სიახლეები

18 წლის თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს

25.11.2015 • 1170
18 წლის თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს


ბრალდებული 18 წლისაა. ადვოკატის ცნობით, იგი დიჯეია და ბათუმში მუშაობს. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. 


 „პოლიციელმა, რომელიც გამეცნო როგორც სოსო გოგიტიძე, მითხრა, რომ მე არც პირველი ვარ და არც ბოლო… გამჩხრიკეს, წამართვეს პირადობისა და მართვის მოწმობა, ასევე სიგარეტი. ჩხრეკის მერე წართმეული ნივთები დამიბრუნეს და მეორეჯერ გამჩხრიკეს. მეორე ჩხრეკის დროს ამოიღეს ფუთა, რომელიც ჩემი არ არის. მე მასზე ხელიც არ მიხლია, ანაბეჭდები არ იქნება ჩემი ამ ფუთაზე. ექსპერტიზა ჩამიტარეს და ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში არ აღმომაჩნდა,“ – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე. 


საქმის პროკურორი ზურაბ კონცელიძეა, რომელმაც ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს „ჰეროინი“ პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულმა ნარკოტიკული ნივთიერება გაურკვეველ დროს გაურკვეველი პირისგან შეიძინა.


ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე და ასევე ოქმებში ყალბი ინფორმაციის არსებობაზე. 


მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებით ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა, 4 ათასი ლარის ოდენობით. ის მოსამართლემ პატიმრობიდან დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორმა ვერ დაასაბუთა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საფუძველი.



სასამართლო პროცესს ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



გადაბეჭდვის წესი