სიახლეები

მგლების ბუნებიდან ამოღების უფლება ხულოს გამგეობას

25.11.2015 • 2152
მგლების ბუნებიდან ამოღების უფლება ხულოს გამგეობას

 

მგელი
მგელი

„ამ ცხოველების ბუნებიდან ამოღებაზე უფლება გასულ წელსაც გვქონდა, მაგალითად, 6 მგლის, თუმცა ერთიც არ მოგვიკლავს. მიმდინარე წლის ზაფხულშიც მივმართეთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ცხოველების ამოღების უფლება მოეცა, თუმცა მხოლოდ ახლახან მოგვწერეს თანხმობა, ისიც მგლებზე. მოვითხოვთ, ერთი დათვის ამოღების უფლებაც მოგვცენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა აბულაძემ.

 

მისივე თქმით, გამგეობის მოთხოვნა განპირობებული იყო მოსახლეობის ხშირი მომართვიანობით: „ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, რადგან თხოვნა იყო მოსახლეობიდან – დათვი ხშირად აზიანებს ფართობებს, ნათესებს. იყო მგლების მიერ შინაურ პირუტყვზე თავდასხმის ფაქტებიც. თუმცა ეს ძირითადად გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, მთაში წასვლის პერიოდში ხდება, როცა მოსახლეობას საქონელი საძოვრებზე გადაჰყავს“.

 

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მუნიციპალიტეტთან აფორმებს, მოქმედების ვადა 31 მაისამდე აქვს. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ამ პერიოდში მგელი, განსაკუთრებით კი დათვი, იმდენად არ აქტიურობს და არც აგრესიულობით გამოირჩევა.

 

გამგეობაში ვერ ხსნიან, თუ რა პრინციპით ხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრა. თუმცა, ამჯერადაც, 2016 წლის 31 მაისამდე ექნებათ ბუნებიდან 8 მგლის ამოღების უფლება, დათვზე კი პასუხი არ მიუღიათ.

 

„უფლება გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ხშირად აზიანებს ფართობს დათვი ან არის მგლის თავდასხმის საფრთხე, ჩავუსაფრდეთ და მოვკლათ ცხოველი. კანონით, ამოღების შემდეგ ხდება ლეშის დაწვა და დამარხვა. ესეც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით და შესაბამისი ოქმის შედგენით. გარეული ცხოველის ამოღება თუ დაიგეგმება, მას მონადირეთა კავშირის მონადირეები განახორციელებენ. გამგეობა მათთვის ტყვიებს შეისყიდის. თუმცა ასეთი ფაქტი ჯერ არ გვქონია. ზოგადად კი, კანონით, თუ ცხოველი თავს ესხმის ადამიანს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მისი განადგურება. ბუნებრივია, აქ არავითარ ნებართვაზე საუბარი არ არის,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

 

მისივე თქმით, მტაცებელ ცხოველთა გარკვეუული რაოდენობის ბუნებიდან ამოღების ნებართვის მიღება ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია, თუ საჭიროდ ჩათვლის და თუ საქართველოს მთავრობაც დათანხმდება.

 

“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გამოსცა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საბოლოო, ხელმოწერილი ვარიანტი კი სამინისტროსგან ხულოს მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ მიუღია.

გადაბეჭდვის წესი