დეპუტატი ქედაში ინერტიული მასალის მოპოვების პროცესის შეჩერებას ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ დღეს, სოფელ დოლოგანში, მდინარე აჭარის წყალზე ინერტიული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინეტრიული მასალის მოპოვება აქ კანონდარღვევით ხდება, მისი განცხადებით მაღალი გამავლობის ავტომობილების ხშირმა გადაადგილებამ შიდა სასოფლო გზა მწყობრიდან გამოიყვანა, დეპუტატი ინერტიული მასალის მოპოვების შეჩერებას და სასოფლო გზის მოწესრიგებას მოითხოვს.

„სოფელ დოლოგანში მდინარე აჭარისწყალთან ინერტიული მასალის მოპოვება კანონდარღვევით ხდება, დოლოგნიდან სოფელ ჭალახმელასთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს, დაახლოებით 10 მეტრში კომპანია ინერტიულ მასალას მოიპოვებს, რაც კანონ დარღვევაა, კანონით ინერტიული მასალის მოპოვება მხოლოდ ხიდიდან 60 მეტრის დაშორებით უნდა ხდებოდეს, გარდა ამისა შიდა სასოფლო გზა ავარიულ მდგომარეობაშია, გასულ წელს დაგებული რკინა-ბეტონის საფარი მთლიანად ამოყრილია და ბავშვებს გადაადგილება უჭირთ“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს

უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ბადრი გოგიძემ უპასუხა.

ბატონო ბადრი, 2015 წელს რა პროგრამები განხორციელდა და თუ იგეგმება რაიმე სიახლე 2016 წლისთვის?

2014 წელს ჩვენ ვემსახურებოდით 30 ბენეფიციარს, ეს რიცხვი დღეს 45-მდეა გაზრდილი. პროგრამა ითვალისწინებს საღამოს შვიდი საათიდან დილის ათ საათამდე მომსახურებას. სუფთა საწოლს, აბაზანას, სამედიცინო მომსახურებას, ორჯერად კვებას – დილით და საღამოს. მომავალი ბიუჯეტისთვის ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა იგივეა.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო
მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო
რომ გაიზარდოს მოთხოვნა, მით უმეტეს ზამთრის პირობებში, ამისთვის არ გექნებათ დამატებითი თანხა გათვალისწინებული?

თუ გაჩნდება მოთხოვნა, მერია მოწოდებულია, დაგვეხმაროს და დამატებითი თანხები გამოყოს. შარშან წყალდიდობა რომ იყო, მაგ პერიოდში ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ შემდეგ 45-ზე მეტი აღარ გვყოლია.

სამედიცინო მომსახურებაში რა შედის?

წელს ტენდერი გამოვაცხადეთ და ხელშეკრულება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გავაფორმეთ. იმ ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებას, რომელთაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, მთლიანად ჩვენ ვანაზღაურებთ, დანარჩენი კი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ და თუ დამატებითი პროცენტები იქნება ასანაზღაურებელი, ჩვენი ბიუჯეტიდან ვუმატებთ.

რამდენი ლარია სამედიცინო ხარჯებისთვის გათვალისწინებული და რამდენმა ისარგებლა წელს?

ათი ათასი ლარია გამოყოფილი. წელს არ დაგვჭირვებია სამედიცინო მომსახურება, შარშან ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მოიტეხა ფეხი, გაუკეთდა ოპერაცია და 3 500 ლარით დავუფინანსეთ. ასევე, გვაქვს სამედიცინო პუნქტი ადგილზე და გვყავს ღამის ექთანი. მის მოვალეობაში ნემსების გაკეთება არ შედის, მაგრამ ელემენტარული დახმარება, წნევის გაზომვა იქნება თუ წამლის მიწოდება სიცხის დროს, ევალება. უფრო რთულ შემთხვევებში სასწრაფოს ვიძახებთ და გადაგვყავს.

მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯების გაზრდას აპირებთ, თუნდაც ამ მიმართულებით?

ერთ ბენეფიციარზე დღეში ათი ლარია გათვალისწინებული. წლიური ბიუჯეტი 200 ათას ლარამდეა.
რა ასაკის ადამიანები ცხოვრობენ თავშეფასარში და რომელი რეგიონებიდან არიან ძირითადად?

მოხუცები არიან ძირითადად. ოთხმოცი წლის მოხუციც მყავს, თუმცა ერთი ახალგაზრდა – 30 წლის ქალიც გვყავს გორიდან, რომელსაც სახლი არ აქვს. არიან ქალაქის მცხოვრებლებიც, რომლებმაც დაკარგეს სახლი, არიან სხვა ქალაქებიდანაც: თბილისიდან, გორიდან. რუსეთის ორი მოქალაქე გვყავს, რომლებსაც პასპორტი არ აქვთ და დარჩნენ ქუჩაში. სანამ საქართველოში არიან და მათი ექსტრადირება არ მოხდება, იცხოვრებენ თავშესაფარში. თავშესაფარში მოქალაქეები საპატრულო პოლიციას მოჰყავს და თუ პირი ძებნაში არ არის, ტოვებენ თავშესაფარში. ერთი უკრაინის მოქალაქეც იყო, რომელიც მალე გაამგზავრეს.

რა შეზღუდვები მოქმედებს თავშესაფარში?

განსაკუთრებული არაფერი. დილით უნდა გავიდნენ და საღამოს მოვიდნენ. სასმელზეა დამოკიდებული ბევრი და ჩხუბობენ ხოლმე, მაგრამ ამ პრობლემასაც ვაგვარებთ, დაცვის სამსახურთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს.

ტანსაცმელს სთავაზობთ თავშესაფარში მცხოვრებლებს?

ტანსაცმელს არ ვყიდულობთ, მაგრამ მოქალაქეებს მოაქვთ მეორადი ტანსაცმელი და იმით სარგებლობენ. ჩვენც ჩავატარეთ აქცია და მეორადი ტანსაცმელი შევაგროვეთ. თუ დასჭირდათ გამოცვლა, მარაგი გვაქვს.

რითი იკვებებიან, რა შედის მენიუში?

თავშესაფარში მშრალი კვებაა: ბუტერბროდები, ყველი, კარაქი, ომლეტი, სოსისი, ფუნთუშა და ჩაი.

შენობა გარემონტებულია?

სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ, ის ნაწილი გარემონტებულია, მერიამ გაარემონტა. სველი წერტილები და ოთახებიც მოწესრიგებულია. შენობაში არის ცენტრალიზებული გათბობაც. ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანია განთავსებული – არის სამადგილიანი, ორიანიც და რვა ადგილიანიც. კომუნალურ გადასახადებს ჩვენი ორგანიზაცია ფარავს.

დღესასწაულებზე რაიმე განსხვავებულს თუ სთავაზობთ ამ ადამიანებს?

მენიუში ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში ტკბილეულს ვჩუქნით ან ხაჭაპურს ვუცხობთ.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო
მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

შსს სახანძრო მანქანებში 50 მილიონ ლარს გადაიხდის

არაუმეტეს 50 მილიონი ლარის ღირებულების სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიან (2016-2017 წ.წ) შესყიდვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ელექტრონული ტენდერით განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საჭირო თანხის მობილიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა (2016 წელს არაუმეტეს − 30 მილიონი და 2017 წელს − 20 მილიონი ლარის).

ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს  შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის  10 მილიონი ლარი უნდა გამოეყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

2014 წელს აჭარაში 5 ტონიანი სახანძრო მანქანები გადაეცა ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს, ხოლო 3 ტონიანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. ახალი სახანძრო მანქანების საერთო ღირებულება მილიონი ლარი იყო.

როგორ აისახება სიღარიბე განათლებაზე

დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული?

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”, რამდენიმე წელია მიუსაფარი ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქმიანობს. ამჟამად ცენტრი თბილისში არსებულ ერთ ტრანზიტულ და ერთ “World vision-ის” დღის ცენტრში 25-მდე ქუჩაში მყოფ ბავშვთან მუშაობს. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო თოდუას ინფორმაციით, ერთ ცენტრში 6 ბავშვი ირიცხება, მეორეში კი – 15. მოზარდების ასაკი შვიდი წლიდან 18 წლამდეა. ნინო თოდუას ინფორმაციით, ცენტრში ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. “14 წლის ბავშვი გვყავს ასეთი და 11 წლის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბავშვები დღის ცენტრებთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში ჩაგვერიცხა. ასეთი ბავშვებისთვის სახელმწიფოს სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, ეს გეგმა, ბუნებრივია, ისეთი ვერ იქნება, რასაც წლების განმავლობაში მათი თანატოლები გადიან”.

ნინო თოდუას თქმით, ქუჩაში მყოფი ბავშვების სწრებადობა გაკვეთილებზე ნაკლებია – ისინი სკოლაში 1-2 საათზე დიდხანს არ ჩერდებიან.

“ბევრი გაცდენა აქვთ, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზეც”, – ამბობს ნინო თოდუა.

გარდა ღარიბი ბავშვების განათლებაზე ხელმისაწვდომობისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ექვს საჯარო სკოლაში 50 მასწავლებელს უტარებენ ტრენინგს, რათა უკეთ შეძლონ მიუსაფარ ბავშვებთან სწორი ურთიერთობა და მათი მოტივაციის ამაღლება.

“იუნისეფის მონაცემებით, შვიდი წლის წინ ქუჩაში დაახლოებით 1500 ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვთა სახლების გაუქმების შემდეგ ეს რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო სოციალური ფონის გაუარესებამაც”.

ნინო თოდუას აზრით, სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებში სიღარიბის შესამცირებლად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, თეორიულად ყველაფერი კარგია, თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს:
“ფურცელზე ყველაფერი შთამბეჭდავია, მაგრამ გაცილებით ბევრი ბავშვია ქუჩაში, ვინც განათლების გარეშე რჩება. მე არ ვიცი კონკრეტული ფორმულა, როგორ უნდა დააღწიოს სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბეს თავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ასეთი ბავშვების მიმართ”.

ნინო თოდუას თქმით, მშობლების გარკვეული ნაწილი მიუსაფარი ბავშვების მიმართ არატოლერანტულია: “ყოფილა შემთხვევები, როცა თანაკლასელის დედას მიუმართავს განცხადებით დირექტორისთვის, რომ გაერიცხა ასეთი ბავშვები სკოლიდან. შვილებს უკრძალავენ მათთან მეგობრობას, სტიგმური დამოკიდებულება გვაქვს. ეს, თავის მხრივ, რიყავს ამ ბავშვებს და აბოროტებს საზოგადოების მიმართ”.

რატომ ვერ დაძლია სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბე? – გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები ბავშვების სიღარიბის ბოლო კვლევა 2013 წელს ჩაატარა. 2011 წლის კვლევებთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით იყო გაუარესებული. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის კვლევებს ყოველ ორ წელიწადში ატარებს. რა შეიცვალა ბავშვთა სიღარიბის კუთხით ბოლო ერთ წელში და როგორ აისახება ლარის ინფლაცია ბავშვების სიღარიბეზე? – ამ პროცესების კვლევას ორგანიზაცია ახლა იწყებს და შედეგები სამ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, მოკვლევითი მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფომ ბავშვთა მიმართ სოციალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელის, თინათინ ბაუმის თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს.
“ბოლო კვლევების დროს, ფარდობითი ეროვნული სიღარიბე ყველა ჯგუფში იყო მიმართული კლებისკენ, გარდა ბავშვებისა. ბავშვთა სიღარიბე 28 პროცენტამდე იყო გაზრდილი.

სიღარიბის მაჩვენებლის კლება სოციალური პროგრამების ფონზე მოხდა. პენსია 100 ლარიდან 160 ლარამდეა გაზრდილი, გაორმაგდა მიზნობრივი დახმარება და 24 ლარიდან 48 ლარამდე გაიზარდა, თუმცა სახელმწიფო ამ პროგრამებში მაინც ვერ ხედავს ბავშვებს. სოციალური ინვესტიციებით გარკვეულმა ჯგუფებმა ისარგებლეს, მაგრამ ბავშვები აღმოჩნდნენ გვერდზე”, – ამბობს თინათინ ბაუმი. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მიდგომა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სოციალური დაცვის სისტემას მკვეთრად გამოხატული მიზანი მისცეს.

“მიზნობრივი დახმარების პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი დიდი კომპონენტია. ის კონკრეტულად ბავშვების კეთილდღეობაზე არ არის მიმართული. თუ ბავშვი არის შშმ პირი, ის იღებს პენსიას, ან თუ რაიმე კონკრეტული პროგრამის ბენეფიციარია, იმ შემთხვევაშიც, მაგრამ, როცა ბავშვი ღარიბ ოჯახში იბადება, ეს არის დამატებითი ტვირთი, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური. ასეთ ოჯახებს სხვანაირი დახმარება სჭირდებათ.

სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა უფრო მოწყვლადი უნდა გახდეს. ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის უკიდურესად ღარიბი კატეგორიიდან საშუალო კატეგორიაში გადაყვანა სოციალური შემწეობით. ეს ოჯახი ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ აღმოჩნდეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაში. ეს იმიტომ, რომ დღეს არსებული სოციალური პოლიტიკა არ ითვალისწინებს პრევენციას. ასეთ დროს ყველაზე მეტად იჩაგრებიან ბავშვები”.

თინათინ ბაუმის თქმით, განვითარებული სახელმწიფოები სწორედ პრევენციას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, როცა ერთმანეთთან კარგად არის დაკავშირებული სერვისები, თანხები და სახელმწიფომ იცის, რისი მიღება უნდა სამომავლოდ: “მხოლოდ სიღარიბის შემცირება, თუ ის, რომ დავიცვათ ოჯახები, რომლებიც არასწორი სოციალური პოლიტიკით კვლავ აღმოჩნდებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში”.

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი გამაგრებითი სამუშაოები რომც ჩაუტარდეს, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. მოსახლეობა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მერიისგან მათი წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილი აქვთ არ მისცენ მერიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და სახლის მიმდებარედ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის გაგრძელების საშუალება.

„ბათუმის შემოვლითი გზის [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] მშენებლობის სამუშაოებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა პერიოდში ისედაც უხარისხოდ აშენებული 5-სართულიანი კორპუსი [მაიაკოვსკის ქუჩა №55/24] – მანიშნებლებზე გაჩენილმა ბზარებმა, ასევე კონსტრუქციის რღვევამ კორპუსის ქვედა ნაწილში პრაქტიკულად დაგვანახა, რომ მძიმე სამუშაოებს და ინტენსიურ მოძრაობას 50 წელს გადაცილებული სახლი ვერ გაუძლებს. ეს საფრთხე აღნიშნულია არაერთ საექსპერტო დასკვნაში და მოქალაქეები ამ დრომდე ველოდებით ქალაქის თვითმმართველობიდან შესაბამისი ზომების მიღებას“, – აცხადებენ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები. ამ ავარიულ სახლში 45 ოჯახი ცხოვრობს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მერიის ყურადღების მისაქცევად თავის დროზე გზაც კი გადაკეტეს, თუმცა მათთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს: „გზის მშენებლობა შევაჩერებინეთ, თორემ კიდევ უფრო დაზიანდებოდა სახლი“.

კორპუსს 1977 წელშიც ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა, სახლი დღესაც ავარიულია.

2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით – „შენობა ავარიულია, გასამაგრებელია მისი საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“. ეს დასკვნა სახლის ამხანაგობის დაკვეთით შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა.

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ცენტრის 2014 წლის დასკვნით კი, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად „აუცილებელია ყველა სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული რკინაბეტონის სარტყლის გაძლიერება და სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“. ცენტრმა აღნიშნული კორპუსის მდგრადობის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ბათუმის მერიის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. ამ დროს დადგინდა, რომ „კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო“. 

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა „ბათუმის კორპუსმა“ „დეტალური კვლევა-ძიების ჩატარება და დეტალური გამოკვლევის საფუძველზე გამაგრება გაძლიერებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 2015 წლის 30 ივლისს გამოაცხადა.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „სეისმომედეგი პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრი“ მონაწილეობდა, რომელთანაც გაფორმდა კიდეც 25-ათასლარიანი ხელშეკრულება.

ბათუმის მერიის ინფორმაცით, „უკვე გაკეთებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც სახლი იქნება გამაგრებული, საცხოვრებლად ვარგისი და ის მიიღებს თავდაპირველ მდგომარეობას“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის 440 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მერიის განცხადებით, „ეს გულისხმობს სახლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას. ასევე საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და აბსოლუტურად ყველა საჭირო ღონისძიებას“.

საწინააღმდეგოს ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები: „გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი გამაგრებითი სამუშაოების პროექტი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ გამაგრებას და, შესაბამისად, შემოვლითი გზის დასრულების შემდგომ გზაზე ინტენსიური მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს შენობის კონსტრუქციას. საფთხის ქვეშ არის ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. პროექტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული კორპუსის ფასადის სრული გამაგრება: ჩვენგან გაუგებარი მიზეზების გამო, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ფასადის სამ მხარეს, წინა მხარეს კი დამატებითი კედლის აშენება არ იგეგმება, ანუ პრაქტიკულად რისკი რისკად დარჩება.

ამასთან, არ იგეგმება სართულშორისი გამაგრება. გვესმის, რომ ეს დაკავშირებულია უშუალოდ მობინადრეთა კუთვნილ საცხოვრებელ ფართობებში ცვლილებების შეტანასთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა ოჯახების დროებით გამოსახლებას და მათი მხოლოდ გამაგრების შემდეგ დაბრუნებას. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი გაღებაც, როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტს არ უნდა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ქალაქის მერია არასათანადოდ ეპყრობა აღნიშნულ საკითხს. პროექტი მოქალაქეების გვერდის ავლით შედგა და ჩვენი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული“.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ არიან მოწადინებულები ჯიუტად მოითხოვონ  ალტერნატიული ფართობი – „ჩვენთვის მთავარია, კორპუსი გამაგრდეს მყარად, ისე, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადში არ დადგეს მისი დემონტაჟისა და ჩვენი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილების აუცილებლობა“.

როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს: „სამუშაოებზე პასუხისმგებლია ექსპერტიზის ცენტრი, რომელმაც სამხარაულის დასკვნის საფუძველზე შეადგინა გამაგრებითი სამუშაოები და ის შეესაბამება ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა გზის გაყვანის დაწყებამდე იყო დაზიანებული, მერია იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს სახლი გამაგრდეს და იქნეს საცხოვრებლად ვარგისი“.

„ბათუმელები“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაუკავშირდა.

„არსებული პროექტი განხორციელებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული სახლის მდგრადობა შენარჩუნებულ იქნეს. ჩვენ მიერ განხორციელდა არსებული სახლის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, შემუშავებული იქნა ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც ასახულია საპროექტო დოკუმენტაციაში. ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ სახლის მდგრადობას უსაფრთხოება არ შეექმნება არასოდეს. ტექნიკური დავალება რაც იყო დამკვეთის მიერ მოცემული, შევასრულეთ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „სეისმომედეგი პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრის“ მთავარმა ინჟინერმა ალექსანდრე ბერძენიშვილმა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიის მიერ შესყიდულ პროექტს, ექსპერტიზის მიზნით,  სამხარაულის ბიუროში ახლა თავად წარადგენენ და ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, მერიას არ მისცემენ საშუალებას, გააგრძელოს ახალი გზის მშენებლობა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობამ ბათუმის მერს და სახალხო დამცველსაც კი მიმართა.

„იმედი გვაქვს, საკითხს უახლოეს დღეებში ჩვენთან ერთად განიხილავთ და დათანხმდებით ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის ისეთ ფორმას, რომელიც საშუალებას არ მისცემს კომპანიას  კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ჩაატაროს, შემოვლითი გზის ჩვენი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვისადმი გაგზავნილ წერილში.

ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17-18 დეკემბერს ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა “BATUMBUILD 2015″  მეხუთედ გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ  როგორც  ადგილობრივი,  ისე  უცხოური  კომპანიები.  გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი,  სომხეთი, პოლონეთი,  უკრაინა, რუსეთი და სხვა.

წინასწარი ინფორმაციით, წელს პირველად გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.

„BATUMBUILD 2015“ ორგანიზატორია საგამოფენო  კომპანია ’’GEONET EXPO’’. თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,984 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის უკვე მესამე პროექტის პრეზენტაცია 28 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.

„ჩვენი გათვლით აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება“ – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.“

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალი 25 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია სამინისტრომ სპეციალურად სტადიონისა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის შექმნა [ახალი საავადმყოფო ამჟამინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე აშენდება]. ახალი კომპანიის შექმნა სამინისტროს მხრიდან სტადიონის პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტამ განაპირობა. ზემოაღნიშნული კომპანია კი მაშინ ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.

ბათუმის სტადიონის მაკეტი

250 ათასი ლარი „ბათუმის წყლის“ დასაცავად

„ბათუმის წყალი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, ობიექტებისა და მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთების დაზიანების, ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან დასაცავად „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ ხელშეკრულებას 250 ათას ლარზე გააფორმებს.

დაცვის მომსახურება გულისხმობს „ბათუმის წყლის“ სარგებლობაში არსებული ზემოაღნიშნული ქონების (მათ შორის წყალსაცავისა და წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის) დაცვას სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

რაც შეეხება სავარაუდო თანხას, „ბათუმის წყლის“ განცხადებით ის დასაცავი ობიექტების მოკვლევის აქტებისა და „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების საფუძველზე იქნა გამოთვლილი.

შპს „ბათუმის წყალი“-ს 100% წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. თავის მხრივ ბათუმის მერია დაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულებას 571 620 ლარზე გააფორმებს.

დაცვის დეპარტამენტმა ახალი ხელშეკრულებებით ქონების დაცვა 2016 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით  განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები 210 მილიონზე მეტია. სხვაობა შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის 47 448 500 ლარია. მიმდინარე წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები იკლებს, საბიუჯეტო ხარჯები სამომავლოდ 26,5 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

კითხვაზე, რითი აპირებს მთავრობა სამომავლოდ აღნიშნული 47 მილიონზე მეტი ლარის დეფიციტის შევსებას – აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასე გვიპასუხეს: „2015 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 117%-ით შესრულდა. ასევე პრივატიზების კუთხით ველოდებით ბიუჯეტის 200%-იან შესრულებას. ეს იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ 2015 წელს შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდება. ეს გადაჭარბება ფინანსური აქტივების ნაშთის სახით და სხვა არსებული რესურსები, გამოყენებული იქნება 2016 წელს. აქედან გამომდინარე, აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი არ არის დეფიციტური“.

2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ხარჯის 18,6% ანუ 39 მილიონზე მეტი, ხელფასებში დაიხარჯება. ზოგადად, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 3 477 100 ლარითაა გაზრდილი [თუმცა, აქედან 2 მილიონზე მეტი მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. შესაბამისად, უშუალოდ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუდმივად დასაქმებულთა ხელფასები სამომავლოდ 813 300 ლარით გაიზრდება].

აჭარის უწყებები, მათში მომუშავეთა რაოდენობა და დაფინანსება პროგრამების ჩათვლით - 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით
აჭარის უწყებები, მათში მომუშავეთა რაოდენობა და დაფინანსება პროგრამების ჩათვლით – 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 19 თანამშრომელია, მაგრამ, ვინაიდან 2016 წელი საარჩევნო წელია, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციაში 4 559 ადამიანი დასაქმდება [სწორედ ამ ადამიანების ხელფასებისთვისაა გამოყოფილი 2 663 800 ლარი].

89 500 ლარით მეტი იქნება უმაღლესი საბჭოს დაფინანსება მომავალი წლისთვის, თუმცა პროექტის მიხედვით, ხელფასების მუხლი მხოლოდ 10 ათასი ლარით იზრდება. უმაღლეს საბჭოში გამოყოფილი თანხის 70%-ზე მეტი 3,4 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯეაბა.

აჭარის მთავრობასა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურება 192 800 ლარით გაიზრდება და ჯამში ხელფასებში 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან თითქმის 10 მილიონამდე ლარით მცირდება, თუმცა მომუშავეთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი უცვლელი რჩება.

მომავალი წლიდან 478 600 ლარით შემცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც მხოლოდ 119,4 ათასი ლარია გათვალისწინებული. „დაზუსტდა იმ ბენეფიციართა სია, რომლებზეც ბანკმა გასცა სესხი და სწორედ ამდენი ლარია საჭირო პროცენტის დასაფარად. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბანკთან მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის დაფინანსების კუთხით და შესაძლებელია უმაღლესი საბჭოდან შენიშვნებით დაბრუნებულ ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის თანხა გაიზარდოს“, – აცხადებენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვას [ბათუმის ბულვარი], მისთვის 6 340 400 ლარი დაიხარჯება.

11 ადამიანით გაიზრდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის ქვემდებარე ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხვი. ხელფასებისთვის კი ჯამში 16 275 900 ლარია გათვალისწინებული [რაც 471 700 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებთ].

განათლების სფეროში აღარ დაფინანსდება სასკოლო კლუბების ხელშეწყობა. სამინისტრო ასევე აღარ დააფინანსებს პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამას [მწერალთა შემოქმედებითი და მხატვართა კავშირები].

აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტში ცალკეა გაწერილი სსიპ „ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლება“, რომლისთვისაც 2016 წელს 360 300 ლარია გათვალისწინებული.

რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016 წელში დაფინანსებას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლებიც, რისთვისაც 3 585 000 ლარია გამოყოფილი. აქედან რუსთაველის უნივერსიტეტისთვის – 2,4 მილიონი ლარი, საზღვაო აკადემიისთვის – 390 ათასი, ხოლო ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისთვის 795 ათასი ლარი.

მომავალ წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის ქვემდებარე უწყებებში, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 95 ათასი ლარით გაიზრდება.

აღნიშნულ სფეროში მომავალი წლისთვის ახალი პროგრამებიც დაფინანსდება. მაგალითად: ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება – 700 ათასი ლარით; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – 350 ათასი ლარით; ბავშვთა ადრეული განვითარება – 172 800 ლარით.

3 მილიონი ლარია გათვალისწინებული 2016 წლისთვის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

43 900 ლარით გაიზრდება ხელფასები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის ქვემდებარე უწყებებში და ჯამში სახელფასო ფონდი, სამომავლოდ 2,4 მილიონზე მეტი იქნება.

სოფლის მეურნეობის პროგრამებში სიახლეა თხილის შესაგროვებელი აპარატებითა და გამრჩევი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც სამომავლოდ 95 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მომავალ წელს სამინისტრო აღარ დააფინანსებს სასათბურე კონსტრუქციებით, მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით, მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით, ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამებს. თუმცა, 2016 წლისთვის დაგეგმილია ორი ახალი პროგრამის დაფინანსება: მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში [ციტრუსი, თხილი], რისთვისაც 1 მილიონ 132 ათასი ლარია გათვალისწინებული და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 51 700 ლარით დაფინანსდება.

ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შემცირდება მომავალი წლიდან  აგროსერვისცენტრის დაფინანსებაც, სადაც 74 ადამიანია დასაქმებული. ამ ცენტრისთვის სულ 1 113 100 ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 63%, ანუ 700 ათას 300 ლარი ხელფასებში დაიხარჯება.

რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტებიც: ბათუმი  – 15 მილიონს, ქობულეთი – 13 მილიონს, ქედა – 4 მილიონს, ხელვაჩაური და ხულო – 3-3 მილიონს, შუახევის მუნიციპალიტეტი კი – 2 მილიონ ლარს.

მთლიანობაში, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის მთავრობის მიერ .. პრიორიტეტები სამომავლოდ, ფაქტობრივად, უცვლელია. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსოსაბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ კი კანონპროექტის განსაზღვრულ დროში განხილვა ვერ მოასწრო. უმაღლესი საბჭოს ბიურომ განხილვის ბოლო ვადად კომიტეტს 30 ნოემბერი განუსაზღვრა. თუმცა კანონით, უმაღლესმა საბჭომ ამავე დღეს უნდა დაუბრუნოს კანონპროექტი მთავრობას შენიშვნებით. მთავრობას კი ამის შემდეგ ორი კვირა ექნებაგაითვალისწინოს შენიშვნები ან არა, რის შემდეგაც კანონპროექტი ისევ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე აცხადებს, რომ „შენიშვნები აქვთ“, თუმცა ამ შენიშვნებს ამჯერად დასკვნის სახით აყალიბებენ და მზად 30 ნოემბრისთვის ექნებათ.

უმაღლესი საბჭო კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებით, შემდეგ ნორმასაც დააკანონებს: „ნება დაერთოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხის გადანაწილება“. თანხის ასეთი ლავირებით კი, მთავრობის მიერ გეგმის შეუსრულებლობის რისკი ფაქტობრივად მინიმუმამდე დადის.

ნახევარი მილიონი ლარი და 66 პოლიციელი ბათუმის მერიის დასაცავად

ბათუმის მერია შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულებას 571 620 ლარზე გააფორმებს. 2016 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მერიის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობებისა და საწყობის დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით და არ უნდა დაუშვას ობიექტებზე უცხო პირების შესვლა.

მერიის ინფორმაციით ,,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ობიექტებში არსებული ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა“.

ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული დასაცავი ობიექტები ქ. ბათუმში განლაგებულია შემდეგ მისამართებზე: ლ. ასათიანის ქ. №25; მ. ლერმონტოვის ქ. №90ა; ს.ს. ორბელიანის 10; მ. ვარშანიძის 74ა; მერიის საწყობი – აეროპორტის გზატკეცილი N257 [სადაც განთავსებულია მერიის ადმინისტრაციული შენობები, მატერიალურ ტექნიკური ბაზა].

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.

ბათუმის მერიის განმარტებით: „მერიის შენობებში განთავსებულია პერსონალური, საარქივო დოკუმენტაციები, მერიის საწყობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ობიექტები მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენენ აუცილებელ დანიშნულების ობიექტებს და აუცილებელია განხორციელდეს მათი სათანადო დაცვა… შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა წინა წლებში ანალოგიური მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტითან“ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და დასაცავ ობიექტებზე წარმოდგენილი დაცვის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების საფუძველზე. კერძოდ: სულ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასაცავ ობიექტებზე დასაქმებულ პოლიციელთა რაოდენობა შეადგენს: 1 უფროსი (სახელფასო განაკვეთით თვეში – 1200 ლარი); 4 ინსპექტორი (თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 900 ლარი), 61 უმცროსი ინსპექტორი (თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 700 ლარი), ერთი საგანგაშო ღილაკი. შესაბამისად: მომსახურების ჯამური ღირებულება ერთ თვეში შეადგენს – 47 635 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 2016 წლის განმავლობაში შეადგენს 571 620 ლარს დღგ-ს ჩათვლით“.

დატბორილი ”ოცნების ქალაქი”

ბათუმთან ახლოს მდებარე დასახლებაში, რომელსაც “ოცნების ქალაქს” უწოდებენ, 18 ოჯახი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. აქ ახლა მაშველებს ელოდებიან, რომ წყალი ამოტუმბონ. აქ მცხოვრები მაია ბოლქვაძე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავს ამბობს, რომ ღუმელს ახლა ტანსაცმლით ანთებს, რომ ბავშვი გაათბოს.

ეს „ოცნების ქალაქის” დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. დასახლება ძლიერი წვიმის დროს პერიოდულად იტბორება.

დასახლება სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში. აქ თვითნებურად ჩასახლებული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს სახელდახელოდ აგებულ ქოხებში, წყლისა და კანალიზიაციის გარეშე. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ეკომიგრანტები არიან. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.

იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული სტატია: ლაპარაკობენ ბავშვები

ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელი შპს „სტადიონის” დირექტორად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი შპს „სტადიონის“ დირექტორად გადაიყვანეს.
2204
ამ დროისთვის მის მოვალეობას მოადგილე გიორგი ვარშანიძე ასრულებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ე.წ„ხოფის ბაზრობის“ დირექტორის (სავაჭრო ცენტრი 2009) არჩილ კახიძის დანიშვნას გეგმავენ.

საახალწლო გალა კონცერტი ბათუმში ტენდერებში ეკონომიის ხარჯზე

35694აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით „საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული ფოლკლორის, კლასიკისა და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენლები, ასევე ევროპისა და ამერიკის ცნობილი პოპ-მუსიკოსები, მათ შორის ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი“. კონცერტი გაიმართება ბათუმში, 2015 წლის 31 დეკემბრის საღამოს და 2016 წლის 1 იანვარს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ „გრანდიოზული საახალწლო კონცერტის ჩატარების“ თხოვნით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმართა.

ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტის დაფინანსება 688 378 ლარით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 30 ნოემბრის ბრძანებით გადაწყდა.

სამინისტროს ინფორმაციით „ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხების მობილიზება მოხდა არსებული ეკონომიების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად მიღებულია ელექტრონული ტენდერების შედეგად. ამასთან, არსებული ეკონომიების საკმაოდ დიდი ნაწილის შესახებ სწორედ მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი“.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ „აღნიშნული ღონისძიებების დასაგეგმად მოლაპარაკებები სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს რამოდენიმე თვეა და ამ ეტაპზე მოძიებულ იქნა შესაბამისი პირი, ვინც უზრუნველყოფს სრული ღონისძიების ორგანიზებას, მათ შორის რამოდენიმე უცხოელი ცნობილი შემსრულებლის ჩამოყვანას, როგორიცაა ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ღონისძიების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს, ტრანსპორტირებას, სასტუმროს, საორგანიზაციო ხარჯებს, დეკორაციებს და ა.შ.“

სამინისტრო „შესაბამის პირთან“ [ვინც უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზებას], გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობას, როგორც აჭარის მთავრობისგან, ასევე შესყიდვების სააგენტოდან ითხოვს.

„აღნიშნული გალა კონცერტი დაუვიწყარ საახალწლო განწყობას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ამავდროულად რელევანტური პიარ-კამპანიის შემთხვევაში (რასაც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს) მოიზიდავს ტურისტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან. სწორედ ასეთი მასშტაბური ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას, მისი ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო კულტურულ რუკაზე და კულტურული ტურიზმის გზით რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ – მიაჩნიათ სამინისტროში.

შსს: ცემის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის საქმეზე ერთი პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც ბათუმში პედაგოგი სცემა პოლიციელებმა 29 ნოემბერს დააკავეს.

ბრალდებული საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში თუ მიმალვაში მყოფი იპოვეს? – “ბათუმელების” ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს.

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 44 წლის მამაკაცი ქუჩაში კომატოზურ მდგომარეობაში ნახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ის ნაცემი იყო. მამაკაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ნიშნავს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

ბათუმში პარაოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა

29 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა პარაოლიმპიური ფესტივალი „ბათუმი 2015“. შეჯიბრებები გაიმართა ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში, ყრუ-მუნჯთა შორის მინი-ფეხბურთში, შაშში, ნარსა და დარსტში.

ფესტივალში მონაწილეობდნენ გუნდები ბათუმიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, გორიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან.

ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში ბათუმისა და გორის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მოიგო გორის გუნდმა; ხოლო ყრუ-მუნჯთა შორის ბათუმის გუნდს ერგო გამარჯვება, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა.

ზურაბ ფიფია
ზურაბ ფიფია

„2011 წლიდან ვთამაშობ ფეხბურთს, ჩვენს გუნდში, ძირითადად ნაომარი ბიჭები ვართ. ოთხნი ვართ აფხაზეთში რომ დავიჭერით და კიდურები დავკარგეთ. უკვე მეოთხე წელია  თამაშდება  საქართველოს ჩემპიონატი და ჩვენი გუნდი საპრიზო ადგილზე ყოველთვის ვართ. ასეთი შეჯიბრებები მნიშვნელოვანია, რადგან მეტი ხალხი ერთვება სპორტში. მოწვევა რომ მოგვივიდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და ჩამოვედით.

ბათუმის გუნდმა წელს მიიღო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა და უკვე კონკურენტუნარიანი გუნდია. ხელისუფლების მხრიდან დაფინანსება თუ ექნათ წარმატებას მიაღწევს“ – თქვა „ბათუმელებთან“ კომეტნირებისას გორის ამპუტირებულთა გუნდის კაპიტანმა ზურაბ ფიფიამ. 

 


შედეგები

პარაოლიმპიური ფესტივალი ''ბათუმი 2015'', 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

შაშში გამოვლენილი საპრიზო ადგილები:

I ადგილი – ავთო ჭახნაკია – ოზურგეთი

II ადგილი – ბადრი აფხაზავა – ზუგდიდი

III ადგილი – გივი ჩიქოვანი – ზუგდიდი

 

 

ნარდში გამოვლენილი საპრიზო ადგილები:

პარაოლიმპიური ფესტივალი ''ბათუმი 2015'', 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

 

I ადგილი – გალაქტიონ ცქიფურიშვილი – ქუთაისი

II ადგილი – რევაზ ჩიქოვანი – ქუთაისი

III ადგილი – ავთანდილ აბულაძე – ბათუმი

 

   

 

დარსტში გამოვლენილი საპრიზო ადგილები ქალებს შორის:

პარაოლიმპიური ფესტივალი ''ბათუმი 2015'', 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

 

I ადგილი – ხათუნა კახაძე – ბათუმი

  II ადგილი – თინათინ გიორგაძე – ზუგდიდი

  III ადგილი – ანა წიქარაშვილი – ბათუმი

 

 

 

დარსტში გამოვლენილი საპრიზო ადგილები კაცებს შორის:

პარაოლიმპიური ფესტივალი ''ბათუმი 2015'', 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

 

I ადგილი – მირიან ჭანტურია – ქუთაისი

II ადგილი – გოჩა თავდგირიძე – ბათუმი

III ადგილი – გიორგი ბორჯელაძე – ბათუმი

 

 

 


 

ფესტივალი აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

„ეს ღონისძიება მეორედ ტარდება, პირველად 2013 წელს გაიმართა, მის შემდეგ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გაჩერებული ვიყავით“- უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გოჩა მუხაშავრიამ.

პარაოლიმპიური ფესტივალი ''ბათუმი 2015'', 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
მარცხნივ ლევან ოდიშარია| ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

ფესტივალს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარიაც ესწრებოდა: მან „ბათუმელებთან“ მსგავსი ღონისძიების მნიშნველობასა და ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიზნებზე ისაუბრა:

ბატონო ლევან, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი რას აკეთებს პარაოლიმპიური სპორტის პოპურარიზებისთვის?

პარაოლიმპიური კიმიტეტის ძირითადი ამოცანაა პარაოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა და წარმატების მიღწევა. გვაქვს გარკვეული წარმატებები, მაგალითად ზვიად გოგოჭური ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ეს არის უსინათლოთა მსოფლიო ჩემპიონატი), ასევე პარამკლავჭიდელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოიტანეს ყველა სინჯის მედალი.

ბათუმში აგვისტოში ჩავატარეთ – პარაფარიკაობაში, პარაწოლჭიმში, და პარამშვილდოსნობაში შეჯიბრება, ასევე ვაპირებთ ქუთაისსა და თბილისშიც ჩატარებას.

ვაპირებთ ვესტუმროთ ბათუმს და განვახორციელოთ პროექტი, რომელსაც ჰქვია „სასკოლო პარაოლიმპიური დღეები“ და სკოლის მოსწავლეებს გავაცნოთ პარაოლიმპიური მოძრაობა და ჩვენი სპორტსმენები. სპორტსმენები სკოლის მოსწავლეებს ესაუბრებიან იმის შესახებ თუ როგორ ჩაერთვნენ პარასპორტში როგორ ვარჯიშობენ, როგორც ემზადებიან შეჯიბრებებისათვის და და როგორ შეცვალა პარაოლიმპიურმა მოძრაობამ მათი ცხოვრება. ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ თბილისში და დიდი ინტერესი დავინახეთ სკოლის მოსწაველეებში. 2016 წელს (თარიღი ზუსტად არ გვაქვს დადგენილი), ვესტუმრებით ბათუმს და ქუთაისს.

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მასობრივი გახდეს და მეტი შეზღუდული შესაძლებლომის მქონე პირი ჩაერთოს, გაუჩნდეს სურვილი იყოს აქტიური სპორტსმენი.

რატომ აირჩიეთ სკოლის მოსწავლეები?

ჩვენ სკოლებში არის ინკლუზიური კლასები.  იმ თვალსაზრისით, რომ სკოლის მოსწავლეებმა სწორედ გაიაზრონ, და სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ თავიანთ თანაკლასელის მიმართ – მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ  და თანაბრად შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეალურად შეზღუდვები არ არსებობს. ვუშვებთ სპეციალურ ვიდეო-რგოლს, სადაც ასახულია როგორ ვარჯიშობენ, როგორ აღწევენ წარმატებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტმენები. ასეთ ღომისძიებას ცვლლებები შეაქვს მოსწავლეების წარმოდგენაში და სწორ წარმოდგენას უყალიბებს მათ თავიანთი თანაკლაასელის მიმართ.

ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე  წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს.

„ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი კომპანიისგან  დასრულებულია და ამ დოკუმენტებმა უკვე გაიარეს შემოწმების პროცედურებიც. ამჟამად მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, ვის შეეხება განსახლება ცეცხლაურში. გარდა ორი ოჯახისა, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ განსახლება, იქ არის ათობით მიწის ნაკვეთი, რითაც მოსახლეობა სარგებლობს. კომისიამ უნდა დააზუსტოს ნაკვეთების ფართობები, კონკრეტულად ვინ, რომელი ნაკვეთით სარგებლობს, ვის რა ზარალი შეიძლება მიადგეს ნაკვეთის ჩამორთმევით და თითოეულისთვის შესაბამისი კომპენსაციების ოდენობა“, – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  ეკატერინე ბახტაძემ. მისივე თქმით, კომპენსაციები გაიცემა დონორი ორგანიზაციების წესებისა და იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილზე მოკვლევის საფუძველზე მოამზადეს.

„საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის“ მიხედვით,  კომპენსაციისთვის გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარია [დაახლოებით 1 მილიონი ევრო]. ეს მოიცავს 20% გაუთვალისწინებელ ხარჯებს [დაახლოებით 413 ათას ლარს], რომელიც განკუთვნილია ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, იმ თანამშრომლების შემოსავალი, რომლებიც იმუშავებენ განსახლების გეგმის შესრულებაზე.

აღნიშნული თანხიდან 1,56 მილიონი ლარი გათვალისწინებულია როგორც ფულადი კომპენსაცია ადგილმდებარეობის მონაცვლეობისთვის [მიწის დაკარგვა მიწის მესაკუთრეებისთვის/რეგისტრებული მოსარგებლეებისთვის/მიტაცებული მიწებისთვის – 80-მდე ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი]; მიწის გადაცემისა და რეგისტრაციის ასანაზღაურებლად საჭირო დახმარებისთვის – 5 ათასი ლარი, ხოლო ფულადი კომპენსაცია სახლის და სხვა ნაგებობების ღირებულების შესაბამისად – 210 ათასი ლარი. პროექტით, სულ ცეცხლაურში მიწის შესყიდვისათვის 2 068 500 ლარი იქნება საჭირო.

საკომპენსაციო თანხაში შედის კომპენსაციის პაკეტი ნარჩენების შემგროვებლებისთვისაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მათთვის ახალი სამუშაოს მოძიების მიზნით პროფესიული სასწავლო პროგრამის შეთავაზება [დაახლოებით 30 ადამიანისთვის], ასევე კომპენსაციაა გათვალისწინებული ნაგავსაყარზე მოწყობილი დროებითი თუ მუდმივი თავშესაფრის დაკარგვისთვის, ნივთების გადატანისთვის თავანთ სახლში რეგისტრაციის მისამართზე, ფულადი კომპენსაცია გადატანის პერიოდისთვის დანაკარგის ანაზღაურებისთვის – სულ 33 ათასი ლარი.

„როდესაც ექსპერტები მუშაობდნენ ადგილზე, ნახეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაკავშირებული არიან არსებულ ნაგავსაყრებთან და ნაგვის შეგროვებიდან იღებენ გარკვეულ შემოსავალს, სოციალურ სარგებელს. მათი რეკომენდაციით ამ ადამიანების მიმართ გარკვეული ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ. აუცილებელი არ არის ფულადი კომპენსაცია, შესაძლებელია შევისწავლოთ ეს ადამიანები და სხვადასხვა ფორმის დახმარება შევთავაზოთ. ჯერჯერობით ამ ადამიანების აღწერა და გადამოწმება არ მომხდარა. მითუმეტეს, არსებული ნაგავსაყრების დახურვის პროცესიც არ არის დაწყებული,“ _ ამბობს ეკატერინე ბახტაძე.

„გარემოსა და სოციალური ზემოქმედების არატექნიკურ ანგარიშში“ აღნიშნულია, რომ `ბათუმის ნაგავსაყარზე მუშაობს 50-70 ნარჩენების მკრეფავი, ქობულეთში კი – 10-15. გარდა ამისა, 11 თავშესაფარია ბათუმის ნაგავსაყარზე, აქედან 2 თავშესაფარი სოფლის მეურნეობითა და მსხვილფეხა საქონლით“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნარჩენების შემგროვებლები არ არიან დასაქმებული და მათ არ აქვთ შემოსავლის სხვა წყარო. მათ შორის რამდენიმე ქალია. ნაგავსაყრებზე ნარჩენების შეგროვებაში ასევე პერიოდულად მონაწილეობენ მოზარდებიც.

ექსპერტთა რეკომენდაციით, ნარჩენების შემგროვებლებთან დაკავშირებულ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის ორი ვარიანტი განიხილება: ოფიციალური სამუშაოს შეთავაზება კომპანია „ჰიგიენა 2009“-ში, რომელმაც ოპერირება უნდა გაუწიოს ახალ ნაგავსაყარს [ასევე ჰიგიენის ნორმების დაცვით, ნარჩენების შეგროვების ნების დართვა ნაგავსაყრების დახურვამდე], ახალი სამუშაოს მოძიებისთვის მათი პროფესიულ ტრენინგებში ჩართულობა და სოციალური დახმარება.

„ეს ვარიანტები მიზნად ისახავს ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას ნარჩენების შემგროვებლებისთვის… თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანია დაზარალებულ ადამიანებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის. შესაძლებელია ახალი ვარიანტიც გამოიკვეთოს,“ – აღნიშნულია რეკომენდაციაში.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება [გსზშ] ბოლოს 2015 წლის ივნისში განახლდა. გსზშ-ს სამუშაო ვერსია სამინისტროსა და EBRD-ს 2013 წლის 3 ივლისს წარედგინა, თუმცა მასზე მუშაობა განახლდა, ვინაიდან ჩაქვის ნაცვლად ახალი ნაგავსაყარის აშენება  ცეცხლაურში გადაწყდა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პროექტი განხორციელდება შპს „ჰიგიენა 2009“-ს მიერ, რომელიც ჩამოყალიბდება და იქნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში. თუმცა, ჯერჯერობით, კლიენტად და პროექტის მფლობელად მიიჩნევა სამინისტრო. იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი EBRD-ის მოთხოვნები, მნიშვნელოვანია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება შპს `ჰიგიენას~, კვალიფიცირებული და შესაფერისი პერსონალის დაკომპლექტებით.

„ჰიგიენა 2009“-მ ოფისმენეჯერისა და შესყიდვების ექსპერტის თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადა. „კონკურსი ჩატარდა, თუმცა ვერავინ ვერ შეირჩა. ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები,“ – განაცხადა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონის მოწყობას. ასევე განხორციელდება ბათუმისა და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული სამი ნაგავსაყრის კონსერვაცია. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი, სამინისტროს მონაცემებით, 7 მილიონი ევროა [კონსულტანტები აღნიშნავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული თანხა ბათუმის ნაგავსაყრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად კონსერვაციისთვის საკმარისი არ იქნება].

ახალი ნაგავსაყრის ექსპლოატაციის პერიოდია 21-დან 35-წლამდე [35 წელი იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერდება ნარჩენების გადამუშავების სექცია]. ნაგავსაყრის უჯრედის საერთო ფართობი 11,5 ჰექტარი იქნება, 15 მეტრი სიმაღლით.

ცეცხლაურის ნაგავსაყარი ბათუმიდან დაახლოებით 50 კმ-ით იქნება დაშორებული, რაც ქალაქიდან ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯს თითქმის 6-ჯერ გაზრდის. ამიტომ კონსულტანტების მიერ ბათუმსა და ცეცხლაურს შორის შუალედური სადგურის აშენებაც განიხილება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე „ჰიგიენა 2009“-ში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება დროში არ გაწელილა, თუმცა იმავე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დღესაც მითითებულია, რომ პროექტის განხორციელების პერიოდია 2010-2015 წლები.

`საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტში~ ასევე მოცემულია სავარაუდო გრაფიკი, რომლითაც მიწის მოსარგებლეების იდენტიფიცირება სასურველი იყო დასრულებულიყო მიმდინარე წლის ივნისში, ნარჩენების შემგროვებლების მონიტორინგი მომხდარიყო ივნის-ნოემბერში, მათი აღწერა _ ოქტომბერში, ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმა პირველი დეკემბრისთვის ყოფილიყო მზად.

პროქტის დროში გაწელვის გამო საბიუჯეტო თანხის დაზოგვის მიზნით, გასულ წელს რეკომენდაცია ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც, თუმცა, როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტრომ ის არ გაითვალისწინა: „აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არ განხორციელებულა შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო თანხის სრულად ათვისება და, შესაბამისად, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები…  განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ისევ ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება. შედეგად 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოყოფილი 3 მილიონი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და, შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, გადახდილია სულ 153,8 ათასი ლარი“.

პარაოლიმპიელები ბათუმიდან

2012 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი. ამჟამად კომიტეტში 20-ზე მეტი პარაოლიმპიელი სპორტსმენი და რვა სახეობაა – ნარდი, შაში, დარტსი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მშვილდოსნობა.

ზვიად დუმბაძე
პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ამპუტირებული კიდურები, დარღვეული მხედველობა, დაქვეითებული სმენა, ცერებრალური და ქვედა კიდურების დამბლა. ტარდება როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე ზაფხულის. პარაოლიმპიადა წელიწადში ოთხჯერ იმართება და იწყება ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან მეორე დღეს.
პარაოლიმპიელებს შორის 10 სპოტსმენი ამპუტირებულია, მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კიდურები. მათ შორის არის აგვისტოს ომის მონაწილეც: „ფეხბურთის გუნდში ორი თვის წინ მოვედი. სპორტს სტუდენტობის დროსაც მივყვებოდი. სკოლაში როცა ვსწავლობდი, მაგიდის ჩოგბურთის წრეში ვიყავი გაწევრიანებული. მერე შეიარაღებულ ძალებში წავედი“, -გვეუბნება 36 წლის სერჟანტი სოსო გოგიტიძე. მან 2008 წლის აგვისტოს ომში მარჯვენა ფეხი დაკარგა.
სოსო გოგიტიძემ შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბერში გაიმართა თბილისში. ამ შეჯიბრებაში, სადაც საქართველოდან სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა, ბათუმის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მეკარე ანდრეი სლეპცოვს კი, რომელსაც ორივე ხელი აქვს დაკარგული, საუკეთესო მეკარის სიგელი გადასცეს. სოსო გოგიტიძეს სურს, რომ სხვებიც მიიყვანოს პარაოლიმპიელთა რიგებში. აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის წესდების მიხედვით, შეჯიბრებების ჩატარების გარდა, კომიტეტის მისიად განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისა და აქციების გზით მათი სოციალური ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ პროცესებში მათი ჩართულობა და მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 29 ნოემბერს კომიტეტის ორგანიზებით იგეგმება სმენადაქვეითებულ და ამპუტირებულ სპორტსმენებს შორის ფესტივალის – „ბათუმი 2015“ ჩატარება შაშში, ნარდში, დარსტში, ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის და სმენადაქვეითებულ ფეხბურთელთა შორის. მასში მონაწილეობას
მიიღებენ გუნდები ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან, ოზურგეთიდან, გორიდან.
„უკვე მეორედ ტარდება ეს შეჯიბრება. პირველად ორი წლის უკან ჩავატარეთ. მერე ისე მოხდა, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შარშან და შარშან წინ გამოვტოვეთ და ახლა განვაახლეთ, გვინდა ტრადიციული სახე მივცეთ ამ ღონისძიებას, გვერდში გვიდგას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, რომელმაც ამ შეჯიბრებისთვის 3000 ლარი გამოგვიყო. ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია.
სამწუხაროდ, ბევრს აქვს კომპლექსი, სახლიდან არ გამოდიან რაღაც მიზეზების გამო, რცხვენიათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ გამოვიდნენ ისინი გარეთ“, – ამბობს აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გოჩა მუხაშავრია.
მისივე ინფორმაციით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა კომიტეტს 10 000 ლარი გამოუყო, მომავალი წლიდან კი მათ ამ თანხის გაზრდას ჰპირდებიან.
პარაოლიმპიელ სპორტსმენებს ბათუმში საკუთარი სავარჯიშო ტერიტორია არ აქვთ. ფეხბურთის გუნდების მთავარი მწვრთნელის დავით ხოსრუაშვილის თქმით, რომელიც ამავდროულად აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანიცაა, პარაოლიმპიელები სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ: „უამინდობის შემთხვევაში ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გვითმობს დარბაზს. როცა კარგი ამინდია ბულვარში, მოცეკვავე ფანტანთან მდებარე სტადიონთან ვვარჯიშობთ, კვირაში ორჯერ, რადგან ეს ხალხი მუშაობს. შესაძლებლობა როცა აქვთ, იმ პერიოდისთვის ვუთანხმდებით. სმენადაქვეითებულ გუნდთან ერთად თარჯიმანის დახმარებით ვვარჯიშობთ“.
ბათუმის პარაოლიმპიელებს შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების წევრიცაა – 27 წლის მშვილდოსანი ზვიად დუმბაძე. სოსო გოგიტიძის მსგავსად, მასაც მარჯვენა ფეხი აქვს ამპუტირებული, რომელიც 10 წლის ასაკში დაკარგა მანქანის აფეთქების გამო. „1998 წელს ბენზინის ქარხანაში, სახლის წინ აფეთქდა მანქანა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვისხედით. მაშინ ჩემი ძმაც დაშავდა, თუმცა კიდურები არ დაუკარგავს. ახლა პროთეზი მაქვს ფეხზე“, – გვიყვება ზვიად დუმბაძე. მშვილდოსნობით სამი წელია დაკავებულია. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ორჯერ მეორე ადგილი და სამჯერ მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. არის საერთაშორისო ტურნირების მონაწილე მშვილდოსნობაში. გარდა ამისა, ზვიად დუმბაძე ფეხბურთის ლიგაშიც თამაშობს. „ამპუტანტთა ლიგა ფეხბურთში ახალი ჩამოყალიბებულია აჭარაში, დაახლოებით ხუთი თვეა ვარ აქ“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
პარაოლიმპიურ მშვილდოსნობაში ზვიად დუმბაძეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ანგისის სპორტულ ბაზაზე. ამჟამად ის ბაქოს ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 3-7 დეკემბერს გაიმართება. ზვიად დუმბაძე: „საფრანგეთში, აპრილში არის ევროპის ჩემპიონატი პარაოლიმპიელ მშვილდოსნებს შორის. ვემზადები ყოველდღიურად, ჩემი მიზანია ლიცენზიის აღება ბრაზილიის 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე“.

ნადეჟდა ორლოვას 90 წლის საიუბილეო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში

ბათუმის სასპორტო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნადეჟდა ორლოვას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მისი სახელობის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში.
მხატვრული ტანვარჯიში
ნადეჟდა ორლოვა სახელობის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში / ტურნირის მონაწილეები
ტურნირში მონაწილეობენ მოზარდთა გუნდები ბაქოდან (აზერბაიჯანი), გიუმრიდან (სომხეთი), თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.
სპორტული ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ტურნირი დღეს გაიხსნა და 28 ნოემბერს დამთავრდება.
ცენტრში ნადეჟდა ორლოვა

Sepultura საქართველოში

ლეგენდარული ბრაზილიური მძიმე მეტალ ჯგუფი Sepultura, 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურის ფარგლებში, 27 ნოემბერს, პირველად ისტორიაში, თბილისს ეწვია.

კონცერტის რამდენიმე ასეული მსმენელი, კლუბ Art Venue Elektrowerkში, საბჭოთა პერიოდის ძველი ქარხნის შენობაში შეიკრიბა, რომლის მიგნებაც, მიუხედავად ფეისბუქზე განთავსებული რუქისა, მსმენელთა უმეტესობისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

კონცერტი 21:30 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სეტლისტი დაპირებისამებრ მრავალფეროვანი იყო. იგი მოიცავდა სიმღერებს, როგორც ჯგუფის ძველი შემადგენლობის (მაქს კავალერას პერიოდის 1984 -1997) დროინდელი ალბომებიდან, ისე ახალი სოლისტის – დერეკ გრინის მოღვაწეობის პერიოდიდან (1997-დან დღემდე). მათ შორის: Breed Apart, Cut-Throat, (Roots, 1996), Choke (Against, 1998), Inner Self (Beneath the Remains, 1989),  Territory, Biotech Is Godzilla, Chaos A.D. (Chaos A.D., 1993), Bestial Devastation (Bestial Devastation, 1985), Arise (Arise, 1991) და Motorhead-ის სიმღერის – Orgasmatronის ქოვერი (Arise–ის 1997 წლის ალბომიდან). კიდევ ერთი ჰიტი Roots–იდან  – Ratamahatta, Sepultura-მ ქართული როკ ჯგუფის – Vanilla Cageის წევრებთან ერთად შეასრულა. შოუ კი Roots-ის ალბომიდან, კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Roots Bloody Roots-ით დახურეს.

გარდა ამისა, მათ შეასრულეს გუფის 30 წლის იუბილისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერა SepulturaUnder My Skin, რომელიც ჯგუფის გულშემატკივრებს მიუძღვნეს. „განსაკუთრებით კი იმ გულშემატკივრებს, რომელთაც სხეულზე სეპულტურას ტატუ აქვთ ამოსვირინგებული“ – თქვა ანდრეას კისერმა კონცერტის მსვლელობისას.

Locomotive Promotionის წარმომადგენლის, ზუკა მაჭავარიანის თქმით, მოლაპარაკებებს Sepultura–სთან დიდი ხანია აწარმოებდნენ – “აქ ორმხრივი სურვილი იყო, მათაც უნდოდათ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენც ძალიან მოწადინებულები ვიყავით იმიტომ, რო
მ ვიცოდით – აქ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ელოდა ამ ჯგუფს”. ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

სეპულტურას საქართველოში ჩამოყვანის მცდელობა იყო 2011 წელსაც, ოღონდ სხვა საპრომოუტერო კომპანიის მიერ. მაშინ საორგანიზაციო საკითხებში არსებული ხარვეზების გამო მოლაპარაკება ჩაიშალა.

როგორც დერეკ გრინმა, კონცერტამდე, პრეს–კონფერენციაზე განმარტა, ჯგუფი თითქმის ორი წელია აქტიურ ტურშია. უშუალოს 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტური კი 2015 წლის მარტში დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო – მსოფლიო ტურის ერთ-ერთი ბოლო გაჩერება იყო, ჯგუფის წევრები ტრადიციულად ენერგიულები ჩანდნენ – „მას შემდეგ, რაც ჯგუფში მოვედი, ვფიქრობ ეს საუკეთესო ტურია რაც გვქონია. ადრეც მიმიღია შემოთავაზებები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ბევრი მწერდა საქართველოდან, აინტერესებდათ ჩამოვიდოდით თუ არა ოდესმე საქართველოში. ვფიქრობ ბევრ ჯგუფს შეშურდება, რომ ჩვენ დავუკარით აქ, ანუ ადგილას სადაც ჩვენ არასოდეს დაგვიკრავს…  სადაც ისინიც არასოდეს ყოფილან. ჩემთვის, როგორც ჯგუფის წევრისთვის, ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო მოვლენაა დავუკრათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან განებივრებულნი მუსიკის ხშირად მოსმენით, ადამიანებისთვის ვინც ნამდვილად დააფასებენ ამას. ასე, რომ ესეც არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი საქართველოში სტუმრობისა“ – თქვა დერეკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საიუბილეო ტურის ფარგლებში, 28 ნოემბერს Sepultura–მ სომხეთში დაუკრა,  5 დეკემბერს ისინი ბრაზილიაში გამოვლენ, 12 დეკემბერს კი პერუში დაასრულებს ტურს.

ქედაში 2016 წლის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს

 

 

 

მომავალი წლის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის მიხედვით პრიორიტეტებად ინფრაქსტრუქტურა, განათლება და კულტურა განისაზღვრა. სოფლის მეურნეობისთვის კი, რომელიც ქედის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს – მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული.

 

8 მილიონ 698 500  ლარიდან – 1 მილიონ 829 840 ლარი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობას, 65 000 თავდაცვას, 3 958 500 ლარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, 1 248 890 ლარი განათლებას, 1 339 800 კულტურა, რელიგიასა და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოხმარდება. მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ყველაზე ნაკლები თანხა მოსახლეობის ჯანდაცვაზე დაიხარჯება, ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 8 მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 258 670 ლარი მოხმარდება.

 

ჯემალ ტაკიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინასო სამსახურის უფროსი:  „ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული ღობნისძიებების გასატარებლად 4 მილონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც ძირითადი დაფინასება წყალმომარაგებას მოხმარდება, 2016 წელს დასრულდება ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დაბაში და ოქტომბრის თემში ერთი საბავშვო ბაღი აშენდება“.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დასწრებია, რაც შეეხება საკრებულოს სხვა ოპოზიციურ პარტიას, საკრებულოს შემადგენლობაში მყოფი  „ნინო ბურჯენძე- ერთიანი ოპოზიციის“ სამი წევრიდან მხოლოდ ორი ესწრებოდა, თუმცა მათ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე „საჯარო განხილვის მიზანი იყო ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში შემოსულიყო შენიშვნები და მომხდარიყო მათი გათვალისინება, სასურველი იქნებოდა ოპოზიციაც ყოფილიყო განხილვაზე, ვფიქრობ უფრო კრიტიკული და მისაღები იქნებოდა შენიშვნები და ამომწურავი იქნებოდა 2016 წლის ბიუჯეტი“.

 

„წარმოდგენილ ბიუჯეტში მოსახლეობის მხრიდან გარკვეული შენიშვნები არის, რაც შეეხება ჩემს პირად შენიშვნებს, რაც ჩემს თემს უკავშირდება ეს არის ჭაბურღილებთან და სპორტულ მოედნებთან დაკავშირებით, ვფიქრობ გამგეობა წარმოდგენილ ბიუჯეტში გაითვალისწინებს იმ შენიშვნებს რაც საკრებულის წევრებს და რიგით მმოქალაქეებს გააჩნიათ და მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნების პასუხი“ – აცხადებს ზვარის თემის მაჟორიტარი რაინდი ლორთქიფანიძე.

 

 

 

აჭარის საარქივო სამმართველო მინივენს ყიდულობს

 

მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში [არ უნდა იყოს ნაავარიევი, არ უნდა გააჩნდეს ქარხნული დეფექტი და მექანიკური დაზიანებები]. ძარა უნდა იყოს კოროზიის გარეშე. ძრავის მდგომარეობა – ქარხნულ მდგომარეობაში. საქარე მინები – დაზიანების გარეშე. ხიდი – კარგ მდგომარეობაში. საბურავები – არაუმეტეს 30%-ანი ცვეთით. ავტომობილში ზეთი და ფილტრები უნდა იყოს ახალ შეცვლილი. სამუხრუჭე ხუნდებს და ძრავის ღვედს [ასეთის არსებობის შემთხვევაში] არ უნდა ქონდეს რესურსი ამოწურული. ავტომანქანის მოწოდებისას, ავტომანქანის ავზი უნდა იყოს საწვავით სრულად შევსებული.

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველისათვის გადაფორმება საკუთარი სახსრებით. მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში

 

პრეტენდენტთა წინადადების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება.

 

ლაპარაკობენ ბავშვები

 

ძმები – 10 წლის სერგი და 7 წლის სოსო

 

ისინი ერთ ოთახს აფარებენ თავს – ოთხი ბიჭი და დედა. მათ უფანჯრო სადგომში ქვის იატაკიც და კედლებიც სველია. პატარა სამი წლისაა, უფროსი – ათის. ნოემბრის ცივ ამინდში ბიჭები ატალახებულ ეზოში სირბილით თბებიან. ოთხივეს სველი ტანსაცმელი აცვია. სადგომის კართან ჩამქრალი ღუმელი დგას. წელს ეს ღუმელი არ გაუნთიათ. ქალი გამოექცა ქმარს, რომელიც რეგულარულად სცემდა. მაშინ წალკაში ცხოვრობდნენ. მერე, მშობლების ჩარევით, ქალი დაბრუნდა ქმართან, რომელმაც ის სვანეთში წაიყვანა, ძმის სახლში.

 

პირველივე დღეს ხელები ღვედით შეუკრა და სცემა დაუნდობლად. ქალი ფანჯრიდან გადახტა და ისე გამოიპარა შვილებთან ერთად. ეს ამბავი ზაფხულში მოხდა. ახლა ქმარმა ისევ ჩამოაკითხა და იმ ქოხში ცხოვრობს, სადაც ქალის მშობლები ცხოვრობენ. ის შერიგებას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ განქორწინებისა და შვილებთან ერთად მშვიდი ცხოვრების მეტი არაფერი უნდა, თუნდაც უფანჯრო, სველ და ცივ სადგომში. ისინი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ.

 

სერგი: „დიდი რომ გავიზრდები, მოჭიდავე გამოვალ. წალკაში დავდიოდი სპორტზე, ახლა აღარ დავდივარ. მოჭიდავე იმიტომ მინდა გამოვიდე, რომ ძლიერი ვიყო. დილას რომ ავდგები, ჩქარ-ჩქარა ჩავიცვამ, პირს ვიბან და სკოლაში გავრბი.  რომ დავწვები, ვოცნებობ ისეთი ბინა მქონდეს, შიგნით წყალი რომ იყოს და სარეცხი მანქანა. აბაზანა მინდა მქონდეს. ახლა სიცივეა და ვეღარ ვბანაობ. ზოგჯერ თუ ფიჩხს შევაგროვებ, ცეცხლს ისე გავანთებთ. შეშა არ გვაქვს, რომ გვქონდეს, მე დავჩეხავდი.

სამი ძმა მყავს, პატარები არიან. თუ ვინმე ეჩხუბება ან ტალახებში დარბიან, სახლში მომყავს. სახლშიც რა უნდა გააკეთო, სიცივეა.

 

მამიკო ხანჯერ მოდის ჩვენთან. ზოგჯერ ჩამეხუტება, როგორ ხარო – მკითხავს. მიყვარს, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენთან იყოს. რომ დათვრებოდა, დედიკოს ხელს ურტყამდა, ცემდა. მე დავინახე, წალკაში რომ ვიყავი. დავიყვირე, რა გჭირთ-მეთქი, მაგრამ მამა არ გაჩერდა. გარეთ გამოვიქეცი.

 

მისი არ მეშინია, მაგრამ მინდა სხვაგან იყოს და ჩვენთან ხანდახან მოვიდეს, თუ რაღაცას მოგვიტანს, კარგი იქნება“.

 

სოსო: „მამიკოს მანდარინი მოაქვს, ხამსაც მოაქვს ზოგჯერ. ზოგჯერ მეხუტება, ჩემი ბიჭი ხარო – მეუბნება. თუ საღამოა და გზაში  ვართ, მამიკო ხელში ამიყვანს. სახლში ჩვენ მარტო ორი ლოგინი გვაქვს, ის ვერ ეტევა.

 

ზოგჯერ მცივა და მინდა ფეჩი გვქონდეს. გარეთ ვთამაშობთ. ასე კაია, ვთბებით.

რა მინდა და – კამფეტები. მეტი არაფერი.

 

დიდი რომ გავხდები, კაცი უნდა გამოვიდე. ვიმუშავებ ბაზარში. არ ვიცი რას ვიმუშავებ, ან ხამსას გავყიდი, ან მანდარინს“.

 

უჩა, 7 წლის

 

უჩას სახლში ცეცხლი ანთია. იატაკი ხისაა. ეს ქოხი სერგის სადგომთან შედარებით, სასახლეა, თუმცა, ადამიანები რასაც სახლს ეძახიან, იმასთან საერთო არაფერი აქვს. უჩაც იმ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც სერგი და მისი სამი ძმა. უჩას დედა ყვება, რომ მისი ქმარი 9 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და თავი „ისე აუწყეს, როგორც ბრიჯის მარცვლებს ჩაალაგებ“. კაცი ფიზიკურად ვერ მუშაობს და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. უჩას მამას ოთხი ძმა ჰყავს. ისინი სხვა სოფელში, ოთხოთახიან სახლში ცხოვრობენ ერთად. უჩას ქოხი დედის ძმამ „აუშენა“ ოთხი წლის წინ „ოცნების ქალაქში“. მანამდე სარდაფში ცხოვრობდნენ, რომელშიც ზამთრობით წყალი იდგა.

 

უჩა: „სკოლაში არ მინდა, ბაღში მინდა.

 

ბაღში კაი საჭმელებს მაძლევდნენ, სალათებს და ბორშს. ის ბორში მიყვარდა… ახლა მარტო კარტოფილი გვაქვს.  დედიკოს უფასო სასადილოდანაც მოაქვს საჭმელი, სუპები. არ მიყვარს, მძულს ეს ბორში. ბაღის ბორშს  არ ჰგავს. ისე, ლობიო მიყვარს და ფხალი. „მასკოვსკი“ და „კაპუსტოს“ სალათა. ბაღში მაჭმევდნენ მაგას. 

 

დიდი რომ გავიზრდები, პოლიციელი უნდა გამოვიდე… პოლიციელი რომ ვიყო, მთელ ქვეყანას დავაკავებდი და ციხეში ჩავსვამდი. რატომ მინდა ყველას დაკავება? – იმიტომ, რომ „მაროჟნებს“ და „სნიკერსებს“ უფასოდ არ მაძლევენ.

 

სკოლაში არ დავდივარ, სულ სიცხე მაქვს. არ მიყვარს სწავლა. ყველაზე მეტად მათემატიკა არ მიყვარს. „ჯეჯილი“ მიყვარს. არ წამიკითხია, მაგრამ მომწონს. ნახატებია ლამაზი. ზღაპრებს არ ვკითხულობ, წიგნები არ მაქვს.

მინდა სათამაშო მანქანა მქონდეს – ტრაილერი, ურალი. ახლა მარტო მგელობანას ვთამაშობ თენგოსთან ერთად. თენგო ჩემი ძმაა. ბაღიდან რომ მოდის, მაშინ ვთამაშობთ“.

 

ზურიკო, 7 წლის

 

ზურიკოს ორი ტყუპი და ჰყავს, წელიწად-ნახევრის. გოგონები ვერც დადიან და თითქმის ვერც ხედავენ. ისინი 6 თვის ფეხმძიმობის შემდეგ გააჩინა დედამ. ბავშვების ინკუბატორიდან გამოყვანის დროს ქალი გააფრთხილეს, რომ ახალშობილები სტერილურ გარემოში უნდა ჰყოლოდა, მაგრამ „ოცნების ქალაქში“ ჩადგმულ ქოხში სტერილური კი არა, ჰიგიენური გარემოც კი არ არსებობს. ქოხში, სადაც ერთადერთი საწოლი დგას, გოგონები წვანან. აქ გადაიტანეს გოგონებმა არაერთი ვირუსი.

 

დედას  ეუბნებიან, რომ თუ ბავშვებს თბილისში, ექიმებთან წაიყვანს, შეიძლება ჯერ კიდევ ეშველოთ. მან არ იცის, ეს როგორ მოახერხოს. გოგონებს ცოტა ხნის წინ ვირუსი შეეყარათ, თვალზე. ექიმთან მიყვანა კი მოახერხეს, მაგრამ წამალი ვერ იყიდეს და მხოლოდ გვირილის ნაყენს დასჯერდნენ. დედა გოგონებისთვის ეტლებს ნატრობს.

 

ზურიკო: სკოლაში იმიტომ არ ვარ, რომ სიცხე მაქვს. ბავშვობაში ასთმა მქონდა. სკოლა მიყვარს და ბევრს ვკითხულობ. ზღაპრის წიგნები არ მაქვს, მაგრამ დედაენას ვკითხულობ. „თაფლის წვეთი და ფუტკარია“ ძალიან მაგარი.

 

ყველაზე მეტად პოლიციელობანას თამაში მიყვარს – ვიღაც ქურდი იქნება, იმას გეეკიდები, ვითომ გაჩხრიკავ. მერე დევჭერთ და კედელთან დავაყენებთ. მერე კიდევ ვინცხა სხვა იქნება, იმასაც დავაყენებთ. მერე ვითომ ვესვრი და ის ჩეიკეცება და ვითომ მოკვდება. ძალიან მაგარი თამაშია.

 

დიდი რომ გავხდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე. რასაც უფროსი მეტყვის, იმას გავაკეთებ. თუ ვინცხა თოფს მესვრის, მეც ვესვრი. უფროსი გვეტყვის და ვესვრი. ზოგიერთ ჩემიანებსაც თუ მოკლავენ, მეც სხვას მოვკლავ.

 

სკოლიდან რომ მოვალ, ჩემს დაიკოებს ვეთამაშები. ნუცა ფორთხავს, ხელებით, ნია – ვერა. ექიმმა დედიკოს უთხრა თბილისში წაიყვანეო. ლოგინიდან ვარდებიან. სულ იქცევიან, თავს არტყამენ. რომ ტირიან, ვეუბნები – სუუუ, ახლა, მამიკო მანქანას მოიტანს და ვითამაშოთ-მეთქი. მამიკოს მანქანა არ მოაქვს, მაგრამ ვატყუებ და მიჯერებენ. ხან იავნანას ვუმღერი და ხან ტელეფონით ვაძინებ. თუ ბაღნები უნდა დავაძინო, მაშინ ვერ გავალ სათამაშოდ.

 

დედიკოს ფული არ აქვს და ვერ მიდის მაღაზიაში. სასადილოდან მოაქვს საჭმელი – პიურე, ბორში და კატლეტი. უფრო მეტად პიურე მიყვარს. დედიკოს ფული თუ ექნა, ხინკალს გამიკეთებს“.

 

 

„ოცნების ქალაქი“ სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმის სიახლოვეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ ადამიანებთან შესახვედრად არც ერთხელ არ ჩასულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მის პრესცენტრში ამბობენ, რომ დასახლებაში მთავრობის თავმჯდომარე არაერთხელ იმყოფებოდა, ოღონდ „ჟურნალისტების გარეშე“. აქ მცხოვრებლებს კი მსგავსი ფაქტი, რომ არჩილ ხაბაძეს ისინი მოენახულებინა, არ ახსენდებათ.

 

„ოცნების ქალაქი“ თავისი ინიციატივით მოინახულა 13 ნოემბერს ბათუმში პირველად ჩამოსულმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მიჟნეკსიმ. საქართველოდან წასვლის შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთგვერდიანი ანგარიში, რომელშიც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებზეც წერდა. ამონარიდი ევროკომისარის ანგარიშიდან:

 

„ბათუმში ყოფნის დროს კომისარი ეწვია ე.წ. დრიმ თაუნის გარეუბანში ნახევრად ფორმალურ დასახლებას, რომელშიც მაღალმთიანი აჭარიდან სიღარიბისა და ბუნებრივი პირობების გამო ჩამოსული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ცხოვრების პირობები მძიმეა, არ მოდის წყალი, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. ოჯახები არ იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებსა და სოციალურ დახმარებას. „ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ პირთა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“.

ლია ლიქოკელის ”დევის ცოლის სიცილი” შვედურ ენაზე ითარგმნა

 

კრებული გამომცემლობა Smockadoll Förlag-მა გამოსცა. თარგმანზე მანანა კობაიძე და კრისტიან კარლსონი მუშაობდნენ. 


„დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის პირველი კრებულია, რისთვისაც პოეტმა 2014 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. „დევის ცოლის სიცილი” გამომცემლობა „საუნჯემ” გამოსცა, კრებული  წიგნის მაღაზიებში გაიყიდა, თუმცა წიგნის ელექტრონული სახით შეძენა saba.com-ზე არის შესაძლებელი. 


გასულ წელს  ლია ლიქოკელი ლიტერატურულ კონკურს „წერო 2014“-ის გამარჯვებულიც გახდა მოთხრობით – „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“.  


ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი


აჭარის ჩემპიონატი ბილიარდში – ,,დინამიური პირამიდა’’

 

შეჯიბრებას მოემსახურება აჭარის ბილიარდის ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა: მთავარი და ეროვნული კატეგორიის მსაჯი თეიმურაზ კახიძე, ეროვნული კატეგორიის მსაჯი რუსლან თებიძე,ეროვნული კატეგორიის მსაჯი თემურ დიმიტრაძე და ლაშა ჯორბენაძე.

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან: I ადგილი ფულადი პრემია – 375 ლარის ოდენობით, I I ადგილი – 200 ლარის ოდენობით, I I I ადგილი – 150 ლარის ოდენობით, ხოლო გამარჯვებულებს შესაბამისი ადგილის დამადასტურებელი თასები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.

 

საბილიარდე კლუბი “პირამიდა” მდებარეობს ლ. ასათიანის ქუჩის 21 ნომერში. 

 

,,ოქროს დელფინი’’ – აჭარის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში

 

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის


ბათუმში
ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება.

 

პალიატიური მზრუნველობა აქტიური, მრავალპროფილური ზრუნვაა პაციენტზე, ტერმინალური დაავადებების სიმპტომების პრევენციისა და შემსუბუქების მიზნით. იგი გათვალისწინებულია პაციენტებისთვის ქრონიკული, უნკურნებელი დაავადებებით ტერმინალურ (სასიკვდილო) სტადიაში, როცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ 6 თვეს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. საქართველოში ასეთი მზრუნველობის საჭიროების მქონედ, ძირითადად, ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური პაციენტები მოიაზრება.

ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 25 000 ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას.

საქველმოქმედო პროექტის ავტორი, ონკოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე განმარტავს, რომ პალიატიური მზრუნველობის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: შინ მოვლის მექანიზმი, რომელიც ბინაზე ექიმის კონსულტაციებს, ექთნის ყოველდღიურ (საჭიროების შემთხვევაში დღეში რამდენიმე) ვიზიტს, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გულისხმობს; პალიატიური მზრუნველობის მეორე მექანიზმი კი ჰოსპისია, სიცოცხლის ბოლო დღეების მონიტორინგი სტაციონარში. იმის გამო, რომ ჰოსპისების მშენებლობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საჭიროა ასეთი პაციენტების ბინაზე ჰოსპისის უზრუნველყოფა. “ევროპაშიც ყველაფერი სწორედ ბინაზე მოვლისგან დაიწყო, რადგან სტაციონარში მოვლა ძვირია, ცალკე ჰოსპისების აშენება კი კიდევ უფრო ძვირი,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

დღეისთვის საქართველოში სულ სამი ჰოსპისი მოქმედებს – ფერისცვალების დედათა მონასტრის სასნეულო სახლი (7 საწოლი ქალებისთვის), ონკოპრევენციის პალიატიური მზრუნველობის ჰოსპისი 22 საწოლზე და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება _ 18 საწოლზე. სამივე მათგანი თბილისშია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სტაციონარულ ჰოსპისს ონკოლოგიური ცენტრი ახორციელებს, რაც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანუ ასეთი საჭიროების პაციენტები დაახლოებით ერთი კვირით წვებიან ონკოლოგიური ცენტრის სტაციონარში მანამ, სანამ მათი მდგომარეობა გარკვეულწილად არ დარეგულირდება, შემდეგ კი ამბულატორიულ მოვლაზე გადადიან. ასეთივე პაციენტებს ემსახურება ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამაც, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ონკოპალიატიური, არამედ შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიის პაციენტზე. ამ ეტაპზე პროგრამით ასამდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში.

რეგიონებში მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას ბენეფიციარებს სოფლის ექიმები უწევენ. სპეციალისტების აზრით, ეს სერვისები არ არის საკმარისი ბინაზე ჰოსპისის პროგრამის განსახორციელებლად.

წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა ყოველწლიურად 160-200 ადამიანია. “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება.

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ ევროპაში პალიატიურ მზრუნველობაზე დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებით არის შეგროვებული, დანარჩენს კი სახელმწიფო აფინანსებს. “ონკოლოგიურ პაციენტებს პალიატიური მზრუნველობის დროს მუდმივად ესაჭიროებათ თანხა. ევროპისა თუ ინგლისის ყველა ჰოსპისში, სადაც კი ვიყავი, მითხრეს, რომ დაახლოებით 60-70% ქველმოქმედებით შემოსული თანხაა, რომელიც მოიცავს როგორც უბრალო მოქალაქეების მიერ ცენტობით შეგროვებულ თანხას, ისე ბიზნესმენების მიერ გაკეთებულ მსხვილ შენატანებს,” _ ამბობს ის.

სწორედ ასეთი პრაქტიკის დასამკვიდრებლად შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბათუმის ჰოსპისი”, რომელიც გარდა საქველმოქმედო მაღაზიისა, ონკოპალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის თანხას “TBC ბანკშიც”, შეაგროვებს შემდეგ ანგარიშზე: GE38TB7219036080100003.

“საქველმოქმედო მაღაზია”, ე.წ. Charity Shop-ი დასავლეთში აპრობირებული მექანიზმია თანხის შესაგროვებლად. გარდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მოზიდვისა, გვინდა ადამიანებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ რაღაც პერიოდულობით, რადენიმე თვეში თუ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ერთი ლარი გაიღოს იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტს მის ქალაქში რაღაცით დაეხმაროს. ეს შეიძლება იყოს თვეში 20 ლარი, მას შემდეგ რაც მაღაზია უფრო პოპულარული გახდება, შეიძლება ეს გახდეს თვეში 1000 ლარი. ჩვენი მიზანია თვეში 5000 ლარის მოგროვება, ეს საკმარისი იქნება თვეში ათი პაციენტის სრულფასოვნად მოსავლელად,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

ექიმის განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რის გადაჭრაშიც ონკოპალიატიურ პაციენტებს დაეხმარებით, ტკივილის გაყუჩებაა. ზოგჯერ რეცეპტის გამოწერის, ზოგჯერ კი ნათესავების გაუბედაობის გამო, ონკოპაციენტებს მორფის გაკეთება უგვიანდებათ. “უმეტესად ხდება ისე, რომ ცოტას უკეთებენ და ეს არ ჰყოფნის პაციენტის ტკივილებს. სამწუხაროდ, ვერც მე ვახერხებ ყველა პაციენტის ყოველდღიურ კონტროლს და როცა კვირის ბოლოს მოვიკითხავ, აღმოჩნდება, რომ პაციენტს მცირე დოზა გაუკეთეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტს იმ კვირის განმავლობში ტკივილები ჰქონდა. მათ ეს ტკივილი არ უნდა ჰქონდეთ,” – ამბობს ონკოლოგი.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე “საზღვაო ჰოსპიტალს” შვიდ პაციენტზე მორფის ორი პამპი აქვს, რომელიც სპეციალური მოწყობილობაა ასეთი პაციენტებისთვის მორფის მცირე დოზებით, კანქვეშ, უმტკივნეულოდ შესაყვანად. იგი 20 მილილიტრ წამალს ანაწილებს ერთ კვირაზე და პაციენტს შეუძლია ეს დოზები ღილაკზე თითის დაჭერით არეგულიროს. პამპებს იმ პაციენტებს ატანენ სახლში, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებს. საქველმოქმედო მაღაზიის ამუშავების შემდეგ კი 20-მდე ასეთი პამპის შეძენა იგეგმება. თითოეული ასეთი მოწყობილობის ფასი საშუალოდ 100 ევროა.

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი სერვისი, რაც ონკოპალიატიურ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ, ფსიქოლოგის კონსულტაციაა. შემოწირულობებიდან თანხა ამ სერვისზეც დაიხარჯება. “პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფსიქოლოგის მუშაობის შემდეგ უმეტესობას უმცირდება გამაყუჩებლის დოზები, ორჯერ, სამჯერ… ზოგს საერთოდ აღარ სჭირდება,” – ამბობს ექიმი.

ამ ეტაპზე საქველმოქმედო მაღაზიის საორგანიზაციო ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, ისინი უზრუნველყოფენ მოსახლეობისგან ნივთების ჩაბარებას, ნივთებისთვის ფოტოების გადაღებას და ინტერნეტში – აუქციონზე განთავსებას. ყოველი თვის ბოლოს კი, ფეისბუქის გვერზე გამოქვეყნდება ანგარიში – თუ რა თანხა მოგროვდა ამ დროის განმავლობაში და რაში დაიხარჯა თითოეული ლარი.

იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ონკოპალიატიური პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებაში, ნივთების ჩასაბარებლად შეგიძლიათ ორგანიზაცია “ბათუმი ჰოსპისის” ოპერატორს დაუკავშირდეთ ნომერზე: 574 10 00 30 ან მისწეროთ ფეისბუქზე (Batumi Hospice). გარდა ამისა, შეგიძლიათ დარეკოთ ორგანიზაციის საქველმოქმედო ხაზზე: 09 01 70 10 23, ზარის ღირებულება 1 ლარია.

 

 

 

 

”ნუ გაათხოვებ” – აქცია ბათუმში [ფოტო]

 

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. ქალთა მოძრაობის ცნობით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

 

აქცია, ქალთა მოძრაობის ინიციატივით გაიმართა, რომელმაც აქცია facebook-ღონისძიებაზე დააანონსა, სადაც წერია: “16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს! ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! 

 

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით”.

 

 

 

1 მილიონზე მეტი ლარი ბათუმში სანიაღვრე არხების მოვლისთვის

 

მიმწოდებელმა, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ სხვა სამუშაოებთან ერთად  უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; ხეებისა და სხვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს მომსახურებასთან  დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.

 

შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.


ზღვაში ჩამავალი ღია სანიაღვრე არხი

 

სატენდერო პირობების თანახმად :

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,1% პროცენტის ოდენობით;

 

ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭებიდან გაწმენდილი შლამის ამოღება და გატანა უნდა მოხდეს იმავე დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს  ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 20 ლარის ოდენობით.

 

ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭების მიმდინარე შეკეთება (გატეხილი სახურავების შეცვლა, კედლების წამოწევა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 2 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 50 ლარის ოდენობით;

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადახურვის ფილის გამოცვლა შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 100 ლარის ოდენობით;

 

საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება

პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


წყალდიდობა ბათუმში. 2015 წელი, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა



18 წლის თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს


ბრალდებული 18 წლისაა. ადვოკატის ცნობით, იგი დიჯეია და ბათუმში მუშაობს. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. 


 „პოლიციელმა, რომელიც გამეცნო როგორც სოსო გოგიტიძე, მითხრა, რომ მე არც პირველი ვარ და არც ბოლო… გამჩხრიკეს, წამართვეს პირადობისა და მართვის მოწმობა, ასევე სიგარეტი. ჩხრეკის მერე წართმეული ნივთები დამიბრუნეს და მეორეჯერ გამჩხრიკეს. მეორე ჩხრეკის დროს ამოიღეს ფუთა, რომელიც ჩემი არ არის. მე მასზე ხელიც არ მიხლია, ანაბეჭდები არ იქნება ჩემი ამ ფუთაზე. ექსპერტიზა ჩამიტარეს და ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში არ აღმომაჩნდა,“ – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე. 


საქმის პროკურორი ზურაბ კონცელიძეა, რომელმაც ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს „ჰეროინი“ პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულმა ნარკოტიკული ნივთიერება გაურკვეველ დროს გაურკვეველი პირისგან შეიძინა.


ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე და ასევე ოქმებში ყალბი ინფორმაციის არსებობაზე. 


მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებით ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა, 4 ათასი ლარის ოდენობით. ის მოსამართლემ პატიმრობიდან დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორმა ვერ დაასაბუთა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საფუძველი.



სასამართლო პროცესს ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



თბილისი კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ძალოსნობაში

„ეს გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 18 ნოემბერს ქალაქ ჰიუსტონში მიიღო“, –  წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ჩემპიონატი ივნისში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. 

 

აჭარის პირველობა ჭაბუკთა შორის კალათბურთში

 

მასში მონაწილეობენ ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ნაკრები გუნდები. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სიგელებს, მედლებსა და თასებს გადასცემენ. 

 

ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და 29 ნოემბერს დასრულდება.




ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 14 992 166 ლარით განისაზღვრა

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, 2016 წლის პრიორიტეტები  შემდეგნაირად გადანაწილდა:  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 5 333 410 ლარი; წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები – 3 292 781 ლარი; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 1 544 238 ლარი; სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა- 212 803 ლარი; მოსახლეობის სოცილალური უზრინველყოფა- 700 000 ლარი, ჯანმრთერლობის დაცვის ღონისძიებები – 82 002 ლარი; განათლების ხელშეწყობა -282 049 ლარი; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა- 250 892 ლარი; კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა- 167 402 ლარი;

 

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფელ ურეხში დაგეგმილია კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა. მიმდინარე წრელს უკვე დასრულდა სოფელ კაპრეშუმში 50 ბინიანი 2 სოციალური სახლის მშენებლობა.

 

შეხვედრას ადგილილობრივი მოსახლეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   

საქველმოქმედო საღამო ქობულეთში

 

 

ქობუილეთის მუნიციპლაიტეტის პრესცენტრის ცნობით, კონცერტიდან მოგროვებული თანხა თორნიკე დოლიძის ანგარიშზე ჩაირიცხა.

თორნიკე დოლიძის დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეუძლია. სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიში: GE22LB0211147389358000.



პრესსამსახური – მედიატორი თუ ბარიერი

 

ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე სამსახურის სპეციალისტი, ჟურნალისტს ნებისმიერ შემთხვევაში პრესსამსახურთან ამისამართებს. “გავარკვევ და დაგირეკავთ”, – უმეტესწილად ასეთია პრესსამსახურის უფროსის ან სამსახურის თანამშრომლის პასუხი. გარკვევის პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღესაც კი გრძელდება. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, პრესსამსახურის უფროსი სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხებს. საბოლოო პასუხი კი – უარია. 

 

ბათუმში “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს ნინო ხოზრევანიძეს სამუშაო პროცესში ყველაზე მეტად ორი უწყების – ბათუმის მერიისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურები უშლიან ხელს: “თუ ეს უწყებები პოზიტიური კუთხით არ შუქდება, მინისტრ დავით ბალაძისა და მერის – გიორგი ერმაკოვის პრობლემაა. კომენტარს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ღონისძიების ორგანიზატორები თავად არიან და მზად აქვთ სათქმელი. სხვა შემთხვევაში როცა მიმართავ, ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ან სხვა თემებზე, პასუხის მიღება ჭირს. ცოტა ხნის წინ მწვანე კონცხზე გაიყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დავრეკე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ვთხოვე ინფორმაცია, თუ ვის მიყიდეს. პრესსამსახური შემპირდა, რომ რამდენიმე წუთში გამომიგზავნიდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. თუმცა დღემდე არ მიმიღია ეს ხელშეკრულება”. 

 

აჭარის მთავრობის აპარატში პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ. 

 

“მათთვის დაკისრებულ ამ მოვალეობებს ხშირად არ ან ვერ ასრულებენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში. ისინი ჟურნალისტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის ბარიერის როლს უფრო ირგებენ”, – მიიჩნევს “ტელეარხ 25”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე.

 

“პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან პრესსამსახურის ფუნქცია არასწორადაა გაგებული. მაგალითად, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი უწყებისთვის და არა საზოგადოებისთვის. თუ ეს მიდგომა შეიცვლება და ჩათვლიან, რომ პრესსამსახური არის შუამავალი რგოლი დანარჩენ საზოგადოებასთან, ყველაფერი დალაგდება. საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის, უნდა ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა, რომელიც უკარნახებს ხელმძღვანელს, თუ რა უნდა გააკეთოს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მე მაინც მგონია, რომ ეს ქვედა დონეზე არ დალაგდება და უნდა დალაგდეს ზემოდან”, – ამბობს მაია. 

იდენტურ პრობლემებზე საუბრობენ ბათუმში ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტი ირინა ყურუა და ტელეკომპანია `იმედის~ კორესპონდენტი დაჯი ჩხიკვაძე. 

 

“ხშირად პრესსამსახური ვერ ახერხებს უთხრას ხელმძღვანელს, რომ ჟურნალისტს მისი კომენტარი სჭირდება. მქონია შემთხვევა, როცა პრესსამსახურს მოუცია ტელეფონის ნომერი – სჯობს შენ დაურეკოო. არ ვიცი, მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება გარედან ისაა, რომ ერთმანეთთან კომფორტულად არ არიან”, – ამბობს დაჯი ჩხიკვაძე.

 

ირინა ყურუას შეფასებით კი, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურა ბათუმის მერიაა. მას ამ დაწესებულებაში პრესსამსახურის თანამშრომლები ყველაზე ხშირად იმას ეუბნებიან, რომ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს არ უნდა კომენტარის გაკეთება ან არ სცალია: “ეს არ სცალია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ისეთი ტენდენციაა, იმაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ, დროულად თუ გვეტყვიან, რომ კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ხშირად პასუხის მოლოდინში მთელი სამუშაო დღე გადის. სხვა პრესსამსახურებთან პრობლემა არ მქონია, ცდილობენ მაინც”.

 

ხელფასები და პრემიები

ორი თვეა, რაც აჭარის მთავრობის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს სოფო გუჯაბიძე ხელმძღვანელობს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მასთან, როგორც მთავრობის აპარატის პრესსამსახურთან, ჯერ პრობლემები არ შექმნიათ. მისი როგორც დეპარტამენტის უფროსის ხელფასი, სახელფასო დანამატის ჩათვლით, 3097 ლარია, ხოლო დეპარტამენტში შემავალი სპეციალისტების ხელფასი, დანამატის ჩათვლით – 1498 ლარი. რაც შეეხება პრემიას, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ამ დეპარტამენტში გაცემულმა პრემიამ ჯამში 8430 ლარი შეადგინა.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ დიასამიძე კურირებს. მისი ხელფასი დანამატის ჩათვლით 1125 ლარია, ამას ემატება პრემიაც, სახელფასო სარგოს 825 ლარამდე, რომელიც 2015 წლიდან დღემდე სამჯერ – მარტში, აგვისტოსა და სექტემბერში მიუღია. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრესასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე როინ გოგაძე ხელმძღვანელობს. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9700 ლარი, ხოლო დანამატის სახით 7275 ლარი აუღია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პრესასა და მასმედიასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე ლიზა თედორაძე კურირებს. მას რეგიონში დასაქმებული ჟურნალისტები ერთ-ერთ ყველაზე კომუნიკაბელურ და კარგ მედიატორად ასახელებენ. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9 700, დანამატის სახით 7 227, ხოლო პრემიის სახით 200 ლარი მიუღია. 

“ბათუმელებმა” პრესსამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთი სამთავრობო უწყებიდან – აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა. ამ სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი დავით წეროძე მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ვიდრე კომენტარს გააკეთებენ სამმართველოს სპეციალისტები, მას უნდა შეათანხმონ. თუმცა, მან, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, “ბათუმელებს” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპერატიულად, მოთხოვნიდან მეორე დღესვე მიაწოდა. 

დავით წეროძეს იანვრიდან დღემდე ხელფასისა და დანამატის სახით 17 600 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1382 ლარი მიუღია. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტს, დალი მახარაძეს ხელფასისა და დანამატის სახით 10 779 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1454 ლარი აქვს მიღებული.

 

Exit mobile version