Batumelebi | 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა – Batumelebi
RU | GE  

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, საქაართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ფოტო: msy.gov.ge

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ფოტო: msy.gov.ge

დაჯილდოვების ცერემონია 30 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიმართა. მან, ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი, ირანელი ჰასან რაჰიმი 5:4 დაამარცხა.
25 წლის მოჭიდავეს შესაბამისი დიპლომი, ფულადი ჯილდო, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობა და სხვადასხვა საჩუქრები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა გადასცა.
ლერი ხაბელოვის შეფასებით წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდა სპორტისთვის.
„თავისუფალ ჭიდაობაში ათი წელი არ გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი. ხინჩეგაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა ლას-ვეგასში და ყველანი გაგვახარა. იმედი გვაქვს, რომ ლადოც და ჩვენი სხვა ლიცენზიანტებიც მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდებიან მომავალ ოლიმპიადას“ – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ისევე როგორც 2013 წელს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი