კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როგორ აისახება სიღარიბე განათლებაზე

04.12.2015 • 4381
როგორ აისახება სიღარიბე განათლებაზე

დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული?

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”, რამდენიმე წელია მიუსაფარი ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქმიანობს. ამჟამად ცენტრი თბილისში არსებულ ერთ ტრანზიტულ და ერთ “World vision-ის” დღის ცენტრში 25-მდე ქუჩაში მყოფ ბავშვთან მუშაობს. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო თოდუას ინფორმაციით, ერთ ცენტრში 6 ბავშვი ირიცხება, მეორეში კი – 15. მოზარდების ასაკი შვიდი წლიდან 18 წლამდეა. ნინო თოდუას ინფორმაციით, ცენტრში ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. “14 წლის ბავშვი გვყავს ასეთი და 11 წლის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბავშვები დღის ცენტრებთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში ჩაგვერიცხა. ასეთი ბავშვებისთვის სახელმწიფოს სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, ეს გეგმა, ბუნებრივია, ისეთი ვერ იქნება, რასაც წლების განმავლობაში მათი თანატოლები გადიან”.

ნინო თოდუას თქმით, ქუჩაში მყოფი ბავშვების სწრებადობა გაკვეთილებზე ნაკლებია – ისინი სკოლაში 1-2 საათზე დიდხანს არ ჩერდებიან.

“ბევრი გაცდენა აქვთ, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზეც”, – ამბობს ნინო თოდუა.

გარდა ღარიბი ბავშვების განათლებაზე ხელმისაწვდომობისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ექვს საჯარო სკოლაში 50 მასწავლებელს უტარებენ ტრენინგს, რათა უკეთ შეძლონ მიუსაფარ ბავშვებთან სწორი ურთიერთობა და მათი მოტივაციის ამაღლება.

“იუნისეფის მონაცემებით, შვიდი წლის წინ ქუჩაში დაახლოებით 1500 ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვთა სახლების გაუქმების შემდეგ ეს რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო სოციალური ფონის გაუარესებამაც”.

ნინო თოდუას აზრით, სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებში სიღარიბის შესამცირებლად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, თეორიულად ყველაფერი კარგია, თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს:
“ფურცელზე ყველაფერი შთამბეჭდავია, მაგრამ გაცილებით ბევრი ბავშვია ქუჩაში, ვინც განათლების გარეშე რჩება. მე არ ვიცი კონკრეტული ფორმულა, როგორ უნდა დააღწიოს სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბეს თავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ასეთი ბავშვების მიმართ”.

ნინო თოდუას თქმით, მშობლების გარკვეული ნაწილი მიუსაფარი ბავშვების მიმართ არატოლერანტულია: “ყოფილა შემთხვევები, როცა თანაკლასელის დედას მიუმართავს განცხადებით დირექტორისთვის, რომ გაერიცხა ასეთი ბავშვები სკოლიდან. შვილებს უკრძალავენ მათთან მეგობრობას, სტიგმური დამოკიდებულება გვაქვს. ეს, თავის მხრივ, რიყავს ამ ბავშვებს და აბოროტებს საზოგადოების მიმართ”.

რატომ ვერ დაძლია სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბე? – გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები ბავშვების სიღარიბის ბოლო კვლევა 2013 წელს ჩაატარა. 2011 წლის კვლევებთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით იყო გაუარესებული. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის კვლევებს ყოველ ორ წელიწადში ატარებს. რა შეიცვალა ბავშვთა სიღარიბის კუთხით ბოლო ერთ წელში და როგორ აისახება ლარის ინფლაცია ბავშვების სიღარიბეზე? – ამ პროცესების კვლევას ორგანიზაცია ახლა იწყებს და შედეგები სამ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, მოკვლევითი მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფომ ბავშვთა მიმართ სოციალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელის, თინათინ ბაუმის თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს.
“ბოლო კვლევების დროს, ფარდობითი ეროვნული სიღარიბე ყველა ჯგუფში იყო მიმართული კლებისკენ, გარდა ბავშვებისა. ბავშვთა სიღარიბე 28 პროცენტამდე იყო გაზრდილი.

სიღარიბის მაჩვენებლის კლება სოციალური პროგრამების ფონზე მოხდა. პენსია 100 ლარიდან 160 ლარამდეა გაზრდილი, გაორმაგდა მიზნობრივი დახმარება და 24 ლარიდან 48 ლარამდე გაიზარდა, თუმცა სახელმწიფო ამ პროგრამებში მაინც ვერ ხედავს ბავშვებს. სოციალური ინვესტიციებით გარკვეულმა ჯგუფებმა ისარგებლეს, მაგრამ ბავშვები აღმოჩნდნენ გვერდზე”, – ამბობს თინათინ ბაუმი. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მიდგომა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სოციალური დაცვის სისტემას მკვეთრად გამოხატული მიზანი მისცეს.

“მიზნობრივი დახმარების პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი დიდი კომპონენტია. ის კონკრეტულად ბავშვების კეთილდღეობაზე არ არის მიმართული. თუ ბავშვი არის შშმ პირი, ის იღებს პენსიას, ან თუ რაიმე კონკრეტული პროგრამის ბენეფიციარია, იმ შემთხვევაშიც, მაგრამ, როცა ბავშვი ღარიბ ოჯახში იბადება, ეს არის დამატებითი ტვირთი, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური. ასეთ ოჯახებს სხვანაირი დახმარება სჭირდებათ.

სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა უფრო მოწყვლადი უნდა გახდეს. ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის უკიდურესად ღარიბი კატეგორიიდან საშუალო კატეგორიაში გადაყვანა სოციალური შემწეობით. ეს ოჯახი ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ აღმოჩნდეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაში. ეს იმიტომ, რომ დღეს არსებული სოციალური პოლიტიკა არ ითვალისწინებს პრევენციას. ასეთ დროს ყველაზე მეტად იჩაგრებიან ბავშვები”.

თინათინ ბაუმის თქმით, განვითარებული სახელმწიფოები სწორედ პრევენციას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, როცა ერთმანეთთან კარგად არის დაკავშირებული სერვისები, თანხები და სახელმწიფომ იცის, რისი მიღება უნდა სამომავლოდ: “მხოლოდ სიღარიბის შემცირება, თუ ის, რომ დავიცვათ ოჯახები, რომლებიც არასწორი სოციალური პოლიტიკით კვლავ აღმოჩნდებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: