სიახლეები

რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

02.09.2015 • 2931
რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

 

რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციები არ აშინებს ელგუჯა ბარამიძეს, რომელიც ნატურალურ რძეს 2009 წლიდან ამუშავებს და რძის ნაწარმს [ძირითადად ჩვეულებრივ, შებოლილ და დაბწნილ სულგუნს] წარმატებით ყიდის. ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით, სოფელ ახალშენში,  უახლოეს პერიოდში რძის მინიქარხნის აშენებასაც გეგმავს.

 

„ერთი წელი წალკაში ვმუშაობდი და ახლობლის დაჟინებული თხოვნით ჩავედი მარნეულში, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისი იყო, დეტალები მოვიკითხე. შემდეგ აჭარაშიც გახსნეს ოფისი და მეც მივმართე კონკრეტული წინადადებით. ახლა კუსტარულად ვამუშავებთ რძეს. მალე თანამედროვე სტანდარტების მინიქარხანას ავაშენებთ, პროექტი უკვე გვაქვს, ეს იქნება შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა. თანადაფინანსების პრინციპით, ღირებულების 65 პროცენტს დონორი ორგანიზაცია დაფარავს, დანარჩენს – მე,“ – აღნიშნა `ბათუმელებთან~ ელგუჯა ბარამიძემ. ის ახალი ქარხნის ამუშავებას წელს, ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს. ბიზნესმენს დაარსებული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაც [შპს „ელგუჯა ბარამიძე“].

 

ელგუჯა ბარამიძის ინფორმაციით, მინიქარხნის მშენებლობა დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაჯდება. თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხა კი, როგორც თავად ამბობს, სესხად ბათუმში მოქმედ ვერც ერთ ბანკში ვერ აიღო. ქარხნის მშენებლობის პროექტი რომ არ ჩავარდნილიყო, იძულებული გახდა შპს-ს 100%-იანი წილიდან 20% უკრაინის მოქალაქეზე გაესხვისებინა, მიღებული თანხა კი ქარხნის მშენებლობაში ჩაედო.

 

„თითქმის ყველა ბანკს მივმართე ბათუმში, ერთი წელი მალოდინეს, ფაქტობრივად მაწვალეს და მაინც არ მომცეს სესხი. საქართველოში ქართველ ადამიანს რომ შრომა უნდა და ბანკები არ ეხმარება, არ ვიცი ამას რა დავარქვა… ბოლოს ერთ-ერთ ბანკში ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა თბილისიდან დაურეკეს – მაგდენ ყველს ვერ გაასაღებს აჭარის რეგიონშიო და მითხრეს უარი… ლამის მილიონიან ქონებას ითხოვენ გარანტიად, ზოგმა ბანკმა 200 ათასის ქონება მოითხოვა, ზოგმა – 300 ათასის, არადა 80 ათასი დოლარი მინდოდა, თანაც ესეც ვუთხარი, რომ 65%-ს მაფინანსებდნენ“, – ამბობს ელგუჯა ბარამიძე.

 

 

ახალი ქარხანა დღეში 4 ტონა რძეს [საჭიროების შემთხვევაში 6 ტონასაც] გადაამუშავებს. ელგუჯა ბარამიძეს დღეს 24 ადამიანი ჰყავს დასაქმებული: „ალბათ ამ ადამიანებს ქარხნის პირობებშიც შევინარჩუნებ. დანარჩენს რა და როგორ, ბაზარი გვაჩვენებს“.

რაც შეეხება პროდუქტს, ბიზნესმენი ძირითადად, კვლავ ყველისა და სხვადასხვა სახეობის სულგუნის წარმოებას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, დღეს განსხვავებულ სულგუნსაც ამზადებს ე.წ. „გრეხილს“, რომელიც გამოუხდელი რძისგან კეთდება და მყიდველსაც მოსწონს: „რძის გადამუშავებასთან დაკავშირებით რა სტანდარტებიც არსებობს, ვიცავთ და ქარხნის ამუშავების შემდეგაც, ბუნებრივია, დავიცავთ… შესაბამის სერტიფიკატსაც, დარწმუნებული ვარ, ავიღებთ“.

 

ელგუჯა ბარამიძე რძეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მოსახლეობისგან ყიდულობს [ვინაიდან სოფელს საქონელი გარეკილი ჰყავს საძოვრებზე, შესაბამისად, რძე მთიდან ჩამოაქვს]: „დილა-საღამოს ვღებულობ რძეს მოსახლეობისგან. გვაქვს სპეციალური მაცივარი დიდაჭარაში, სადაც ვაცივებთ რძეს საჭირო ტემპერატურაზე, მოგვაქვს ახალშენში და აქ ვამუშავებთ“.

 

 

დღეში 2-დან 4 ტონამდე რძეს ახლაც ამუშავებენ. თანამშრომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ჰყავს დასაქმებული და ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ, საშუალო ხელფასი კი 250 ლარია. ადგილზე, მოსახლეობისგან რძეს 85 თეთრად იბარებენ. 1 კგ სულგუნის მისაღებად კი, 8-10 ლიტრამდე ნატურალური რძეა საჭირო.

 

გასაღების ბაზარს რაც შეეხება, ძირითადად, ქობულეთით და ბათუმით შემოიფარგლება: „არის დღე, საერთოდ არ რჩება სულგუნი. იმისთვის, რომ მარაგი იყოს, გარკვეულ რაოდენობას ვასაწყობებ კიდეც. აპრილ-ივნისში, როცა რძე იაფია, ყველიც [სულგუნიც] იაფდება. თუ 8,5 ლარად ვაბარებდი სულგუნს, დღეს ერთ კილოგრამს 10 ლარად ვაბარებ“. შებოლილ სულგუნზე, ეტიკეტზე დატანილია საფირმო ნიშანი „შპს ელგუჯა ბარამიძე“. ახალი ქარხნის აშენებამდე ბიზნესმენი პროდუქციის ვაკუუმშეფუთვასაც აპირებს, რასაც ერთ-ერთი რეგულაცია მოითხოვს.

 

ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო პროდუქტი ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა ვაკუუმშეფუთვა და სხვა სტანდარტების დაცვა ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქციას 20-დან 50 თეთრამდე მაინც გააძვირებს.

 

ელგუჯა ბარამიძე რძის შესყიდვას სამომავლოდ დიდაჭარის გარდა ბახმაროშიც გეგმავს [სადაც ღორჯომის მოსახლეობა აძოვებს პირუტყვს], ასევე აგარასა და ჩოლოქში: „კონკურენტებიც ბლომად არიან, თუმცა ზოგი ნატურალურ რძეს ყიდულობს და ზოგიც რძის ფხვნილს იყენებს. კონკურენციის არ მეშინია და არც შემეშინდება, თუ ეს კონკურენცია იქნება ჯანსაღი“.

 

სავაჭრო ქსელში მოხვედრილი „რძის ნაწარმი“ მხოლოდ ნატურალური რძისგან უნდა იყოს დამზადებული, სხვა შემთხვევაში კი უნდა მიეთითოს „რძის შემცველი“. ეს ძირითადად იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს და ადვილად გაარჩიოს ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქთან აქვს საქმე თუ არა. ქვეყნის მასშტაბით ბიზნესოპერატორებს, რომელთა სავაჭრო ქსელშიც მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული „რძის პროდუქტები“ იყიდება, უკვე აჯარიმებენ.

 

ელგუჯა ბარამიძე აცხადებს, რომ იმ რეგულაციების დაცვა, რასაც კანონი მოითხოვს, არ გაუჭირდება: „კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის და არა ერთისთვის. მე თუ მომთხოვენ ყველა სტანდარტის დაცვას, სხვასაც უნდა მოსთხოვონ – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ერთმა მწარმოებელმა მეორეს წარმოებული პროდუქტის  ხარისხით უნდა აჯობოს. მე თუ მომთხოვე, გამაკეთებინე და გამიძვირდა პროდუქტის თვითღირებულება, სხვას კი გაატარებენ და კალთას გადააფარებენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაჩაგრული გამოვდივარ მე და მოტყუებული გამოდის მომხმარებელი, რომელსაც ჰგონია, რომ ნატურალურ რძეზე დამზადებულ პროდუქტს ყიდულობს“.

 

რეგულაციები გულისხმობს არაერთი წესისა და სტანდარტის დაცვას რძის წარმოების მთელ პროცესში – დაწყებული საძოვრებიდან, დამთავრებული პროდუქტის რეალიზაციით. ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ყველა ფერმერს, ვისგანაც ის რძეს ყიდულობს, აქვს სპეციალური ცნობა „ფორმა 2“, რძის უვნებლობაზე: „გარდა ამისა,  ტარდება კვლევებიც, არის თუ არა სოფელში პირუტყვი დაავადებული, ტარდება უფასო აცრა. თუ დამატებითი რამ იქნება საჭირო და მოსახლეობას საშუალება არ ექნება, შეიძლება ჩემი ხარჯებითაც ავცრა პირუტყვი, შესაბამისი დასკვნა და საბუთიც რომ მქონდეს პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დღეს 100-120 ადამიანისგან ვყიდულობ რძეს. მალე, ალბათ, ეს ციფრი 200-მდე გაიზრდება. როცა გადამუშავებულ პროდუქტს გავყიდი, მომხმარებელთან უნდა ვიყო პირნათელი და დარწმუნებული იმაში, რომ რძე გადამუშავებამდე და შემდეგ პრდუქტიც, იყო და არის უვნებელი“.

 

ელგუჯა ბარამიძის თქმით, ნატურალური რძისგან წარმოებული სულგუნით უკვე უცხოეთშიც დაინტერესდნენ: „მყიდველი გამოჩნდა ამერიკიდანაც, თუმცა ველოდები ამ ახალი ქარხნის აშენებას და ყველა შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებას. შემდეგ გავა ექსპორტზეც ამერიკაში, ჯერ მოლაპარაკება გვაქვს“.

 

ფოტო მანანა ქველიაშვილის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: