სიახლეები

შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

02.09.2015 • 4790
შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ბათუმის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 ათას 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 6 თვის შედეგების ანგარიშის მიხედვით, „საავადმყოფოს მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულებულია. მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გამოთავისუფლებისა და სამშენებლო ტენდერის გამოცხადების ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა“.

რაც შეეხება სტადიონს, ესპანურ კომპანიასთან „…კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ვერ შესრულების გამო გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა ცალმხრივად, თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა“, – აღნიშნულია სამინისტროს ანგარიშში.

მოგვიანებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის პროგრამების ჩამონათვალიდან საერთოდ ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და ამ პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა სამინისტროს მიერ შექმნილ შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო.

ამაზე თანახმაა აჭარის მთავრობაც.

საუბარია 17 მილიონ 984 ათას 400 ლარზე, „რომელიც მოხმარდება ქალაქ ბათუმში მრავალპროფილური საავადმყოფოსა და საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას“, – აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში, რომელიც აჭარის მთავრობას ამ დროისთვის უმაღლეს საბჭოში აქვს გადაგზავნილი. ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

„ბათუმელები“ არკვევდა, რატომ გახდა აუცილებელი და ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია მსხვილი პროექტების განხორციელება სახელმწიფო შპს-ს მიერ და ხომ არ ზრდის ეს კორუფციის რისკებს, მითუმეტეს, როცა ამ პროექტებისთვის სპეციალურად იქმნება შპს, თანაც მაშინ, როცა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პროგრამების განხორციელებაც დაწყებულია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალი შპს-ს შექმნაზე აჭარის მთავრობამ მიიღო. მთავრობაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნის და ამასთან დაკავშირებით მთავრობაში კომენტარი არ გააკეთეს.

„ვინაიდან რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ორი პროექტი ხორციელდება, მშენებლობების პროცესს უნდა უხელმძღვანელონ და გააკონტროლონ მაღალპროფესიულმა კადრებმა, ამ მაღალპროფესიულ, მაღალკვალიფიციურ კადრებს კი სჭირდებათ ნორმალური ანაზღაურება. საჯარო სექტორში ხელფასები, კერძო სექტორთან შედარებით, დაბალია, შესაბამისად, ერთი არგუმენტია, რომ ვერ დავაინტერესებდით მაღალკვალიფიციურ კადრებს და მეორეც – მობილურობისა და ეფექტური მართვის კუთხით უმჯობესია, შპს-მ განახორციელოს ეს ყველაფერი. თანაც ეს არის სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს, რომელიც [ტენდერი იქნება გამოსაცხადებელი თუ სხვა რამ] იმოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის~ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკოსი მათე გარდავა „ბათუმელებთან~ ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ალოგიკური და მიუღებელია: „ძნელია, ამ ყველაფერს რაიმე ახსნა მოუძებნო… ეკონომიკური კუთხით ეს არის გაუმართლებელი. ცხადდება ტენდერები, გამარჯვებული აკეთებს საქმეს, ან თუ ვერ აკეთებს, ხელახლა ცხადდება ტენდერი. ამისთვის დამატებით სახელმწიფო შპს-ს შექნა რა საჭიროა, არ მესმის“.

მათე გარდავას თქმით, სახელმწიფო შპს მოქნილი ვერ იქნება. ამასთან, „როდესაც სახელმწიფო შპს იქმნება, მას ბუნებრივია, ყოველთვის ჰყავს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური პირები… ვინმეს პატიოსნებაში წინასწარ ეჭვის შეტანა ძალიან რთულია, მაგრამ, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სახელმწიფო შპს ასეთი დიდი მოთამაშეა, არის მაღალი რისკი იმისა, რომ სადღაც, რაღაც ეტაპზე კორუფციული გარიგება დაიდოს“.

„საქმე იმაშია, რომ თუ შპს-შიც იგივე პრობლემა დარჩა, ვთქვათ, თუ ეს პროექტები არ დაიწყება და თუ გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ შესრულდება სამუშაოები, ეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არანაირ პასუხისმგებლობას არ აცილებს – რადგან მმართველი ამ შემთხვევაში არის სამინისტრო. არ არის ისე, რომ სამინისტრო დარტყმას იცილებს და მერე უნდა გადააბრალოს, რომ აი შპს-მ რაღაც დროულად ვერ გააკეთა და ა.შ.“ – ამბობს რამაზ ბოლქვაძე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ ახალ შპს „სტადიონად~, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა და სახელწოდებასთან ერთად წესდებაც შეუცვალა. თუ „ვეტერინარს~ ძირითადად ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისგან მოსახლეობის დაცვა ევალებოდა, „სტადიონის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი. ასევე, კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, „ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები შენდება, მოგება არაფერ შუაშია. მაგალითად, იმ მასშტაბურ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რაც მიმდინარეობს სარფის მონაკვეთზე, სახელმწიფო შპს ახორციელებს. ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე – რომ არ გაფუჭდეს საქმე, დროულად გაკეთდეს ყველაფერი, მერე მართვაც მარტივი იყოს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული. „სტადიონი“ არის ამ ორი პროექტისთვის შექმნილი შპს და არ იგეგმება, რომ რაღაც სამშენებლო კომპანია გახდეს და იმუშაოს მოგებაზე“.

მინისტრის მოადგილის თქმით, შპს „სტადიონის“ ამოქმედებას სჭირდება ცვლილებების შეტანა აჭარის ბიუჯეტში. „ჩვენ შეტანილი გვაქვს პროექტი და თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს ცვლილებებს, „სტადიონის“ ამოქმედებას არაფერი შეუშლის ხელს. თუ არ მიიღო უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი იმ სახით, როგორიც წარდგენილი გვაქვს, მაშინ შპს-ს ამ სახით არსებობას აზრი ეკარგება“.

შპს „სტადიონის“ დირექტორად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ასევე სამინისტროს 100%-იანი წილით შექმნილი შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე დანიშნა.

„საბიუჯეტო ცვლილებებს ველოდებით და შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული მოქმედებები და ღონისძიებები. მომავალ თანამშრომლებს რაც შეეხება, როგორც ვიცი, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობების ოპერირებას მოახდენს ეს კომპანია და თანამშრომლებიც იქნებიან ისინი, ვინც საჭირო იქნება ამ ოპერირების პროცესისთვის. ამ ეტაპზე თანამშრომლები ვინ იქნება, რა შტატები იქნება, არაფერი ამდაგვარი არ არის დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებსა და ღონისძიებებზე შემდეგ იქნება მსჯელობა“, – განაცხადა ჯემალ ბოლქვაძემ.

შპს Goderdzi Resorts -ი ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ „გოდერძის“ მშენებლობას კურირებს.
მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს ინფორმაციით, „გოდერძი რიზორტზე“ დასკვნითი ეტაპის სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაათვალიერა. „მშენებლობის პროცესი ამ დროისთვის აქტიურია, თუმცა გარკვეულ ხარვეზს ვხედავ სამუშაოების დაწყებისა და ასევე აქამდე არსებულ ტემპებთან დაკავშირებით. 10 დღეში ისევ ვეწვევი გოდერძი რიზორტს და თუ შედეგი არ იქნება შესაბამისი, მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა დავით ბალაძემ“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ესტუმრა თუ არა „გოდერძის“ მინისტრი 10 დღეში, „ბათუმელებისთვის“ უცნობია, თუმცა გადამოწმებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში გარკვეული პრობლემები დღესაც არის.

„შენიშვნები იყო სამინისტროს მხრიდან მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით და არა ხარვეზებზე… რაღაც ეტაპზე გამოსწორდა მდგომარეობა და ახლა მშენებელ კომპანიას აქვს სახელფასო დავალიანებები. სამ ობიექტზე მიდის მშენებლობა და ერთ-ერთზეა ეს პრობლემა [კონტრაქტორის პრობლემებია ძირითადად და მიზეზები, თუ რამ წარმოშვა, კონკრეტულად არ ვიცი]. ვმუშაობთ გამოსწორებაზე, რათა შეფერხება არ გვქონდეს და სეზონი გავხსნათ ჩვეულებრივად, როგორც გვაქვს დაგეგმილი – დეკემბრის თვეში. ანუ, დეკემბრიდან კურორტი დაიწყებს ფუნქციონირებას იმ რეჟიმში, როგორშიც ფუნქციონირებს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტები“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯემალ ბოლქვაძემ.
ამ ყველაფრის ფონზე, ესპანური კომპანია, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა და შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტა, სამინისტროსთან საქმის გარკვევას სასამართლოში აპირებს.

„ჩვენ წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში… შესაბამისად, ვემზადებით სასამართლო პროცესისთვის“, – განაცხადა „ბათუმელებთან~ კომპანია „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გელა ცინცაძის ინფორმაციით კი, კომპანიას ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომი ორგანოსთვის, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობაში, უნდა წარედგინა, „ყოველ შემთხვევაში სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი იმ ფორმით, რასაც კანონი ითვალისწინებს, წარმოდგენილი არ ყოფილა“.

ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც აჭარის მთავრობის აპარატში გვითხრეს, არც მათთან დარეგისტრირებულა. რაც შეეხება სასამართლოს, გელა ცინცაძის თქმით, „კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა სასამართლოს უფლება აქვს, საქმე წარმოებაში არ მიიღოს“.

რაც შეეხება დავის ქვეყნის გარეთ გაგრძელებას, მამუკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ „ამჟამად, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი უფლება, მივმართოთ რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალს“.

კომპანია IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა. მიმდინარე წლის 25 ივნისს კი ხელშეკრულება შეწყვიტა. კონკურსში გამარჯვებული მხარე „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი, კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობდა.

გახარჯავს თუ არა აჭარის მთავრობა ბიუჯეტით გამოყოფილ თანხას სრულად, ამ ეტაპზე გაურკვეველია. საბიუჯეტო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შპს „სტადიონი“ჯერ ბათუმის სტადიონის პროექტის შერჩევაზე გამოაცხადებს კონკურსს და შემდეგ ტენდერს – მშენებლობაზე. „სტადიონმა“ უნდა გამოაცხადოს ტენდერი საავადმყოფოს მშენებლობაზეც. შპს „სტადიონთან“ დაკავშირებით დეტალებზე კი, როგორც „ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, მინისტრი განმარტებებს მიმდინარე კვირაში გააკეთებს.

დღეის მდგომარეობით აჭარის ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 6 თვის ხარჯები 90%-ითაა შესრულებული. ესეც სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამების გარეშე, ვინაიდან ამ ორი პროგრამის ხარჯი პირველ ორ კვარტალში გაწერილი არ ყოფილა. საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი ნაწილი კი, სახელფასო ფონდის შემდეგ, სწორედ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამებზე მოდის [თითქმის მთლიანი ხარჯის 14%].

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრის ეკატერინე თარგამაძის განცხადებით, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მხარჯავ დაწესებულებებს, რომ მესამე კვარტლის ბოლოს დადონ წლიურ გეგმასთან მიახლოებული მაჩვენებლები. რაც შეეხება საავადმყოფოსა და სტადიონს: „თუ გავითვალისწინებთ ვადებს, არსებულ სიტუაციას, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში გაჭიანურდა პროცესი, ამიტომ მხოლოდ დემონტაჟი თუ მოხდება, სხვა არა მგონია წლის ბოლომდე მოესწროს. სტადიონთან დაკავშირებით კი კიდევ უფრო გართულებულია სიტუაცია. რამდენადაც ვიცი, დავობს მეორე მხარე და როცა დავაა, საქმე წინ ვერ მიდის. ამასთან, მთელი ფორმალობები თავიდანაა გასავლელი, რისთვისაც ახალი შპს გააკეთეს“.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 8 მილიონ 314 ათასი ლარით იზრდება, და ეს მაშინ, როცა მხარჯავი დაწესებულებები მათთვის გამოყოფილ თანხებს ბოლომდე ვერ ხარჯავენ, თუმცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანხის ვერ გახარჯვაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, მათი პროგნოზით, სტადიონისა და საავადმყოფოსთვის გამოყოფილ თანხასაც აითვისებენ.

აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, ამ დროისთვის, ხარჯები 124 მილიონ 802 ათას 200 ლარითაა განსაზღვრული, აქედან 36 მილიონ ლარამდე მხოლოდ ხელფასებში გაიცემა, რაც მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: