კვირის ამბები

ფიზიკური აქტივობის დეფიციტი – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი

25.11.2015 • • 7060
ფიზიკური აქტივობის დეფიციტი –  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი

 

 

“ინსულინრეზისტენტობის (ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითების) გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ჭარბი წონა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კვების რაციონში მაღალი კალორაჟით ან ფიზიკური აქტივობის დეფიციტით, ამიტომ დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ძირითადი მკურნალობის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკური აქტივობის გაზრდასა და სწორ კვებას, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტის წონა იკლებს – მგრძნობელობა ინსულინის მიმართ უმჯობესდება და შესაბამისად, შაქრის დონეც ქვეითდება ორგანიზმში,” – განმარტავს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა.

 

ექიმი ამბობს, რომ პროტოკოლის მიხედვით, დაავადების დროს აუცილებელია პაციენტი ფიზიკური აქტივობის რომელიმე ფორმით დაკავდეს, ეს შეიძლება იყოს: ყოველდღიურად ფეხით სიარული 30-45 წუთის განმავლობაში, ცურვა ნახევარი საათის განმავლობაში, დატვირთვა მსუბუქი ფიტნესით ან აკვა-აერობიკით – “რა თქმა უნდა აუცილებელია დოზირება, რადგან თუ ზედმეტი მოუვიდა დიაბეტიან პაციენტს, შეიძლება იგი ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობაში გადავიდეს და ამან უფრო გაართულოს საქმე. ბუნებრივია, ფიტნესზე სიარულს ვერ მოვთხოვთ 80 წლის პაციენტს, მაგრამ ნელი ნაბიჯებით ზღვის პირზე ერთსაათიანი გასეირნება მისთვის სავსებით შესაძლებელია. ამიტომ უშუალოდ პაციენტებში ასაკის, სქესის, წონისა და შაქრის (გლუკოზის) დონის მიხედვით უნდა განისაზღვროს ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა,” – ამბობს ის.

 

ფიზიკური აქტივობის (ფეხით სიარული, ცურვა, ვარჯიში, ცეკვა და სხვა) მომატებაა რეკომენდებული დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციისთვისაც. ჯანმოს რეკომენდაციით, ყოველდღიურად ოცდაათი წუთი საშუალო სიმძიმის ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი დიეტა საგრძნობლად ამცირებს დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს. დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია კი შეუძლებელია.

 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 აქამდე 40 წლის და უფროსი ადამიანების დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავას თქმით, დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო იგი უკვე 14-15 წლის მოზარდებსაც ხშირად ვლინდება. “რაც 10-15 წლის წინ სრულიად გამორიცხული იყო, ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა,” – ამბობს ექიმი.

 

დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტთა ასაკის გაახალგაზრდავებას მოწმობს ჯანმო-ს სტატისტიკაც. ამის მთავარ მიზეზად კი, მსოფლიო მასშტაბით, გახშირებული ბავშვთა სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის დეფიციტია. ჯანმოს რეკომენდაციით, ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ სულ ცოტა 1 საათი საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა. მიუხედავად ამისა, დღეს ევროპელი მოზარდების  (13-15 წლის) მხოლოდ 34%-ია ფიზიკურად საკმარისად აქტიური. ჯანმო-ს ცნობით, ბოლო დროს ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად მცირდება 11-15 წლის მოზარდებში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია მოზარდ გოგონებში.

 

ენდოკრინოლოგის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვაში. გარდა ფიზიკური აქტივობის მომატებისა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულმა პაციენტებმა კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, ანუ ტკბილეული (ყველაფერი რაც მზადდება შაქრისგან). “მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ცომეული, ასევე შემწვარი საკვები. ნებადართულია მოხარშული, მოთუშული და რაც შეიძლება ნაკლებ მარილიანი საკვები. ხილიდან უნდა შეიზღუდოს – ბანანის, მსხლის, კარალიოკის, ლეღვის, ყურძნისა და სხვა ტკბილი ხილის მიღება, მარწყვი ციტრუსი და დანარჩენი ხილი ნებადართულია, თუმცა ყველაფერი ზომიერად,” – ამბობს ექიმი.

 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ძირითადი სიმპტომებია: პირის სიმშრალე და შესაბამისად წყურვილის შეგრძნება, ასევე ხშირი შარდვა, მადის გაძლიერება, წონის კლება, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, ჭრილობების ძნელად შეხორცება და მუქი ლაქები კანზე (ძირითადად იღლიებსა და კისერზე).

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: