მთავარი,სიახლეები

საახალწლო გალა კონცერტი ბათუმში ტენდერებში ეკონომიის ხარჯზე

02.12.2015 • 2271
საახალწლო გალა კონცერტი ბათუმში ტენდერებში ეკონომიის ხარჯზე

35694აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით „საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული ფოლკლორის, კლასიკისა და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენლები, ასევე ევროპისა და ამერიკის ცნობილი პოპ-მუსიკოსები, მათ შორის ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი“. კონცერტი გაიმართება ბათუმში, 2015 წლის 31 დეკემბრის საღამოს და 2016 წლის 1 იანვარს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ „გრანდიოზული საახალწლო კონცერტის ჩატარების“ თხოვნით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმართა.

ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტის დაფინანსება 688 378 ლარით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 30 ნოემბრის ბრძანებით გადაწყდა.

სამინისტროს ინფორმაციით „ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხების მობილიზება მოხდა არსებული ეკონომიების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად მიღებულია ელექტრონული ტენდერების შედეგად. ამასთან, არსებული ეკონომიების საკმაოდ დიდი ნაწილის შესახებ სწორედ მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი“.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ „აღნიშნული ღონისძიებების დასაგეგმად მოლაპარაკებები სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს რამოდენიმე თვეა და ამ ეტაპზე მოძიებულ იქნა შესაბამისი პირი, ვინც უზრუნველყოფს სრული ღონისძიების ორგანიზებას, მათ შორის რამოდენიმე უცხოელი ცნობილი შემსრულებლის ჩამოყვანას, როგორიცაა ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ღონისძიების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს, ტრანსპორტირებას, სასტუმროს, საორგანიზაციო ხარჯებს, დეკორაციებს და ა.შ.“

სამინისტრო „შესაბამის პირთან“ [ვინც უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზებას], გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობას, როგორც აჭარის მთავრობისგან, ასევე შესყიდვების სააგენტოდან ითხოვს.

„აღნიშნული გალა კონცერტი დაუვიწყარ საახალწლო განწყობას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ამავდროულად რელევანტური პიარ-კამპანიის შემთხვევაში (რასაც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს) მოიზიდავს ტურისტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან. სწორედ ასეთი მასშტაბური ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას, მისი ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო კულტურულ რუკაზე და კულტურული ტურიზმის გზით რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ – მიაჩნიათ სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: