კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს

04.12.2015 • 4422
ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს

უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ბადრი გოგიძემ უპასუხა.

ბატონო ბადრი, 2015 წელს რა პროგრამები განხორციელდა და თუ იგეგმება რაიმე სიახლე 2016 წლისთვის?

2014 წელს ჩვენ ვემსახურებოდით 30 ბენეფიციარს, ეს რიცხვი დღეს 45-მდეა გაზრდილი. პროგრამა ითვალისწინებს საღამოს შვიდი საათიდან დილის ათ საათამდე მომსახურებას. სუფთა საწოლს, აბაზანას, სამედიცინო მომსახურებას, ორჯერად კვებას – დილით და საღამოს. მომავალი ბიუჯეტისთვის ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა იგივეა.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

რომ გაიზარდოს მოთხოვნა, მით უმეტეს ზამთრის პირობებში, ამისთვის არ გექნებათ დამატებითი თანხა გათვალისწინებული?

თუ გაჩნდება მოთხოვნა, მერია მოწოდებულია, დაგვეხმაროს და დამატებითი თანხები გამოყოს. შარშან წყალდიდობა რომ იყო, მაგ პერიოდში ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ შემდეგ 45-ზე მეტი აღარ გვყოლია.

სამედიცინო მომსახურებაში რა შედის?

წელს ტენდერი გამოვაცხადეთ და ხელშეკრულება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გავაფორმეთ. იმ ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებას, რომელთაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, მთლიანად ჩვენ ვანაზღაურებთ, დანარჩენი კი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ და თუ დამატებითი პროცენტები იქნება ასანაზღაურებელი, ჩვენი ბიუჯეტიდან ვუმატებთ.

რამდენი ლარია სამედიცინო ხარჯებისთვის გათვალისწინებული და რამდენმა ისარგებლა წელს?

ათი ათასი ლარია გამოყოფილი. წელს არ დაგვჭირვებია სამედიცინო მომსახურება, შარშან ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მოიტეხა ფეხი, გაუკეთდა ოპერაცია და 3 500 ლარით დავუფინანსეთ. ასევე, გვაქვს სამედიცინო პუნქტი ადგილზე და გვყავს ღამის ექთანი. მის მოვალეობაში ნემსების გაკეთება არ შედის, მაგრამ ელემენტარული დახმარება, წნევის გაზომვა იქნება თუ წამლის მიწოდება სიცხის დროს, ევალება. უფრო რთულ შემთხვევებში სასწრაფოს ვიძახებთ და გადაგვყავს.

მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯების გაზრდას აპირებთ, თუნდაც ამ მიმართულებით?

ერთ ბენეფიციარზე დღეში ათი ლარია გათვალისწინებული. წლიური ბიუჯეტი 200 ათას ლარამდეა.
რა ასაკის ადამიანები ცხოვრობენ თავშეფასარში და რომელი რეგიონებიდან არიან ძირითადად?

მოხუცები არიან ძირითადად. ოთხმოცი წლის მოხუციც მყავს, თუმცა ერთი ახალგაზრდა – 30 წლის ქალიც გვყავს გორიდან, რომელსაც სახლი არ აქვს. არიან ქალაქის მცხოვრებლებიც, რომლებმაც დაკარგეს სახლი, არიან სხვა ქალაქებიდანაც: თბილისიდან, გორიდან. რუსეთის ორი მოქალაქე გვყავს, რომლებსაც პასპორტი არ აქვთ და დარჩნენ ქუჩაში. სანამ საქართველოში არიან და მათი ექსტრადირება არ მოხდება, იცხოვრებენ თავშესაფარში. თავშესაფარში მოქალაქეები საპატრულო პოლიციას მოჰყავს და თუ პირი ძებნაში არ არის, ტოვებენ თავშესაფარში. ერთი უკრაინის მოქალაქეც იყო, რომელიც მალე გაამგზავრეს.

რა შეზღუდვები მოქმედებს თავშესაფარში?

განსაკუთრებული არაფერი. დილით უნდა გავიდნენ და საღამოს მოვიდნენ. სასმელზეა დამოკიდებული ბევრი და ჩხუბობენ ხოლმე, მაგრამ ამ პრობლემასაც ვაგვარებთ, დაცვის სამსახურთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს.

ტანსაცმელს სთავაზობთ თავშესაფარში მცხოვრებლებს?

ტანსაცმელს არ ვყიდულობთ, მაგრამ მოქალაქეებს მოაქვთ მეორადი ტანსაცმელი და იმით სარგებლობენ. ჩვენც ჩავატარეთ აქცია და მეორადი ტანსაცმელი შევაგროვეთ. თუ დასჭირდათ გამოცვლა, მარაგი გვაქვს.

რითი იკვებებიან, რა შედის მენიუში?

თავშესაფარში მშრალი კვებაა: ბუტერბროდები, ყველი, კარაქი, ომლეტი, სოსისი, ფუნთუშა და ჩაი.

შენობა გარემონტებულია?

სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ, ის ნაწილი გარემონტებულია, მერიამ გაარემონტა. სველი წერტილები და ოთახებიც მოწესრიგებულია. შენობაში არის ცენტრალიზებული გათბობაც. ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანია განთავსებული – არის სამადგილიანი, ორიანიც და რვა ადგილიანიც. კომუნალურ გადასახადებს ჩვენი ორგანიზაცია ფარავს.

დღესასწაულებზე რაიმე განსხვავებულს თუ სთავაზობთ ამ ადამიანებს?

მენიუში ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში ტკბილეულს ვჩუქნით ან ხაჭაპურს ვუცხობთ.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: