ნეტგაზეთი • RU

ლაპარაკობენ ბავშვები

 

ისინი „ბათუმელებს“ საგანგებოდ არ უძებნია – მათ დასახლების ნებისმიერ ქოხში შეხვდებით. ამ ბავშვებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ. ხელისუფლებამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ მათი მშობლების უმრაველსობა თაღლითია, ამიტომ თანადგომას არ საჭიროებენ. „ოცნების ქალაქში“ ცოტა ხნის წინ 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ასაკთან შეუთავსებელი წონით. ვინ უნდა აიღოს პასუხისგებლობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებზე, სადაც მათი მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარს უახლოვდება?

 

ძმები – 10 წლის სერგი და 7 წლის სოსო

 

ისინი ერთ ოთახს აფარებენ თავს – ოთხი ბიჭი და დედა. მათ უფანჯრო სადგომში ქვის იატაკიც და კედლებიც სველია. პატარა სამი წლისაა, უფროსი – ათის. ნოემბრის ცივ ამინდში ბიჭები ატალახებულ ეზოში სირბილით თბებიან. ოთხივეს სველი ტანსაცმელი აცვია. სადგომის კართან ჩამქრალი ღუმელი დგას. წელს ეს ღუმელი არ გაუნთიათ. ქალი გამოექცა ქმარს, რომელიც რეგულარულად სცემდა. მაშინ წალკაში ცხოვრობდნენ. მერე, მშობლების ჩარევით, ქალი დაბრუნდა ქმართან, რომელმაც ის სვანეთში წაიყვანა, ძმის სახლში.

 

პირველივე დღეს ხელები ღვედით შეუკრა და სცემა დაუნდობლად. ქალი ფანჯრიდან გადახტა და ისე გამოიპარა შვილებთან ერთად. ეს ამბავი ზაფხულში მოხდა. ახლა ქმარმა ისევ ჩამოაკითხა და იმ ქოხში ცხოვრობს, სადაც ქალის მშობლები ცხოვრობენ. ის შერიგებას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ განქორწინებისა და შვილებთან ერთად მშვიდი ცხოვრების მეტი არაფერი უნდა, თუნდაც უფანჯრო, სველ და ცივ სადგომში. ისინი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ.

 

სერგი: „დიდი რომ გავიზრდები, მოჭიდავე გამოვალ. წალკაში დავდიოდი სპორტზე, ახლა აღარ დავდივარ. მოჭიდავე იმიტომ მინდა გამოვიდე, რომ ძლიერი ვიყო. დილას რომ ავდგები, ჩქარ-ჩქარა ჩავიცვამ, პირს ვიბან და სკოლაში გავრბი.  რომ დავწვები, ვოცნებობ ისეთი ბინა მქონდეს, შიგნით წყალი რომ იყოს და სარეცხი მანქანა. აბაზანა მინდა მქონდეს. ახლა სიცივეა და ვეღარ ვბანაობ. ზოგჯერ თუ ფიჩხს შევაგროვებ, ცეცხლს ისე გავანთებთ. შეშა არ გვაქვს, რომ გვქონდეს, მე დავჩეხავდი.

სამი ძმა მყავს, პატარები არიან. თუ ვინმე ეჩხუბება ან ტალახებში დარბიან, სახლში მომყავს. სახლშიც რა უნდა გააკეთო, სიცივეა.

 

მამიკო ხანჯერ მოდის ჩვენთან. ზოგჯერ ჩამეხუტება, როგორ ხარო – მკითხავს. მიყვარს, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენთან იყოს. რომ დათვრებოდა, დედიკოს ხელს ურტყამდა, ცემდა. მე დავინახე, წალკაში რომ ვიყავი. დავიყვირე, რა გჭირთ-მეთქი, მაგრამ მამა არ გაჩერდა. გარეთ გამოვიქეცი.

 

მისი არ მეშინია, მაგრამ მინდა სხვაგან იყოს და ჩვენთან ხანდახან მოვიდეს, თუ რაღაცას მოგვიტანს, კარგი იქნება“.

 

სოსო: „მამიკოს მანდარინი მოაქვს, ხამსაც მოაქვს ზოგჯერ. ზოგჯერ მეხუტება, ჩემი ბიჭი ხარო – მეუბნება. თუ საღამოა და გზაში  ვართ, მამიკო ხელში ამიყვანს. სახლში ჩვენ მარტო ორი ლოგინი გვაქვს, ის ვერ ეტევა.

 

ზოგჯერ მცივა და მინდა ფეჩი გვქონდეს. გარეთ ვთამაშობთ. ასე კაია, ვთბებით.

რა მინდა და – კამფეტები. მეტი არაფერი.

 

დიდი რომ გავხდები, კაცი უნდა გამოვიდე. ვიმუშავებ ბაზარში. არ ვიცი რას ვიმუშავებ, ან ხამსას გავყიდი, ან მანდარინს“.

 

უჩა, 7 წლის

 

უჩას სახლში ცეცხლი ანთია. იატაკი ხისაა. ეს ქოხი სერგის სადგომთან შედარებით, სასახლეა, თუმცა, ადამიანები რასაც სახლს ეძახიან, იმასთან საერთო არაფერი აქვს. უჩაც იმ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც სერგი და მისი სამი ძმა. უჩას დედა ყვება, რომ მისი ქმარი 9 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და თავი „ისე აუწყეს, როგორც ბრიჯის მარცვლებს ჩაალაგებ“. კაცი ფიზიკურად ვერ მუშაობს და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. უჩას მამას ოთხი ძმა ჰყავს. ისინი სხვა სოფელში, ოთხოთახიან სახლში ცხოვრობენ ერთად. უჩას ქოხი დედის ძმამ „აუშენა“ ოთხი წლის წინ „ოცნების ქალაქში“. მანამდე სარდაფში ცხოვრობდნენ, რომელშიც ზამთრობით წყალი იდგა.

 

უჩა: „სკოლაში არ მინდა, ბაღში მინდა.

 

ბაღში კაი საჭმელებს მაძლევდნენ, სალათებს და ბორშს. ის ბორში მიყვარდა… ახლა მარტო კარტოფილი გვაქვს.  დედიკოს უფასო სასადილოდანაც მოაქვს საჭმელი, სუპები. არ მიყვარს, მძულს ეს ბორში. ბაღის ბორშს  არ ჰგავს. ისე, ლობიო მიყვარს და ფხალი. „მასკოვსკი“ და „კაპუსტოს“ სალათა. ბაღში მაჭმევდნენ მაგას. 

 

დიდი რომ გავიზრდები, პოლიციელი უნდა გამოვიდე… პოლიციელი რომ ვიყო, მთელ ქვეყანას დავაკავებდი და ციხეში ჩავსვამდი. რატომ მინდა ყველას დაკავება? – იმიტომ, რომ „მაროჟნებს“ და „სნიკერსებს“ უფასოდ არ მაძლევენ.

 

სკოლაში არ დავდივარ, სულ სიცხე მაქვს. არ მიყვარს სწავლა. ყველაზე მეტად მათემატიკა არ მიყვარს. „ჯეჯილი“ მიყვარს. არ წამიკითხია, მაგრამ მომწონს. ნახატებია ლამაზი. ზღაპრებს არ ვკითხულობ, წიგნები არ მაქვს.

მინდა სათამაშო მანქანა მქონდეს – ტრაილერი, ურალი. ახლა მარტო მგელობანას ვთამაშობ თენგოსთან ერთად. თენგო ჩემი ძმაა. ბაღიდან რომ მოდის, მაშინ ვთამაშობთ“.

 

ზურიკო, 7 წლის

 

ზურიკოს ორი ტყუპი და ჰყავს, წელიწად-ნახევრის. გოგონები ვერც დადიან და თითქმის ვერც ხედავენ. ისინი 6 თვის ფეხმძიმობის შემდეგ გააჩინა დედამ. ბავშვების ინკუბატორიდან გამოყვანის დროს ქალი გააფრთხილეს, რომ ახალშობილები სტერილურ გარემოში უნდა ჰყოლოდა, მაგრამ „ოცნების ქალაქში“ ჩადგმულ ქოხში სტერილური კი არა, ჰიგიენური გარემოც კი არ არსებობს. ქოხში, სადაც ერთადერთი საწოლი დგას, გოგონები წვანან. აქ გადაიტანეს გოგონებმა არაერთი ვირუსი.

 

დედას  ეუბნებიან, რომ თუ ბავშვებს თბილისში, ექიმებთან წაიყვანს, შეიძლება ჯერ კიდევ ეშველოთ. მან არ იცის, ეს როგორ მოახერხოს. გოგონებს ცოტა ხნის წინ ვირუსი შეეყარათ, თვალზე. ექიმთან მიყვანა კი მოახერხეს, მაგრამ წამალი ვერ იყიდეს და მხოლოდ გვირილის ნაყენს დასჯერდნენ. დედა გოგონებისთვის ეტლებს ნატრობს.

 

ზურიკო: სკოლაში იმიტომ არ ვარ, რომ სიცხე მაქვს. ბავშვობაში ასთმა მქონდა. სკოლა მიყვარს და ბევრს ვკითხულობ. ზღაპრის წიგნები არ მაქვს, მაგრამ დედაენას ვკითხულობ. „თაფლის წვეთი და ფუტკარია“ ძალიან მაგარი.

 

ყველაზე მეტად პოლიციელობანას თამაში მიყვარს – ვიღაც ქურდი იქნება, იმას გეეკიდები, ვითომ გაჩხრიკავ. მერე დევჭერთ და კედელთან დავაყენებთ. მერე კიდევ ვინცხა სხვა იქნება, იმასაც დავაყენებთ. მერე ვითომ ვესვრი და ის ჩეიკეცება და ვითომ მოკვდება. ძალიან მაგარი თამაშია.

 

დიდი რომ გავხდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე. რასაც უფროსი მეტყვის, იმას გავაკეთებ. თუ ვინცხა თოფს მესვრის, მეც ვესვრი. უფროსი გვეტყვის და ვესვრი. ზოგიერთ ჩემიანებსაც თუ მოკლავენ, მეც სხვას მოვკლავ.

 

სკოლიდან რომ მოვალ, ჩემს დაიკოებს ვეთამაშები. ნუცა ფორთხავს, ხელებით, ნია – ვერა. ექიმმა დედიკოს უთხრა თბილისში წაიყვანეო. ლოგინიდან ვარდებიან. სულ იქცევიან, თავს არტყამენ. რომ ტირიან, ვეუბნები – სუუუ, ახლა, მამიკო მანქანას მოიტანს და ვითამაშოთ-მეთქი. მამიკოს მანქანა არ მოაქვს, მაგრამ ვატყუებ და მიჯერებენ. ხან იავნანას ვუმღერი და ხან ტელეფონით ვაძინებ. თუ ბაღნები უნდა დავაძინო, მაშინ ვერ გავალ სათამაშოდ.

 

დედიკოს ფული არ აქვს და ვერ მიდის მაღაზიაში. სასადილოდან მოაქვს საჭმელი – პიურე, ბორში და კატლეტი. უფრო მეტად პიურე მიყვარს. დედიკოს ფული თუ ექნა, ხინკალს გამიკეთებს“.

 

 

„ოცნების ქალაქი“ სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმის სიახლოვეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ ადამიანებთან შესახვედრად არც ერთხელ არ ჩასულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მის პრესცენტრში ამბობენ, რომ დასახლებაში მთავრობის თავმჯდომარე არაერთხელ იმყოფებოდა, ოღონდ „ჟურნალისტების გარეშე“. აქ მცხოვრებლებს კი მსგავსი ფაქტი, რომ არჩილ ხაბაძეს ისინი მოენახულებინა, არ ახსენდებათ.

 

„ოცნების ქალაქი“ თავისი ინიციატივით მოინახულა 13 ნოემბერს ბათუმში პირველად ჩამოსულმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მიჟნეკსიმ. საქართველოდან წასვლის შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთგვერდიანი ანგარიში, რომელშიც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებზეც წერდა. ამონარიდი ევროკომისარის ანგარიშიდან:

 

„ბათუმში ყოფნის დროს კომისარი ეწვია ე.წ. დრიმ თაუნის გარეუბანში ნახევრად ფორმალურ დასახლებას, რომელშიც მაღალმთიანი აჭარიდან სიღარიბისა და ბუნებრივი პირობების გამო ჩამოსული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ცხოვრების პირობები მძიმეა, არ მოდის წყალი, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. ოჯახები არ იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებსა და სოციალურ დახმარებას. „ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ პირთა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე