოდიშის მოხდა, მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ. უამრავი, უარესი, ადამიანის შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა, ეტყობა, გარკვეულწილად სისუსტედ მიიჩნევა და ამის გამო საქართველოში ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირთ. აქ ბოდიშს, თუ არ უბრძანებენ, არც უნდა ველოდოთ.

ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი

 

 4, 5 და 6 სექტემბერს, 21:00 საათიდან საოცრებათა მოედანზე ესპანეთიდან მოწვეული ჯგუფი “Color Moreno” დადგამს ფლამენკოს ცეკვების შოუს. ჯგუფს ცნობილი ანდალუზიელი ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა ხელმძღვანელობს.

 

საღამოებზე ასევე გაიმართება ქართული ბენდების კონცერტები. გახსნის ღონისძიება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. 

დასწრება თავისუფალია.


შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ბათუმის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 ათას 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 6 თვის შედეგების ანგარიშის მიხედვით, „საავადმყოფოს მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულებულია. მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გამოთავისუფლებისა და სამშენებლო ტენდერის გამოცხადების ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა“.

რაც შეეხება სტადიონს, ესპანურ კომპანიასთან „…კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ვერ შესრულების გამო გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა ცალმხრივად, თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა“, – აღნიშნულია სამინისტროს ანგარიშში.

მოგვიანებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის პროგრამების ჩამონათვალიდან საერთოდ ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და ამ პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა სამინისტროს მიერ შექმნილ შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო.

ამაზე თანახმაა აჭარის მთავრობაც.

საუბარია 17 მილიონ 984 ათას 400 ლარზე, „რომელიც მოხმარდება ქალაქ ბათუმში მრავალპროფილური საავადმყოფოსა და საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას“, – აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში, რომელიც აჭარის მთავრობას ამ დროისთვის უმაღლეს საბჭოში აქვს გადაგზავნილი. ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

„ბათუმელები“ არკვევდა, რატომ გახდა აუცილებელი და ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია მსხვილი პროექტების განხორციელება სახელმწიფო შპს-ს მიერ და ხომ არ ზრდის ეს კორუფციის რისკებს, მითუმეტეს, როცა ამ პროექტებისთვის სპეციალურად იქმნება შპს, თანაც მაშინ, როცა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პროგრამების განხორციელებაც დაწყებულია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალი შპს-ს შექმნაზე აჭარის მთავრობამ მიიღო. მთავრობაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნის და ამასთან დაკავშირებით მთავრობაში კომენტარი არ გააკეთეს.

„ვინაიდან რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ორი პროექტი ხორციელდება, მშენებლობების პროცესს უნდა უხელმძღვანელონ და გააკონტროლონ მაღალპროფესიულმა კადრებმა, ამ მაღალპროფესიულ, მაღალკვალიფიციურ კადრებს კი სჭირდებათ ნორმალური ანაზღაურება. საჯარო სექტორში ხელფასები, კერძო სექტორთან შედარებით, დაბალია, შესაბამისად, ერთი არგუმენტია, რომ ვერ დავაინტერესებდით მაღალკვალიფიციურ კადრებს და მეორეც – მობილურობისა და ეფექტური მართვის კუთხით უმჯობესია, შპს-მ განახორციელოს ეს ყველაფერი. თანაც ეს არის სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს, რომელიც [ტენდერი იქნება გამოსაცხადებელი თუ სხვა რამ] იმოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის~ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკოსი მათე გარდავა „ბათუმელებთან~ ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ალოგიკური და მიუღებელია: „ძნელია, ამ ყველაფერს რაიმე ახსნა მოუძებნო… ეკონომიკური კუთხით ეს არის გაუმართლებელი. ცხადდება ტენდერები, გამარჯვებული აკეთებს საქმეს, ან თუ ვერ აკეთებს, ხელახლა ცხადდება ტენდერი. ამისთვის დამატებით სახელმწიფო შპს-ს შექნა რა საჭიროა, არ მესმის“.

მათე გარდავას თქმით, სახელმწიფო შპს მოქნილი ვერ იქნება. ამასთან, „როდესაც სახელმწიფო შპს იქმნება, მას ბუნებრივია, ყოველთვის ჰყავს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური პირები… ვინმეს პატიოსნებაში წინასწარ ეჭვის შეტანა ძალიან რთულია, მაგრამ, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სახელმწიფო შპს ასეთი დიდი მოთამაშეა, არის მაღალი რისკი იმისა, რომ სადღაც, რაღაც ეტაპზე კორუფციული გარიგება დაიდოს“.

„საქმე იმაშია, რომ თუ შპს-შიც იგივე პრობლემა დარჩა, ვთქვათ, თუ ეს პროექტები არ დაიწყება და თუ გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ შესრულდება სამუშაოები, ეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არანაირ პასუხისმგებლობას არ აცილებს – რადგან მმართველი ამ შემთხვევაში არის სამინისტრო. არ არის ისე, რომ სამინისტრო დარტყმას იცილებს და მერე უნდა გადააბრალოს, რომ აი შპს-მ რაღაც დროულად ვერ გააკეთა და ა.შ.“ – ამბობს რამაზ ბოლქვაძე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ ახალ შპს „სტადიონად~, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა და სახელწოდებასთან ერთად წესდებაც შეუცვალა. თუ „ვეტერინარს~ ძირითადად ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისგან მოსახლეობის დაცვა ევალებოდა, „სტადიონის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი. ასევე, კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, „ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები შენდება, მოგება არაფერ შუაშია. მაგალითად, იმ მასშტაბურ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რაც მიმდინარეობს სარფის მონაკვეთზე, სახელმწიფო შპს ახორციელებს. ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე – რომ არ გაფუჭდეს საქმე, დროულად გაკეთდეს ყველაფერი, მერე მართვაც მარტივი იყოს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული. „სტადიონი“ არის ამ ორი პროექტისთვის შექმნილი შპს და არ იგეგმება, რომ რაღაც სამშენებლო კომპანია გახდეს და იმუშაოს მოგებაზე“.

მინისტრის მოადგილის თქმით, შპს „სტადიონის“ ამოქმედებას სჭირდება ცვლილებების შეტანა აჭარის ბიუჯეტში. „ჩვენ შეტანილი გვაქვს პროექტი და თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს ცვლილებებს, „სტადიონის“ ამოქმედებას არაფერი შეუშლის ხელს. თუ არ მიიღო უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი იმ სახით, როგორიც წარდგენილი გვაქვს, მაშინ შპს-ს ამ სახით არსებობას აზრი ეკარგება“.

შპს „სტადიონის“ დირექტორად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ასევე სამინისტროს 100%-იანი წილით შექმნილი შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე დანიშნა.

„საბიუჯეტო ცვლილებებს ველოდებით და შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული მოქმედებები და ღონისძიებები. მომავალ თანამშრომლებს რაც შეეხება, როგორც ვიცი, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობების ოპერირებას მოახდენს ეს კომპანია და თანამშრომლებიც იქნებიან ისინი, ვინც საჭირო იქნება ამ ოპერირების პროცესისთვის. ამ ეტაპზე თანამშრომლები ვინ იქნება, რა შტატები იქნება, არაფერი ამდაგვარი არ არის დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებსა და ღონისძიებებზე შემდეგ იქნება მსჯელობა“, – განაცხადა ჯემალ ბოლქვაძემ.

შპს Goderdzi Resorts -ი ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ „გოდერძის“ მშენებლობას კურირებს.
მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს ინფორმაციით, „გოდერძი რიზორტზე“ დასკვნითი ეტაპის სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაათვალიერა. „მშენებლობის პროცესი ამ დროისთვის აქტიურია, თუმცა გარკვეულ ხარვეზს ვხედავ სამუშაოების დაწყებისა და ასევე აქამდე არსებულ ტემპებთან დაკავშირებით. 10 დღეში ისევ ვეწვევი გოდერძი რიზორტს და თუ შედეგი არ იქნება შესაბამისი, მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა დავით ბალაძემ“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ესტუმრა თუ არა „გოდერძის“ მინისტრი 10 დღეში, „ბათუმელებისთვის“ უცნობია, თუმცა გადამოწმებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში გარკვეული პრობლემები დღესაც არის.

„შენიშვნები იყო სამინისტროს მხრიდან მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით და არა ხარვეზებზე… რაღაც ეტაპზე გამოსწორდა მდგომარეობა და ახლა მშენებელ კომპანიას აქვს სახელფასო დავალიანებები. სამ ობიექტზე მიდის მშენებლობა და ერთ-ერთზეა ეს პრობლემა [კონტრაქტორის პრობლემებია ძირითადად და მიზეზები, თუ რამ წარმოშვა, კონკრეტულად არ ვიცი]. ვმუშაობთ გამოსწორებაზე, რათა შეფერხება არ გვქონდეს და სეზონი გავხსნათ ჩვეულებრივად, როგორც გვაქვს დაგეგმილი – დეკემბრის თვეში. ანუ, დეკემბრიდან კურორტი დაიწყებს ფუნქციონირებას იმ რეჟიმში, როგორშიც ფუნქციონირებს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტები“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯემალ ბოლქვაძემ.
ამ ყველაფრის ფონზე, ესპანური კომპანია, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა და შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტა, სამინისტროსთან საქმის გარკვევას სასამართლოში აპირებს.

„ჩვენ წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში… შესაბამისად, ვემზადებით სასამართლო პროცესისთვის“, – განაცხადა „ბათუმელებთან~ კომპანია „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გელა ცინცაძის ინფორმაციით კი, კომპანიას ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომი ორგანოსთვის, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობაში, უნდა წარედგინა, „ყოველ შემთხვევაში სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი იმ ფორმით, რასაც კანონი ითვალისწინებს, წარმოდგენილი არ ყოფილა“.

ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც აჭარის მთავრობის აპარატში გვითხრეს, არც მათთან დარეგისტრირებულა. რაც შეეხება სასამართლოს, გელა ცინცაძის თქმით, „კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა სასამართლოს უფლება აქვს, საქმე წარმოებაში არ მიიღოს“.

რაც შეეხება დავის ქვეყნის გარეთ გაგრძელებას, მამუკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ „ამჟამად, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი უფლება, მივმართოთ რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალს“.

კომპანია IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა. მიმდინარე წლის 25 ივნისს კი ხელშეკრულება შეწყვიტა. კონკურსში გამარჯვებული მხარე „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი, კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობდა.

გახარჯავს თუ არა აჭარის მთავრობა ბიუჯეტით გამოყოფილ თანხას სრულად, ამ ეტაპზე გაურკვეველია. საბიუჯეტო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შპს „სტადიონი“ჯერ ბათუმის სტადიონის პროექტის შერჩევაზე გამოაცხადებს კონკურსს და შემდეგ ტენდერს – მშენებლობაზე. „სტადიონმა“ უნდა გამოაცხადოს ტენდერი საავადმყოფოს მშენებლობაზეც. შპს „სტადიონთან“ დაკავშირებით დეტალებზე კი, როგორც „ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, მინისტრი განმარტებებს მიმდინარე კვირაში გააკეთებს.

დღეის მდგომარეობით აჭარის ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 6 თვის ხარჯები 90%-ითაა შესრულებული. ესეც სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამების გარეშე, ვინაიდან ამ ორი პროგრამის ხარჯი პირველ ორ კვარტალში გაწერილი არ ყოფილა. საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი ნაწილი კი, სახელფასო ფონდის შემდეგ, სწორედ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამებზე მოდის [თითქმის მთლიანი ხარჯის 14%].

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრის ეკატერინე თარგამაძის განცხადებით, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მხარჯავ დაწესებულებებს, რომ მესამე კვარტლის ბოლოს დადონ წლიურ გეგმასთან მიახლოებული მაჩვენებლები. რაც შეეხება საავადმყოფოსა და სტადიონს: „თუ გავითვალისწინებთ ვადებს, არსებულ სიტუაციას, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში გაჭიანურდა პროცესი, ამიტომ მხოლოდ დემონტაჟი თუ მოხდება, სხვა არა მგონია წლის ბოლომდე მოესწროს. სტადიონთან დაკავშირებით კი კიდევ უფრო გართულებულია სიტუაცია. რამდენადაც ვიცი, დავობს მეორე მხარე და როცა დავაა, საქმე წინ ვერ მიდის. ამასთან, მთელი ფორმალობები თავიდანაა გასავლელი, რისთვისაც ახალი შპს გააკეთეს“.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 8 მილიონ 314 ათასი ლარით იზრდება, და ეს მაშინ, როცა მხარჯავი დაწესებულებები მათთვის გამოყოფილ თანხებს ბოლომდე ვერ ხარჯავენ, თუმცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანხის ვერ გახარჯვაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, მათი პროგნოზით, სტადიონისა და საავადმყოფოსთვის გამოყოფილ თანხასაც აითვისებენ.

აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, ამ დროისთვის, ხარჯები 124 მილიონ 802 ათას 200 ლარითაა განსაზღვრული, აქედან 36 მილიონ ლარამდე მხოლოდ ხელფასებში გაიცემა, რაც მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედია.

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

 

ბათუმში, ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ადგილი, სადაც ადრე ნიკო ფიროსმანის ბიუსტი იდგა, ამჯერად გამწვანებულია. გასულ კვირას აქ გამოიფინა ბანერი, რომელიც ამავე ადგილზე მემორიალის აღმართვას გვაუწყებს. გაიმართა პრეზენტაციაც, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

 

„ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისაგან [1552-1878წ. 25 აგვისტო] აჭარის განთავისუფლების და დედა სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ იდეის ავტორი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძეა.

 

„მემორიალი აღნიშნულ ადგილზე რომ დაიდგმება, ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმაც განაცხადა და ქალაქის საკრებულოს შესაბამისი კომისიაც თანახმაა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ნიაზ ბოლქვაძემ.
მემორიალის იდეის ავტორის თქმით, ბრინჯაოს მონუმენტი 4 მეტრი სიმაღლის იქნება და 121 კვ/მ ფართობი დასჭირდება.

 

მიუხედავად ამისა, „სკვერს არ ვეხებით, არაფერი არ ფუჭდება და არ ზიანდება, ყველაფერი ადგილზე რჩება. მხოლოდ რამდენიმე პატარა ბუჩქი გადაინაცვლებს გვერდზე“, – თქვა ნიაზ ბოლქვაძემ.

 

კითხვაზე _ თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი მემორიალისთვის, რამდენად შეამცირებს ის გამწვანებულ ადგილს ქალაქში და ხომ არ იქნება საჭირო ხეების მოჭრა? – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე გვპასუხობს: „ერთი და იგივე სატკივარი გვაქვს ჩვენ. თავდაპირველად შევთავაზეთ გმირთა ხეივანი [იუსტიციის სახლის მიმდებარედ – ავტ.]. მერიასაც ეს წინადადება მივაწოდეთ და „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირსაც“. თუმცა, ამის შემდეგ, ძალიან მოკლე ვადაში ისევ მოგვმართა „მამულიშვილთა კავშირმა“ _ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათთვის არც თუ ისე მისაღები წინადადება და შემოგვთავაზეს ორი ადგილი, ერთი – მერიის მიმდებარედ, „ვარდების სკვერს“ რომ ეძახიან და მეორე – ეს ადგილი, ეკლესიის გვერდით. კომისიამ იმსჯელა და უფრო უპრიანად ჩავთვალეთ ეკლესიის გვერდით. დავათვალიერეთ, რომ ისე ჩაიდგას მემორიალი, ხეების მოჭრა არ გახდეს საჭირო. შესაძლოა ცოტათი მწვანე საფარს შეეხოს, მაგრამ თუ პროექტი შეიცვლება, ვთქვათ, შემცირდება ზომებში, შესაძლოა ესეც ავიცილოთ თავიდან. თუმცა, იქ ხეებს მოჭრა არ ემუქრება“.

 

ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ეს ადგილი მოიწონეს არქიტექტორებმა – ყველაზე საუკეთესო ადგილიაო. ქალაქში ბევრია ასეთი ადგილი, მაგრამ ეს სიმბოლურიცაა – ძველ ბათუმშია, საკათედროსთან ახლოსაა, ასევე გიმნაზიასთან, ხალხმრავალ ადგილზეა…“.

 

კითხვაზე – თუ რატომ არ შეირჩა მემორიალისთვის საკათედრო ტაძართან და გიმნაზიასთან, ასევე #1 სკოლასთან და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ახლოს [ყოფილი პირველი საავადმყოფოსა და მის მიმდებარედ] არსებული ტერიტორია, რომელიც მერიისგან მოწოდებული დოკუმენტებით სარეკრეაციო ზონაშია და რომელიც დღეს განაშენიანებული არ არის _ ნიაზ ბოლქვაძე გვპასუხობს: „ეს ერთი მემორიალი აქ დაიდგმება… იქ სხვა ძეგლები დაიდგმება, ალბათ“.
„მემორიალისთვის ეკლესიის გვერდით შერჩეული ადგილი, ვფიქრობ, არ შეიცვლება… ჩვენ ახლა იმის მოლოდინში ვართ, რომ ქალაქის მერი შემოიტანს წინადადებას მემორიალის დადგმაზე, უკვე განკარგულების პროექტის სახით, რომელსაც განიხილავს საკრებულო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ბერაძემ.

 

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, მემორიალის დადგმაზე თანახმაა მეუფე დიმიტრი: „სასულიერო პირებიც მოვიდნენ და ეს ადგილი ამ მემორიალისთვის დაილოცა“. ნინო ბერაძის თქმით კი, „როგორც ვიცი, არავინ, არც ეპარქიის, საპატრიარქოს წარმომადგენლები არ არიან მემორიალის აღნიშნულ ადგილზე დადგმის წინააღმდეგი“.

 

„ბათუმელებმა“ კითხვაზე – თუ რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობისთვის ეპარქიის თანხმობის მიღება, კონკრეტული პასუხი მემორიალის იდეის ავტორისგან ვერ მიიღო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გვერდით არსებულ სკვერში არათუ აღნიშნული მემორიალის ჩადგმა, არამედ, მთლიანად ამ სკვერის ტაძრის ეზოში მოქცევაა დაგეგმილი.

 

„საუბარი იყო ეკლესიის ეზოს გაფართოებაზე, რომ ეს სკვერი ეკლესიის ეზოში მოექცეს და ეპარქიის წარმომადგენლები არათუ ეწინააღმდეგებიან მემორიალის ჩადგმას, არამედ, პირიქით, ისინი მიესალმებიან, გაფართოების შემთხვევაში ეს მონუმენტიც ტაძრის ფარგლებში თუ მოექცევა… არის მოსაზრება ასევე, რომ იქვე მოეწყოს პანთეონი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოში.

 

საკითხის დაზუსტების მიზნით „ბათუმელები“ კომენტარისთვის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. „ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო შემოთავაზება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის [ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან] შემოერთებაზე, სადაც გაკეთდებოდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

 

როგორც მოგეხსენებათ, საკათედრო ტაძრის ეზოშია დასაფლავებული ორი დიდი პოეტი – ფრიდონ ხალვაში და ზურაბ გორგილაძე. ახალი ხელისუფლების დროს განახლდა ეს თემა, თუმცა ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან ტერიტორიის ტაძრის ეზოსთვის შემოერთება არც მანამდე და არც ახლა არ განხილულა.“ – გვიპასუხეს ეპარქიის პრესსამსახურში.

 

გამწვანებულ ზოლში მემორიალის ჩადგმასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარი ქალაქის მერმა არ გააკეთა.
ბათუმის მერიისგან, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი ვერც იმაზე მივიღეთ, თუ რამდენი სკვერია ქალაქში. სანაცვლოდ, მერიამ „ბათუმის კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ ელექტრონული ვერსია მოგვაწოდა, რომელზეც საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებია დატანილი. მერიის ინფორმაციით, ბათუმში ამჟამად მხოლოდ ერთი სკვერი ეწყობა – ლერმონტოვის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარედ [4 ჰექტარ ფართობზე].
იმის დასადგენად, თუ რამდენი სკვერია ბათუმში, მერიის შემდეგ „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმში, ოფიციალურად 3 ხეივანი და 8 სკვერია [აქედან ერთს ამაჟამად აწყობენ], რომელთაც ხეივნისა თუ სკვერის სტატუსი ქალაქ ბათუმის საკრებულომ ოფიციალურად მიანიჭა. ქალაქში არსებულ დანარჩენ სკვერებსა თუ გამწვანებულ ადგილებს [ბულვარისა და 6 მაისის პარკის გამოკლებით] კი ასეთი სტატუსი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, არ აქვს [მათ შორის არც ე.წ. „ვარდების სკვერს“ და არც ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერს].

 

ბათუმში არსებული გამწვანების [სარეკრეაციო] ზონების ადგილზე კი, შესაძლებელია მაღლივი კორპუსები აშენდეს, ამასთან, სრულიად კანონიერად, ვინაიდან სარეკრეაციო ზოლში ყოფნა ვერ იცავს გამწვანებას, თუ მუნიციპალიტეტმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების კვეთაში არსებული გამწვანებული ზოლის გასხვისება იყო, სადაც მწვანე საფარის, მრავალწლოვანი ხეების ხარჯზე მაღალსართულიანი სახლი აშენდება [ეს ნაკვეთი ბათუმის საკრებულომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც პირობებით კერძო კომპანიაზე გაასხვისა].

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის დროზე, „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს: „რაც შეეხება სკვერის საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენციაში არ შედის სკვერის სტატუსის მინიჭების ან მისი გაუქმების საკითხი. მუნიციპალიტეტებს სკვერები, პარკები, მოედნები და ა.შ. საკუთრებაში აქვს, როგორც ძირითადი გაუსხვისებელი ქონება, რომლის გადაცემა არ ხორციელდება არც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და არც სახელმწიფოზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოსცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული სკვერის სტატუსი. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ „პარტიზანმა მებაღემ“, ნატა ფერაძემ.
ბათუმში მწვანე საფარი დამატებით მინიმუმ 200 ჰექტარზე მაინცაა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ [ქალაქში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია – ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით, რაც 4,4 კვ/მ-ია ერთ სულ მოსახლეზე].

 

ბათუმში არსებული ხეივნები და სკვერები:

 

შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანი [ტბელ აბუსერისძის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე მონაკვეთი];
გმირთა ხეივანი [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე საავტომობილო გზებს შორის არსებულ მონაკვეთს ხეივნის სტატუსი 2010 წლის ივნისში განესაზღვრა და მას შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი მიენიჭა. საკრებულოს 2013 წლის განკარგულებით კი ამ ხეივნის ნაწილს [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე მონაკვეთი] გმირთა ხეივანი ეწოდა, აქვე დაიდგმება ჟიული შარტავას ძეგლი];

 

რეზო ბოლქვაძის ხეივანი [„6 მაისის პარკში“ ერთ-ერთ ცენტრალურ ხეივანს რეზო ბოლქვაძის სახელი 2012 წლის ივლისში მიენიჭა];

 

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სკვერი [ს. მესხისა და შ. დადიანის ქუჩების შეერთების მიმდებარედ, სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის ივლისში];

 

გმირთა სკვერი [დრამატული თეატრის მიმდებარედ, სადაც დაღუპული იუნკერების საძმო საფლავია და სადაც ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით ჯვარია აღმართული. სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის დეკემბერში];

 

ამაღლების სახელობის სკვერი [ინასარიძის ქუჩა 10-სა და 14-ს შორის მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას ამაღლების სახელობის სკვერის სტატუსი ბათუმის საკრებულომ 2013 წლის 30 აპრილს მიანიჭა, ბათუმის მერიამ კი სკვერში, იმ ადგილზე, სადაც ადრე ქართველი მფრინავის ფადიმე გოგიტიძის ბიუსტი იყო, ქვის ჯვარი აღმართა. ბიუსტი აეროპორტის მიმდებარედ გადაიტანეს];

 

მემედ აბაშიძის სკვერი [ეს სახელი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას 2013 წლის მაისში მიენიჭა, აქვე დგას მემედ აბაშიძის ძეგლი];

 

ფიროსმანის სკვერი [ეს სკვერი ფიროსმანის ქუჩაზე, სამხატვრო სკოლის მიმდებარედ, 2013 წელს დაარსდა, აქვე გადატანილი იქნა ფიროსმანის ბიუსტიც იმ ადგილიდან, სადაც ამჟამად მემორიალის ჩადგმას აპირებენ];

 

ლონდონის სკვერი [სკვერის სტატუსი რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას 2013 წლის დეკემბერში მიენიჭა. ამ ტერიტორიიდან აღებული იქნა შოთა რუსთაველის ბიუსტი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია [რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთა], ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს მრავალსართულიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის აშენების მიზნით გადასცა. პროექტი არ განხორციელდა];

 

ნუგზარ ჯაფარიძის სკვერი [გორგასალისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერს 2014 წლის მაისში მიენიჭა სკვერის სტატუსი და ეწოდა „ნუგზარ ჯაფარიძის“ სკვერი];

 

შინდისის გმირების სახელობის სკვერი [მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. სკვერის სტატუსი ლერმონტოვის, ბაგრატიონის, სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის მდებარე სარეკრეაციო ზოლს 2015 წლის თებერვალში მიენიჭა და შინდისის გმირების სახელობის სკვერი ეწოდა].

”ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი” წელს აღარ ჩატარდება

 

Bridgestone Black Sea Cup 2014 | 24 აგვისტო, ბათუმი

 

 „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით გოგინაშვილის თქმით, ამის მიზეზი სავალუტო რყევებია:

 

„ძალიან რთული სიტუაციაა. მომავალ წელს იმედია ჩავატარებთ. წელს ლარის კურსის გამო ვერაფერი გავაკეთეთ. ბიუჯეტი შეგვიმცირდა. „Bridgestone Black Sea Cup“-ის ჩატარება 21 აგვისტოს იყო დაგემილი. სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

„Bridgestone Black Sea Cup“ სულ ათჯერ ჩატარდა და სხვადასხვა წელს სხვადასხვა საპრიზო ფონდი გათამაშდა. გასულ წელს რბოლაში ევროპის ჩემპიონმა, დათა ქაჯაიამ გაიმარჯვა.

 

Bridgestone Black Sea Cup 2014 | 24 აგვისტო, ბათუმი

 

 

აჭარის ტელევიზია: ”სამინისტროს თანამშრომელმა რეპორტიორს შეურაცხყოფა მიაყენა”

 

“დღეს საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე ინციდენტი მოხდა „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შორის. ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ქარხნის ეზოში კორესპონდენტს ლაშა ველიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ კარლო კეკელიძეს ინტერვიუს უთანხმებდა, [ამიტომაც ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა არ არსებობს] სწორედ ამ დროს მათთან მივიდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი მირზა სუქნიშვილი, რომელმაც რეპორტიორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ინციდენტის დროს ჟურნალისტს ასევე შეეხენ ფიზიკურად. ამ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები როსტომ შერვაშიძე და ავთანდილ მესხიძე.”

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ ჟურნალისტური საქმიანობის სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტი.


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას უწყების თანამშრომლები ხვალ გააკეთებენ. 


“ბათუმელები” ჟურნალისტ ლაშა ველიაძის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 


Exit mobile version