აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელშიც გააგრძელებს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ძირითადად ბავშვებზეა ორიენტირებული. ეს პროგრამებია: სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; ბავშვთა ადრეული განვითარება და ასევე მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.
სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარი), რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.
მოსარგებლეები
სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
პროგრამა ითვალისწინებს
სამკურნალო ვარჯიშებს; მასაჟს; ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 7კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.
პროგრამა ვრცელდება
18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.
პროგრამა ითვალისწინებს
ფიზიკურ თერაპიას
მეტყველების და ენის თერაპიას;
ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;
ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.
შენიშვნა:
თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია
პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
დაფინანსების ფორმა
წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში (მშობლიანოჯახისსრულწლოვანიწევრი) – 10 ლარით.
ბავშვთა ადრეული განვითარება
პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარება.
პროგრმა ითვალისწინებს
მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ [ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი] მომსახურების გაწევას [თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა]. ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ინდივიდუალურ მომსახურებას [არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა]. სულ 8 შეხვედრა.
პროგრამის მოსარგებლე
გონებრივი განვითარების შეფერხების [დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა] მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
მოსარგებლეები
მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით [ბავშვებით] ან ორსული ქალები [26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა].
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.
პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა საბუთები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს. პროგრამების მოსარგებლე 2016წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაყინული თევზის გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. გამარტივებული შესყიდვა უკვე განხორციელდა. დაეთანხმება თუ არა შესყიდვების სააგენტო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილებას, 12 იანვრამდე გაირკვევა.
„გამარტივებული შესყიდვის საჭიროება განაპირობა შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ შემოტანილი პროდუქციის შეუსაბამობამ ხელშეკრულებასთან და ტექნიკურ პირობებთან, რის საფუძველზეც ვერ მივიღეთ შესყიდვის ობიექტი“ – აცხადებენ სააგენტოში.
„გადაუდებელი აუცილობლობის ვითარების დადგომა გამოიწვია შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ მოტანილი პროდუქციის დაბრუნებამ, რომელიც განხორციელდა 2016 წლის 5 იანვარს, დოკუმენტაციის უზუსტობის გამო გამოსასწორებლად დაუბრუნდა უკან, მაგრამ 2016 წლის 6 იანვარს საღამოს 20:00 საათზე შემოიტანა საქონელი, სადაც არ იყო დაცული ეტიკეტირება და ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატში წარმოდგენილი მწარმოებელი ფირმა იყო სხვა ფირმა და არა ის, რომელიც მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე იყო დაფიქსირებული ხელშეკრულების დანართში. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქცია 2016 წლის 7 იანვარს დილით 09:00 საათიდან უნდა გამზადდეს, რაც არის ჯანდაცვის მიერ დამტკიცებული მენიუს გათვალისწინებით, აღნიშნული რომ არ შეჩერებულიყო, სადაც 3521 ბენეფიციარი იკვებება ყოველდღიურად, განვახორციელეთ გადაუდებელი აუცილობლობით გამოწვეული შესყიდვა“ – განმარტავენ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოში.
„GOLDEN FUD“-ის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო განხორციელებული გამარტივებული შესყიდვით ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ 352,1 კგ გაყინული თევზი ისევ შპს „GOLDEN FUD“-ისგან შეიძინა, რაშიც კომპანიას 1616 ლარი და 15 თეთრი გადაუხადა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ბადრი გოგიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ… თევზი არ იყო იმ კომპანიის მიერ წარმოებული რაზედაც „GOLDEN FUD“-თან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ამიტომ წარმოდგენილი პროდუქტი შევიძინეთ გამარტივებული შესყიდვის გზით, ისევ ამ კომპანიისგან, რასაც კანონი არ კრძალავს და ასეთ მისაღებ ფასადაც პროდუქტს ვერავინ მოგვაწვდიდა. რაც მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაინც პროდუქტის ხარისხია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დავაჯარიმეთ და გავაფრთხილეთ, რომ თუ განმეორდება მოწოდებაში პრობლემები, შევწყვეტთ ხელშეკრულებას და კომპანიას შევიყვანთ „შავ სიაში“.
შპს „GOLDEN FUD“-სა და ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შორის გაყინული თევზის მიწოდებაზე ხელშეკრულება [ღირებულებით – 84 823 ლარი და 20 თეთრი] 2015 წლის 15 დეკემბერსაა გაფორმებული და ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით კომპანია ამჯერად 424 ლარით დაჯარიმდა.
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მმართველობაში ხუთი სასადილოა.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში ასევე გეგელიძეებში. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან არიან გადაყვანილი.
სოფელ გეგელიძეებში, თამაზ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დღეს დილით განვითარდა. გუშინ, 7 იანვარს დილის საათებში კი მეწყერმა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ჩხობაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებლი სახლი დააზიანა.
7 იანვარს, საღამოს, სოფელ გოგიაშვილებში, გოჩა არძენაძის საცხოვრებელი სახლთანც ჩამოწვა მეწყერი.
გამგეობის ინფორმაციით მათგან ყველაზე მეტად ჩხუბაძეების სახლია (30%-ით) დაზიანებული.
გამგეობისვე ინფორმაციით ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური და სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა სოფელ კოკოტაურში, ვანაძეების უბანშიც, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდა, ამ დროისთვის კი გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი. სოფელ მახუნცეთში, ბელტურის უბანში კი ამჟამადაც მუშაობს ტექნიკა, სადაც მეწყერმა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.
„სიტუაციას გეოლოგების ჯგუფი და გამგეობის მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მოხდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, [და დასკვნის საფუძველზე, თუკი საჭირო გახდა] კომპენსაციის გაცემა [დაზარალებული ოჯახების] ადგილმონაცვლეობისთვის“- განუცხადეს „ბათუმელებს“ქედის გამგეობის პრესსამსსახურში.
200 ცალი საბაღე სკამის შესაძენად ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 50 400 ლარი. სკამები ხისა და ლითონის კონსტრუქციისგან უნდა იყოს დამზადებული, ტექნიკური მახასიათებლები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამ დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საბაღე სკამი] საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 ათასი ლარის ოდენობით.
შესაძენი სკამის ესკიზი
საქონლის მიწოდების ვადაა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქონლის განთავსება განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას, ქ. ბათუმის ტერიტორიის ფარგლებში. ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
აჭარის ბიუჯეტიდან 2016 წელსაც დაფინანსდა სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 150 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს ასევე დაფინანსდა სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით.
ეს პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფას.
მიმდინარე წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენაც.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებს:
ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას,
ექთანი – სახელმწიფო პენსიის ოდენობას.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს 30-მდე პროგრამას და ქვეპროგრამას განახორციელებს. მათ შორისაა პროგრამები: ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ასევე ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები
დაფინანსების ფორმა
დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:
70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით
სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები-100 %-ით;
70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები-90 %-ით;
100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები-80%-ით.
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
მოსარგებლეები
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
დაფინანსების ფორმა
ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში შემდეგი პროცენტებით:
ასაკით პენსიონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 10% – ით;
0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 20% -ით;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 20% -ით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს – 20% -ით.
არ დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის თანაგადახდის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა.
ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას.
მოსარგებლეები
ონკოლოგიური პაციენტები დამტკიცებული დიაგნოზით.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
1000 ლარის ჩათვლით-100%-ით;
1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით;
2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით-80%-ით;
3000 ლარზე მეტი-70%-ით.
არაუმეტეს 5 000 ლარისა.
ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარს.
პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
პროგრამების მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე სამი ავტომანქანა ჰქონდა გამოტანილი: „VOLKSWAGEN JETTA”, „ვოლგა 3110“ და „ტოიოტა პრადო“. აქედან პირველი ორი ავტომანქანა 25 დეკემბერს გაიყიდა , ხოლო მესამე ავტომანქანაზე სამინისტროს ხელახალი აუქციონი აღარ გამოუცხადებია.
VOLKSWAGEN JETTA
ავტომანქანა „VOLKSWAGEN JETTA” (სახელმწიფო ნომრით PO992OP) აუქციონზე განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა [საწყისი ფასი 400 აშშ დოლარი], თუმცა არ გაიყიდა და აუქციონზე კვლავ გაიტანეს – 200 აშშ დოლარად. გასული წლის 25 დეკემბერს აღნიშნული ავტომანქანა ელექტრონულ აუქციონზე 280 დოლარად გაიყიდა.
ვოლგა 3110
ავტომანქანა „ვოლგა 3110“ (სახელმწიფო ნომრით PO993OP), განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით, 600 აშშ დოლარად [საწყისი გასაყიდი ფასი] იყიდებოდა, თუმცა არც ის გაიყიდა და აუქციონზე ხელახლა გაიტანეს, ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 300 აშშ დოლარი იყო; ავტომანქანა გასული წლის დეკემბერში 310 აშშ დოლარად გაიყიდა.
2016 წელს აჭარაში გრძელდება გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები, რომლებსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
გულის ქირურგია
პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.
მოსარგებლეები
18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით:
100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები-90 %–ით;
ყველა სხვა კატეგორიის ბენეფიციარები-80 %–ით;
ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.
რაც შეეხება სახსრების ენდოპროთეზირებას
პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით.
100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;
დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;
სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%-ით.
დაფინანსების ზღვრული თანხა კი შეადგენს 4000 ლარს.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
პროგრამების მოსარგებლე 2016წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიიღებენ, ხოლო გათბობის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან იზრუნებს.
მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.
რაც შეეხება გათბობას, ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით] მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.
სახელმწიფოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
ამ კანონით პენსიონერები, პედაგოგები და ექიმები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ. იანვრიდან კი უკვე გაიცემა სოციალური დახმარება 2016 წლის 1 იანვარს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე.
მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, სამინისტროს ინფორმაციით ემსახურება გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები:
პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
უსახლკაროები;
მარტოხელა მშობლები;
ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
– 1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
– 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
– 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
– 3000 ლარზე მეტი – 70%-ით.
არაუმეტეს 7000 ლარისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას (საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში) დაფინანსდებიან ერთჯერადად 10 000 ლარის ფარგლებში.
პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
პროგრამის მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას წელს ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 2016 წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამასგანახორცილებს. პროგრამული ბიუჯეტი კი ჯამში 11 306 170 ლარს შეადგენს.
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 2016 წლისთვის პროგრამა ითვალისწინებს:
ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.
მოსარგებლეები
ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.
დაფინანსების ფორმა
საცხოვრებელი ფართობის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.
პროგრამაში ჩართვისათვის
ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის მდებარეობის მიხედვით.
შენიშვნა
ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი.
მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართობების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.
აჭარის მთავრობისინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არსებული მონაცემებით 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახს ესაჭიროება უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა.
ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ 2016 წლის 5 იანვარს, თურქეთში საშეკრებო ხარჯების შესასყიდად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შედის, სასტუმროში დაბინავება, კვება და სათამაშო მოედნით უზრუნველყოფა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 85 000 ლარი.
შემსყიდველმა, ამ თანხით უნდა უზრუნველყოს 5 საწვრთნელო ამხანაგური მატჩი; 35+1 კაციანი (კლუბის მენეჯერი უფასოდ) შემადგენლობის ანტალიაში (ბელეკში) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება (ზღვიდან არაუმეტეს 300 მეტრის მდებარეობით), სადაც განთავსებული უნდა იყოს სპორტული კოპლექსი და სასტუმროს ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოედანი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში:
გუნდი იცხოვრებს ერთ სართულზე, 17 სტანდარტულ ორადგილიან და ერთ ერთადგილიანი ნომერში.
სასტუმრო ულიმიტოდ უზრუნველყოფს სასმელებს – (ყავა, ჩაი, წვენი, კოლა, წყალი ლიმიტის გარეშე სასტუმროს ბარში) გარდა სპირტიანი სასმელებისა;
90 წუთიანი ვარჯიში 2 ჯერ (ვარჯიშის დრო 11:10 – 12:40/ 16:40-18:10)
მატჩები გაიმართება 31 იანვარს და 3, 6, 8 და 9 თებერვალს. მეტოქეები იქნებიან ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგის კლუბები.მატჩები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შემსყიდველმა მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სასტუმროში დაბინავებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადების მიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 8 იანვრს დაიწყება და 12 იანვარს დამთავრდება.
ბათუმის დინამოს გუნდი საშეკრებო მატჩებზე ბელეკში გასულ წელსაც იმყოფებოდა.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, საქაართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ფოტო: msy.gov.ge
დაჯილდოვების ცერემონია 30 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიმართა. მან, ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი, ირანელი ჰასან რაჰიმი 5:4 დაამარცხა.
25 წლის მოჭიდავეს შესაბამისი დიპლომი, ფულადი ჯილდო, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობა და სხვადასხვა საჩუქრები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა გადასცა.
ლერი ხაბელოვის შეფასებით წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდა სპორტისთვის.
„თავისუფალ ჭიდაობაში ათი წელი არ გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი. ხინჩეგაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა ლას-ვეგასში და ყველანი გაგვახარა. იმედი გვაქვს, რომ ლადოც და ჩვენი სხვა ლიცენზიანტებიც მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდებიან მომავალ ოლიმპიადას“ – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ისევე როგორც 2013 წელს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.
ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ გამოიტანა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი. იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონი [გასული წლის ნოემბერში] არ შედგა.
აუქციონის ახლანდელი პირობის მიხედვით მყიდველმა შენობაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტ[ებ]ი უნდა მოაწყოს და აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მომავალმა მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;
მომავალმა მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ასევე:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ შენობაში (შენობის გუმბათი) დამონტაჟებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმება სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.
პროფილის (სასტუმროს – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის) და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 10 (ათი) წლის განმავლობაში შენარჩუნება.
სამინისტროს, აღნიშნული ქონების გაყიდვის პირობებში სასტუმროსა და სამორინესმოწყობა ადრე ჩადებული არ ჰქონდა და მყიდველს მხოლოდ თანხის ორ ნაწილად გადახდა ევალებოდა.
ამჯერად ელექტრონული აუქციონი 18 იანვარს უნდა დასრულდეს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] განსაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებში 27 220 700 ლარი დაიხარჯება [აქედან 17 863 600 ლარი კომისიის წევრთა ხელფასებს მოხმარდება].
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 979 100 ლარი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში; 1 981 100 ლარია გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის; ხოლო 4 190 500 ლარი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდება.
პენსიონერები, სოციალიურად დაუცველები, ექიმები, ექთნები, მასწავლებლები და მწვრთნელები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ.
მთავრობას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
აღნიშნული კანონით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესება:
საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, მიიღებს ყოველთვიურ დანამატს – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს;
სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებს:
ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას,
ექთანი – სახელმწიფო პენსიის ოდენობას;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი დანამატის სახით მიიღებს – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტს;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მიიღებს დანამატს – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტს;
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უკვე გაიცემასოციალური დახმარება 2016 წლის 1 იანვარს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე: ყოველი დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით – არანაკლებ 200 ლარს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები.
მერიის ინფორმაციით: „ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან კი ქუჩებში მუშაობა შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლება გააგრძელეს.
გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, ჭავჭავაძის, პუშკინის ქუჩებზე. ჯგუფი მუშაობს ბულვარშიც, სადაც მიმდინარეობს მოტეხილი ტოტების მოგროვებისა და მერიის საწყობში გადატანის სამუშაოები. არსებული შეშის მარაგი ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ტოტების ჩამოჭრა ხეებიდან.
აღდგენილია ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის გზატკეცილზე დაზიანებული წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისად, წყალმომარაგება აღუდგა ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე.
ამ დროისთვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მთელ ქალაქს“.
2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით – არანაკლებ 200 ლარს.
აღნიშნული შეღავათების გაცემას მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა, რომლის ცალკეული მუხლები [მათ შორის ის პუნქტები, რომლებიც სხვა სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს] ეტაპობრივად ამოქმედდება 2017 წლის 2 იანვრამდე.
გარდა ზემოაღნიშნული შეღავათისა, კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას [აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით].
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, რომელიც 2015 წლის 24 ნოემბრიდან ამოქმედდა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
სახელი და გვარი: გიორგი (კოკი) თხილაიშვილი
ასაკი: 24
სიმაღლე: 1.79
წონა: 105
გიორგი თხილაიშვილი
მას ვერც კი წარმოედგინა, რომ 8 წლის ბიჭი, რომელიც ნოემბრის სუსხიან დღეებში, ვარჯიშის შემდეგ, სოფელში, ცივ მდინარეში იმიტომ იღებდა შხაპს, რომ ნამდვილი საშხაპე თვალითაც არ ენახა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე გახდებოდა. მისთვის ლეგენდას ჰგავს სტადიონებზე იმ ხალხთან შერკინებაც, ვისი ფანიც იყო ბავშვობაში. მის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბიში, ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ თამაშში, ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ლელო დადო.
ის თავის გზას 16 წლის წინ 20 ბიჭთან ერთად დაადგა – რაგბის გზას. ახლა ამ გზაზე მათგან აღარც ერთი შემორჩა. 16 წლის განმავლობაში გზადაგზა გაფერმკრთალდა ბავშვობის კადრები. მარტო მან გაუძლო და ახლა ვარსკვლავების ქვეჯგუფშია. მას თითქმის ყველგან ცნობენ, მაგრამ საკუთარ თავს ვარსკვლავად ვერ აღიქვამს… თუ შანსი მიეცა, სოფლის მეზობლებთან ერთად ჯოკერს თამაშობს და ბოლომდე თვრება. თუმცა, ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს იშვიათად აძლევს.
ახლა ორი მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინშია – მისი აგენტი ინგლისურ გუნდებს საკონტრაქტო პირობებზე ელაპარაკება; მეორე ძალიან პირადია – ქორწინდება ქალზე, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.
გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას თამაშზე. ფოტო: rugbyworldcup.com
რაგბი არის ჩემი ცხოვრება
რაგბის გარეშე არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. ეს ის არის, რაც ყოველდღე ახალ ენერგიას მაძლევს, როცა გრძნობ, რომ ყველაფერი შენს ხელშია, როცა ხვდები, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. ეს საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას.
ნამდვილი ჯადოქარი იყო ემზარი გეგუჩაძე, ჩვენი პირველი ტრენერი, არც ავტობუსი გვქონდა, თამაშებზე რომ წავსულიყავით, არც ფორმა თუ სხვა რამე, მაგრამ თავს არ გვანებებდა. ასლან აბაშიძის დროს ბევრი მდიდარი იყო ქობულეთში. ის მათთან დარბოდა და ასე აგროვებდა “მარშრუტკის” ფულს შეჯიბრზე წასასვლელად. თუ საჭმლის ფულსაც გამოართმევდა, ხომ კარგი, თუ არადა, საჭმელი სახლიდან მიგვქონდა. მაშინ ოჯახებსაც უჭირდათ, მაგრამ თავი მაინც ასე გაგვქონდა.
მახსოვს, რვა წლის არ ვიყავი, როცა სკოლაში შემოვიდა ემზარ გეგუჩაძე და თქვა, რაგბი უნდა გაიხსნას და ვისაც უნდა, ოთხ საათზე ჩამოვიდეს ცენტრშიო. ხელში ოვალური ბურთი ეჭირა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო რაგბი, მაგრამ ოვალური ბურთი მიზიდავდა თავისკენ. მე სოფელში ვცხოვრობდი, ხუცუბანში და სწორედ ამ სოფლის ცენტრში დაგვიბარა…
ღონიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სულ საავადმყოფოებში დავყავდი. მოკლედ, ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლებოდა. პირველ ვარჯიშზე მამა ვერ მიხვდა, რომ ვივარჯიშე. მეორე ვარჯიშის შემდეგ, ტალახში ამოთხვრილს, დახეულ ტანსაცმელში გადამეყარა და ძალით წამიყვანა სახლში. ასე ხუთჯერ წამიყვანა. როცა გადაჭრით მითხრა, რომ აღარ გამიშვებდა, უარი ვთქვი გაკვეთილების სწავლაზეც და საჭმელზეც… სხვა რა გზა იყო, გამიშვა.
წვიმაში, ტალახში დავრბოდით, საშხაპე ახლა არ გვაქვს და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა. მდინარე ჩამოდის ჩვენთან, კინტრიში, აი, მაგ მდინარეში ვბანაობდით ნოემბერში. ჩემებს ეშინოდათ, რომ ამას ვერ გავუძლებდი, მაგრამ პირიქით მოხდა – ჯანზე მოვედი.
ახლა ჩემი დისშვილი უნდა შევიყვანო რაგბიში – შვიდი წლისაა და ავადმყოფობს ხშირად. შეიძლება სპორტსმენი არც გამოვიდეს, მაგრამ უეჭველად ვიცი, რომ ჯანმრთელი და ვაჟკაცი დადგება.
გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com
როგორი შეგრძნებაა სამი ლელო მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი შეგვხვდა – ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ნამიბია. ახალი ზელანდია ჩემპიონი გახდა, არგენტინა მეოთხე ადგილზე გავიდა.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებდი. ეს დრო დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგად დადგა და სამი ლელოც გამომივიდა.
ისე მოხდა, რომ ტონგასთან ჩემი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა. არ მახსოვს ეს როგორ მოხდა. იმ მომენტში ყველაფერი თავდაყირა იდგა. არადა, ვიდეოებს რომ ვუყურებ, ნამდვილად მე ვარ. არასოდეს ვყოფილვარ ისე ბედნიერი, როგორც მაშინ. ძალიან გამიმართლა.
ამან მომიტანა პოპულარობა, მაგრამ ნაკრებში თამაშს თუ არ მოუმატებ, სხვა ჩაგენაცვლება. გუნდმა შეიძლება სამწლიანი კონტრაქტი გაგიფორმოს და ხელფასი გადაგიხადოს, მაგრამ შემადგენლობაში ვერ მოხვდე… მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, წესით, პირიქით უნდა მოხდეს: სპორტსმენი რაგბიში კარგ შედეგს, ძირითადად, 23-24 წლის ასაკიდან დებს _ ბევრი გამოცდილება გიგროვდება, უფრო ჭკვიანურად თამაშობ, ვიდრე ძალის ხარჯზე და დატაკებით.
ტონგასთან მოგებაზე სამი წელი შრომობდა საქართველოს ნაკრები, სამი წელი ვემზადებოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში მოგვეგო. ასე 2019 წლის მსოფლიოზე ავტომატურად მოვხვდებოდით. ჩვენ ეს შევძელით.
მაგრამ ყველა ჩვენგანი ოცნებობდა ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშზე, სონი ბილ ვილიამსის, რიჩი მაქოას წინააღმდეგ… მე ეს ოცნება ვერ ავისრულე და შეიძლება აწი აღარასოდეს მომეცეს მსგავსი შანსი: ისე მოხდა, რომ ზელანდიის შემდგომი თამაში მქონდა დაძაბული და ტრენერებმა მითხრეს, უნდა დაისვენო, შემდეგი შეხვედრისთვის ფორმაში რომ იყოო.
ზელანდიელები არიან ფენომენები. პატარა კუნძულია, ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ყველა რაგბს თამაშობს. გენეტიკაც აქვთ და ნიჭიერიც არიან, ტექნიკოსები და ჭკვიანები. როგორი ფლეშმობი მოგვიძღვნეს?! – მოვისმინე, თითქოს ამ ფლეშმობით შეგვაშინეს. შეიძლება ეს ტელევიზორში მართლაც ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება – “გხოდავენ”. ბიჭებს ვკითხე, რა იგრძენით, მაგას რომ უყურებდით-მეთქი, ისეთი ენერგია ვიგრძენით, კინაღამ ცრემლები წამოგვივიდაო.
ნაკრებში, ვარსკვლავების გვერდით
ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდე, თავდაუზოგავად უნდა იმუშავო. მაგრამ საკმარისი არც ეს არის, უნდა გაგიმართლოს კიდეც. მე გამიმართლა: ჯერ 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი, მერე ასაკობრივში მოვხვდი 20 წლამდე, მერე ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მოკლედ, კარგად წამივიდა საქმე.
წარმოიდგინეთ, ჩემს პოზიციაზე მამუკა გორგოძე, ვიტო კოლელიშვილი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ. საკმაოდ სტრესულია, როცა სტადიონზე მათ გვერდით დგახარ, მაგრამ დიდი სიამოვნებაც არის და მეტი პასუხისმგებლობაც. თუ ჩემი დონის სპორტსმენებთან ერთად ვთამაშობ, შეიძლება იმდენი პასუხისმგებლობა არ ავიღო, მაგრამ როცა მამუკა გორგოძის გვერდით თამაშობ, შეცდომის უფლებას ვეღარ აძლევ საკუთარ თავს და ყველაფერი კარგად გამოგდის.
ჩვენ, ახალი ბიჭები, მაგათ დიდ ბიჭებს ვეძახით. ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ისეთი აურა მოდის მათგან, რომ საერთოდ გავიწყდება, ვარსკვლავები რომ არიან, ჩვეულებრივი ტიპები გგონია. მამუკა გორგოძე კი საერთოდაც სხვაა – მისი დამსახურებაა, რომ შეკრული გუნდი ვართ. ცხოვრებაში ძალიან სერიოზულია, მაგრამ ღადაობაც უყვარს. ეს თამაშის შემდეგ კარგად გამოსდის – ყველა თამაშის მერე ბანკეტი გვაქვს, სტუმარი გუნდის ჩამოსვლის დროს ხან კლუბში ვიკრიბებით, ხან – რესტორნებში, სახლებშიც ვსტუმრობთ ერთმანეთს.
მამუკა გორგოძე და გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com
თამაშის წინა გაცოცხლება
ჩემი დილა სეირნობით იწყება. რომც წვიმდეს, შესაბამისად ვიცვამ და სასეირნოდ გავდივარ, სულერთია სად ვარ. ეს არის სხეულის გაცოცხლება – ვუსმენ როგორ ცოცხლდება კუნთები, როგორ მოძრაობს სისხლი, როგორ იშლება ფილტვები, როგორ იწყებს თვალები გარემოს დაფიქსირებას. გასეირნების მერე არის ყავის დალევა, ტელევიზორზე თვალის შევლება.
სწორი კვება სპორტსმენისთვის პირველია, ცხრა საათზე უკვე დანაყრებული უნდა ვიყო. ცხიმიანი არ უნდა ჭამო, ხორცის მიღება შეიძლება ზომიერად, ქათამიც, უფრო ბოსტნეული, სტაფილო, სალათის ფურცლები და საკვები დანამატი – პროტეინები, კრეატინები, ენერგია ასე უნდა აღიდგინო. შეიძლება დაიძინო, მაგრამ არასათანადოდ აღგიდგეს ენერგია, მეორე-მესამე ჯერზეც თუ ასე ხარ, მორჩა.
როცა ვარჯიშის მერე სახლში ვრეკავ მშია-მეთქი, იციან, რომ ხაჭაპური არ უნდა დამახვედრონ, რადგან არ შევჭამ, რაც არ უნდა მშიოდეს. არც ცომეული უნდა დამახვედრონ…
ასევე კარგად უნდა გეძინოს. თამაში როცა მაქვს, მაქსიმუმ 11 საათზე ვიძინებ. დასვენების დროს ღამეებიც გამითენებია, თამაშის მერეც წავსულვარ ღამის კლუბში და დამილევია, მაგრამ თამაშის კვირა არის თამაშის კვირა.
ინგლისური ენა და ინგლისური კლუბები
მთელი ჩემი ცხოვრება, სკოლის ასაკიდან ვვარჯიშობ, მაგრამ ინგლისური ენის სწავლა ბევრად რთულია, ვიდრე ვარჯიში. ძალიან გამიჭირდა ამ ენის შესწავლა, არადა, მჭირდება.
შარშან ორჯერ ვიყავი სინჯებზე ინგლისში და პრემიერ შიფის ორმა საუკეთესო გუნდმა ენის გამო მითხრა უარი.
ახლა ენაში ვემზადები, მასწავლებელთან დავდივარ უნივერსიტეტში. იმედია, გამოვა. ყოველ დღე ველოდები – უნდა დამირეკონ და ინგლისურად უნდა დაველაპარაკო. თუ დაველაპარაკები, მომაწერინებენ კონტრაქტზე ხელს, თუ არა და, მაშინ ისევ აქ დავრჩები. საკითხი ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.
შემოთავაზებები მქონდა საფრანგეთიდანაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოვიდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობის 80 პროცენტი საფრანგეთის ელიტარულ გუნდებში თამაშობს, თან იქ ენის ცოდნას არ ითხოვენ, თვითონ აჰყავთ მასწავლებელი. ადვილი ენააო, იძახიან ბიჭები, ისინი, ვინც ახლა ჩავიდნენ, თითქმის ალაპარაკდნენ ფრანგულად.
ყველას ჰგონია, რომ რაგბი ისეთი სპორტია არც ენა გჭირდება, არც ჭკუა და არც არაფერი, მთავარია ჯანზე იყო, დაეტაკო და ვიღაცას რაღაც ატკინო. დატაკებაც საჭიროა, მაგრამ 115 კომბინაცია რომ გექნება 8 კაცს და როცა დაღლილზე გამოგიცხადებენ ეს უნდა გააკეთოო, თუ კარგად ვერ გაიგებ, საქმე გაფუჭდება. ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი.
ბათუმის ადგილი სპორტულ გეგმებში
მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედი, ეგრევე ბათუმში წამოვედი, არც ტელევიზიებში ვყოფილვარ და არც არსად. მეპატიჟებოდნენ, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემს კლუბთან უნდა ვყოფილიყავი. ჩამოვედი თუ არა, ვარჯიში გავაგრძელე, თამაშები მქონდა – ბოლოს გარდა ყველა თამაში მოვიგეთ.
თუ არ გამოვიდა არაფერი და საქართველოში დავრჩი, არსად გადასვლას არ ვაპირებ – ჩემს გუნდში ვრჩები, ბათუმში. ვიცი, ძალიან ძნელია ერთ დონეზე ვიყოთ მე და ჩემი კონკურენტები, რომლებიც საფრანგეთის ელიტარულ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სხვა გზა არ არის – მე უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო, რომ იმათ გავუთანაბრდე მაინც. მოკლედ, თუ აქ დავრჩი, ნაკრების ბიჭებს არ უნდა ჩამოვრჩე.
შარშან “ბათუმს” ექვსეულში შესვლის გეგმა ჰქონდა და მეოთხე ადგილზე გავედით. ახლა მეორე ადგილზე ვართ. ბოლო ფრე რომ არ გვეთამაშა “ჯიქებთან”, პირველ წრეს პირველ ადგილზე ვამთავრებდით, მაგრამ არაუშავს, კიდევ დაგვრჩა შვიდი თამაში, აქედან მინიმუმ ხუთს მოვიგებთ – პლეიოფში 100%-იანი შევდივართ და იქ რა იქნება, არ ვიცი. წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, თუ წამყვანი მოთამაშეები არ დაგვიშავდნენ.
გვეუბნებიან, რომ ახალი წლის მერე ხელოვნური სტადონი იქნება მზად და მერე ალბათ ბუნებრივსაც გააკეთებენ. შარშან ანგისის სტადიონზე ვვარჯიშობდით, მაგრამ იქ თამაში შეუძლებელია, ქვებია. გონიოში გაგვიკეთეს დროებითი სტადიონი გასახდელებით, საშხაპეებით, ვარჯიშითაც იქ ვვარჯიშობთ.
გიორგი თხილაიშვილი
დათქმები
ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ შტანგაზე არ ივარჯიშა, ძალა აღარ აქვს. ასეთი, თამაშის წინ დათქმები მეც მაქვს _ საერთოდ ვერ ვთამაშობ, თუ სხვა ბუცი მაცვია. დილით თუ რაღაც ისეთი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, რომ განრიგი დავარღვიე, მაგალითად, ჯერ საქმეზე გავედი, მერე შევჭამე, მერე კი თამაშზე წავედი, ვერც მაშინ ვთამაშობ.
ნაკრებშიც და ბათუმშიც გვყავს ფსიქოლოგი – ადამიანი, რომელიც მოდის და გეკითხება, როგორ გრძნობ თავს. თუ ეტყვი, რომ დაღლილი ხარ, მაშინ ცდილობს ჯანზე მოგიყვანოს… ყველაფერს თავისი წამალი აქვს, მაგრამ სახლში არავინ გაგაკონტროლებს, საკუთარ თავს თავად უნდა მიხედო.
თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი არ უნდა დაარტყა
ბავშვებს რა უხარიათ – ავტოგრაფები, სურათის გადაღება, ჩვენ ნაცვამ მაისურებს ვჩუქნით, ეს მოსწონთ. ზოგადად, გაჭირვებულ ბავშვებს, მიუსაფრებს ვეხმარებით, ხან კომპიუტერი მიგვაქვს, ხან ტელევიზორი. პრემია რომ დაგვერიცხება, ვთქვათ, 500 ევრო, 30 ევროს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში ვრიცხავთ.
მორაგბეები სოციალურ კამპანიებში აქტიურად ვერთვებით. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა. ვინც ვაჟკაცი არ არის, ჩვენთან უშვებენ და მერე საკადრის პასუხს ვცემთ… სიმართლე გითხრათ, ვერ ვხდები, რატომ უნდა დაარტყა ცოლს. მგონი, კაცების ეს კატეგორია ან ნარკოტიკს იღებს, ან სხვა რამე სჭირს…. ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებს.
გარდა ამისა, არსებობს ბევრი ყოფითი პრობლემაც – უმუშევრობა, გაჭირვება. არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალებზე ძალადობა შემცირდეს, ალბათ ხალხი უნდა დასაქმდეს. ყველა სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ქუჩაში ბევრი ბიჭი დგას. ისე მოხდა, რომ ვისთან ერთადაც ვვარჯიშობდი, პერსპექტიული ბიჭები, ახლა ქუჩაში დგანან, მე კი ვთამაშობ. ამაზე ძალიან მწყდება გული.
ჩვენი აქტიურობა, ალბათ, ვიღაცისთვის რაღაცას შეცვლის. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება ზრდასრულმა ადამიანებმა მოგვისმინონ და ცხოვრების წესი შეცვალონ, მაგრამ ეს ბავშვებზე გავლენას ალბათ იქონიებს.
როგორია ცხოვრება რაგბის მიღმა
მე, პირადად, თავისუფალ დროს სახლში ყოფნა მიყვარს, ან ფილმს ჩავრთავ, ან მეგობრებს დავპატიჟებ. თუ ვინმეს დაბადების დღე არ არის, სახლიდან ნაკლებად გავდივარ. დასვენების დღეებშიც უარს ვამბობ სახლიდან გასვლაზე – დროს მაქსიმალურად დასასვენებლად ვიყენებ.
თამაშის მერე შეიძლება დალევა, ღამის კლუბებში გართობა. შეყვარებულთან ერთად ვერთობი. კლუბებს კიდევ ის ახასიათებს, რომ შეიძლება ვიღაცას თვალში არ მოუხვიდე. ჩხუბი არ მიყვარს და მაქსიმალურად ვარიდებ თავს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. თუმცა, ბოლომდე არ მივსდევ არავის, ერთი-ორი დარტყმაც საკმარისია.
ემოციური არ ვარ, მაგრამ საქმე ერთი-ორჯერ ქუჩაშიც გამირჩევია – როცა მანქანის არასწორი მართვის გამო დამისიგნალებია და პასუხად გინება მიმიღია. ვერ ვეგუები თავზე გადახტომას.
კავშირი ბავშვობისდროინდელ სამყაროსთან
კავშირი არ გაწყდა, მაგრამ ძირითადად საქმეზე ვარ ორიენტირებული, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, წელიწადში შვიდი თვე ნაკრებში მიწევს ყოფნა.
ისე მოხდა, რომ იმათ სულ სხვა აზრები აქვთ ცხოვრებასთან დაკავშირებით და მე – სხვა აზრები. მაგალითად, უკვირთ, როგორ თუ ვერ დავლევ, მერე რა, რომ ვარჯიში მაქვს. მე პროფესიონალი ვარ და უნდა ვიმუშავო, ის კი, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, რომ საწოლიდან არ ადგეს და იძინოს. მაგრამ თუ ვარჯიში არ მაქვს და სოფელში ვარ, ზოგჯერ ვსვამთ ხოლმე ან ჯოკერს ვთამაშობთ.
ოთხი წელია თბილისში გადავედი საცხოვრებლად. სახლი ვიყიდე, ძირითადად, იქ მიწევს ყოფნა. იქაური მეზობლები მხედავდნენ ყოველ დილით შორტებითა და ჩანთით, იცოდნენ სპორტსმენი რომ ვიყავი, მაგრამ არ იცოდნენ ნაკრებში თუ ვთამაშობდი. მსოფლიოდან რომ ჩამოვედი, ვაიმე, ეს რა მეზობელი გვყოლიაო. ეზოში ყურძენი დამიკრიფეს და მომიტანეს. ძალიან კეთილი ხალხია.
საახალწლო გეგმები
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად, მაგრამ არ ვიცი წელს ამას რამდენად მოვახერხებ. ჩემს საყვარელ გოგოსთან ერთად სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას.
ჯერ არ ვიცი ქორწილი როდის გვექნება – 5 დეკემბრამდე არ მცალია, თამაშები მაქვს, კვირაში ორი დღე თბილისში უნდა ვიყო, ვარჯიშებზე. ალბათ ჩემი მეჯვარეები რომ ჩამოვლენ აპრილში, უფრო მაშინ მექნება ქორწილი. ჩემი მეჯვარე, ჩემი შვილის ნათლია, ლევან ჩილაჩავა იქნება. ის საფრანგეთში თამაშობს, ტულონში. 17 წლის ასაკიდან ვიცნობ, მაგრამ რაც გავიცანი, სულ ჩემ გვერდით იყო, გაჭირვებაში ხელს მიწვდიდა. ლხინშიც, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით.
კიდევ ერთი მეჯვარე და ჩემი შვილის ნათლია ბექა ბიწაძე იქნება. ეგეც საფრანგეთში თამაშობს. ორივე ძალიან მიყვარს.
ძალები პოზიციების მიხედვით
პირველ ხაზში ვინც დგას, ის ჯანზე უნდა იყოს და მაღალი ტექნიკაც უნდა ჰქონდეს.
მეორე ხაზზე სიმაღლეც მნიშვნელოვანია, წესით 2 მეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყო, მაგრად რომ მიაწვე და თან აუტშიც რომ აგწიონ. ჩვენ გვყავს 2.2-იანი კოტე მიქაუტაძე.
მესამე ხაზზე ანუ ჩემს პოზიციაზე მაღალი და ჯანიანი ბიჭებია საჭირო.
9 ნომერი შეიძლება პატარა იყოს და მოძრავი. 10 ნომერი გონიერიც უნდა იყოს, ის ალაგებს მთელ ნაკრებს. დაცვაში კი ჩემხელა ბიჭები არ შეიძლება, რადგან ბევრი უნდა იმოძრავონ.
შებოჭვა უფრო მეტად 6, 7 და 8 ნომერს უწევს.
ყველაზე მძიმე მაინც პირველი ხაზი და მესამე ნომერია.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში აჭარის რეგიონიდან ქობულეთის ორი, ხელვაჩაურის ერთი სოფელი და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლებაა შეტანილი. ნუსხაში სულ, ქვეყნის მასშტაბით, 1500-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხასაქართველოს მთავრობამ 2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასშეღავათებიუნდა დაუწესდეს, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გადასახადებისგან გათავისუფლდება.
პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს.
ნაზარდი ჯამიდან 1 539 000 ლარი დაემატა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, 172 000 ლარით გაიზარდა სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. 198 000 ლარით გაიზარდა დასაქმების სააგენტოს, 231 000 ლარით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებები.
ცალკე პროგრამად გამოიყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს), სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას.
ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-დეკემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);
ბ) ტრანზიტი – 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);
გ) სხვა – 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).
2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
საზღვრის კვეთის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ160 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეთერ თურაძე, გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორიგადავწყვიტე გაზეთ “ბათუმელების” წლის ბოლო ნომერში, მთავარ გვერდზე გაზეთისა და მკითხველის ურთიერთობაზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეს ურთიერთობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია – ჰგავს გზას სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. ამ გზებზე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვაქვს – ეს გაზეთი არსებობს მხოლოდ თავისი მკითხველით და მხოლოდ თავისი მკითხველისთვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ “ბათუმელების” ბეჭდური ვერსია 2016 წელსაც აუცილებლად გამოვა.
დღეს, 21-ე საუკუნეში, გაზეთის ბეჭდური ვერსიის შენარჩუნება სულაც არ არის მარტივი საქმე – საქართველოში უკვე არაერთი გაზეთი დაიხურა იმის გამო, რომ მასში მკითხველს ფულის გადახდა აღარ მოუნდა. “ბათუმელები” არ დგას ასეთი გამოწვევის წინაშე – და ეს იმიტომ, რომ ჰყავს მკითხველი, მათ შორის ბევრ მათგანს დიდი ხნის წინ მივანიჭეთ სტატუსი – “ერთგული მკითხველი”.
“ბათუმელების” მკითხველი მრავალფეროვანია: ზოგიერთი პროევროპელია, ზოგიერთი – პრორუსი, ვინ – სტუდენტია, ვინ – პენსიონერი, ვინ – სოციალურად დაუცველი, ვინ – ხელისუფლებას წარმოადგენს. ცხადია, “ბათუმელები” ყველაზე დიდ მხარდაჭერას მაინც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გრძნობს.
ჩემი აზრით, გაზეთი კარგად ასრულებს “მოდარაჯე ძაღლის” ფუნქციას – აკონტროლებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, მისთვის უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებებია.
სწორედ ამის გამო ზოგიერთი მკითხველი ბრაზობს ხოლმე გაზეთ “ბათუმელებზე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მის ხელმოწერაზე, ზოგჯერ წაკითხვაზეც კი უარს აცხადებს. ასეთი არაერთი ისტორიის გახსენება შეიძლება.
მაგრამ ახლა არც ერთის გახსენებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ერთს ვიტყვი – ჩვენ შევეჩვიეთ ამას. მეტიც, ჩვენ ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა: არც თუ იშვიათად, სწორედ მას, ვისაც ოდესღაც ყველაზე მეტად გაუკრიტიკებია გაზეთი “ბათუმელები” თავისი შინაარსის გამო, დადგომია ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, როდესაც თავად დასჭირვებია “ბათუმელების” მხარდაჭერა და მიუღია კიდეც ეს მხარდაჭერა.
ამ გამოცემის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ეს არის – აქ არ იმახსოვრებენ ვინ და როდის აკრიტიკებდა მას, ამ გამოცემაში ისმის ნებისმიერი ადამიანის ხმა, “ბათუმელებისთვის” არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება, ვინ აიგივებს საკუთარ თავს დომინანტურ რელიგიასთან და ვინ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენს, ვის რა სექსუალური ორიენტაცია აქვს, ვინ რომელი ფობიით არის შეპყრობილი – აქ ყველას უსმენენ… ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ერთ ოქროს წესს – უარს მხოლოდ სიძულვილის ლექსიკის შემცველი ტექსტების გამოქვეყნებაზე ვამბობთ. ამას საქართველოს კონსტიტუციაც კრძალავს.
ფაქტია, წელს, “ბათუმელების” მხარდაჭერით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. ვფიქრობ, ჩვენ ასევე მოვახერხეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უფრო კრიტიკულად შეეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის და შეეცვალათ ის საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით საკუთარ თავში გვეპოვა იმის ძალა, რომ საზოგადოებამდე მიგვეტანა სრულიად დახურული თემები, ისეთები, რომლებიც სხვა ჟურნალისტებმა ან ვერ შენიშნეს, ან ვერ მოახერხეს მისი მიუკერძოებლად გაშუქება. ჩვენ არამხოლოდ ეს მოვახერხეთ, არამედ შევძელით ისიც, რომ ნაციონალური მაუწყებლების მთავარი თოქ-შოუების განხილვის საგნად გვექცია ეს თემები. მინდა იცოდეთ – ეს სერიოზული ადრენალინია “ბათუმელების” თითოეული თანამშრომლისთვის.
და ჩვენ გაგვიმართლა კიდეც – 2015 წელს ჩვენი მუშაობა საერთაშორისო დონეზე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული: “ბათუმელების” ელექტრონული გამოცემა netgazeti.ge წელს დაჯილდოვდა ევროპის პრესის პრიზით.
მაგრამ წლის მიწურულს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამბად მაინც სხვა თემა იქცა – ახლახან ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებას საქართველო იმსახურებს. მე მთელი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს ექსპერტთა მოსაზრებებს ამ მიმართულებით, თითქმის ყველა ნომერში ვაქვეყნებდით სტატიებს “ასოცირების ხელშეკრულების” შესრულებასა და იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ამ მხრივ მოვლენები საქართველოს გარშემო. ვშიშობდი, რომ, ამ მოვლენას კიდევ ერთი წლით გადაავადებდნენ. ახლა კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია _ დამდგარი შედეგით მე და მთელი ჩვენი გუნდი უსაზღვროდ გახარებულები და ბედნიერები ვართ… ვფიქრობ, ამ საქმეში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი “ბათუმელებზეც” მოდის.
ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდეს განვითარებული მსოფლიოს ნაწილი. გპირდებით, მომავალში მთელი ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ იქნება მიმართული. ცხადია, ამას თქვენ გარეშე ვერ მოვახერხებთ.
დეტალებს, თუ რა ფორმატში შეიძლება ჩვენი ურთიერთობის, თანამშრომლობის გაგრძელება, ახალი წლიდან მოგაწვდით.
ახლა კი ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!
სარედაქციო სვეტი გამოქვეყნდა 2015 წლის გაზეთ “ბათუმელები” წლის ბოლო ნომერში.
“ბათუმის წყალის” ინფორმაციით, გუშინ ღამით გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც ამ წუთებში გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
“ბათუმის წყალის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხდვით, გუშინ ღამით მონიტორინგის სამსახურის მიერ მიზეზების შემსწავლელი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეოდა. ამ წუთებში ადგილზე სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებიან.
ცხელი ხაზის ნომერზე ((0422) 24 22 22), რომელიც მათ ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, დაკავშირება არ ხერხდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ და შეისწავლონ აფხაზური ენა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზური ენის სასწავლო კურსის სილაბუსებზე, გათვალისწინებულია ელემენტარული კურსის შესწავლა, რასაც დაეთმობა 4 სემესტრი. პროცესში აქტიურადაა ჩართული ბათუმის მკვიდრი, ეროვნებით აფხაზი ადა ქუთელია, რომელსაც აფხაზური ენის სწავლების კარგი გამოცდილება აქვს.
როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუკლტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე აღნიშნავს, ეს ინიციატივა დაგვიანებულიც კია, რადგან აფხაზური მეორე ენაა, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს.
აჭარაში ბევრი აფხაზი ცხოვრობს, რომელთა ინტერესებშიც შედის მშობლიური ენის შესწავლა.
სამომავლოდ უნივერსიტეტში აფხაზური ენის კაბინეტიც გაიხსნება.
ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლმა დააზიანა ბათუმის ბულვარი, დაზიანებულია მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ხვალ, 12 საათზე ბულვარში, სასტუმრო “ინტურისტთან” და ბათუმის მერიასთან მოხალისეები შეიკრიბებიან და ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას.
ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. წინა წელსაც სწვდება და შემდეგსაც. მხოლოდ მომდევნო თოვა თუ დაჯაბნის წინა კალენდარს და ახალს დაუდებს სათავეს.
არადა, თითქოს არ უნდა იყოს თოვლი ასეთი იშვიათი იმ ქალაქში, სადაც წვიმა თავზე სასხმელად გვაქვს. ერთი მასალიდან არ მზადდება?! ატმოსფერული ნალექი არ არის ორივე, ანდა ერთმანეთის აგრეგატული სახეცვლილება?!
თოვლი და ახალი წელი ერთდროულად კიდევ უფრო იშვიათი რამაა. მიიტანს ხოლმე ხანდახან თავს ახალ წლამდე, უგემურად, ზრდილობისთვის.
მაგრამ მაინც გამოერევა შიგადაშიგ და რამე კაი ამბავსაც მოიყოლიებს.
მე მოგიყვებით ჭეშმარიტ თოვლზე, ახალ წელზე და სხვაზე.
1911 წლის ზამთარი ბათუმში. მიხეილ გლაუდანის ფოტო
ასი წლის წინანდელი ამბებია. ზუსტად ასის არა, ვიცით ასე თქმა, სიძველეს რომ გავუსვათ ხაზი, თორემ ოთხმოცდათერთმეტი წლის წინ ხდება ერთი მოქმედება და ასზე მეტის რომც ყოფილიყო, მაინც ასს ვიტყოდით, როგორც მეორე ამბავში, რომელიც ასო თხი წლისაა.
ოციანი წლების დასაწყისი. ომები და გასაბჭოებები ჯერ არ აქვს მოხდილი ბათუმს. ყველა გარბის, ან განზრახული აქვს გაქცევა. გარბიან უკანმოუხედავად, ზღვითა და ხმელეთით. ბევრიც ორჭოფობს და ხელმოსაჭიდ ნიშნებს ეძებს ახალ დროებაში.
მიდიხარ თუ რჩებიო? – ასე ესალმებიან ბათუმში ერთმანეთს.
დაწანწალებს ბათუმის ბაზარში მიშა ბულგაკოვი და “კერასინკის” გაყიდვას ცდილობს – ორი შაური რომ იშოვოს აქედან თავის დასაღწევად.
სწორედ ბათუმის ბაზარში შეჰყრის ერთმანეთს ბედისწერა ბულგაკოვსა და მარგარიტას, – რუსი მაღალჩინოსნის ცოლს, რომლის გარეგნობა ჯერ დაამუნჯებს და მერე საჯაროდ აამეტყველებს “ოსტატი და მარგარიტას” ფურცლებზე.
ყველაფერი უცნაურობა ბათუმს რომ უნდა დაემართოს, – ყოველივე ამის მიუხედავად ჩქეფს კულტურული ცხოვრება. “კულტურული ცხოვრების ჩქეფა” ჯერ ახალი ტერმინია და თანდათან აქტიურად დამკვიდრდება საბჭოთა პრესაში.
გასტროლებზე თუკი ვინმე გადიოდა უცხოეთში და პირიქით, ბათუმზე გავლით როცა მოდიოდა საბჭოთა კავშირში, უცხოური დასი თუ უცხოელი ვარსკვლავი, “რკინის თეატრში” ერთ კონცერტს აუცილებლად მართავდა.
ასე აღმოჩნდა “რკინის თეატრში” მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დუნკანი.
“დუნკანის ქალი ხორეოგრაფიული მიმართულების აპოლოგეტია, მისი პრინციპია დაუბრუნოს თანამედროვე ცხოვრებას დაკარგული სილამაზე და პლასტიურობა, ძველი ელადის პლასტიკისა და თავისუფალი მოძრაობის რესტავრაციით” – ამას მაშინდელი ბათუმური პრესა წერს 1923 წელს.
ცეკვის გარდა არ ვიცით სხვა რა ქნა ან რა ნახა სექტემბრის ბათუმში აისედორამ, მაგრამ სასწრაფოდ მისწერა წერილი ქმარს, რომ თუკი ოდესმე ისევ გადაწყვეტ თავის მოკვლას და სხვა გზას ვერ იპოვი, აუცილებლად წადი ბათუმშიო. ცხადია, აისედორა გადარჩენას გულისხმობდა და არა თვითმკვლელობისთვის ყველაზე შესაფერის გარემოს. ქმარს სერგეი ესენინი ერქვა და იქამდე რამდენჯერმე ჰქონდა მსგავსი მცდელობა. თუმცა ამ დროისთვის წყვილს ურთიერთობის რთული პერიოდი ედგა, მიმოწერას მაინც ინარჩუნებდა.
ამ წერილიდან ერთი წლის მერე ჩამოვიდა ესენინი ბათუმში, 1924 წლის დეკემბერში.
დაბინავდა სასტუმრო “ინტერნაციონალში”, ტროცკის ქუჩაზე. სასტუმროს მანამდე “ნოე” ერქვა, უფრო ადრე კი “იმპერიალი”. “ინტურისტი” ჯერ აშენებული არ არის, ასე რომ, ესენინი პირველი კლასის სასტუმროში ჩამოხტა. სტატუსის მიუხედავად, სასტუმროში გათბობა არ იყო და ესენინი გაცივდა. ძალიან ციოდა იმ დეკემბერს ბათუმში.
ზამთარი ძველ ბათუმში
ბათუმი მაშინ უფრო პატარა ქალაქი იყო და მალევე მიაღწია ლევ პოვიცკის ყურამდე ესენინის ავადმყოფობის ამბავმა. მითუმეტეს, რომ პოვიცკი “ბატუმსკიი რაბოჩიის” კორესპონდენტად მუშაობდა და ახალი ამბების მოპოვება მისი პირდაპირი მოვალეობაც იყო. იპოვა სასტუმროს ცივ ნომერში ავადმყოფი და უპატრონო პოეტი პოვიცკიმ და სახლში წაიყვანა. ცხოვრობდა ენგელსის ქუჩაზე, ქალაქის ბაღის წინ. ესენინს კი პეტერბურგიდან იცნობდა.
ზრუნვამ შედეგი მალე გამოიღო და ესენინი განიკურნა. ფეხზე წამოდგა თუ არა, მაშინვე მოედო მთელ ქალაქს და ყველა გაიცნო ერთ დღეში, განსაკუთრებით მედუქნეები და მაწანწალა ძაღლები.
პოვიცკიმ რომ დუქნებს ვერ ჩამოაშორა, მისი ჩაკეტვა დაიწყო სახლში. თხუთმეტ საათსა და ნულ-ნულ წუთამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ესენინი და იმდენი წერა, რომ ის ბათუმური სამი თვე ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მის შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც.
ანა ჩაჩუას სთხოვა პოვიცკიმ ესენინის მეურვეობა. მარტო ზედამხედველობას არ საჭიროებდა, პოეტს სხვანაირი ყურადღება სჭირდებოდა, ანა კი ინტელიგენტების ოჯახიდან იყო და ესენინის ლექსებსაც კარგად იცნობდა.
ერთი სული ჰქონდა სტუმრის გაცნობამდე. ერთ დილითაც მივიდა ანა პოვიცკის სახლში. ესენინი სამზარეულოში იჯდა მაგიდასთან, ჩაის ხვრეპდა და ანაზე მაინცადამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
კვირაში ერთხელ ხუთშაბათობა იმართებოდა ჩაჩუებთან. იკრიბებოდა ბათუმური არისტოკრატია, უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ლექსს კითხულობდნენ. ესენინი სასურველი სტუმარი იყო ამ საღამოების, თუმცა ანამ არაფხიზელ მდგომარეობაში ვიზიტი აუკრძალა. ერთ ასეთ საღამოს ზარი დაირეკა ჩაჩუების კარზე. ზღურბლზე ესენინი იდგა ბოთლებით ხელში და მსუბუქად ირწეოდა. ანამ ხელკავი გამოსდო თავაზიანად, როგორც საცეკვაოდ იწვევდა ხოლმე, კიბესთან მიიყვანა და ხელი ჰკრა.
რა ქენი ესო, ეცა დას ოლღა ჩაჩუა, ეს ხომ ესენინიაო!
მართალიაო, უპასუხა ანამ მშვიდად, ესენინია, ოღონდ მთვრალი ესენინიო.
არც ლექსები ხიბლავდა დიდად ანას. კი, კარგად წერს, ვერ უარვყოფო, მაგრამ აი, ჩემი განსვენებული მეუღლის ლექსებს მაინც ვერ შეედრება, ცათა სასუფეველი დაემკვიდროსო. ანა ჩაჩუა რუსულად საუბრობდა და შერჩეს უნდა თარგმანს ორიგინალის ენა.
პოვიცკის სახლთან სომხური სკოლა იყო. ამ სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურას შაგანე, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი. ცხოვრობდა იქვე ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე, ესენინის სახლიდან ორ კვარტალში. შაგანესა და ესენინის ქუჩები ერთმანეთს კვეთდა, აღმოჩნდა, რომ მათი გზებიც.
სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა პირველად დაინახეს ერთმანეთი და ამის მერე დაიწყო მათი ყოველდღიური შეხვედრები. ესენინი სახლში სტუმრობდა, ორიოდე პატარა ოთახში. ქუჩაში მატარებლები დახრიგინებდნენ, გადაღმა დიდი ეკლესიის ზარი რეკდა. მიჰქონდა ენძელები მუდმივად, იმ შუა ზამთარში, გამონაკლისის გარეშე და ახალ ლექსებს უკითხავდა. უკან კი რომელიმე წიგნს წამოიძღვანიებდა შაგანეს ბიბლიოთეკიდან. მეორე დღეს ძველ წიგნს აბრუნებდა, ახალ ლექსს უკითხავდა და ახალი წიგნი მიჰქონდა.
მეპყრობოდა, როგორც პატარა ბავშვს და მეც ძალიან ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა არ დამეკარგაო, მოჰყვება შაგანე წლების მერე.
საახალწლო შეხვედრა გაუმართა ბათუმმა პოეტს მწერალთა კავშირში, III ინტერნაციონალის ქუჩაზე, დღევანდელ თოჯინების თეატრში. ეს ამბავი და ესენინის მაშინდელი ჭორები ას წელს გადაცილებულმა მერი გიგინეიშვილმა მომიყვა, რომელიც თავად ესწრებოდა ამ საღამოს და ჯერაც მხნედ გრძნობს თავს.
ძაღლი შემოსულა სცენაზე მოულოდნელად, მიმოუხედავს, უკეთესი ადგილი ვერ უპოვია და პატრონის ფეხზე მიუშარდავს. ლექსების კითხვაში გართულ ესენინს არც გაუგია რა მოხდა.
მე თუ მკითხავთ, ეს ქანდაკება უნდა იდგეს სადღაც იქვე, შორიახლოს. თმაგაჩეჩილი და ცაში მომზირალი ესენინი და მის ფერხთით მშარდავი არც თუ მთლად წმინდა სისხლის ძაღლი.
28 დეკემბერს არნახული თოვლი მოვიდა ბათუმში. ეს ის თოვაა, “რკინის თეატრი” რომ დაანგრია, სადაც აისედორა დუნკანმა იცეკვა და საიდანაც დაიწყო ეს ამბავი.
გათოვდა და დათბა კიდეც.
დილით ციგით მიაკითხა ესენინმა შაგანეს. ციგაზე დასვა და სასეირნოდ წაიყვანა. ძალიან მხიარული იყო, ვეღარ ცნობდა შაგანე. თოვლში ჩრდილოეთმა გაიღვიძა ეტყობა და თავად იქცა მასპინძლად. თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ. მერე უცებ დაიღალა და გაჩერდა.
ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს. ხმას არ იღებდა. სუნთქავდა მძიმედ და დიდხანს.
მერე შაგანე გახდა ავად და ესენინი უვლიდა. მკურნალობდა ლექსებით და მანდარინის მურაბიანი ჩაით.
იქვე შეხვდნენ ერთხელაც ერთმანეთს, ქუჩების კვეთაში. გეძებდიო, უთხრა ესენინმა. არ მიყვარს ასეთი ამინდი, მაგრამ წავიდეთ ბულვარშიო. მოღრუბლული იყო და ზღვაზე შტორმი იწყებოდა. შაგანეც გაჰყვა. გულისჯიბიდან ამოიღო მრავალჯერ გაკეცილი მათემატიკის რვეულის ორი ფურცელი და წაუკითხა ახალი ლექსი, “შაგანეო, ჩემო შაგანე”. წაუკითხა და იქვე აჩუქა უკვე ხელმოწერილი ფურცლები.
შაგანემ ლექსი გამოართვა, ძველ ნაკეცებზე გაკეცა და “ჩრდილოელ ქალიშვილზე” დაიწყო ფიქრი, რომელიც ყველა ნიშნის მიხედვით გალინა ბენისლავსკაია იყო, ვისაც უყვარდა ესენინი და ესენინიც მუდმივად სწერდა ბათუმიდან. რაღაცით ჰგვანან კიდეც გალინა და შაგანე ერთმანეთს.
იქნებ მხოლოდ ეს იყო და არც არაფერი ყოფილა სხვა, უფრო რთული. არაა ადვილი პოეტის სიყვარული, სხვისი კი არა, საკუთარი სიცოცხლე რომ არაფრად უღირს. ამბობდა მერე ანა ჩაჩუა, “შაგანე” ქალის ზოგადი სახელია, კრებითიო. მოეწონა ეს სახელი ესენინს და იმიტომაც დაარქვა ლექსსო, თორემ შაგანე არ იყო ის ქალი, ვისაც ესენინი ლექსს მიუძღვნიდაო. ისე კი `ანა სნეგინა~ მე მომიძღვნაო, დააყოლა იქვე.
სახლში მიაკითხა ერთხელ ესენინმა შაგანეს. გეძებდი ქუჩაშიო და მერე ვიფიქრე, რომ სახლში იქნებოდიო. ფოტო მიუტანა საჩუქრად, ესენინი ბათუმის ბულვარში მეგობრების წრეში. ლევ პოვიცკიც არის ფოტოზე, კუთხეში გაზეთი გდია, ალბათ “ბატუმსკიი რაბოჩიი”, ეტყობა ხელი გაითავისუფლა პოვიცკიმ ფოტოსთვის და ფოტოც გაზეთის ფოტოკორმა გადაიღო.
მივდივარო.
შენი ფოტო მინდაო, წიგნს რომ გამოვცემ, უნდა დავურთოო.
შაგანემ იუარა, უსურათოდ აჯობებს, ნუ დააუშნოვებ ლექსს ჩემითო. მაშინ ესენინმა თავად მოძებნა ალბომში გიმნაზიელისკაბიანი შაგანე და წავიდა.
წავიდა და წავიდა. აღარც წერილი მოუწერია. თუმცა მალევე მოიკლა თავი.
თვითმკვლელობა – ოფიციალური ვერსიით, თორემ ფაქტი სხვას მეტყველებს.
მალევე ისეთი მწყობრი თანმიმდევრობით დაიღუპა ამ ისტორიის ყველა მონაწილე, რომ ტყუილს დაემსგავსება, ცოტა თუ არ მოვიტყუეთ.
დანგრეულია ყველა სახლი თუ შენობა “ინტერნაციონალის” გარდა, რომელთანაც კი რაიმე კავშირი ჰქონიათ ისტორიის მონაწილეებს.
მხოლოდ შაგანდუხტ ტალიანი გარდაიცვალა თავისი სიკვდილით 1976 წელს 76 წლის ასაკში და მგონი, ლევ პოვიცკიც _ ისიც დახვრეტას თუ გადაურჩა, რომელიც რატომღაც მილიციის თუ რომელიღაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო 30-იან წლების ბათუმში.
მეორე ამბავი, წესით, პირველია, ქრონოლოგიურად, მაგრამ აქედან რომ ვუყურებთ, ასეთი თანმიმდევრობით ჩანს.
დიდთოვლობა ბათუმში
1911 წლის იანვრის თოვა ცალკე დგას და ზემოდან უყურებს ყველა სხვა თოვას.
პატარ-პატარა გათოვებებიც აღიარებენ 1911 წლის ძლევამოსილებას.
სახურავები დაფარა თოვლმაო. ექვს მეტრს წერს ბევრი, ზოგიერთი – უფრო მეტსაც. თოვლი ცოტა რომ დადნა, მხოლოდ ამის მერე გამოვიდა ხალხი გარეთ, გვირაბებითა და სახურავებით დაიწყეს ქუჩაში სიარულიო.
გერმანელი ფოტოგრაფი ცხოვრობდა მაშინ ბათუმში, მარიას ქუჩის 43 ნომერში. იქვე ჰქონდა მდიდრული ატელიე, შავი მარმარილოს ქანდაკებებითა და შუშის ჭერით. მხოლოდ რამდენიმე ფოტოგრაფს ჰქონდა მაშინ ატელიე ქალაქში და რამდენიმე კიდევ ატელიეს გარეშე იღებდა ღია ცის ქვეშ, მაგრამ გლაუდანი ყველასგან გამოირჩეოდა და ამაში დღესაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ.
ამხელა თოვლის შემხედვარე მგონი პირველად გავიდა გარეთ გლაუდანი და ქალაქის გადაღება დაიწყო. ამ ფოტოების წყალობით გახდა ეს ამბავი ასეთი ხელშესახები და გადაურჩა იმას, რომ მხოლოდ ლეგენდად დარჩენილიყო.
ძველი ბათუმი
ახალგაზრდა მასწავლებელი გალაკტიონ ტაბიძე აღმოჩნდა ბათუმში ამ დროს. 21 წლის გალაკტიონს რამდენიმე ლექსი უკვე აქვს დაბეჭდილი და იმედისმომცემ პოეტად მიიჩნევა, თუმცა დიდებამდე ჯერ შორია. გლაუდანის არ იყოს, იმასაც არ გაუძლო გულმა და ლექსი მიუძღვნა ნახულს. უბის წიგნაკში ერთი სათაური ისე გულდაგულ აქვს წაშლილი სამსტროფიანი ლექსის, რომ არც იკითხება. საბოლოოდ ასე დაარქვა – “არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელს”.
“ბათუმში თოვლი ისეთი არის,
რომ არ ხერხდება გაღება კარის,”
და ასე შემდეგ.
მერე რევოლუციებითა და ქარიშხლებით გრძელდება და ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის.
გლაუდანების დამღა სტუდიურ ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება. გვარი რჩება, ინიციალები იცვლება დროთა განმავლობაში. პერსონაჟები იცვლებიან გლეხიდან კოლეჟსკი ასესორამდე, გიმნაზიელიდან – კომკავშირლამდე, თავადიდან – სტატსკი სოვეტნიკამდე და რევკომის ამხანაგამდე. გვარსაც და ინიციალებსაც 1937 წელმა დაუსვა წერტილი.
მიხეილ გლაუდანის ფოტოებით ღია ბარათების სერია გამოუშვეს მაშინვე. სერიას ასე ჰქვია: “1911 წლის იანვრის არაჩვეულებრივი ზამთრის მოსაგონებლად”.
მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.
“ტელეარხმა 25”-მა 2015 წლის 31 დეკემბერს საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, თანამშრომლების დათხოვნა 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
“მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ დირექციისგან მოითხოვა თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მაია მერკვილაძემ გამიზნულად გააჩერა და ეთერში არ გაუშვა საინფორმაციო გამოშვება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მაია მერკილაძის მიერ საინფორმაციოს გაჩერების, ან თანამშრომელთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა. მასთან დაპირისპირების გამო, არაერთმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური.
ყოველივე ამის გამო, და იმისათვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის განმუხტვა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორივე თანამშრომელი, გარკვეული დროით, გაეშვა ანაზღაურებად შვებულებაში.
შვებულებაში გაშვება, მაია მერკვილაძემ მიიღო შეურცყოფად და მან, ტელეკომპანიის სამ თანამშრომელთან ერთად, დაიწყეს ტელევიზიის დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან აგრესიული დაპირისპირება, რის გამოც შეექმნათ კონფლიქტი არამარტო ხელმძღვანელებთან, არამედ ტელეკომპანიის დანარჩენ 35 თანამშრომელთანაც და ტელევიზიაში დაიწყო უმართავი პროცესი, რამაც გამოიწვია სხვადასხვა გადაცემების შეჩერება. ამ პროცესებმა, უარყოფითად იმოქმედა ტელევიზიის რეიტინგზე და საერთოდ, კომპანიის მუშაობაზე.
აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაანთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და მოახდინოს სამსახურების ხელახალი დაკომლექტება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება” – აღნიშნულია განცხადებაში.
მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მოუწოდა არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.
კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ოფიციალურად გახსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.
„გოდერძიზე“ მოქმედებს ორი საბაგირო ხაზი, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
კურორტზე სულ 6 კოტეჯი ფუნქციონირებს, თითო კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯებში არის 4 და 2 ადგილიანი ნომრები.
საბაგირო გზა
”გოდერძის” გონდოლა
აჭარის ტურიზმისა და დეპარტამენტის ორგანიზებით „ტურისტული პროდუქტებისა და მართვის სააგენტომ“, შეიმუშავა კურორტ „გოდერძის“ ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენა მსურველებს ნებისმიერ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეუძლიათ.
პაკეტების ღირებულება, განთავსების ობიექტების მიხედვით განსხვავებულია.
პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხვევაში:
3 დღიანი სრული პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 155 ლარი ღირს, 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი – 145 ლარი. ფასში შედის – ტრანსპორტირება, ბათუმიდან გოდერძამდე და უკან – გოდერძიდან ბათუმამდე, ღამისთევა კოტეჯში, თხილამურები და საბაგირო მთელი დღით და სამჯერადი კვება.
3 დღიანი მხოლოდ ღამისთევისა და კვების პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 90 ლარი. ფასში შედის – ღამისთევა კოტეჯებში და სამჯერადი კვება.
”გოდერძის” ადმინისტრაციული შენობაკოტეჯები კურორტ ”გოდერძიზე”კოტეჯის ინტერიერის დეტალიკურორტზე ხელმისაწვდომია ინტერნეტი
„ამჟამად კურორტს შეუძლია 130 კაცამდე მიიღოს, მაგრამ უახლოეს სოფელში, გესთჰაუსებში არის საშუალება კიდევ 100 კაცის განთავსებისა“ – ამბობს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, გოდერძის მთის უფროსის მოადგილე ვაჟა დიასამიძე.
გესთჰაუსები, საოჯახო სასტუმრო სახლები, სოფელ დანისპარაულშია, რომელიც გოდერძიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
საოჯახო ტიპის სახლების ფასია:
2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში (1 დღე ერთი ადამიანი) 110 ლარი, ფასში შედის ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და პირიქით; ღამისთევა, თხილამურები და საბაგირო მთელი დღე, სამჯერადი კვება. 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 40 ლარი, რომელშიც შედის მხოლოდ ღამისთევა და კვება.
საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულშისაოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში
კოტეჯებთან ახლოს არის ორი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე დამატებით ნომრებია განთავსებული, საერთო ჯამში კურორტზე 130 კაცზეა გათვლილი. კურორტიდან, 4 კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.
კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის სადგურიდან ხულოს ცენტრამდე ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი, ხულოს ცენტრიდან გოდერძამდე კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი, მაღალი გამავლობის, ორ ხიდიანი, რვა ადგილიანი მიცუბიშის „დელიკა“, რომელიც ყოველდღე, ხულოს საინფორმაციო ცენტრიდან 11:30 საათზე გადის და 17:00 საათზე ბრუნდება.
ხულოს საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
საინფორმაციო ცენტრის ნომერია: +995 577 15 04 26
ხულოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიხედი სოფელ დანისპარაულიდანMitshubishi Delica ხულო-გოდერძის გზაზე
„გოდერძის“ უპირატესობა
ვაჟა დიასამიძე
ვაჟა დიასამიძე: “საქართველოში საბაგირო გზასა და ტრასაზე არის თოვლის ნაკლებობა, „გოდერძზე“ კი ჩვენ გაგვაჩნია ბუნებრივი თოვლით უზრუნველყოფილი ტრასა, სადაც თოვლის სიმაღლე, ტრასების მიხედვით 1 მეტროდან 2 მეტრომდე მერყეობს.
ეს არის დამწყები კურორტი და ჯერ-ჯერობით თავისი მომსახურების დონით და ტურისტების რაოდენობით შეიძლება ვერ შევადაროთ, სხვა კურორტებს, მაგრამ თუ შევადარებთ იმ ტურისტულ პროდუქტს, რასაც სთავაზობს ეს კურორტი და იმას რასაც სთავაზობს საქართვველოს სხვა კურორტები, „გოდერძი“ არის ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი, სადაც არის დიდი შესაძლებლობები გაუკვალავი თოვლისა და ალპური ზონის, ამავე დროს არის ინფრასტრუქტურა ნაძვნარსა და ტყეში, რაც სასიამოვნოსა და გარკვეულ ეფექტს იძლევა მოთხილამურეებში.
აქ არის განუსაზღვრელი შესაძლებლობა ფრირაიდერებისათვის, სნოუბოდრისტებისათვის, იმ ხალხისთვის ვისაც გაუკვალავში უყვარს სრიალი, თავისი ტრასები რომ დაგეგმონ და ისიამოვნონ ახალი თოვლით. განსხვავებით ბევრი კურორტისგან, ეს კურორტი არის ყველაზე კომფორტულ ზონაში განლაგებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის 1700 მეტრიდან 2500 მეტრომდე დიაპაზონში, რომელიც როგორც დამწყებებისათვის ასევე პროფესიონალებისათვის არის ყველაზე მისაღები გეოგრაფიული მდებარეობა.
კურორტზე არის მართალია ცოტა, მაგრამ კომფორტული განთავსების საშუალებები. გარდა იმ ხალხისა ვინც ადგილზე განთავსდება კურორტი ემსახურება ადამიანებს, ვინც ვთქვათ, ერთი დღით ამოდის დასასვენებლად.
კურორტის ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს 4 კილომეტრი საბაგირო გზის ფუნქციონირებას, ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ფუნქციონირებს ორი საბაგირო გზა, ასევე ყოველდღიურად ხდება მოწესრიგება 8 კოლომეტრიანი სათხილამურო ტრასებისა.
ამავე ტრასებს ემსახურება 5 მაშველი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პატრულირებენ.
მაშველების სამსახურის უფროსი არის გამოცდილი მაშველი ირაკლი ჭელიძე, რომელიც მოწვეული [სპეციალისტია].მანამდე ის გუდაურში და სხვა კურორტებზეც მუშაობდა, და არის გამოცდილი მთამსვლელიც.
დანარჩენი მაშველები, ადგილობრივი უახლოეს სოფლებიდან შერჩეული ახალგაზრდები არიან, რომლებიც შეირჩნენ 20-30 კონკურსანტში, თავისი ფიზიკური და ანკეტური მონაცემებით. მათ ჩაუტარდათ რამდენიმე დღიანი, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი, როგორც ადგილზე ასევე თბილისში.
აქ ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აქ არ იყო ამ დონის, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის მომსსახურების გამოცდილება, აქედან გამომდინარე გაუმართლა კურორტს, რომ მენეჯმენტი გადასულია მთის კურორტების მართვის კომპანიაში, რომელსაც ამჟამად საქართველოში კიდევ სამი კურორტის მენეჯმენტი აბარია.
აქ არსებული ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, ხმარდება სეზონის დასაწყისს, და მომავალშიც გაგრძელდება გადამზადების პროცესი.
აქ პემანენტულად ჩამოდიან სპეციალისტები, როგორც ბაკურიანიდან, ისე გუდაურიდან ასევე ავსტრიიდან და როგორც კი სეზონის დახურვა მოხდება გაგრძელდება ჩვენი სპეციალისტების ტრენინგები როგორც ქართულ კურორტებზე ასევე ევროპისა და ამერიკის კურორტებზე”.
1920 წლის 18 მაისს პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში რომის პაპი იოანე პავლე II დაიბადა. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანახმად, იმავე დღეს დაიბადა ჩემი ნენეც (ბებია). ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დამუშავება დაასრულა.
რა თქმა უნდა, ამბავს, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ, არაფერი აქვს საერთო არც იოანე პავლე II-სთან და არც საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან. რომის პაპი და საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმისთვის გავიხსენე, რათა მეთქვა, თუ რამდენად შორეული დროიდან ვაპირებ თხრობის დაწყებას.
ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, რომ ძველი აჭარული ახალი წლების შესახებ მოგიყვეთ. იმ ახალი წლების, რომლებიც ნენეს მეხსიერებაში დარჩა და ულევ მოგონებას, ტრადიციას, ადამიანებს, სიხარულსა და სევდას იტევს. ეს არის ამბავი ძველი, სულ სხვა ახალი წლების შესახებ. იმ წლების, რომლებიც ოდესღაც იყო და მერე უკანმოუხედავად გაქრა წარსულში.
თავდაპირველად იყო ბავშვობა და ბავშვობის ახალი წლები, ნენეს დედა, დიდი ბებია და საახალწლოდ ბავშვებისთვის ტკბილეულის სახით მომზადებული ყათმერი; ახალი წლის მოსვლის აღსანიშნავად ნასროლი თოფი; მოხარშული სიმინდი, ღომი და ქათმის კვერცხი; ნალიიდან უხვად ჩამოტანილი ხილით ავსებული ტაბლა და ბევრი ძველი ამბავი. დილით, ახალი წლის პირველ დღეს, სტუმრად მოსული ყაბალახიანი კაცები, რომლებიც ტკბილად ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს და თან თამბაქოს შეექცეოდნენ მერდევანზე (კიბეზე).
მერე მეუღლე, ოჯახი და შვილები. ერთი სახლი, ბევრი ოთახი და ერთი ოთახი ამ ბევრი ოთახიდან. ორი სექვი (ტახტი) და ლაზური ბუხარი, სადაც ახალი წლის ღამეს არასდროს ნელდებოდა ცეცხლი. სექვზე ჩამომსხდარი შვილები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ყათმერისა და ურმის (ტკბილეული) მომზადებას. ისევ მოხარშული სიმინდი, ბრინჯი, ყავა, ბეთმეზი, ლეჩერი, ხილი და, საახალწლოდ გაწყობილ ტაბლაზე ადგილი აღარ იყო თავისუფალი.
ძენწმანი, აჭარა. სალაძეების საგვარეულო სახლი
კიდევ? კიდევ ბაბუა და ბაბუას ძმები, რომლებიც იმავე სახლის სხვა ოთახებში ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ახალი წლის პირველი მილოცვა და ბუხრის წინ დაწყებული ძმების დაუსრულებელი მასლაათი დილამდე. შუაღამითვე სოფლის შუაგულიდან მოსული ნათესავი და ერთადყოფნის სიხარული; დილით ახორში (ბოსელში) პირუტყვის მონახულება და ბრინჯითა თუ ხაპის გულით შესრულებული ბერექეთის (ბარაქა) რიტუალი.
ნენეს მეხსიერებაში დარჩენილი მშვიდი ახალი წლები ხან თოვლით და ხანაც მოწმენდილი ცის თანხლებით მოდიოდა. ახალი წლის მყუდროებას ღამით მხოლოდ თოფების სროლა და ძაღლების ყეფა არღვევდა. ძაღლების ყეფას სისხამ დილიდან მამლების ყივილი ანაცვლებდა. ბევრჯერ თოვდა, ბევრჯერაც წვიმდა და კიდევ უფრო ბევრჯერ მოწმენდილი ცით ხვდებოდნენ სოფლად ახალ წელს.
თითქმის ყოველთვის, შუაღამე გადავლილზე სიმღერასაც გაიგონებდა კაცი, სადღაც სოფლის ბოლოდან. მაშინ, ძველ დროში, სიმღერა და ქარის ზუზუნი ერთდროულად ატანდა ძველი სახლის სარკმლებში.
გამორჩეულად თბილი და სიხარულით სავსე 1962 წლის ახალი წელი. თბილი და სიხარულით სავსე იმიტომ, რომ ამ წელს პირველად, ჩვიდმეტწლიანი განშორების შემდეგ, სტალინური გადასახლებიდან დაბრუნებული შვილი, მამასთან და ძმებთან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს.
მერე და მერე სიხარულთან ერთად სევდაც შეერია ნენეს ახალ წლებს. ბევრი ტკივილი და საყვარელი ადამიანების დაკარგვა. დრომაც თითქოს უფრო სწრაფად დაიწყო გასვლა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაბარდა წლები წარსულს.
ნენეს თბილ, მხიარულ და სევდიან ახალ წლებს კიდევ ერთი, 2016 წელი ემატება. მე ისევ არ დავარღვევ ტრადიციას და ჩემი სევდიანი ახალი წლის პირველივე დღეს ნენეს ვესტუმრები სოფლად. თუმცა, ნენესთან სტუმრობამდე სახლად შევეგებები 2016-ს. ეს ჩემი ყველაზე სევდიანი ახალი წელი იქნება. სევდიანი იმიტომ, რომ პირველად შევხვდები ახალ წელს დედის გარეშე. ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ გამიღიმებს და ვეღარ მეტყვის საყვარელ სიტყვას – „გაიხარე“.
სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.
ერთხელ, დიდი ხნის წინ, ბათუმში მეგობრებთან ერთად ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედი. მანამდე ჩემი ამ ქალაქთან ურთიერთობა მხოლოდ ცხელი აგვისტოებით, პლაჟებზე მთელი დღე წოლით, მოთენთილი დღეებით, მუსიკით სავსე ღამეებითა და უდარდელი სტუდენტური არდადეგებით შემოიფარგლებოდა. იმ ახალ წელს პირველად ვნახე ზამთრის ბათუმი.
მარი კორინთელი
იმ ღამეს წვიმდა – მონოტონურად, გადაუღებლად – ერთი სიტყვით, ბათუმურად. მეგობრებთან ერთად ანდრეა ბოჩელის ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე ვიდექი, ვუყურებდი ფერად-ფერად საწვიმრებიან, მოცინარ ადამიანებს, ვუსმენდი Time to say goodbye-ს და ვხვდებოდი, რომ ასეთი ბედნიერი არსად, არასდროს ვყოფილვარ.
და როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, ერთადერთი საახალწლო სურვილი ჩავიფიქრე – ოდესმე დამდგარიყო დრო, როცა ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდოდი და ნებისმიერ სეზონზე შემეძლებოდა ამ მოედანზე დგომა, ამ ჰაერის სუნთქვა, ამ ადამიანების დანახვა…
იმ ახალი წლის შემდეგ წლები გავიდა და ზამთრის ერთ მზიან დილას მე, ჩემი ქმარი, შვილი და მთელი ჩვენი ავლადიდება ერთ მოზრდილ მანქანაში მოვთავსდით. მე ბათუმისკენ გამოვემართე – ამჯერად მუდმივად საცხოვრებლად. მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს ვინმემ საკუთარი სურვილებისგან დაგვიცვას, როგორც ერთ სიმღერაშია.
ვფიქრობდი, რომ პატარა, წვიმიანი, დედაქალაქისგან მოშორებული ქალაქის ზამთრები არც ისე იოლად გადასაგორებელი იქნებოდა, რომ ვერ გავუძლებდი დაცარიელებულ ბულვარს, რომ, როგორც თბილისში ამბობენ ხოლმე, „ზამთარში ბათუმი კვდება”. ვხვდებოდი, რომ ზამთარში ბათუმში ცხოვრება და ერთი დღით დღესასწაულზე ჩასვლა აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და საკუთარ თავს ვამზადებდი, რომ ყოველდღიურ ბათუმში არც საახალწლო განათებები იქნებოდა, არც ბოჩელი იდგებოდა ერას მოედანზე, აღარც იმ ლამაზ ტურისტებს გადავეყრებოდი, მოედნისკენ გზა რომ გვკითხეს და, უბრალოდ, ზამთრის უსასრულო წვიმასთან გამკლავება მომიწევდა.
მართალიც აღმოვჩნდი.
ბათუმში რომ ჩავედი, არც რომელიმე ვარსკვლავი დამხვედრია და ჩემს პატივსაცემად არც ფეიერვერკები გაუშვიათ. თებერვალი იდგა და დღესასწაული უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ერთ რამეში მოვტყუვდი – სილამაზე და შინაურობის შეგრძნება მხოლოდ ხმაურიან დღესასწაულებში არ არის.
შეიძლება, უბრალოდ, ცარიელ ბულვარში გახვიდე და როცა მთელი საქართველო ნაცრისფერია, აქ მუდმივი სიმწვანით დატკბე. შეიძლება, „ბერეგზე” შეიარო და ქვიშაზე მოდუღებული „კოფე” დალიო, ან ერთი ნაჭერი ბაქლავა იყიდო, უკაცრიელ პლაჟზე ჩახვიდე და თამამად გაილოკო შაქრის სიროფიანი თითები – ვერავინ დაგინახავს, ლექციებიდან გამოპარული შეყვარებული სტუდენტებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ფიზკულტურის მოყვარული ბაბუების მეტი.
ან სულაც, იანვრის რომელიმე მზიან დილას ზღვაზე ჩახვიდე – იანვარში ზღვა ისეთი ლურჯია, როგორც არასდროს – ჩახვიდე, ოდნავ ნოტიო, უკვე შემთბარ ქვებზე გაწვე, თვალები დახუჭო და არაფერს უსმინო, ტალღების ჩუმი შიშინისა და ზღვაზე ჩამომსხდარი ათასობით თოლიის კივილის გარდა.
ხმაურიანი, მხიარული წვეულების შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას რომ აალაგებენ, ჭურჭელს დარეცხავენ, სახლს დაასუფთავებენ და დაღლილები, მაგრამ ძალიან კმაყოფილები, ყავის ჭიქებით სავარძლებში ჩასხდებიან, ასეთია ზამთრის ბათუმი – მყუდრო, სახლური, სადღესასწაულო კაბისა და მაღალი ქუსლების შემდეგ საშინაო სპორტულებგადაცმული, ჩუსტებში ფეხებწაყოფილი. ჩუმი და მაინც სულ მოძრავი – აქ სრული სიჩუმე შეუძლებელია, ხალხი ცხოვრობს ხმაურიანი და იმიტომ.
უკვე დიდი ხანია აქ ვცხოვრობ.
უკვე სამი ბათუმური ზამთარი გავიარე, და ახლაც ხშირად მისვამენ კითხვას: „ზამთარში მანდ როგორ ძლებ?“ ადრე ეს კითხვა მაბნევდა, ახლა კი ვამბობ:
„და შენ როგორ ძლებ ასანთის კოლოფისხელა, რუხ კორპუსებში? როგორ უძლებ მტვრიან სკვერებს? იცი, ჩვენ აქ ტბიანი პარკი გვაქვს, სულ მწვანე, ზამთარში ერთი წითელი ხით, დილით ტბაზე ჩამოწოლილი სქელი ნისლით და ნაპირზე გამწკრივებული მეთევზეებით;
იცი, ბათუმისნაირად ყავას ვერსად ამზადებენ, ზამთარში კი, როცა ბლანტი, შავი, ნალექიანი ყავის არომატი შენს საკუთარ ორთქლიან ამონასუნთქს ერევა, მეორედ იბადები;
იცი, თუ გაგიმართლა და ზღვაზე თოვა ნახე, ისეთი შეგრძნება გაგიჩნდება, რომ ნაპირს მოწყდები და ფიფქებთან ერთად დატრიალებულ თოლიებს მარტივად შეერევი;
იცი, აქ პატარა, გემრიელი კაფეებია, სადაც მიმტანებს სახელებით გაიცნობ, დაუმეგობრდები და მათ უკვე უთქმელად ეცოდინებათ, რომ შენ უკვეთავ ცომგამოცლილ ხაჭაპურს, ბევრი კარაქითა და კვერცხის გულით;
იცი, „წიგნები ბათუმში” სულ ცოცხალია, ზამთარში კიდევ უფრო ცოცხალი, იმიტომ, რომ იმდენი ხალხი არაა და ყველა შემომსვლელს შეგიძლია გამოელაპარაკო, წიგნებზე მოყვეთ, იმან თავისი თქვას, შენ შენი და იცი, აქ ერთი პატარა, სულ პატარა კაფეა, „ვინილი” ჰქვია და არსად ამზადებენ ისეთ გემრიელ გლინტვეინს, როგორც აქ;
იცი, როცა ზამთრის სუსხიან საღამოს გლინტვეინიან ჭიქას ხელებს შემოაჭდობ, ჭერისკენ გაკლაკნილ სიგარეტის კვამლს თვალს ააყოლებ და დარიჩინის სურნელს შეისუნთქავ, უსასრულო წვიმაც შეიძლება ასატანი გახდეს. და მხოლოდ ასატანი კი არა, პირიქით, მადლიერებაც კი იგრძნო იმის გამო, რომ ამ მომენტში აქ ზიხარ.
6 მაისის პარკი. ლაშა ფალავანდიშვილის ფოტო
ბათუმი დღესასწაულია, ზამთრის ბათუმი – განუყრელი დღესასწაული. დიახ, ვიცი, რომ ჰემინგუეიმ ეს სულ სხვა ქალაქზე თქვა, მაგრამ ეს სიტყვები ბათუმსაც პარიზივით უხდება – პატარა ქალაქს, რომელიც ზამთარში დიდ და ხმაურიან საახალწლო ზეიმს კი არა, შობის ღამეს ჰგავს – თითქოს მთელი ოჯახი ერთად მიირთმევს ღვეზელს, ყველა ფანჯარაში კი საშობაო სანთელი ციმციმებს და ამ სიმყუდროვისა და უბრალოებისგან კაცს შეიძლება ცრემლიც კი მოგადგეს.
ცოტას ადამიანებზეც გიამბობთ.
ძალიან მიყვარს ძველი, იტალიური ფილმები, ფაშფაშამკერდიანი, ხმაურიანი ქალებით, ძალიან ხმამაღალი სიცილით, ძალიან გულწრფელი ტირილითა და ძალიან ჭარბი ემოციებით. ჰოდა, ჩემი პატარა, იტალიური კინო ბათუმში ვიპოვე – თბილისის კარგად ჩარაზული ბინების კარების შემდეგ, ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო სამეზობლოების საერთო პრობლემები, ყავის ერთად სმის რიტუალები, შეწოდებული განსაკუთრებული სადილები და დესერტები, გაზიარებული ჭირ-ვარამი, ერთად გაშლილი ლხინის სუფრები…
თავიდან მეუცხოვა, მერე კი მივხვდი, რომ თუ თავად არ მოისურვებ, პირად სივრცეს არავინ დაგირღვევს, ეს, უბრალოდ, ურთიერთობებია – ის, რაც თანამედროვე, ძალიან დაკავებულ ადამიანებს აკლიათ. ეს ისაა, რაც სტუმარსაც კი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებს – ზომიერი უცერემონიობა, საყვარელი ფამილარობა – ხუმრობები, გამხნევება და მხარზე ხელის მოთათუნება – ის, რაც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება.
ეს ყველაფერი საკურორტო სეზონზე ნაკლებად იგრძნობა – იმ დროს ყველაფერი ერთმანეთშია არეული, მთელი საქართველო და ლამის ნახევარი მსოფლიო ბათუმშია, ბათუმელები კი – სხვადასხვა კურორტზე. აი, ზამთარი კი სულ სხვაა.
სულაც რომ არავის იცნობდე და ქალაქის ძველ ნაწილში ფეხით გაიარო, საღამოს შინ უკვე უამრავი ნაცნობით დაბრუნდები, მეორე დღეს კი გულიან სალამს არავინ დაგამადლის. და დილით სრულიად უცხო ადამიანი აქაური კერძის – სინორის – თეფშითა და ხორციანი ბლინებით, ე.წ. „სულთანსკებით” თუ მოგადგა, არ შეგეშინდეს, სახლში ძალით არავინ გეჭრება, უბრალოდ, აქ გაზიარება წესად აქვთ, კარგისაც და ცუდისაც. ხომ ვთქვი, იტალიური კინოა-მეთქი.
საკვები ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი რამაა, რაც ადგილებს კარგად ან ცუდად მამახსოვრებს. აი, ახლაც, კერძებზე ამდენი ვილაპარაკე და მთავარი არ მიხსენებია – ხამსა. ხამსა, უბრალოდ, საჭმელი არ არის, ეს მთელი ბათუმური რიტუალია. ამ თევზის „სეზონი” ზამთრისპირას იხსნება და მას ყველა სხვადასხვანაირად ამზადებს, მაგრამ მე სხვაგან შემწვარი ხამსის ჭამას არ გირჩევთ, რადგან ეს ისეთი თევზია, რომელიც თევზის ბაზარში თავად უნდა შეარჩიოთ და იქვე შეაწვევინოთ. თევზის ბაზარი ხომ, თავისი გამყიდველებით, ხუმრობებითა და დიალოგებით, ცალკე ამბავია – ძალიან ადგილობრივი, ძალიან ბათუმური ამბავი, რომელიც მსოფლიოს მილიონ თევზის ბაზარში არსად მეორდება.
მე ყველაფერს სუნითა და შეგრძნებებით ვიმახსოვრებ, კიდევ – საკვებით, ემოციებითა და ადამიანებით. ხედები და ღირსშესანიშნაობები არასდროს მამახსოვრდება, ამიტომაც არაფერი გიამბეთ. აი, სურნელებზე კი სიამოვნებით გეტყვით – ზამთრის ბათუმს შინგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი ასდის, როგორც ერთ ცნობილ პიესაშია – ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი.