კვირის ამბები

საქველმოქმედო ონლაინმაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის

25.11.2015 • • 1841
საქველმოქმედო ონლაინმაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის

 

 

პალიატიური მზრუნველობა აქტიური, მრავალპროფილური ზრუნვაა პაციენტზე, ტერმინალური დაავადებების სიმპტომების პრევენციისა და შემსუბუქების მიზნით. იგი გათვალისწინებულია პაციენტებისთვის ქრონიკული, უნკურნებელი დაავადებებით ტერმინალურ (სასიკვდილო) სტადიაში, როცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ 6 თვეს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. საქართველოში ასეთი მზრუნველობის საჭიროების მქონედ, ძირითადად, ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური პაციენტები მოიაზრება.

 

ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 25 000 ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას.

 

საქველმოქმედო პროექტის ავტორი, ონკოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე განმარტავს, რომ პალიატიური მზრუნველობის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: შინ მოვლის მექანიზმი, რომელიც ბინაზე ექიმის კონსულტაციებს, ექთნის ყოველდღიურ (საჭიროების შემთხვევაში დღეში რამდენიმე) ვიზიტს, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გულისხმობს; პალიატიური მზრუნველობის მეორე მექანიზმი კი ჰოსპისია, სიცოცხლის ბოლო დღეების მონიტორინგი სტაციონარში. იმის გამო, რომ ჰოსპისების მშენებლობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საჭიროა ასეთი პაციენტების ბინაზე ჰოსპისის უზრუნველყოფა. “ევროპაშიც ყველაფერი სწორედ ბინაზე მოვლისგან დაიწყო, რადგან სტაციონარში მოვლა ძვირია, ცალკე ჰოსპისების აშენება კი კიდევ უფრო ძვირი,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

 

დღეისთვის საქართველოში სულ სამი ჰოსპისი მოქმედებს – ფერისცვალების დედათა მონასტრის სასნეულო სახლი (7 საწოლი ქალებისთვის), ონკოპრევენციის პალიატიური მზრუნველობის ჰოსპისი 22 საწოლზე და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება – 18 საწოლზე. სამივე მათგანი თბილისშია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სტაციონარულ ჰოსპისს ონკოლოგიური ცენტრი ახორციელებს, რაც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანუ ასეთი საჭიროების პაციენტები დაახლოებით ერთი კვირით წვებიან ონკოლოგიური ცენტრის სტაციონარში მანამ, სანამ მათი მდგომარეობა გარკვეულწილად არ დარეგულირდება, შემდეგ კი ამბულატორიულ მოვლაზე გადადიან. ასეთივე პაციენტებს ემსახურება ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამაც, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ონკოპალიატიური, არამედ შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიის პაციენტზე. ამ ეტაპზე პროგრამით ასამდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში.

 

რეგიონებში მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას ბენეფიციარებს სოფლის ექიმები უწევენ. სპეციალისტების აზრით, ეს სერვისები არ არის საკმარისი ბინაზე ჰოსპისის პროგრამის განსახორციელებლად.

 

წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა ყოველწლიურად 160-200 ადამიანია. “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება.

 

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ ევროპაში პალიატიურ მზრუნველობაზე დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებით არის შეგროვებული, დანარჩენს კი სახელმწიფო აფინანსებს. “ონკოლოგიურ პაციენტებს პალიატიური მზრუნველობის დროს მუდმივად ესაჭიროებათ თანხა. ევროპისა თუ ინგლისის ყველა ჰოსპისში, სადაც კი ვიყავი, მითხრეს, რომ დაახლოებით 60-70% ქველმოქმედებით შემოსული თანხაა, რომელიც მოიცავს როგორც უბრალო მოქალაქეების მიერ ცენტობით შეგროვებულ თანხას, ისე ბიზნესმენების მიერ გაკეთებულ მსხვილ შენატანებს,” – ამბობს ის.

 

სწორედ ასეთი პრაქტიკის დასამკვიდრებლად შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბათუმის ჰოსპისი”, რომელიც გარდა საქველმოქმედო მაღაზიისა, ონკოპალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის თანხას “TBC ბანკშიც”, შეაგროვებს შემდეგ ანგარიშზე: GE38TB7219036080100003.

 

“საქველმოქმედო მაღაზია”, ე.წ. Charity Shop-ი დასავლეთში აპრობირებული მექანიზმია თანხის შესაგროვებლად. გარდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მოზიდვისა, გვინდა ადამიანებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ რაღაც პერიოდულობით, რადენიმე თვეში თუ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ერთი ლარი გაიღოს იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტს მის ქალაქში რაღაცით დაეხმაროს. ეს შეიძლება იყოს თვეში 20 ლარი, მას შემდეგ რაც მაღაზია უფრო პოპულარული გახდება, შეიძლება ეს გახდეს თვეში 1000 ლარი. ჩვენი მიზანია თვეში 5000 ლარის მოგროვება, ეს საკმარისი იქნება თვეში ათი პაციენტის სრულფასოვნად მოსავლელად,” – ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

 

ექიმის განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რის გადაჭრაშიც ონკოპალიატიურ პაციენტებს დაეხმარებით, ტკივილის გაყუჩებაა. ზოგჯერ რეცეპტის გამოწერის, ზოგჯერ კი ნათესავების გაუბედაობის გამო, ონკოპაციენტებს მორფის გაკეთება უგვიანდებათ. “უმეტესად ხდება ისე, რომ ცოტას უკეთებენ და ეს არ ჰყოფნის პაციენტის ტკივილებს. სამწუხაროდ, ვერც მე ვახერხებ ყველა პაციენტის ყოველდღიურ კონტროლს და როცა კვირის ბოლოს მოვიკითხავ, აღმოჩნდება, რომ პაციენტს მცირე დოზა გაუკეთეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტს იმ კვირის განმავლობში ტკივილები ჰქონდა. მათ ეს ტკივილი არ უნდა ჰქონდეთ,” – ამბობს ონკოლოგი.

 

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე “საზღვაო ჰოსპიტალს” შვიდ პაციენტზე მორფის ორი პამპი აქვს, რომელიც სპეციალური მოწყობილობაა ასეთი პაციენტებისთვის მორფის მცირე დოზებით, კანქვეშ, უმტკივნეულოდ შესაყვანად. იგი 20 მილილიტრ წამალს ანაწილებს ერთ კვირაზე და პაციენტს შეუძლია ეს დოზები ღილაკზე თითის დაჭერით არეგულიროს. პამპებს იმ პაციენტებს ატანენ სახლში, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებს. საქველმოქმედო მაღაზიის ამუშავების შემდეგ კი 20-მდე ასეთი პამპის შეძენა იგეგმება. თითოეული ასეთი მოწყობილობის ფასი საშუალოდ 100 ევროა.

 

თეიმურაზ გოგიტიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი სერვისი, რაც ონკოპალიატიურ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ, ფსიქოლოგის კონსულტაციაა. შემოწირულობებიდან თანხა ამ სერვისზეც დაიხარჯება. “პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფსიქოლოგის მუშაობის შემდეგ უმეტესობას უმცირდება გამაყუჩებლის დოზები, ორჯერ, სამჯერ… ზოგს საერთოდ აღარ სჭირდება,” – ამბობს ექიმი.

 

ამ ეტაპზე საქველმოქმედო მაღაზიის საორგანიზაციო ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, ისინი უზრუნველყოფენ მოსახლეობისგან ნივთების ჩაბარებას, ნივთებისთვის ფოტოების გადაღებას და ინტერნეტში – აუქციონზე განთავსებას. ყოველი თვის ბოლოს კი, ფეისბუქის გვერზე გამოქვეყნდება ანგარიში – თუ რა თანხა მოგროვდა ამ დროის განმავლობაში და რაში დაიხარჯა თითოეული ლარი.

 

იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ონკოპალიატიური პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებაში, ნივთების ჩასაბარებლად შეგიძლიათ ორგანიზაცია “ბათუმი ჰოსპისის” ოპერატორს დაუკავშირდეთ ნომერზე: 574 10 00 30 ან მისწეროთ ფეისბუქზე (Batumi Hospice). გარდა ამისა, შეგიძლიათ დარეკოთ ორგანიზაციის საქველმოქმედო ხაზზე: 09 01 70 10 23, ზარის ღირებულება 1 ლარია.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: