ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე  წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს.

„ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი კომპანიისგან  დასრულებულია და ამ დოკუმენტებმა უკვე გაიარეს შემოწმების პროცედურებიც. ამჟამად მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, ვის შეეხება განსახლება ცეცხლაურში. გარდა ორი ოჯახისა, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ განსახლება, იქ არის ათობით მიწის ნაკვეთი, რითაც მოსახლეობა სარგებლობს. კომისიამ უნდა დააზუსტოს ნაკვეთების ფართობები, კონკრეტულად ვინ, რომელი ნაკვეთით სარგებლობს, ვის რა ზარალი შეიძლება მიადგეს ნაკვეთის ჩამორთმევით და თითოეულისთვის შესაბამისი კომპენსაციების ოდენობა“, – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  ეკატერინე ბახტაძემ. მისივე თქმით, კომპენსაციები გაიცემა დონორი ორგანიზაციების წესებისა და იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილზე მოკვლევის საფუძველზე მოამზადეს.

„საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის“ მიხედვით,  კომპენსაციისთვის გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარია [დაახლოებით 1 მილიონი ევრო]. ეს მოიცავს 20% გაუთვალისწინებელ ხარჯებს [დაახლოებით 413 ათას ლარს], რომელიც განკუთვნილია ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, იმ თანამშრომლების შემოსავალი, რომლებიც იმუშავებენ განსახლების გეგმის შესრულებაზე.

აღნიშნული თანხიდან 1,56 მილიონი ლარი გათვალისწინებულია როგორც ფულადი კომპენსაცია ადგილმდებარეობის მონაცვლეობისთვის [მიწის დაკარგვა მიწის მესაკუთრეებისთვის/რეგისტრებული მოსარგებლეებისთვის/მიტაცებული მიწებისთვის – 80-მდე ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი]; მიწის გადაცემისა და რეგისტრაციის ასანაზღაურებლად საჭირო დახმარებისთვის – 5 ათასი ლარი, ხოლო ფულადი კომპენსაცია სახლის და სხვა ნაგებობების ღირებულების შესაბამისად – 210 ათასი ლარი. პროექტით, სულ ცეცხლაურში მიწის შესყიდვისათვის 2 068 500 ლარი იქნება საჭირო.

საკომპენსაციო თანხაში შედის კომპენსაციის პაკეტი ნარჩენების შემგროვებლებისთვისაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მათთვის ახალი სამუშაოს მოძიების მიზნით პროფესიული სასწავლო პროგრამის შეთავაზება [დაახლოებით 30 ადამიანისთვის], ასევე კომპენსაციაა გათვალისწინებული ნაგავსაყარზე მოწყობილი დროებითი თუ მუდმივი თავშესაფრის დაკარგვისთვის, ნივთების გადატანისთვის თავანთ სახლში რეგისტრაციის მისამართზე, ფულადი კომპენსაცია გადატანის პერიოდისთვის დანაკარგის ანაზღაურებისთვის – სულ 33 ათასი ლარი.

„როდესაც ექსპერტები მუშაობდნენ ადგილზე, ნახეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაკავშირებული არიან არსებულ ნაგავსაყრებთან და ნაგვის შეგროვებიდან იღებენ გარკვეულ შემოსავალს, სოციალურ სარგებელს. მათი რეკომენდაციით ამ ადამიანების მიმართ გარკვეული ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ. აუცილებელი არ არის ფულადი კომპენსაცია, შესაძლებელია შევისწავლოთ ეს ადამიანები და სხვადასხვა ფორმის დახმარება შევთავაზოთ. ჯერჯერობით ამ ადამიანების აღწერა და გადამოწმება არ მომხდარა. მითუმეტეს, არსებული ნაგავსაყრების დახურვის პროცესიც არ არის დაწყებული,“ _ ამბობს ეკატერინე ბახტაძე.

„გარემოსა და სოციალური ზემოქმედების არატექნიკურ ანგარიშში“ აღნიშნულია, რომ `ბათუმის ნაგავსაყარზე მუშაობს 50-70 ნარჩენების მკრეფავი, ქობულეთში კი – 10-15. გარდა ამისა, 11 თავშესაფარია ბათუმის ნაგავსაყარზე, აქედან 2 თავშესაფარი სოფლის მეურნეობითა და მსხვილფეხა საქონლით“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნარჩენების შემგროვებლები არ არიან დასაქმებული და მათ არ აქვთ შემოსავლის სხვა წყარო. მათ შორის რამდენიმე ქალია. ნაგავსაყრებზე ნარჩენების შეგროვებაში ასევე პერიოდულად მონაწილეობენ მოზარდებიც.

ექსპერტთა რეკომენდაციით, ნარჩენების შემგროვებლებთან დაკავშირებულ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის ორი ვარიანტი განიხილება: ოფიციალური სამუშაოს შეთავაზება კომპანია „ჰიგიენა 2009“-ში, რომელმაც ოპერირება უნდა გაუწიოს ახალ ნაგავსაყარს [ასევე ჰიგიენის ნორმების დაცვით, ნარჩენების შეგროვების ნების დართვა ნაგავსაყრების დახურვამდე], ახალი სამუშაოს მოძიებისთვის მათი პროფესიულ ტრენინგებში ჩართულობა და სოციალური დახმარება.

„ეს ვარიანტები მიზნად ისახავს ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას ნარჩენების შემგროვებლებისთვის… თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანია დაზარალებულ ადამიანებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის. შესაძლებელია ახალი ვარიანტიც გამოიკვეთოს,“ – აღნიშნულია რეკომენდაციაში.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება [გსზშ] ბოლოს 2015 წლის ივნისში განახლდა. გსზშ-ს სამუშაო ვერსია სამინისტროსა და EBRD-ს 2013 წლის 3 ივლისს წარედგინა, თუმცა მასზე მუშაობა განახლდა, ვინაიდან ჩაქვის ნაცვლად ახალი ნაგავსაყარის აშენება  ცეცხლაურში გადაწყდა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პროექტი განხორციელდება შპს „ჰიგიენა 2009“-ს მიერ, რომელიც ჩამოყალიბდება და იქნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში. თუმცა, ჯერჯერობით, კლიენტად და პროექტის მფლობელად მიიჩნევა სამინისტრო. იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი EBRD-ის მოთხოვნები, მნიშვნელოვანია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება შპს `ჰიგიენას~, კვალიფიცირებული და შესაფერისი პერსონალის დაკომპლექტებით.

„ჰიგიენა 2009“-მ ოფისმენეჯერისა და შესყიდვების ექსპერტის თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადა. „კონკურსი ჩატარდა, თუმცა ვერავინ ვერ შეირჩა. ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები,“ – განაცხადა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონის მოწყობას. ასევე განხორციელდება ბათუმისა და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული სამი ნაგავსაყრის კონსერვაცია. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი, სამინისტროს მონაცემებით, 7 მილიონი ევროა [კონსულტანტები აღნიშნავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული თანხა ბათუმის ნაგავსაყრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად კონსერვაციისთვის საკმარისი არ იქნება].

ახალი ნაგავსაყრის ექსპლოატაციის პერიოდია 21-დან 35-წლამდე [35 წელი იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერდება ნარჩენების გადამუშავების სექცია]. ნაგავსაყრის უჯრედის საერთო ფართობი 11,5 ჰექტარი იქნება, 15 მეტრი სიმაღლით.

ცეცხლაურის ნაგავსაყარი ბათუმიდან დაახლოებით 50 კმ-ით იქნება დაშორებული, რაც ქალაქიდან ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯს თითქმის 6-ჯერ გაზრდის. ამიტომ კონსულტანტების მიერ ბათუმსა და ცეცხლაურს შორის შუალედური სადგურის აშენებაც განიხილება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე „ჰიგიენა 2009“-ში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება დროში არ გაწელილა, თუმცა იმავე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დღესაც მითითებულია, რომ პროექტის განხორციელების პერიოდია 2010-2015 წლები.

`საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტში~ ასევე მოცემულია სავარაუდო გრაფიკი, რომლითაც მიწის მოსარგებლეების იდენტიფიცირება სასურველი იყო დასრულებულიყო მიმდინარე წლის ივნისში, ნარჩენების შემგროვებლების მონიტორინგი მომხდარიყო ივნის-ნოემბერში, მათი აღწერა _ ოქტომბერში, ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმა პირველი დეკემბრისთვის ყოფილიყო მზად.

პროქტის დროში გაწელვის გამო საბიუჯეტო თანხის დაზოგვის მიზნით, გასულ წელს რეკომენდაცია ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც, თუმცა, როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტრომ ის არ გაითვალისწინა: „აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არ განხორციელებულა შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო თანხის სრულად ათვისება და, შესაბამისად, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები…  განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ისევ ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება. შედეგად 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოყოფილი 3 მილიონი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და, შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, გადახდილია სულ 153,8 ათასი ლარი“.

პარაოლიმპიელები ბათუმიდან

2012 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი. ამჟამად კომიტეტში 20-ზე მეტი პარაოლიმპიელი სპორტსმენი და რვა სახეობაა – ნარდი, შაში, დარტსი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მშვილდოსნობა.

