კვირის ამბები

ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი

03.12.2015 • 2939
ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით  განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები 210 მილიონზე მეტია. სხვაობა შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის 47 448 500 ლარია. მიმდინარე წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები იკლებს, საბიუჯეტო ხარჯები სამომავლოდ 26,5 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

კითხვაზე, რითი აპირებს მთავრობა სამომავლოდ აღნიშნული 47 მილიონზე მეტი ლარის დეფიციტის შევსებას – აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასე გვიპასუხეს: „2015 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 117%-ით შესრულდა. ასევე პრივატიზების კუთხით ველოდებით ბიუჯეტის 200%-იან შესრულებას. ეს იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ 2015 წელს შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდება. ეს გადაჭარბება ფინანსური აქტივების ნაშთის სახით და სხვა არსებული რესურსები, გამოყენებული იქნება 2016 წელს. აქედან გამომდინარე, აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი არ არის დეფიციტური“.

2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ხარჯის 18,6% ანუ 39 მილიონზე მეტი, ხელფასებში დაიხარჯება. ზოგადად, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 3 477 100 ლარითაა გაზრდილი [თუმცა, აქედან 2 მილიონზე მეტი მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. შესაბამისად, უშუალოდ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუდმივად დასაქმებულთა ხელფასები სამომავლოდ 813 300 ლარით გაიზრდება].

აჭარის უწყებები, მათში მომუშავეთა რაოდენობა და დაფინანსება პროგრამების ჩათვლით - 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით

აჭარის უწყებები, მათში მომუშავეთა რაოდენობა და დაფინანსება პროგრამების ჩათვლით – 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 19 თანამშრომელია, მაგრამ, ვინაიდან 2016 წელი საარჩევნო წელია, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციაში 4 559 ადამიანი დასაქმდება [სწორედ ამ ადამიანების ხელფასებისთვისაა გამოყოფილი 2 663 800 ლარი].

89 500 ლარით მეტი იქნება უმაღლესი საბჭოს დაფინანსება მომავალი წლისთვის, თუმცა პროექტის მიხედვით, ხელფასების მუხლი მხოლოდ 10 ათასი ლარით იზრდება. უმაღლეს საბჭოში გამოყოფილი თანხის 70%-ზე მეტი 3,4 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯეაბა.

აჭარის მთავრობასა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურება 192 800 ლარით გაიზრდება და ჯამში ხელფასებში 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან თითქმის 10 მილიონამდე ლარით მცირდება, თუმცა მომუშავეთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი უცვლელი რჩება.

მომავალი წლიდან 478 600 ლარით შემცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც მხოლოდ 119,4 ათასი ლარია გათვალისწინებული. „დაზუსტდა იმ ბენეფიციართა სია, რომლებზეც ბანკმა გასცა სესხი და სწორედ ამდენი ლარია საჭირო პროცენტის დასაფარად. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბანკთან მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის დაფინანსების კუთხით და შესაძლებელია უმაღლესი საბჭოდან შენიშვნებით დაბრუნებულ ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის თანხა გაიზარდოს“, – აცხადებენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვას [ბათუმის ბულვარი], მისთვის 6 340 400 ლარი დაიხარჯება.

11 ადამიანით გაიზრდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის ქვემდებარე ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხვი. ხელფასებისთვის კი ჯამში 16 275 900 ლარია გათვალისწინებული [რაც 471 700 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებთ].

განათლების სფეროში აღარ დაფინანსდება სასკოლო კლუბების ხელშეწყობა. სამინისტრო ასევე აღარ დააფინანსებს პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამას [მწერალთა შემოქმედებითი და მხატვართა კავშირები].

აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტში ცალკეა გაწერილი სსიპ „ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლება“, რომლისთვისაც 2016 წელს 360 300 ლარია გათვალისწინებული.

რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016 წელში დაფინანსებას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლებიც, რისთვისაც 3 585 000 ლარია გამოყოფილი. აქედან რუსთაველის უნივერსიტეტისთვის – 2,4 მილიონი ლარი, საზღვაო აკადემიისთვის – 390 ათასი, ხოლო ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისთვის 795 ათასი ლარი.

მომავალ წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის ქვემდებარე უწყებებში, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 95 ათასი ლარით გაიზრდება.

აღნიშნულ სფეროში მომავალი წლისთვის ახალი პროგრამებიც დაფინანსდება. მაგალითად: ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება – 700 ათასი ლარით; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – 350 ათასი ლარით; ბავშვთა ადრეული განვითარება – 172 800 ლარით.

3 მილიონი ლარია გათვალისწინებული 2016 წლისთვის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

43 900 ლარით გაიზრდება ხელფასები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის ქვემდებარე უწყებებში და ჯამში სახელფასო ფონდი, სამომავლოდ 2,4 მილიონზე მეტი იქნება.

სოფლის მეურნეობის პროგრამებში სიახლეა თხილის შესაგროვებელი აპარატებითა და გამრჩევი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც სამომავლოდ 95 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მომავალ წელს სამინისტრო აღარ დააფინანსებს სასათბურე კონსტრუქციებით, მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით, მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით, ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამებს. თუმცა, 2016 წლისთვის დაგეგმილია ორი ახალი პროგრამის დაფინანსება: მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში [ციტრუსი, თხილი], რისთვისაც 1 მილიონ 132 ათასი ლარია გათვალისწინებული და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 51 700 ლარით დაფინანსდება.

ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შემცირდება მომავალი წლიდან  აგროსერვისცენტრის დაფინანსებაც, სადაც 74 ადამიანია დასაქმებული. ამ ცენტრისთვის სულ 1 113 100 ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 63%, ანუ 700 ათას 300 ლარი ხელფასებში დაიხარჯება.

რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტებიც: ბათუმი  – 15 მილიონს, ქობულეთი – 13 მილიონს, ქედა – 4 მილიონს, ხელვაჩაური და ხულო – 3-3 მილიონს, შუახევის მუნიციპალიტეტი კი – 2 მილიონ ლარს.

მთლიანობაში, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის მთავრობის მიერ .. პრიორიტეტები სამომავლოდ, ფაქტობრივად, უცვლელია. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსოსაბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ კი კანონპროექტის განსაზღვრულ დროში განხილვა ვერ მოასწრო. უმაღლესი საბჭოს ბიურომ განხილვის ბოლო ვადად კომიტეტს 30 ნოემბერი განუსაზღვრა. თუმცა კანონით, უმაღლესმა საბჭომ ამავე დღეს უნდა დაუბრუნოს კანონპროექტი მთავრობას შენიშვნებით. მთავრობას კი ამის შემდეგ ორი კვირა ექნებაგაითვალისწინოს შენიშვნები ან არა, რის შემდეგაც კანონპროექტი ისევ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე აცხადებს, რომ „შენიშვნები აქვთ“, თუმცა ამ შენიშვნებს ამჯერად დასკვნის სახით აყალიბებენ და მზად 30 ნოემბრისთვის ექნებათ.

უმაღლესი საბჭო კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებით, შემდეგ ნორმასაც დააკანონებს: „ნება დაერთოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხის გადანაწილება“. თანხის ასეთი ლავირებით კი, მთავრობის მიერ გეგმის შეუსრულებლობის რისკი ფაქტობრივად მინიმუმამდე დადის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: