Batumelebi | პარაოლიმპიელები ბათუმიდან პარაოლიმპიელები ბათუმიდან – Batumelebi
RU | GE  

პარაოლიმპიელები ბათუმიდან

2012 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი. ამჟამად კომიტეტში 20-ზე მეტი პარაოლიმპიელი სპორტსმენი და რვა სახეობაა – ნარდი, შაში, დარტსი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მშვილდოსნობა.

ზვიად დუმბაძე
პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ამპუტირებული კიდურები, დარღვეული მხედველობა, დაქვეითებული სმენა, ცერებრალური და ქვედა კიდურების დამბლა. ტარდება როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე ზაფხულის. პარაოლიმპიადა წელიწადში ოთხჯერ იმართება და იწყება ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან მეორე დღეს.
პარაოლიმპიელებს შორის 10 სპოტსმენი ამპუტირებულია, მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კიდურები. მათ შორის არის აგვისტოს ომის მონაწილეც: „ფეხბურთის გუნდში ორი თვის წინ მოვედი. სპორტს სტუდენტობის დროსაც მივყვებოდი. სკოლაში როცა ვსწავლობდი, მაგიდის ჩოგბურთის წრეში ვიყავი გაწევრიანებული. მერე შეიარაღებულ ძალებში წავედი“, -გვეუბნება 36 წლის სერჟანტი სოსო გოგიტიძე. მან 2008 წლის აგვისტოს ომში მარჯვენა ფეხი დაკარგა.
სოსო გოგიტიძემ შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბერში გაიმართა თბილისში. ამ შეჯიბრებაში, სადაც საქართველოდან სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა, ბათუმის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მეკარე ანდრეი სლეპცოვს კი, რომელსაც ორივე ხელი აქვს დაკარგული, საუკეთესო მეკარის სიგელი გადასცეს. სოსო გოგიტიძეს სურს, რომ სხვებიც მიიყვანოს პარაოლიმპიელთა რიგებში. აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის წესდების მიხედვით, შეჯიბრებების ჩატარების გარდა, კომიტეტის მისიად განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისა და აქციების გზით მათი სოციალური ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ პროცესებში მათი ჩართულობა და მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 29 ნოემბერს კომიტეტის ორგანიზებით იგეგმება სმენადაქვეითებულ და ამპუტირებულ სპორტსმენებს შორის ფესტივალის – „ბათუმი 2015“ ჩატარება შაშში, ნარდში, დარსტში, ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის და სმენადაქვეითებულ ფეხბურთელთა შორის. მასში მონაწილეობას
მიიღებენ გუნდები ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან, ოზურგეთიდან, გორიდან.
„უკვე მეორედ ტარდება ეს შეჯიბრება. პირველად ორი წლის უკან ჩავატარეთ. მერე ისე მოხდა, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შარშან და შარშან წინ გამოვტოვეთ და ახლა განვაახლეთ, გვინდა ტრადიციული სახე მივცეთ ამ ღონისძიებას, გვერდში გვიდგას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, რომელმაც ამ შეჯიბრებისთვის 3000 ლარი გამოგვიყო. ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია.
სამწუხაროდ, ბევრს აქვს კომპლექსი, სახლიდან არ გამოდიან რაღაც მიზეზების გამო, რცხვენიათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ გამოვიდნენ ისინი გარეთ“, – ამბობს აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გოჩა მუხაშავრია.
მისივე ინფორმაციით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა კომიტეტს 10 000 ლარი გამოუყო, მომავალი წლიდან კი მათ ამ თანხის გაზრდას ჰპირდებიან.
პარაოლიმპიელ სპორტსმენებს ბათუმში საკუთარი სავარჯიშო ტერიტორია არ აქვთ. ფეხბურთის გუნდების მთავარი მწვრთნელის დავით ხოსრუაშვილის თქმით, რომელიც ამავდროულად აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანიცაა, პარაოლიმპიელები სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ: „უამინდობის შემთხვევაში ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გვითმობს დარბაზს. როცა კარგი ამინდია ბულვარში, მოცეკვავე ფანტანთან მდებარე სტადიონთან ვვარჯიშობთ, კვირაში ორჯერ, რადგან ეს ხალხი მუშაობს. შესაძლებლობა როცა აქვთ, იმ პერიოდისთვის ვუთანხმდებით. სმენადაქვეითებულ გუნდთან ერთად თარჯიმანის დახმარებით ვვარჯიშობთ“.
ბათუმის პარაოლიმპიელებს შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების წევრიცაა – 27 წლის მშვილდოსანი ზვიად დუმბაძე. სოსო გოგიტიძის მსგავსად, მასაც მარჯვენა ფეხი აქვს ამპუტირებული, რომელიც 10 წლის ასაკში დაკარგა მანქანის აფეთქების გამო. „1998 წელს ბენზინის ქარხანაში, სახლის წინ აფეთქდა მანქანა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვისხედით. მაშინ ჩემი ძმაც დაშავდა, თუმცა კიდურები არ დაუკარგავს. ახლა პროთეზი მაქვს ფეხზე“, – გვიყვება ზვიად დუმბაძე. მშვილდოსნობით სამი წელია დაკავებულია. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ორჯერ მეორე ადგილი და სამჯერ მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. არის საერთაშორისო ტურნირების მონაწილე მშვილდოსნობაში. გარდა ამისა, ზვიად დუმბაძე ფეხბურთის ლიგაშიც თამაშობს. „ამპუტანტთა ლიგა ფეხბურთში ახალი ჩამოყალიბებულია აჭარაში, დაახლოებით ხუთი თვეა ვარ აქ“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
პარაოლიმპიურ მშვილდოსნობაში ზვიად დუმბაძეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ანგისის სპორტულ ბაზაზე. ამჟამად ის ბაქოს ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 3-7 დეკემბერს გაიმართება. ზვიად დუმბაძე: „საფრანგეთში, აპრილში არის ევროპის ჩემპიონატი პარაოლიმპიელ მშვილდოსნებს შორის. ვემზადები ყოველდღიურად, ჩემი მიზანია ლიცენზიის აღება ბრაზილიის 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე“.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი