ბათუმის მერია მომავალ, 2016 წელს, ქალაქის სანიაღვრე არხების მოვლა-ექსპლუატაციისთვის მაქსიმუმ 1 მილიონ 154 ათას 357 ლარს გადაიხდის. სანიაღვრე არხების მოვლა ზაფხულის პერიოდში მათ სანიტარულ-ჰიგიენურ დამუშავებასაც გულისხმობს. სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.
მიმწოდებელმა, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ სხვა სამუშაოებთან ერთად უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; ხეებისა და სხვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს მომსახურებასთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.
შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობების თანახმად :
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,1% პროცენტის ოდენობით;
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭებიდან გაწმენდილი შლამის ამოღება და გატანა უნდა მოხდეს იმავე დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 20 ლარის ოდენობით.
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭების მიმდინარე შეკეთება (გატეხილი სახურავების შეცვლა, კედლების წამოწევა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 2 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 50 ლარის ოდენობით;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადახურვის ფილის გამოცვლა შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 100 ლარის ოდენობით;
საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება
პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