ზვიად დუმბაძე
პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ამპუტირებული კიდურები, დარღვეული მხედველობა, დაქვეითებული სმენა, ცერებრალური და ქვედა კიდურების დამბლა. ტარდება როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე ზაფხულის. პარაოლიმპიადა წელიწადში ოთხჯერ იმართება და იწყება ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან მეორე დღეს.
პარაოლიმპიელებს შორის 10 სპოტსმენი ამპუტირებულია, მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კიდურები. მათ შორის არის აგვისტოს ომის მონაწილეც: „ფეხბურთის გუნდში ორი თვის წინ მოვედი. სპორტს სტუდენტობის დროსაც მივყვებოდი. სკოლაში როცა ვსწავლობდი, მაგიდის ჩოგბურთის წრეში ვიყავი გაწევრიანებული. მერე შეიარაღებულ ძალებში წავედი“, -გვეუბნება 36 წლის სერჟანტი სოსო გოგიტიძე. მან 2008 წლის აგვისტოს ომში მარჯვენა ფეხი დაკარგა.
სოსო გოგიტიძემ შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბერში გაიმართა თბილისში. ამ შეჯიბრებაში, სადაც საქართველოდან სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა, ბათუმის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მეკარე ანდრეი სლეპცოვს კი, რომელსაც ორივე ხელი აქვს დაკარგული, საუკეთესო მეკარის სიგელი გადასცეს. სოსო გოგიტიძეს სურს, რომ სხვებიც მიიყვანოს პარაოლიმპიელთა რიგებში. აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის წესდების მიხედვით, შეჯიბრებების ჩატარების გარდა, კომიტეტის მისიად განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისა და აქციების გზით მათი სოციალური ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ პროცესებში მათი ჩართულობა და მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 29 ნოემბერს კომიტეტის ორგანიზებით იგეგმება სმენადაქვეითებულ და ამპუტირებულ სპორტსმენებს შორის ფესტივალის – „ბათუმი 2015“ ჩატარება შაშში, ნარდში, დარსტში, ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის და სმენადაქვეითებულ ფეხბურთელთა შორის. მასში მონაწილეობას
მიიღებენ გუნდები ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან, ოზურგეთიდან, გორიდან.
„უკვე მეორედ ტარდება ეს შეჯიბრება. პირველად ორი წლის უკან ჩავატარეთ. მერე ისე მოხდა, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შარშან და შარშან წინ გამოვტოვეთ და ახლა განვაახლეთ, გვინდა ტრადიციული სახე მივცეთ ამ ღონისძიებას, გვერდში გვიდგას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, რომელმაც ამ შეჯიბრებისთვის 3000 ლარი გამოგვიყო. ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია.
სამწუხაროდ, ბევრს აქვს კომპლექსი, სახლიდან არ გამოდიან რაღაც მიზეზების გამო, რცხვენიათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ გამოვიდნენ ისინი გარეთ“, – ამბობს აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გოჩა მუხაშავრია.
მისივე ინფორმაციით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა კომიტეტს 10 000 ლარი გამოუყო, მომავალი წლიდან კი მათ ამ თანხის გაზრდას ჰპირდებიან.
პარაოლიმპიელ სპორტსმენებს ბათუმში საკუთარი სავარჯიშო ტერიტორია არ აქვთ. ფეხბურთის გუნდების მთავარი მწვრთნელის დავით ხოსრუაშვილის თქმით, რომელიც ამავდროულად აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანიცაა, პარაოლიმპიელები სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ: „უამინდობის შემთხვევაში ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გვითმობს დარბაზს. როცა კარგი ამინდია ბულვარში, მოცეკვავე ფანტანთან მდებარე სტადიონთან ვვარჯიშობთ, კვირაში ორჯერ, რადგან ეს ხალხი მუშაობს. შესაძლებლობა როცა აქვთ, იმ პერიოდისთვის ვუთანხმდებით. სმენადაქვეითებულ გუნდთან ერთად თარჯიმანის დახმარებით ვვარჯიშობთ“.
ბათუმის პარაოლიმპიელებს შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების წევრიცაა – 27 წლის მშვილდოსანი ზვიად დუმბაძე. სოსო გოგიტიძის მსგავსად, მასაც მარჯვენა ფეხი აქვს ამპუტირებული, რომელიც 10 წლის ასაკში დაკარგა მანქანის აფეთქების გამო. „1998 წელს ბენზინის ქარხანაში, სახლის წინ აფეთქდა მანქანა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვისხედით. მაშინ ჩემი ძმაც დაშავდა, თუმცა კიდურები არ დაუკარგავს. ახლა პროთეზი მაქვს ფეხზე“, – გვიყვება ზვიად დუმბაძე. მშვილდოსნობით სამი წელია დაკავებულია. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ორჯერ მეორე ადგილი და სამჯერ მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. არის საერთაშორისო ტურნირების მონაწილე მშვილდოსნობაში. გარდა ამისა, ზვიად დუმბაძე ფეხბურთის ლიგაშიც თამაშობს. „ამპუტანტთა ლიგა ფეხბურთში ახალი ჩამოყალიბებულია აჭარაში, დაახლოებით ხუთი თვეა ვარ აქ“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
პარაოლიმპიურ მშვილდოსნობაში ზვიად დუმბაძეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ანგისის სპორტულ ბაზაზე. ამჟამად ის ბაქოს ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 3-7 დეკემბერს გაიმართება. ზვიად დუმბაძე: „საფრანგეთში, აპრილში არის ევროპის ჩემპიონატი პარაოლიმპიელ მშვილდოსნებს შორის. ვემზადები ყოველდღიურად, ჩემი მიზანია ლიცენზიის აღება ბრაზილიის 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე“.

ნადეჟდა ორლოვას 90 წლის საიუბილეო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში

ბათუმის სასპორტო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნადეჟდა ორლოვას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მისი სახელობის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში.
მხატვრული ტანვარჯიში
ნადეჟდა ორლოვა სახელობის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში / ტურნირის მონაწილეები
ტურნირში მონაწილეობენ მოზარდთა გუნდები ბაქოდან (აზერბაიჯანი), გიუმრიდან (სომხეთი), თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.
სპორტული ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ტურნირი დღეს გაიხსნა და 28 ნოემბერს დამთავრდება.
ცენტრში ნადეჟდა ორლოვა

Sepultura საქართველოში

ლეგენდარული ბრაზილიური მძიმე მეტალ ჯგუფი Sepultura, 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურის ფარგლებში, 27 ნოემბერს, პირველად ისტორიაში, თბილისს ეწვია.

კონცერტის რამდენიმე ასეული მსმენელი, კლუბ Art Venue Elektrowerkში, საბჭოთა პერიოდის ძველი ქარხნის შენობაში შეიკრიბა, რომლის მიგნებაც, მიუხედავად ფეისბუქზე განთავსებული რუქისა, მსმენელთა უმეტესობისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

კონცერტი 21:30 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სეტლისტი დაპირებისამებრ მრავალფეროვანი იყო. იგი მოიცავდა სიმღერებს, როგორც ჯგუფის ძველი შემადგენლობის (მაქს კავალერას პერიოდის 1984 -1997) დროინდელი ალბომებიდან, ისე ახალი სოლისტის – დერეკ გრინის მოღვაწეობის პერიოდიდან (1997-დან დღემდე). მათ შორის: Breed Apart, Cut-Throat, (Roots, 1996), Choke (Against, 1998), Inner Self (Beneath the Remains, 1989),  Territory, Biotech Is Godzilla, Chaos A.D. (Chaos A.D., 1993), Bestial Devastation (Bestial Devastation, 1985), Arise (Arise, 1991) და Motorhead-ის სიმღერის – Orgasmatronის ქოვერი (Arise–ის 1997 წლის ალბომიდან). კიდევ ერთი ჰიტი Roots–იდან  – Ratamahatta, Sepultura-მ ქართული როკ ჯგუფის – Vanilla Cageის წევრებთან ერთად შეასრულა. შოუ კი Roots-ის ალბომიდან, კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Roots Bloody Roots-ით დახურეს.

გარდა ამისა, მათ შეასრულეს გუფის 30 წლის იუბილისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერა SepulturaUnder My Skin, რომელიც ჯგუფის გულშემატკივრებს მიუძღვნეს. „განსაკუთრებით კი იმ გულშემატკივრებს, რომელთაც სხეულზე სეპულტურას ტატუ აქვთ ამოსვირინგებული“ – თქვა ანდრეას კისერმა კონცერტის მსვლელობისას.

Locomotive Promotionის წარმომადგენლის, ზუკა მაჭავარიანის თქმით, მოლაპარაკებებს Sepultura–სთან დიდი ხანია აწარმოებდნენ – “აქ ორმხრივი სურვილი იყო, მათაც უნდოდათ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენც ძალიან მოწადინებულები ვიყავით იმიტომ, რო
მ ვიცოდით – აქ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ელოდა ამ ჯგუფს”. ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

სეპულტურას საქართველოში ჩამოყვანის მცდელობა იყო 2011 წელსაც, ოღონდ სხვა საპრომოუტერო კომპანიის მიერ. მაშინ საორგანიზაციო საკითხებში არსებული ხარვეზების გამო მოლაპარაკება ჩაიშალა.

როგორც დერეკ გრინმა, კონცერტამდე, პრეს–კონფერენციაზე განმარტა, ჯგუფი თითქმის ორი წელია აქტიურ ტურშია. უშუალოს 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტური კი 2015 წლის მარტში დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო – მსოფლიო ტურის ერთ-ერთი ბოლო გაჩერება იყო, ჯგუფის წევრები ტრადიციულად ენერგიულები ჩანდნენ – „მას შემდეგ, რაც ჯგუფში მოვედი, ვფიქრობ ეს საუკეთესო ტურია რაც გვქონია. ადრეც მიმიღია შემოთავაზებები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ბევრი მწერდა საქართველოდან, აინტერესებდათ ჩამოვიდოდით თუ არა ოდესმე საქართველოში. ვფიქრობ ბევრ ჯგუფს შეშურდება, რომ ჩვენ დავუკარით აქ, ანუ ადგილას სადაც ჩვენ არასოდეს დაგვიკრავს…  სადაც ისინიც არასოდეს ყოფილან. ჩემთვის, როგორც ჯგუფის წევრისთვის, ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო მოვლენაა დავუკრათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან განებივრებულნი მუსიკის ხშირად მოსმენით, ადამიანებისთვის ვინც ნამდვილად დააფასებენ ამას. ასე, რომ ესეც არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი საქართველოში სტუმრობისა“ – თქვა დერეკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საიუბილეო ტურის ფარგლებში, 28 ნოემბერს Sepultura–მ სომხეთში დაუკრა,  5 დეკემბერს ისინი ბრაზილიაში გამოვლენ, 12 დეკემბერს კი პერუში დაასრულებს ტურს.

ქედაში 2016 წლის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს

 

 

 

მომავალი წლის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის მიხედვით პრიორიტეტებად ინფრაქსტრუქტურა, განათლება და კულტურა განისაზღვრა. სოფლის მეურნეობისთვის კი, რომელიც ქედის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს – მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული.

 

8 მილიონ 698 500  ლარიდან – 1 მილიონ 829 840 ლარი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობას, 65 000 თავდაცვას, 3 958 500 ლარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, 1 248 890 ლარი განათლებას, 1 339 800 კულტურა, რელიგიასა და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოხმარდება. მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ყველაზე ნაკლები თანხა მოსახლეობის ჯანდაცვაზე დაიხარჯება, ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 8 მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 258 670 ლარი მოხმარდება.

 

ჯემალ ტაკიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინასო სამსახურის უფროსი:  „ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული ღობნისძიებების გასატარებლად 4 მილონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც ძირითადი დაფინასება წყალმომარაგებას მოხმარდება, 2016 წელს დასრულდება ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დაბაში და ოქტომბრის თემში ერთი საბავშვო ბაღი აშენდება“.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დასწრებია, რაც შეეხება საკრებულოს სხვა ოპოზიციურ პარტიას, საკრებულოს შემადგენლობაში მყოფი  „ნინო ბურჯენძე- ერთიანი ოპოზიციის“ სამი წევრიდან მხოლოდ ორი ესწრებოდა, თუმცა მათ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე „საჯარო განხილვის მიზანი იყო ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში შემოსულიყო შენიშვნები და მომხდარიყო მათი გათვალისინება, სასურველი იქნებოდა ოპოზიციაც ყოფილიყო განხილვაზე, ვფიქრობ უფრო კრიტიკული და მისაღები იქნებოდა შენიშვნები და ამომწურავი იქნებოდა 2016 წლის ბიუჯეტი“.

 

„წარმოდგენილ ბიუჯეტში მოსახლეობის მხრიდან გარკვეული შენიშვნები არის, რაც შეეხება ჩემს პირად შენიშვნებს, რაც ჩემს თემს უკავშირდება ეს არის ჭაბურღილებთან და სპორტულ მოედნებთან დაკავშირებით, ვფიქრობ გამგეობა წარმოდგენილ ბიუჯეტში გაითვალისწინებს იმ შენიშვნებს რაც საკრებულის წევრებს და რიგით მმოქალაქეებს გააჩნიათ და მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნების პასუხი“ – აცხადებს ზვარის თემის მაჟორიტარი რაინდი ლორთქიფანიძე.

 

 

 

აჭარის საარქივო სამმართველო მინივენს ყიდულობს

 

მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში [არ უნდა იყოს ნაავარიევი, არ უნდა გააჩნდეს ქარხნული დეფექტი და მექანიკური დაზიანებები]. ძარა უნდა იყოს კოროზიის გარეშე. ძრავის მდგომარეობა – ქარხნულ მდგომარეობაში. საქარე მინები – დაზიანების გარეშე. ხიდი – კარგ მდგომარეობაში. საბურავები – არაუმეტეს 30%-ანი ცვეთით. ავტომობილში ზეთი და ფილტრები უნდა იყოს ახალ შეცვლილი. სამუხრუჭე ხუნდებს და ძრავის ღვედს [ასეთის არსებობის შემთხვევაში] არ უნდა ქონდეს რესურსი ამოწურული. ავტომანქანის მოწოდებისას, ავტომანქანის ავზი უნდა იყოს საწვავით სრულად შევსებული.

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველისათვის გადაფორმება საკუთარი სახსრებით. მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში

 

პრეტენდენტთა წინადადების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება.

 

ლაპარაკობენ ბავშვები

 

ძმები – 10 წლის სერგი და 7 წლის სოსო

 

ისინი ერთ ოთახს აფარებენ თავს – ოთხი ბიჭი და დედა. მათ უფანჯრო სადგომში ქვის იატაკიც და კედლებიც სველია. პატარა სამი წლისაა, უფროსი – ათის. ნოემბრის ცივ ამინდში ბიჭები ატალახებულ ეზოში სირბილით თბებიან. ოთხივეს სველი ტანსაცმელი აცვია. სადგომის კართან ჩამქრალი ღუმელი დგას. წელს ეს ღუმელი არ გაუნთიათ. ქალი გამოექცა ქმარს, რომელიც რეგულარულად სცემდა. მაშინ წალკაში ცხოვრობდნენ. მერე, მშობლების ჩარევით, ქალი დაბრუნდა ქმართან, რომელმაც ის სვანეთში წაიყვანა, ძმის სახლში.

 

პირველივე დღეს ხელები ღვედით შეუკრა და სცემა დაუნდობლად. ქალი ფანჯრიდან გადახტა და ისე გამოიპარა შვილებთან ერთად. ეს ამბავი ზაფხულში მოხდა. ახლა ქმარმა ისევ ჩამოაკითხა და იმ ქოხში ცხოვრობს, სადაც ქალის მშობლები ცხოვრობენ. ის შერიგებას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ განქორწინებისა და შვილებთან ერთად მშვიდი ცხოვრების მეტი არაფერი უნდა, თუნდაც უფანჯრო, სველ და ცივ სადგომში. ისინი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ.

 

სერგი: „დიდი რომ გავიზრდები, მოჭიდავე გამოვალ. წალკაში დავდიოდი სპორტზე, ახლა აღარ დავდივარ. მოჭიდავე იმიტომ მინდა გამოვიდე, რომ ძლიერი ვიყო. დილას რომ ავდგები, ჩქარ-ჩქარა ჩავიცვამ, პირს ვიბან და სკოლაში გავრბი.  რომ დავწვები, ვოცნებობ ისეთი ბინა მქონდეს, შიგნით წყალი რომ იყოს და სარეცხი მანქანა. აბაზანა მინდა მქონდეს. ახლა სიცივეა და ვეღარ ვბანაობ. ზოგჯერ თუ ფიჩხს შევაგროვებ, ცეცხლს ისე გავანთებთ. შეშა არ გვაქვს, რომ გვქონდეს, მე დავჩეხავდი.

სამი ძმა მყავს, პატარები არიან. თუ ვინმე ეჩხუბება ან ტალახებში დარბიან, სახლში მომყავს. სახლშიც რა უნდა გააკეთო, სიცივეა.

 

მამიკო ხანჯერ მოდის ჩვენთან. ზოგჯერ ჩამეხუტება, როგორ ხარო – მკითხავს. მიყვარს, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენთან იყოს. რომ დათვრებოდა, დედიკოს ხელს ურტყამდა, ცემდა. მე დავინახე, წალკაში რომ ვიყავი. დავიყვირე, რა გჭირთ-მეთქი, მაგრამ მამა არ გაჩერდა. გარეთ გამოვიქეცი.

 

მისი არ მეშინია, მაგრამ მინდა სხვაგან იყოს და ჩვენთან ხანდახან მოვიდეს, თუ რაღაცას მოგვიტანს, კარგი იქნება“.

 

სოსო: „მამიკოს მანდარინი მოაქვს, ხამსაც მოაქვს ზოგჯერ. ზოგჯერ მეხუტება, ჩემი ბიჭი ხარო – მეუბნება. თუ საღამოა და გზაში  ვართ, მამიკო ხელში ამიყვანს. სახლში ჩვენ მარტო ორი ლოგინი გვაქვს, ის ვერ ეტევა.

 

ზოგჯერ მცივა და მინდა ფეჩი გვქონდეს. გარეთ ვთამაშობთ. ასე კაია, ვთბებით.

რა მინდა და – კამფეტები. მეტი არაფერი.

 

დიდი რომ გავხდები, კაცი უნდა გამოვიდე. ვიმუშავებ ბაზარში. არ ვიცი რას ვიმუშავებ, ან ხამსას გავყიდი, ან მანდარინს“.

 

უჩა, 7 წლის

 

უჩას სახლში ცეცხლი ანთია. იატაკი ხისაა. ეს ქოხი სერგის სადგომთან შედარებით, სასახლეა, თუმცა, ადამიანები რასაც სახლს ეძახიან, იმასთან საერთო არაფერი აქვს. უჩაც იმ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც სერგი და მისი სამი ძმა. უჩას დედა ყვება, რომ მისი ქმარი 9 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და თავი „ისე აუწყეს, როგორც ბრიჯის მარცვლებს ჩაალაგებ“. კაცი ფიზიკურად ვერ მუშაობს და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. უჩას მამას ოთხი ძმა ჰყავს. ისინი სხვა სოფელში, ოთხოთახიან სახლში ცხოვრობენ ერთად. უჩას ქოხი დედის ძმამ „აუშენა“ ოთხი წლის წინ „ოცნების ქალაქში“. მანამდე სარდაფში ცხოვრობდნენ, რომელშიც ზამთრობით წყალი იდგა.

 

უჩა: „სკოლაში არ მინდა, ბაღში მინდა.

 

ბაღში კაი საჭმელებს მაძლევდნენ, სალათებს და ბორშს. ის ბორში მიყვარდა… ახლა მარტო კარტოფილი გვაქვს.  დედიკოს უფასო სასადილოდანაც მოაქვს საჭმელი, სუპები. არ მიყვარს, მძულს ეს ბორში. ბაღის ბორშს  არ ჰგავს. ისე, ლობიო მიყვარს და ფხალი. „მასკოვსკი“ და „კაპუსტოს“ სალათა. ბაღში მაჭმევდნენ მაგას. 

 

დიდი რომ გავიზრდები, პოლიციელი უნდა გამოვიდე… პოლიციელი რომ ვიყო, მთელ ქვეყანას დავაკავებდი და ციხეში ჩავსვამდი. რატომ მინდა ყველას დაკავება? – იმიტომ, რომ „მაროჟნებს“ და „სნიკერსებს“ უფასოდ არ მაძლევენ.

 

სკოლაში არ დავდივარ, სულ სიცხე მაქვს. არ მიყვარს სწავლა. ყველაზე მეტად მათემატიკა არ მიყვარს. „ჯეჯილი“ მიყვარს. არ წამიკითხია, მაგრამ მომწონს. ნახატებია ლამაზი. ზღაპრებს არ ვკითხულობ, წიგნები არ მაქვს.

მინდა სათამაშო მანქანა მქონდეს – ტრაილერი, ურალი. ახლა მარტო მგელობანას ვთამაშობ თენგოსთან ერთად. თენგო ჩემი ძმაა. ბაღიდან რომ მოდის, მაშინ ვთამაშობთ“.

 

ზურიკო, 7 წლის

 

ზურიკოს ორი ტყუპი და ჰყავს, წელიწად-ნახევრის. გოგონები ვერც დადიან და თითქმის ვერც ხედავენ. ისინი 6 თვის ფეხმძიმობის შემდეგ გააჩინა დედამ. ბავშვების ინკუბატორიდან გამოყვანის დროს ქალი გააფრთხილეს, რომ ახალშობილები სტერილურ გარემოში უნდა ჰყოლოდა, მაგრამ „ოცნების ქალაქში“ ჩადგმულ ქოხში სტერილური კი არა, ჰიგიენური გარემოც კი არ არსებობს. ქოხში, სადაც ერთადერთი საწოლი დგას, გოგონები წვანან. აქ გადაიტანეს გოგონებმა არაერთი ვირუსი.

 

დედას  ეუბნებიან, რომ თუ ბავშვებს თბილისში, ექიმებთან წაიყვანს, შეიძლება ჯერ კიდევ ეშველოთ. მან არ იცის, ეს როგორ მოახერხოს. გოგონებს ცოტა ხნის წინ ვირუსი შეეყარათ, თვალზე. ექიმთან მიყვანა კი მოახერხეს, მაგრამ წამალი ვერ იყიდეს და მხოლოდ გვირილის ნაყენს დასჯერდნენ. დედა გოგონებისთვის ეტლებს ნატრობს.

 

ზურიკო: სკოლაში იმიტომ არ ვარ, რომ სიცხე მაქვს. ბავშვობაში ასთმა მქონდა. სკოლა მიყვარს და ბევრს ვკითხულობ. ზღაპრის წიგნები არ მაქვს, მაგრამ დედაენას ვკითხულობ. „თაფლის წვეთი და ფუტკარია“ ძალიან მაგარი.

 

ყველაზე მეტად პოლიციელობანას თამაში მიყვარს – ვიღაც ქურდი იქნება, იმას გეეკიდები, ვითომ გაჩხრიკავ. მერე დევჭერთ და კედელთან დავაყენებთ. მერე კიდევ ვინცხა სხვა იქნება, იმასაც დავაყენებთ. მერე ვითომ ვესვრი და ის ჩეიკეცება და ვითომ მოკვდება. ძალიან მაგარი თამაშია.

 

დიდი რომ გავხდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე. რასაც უფროსი მეტყვის, იმას გავაკეთებ. თუ ვინცხა თოფს მესვრის, მეც ვესვრი. უფროსი გვეტყვის და ვესვრი. ზოგიერთ ჩემიანებსაც თუ მოკლავენ, მეც სხვას მოვკლავ.

 

სკოლიდან რომ მოვალ, ჩემს დაიკოებს ვეთამაშები. ნუცა ფორთხავს, ხელებით, ნია – ვერა. ექიმმა დედიკოს უთხრა თბილისში წაიყვანეო. ლოგინიდან ვარდებიან. სულ იქცევიან, თავს არტყამენ. რომ ტირიან, ვეუბნები – სუუუ, ახლა, მამიკო მანქანას მოიტანს და ვითამაშოთ-მეთქი. მამიკოს მანქანა არ მოაქვს, მაგრამ ვატყუებ და მიჯერებენ. ხან იავნანას ვუმღერი და ხან ტელეფონით ვაძინებ. თუ ბაღნები უნდა დავაძინო, მაშინ ვერ გავალ სათამაშოდ.

 

დედიკოს ფული არ აქვს და ვერ მიდის მაღაზიაში. სასადილოდან მოაქვს საჭმელი – პიურე, ბორში და კატლეტი. უფრო მეტად პიურე მიყვარს. დედიკოს ფული თუ ექნა, ხინკალს გამიკეთებს“.

 

 

„ოცნების ქალაქი“ სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმის სიახლოვეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ ადამიანებთან შესახვედრად არც ერთხელ არ ჩასულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მის პრესცენტრში ამბობენ, რომ დასახლებაში მთავრობის თავმჯდომარე არაერთხელ იმყოფებოდა, ოღონდ „ჟურნალისტების გარეშე“. აქ მცხოვრებლებს კი მსგავსი ფაქტი, რომ არჩილ ხაბაძეს ისინი მოენახულებინა, არ ახსენდებათ.

 

„ოცნების ქალაქი“ თავისი ინიციატივით მოინახულა 13 ნოემბერს ბათუმში პირველად ჩამოსულმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მიჟნეკსიმ. საქართველოდან წასვლის შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთგვერდიანი ანგარიში, რომელშიც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებზეც წერდა. ამონარიდი ევროკომისარის ანგარიშიდან:

 

„ბათუმში ყოფნის დროს კომისარი ეწვია ე.წ. დრიმ თაუნის გარეუბანში ნახევრად ფორმალურ დასახლებას, რომელშიც მაღალმთიანი აჭარიდან სიღარიბისა და ბუნებრივი პირობების გამო ჩამოსული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ცხოვრების პირობები მძიმეა, არ მოდის წყალი, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. ოჯახები არ იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებსა და სოციალურ დახმარებას. „ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ პირთა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“.

ლია ლიქოკელის ”დევის ცოლის სიცილი” შვედურ ენაზე ითარგმნა

 

კრებული გამომცემლობა Smockadoll Förlag-მა გამოსცა. თარგმანზე მანანა კობაიძე და კრისტიან კარლსონი მუშაობდნენ. 


„დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის პირველი კრებულია, რისთვისაც პოეტმა 2014 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. „დევის ცოლის სიცილი” გამომცემლობა „საუნჯემ” გამოსცა, კრებული  წიგნის მაღაზიებში გაიყიდა, თუმცა წიგნის ელექტრონული სახით შეძენა saba.com-ზე არის შესაძლებელი. 


გასულ წელს  ლია ლიქოკელი ლიტერატურულ კონკურს „წერო 2014“-ის გამარჯვებულიც გახდა მოთხრობით – „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“.  


ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი


აჭარის ჩემპიონატი ბილიარდში – ,,დინამიური პირამიდა’’

 

შეჯიბრებას მოემსახურება აჭარის ბილიარდის ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა: მთავარი და ეროვნული კატეგორიის მსაჯი თეიმურაზ კახიძე, ეროვნული კატეგორიის მსაჯი რუსლან თებიძე,ეროვნული კატეგორიის მსაჯი თემურ დიმიტრაძე და ლაშა ჯორბენაძე.

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან: I ადგილი ფულადი პრემია – 375 ლარის ოდენობით, I I ადგილი – 200 ლარის ოდენობით, I I I ადგილი – 150 ლარის ოდენობით, ხოლო გამარჯვებულებს შესაბამისი ადგილის დამადასტურებელი თასები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.

 

საბილიარდე კლუბი “პირამიდა” მდებარეობს ლ. ასათიანის ქუჩის 21 ნომერში. 

 

,,ოქროს დელფინი’’ – აჭარის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში

 

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის


ბათუმში
ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება.

 

პალიატიური მზრუნველობა აქტიური, მრავალპროფილური ზრუნვაა პაციენტზე, ტერმინალური დაავადებების სიმპტომების პრევენციისა და შემსუბუქების მიზნით. იგი გათვალისწინებულია პაციენტებისთვის ქრონიკული, უნკურნებელი დაავადებებით ტერმინალურ (სასიკვდილო) სტადიაში, როცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ 6 თვეს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. საქართველოში ასეთი მზრუნველობის საჭიროების მქონედ, ძირითადად, ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური პაციენტები მოიაზრება.

ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 25 000 ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას.

საქველმოქმედო პროექტის ავტორი, ონკოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე განმარტავს, რომ პალიატიური მზრუნველობის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: შინ მოვლის მექანიზმი, რომელიც ბინაზე ექიმის კონსულტაციებს, ექთნის ყოველდღიურ (საჭიროების შემთხვევაში დღეში რამდენიმე) ვიზიტს, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გულისხმობს; პალიატიური მზრუნველობის მეორე მექანიზმი კი ჰოსპისია, სიცოცხლის ბოლო დღეების მონიტორინგი სტაციონარში. იმის გამო, რომ ჰოსპისების მშენებლობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საჭიროა ასეთი პაციენტების ბინაზე ჰოსპისის უზრუნველყოფა. “ევროპაშიც ყველაფერი სწორედ ბინაზე მოვლისგან დაიწყო, რადგან სტაციონარში მოვლა ძვირია, ცალკე ჰოსპისების აშენება კი კიდევ უფრო ძვირი,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

დღეისთვის საქართველოში სულ სამი ჰოსპისი მოქმედებს – ფერისცვალების დედათა მონასტრის სასნეულო სახლი (7 საწოლი ქალებისთვის), ონკოპრევენციის პალიატიური მზრუნველობის ჰოსპისი 22 საწოლზე და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება _ 18 საწოლზე. სამივე მათგანი თბილისშია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სტაციონარულ ჰოსპისს ონკოლოგიური ცენტრი ახორციელებს, რაც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანუ ასეთი საჭიროების პაციენტები დაახლოებით ერთი კვირით წვებიან ონკოლოგიური ცენტრის სტაციონარში მანამ, სანამ მათი მდგომარეობა გარკვეულწილად არ დარეგულირდება, შემდეგ კი ამბულატორიულ მოვლაზე გადადიან. ასეთივე პაციენტებს ემსახურება ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამაც, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ონკოპალიატიური, არამედ შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიის პაციენტზე. ამ ეტაპზე პროგრამით ასამდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში.

რეგიონებში მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას ბენეფიციარებს სოფლის ექიმები უწევენ. სპეციალისტების აზრით, ეს სერვისები არ არის საკმარისი ბინაზე ჰოსპისის პროგრამის განსახორციელებლად.

წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა ყოველწლიურად 160-200 ადამიანია. “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება.

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ ევროპაში პალიატიურ მზრუნველობაზე დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებით არის შეგროვებული, დანარჩენს კი სახელმწიფო აფინანსებს. “ონკოლოგიურ პაციენტებს პალიატიური მზრუნველობის დროს მუდმივად ესაჭიროებათ თანხა. ევროპისა თუ ინგლისის ყველა ჰოსპისში, სადაც კი ვიყავი, მითხრეს, რომ დაახლოებით 60-70% ქველმოქმედებით შემოსული თანხაა, რომელიც მოიცავს როგორც უბრალო მოქალაქეების მიერ ცენტობით შეგროვებულ თანხას, ისე ბიზნესმენების მიერ გაკეთებულ მსხვილ შენატანებს,” _ ამბობს ის.

სწორედ ასეთი პრაქტიკის დასამკვიდრებლად შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბათუმის ჰოსპისი”, რომელიც გარდა საქველმოქმედო მაღაზიისა, ონკოპალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის თანხას “TBC ბანკშიც”, შეაგროვებს შემდეგ ანგარიშზე: GE38TB7219036080100003.

“საქველმოქმედო მაღაზია”, ე.წ. Charity Shop-ი დასავლეთში აპრობირებული მექანიზმია თანხის შესაგროვებლად. გარდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მოზიდვისა, გვინდა ადამიანებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ რაღაც პერიოდულობით, რადენიმე თვეში თუ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ერთი ლარი გაიღოს იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტს მის ქალაქში რაღაცით დაეხმაროს. ეს შეიძლება იყოს თვეში 20 ლარი, მას შემდეგ რაც მაღაზია უფრო პოპულარული გახდება, შეიძლება ეს გახდეს თვეში 1000 ლარი. ჩვენი მიზანია თვეში 5000 ლარის მოგროვება, ეს საკმარისი იქნება თვეში ათი პაციენტის სრულფასოვნად მოსავლელად,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

ექიმის განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რის გადაჭრაშიც ონკოპალიატიურ პაციენტებს დაეხმარებით, ტკივილის გაყუჩებაა. ზოგჯერ რეცეპტის გამოწერის, ზოგჯერ კი ნათესავების გაუბედაობის გამო, ონკოპაციენტებს მორფის გაკეთება უგვიანდებათ. “უმეტესად ხდება ისე, რომ ცოტას უკეთებენ და ეს არ ჰყოფნის პაციენტის ტკივილებს. სამწუხაროდ, ვერც მე ვახერხებ ყველა პაციენტის ყოველდღიურ კონტროლს და როცა კვირის ბოლოს მოვიკითხავ, აღმოჩნდება, რომ პაციენტს მცირე დოზა გაუკეთეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტს იმ კვირის განმავლობში ტკივილები ჰქონდა. მათ ეს ტკივილი არ უნდა ჰქონდეთ,” – ამბობს ონკოლოგი.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე “საზღვაო ჰოსპიტალს” შვიდ პაციენტზე მორფის ორი პამპი აქვს, რომელიც სპეციალური მოწყობილობაა ასეთი პაციენტებისთვის მორფის მცირე დოზებით, კანქვეშ, უმტკივნეულოდ შესაყვანად. იგი 20 მილილიტრ წამალს ანაწილებს ერთ კვირაზე და პაციენტს შეუძლია ეს დოზები ღილაკზე თითის დაჭერით არეგულიროს. პამპებს იმ პაციენტებს ატანენ სახლში, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებს. საქველმოქმედო მაღაზიის ამუშავების შემდეგ კი 20-მდე ასეთი პამპის შეძენა იგეგმება. თითოეული ასეთი მოწყობილობის ფასი საშუალოდ 100 ევროა.

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი სერვისი, რაც ონკოპალიატიურ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ, ფსიქოლოგის კონსულტაციაა. შემოწირულობებიდან თანხა ამ სერვისზეც დაიხარჯება. “პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფსიქოლოგის მუშაობის შემდეგ უმეტესობას უმცირდება გამაყუჩებლის დოზები, ორჯერ, სამჯერ… ზოგს საერთოდ აღარ სჭირდება,” – ამბობს ექიმი.

ამ ეტაპზე საქველმოქმედო მაღაზიის საორგანიზაციო ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, ისინი უზრუნველყოფენ მოსახლეობისგან ნივთების ჩაბარებას, ნივთებისთვის ფოტოების გადაღებას და ინტერნეტში – აუქციონზე განთავსებას. ყოველი თვის ბოლოს კი, ფეისბუქის გვერზე გამოქვეყნდება ანგარიში – თუ რა თანხა მოგროვდა ამ დროის განმავლობაში და რაში დაიხარჯა თითოეული ლარი.

იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ონკოპალიატიური პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებაში, ნივთების ჩასაბარებლად შეგიძლიათ ორგანიზაცია “ბათუმი ჰოსპისის” ოპერატორს დაუკავშირდეთ ნომერზე: 574 10 00 30 ან მისწეროთ ფეისბუქზე (Batumi Hospice). გარდა ამისა, შეგიძლიათ დარეკოთ ორგანიზაციის საქველმოქმედო ხაზზე: 09 01 70 10 23, ზარის ღირებულება 1 ლარია.

 

 

 

 

”ნუ გაათხოვებ” – აქცია ბათუმში [ფოტო]

 

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. ქალთა მოძრაობის ცნობით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

 

აქცია, ქალთა მოძრაობის ინიციატივით გაიმართა, რომელმაც აქცია facebook-ღონისძიებაზე დააანონსა, სადაც წერია: “16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს! ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! 

 

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით”.

 

 

 

1 მილიონზე მეტი ლარი ბათუმში სანიაღვრე არხების მოვლისთვის

 

მიმწოდებელმა, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ სხვა სამუშაოებთან ერთად  უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; ხეებისა და სხვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს მომსახურებასთან  დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.

 

შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.


ზღვაში ჩამავალი ღია სანიაღვრე არხი

 

სატენდერო პირობების თანახმად :

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,1% პროცენტის ოდენობით;

 

ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭებიდან გაწმენდილი შლამის ამოღება და გატანა უნდა მოხდეს იმავე დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს  ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 20 ლარის ოდენობით.

 

ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭების მიმდინარე შეკეთება (გატეხილი სახურავების შეცვლა, კედლების წამოწევა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 2 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 50 ლარის ოდენობით;

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადახურვის ფილის გამოცვლა შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა თითოეულ წერტზე დღეში 100 ლარის ოდენობით;

 

საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება

პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


წყალდიდობა ბათუმში. 2015 წელი, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა



18 წლის თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს


ბრალდებული 18 წლისაა. ადვოკატის ცნობით, იგი დიჯეია და ბათუმში მუშაობს. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. 


 „პოლიციელმა, რომელიც გამეცნო როგორც სოსო გოგიტიძე, მითხრა, რომ მე არც პირველი ვარ და არც ბოლო… გამჩხრიკეს, წამართვეს პირადობისა და მართვის მოწმობა, ასევე სიგარეტი. ჩხრეკის მერე წართმეული ნივთები დამიბრუნეს და მეორეჯერ გამჩხრიკეს. მეორე ჩხრეკის დროს ამოიღეს ფუთა, რომელიც ჩემი არ არის. მე მასზე ხელიც არ მიხლია, ანაბეჭდები არ იქნება ჩემი ამ ფუთაზე. ექსპერტიზა ჩამიტარეს და ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში არ აღმომაჩნდა,“ – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე. 


საქმის პროკურორი ზურაბ კონცელიძეა, რომელმაც ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს „ჰეროინი“ პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულმა ნარკოტიკული ნივთიერება გაურკვეველ დროს გაურკვეველი პირისგან შეიძინა.


ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე და ასევე ოქმებში ყალბი ინფორმაციის არსებობაზე. 


მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებით ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა, 4 ათასი ლარის ოდენობით. ის მოსამართლემ პატიმრობიდან დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორმა ვერ დაასაბუთა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საფუძველი.



სასამართლო პროცესს ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



თბილისი კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ძალოსნობაში

„ეს გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 18 ნოემბერს ქალაქ ჰიუსტონში მიიღო“, –  წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ჩემპიონატი ივნისში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. 

 

აჭარის პირველობა ჭაბუკთა შორის კალათბურთში

 

მასში მონაწილეობენ ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ნაკრები გუნდები. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სიგელებს, მედლებსა და თასებს გადასცემენ. 

 

ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და 29 ნოემბერს დასრულდება.




ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 14 992 166 ლარით განისაზღვრა

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, 2016 წლის პრიორიტეტები  შემდეგნაირად გადანაწილდა:  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 5 333 410 ლარი; წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები – 3 292 781 ლარი; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 1 544 238 ლარი; სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა- 212 803 ლარი; მოსახლეობის სოცილალური უზრინველყოფა- 700 000 ლარი, ჯანმრთერლობის დაცვის ღონისძიებები – 82 002 ლარი; განათლების ხელშეწყობა -282 049 ლარი; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა- 250 892 ლარი; კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა- 167 402 ლარი;

 

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფელ ურეხში დაგეგმილია კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა. მიმდინარე წრელს უკვე დასრულდა სოფელ კაპრეშუმში 50 ბინიანი 2 სოციალური სახლის მშენებლობა.

 

შეხვედრას ადგილილობრივი მოსახლეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   

საქველმოქმედო საღამო ქობულეთში

 

 

ქობუილეთის მუნიციპლაიტეტის პრესცენტრის ცნობით, კონცერტიდან მოგროვებული თანხა თორნიკე დოლიძის ანგარიშზე ჩაირიცხა.

თორნიკე დოლიძის დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეუძლია. სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიში: GE22LB0211147389358000.



პრესსამსახური – მედიატორი თუ ბარიერი

 

ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე სამსახურის სპეციალისტი, ჟურნალისტს ნებისმიერ შემთხვევაში პრესსამსახურთან ამისამართებს. “გავარკვევ და დაგირეკავთ”, – უმეტესწილად ასეთია პრესსამსახურის უფროსის ან სამსახურის თანამშრომლის პასუხი. გარკვევის პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღესაც კი გრძელდება. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, პრესსამსახურის უფროსი სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხებს. საბოლოო პასუხი კი – უარია. 

 

ბათუმში “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს ნინო ხოზრევანიძეს სამუშაო პროცესში ყველაზე მეტად ორი უწყების – ბათუმის მერიისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურები უშლიან ხელს: “თუ ეს უწყებები პოზიტიური კუთხით არ შუქდება, მინისტრ დავით ბალაძისა და მერის – გიორგი ერმაკოვის პრობლემაა. კომენტარს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ღონისძიების ორგანიზატორები თავად არიან და მზად აქვთ სათქმელი. სხვა შემთხვევაში როცა მიმართავ, ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ან სხვა თემებზე, პასუხის მიღება ჭირს. ცოტა ხნის წინ მწვანე კონცხზე გაიყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დავრეკე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ვთხოვე ინფორმაცია, თუ ვის მიყიდეს. პრესსამსახური შემპირდა, რომ რამდენიმე წუთში გამომიგზავნიდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. თუმცა დღემდე არ მიმიღია ეს ხელშეკრულება”. 

 

აჭარის მთავრობის აპარატში პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ. 

 

“მათთვის დაკისრებულ ამ მოვალეობებს ხშირად არ ან ვერ ასრულებენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში. ისინი ჟურნალისტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის ბარიერის როლს უფრო ირგებენ”, – მიიჩნევს “ტელეარხ 25”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე.

 

“პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან პრესსამსახურის ფუნქცია არასწორადაა გაგებული. მაგალითად, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი უწყებისთვის და არა საზოგადოებისთვის. თუ ეს მიდგომა შეიცვლება და ჩათვლიან, რომ პრესსამსახური არის შუამავალი რგოლი დანარჩენ საზოგადოებასთან, ყველაფერი დალაგდება. საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის, უნდა ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა, რომელიც უკარნახებს ხელმძღვანელს, თუ რა უნდა გააკეთოს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მე მაინც მგონია, რომ ეს ქვედა დონეზე არ დალაგდება და უნდა დალაგდეს ზემოდან”, – ამბობს მაია. 

იდენტურ პრობლემებზე საუბრობენ ბათუმში ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტი ირინა ყურუა და ტელეკომპანია `იმედის~ კორესპონდენტი დაჯი ჩხიკვაძე. 

 

“ხშირად პრესსამსახური ვერ ახერხებს უთხრას ხელმძღვანელს, რომ ჟურნალისტს მისი კომენტარი სჭირდება. მქონია შემთხვევა, როცა პრესსამსახურს მოუცია ტელეფონის ნომერი – სჯობს შენ დაურეკოო. არ ვიცი, მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება გარედან ისაა, რომ ერთმანეთთან კომფორტულად არ არიან”, – ამბობს დაჯი ჩხიკვაძე.

 

ირინა ყურუას შეფასებით კი, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურა ბათუმის მერიაა. მას ამ დაწესებულებაში პრესსამსახურის თანამშრომლები ყველაზე ხშირად იმას ეუბნებიან, რომ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს არ უნდა კომენტარის გაკეთება ან არ სცალია: “ეს არ სცალია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ისეთი ტენდენციაა, იმაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ, დროულად თუ გვეტყვიან, რომ კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ხშირად პასუხის მოლოდინში მთელი სამუშაო დღე გადის. სხვა პრესსამსახურებთან პრობლემა არ მქონია, ცდილობენ მაინც”.

 

ხელფასები და პრემიები

ორი თვეა, რაც აჭარის მთავრობის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს სოფო გუჯაბიძე ხელმძღვანელობს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მასთან, როგორც მთავრობის აპარატის პრესსამსახურთან, ჯერ პრობლემები არ შექმნიათ. მისი როგორც დეპარტამენტის უფროსის ხელფასი, სახელფასო დანამატის ჩათვლით, 3097 ლარია, ხოლო დეპარტამენტში შემავალი სპეციალისტების ხელფასი, დანამატის ჩათვლით – 1498 ლარი. რაც შეეხება პრემიას, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ამ დეპარტამენტში გაცემულმა პრემიამ ჯამში 8430 ლარი შეადგინა.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ დიასამიძე კურირებს. მისი ხელფასი დანამატის ჩათვლით 1125 ლარია, ამას ემატება პრემიაც, სახელფასო სარგოს 825 ლარამდე, რომელიც 2015 წლიდან დღემდე სამჯერ – მარტში, აგვისტოსა და სექტემბერში მიუღია. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრესასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე როინ გოგაძე ხელმძღვანელობს. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9700 ლარი, ხოლო დანამატის სახით 7275 ლარი აუღია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პრესასა და მასმედიასთან ურთიერთობას მინისტრის თანაშემწე ლიზა თედორაძე კურირებს. მას რეგიონში დასაქმებული ჟურნალისტები ერთ-ერთ ყველაზე კომუნიკაბელურ და კარგ მედიატორად ასახელებენ. 2015 წლიდან დღემდე მას ხელფასის სახით 9 700, დანამატის სახით 7 227, ხოლო პრემიის სახით 200 ლარი მიუღია. 

“ბათუმელებმა” პრესსამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთი სამთავრობო უწყებიდან – აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა. ამ სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი დავით წეროძე მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ვიდრე კომენტარს გააკეთებენ სამმართველოს სპეციალისტები, მას უნდა შეათანხმონ. თუმცა, მან, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, “ბათუმელებს” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპერატიულად, მოთხოვნიდან მეორე დღესვე მიაწოდა. 

დავით წეროძეს იანვრიდან დღემდე ხელფასისა და დანამატის სახით 17 600 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1382 ლარი მიუღია. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტს, დალი მახარაძეს ხელფასისა და დანამატის სახით 10 779 ლარი, ხოლო პრემიის სახით 1454 ლარი აქვს მიღებული.

 

მგლების ბუნებიდან ამოღების უფლება ხულოს გამგეობას

 

მგელი
მგელი

„ამ ცხოველების ბუნებიდან ამოღებაზე უფლება გასულ წელსაც გვქონდა, მაგალითად, 6 მგლის, თუმცა ერთიც არ მოგვიკლავს. მიმდინარე წლის ზაფხულშიც მივმართეთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ცხოველების ამოღების უფლება მოეცა, თუმცა მხოლოდ ახლახან მოგვწერეს თანხმობა, ისიც მგლებზე. მოვითხოვთ, ერთი დათვის ამოღების უფლებაც მოგვცენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა აბულაძემ.

 

მისივე თქმით, გამგეობის მოთხოვნა განპირობებული იყო მოსახლეობის ხშირი მომართვიანობით: „ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, რადგან თხოვნა იყო მოსახლეობიდან – დათვი ხშირად აზიანებს ფართობებს, ნათესებს. იყო მგლების მიერ შინაურ პირუტყვზე თავდასხმის ფაქტებიც. თუმცა ეს ძირითადად გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, მთაში წასვლის პერიოდში ხდება, როცა მოსახლეობას საქონელი საძოვრებზე გადაჰყავს“.

 

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მუნიციპალიტეტთან აფორმებს, მოქმედების ვადა 31 მაისამდე აქვს. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ამ პერიოდში მგელი, განსაკუთრებით კი დათვი, იმდენად არ აქტიურობს და არც აგრესიულობით გამოირჩევა.

 

გამგეობაში ვერ ხსნიან, თუ რა პრინციპით ხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრა. თუმცა, ამჯერადაც, 2016 წლის 31 მაისამდე ექნებათ ბუნებიდან 8 მგლის ამოღების უფლება, დათვზე კი პასუხი არ მიუღიათ.

 

„უფლება გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ხშირად აზიანებს ფართობს დათვი ან არის მგლის თავდასხმის საფრთხე, ჩავუსაფრდეთ და მოვკლათ ცხოველი. კანონით, ამოღების შემდეგ ხდება ლეშის დაწვა და დამარხვა. ესეც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით და შესაბამისი ოქმის შედგენით. გარეული ცხოველის ამოღება თუ დაიგეგმება, მას მონადირეთა კავშირის მონადირეები განახორციელებენ. გამგეობა მათთვის ტყვიებს შეისყიდის. თუმცა ასეთი ფაქტი ჯერ არ გვქონია. ზოგადად კი, კანონით, თუ ცხოველი თავს ესხმის ადამიანს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მისი განადგურება. ბუნებრივია, აქ არავითარ ნებართვაზე საუბარი არ არის,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

 

მისივე თქმით, მტაცებელ ცხოველთა გარკვეუული რაოდენობის ბუნებიდან ამოღების ნებართვის მიღება ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია, თუ საჭიროდ ჩათვლის და თუ საქართველოს მთავრობაც დათანხმდება.

 

“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გამოსცა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საბოლოო, ხელმოწერილი ვარიანტი კი სამინისტროსგან ხულოს მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ მიუღია.

საქველმოქმედო ონლაინმაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის

 

 

პალიატიური მზრუნველობა აქტიური, მრავალპროფილური ზრუნვაა პაციენტზე, ტერმინალური დაავადებების სიმპტომების პრევენციისა და შემსუბუქების მიზნით. იგი გათვალისწინებულია პაციენტებისთვის ქრონიკული, უნკურნებელი დაავადებებით ტერმინალურ (სასიკვდილო) სტადიაში, როცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ 6 თვეს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. საქართველოში ასეთი მზრუნველობის საჭიროების მქონედ, ძირითადად, ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური პაციენტები მოიაზრება.

 

ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 25 000 ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას.

 

საქველმოქმედო პროექტის ავტორი, ონკოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე განმარტავს, რომ პალიატიური მზრუნველობის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: შინ მოვლის მექანიზმი, რომელიც ბინაზე ექიმის კონსულტაციებს, ექთნის ყოველდღიურ (საჭიროების შემთხვევაში დღეში რამდენიმე) ვიზიტს, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გულისხმობს; პალიატიური მზრუნველობის მეორე მექანიზმი კი ჰოსპისია, სიცოცხლის ბოლო დღეების მონიტორინგი სტაციონარში. იმის გამო, რომ ჰოსპისების მშენებლობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საჭიროა ასეთი პაციენტების ბინაზე ჰოსპისის უზრუნველყოფა. “ევროპაშიც ყველაფერი სწორედ ბინაზე მოვლისგან დაიწყო, რადგან სტაციონარში მოვლა ძვირია, ცალკე ჰოსპისების აშენება კი კიდევ უფრო ძვირი,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

 

დღეისთვის საქართველოში სულ სამი ჰოსპისი მოქმედებს – ფერისცვალების დედათა მონასტრის სასნეულო სახლი (7 საწოლი ქალებისთვის), ონკოპრევენციის პალიატიური მზრუნველობის ჰოსპისი 22 საწოლზე და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება – 18 საწოლზე. სამივე მათგანი თბილისშია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სტაციონარულ ჰოსპისს ონკოლოგიური ცენტრი ახორციელებს, რაც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანუ ასეთი საჭიროების პაციენტები დაახლოებით ერთი კვირით წვებიან ონკოლოგიური ცენტრის სტაციონარში მანამ, სანამ მათი მდგომარეობა გარკვეულწილად არ დარეგულირდება, შემდეგ კი ამბულატორიულ მოვლაზე გადადიან. ასეთივე პაციენტებს ემსახურება ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამაც, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ონკოპალიატიური, არამედ შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიის პაციენტზე. ამ ეტაპზე პროგრამით ასამდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში.

 

რეგიონებში მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას ბენეფიციარებს სოფლის ექიმები უწევენ. სპეციალისტების აზრით, ეს სერვისები არ არის საკმარისი ბინაზე ჰოსპისის პროგრამის განსახორციელებლად.

 

წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა ყოველწლიურად 160-200 ადამიანია. “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება.

 

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ ევროპაში პალიატიურ მზრუნველობაზე დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებით არის შეგროვებული, დანარჩენს კი სახელმწიფო აფინანსებს. “ონკოლოგიურ პაციენტებს პალიატიური მზრუნველობის დროს მუდმივად ესაჭიროებათ თანხა. ევროპისა თუ ინგლისის ყველა ჰოსპისში, სადაც კი ვიყავი, მითხრეს, რომ დაახლოებით 60-70% ქველმოქმედებით შემოსული თანხაა, რომელიც მოიცავს როგორც უბრალო მოქალაქეების მიერ ცენტობით შეგროვებულ თანხას, ისე ბიზნესმენების მიერ გაკეთებულ მსხვილ შენატანებს,” – ამბობს ის.

 

სწორედ ასეთი პრაქტიკის დასამკვიდრებლად შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბათუმის ჰოსპისი”, რომელიც გარდა საქველმოქმედო მაღაზიისა, ონკოპალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის თანხას “TBC ბანკშიც”, შეაგროვებს შემდეგ ანგარიშზე: GE38TB7219036080100003.

 

“საქველმოქმედო მაღაზია”, ე.წ. Charity Shop-ი დასავლეთში აპრობირებული მექანიზმია თანხის შესაგროვებლად. გარდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მოზიდვისა, გვინდა ადამიანებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ რაღაც პერიოდულობით, რადენიმე თვეში თუ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ერთი ლარი გაიღოს იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტს მის ქალაქში რაღაცით დაეხმაროს. ეს შეიძლება იყოს თვეში 20 ლარი, მას შემდეგ რაც მაღაზია უფრო პოპულარული გახდება, შეიძლება ეს გახდეს თვეში 1000 ლარი. ჩვენი მიზანია თვეში 5000 ლარის მოგროვება, ეს საკმარისი იქნება თვეში ათი პაციენტის სრულფასოვნად მოსავლელად,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

 

ექიმის განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რის გადაჭრაშიც ონკოპალიატიურ პაციენტებს დაეხმარებით, ტკივილის გაყუჩებაა. ზოგჯერ რეცეპტის გამოწერის, ზოგჯერ კი ნათესავების გაუბედაობის გამო, ონკოპაციენტებს მორფის გაკეთება უგვიანდებათ. “უმეტესად ხდება ისე, რომ ცოტას უკეთებენ და ეს არ ჰყოფნის პაციენტის ტკივილებს. სამწუხაროდ, ვერც მე ვახერხებ ყველა პაციენტის ყოველდღიურ კონტროლს და როცა კვირის ბოლოს მოვიკითხავ, აღმოჩნდება, რომ პაციენტს მცირე დოზა გაუკეთეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტს იმ კვირის განმავლობში ტკივილები ჰქონდა. მათ ეს ტკივილი არ უნდა ჰქონდეთ,” – ამბობს ონკოლოგი.

 

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე “საზღვაო ჰოსპიტალს” შვიდ პაციენტზე მორფის ორი პამპი აქვს, რომელიც სპეციალური მოწყობილობაა ასეთი პაციენტებისთვის მორფის მცირე დოზებით, კანქვეშ, უმტკივნეულოდ შესაყვანად. იგი 20 მილილიტრ წამალს ანაწილებს ერთ კვირაზე და პაციენტს შეუძლია ეს დოზები ღილაკზე თითის დაჭერით არეგულიროს. პამპებს იმ პაციენტებს ატანენ სახლში, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებს. საქველმოქმედო მაღაზიის ამუშავების შემდეგ კი 20-მდე ასეთი პამპის შეძენა იგეგმება. თითოეული ასეთი მოწყობილობის ფასი საშუალოდ 100 ევროა.

 

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი სერვისი, რაც ონკოპალიატიურ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ, ფსიქოლოგის კონსულტაციაა. შემოწირულობებიდან თანხა ამ სერვისზეც დაიხარჯება. “პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფსიქოლოგის მუშაობის შემდეგ უმეტესობას უმცირდება გამაყუჩებლის დოზები, ორჯერ, სამჯერ… ზოგს საერთოდ აღარ სჭირდება,” – ამბობს ექიმი.

 

ამ ეტაპზე საქველმოქმედო მაღაზიის საორგანიზაციო ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, ისინი უზრუნველყოფენ მოსახლეობისგან ნივთების ჩაბარებას, ნივთებისთვის ფოტოების გადაღებას და ინტერნეტში – აუქციონზე განთავსებას. ყოველი თვის ბოლოს კი, ფეისბუქის გვერზე გამოქვეყნდება ანგარიში – თუ რა თანხა მოგროვდა ამ დროის განმავლობაში და რაში დაიხარჯა თითოეული ლარი.

 

იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ონკოპალიატიური პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებაში, ნივთების ჩასაბარებლად შეგიძლიათ ორგანიზაცია “ბათუმი ჰოსპისის” ოპერატორს დაუკავშირდეთ ნომერზე: 574 10 00 30 ან მისწეროთ ფეისბუქზე (Batumi Hospice). გარდა ამისა, შეგიძლიათ დარეკოთ ორგანიზაციის საქველმოქმედო ხაზზე: 09 01 70 10 23, ზარის ღირებულება 1 ლარია.

 

 

 

 

 

 

ფიზიკური აქტივობის დეფიციტი – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი

 

 

“ინსულინრეზისტენტობის (ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითების) გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ჭარბი წონა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კვების რაციონში მაღალი კალორაჟით ან ფიზიკური აქტივობის დეფიციტით, ამიტომ დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ძირითადი მკურნალობის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკური აქტივობის გაზრდასა და სწორ კვებას, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტის წონა იკლებს – მგრძნობელობა ინსულინის მიმართ უმჯობესდება და შესაბამისად, შაქრის დონეც ქვეითდება ორგანიზმში,” – განმარტავს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა.

 

ექიმი ამბობს, რომ პროტოკოლის მიხედვით, დაავადების დროს აუცილებელია პაციენტი ფიზიკური აქტივობის რომელიმე ფორმით დაკავდეს, ეს შეიძლება იყოს: ყოველდღიურად ფეხით სიარული 30-45 წუთის განმავლობაში, ცურვა ნახევარი საათის განმავლობაში, დატვირთვა მსუბუქი ფიტნესით ან აკვა-აერობიკით – “რა თქმა უნდა აუცილებელია დოზირება, რადგან თუ ზედმეტი მოუვიდა დიაბეტიან პაციენტს, შეიძლება იგი ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობაში გადავიდეს და ამან უფრო გაართულოს საქმე. ბუნებრივია, ფიტნესზე სიარულს ვერ მოვთხოვთ 80 წლის პაციენტს, მაგრამ ნელი ნაბიჯებით ზღვის პირზე ერთსაათიანი გასეირნება მისთვის სავსებით შესაძლებელია. ამიტომ უშუალოდ პაციენტებში ასაკის, სქესის, წონისა და შაქრის (გლუკოზის) დონის მიხედვით უნდა განისაზღვროს ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა,” – ამბობს ის.

 

ფიზიკური აქტივობის (ფეხით სიარული, ცურვა, ვარჯიში, ცეკვა და სხვა) მომატებაა რეკომენდებული დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციისთვისაც. ჯანმოს რეკომენდაციით, ყოველდღიურად ოცდაათი წუთი საშუალო სიმძიმის ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი დიეტა საგრძნობლად ამცირებს დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს. დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია კი შეუძლებელია.

 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 აქამდე 40 წლის და უფროსი ადამიანების დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავას თქმით, დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო იგი უკვე 14-15 წლის მოზარდებსაც ხშირად ვლინდება. “რაც 10-15 წლის წინ სრულიად გამორიცხული იყო, ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა,” – ამბობს ექიმი.

 

დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტთა ასაკის გაახალგაზრდავებას მოწმობს ჯანმო-ს სტატისტიკაც. ამის მთავარ მიზეზად კი, მსოფლიო მასშტაბით, გახშირებული ბავშვთა სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის დეფიციტია. ჯანმოს რეკომენდაციით, ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ სულ ცოტა 1 საათი საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა. მიუხედავად ამისა, დღეს ევროპელი მოზარდების  (13-15 წლის) მხოლოდ 34%-ია ფიზიკურად საკმარისად აქტიური. ჯანმო-ს ცნობით, ბოლო დროს ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად მცირდება 11-15 წლის მოზარდებში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია მოზარდ გოგონებში.

 

ენდოკრინოლოგის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვაში. გარდა ფიზიკური აქტივობის მომატებისა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულმა პაციენტებმა კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, ანუ ტკბილეული (ყველაფერი რაც მზადდება შაქრისგან). “მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ცომეული, ასევე შემწვარი საკვები. ნებადართულია მოხარშული, მოთუშული და რაც შეიძლება ნაკლებ მარილიანი საკვები. ხილიდან უნდა შეიზღუდოს – ბანანის, მსხლის, კარალიოკის, ლეღვის, ყურძნისა და სხვა ტკბილი ხილის მიღება, მარწყვი ციტრუსი და დანარჩენი ხილი ნებადართულია, თუმცა ყველაფერი ზომიერად,” – ამბობს ექიმი.

 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ძირითადი სიმპტომებია: პირის სიმშრალე და შესაბამისად წყურვილის შეგრძნება, ასევე ხშირი შარდვა, მადის გაძლიერება, წონის კლება, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, ჭრილობების ძნელად შეხორცება და მუქი ლაქები კანზე (ძირითადად იღლიებსა და კისერზე).

 

პაატა შამუგიას საჯარო ლექცია ბათუმში

 

ლექციის მიზანია, თანამედროვე ლიტერატურაში არსებული გამოწვევების თავმოყრა და საერთო ნიშნით ტიპოლოგია. პაატა შამუგია ისაუბრებს უახლეს ლიტერატურულ ტენდენციებსა და პერსპექტივებზე.
 
ლექცია ჩატარდება 32-ე აუდიტორიაში. 
 
საჯარო ლექცია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართება.

მინი-ფეხბურთის კლუბი ”ახპიური”

”ახპიურის” გერბი და დროშა

პრეზენტაციას  ესწრებოდნენ „ახპიურის“ ფეხბუთელები, სომხური დიასპორის წარმომადგენლები, აჭარის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„ახპიური“ 2014 წელს შეიქმნა. მანამდე, კი 2009 წლიდან არსებობდა გუნდი, რომელიც მონაწილეობდა ბათუმის ადმინისტრაციულ უბნებს შორის გამართულ ტურნირებში ახლა კი მონაწილეოს საქართველოს ბიზნესლიგის პირველობაზე.

კლუბში ამჟამად, ოციდან ოცდახუთ წლამდე, 18 სომეხი, ებრაელი, ქართველი, უკრაინელები, ბელორუსი ფეხბურთელია . კლუბის მთავარი მწვრთნელია კარენ მინასიანი, გუნდის კაპიტანი – არმენ გალოიანი.

არტურ ოგანესიანი

აჭარის სომხური დიასპორის პრეს-მდივნისა და „ახპიურის“ მენეჯერის არტურ ოგანესიანის თქმით, ამჟამად გუნდს ფინანსურად სომხური დიასპორა  ეხმარება. თუმცა ტურნირზე გამგზავრების ხარჯების დაფინანსებაში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტიც მონაწილეობს, რომელმაც  დააფინანსა ახპიურის პირველი გასვლითი ტურნირი ბათუმთან დაძმობილებულ ქალაქ ვანაძორში, სადაც კლუბი ვანაძრის მერიის თასის მფლობელი გახდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც პროფესიულ სპორტის სახეობებს ისე არაპროფესიული სპორტის სახეობებსაც, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ – განუცხადა „ბათუმელბს“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით მიქელაძემ.

არტურ ოგანესიანის თქმითვე,  2016 წლიდან შეიძლება დეპარტამენტმა დააფინანსოს კალენდარული ღონისძიებები.

დავით მიქელაძე

„დეპარტამენტი ჯერჯერობით დააკვირდება „ახპიურს“, იმიტომ, რომ ახალი გუნდია. წარმატების მიხედვით ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ამ გუნდს“ – აღნიშნა დავით მიქელაძემ.

კლუბს ასევე მხარს უჭერს აჭარის საპლაჟო ფეხბურთის გუნდი.

კახა მიქელაძე

„ბიზნესლიგაში ჩვენ ვმონაწილეობთ სუპერლიგაში „ახპიური“ ქვედა ლიგაშია. ლიგის წესდება და დებულება ითვალისწინებს ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას, ასე რომ თუ დასჭირდებათ მათ ჩვენი  რესურსის გამოყენება. შეგვიძლია დავახმაროთ ფეხბურთელი, ეს არ იქნება ცალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ საპლაჟო ფეხბურთის გუნდი ვართ და ვმონაწილეობთ საერთაშორისო შეჯიბრებაში, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონები ვართ და წელსაც ვემზადებით 2016 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისთვის. თუ გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი გუნდის მოთხოვნებს, ქვიშაზე თამაშის სპციფიკას, მზად ვართ შევთავაზოთ, ითამაშონ ჩვენს გუნდში“ – თქვა აჭარის ქვიშის ფეხბურთის გუნდის ხელმძღვანელმა კახა მიქელაძემ.

”ახპიურის” ფეხბურთელები

სომხური დიასპორის წარმომადგენლები

”ახპიურის” გერბი და დროშა

”ახპიურის” ჰიმნი

იხილეთ ”ახპიურის” ჰიმნი, რომელსაც ასრულებს ბათუმის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი “ბათუმი”.

მუსიკა შექმნილია სომხური, ერთ-ერთი პატრიოტული სიმღერის მელოდიაზე. ტექსტის ავტორია პოეტი ვახტანგ ღლონტი.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი

 

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

 

18 წლამდე ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

 

16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.

 

სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი, 2016 წლის 15 იანვრამდე, თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

 

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

 

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

 

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

 

სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში.

 

ბათუმის კორპუსი ენმ-ის წევრების სამსახურში აღდგენაზე: შეიძლება ჩვენ გავმართლდეთ

 

„განჩინება როდესაც მოგვივა ოფიციალურად აღმასრულებიდან, შემდეგ, რა თქმა უნდა, იურისტები გაეცნობიან ამას და მივიღებ გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოგზავნილი განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია. განჩინება მოიტანეს ვიღაც მოქალაქეებმა, შესაბამისად, უნდა ჩამბარდეს ოფიციალურად“.

 

თუ დადასტურდება, რომ განჩინება რეალურია, მაშინ ზურა ნაკაიძე მის აღსრულებას აპირებს: „სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ, მაგრამ რა და როგორ, ეს უნდა გადავწყვიტოთ. ისე, ჯერჯერობით, შტატები არ არის“.

 

ზურა ნაკაიძის თქმით, ენმ-ის წევრებმა შეცდომაში შეიყვანეს ჟურნალისტები, რადგან ქუთაისის სასამართლოს განჩინება არ არის საბოლოო დოკუმენტი:

 

„ბათუმის სასამართლომ ზაფხულში დააკმაყოფილა მათი სარჩელი. ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მოთხოვნით მათ მიმართეს ისევ ბათუმის სასამართლოს, რაზეც უარი მიიღეს. ეს უარი შემდეგ მათ გაასაჩივრეს ქუთაისში. აი, ეს საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ. თორემ ჩვენ გასაჩივრებულზე, რომელიც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, პროცესი  ქუთაისში ჯერ არ ჩატარებულა. ორი პარალელური დავა მიდის. შეიძლება სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს, რომ მისი დღევანდელი განჩინება არასწორია და გავმართლდეთ ჩვენ. მაშინ კიდევ ერთხელ ყველაფერი უკან იქნება დასაბრუნებელი“.

 

რაც შეეხება ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ზურა ნაკაიძის თქმით, აიპი „ბათუმის კორპუსს“ თავისი შემოსავლები არ აქვს, ამიტომ ჯერ არ იცის, როგორ შეძლებენ მისი ყოფილი თანამშრომლებისთვის ნაცდური თანხის ანაზღაურებას.

 

დღეს ენმ-ის სამ წევრს ბათუმში, რომლებიც გაზაფხულზე აიპი “ბათუმის კორპუსიდან” გაათავისუფლეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდათ, რომლის მიხედვითაც სამივე მათგანი სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ. 

„ბათუმის წყალი“ ინტერნეტმომსახურებაში 36 556 ლარს გადაიხდის

 

ინტერნეტმომსახურება უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმში შემდეგ მისამართებზე:

 

თაბუკაშვილის ქ. №19 – შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციული შენობა;

თაბუკაშვილის ქ. №19 – შპს „ბათუმის წყლის“ ავტოფარეხის ტერიტორია;

ტ. აბუსერისძის ქ. № 6 – შპს „ბათუმის წყლის“ №1 სატუმბო სადგური;

ადლიის დასახლება – შპს „ბათუმის წყლის“ გამწმენდი ნაგებობა;

წერეთლის ქ. №2, შპს „ბათუმის წყალი“ და

ჯავახიშვილის ქ. №72, შპს „ბათუმის წყალი“.

 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება;

 

არაპროვაიდერი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში კი მომსახურებასთან დაკავშირებული სამონტაჟო, გაყვანილობის და გადაერთების სამუშაოებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.

 

ინსტალაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ინტერნეტის მიწოდების მომსახურება უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული ტენდერი 30 ნოემბერს დასრულდება.

 

სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ენმ-ის წევრების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენაზე

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაციონალური მოძრაობის წევრებს დღეს ჩაბარდათ. განჩინებაში წერია: „დადგენილია, რომ ლაშა კილაბერიას, ირაკლი მექვაბიშვილის და თომა ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის კორპუსის დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის #32 ბრძანება ლაშა კილაბერიას ბათუმის კორპუსის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ…“

 

განჩინების თანახმად, სამივე მათგანი დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ თანამდებობაზე,  შესაბამისად, ლაშა კილაბერია ისევ უნდა გახდეს აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილე. თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან ირაკლი მექვაბიშვილი და თომა ხალვაშიც. ასევე სამივე მათგანს უნდა აუნაზღაურდეს სამი თვის ნაცდური ხელფასი:

 

ლაშა კილაბერიას ერთი თვის ანაზღაურება იყო 1100 ლარი, ხოლო მისი თანაპარტიელების 750-750 ლარი.

 

ლაშა კილაბერია ამბობს, რომ მის თანამდებობაზე ამ დროისთვის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი დავით კასრაძე მუშაობს: „რეორგანიზაციის შედეგად ჩემი თანამდებობა გაუქმდა და შეიქმნა განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად დანიშნეს დათო კასრაძე, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. სხვების თანამდებობებზეც „ოცნების“ საარჩევნო ზონების შტაბების კოორდინატორები ჰყავთ დანიშნულები.  ჩვენი წამოსვლის შემდეგ ამ სამსახურში შტატები 40-დან 67-მდე გაიზარდა და ყველგან მათი პარტიული აქტივისტები დანიშნეს“.

 

ენმ-ის სამი წევრის სამსახურში აღდგენაზე გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიღო. თუმცა ბათუმის მერიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქუთისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება  გასაჩივრდებას აღარ ექვემდებარება.

2015-11-24 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

მათგან ყველაზე მეტი, 365 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 38 – ნიშანში დგომისთვის, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 2 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 6 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 6 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ოთხი ქორწინება და ერთი იძულებით გათხოვების მცდელობა

 

პოსტერი ქალთა მოძრაობის ფეისბუკის გვერდიდან.ქალთა მოძრაობა არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ აქციას 25 ნოემბერს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამართავს

 

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, ზაფხულში 15 წლის გოგონას იძულებით გათხოვების მცდელობა დაფიქსირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რის გამოც არასრულწლოვან გოგონასა და დედას შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

 

„ამ დროისთვის გოგონა მინდობით აღზრდაშია, რადგან დედასთან უთანხმოება აქვს,“ – ამბობს სოციალური მუშაკი ნანი ბოლქვაძე.
სოციალური მუშაკის ინფორმაციით, მოზარდი 14 წლის ასაკში გაათხოვეს.

 

 

„ბავშვმა მიიღო გათხოვების გადაწყვეტილება და გაიპარა ბიჭთან ერთად. ალბათ ოჯახიდანაც იყო თანხმობა, რადგან შემდეგ გოგონა გვიყვებოდა, რომ ეს იძულებით გააკეთა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბიჭმა მიატოვა. გოგონა ჩაიკეტა სახლში და ძალიან განიცდიდა, ჰქონდა სიუციდის მცდელობაც“.  

 

 

სოციალური მუშაკის თქმით, მშობლების ჩარევით გოგონა ხელმეორედ გააყოლეს იმავე, ასევე არასრულწლოვან ბიჭს. „თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ოჯახი შეიქმნა არა სიყვარულით, არამედ გარიგებით, მაინც არ შედგა მათი ურთიერთობა გოგონა მშობლების ოჯახში დაბრუნდა“.

 

ნანი ბოლქვაძე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ მათ სამედიცინო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და საქმეში ჩართეს.

 

„ჩავრთეთ ფსიქოლოგი და ვმუშაობდით გოგონასთანაც და ბიოლოგიურ ოჯახთანაც. რადგან გოგონაზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა, საქმეში ჩავრთეთ სამართალდამცავებიც და გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპულ გარემოში, სადაც ოჯახში მიბრუნებულ გოგოზე ხშირად ხდება ზეწოლა. „შენ ოჯახში დაბრუნებული ხარ“, „ოჯახს სირცხვილი აჭამე“ – ეუბნებოდნენ და ბავშვი დაითრგუნა. არაერთი მცდელობა ჰქონდა სახლიდან გაქცევის“.

 

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ,  როცა გოგონა 15 წლის შესრულდა, სოციალური მუშაკის ინფორმაციით, მშობლები მას არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას უპირებდნენ.

 

„ჩვენ მოზარდისგან მივიღეთ ეს ინფორმაცია და მაშინვე ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები. გოგონა დათრგუნულია ფსიქოლოგიურად და მასთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ამ დროისთვის გოგონა იმყოფება მინდობით აღზრდაში და მისი უფლებები დაცულია. ვმუშაობთ იმაზე, რომ სამომავლოდ გოგონამ პროფესიული განათლება მიიღოს, რადგან სკოლაში არ დადის“.

 

სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ისინი გოგონას ოჯახთანაც მუშაობენ და არწმუნებენ იმაში, რომ მოზარდზე ძალადობა დაუშვებელია: „აუცილებელია ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს და მშობლებმა გაიგონ, რომ თუნდაც შეცდომის გამო არ შეიძლება შვილი უარყო ან მასზე მოახდინო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, მით უმეტეს, რომ გოგონას აქვს ეპილეფსია ქვეცითი აშლილობით“.

 

სოციალური სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონას გათხოვების ერთი ფაქტი შუახევის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. გოგონა 15 წლის ასაკში გაათხოვეს. სოციალური მუშაკის, ნინო ტყეშელაშვილის ინფორმაციით, მოზარდი მშობლების ნებართვით გათხოვდა.

 

„ფაქტი მოხდა გაზაფხულზე, როცა ჯერ კიდევ არ იყო სასწავლო პროცესი დასრულებული. მშობლები საქმის კურსში იყვნენ. თუმცა, როცა გაიგეს, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით ისჯება, გოგონა სკოლაში დააბრუნეს და საბაზისო საფეხური დაამთავრებინეს. თუმცა, ამის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია, რადგან სექტემბერში როცა გოგონას 16 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ქორწილი ოფიციალურად გადაუხადეს“, – ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, სკოლამ არასრულწლოვანი მოსწავლის გათხოვების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი კვირის შემდეგ შეატყობინა.

 

არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების ორი შემთხვევა იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამ შემთხვევაშიც გოგონა იყო 16 წლის, მისი მეუღლე კი – 19-ის.

 

„მომართვა გაკეთდა თბილისის საჯარო სკოლიდან, გოგონა იყო მეთერთმეტეკლასელი. სოციალური სამსახურის ჩარევის შემდეგ, გოგონამ გააგრძელა ქობულეთის სკოლაში სწავლა.

 

რაც შეეხება მეორე ფაქტს, გათხოვების დროს გოგონა იყო 17 წლის, მისი მეუღლე კი – 20 წლის. ჩვენ გვქონდა მშობლებთან საუბარი. იმ დროისთვის გოგონა გამოსული იყო სკოლიდან და გეგმავდა კოლეჯში ჩაბარებას. თუმცა გააგრძელა თუ არა სწავლა გათხოვების შემდეგ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

 

სკოლა მოსწავლის გათხოვების შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს ფაქტის გაგების მომენტიდან უგზავნის. „როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში სკოლამ შეტყობინება ორი კვირის შემდეგ გააგზავნა, ანუ მას შემდეგ, როცა გოგონა არ გამოცხადდა სკოლაში და თანაკლასელებმა თქვეს, რომ ის გათხოვდა“.

 

არასრულწლოვანი გოგონას გათხოვების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმშიც. სოციალური სამსახურის ინფორმაციით, გათხოვების მომენტში გოგონა არ იყო 16 წლის, ბიჭი კი 21 წლის იყო. „გაიპარნენ და ასე დაქორწინდნენ, თუმცა როგორც გავარკვიეთ, არც მშობლები იყვნენ ქორწინების წინააღმდეგი“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ურთიერთობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. „როცა ინფორმაცია შემოვიდა ჩვენთან და მშობლებმა გაარკვიეს, რომ არასრულწლოვნის ქორწინება კანონს ეწინააღმდეგება, გოგონასა და ბიჭის მშობლები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სანამ გოგონა 16 წლის არ გახდებოდა, ის სკოლაში ივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გააყოლებდნენ ოფიციალურად“, -ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.

 

სოციალური მუშაკის თქმით, ბათუმის შემთხვევაში არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტზე სამართალდამცავებიც ინფორმირებულნი იყვნენ: „ჩვენ ჩავრთეთ ისინი საქმეში, თუმცა, რა ზომები იქნა მათი მხრიდან მიღებული, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“.

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანი გოგონებისა და ბიჭების როგორც იძულებით, ასევე ნებაყოფლობით ქორწინებას. ცვლილების მიხედვით, ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკში იქნება შესაძლებელი და მშობელს ან მეურვეს უფლება აღარ ექნება, არასრულწლოვან შვილს თანხმობა მისცეს ქორწინებაზე. ეს საკითხი მოექცევა სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში.

 

„გვინდა, რომ სასამართლოს მხრიდანაც გამონაკლისი დაშვებული იყოს მხოლოდ პატივსადები მიზეზის გამო“, – ამბობს თამარ კორძაია. ეს პატივსადები მიზეზი არასრულწლოვნის ორსულობა ან ბავშვის დაბადებაა.

 

კანონპროექტის წარდგენისას თამარ კორძაიამ პარლამენტში განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის მიზეზი სახალხო დამცველის ანგარიში გახდა, სადაც მოყვანილია დასაბუთებული ფაქტები არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების შესახებ.

 

„მშობლები ხშირად ბოროტად სარგებლობენ მშობლის უფლევა-მოვალეობით და აიძულებენ საკუთარ შვილებს დაქორწინებას“, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში გოგონებს/ბიჭებს ერთმევათ თავისუფალი განვითარების უფლება და ეზღუდებათ განათლების მიღების შესაძლებლობა.

 

თამარ კორძაიას თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების კონვენციას, „პირიქით, ბავშვის უფლებათა კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ყველა სახელმწიფოს, რათა ქორწინების მინიმალური ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ეს იქნება იმის გარანტია, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული კონვენციით დაცული ბავშვის ყველა უფლება“.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა ზიანის მომტანი ტრადიციული პრაქტიკის მიმართ საკანონმდებლო პოლიტიკა უნდა გაამკაცრონ.

შსს-ს განცხადება: სავიზო კონტროლი გამკაცრდა

 

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის – გიორგი მღებრიშვილის დავალებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახდენენ მგზავრებთან დეტალურ გასაუბრებას და მათი ვიზიტის ნამდვილი მოტივაციის გამოვლენას. განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ. ზემოხსენებული პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

 

2015 წლის 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მიზნით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება.

 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება.

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავა

 

„შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სომალის რესპუბლიკის 15, საქართველოს 1 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანაში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეების თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.

Exit mobile version