კვირის ამბები

პრესსამსახური – მედიატორი თუ ბარიერი

25.11.2015 • • 2796
პრესსამსახური – მედიატორი თუ ბარიერი

 

ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე სამსახურის სპეციალისტი, ჟურნალისტს ნებისმიერ შემთხვევაში პრესსამსახურთან ამისამართებს. “გავარკვევ და დაგირეკავთ”, – უმეტესწილად ასეთია პრესსამსახურის უფროსის ან სამსახურის თანამშრომლის პასუხი. გარკვევის პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღესაც კი გრძელდება. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, პრესსამსახურის უფროსი სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხებს. საბოლოო პასუხი კი – უარია. 

 

ბათუმში “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს ნინო ხოზრევანიძეს სამუშაო პროცესში ყველაზე მეტად ორი უწყების – ბათუმის მერიისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურები უშლიან ხელს: “თუ ეს უწყებები პოზიტიური კუთხით არ შუქდება, მინისტრ დავით ბალაძისა და მერის – გიორგი ერმაკოვის პრობლემაა. კომენტარს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ღონისძიების ორგანიზატორები თავად არიან და მზად აქვთ სათქმელი. სხვა შემთხვევაში როცა მიმართავ, ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ან სხვა თემებზე, პასუხის მიღება ჭირს. ცოტა ხნის წინ მწვანე კონცხზე გაიყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დავრეკე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ვთხოვე ინფორმაცია, თუ ვის მიყიდეს. პრესსამსახური შემპირდა, რომ რამდენიმე წუთში გამომიგზავნიდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. თუმცა დღემდე არ მიმიღია ეს ხელშეკრულება”. 

 

აჭარის მთავრობის აპარატში პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ. 

 

“მათთვის დაკისრებულ ამ მოვალეობებს ხშირად არ ან ვერ ასრულებენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში. ისინი ჟურნალისტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის ბარიერის როლს უფრო ირგებენ”, – მიიჩნევს “ტელეარხ 25”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე.

 

“პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან პრესსამსახურის ფუნქცია არასწორადაა გაგებული. მაგალითად, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი უწყებისთვის და არა საზოგადოებისთვის. თუ ეს მიდგომა შეიცვლება და ჩათვლიან, რომ პრესსამსახური არის შუამავალი რგოლი დანარჩენ საზოგადოებასთან, ყველაფერი დალაგდება. საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის, უნდა ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა, რომელიც უკარნახებს ხელმძღვანელს, თუ რა უნდა გააკეთოს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მე მაინც მგონია, რომ ეს ქვედა დონეზე არ დალაგდება და უნდა დალაგდეს ზემოდან”, – ამბობს მაია. 

იდენტურ პრობლემებზე საუბრობენ ბათუმში ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტი ირინა ყურუა და ტელეკომპანია `იმედის~ კორესპონდენტი დაჯი ჩხიკვაძე. 

 

“ხშირად პრესსამსახური ვერ ახერხებს უთხრას ხელმძღვანელს, რომ ჟურნალისტს მისი კომენტარი სჭირდება. მქონია შემთხვევა, როცა პრესსამსახურს მოუცია ტელეფონის ნომერი – სჯობს შენ დაურეკოო. არ ვიცი, მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება გარედან ისაა, რომ ერთმანეთთან კომფორტულად არ არიან”, – ამბობს დაჯი ჩხიკვაძე.

 

ირინა ყურუას შეფასებით კი, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურა ბათუმის მერიაა. მას ამ დაწესებულებაში პრესსამსახურის თანამშრომლები ყველაზე ხშირად იმას ეუბნებიან, რომ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს არ უნდა კომენტარის გაკეთება ან არ სცალია: “ეს არ სცალია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ისეთი ტენდენციაა, იმაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ, დროულად თუ გვეტყვიან, რომ კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ხშირად პასუხის მოლოდინში მთელი სამუშაო დღე გადის. სხვა პრესსამსახურებთან პრობლემა არ მქონია, ცდილობენ მაინც”.

 

ხელფასები და პრემიები

ორი თვეა, რაც აჭარის მთავრობის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს სოფო გუჯაბიძე ხელმძღვანელობს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მასთან, როგორც მთავრობის აპარატის პრესსამსახურთან, ჯერ პრობლემები არ შექმნიათ. მისი როგორც დეპარტამენტის უფროსის ხელფასი, სახელფასო დანამატის ჩათვლით, 3097 ლარია, ხოლო დეპარტამენტში შემავალი სპეციალისტების ხელფასი, დანამატის ჩათვლით – 1498 ლარი. რაც შეეხება პრემიას, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ამ დეპარტამენტში გაცემულმა პრემიამ ჯამში 8430 ლარი შეადგინა.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ დიასამიძე კურირებს. მისი ხელფასი დანამატის ჩათვლით 1125 ლარია, ამას ემატება პრემიაც, სახელფასო სარგოს 825 ლარამდე, რომელიც 2015 წლიდან დღემდე სამჯერ – მარტში, აგვისტოსა და სექტემბერში მიუღია. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრესასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე როინ გოგაძე ხელმძღვანელობს. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9700 ლარი, ხოლო დანამატის სახით 7275 ლარი აუღია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პრესასა და მასმედიასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე ლიზა თედორაძე კურირებს. მას რეგიონში დასაქმებული ჟურნალისტები ერთ-ერთ ყველაზე კომუნიკაბელურ და კარგ მედიატორად ასახელებენ. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9 700, დანამატის სახით 7 227, ხოლო პრემიის სახით 200 ლარი მიუღია. 

“ბათუმელებმა” პრესსამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთი სამთავრობო უწყებიდან – აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა. ამ სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი დავით წეროძე მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ვიდრე კომენტარს გააკეთებენ სამმართველოს სპეციალისტები, მას უნდა შეათანხმონ. თუმცა, მან, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, “ბათუმელებს” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპერატიულად, მოთხოვნიდან მეორე დღესვე მიაწოდა. 

დავით წეროძეს იანვრიდან დღემდე ხელფასისა და დანამატის სახით 17 600 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1382 ლარი მიუღია. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტს, დალი მახარაძეს ხელფასისა და დანამატის სახით 10 779 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1454 ლარი აქვს მიღებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: